_ ანდერძი დაწერილია 13 აგვისტოს და ძალაში შევა იმ დღესვე, როცა თქვენი პასუხი მეცოდინება. რა გიშლით ხელს? დანარჩენი თანხა და უძრავი ქონება, მათ შორის ორი კერძო სახლი, ერთი სამოთახიანი ბინა, სამი კერძო სასტუმრო და ორი რესტორანი მისი მემკვიდრის მფლობელობაში გადავა… ბატონ ვახტანგს მხოლოდ ერთი ვაჟი ჰყავს, ასე რომ…
_ ასე რომ, რა? _ უხეშად შევუბრუნე კითხვა.
ადვოკატი ჩემმა ტონმა დააბნია. თითქოს ცივი წყალი გადაასხესო, სახე შეეცვალა.
_ არაფერი… თქვენი საქმისა თქვენ იცით. მე რა უფლება მაქვს, რამე გიკარნახოთ.
_ მე მაქვს დრო მოსაფიქრებლად?
_ რა თქმა უნდა, ოღონდ ძალიან ნუ გაწელავთ.
_ კიდევ ერთი რამ მაინტერესებს. ჩემი უარის შემთხვევაში მისი შვილი რამით დაზარალდება?
_ ის ყველაფერს მიიღებს, რაც მისთვისაა ნაანდერძევი.
_ და ჩემი წილი?
_ თქვენი წილი სახელმწიფოს დარჩება და ის განკარგავს, როგორ გამოიყენოს.
_ და ბატონი ვახტანგის შვილი… რა ჰქვია?
_ გიორგი, გიორგი ჩიჩუა.
_ ხო. გიორგი ჩიჩუა საქმის კურსშია?
_ აბა, სხვანაირად როგორ იქნება? ისიც და დედამისიც.
_ და?
_ რა და?
_ ის თანახმაა, ცოლად შემირთოს?
_ ბატონი გიორგიც თანახმაა და ქალბატონი ქეთევანიც. მათ უკვე მოიძიეს თქვენზე ინფორმაცია და კმაყოფილები არიან თქვენი მონაცემებით.
_ რა მონაცემებით? _ დამცინავად შევხედე.
_ რომ ისა… _ ისევ დაიბნა ადვოკატი, _ კარგი გოგონა ხართ, წესიერი, ლამაზი, ნასწავლი, უმაღლესდამთავრებული, მუშაობთ…
_ ქალბატონმა ქეთევანმა დედაჩემის ამბავიც იცის?
_ ეს ჩემი საქმე არ არის, რაც არ ვიცი, არ ვიცი, _ ხელები გაასავსავა ვაჟამ, _ მე ის ვიცი, რომ დედა-შვილი ორივე თანახმაა, თქვენ მათი ოჯახის წევრი გახდეთ. სიხარულით მიგიღებენ, თუ თქვენც მოისურვებთ, რა თქმა უნდა.
აჰა… ესე იგი, რა გამოდის? თუ ისინი სასტიკ უარზე დადგებიან, დაკარგავენ იმ წილს, რომელიც ჩემთვისაა გამოყოფილი, მაგრამ თუკი `სიხარულით მიმიღებენ~ ოჯახში, ჩემი წილიც მათი გახდება, არა? დარწმუნებული ვარ, ის ქალი ვერ მიტანს. გამორიცხულია, დედაჩემის შესახებ არ იცოდეს. უბრალოდ, ქონების დაკარგვა არ უნდა.
თანხმობის შემთხვევაში რა მომელის? ამაზე უნდა ვიფიქრო.
_ კარგი, მოვიფიქრებ და პასუხს ორ-სამ დღეში შეგატყობინებთ.
_ თქვენი ნებაა, ქალბატონო ნისა. კარგად ბრძანდებოდეთ.
გაბრუებული გამოვედი შენობიდან. თავი სიზმარში მეგონა. სრულიად უცაბედად თავი კონკიას ზღაპარში ამოვყავი. ვინმესთვის რომ მეთქვა, ალბათ არავინ დამიჯერებდა. ან კი როგორ დამიჯერებდნენ, როცა მე თვითონ არ მჯეროდა?
მივდიოდი და გზადაგზა ვაანალიზებდი მომხდარს. მერე და მერე მომაფიქრდა, რომ არც ვიკითხე, რას წარმოადგენდა ეს გიორგი. იყო თუ არა სრულფასოვანი პიროვნება. იქნებ ფსიქიკური გადახრები აქვს ან სულაც ინვალიდია? მახინჯი, კუზიანი, შეუხედავი… ამის გაფიქრებაზე შემაკანკალა. ნამდვილი იდიოტი ვარ. ეს როგორ არ ვიკითხე?
