- დამშვიდდი… - თითი ტუჩზე მომადო, - სწორედ ამაზე მინდოდა შენთან მესაუბრა. კიევში მართლა კარგი სამსახური შემომთავაზეს, ბინასაც შემპირდნენ და კომფორტსაც, მაგრამ არ დავრჩი, იმიტომ, რომ შენთან მინდა ყოფნა. ჯანდაბამდის გზა ჰქონია კარიერას, შენ სიახლოვეს თუ არ ვიქნები. არსებობს ბიზნესზე უფრო მნიშვნელოვანი რამეც და ეს «რამე» შენ ხარ.
შევყოყმანდი. ნუთუ მართალს ამბობს? ნუთუ ასე ვუყვარვარ? დავიჯერო, რომ ჩემ გამო უარი თქვა ბრწყინვალე მომავალზე?
- მე მიყვარს შენი მგრძნობიარობა და სითბო, შენი ჩაცმულობა, ეს სათვალეც, ეს დახეული ჯინსიც, აფუებული და გაპუწული თმაც, უფორმო მაისურიც და ცრემლებიც. მე შენ მიყვარხარ ახლა და მეყვარები ყოველთვის, ღრმა სიბერემდე, როცა ჭაღარა, კუზიანი, უკბილო და ნაოჭებით დახუნძლული იქნები. როგორ მოგწონს ჩემი აღიარება? მადლობა, რომ მომისმინე. - სხაპასხუპით მომაყარა.
მეგონა, გული შუაზე გასკდებოდა ბედნიერებისა და ამ გიჟი, გადარეული მამაკაცის სიყვარულისგან, მამაკაცისა, რომელიც მოულოდნელად შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში და ყველაზე ნაზი გრძნობები გამიღვიძა.
ნეტავ რას ვუცდი? რატომ ახლავე არ ჩამოვეკიდები ყელზე?
- დარწმუნებული ხარ, რომ ამდენ წელს გამიძლებ? - ეშმაკურად შევხედე.
- ასი პროცენტით. - მიპასუხა და ჩემი ირიბი თანხმობით გახარებულმა მთელი სახე დამიკოცნა. სულშეგუბული მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი - ეს კოცნა არასდროს დამთავრებულიყო.
- ესე იგი, კუზიანიც გეყვარები?
- ჩემგან თავს მაშინაც ვერ დააღწევ, როცა ჩვენი კბილების პროთეზები საწოლის თავთან, ჭიქაში იდება.
- რა რომანტიკულია!
ორივეს გაგვეცინა.
- მე მგონი, ელენე კოკაია ცუდად არ ჟღერს, რას იტყვი?
- ეს ოფიციალური წინადადებაა? - ისევ ეშმაკურად შევხედე.
- პირველი ოფიციალური წინადადება ჩემს ცხოვრებაში.
ღმერთო, როგორ მიხურდა სხეული. მე უნდა გავთხოვილიყავი. ეს იმდენად დაუჯერებელი იყო, თავი სიზმარში მეგონა.
- იცი რა? ისე მომშივდა, ახლა პასუხის გაცემას გემრიელად ვახშმობა მირჩევნია. ხომ არ მივუსხდეთ სუფრას? დიდი ხანია, გაშლილია და გველოდება. ვიცი, რომ შენ ჩემზე მეტად გშია, მამაკაცის გულის გზა ხომ კუჭზე გადის.
- ჩემი გულის გზა შენზე გადის, თუმცა არც ჭამაზე ვიტყოდი ამწუთას უარს!
ვუყურებდი ბიბის და ვგრძნობდი, რომ არასდროს ვყოფილვარ ასეთი დაცული, სასურველი, ვიღაცისთვის ასე საჭირო და საყვარელი. ის მთელი ჩემი ცხოვრება იყო, ჩემი მომავალი, ჩემი ოცნება…
ეპილოგისმაგვარი
- ელ, დესერტი შემოვიტანოთო? ოფიციანტები მეკითხებიან.
გაბრწყინებული თვალებით შევაქცერდი ჩემს ქმარს, თავზე რომ წამომდგომოდა და ღიმილით დავუქნიე თავი, შემოიტანონ-მეთქი.
- ვერ ვიჯერებ, რომ ეს ყველაფერი შენ მოაწყვე. საკუთარ ქორწილში იდიზაინერო, ალბათ ადვილი საქმე არ არის, არა? - მეგიმ ხელი გადამხვია და დარბაზს გადახედა.
- ეს ჩემი პროფესიაა.
- სამსახური სამსახურია, მაგრამ შეგეძლო, სხვისთვის დაგევალებინა.
- მე და ბიბიმ ასე გადავწყვიტეთ.
- სენტიმენტალური წყვილი ხართ, - ჩაერთო საუბარში კატო, როგორც კი ბიბი დაბრუნდა, -მაინტერესებს, რას მოიფიქრებთ ქორწინების მეათე წლისთავზე. დღეს შენ საოცრება მოახდინე.
- ჩემი შთაგონების წყარო სიყვარული აღმოჩნდა. - გადავიკისკისე.
- შეიძლება ცოტა ხნით მოგტაცოთ ჩემი მეუღლე? - ბიბი დაიხარა და ლოყაზე მაკოცა.
- მაგას ვინ დაგიშლის, ჩემო ბიბი! - გაშალა ხელები ლილიმ, თითქოს ნებას რთავსო, -წაიყვანე, სადაც გინდა.
აივანზე გავედით. ეს ის კაფე იყო, სადაც პირველად ვივახშმეთ ერთად. გადავწყვიტეთ, სწორედ აქ გაგვემართა ჩვენი ქორწილი, მოკრძალებული, მაგრამ ლამაზი.
- ამ კაბაში შეუდარებელი ხარ, თუმცა მე ყველანაირ ფორმაში მომწონხარ.
- ძველმანებშიც კი?
- ძველმანებშიც კი.
- სათვალითაც?
- სათვალითაც.
- შიშველიც?
- აი, ეგ კი ყველაზე მეტად მომწონს. - წამოიძახა და ხელები წელზე მომხვია.
- შენ არაჩვეულებრივად შეასრულე შენი როლი ჩემს პიესაში.
- რომელში? ძველში თუ ახალში?
- ჯერ ძველში, ახლა კი ახალში. შესაშური სიძე ხარ და არაჩვეულებრივად გამოგდის ეს როლი. - სიცილი ვერ შევიკავე.
- მთავარი როლი, ამის თქმა არ დაგავიწყდეს ხოლმე და იცოდე, რომ ამ როლიდან ვერასდროს ვერავინ მომხსნის.
თვალებით მივეფერე. ჩემზე ბედნიერი ამწუთას ქალი არ მეგულებოდა დედამიწის ზურგზე.
- გახსოვს, აქ გეგმებს რომ ვაწყობდით და ჩვენს ოცნებებზე ვსაუბრობდით? - ბიბიმ დარბაზისკენ გაიხედა, იმ მაგიდისკენ, სადაც წლების შემდეგ ჩვენი პირველი შეხვედრა შედგა.
- მაგის დავიწყება როგორ შემეძლო?
- ჰოდა, მინდა იცოდე, რომ ახლა, როცა შენ შემოხვედი ჩემს ცხოვრებაში, ჩემმა ოცნებებმა რეალურად შეისხა ფრთები. - ბიბი დაიხარა და ტუჩებში მაკოცა.
ისე შევერიე მისი კოცნის სინაზეს, როგორც ზღვაში ჩავარდნილი წვიმის წვეთი, წამიერ შადრევანს რომ ქმნის ტალღაზე დაცემისას…
დასასრული