იმ დღეს როგორ ვიმუშავე, ვერ გეტყვით. ძალიან დამაბნია ამ მოულოდნელმა ამბავმა. თანაც, ყველაზე დიდი უბედურება ის იყო, რომ ამის შესახებ ვერავის მოვუყვებოდი. უამრავი მიზეზის გამო. ჯერ ერთი, ყველა მეტყოდა, რას კარგავ, გაჰყევი ცოლად, სამაგიეროდ, ამხელა ქონებას ჩაიგდებ ხელში და მერე როგორც გინდა, ისე იცხოვრეო. მეორეც _ თანხმობის შემთხვევაში დემნას დავკარგავდი. არადა, ის მაინც ვიცოდი, რომ კარგი ბიჭი იყო და ნორმალურ ქმრობას გამიწევდა. და მესამე… თუ ამხელა ქონებას დავეპატრონებოდი, ათასი მათხოვარი გამოჩნდებოდა, ვისთვისაც ფული უნდა მესესხებინა. ეს ხომ ერთგვარი სენია ჩვენში. თუ იციან, რომ ფული გაქვს, აუცილებლად უნდა გესესხონ. არ ასესხებ და გაგლანძღავენ, ძუნწად ჩაგთვლიან. დაგცინებენ კიდევაც, თავის ფულს ზედ აზისო.
თუმცა ეს უკვე წვრილმანი იყო. მსხვილმანად სულ სხვა რამ მიმაჩნდა _ ვინ იყო ის ადამიანი, ვისაც ცოლად უნდა გავყოლოდი? რა მელოდა თანხმობის შემთხვევაში?
ორი დღე ვერა და ვერ მოვისვენე, თითქოს ლოდი მედო გულზე, შვება ვერ ვიგრძენი. გადავქექე მთელი ინტერნეტი, მაგრამ გიორგი ჩიჩუას ფოტოს ვერსად წავაწყდი. ვერც მისი საქმიანობის შესახებ მოვიძიე ინფორმაცია. ვახტანგ ჩიჩუაზე კი იყო რამდენიმე მასალა და ფოტოებიც, მაგრამ ეს რაში მაინტერესებდა?
როგორი არ დავხატე ჩემს წარმოდგენაში გიორგი, მახინჯიც, ბრმაც, კუზიანიც, ინვალიდიც… შევძლებდი კი ასეთი ადამიანის შეყვარებას? რატომ არა? ანჟელიკაც ხომ ასეთი დაზაფრული იყო, როცა ჟოფრეი დე პეირაკს გაჰყვა ცოლად, მაგრამ მერე ხომ შეუყვარდა? მთავარია, როგორი პიროვნებაა. ან კი რატომ მაინცდამაინც ცუდს ვფიქრობ? ეს ვახტანგი მშვენიერი სიმპათიური კაცი ყოფილა, რაღა მისი შვილი იქნება საშინელება? იქნებ ისეთი მაგარი ტიპია, რომ ცხრა თავით მჯობია? ამის დაშვება რატომ არ მინდა?
აი, ასე დავტანჯე ჩემი თავი მთელი სამი დღე. ბოლოს მაინც მივიღე გადაწყვეტილება და გამყრელიძეს დავურეკე, თქვენთან შეხვედრა და კიდევ ერთხელ ყველაფრის გავლა მინდა, სანამ პასუხს გეტყოდეთ-მეთქი.
მეორე დღეს პირველი საათისთვის დამიბარა… ანუ 13 საათზე… ეს კიდევ ერთი ცამეტი…
დათქმულ დროს გამოვცხადდი ადვოკატთან. ამჯერად უფრო მეტი მოწიწებით მიმიღო, მაგრამ მის თვალებში აშკარად იკითხებოდა შეშფოთება. გულში გამეცინა. ნეტავ ამას რაღა აშინებს? ჩემი უარით რას კარგავს?
_ ყურადღებით გისმენთ, ქალბატონო ნისა! _ თითები, როგორც სჩვეოდა, კვლავ ერთმანეთში ჩახლართა ვაჟამ და დაკვირვებული მზერა მომაპყრო.
_ იცით? რაღაცები მაინტერესებს. რამდენიმე შეკითხვა მაქვს. იმედია, პასუხგაუცემელი არ დარჩება.
_ როგორ გეკადრებათ! მკითხეთ, რაც გენებოთ! აქ იმისთვის ვარ, რომ თქვენი ცნობისმოყვარეობა დავაკმაყოფილო.
სანამ კითხვას დავსვამდი, ჩავახველე.
_ ეს გიორგი ჩიჩუა სრულფასოვანი ადამიანია? ფსიქიკური პრობლემები ხომ არ აქვს? ან იქნებ ინვალიდია?
ვაჟას ჩემს შეკითხვაზე გულიანად გაეცინა.
_ თუ მხოლოდ ამის გეშინიათ, შემიძლია დაგამშვიდოთ, ქალბატონო ნისა. ბატონი გიორგი სრულიად ჯანმრთელია, საღ გონებაზე და ერთობ სიმპათიური მამაკაციც. არავითარი გადახრა და ასე შემდეგ.
პასუხი სრულიად დამაკმაყოფილებელი იყო, მაგრამ მაინც ვყოყმანობდი.
_ კიდევ გაინტერესებთ რამე?
_ დიახ. თუ ანდერძი 13 აგვისტოს დაიწერა, იანვრამდე რატომ არ დამიკავშირდით?
ვაჟას ამაზე ხარხარი აუტყდა.
_ იმიტომ, რომ ბატონი ვახტანგი ახლახან გარდაიცვალა, ორმოცი ერთი კვირის წინ გადაუხადეს.
_ მაპატიეთ. არ ვიცოდი.
_ არა უშავს, რა მოხდა მერე, საიდან უნდა გცოდნოდათ, აბა?
_ შეიძლება ანდერძს ერთხელაც გადავავლო თვალი? იმ დღეს ისე ვნერვიულობდი, ნახევარი არ მახსოვს, რა წავიკითხე.
_ რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა! აი, ინებეთ! _ და ანდერძი წინ დამიდო.
ამჯერად უფრო ყურადღებით დავიწყე კითხვა. ერთი სიტყვით, თუ დავთანხმდებოდი და გიორგისთან ხელს მოვაწერდი, ასი ათასი დოლარის განკარგვა უკვე შემეძლო. დანარჩენი თანხის გამოყენება კი მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, როცა შვილს გავაჩენდი. თუ ოჯახში კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოვჩნდებოდი და იძულებულს გამხდიდდნენ ქმარს გავყროდი, ჩემს ანგარიშზე არსებულ თანხას ვერც ჩემი ქმარი მიიღებდა და ვერც დედამთილი, ის მთლიანად მე მრჩებოდა. თუ ჩემი სურვილით დავშორდებოდი გიორგის, თუნდაც ხასიათების შეუთავსებლობის გამო, ფულს მეც ვკარგავდი და ისინიც. თანხა კი მთლიანად სახელმწიფოს სარგებლობაში გადადიოდა საქველმოქმედო მიზნობრიობით.
არ იყო მთლად ურიგო პირობები, ამ ყველაფრის ატანა არ გამიჭირდებოდა. ბოლოს და ბოლოს, ცემას ხომ არ დამიწყებდნენ? უხერხულობას ერთადერთი რამ მიქმნიდა _ როგორ შევეგუებოდით ერთმანეთს მე და გიორგი? სიყვარულით არავინ მიყვარდა, რომ წარსულის მოგონებებით თვითგვემას მივცემოდი. მართალია, დემნა მომწონდა, მაგრამ ეს არ იყო სიყვარული. თუმცა ცოლად გავყვებოდი, რადგან დარწმუნებული ვიყავი, კარგი ქმარი იქნებოდა, სიყვარული კი ნელ-ნელა მეწვეოდა და ჩვენი ურთიერთობაც გამყარდებოდა, მაგრამ ამაზე ფიქრს უკვე აზრი არ ჰქონდა. ამიტომ სულაც არ მეშინოდა, რომ გიორგის ვერ გავუგებდი. ისეთი შემზარავი გარეგნობა როგორ უნდა ჰქონოდა, რომ მის ყოველ შეხედვაზე გული გამსკდომოდა? რამდენი ვინმე ვიცი და გამიგია, გარიგებით დაქორწინებულან და მშვენიერი ოჯახი შეუქმნიათ. რაღა მე გამიწყრებოდა ღმერთი?
საბოლოოდ მოვიკრიბე მხნეობა, გულს შევუძახე, რაც იქნება, იქნება, გავრისკოთ-მეთქი და ადვოკატს ვუთხარი, თანახმა ვარ-მეთქი.
რამდენიმე ფურცელზე ხელი აჩქარებით მომაწერინა. დღესაც ვერ ვხვდები, ასე რატომ ჩქარობდა. შიშობდა, არ გადამეფიქრებინა? არ ვიცი.
როცა ყველა ფორმალურ პროცედურას მოვრჩით, გილოცავთო, მითხრა, ოღონდ არ ვიცი, რა მომილოცა, მილიონი დოლარი თუ ძალით გათხოვება, ხელი მძლავრად ჩამომართვა და კარამდე მიმაცილა.
_ ჰო, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, ქალბატონო ნისა! _ შემაჩერა გამყრელიძემ, _ რომ იცოდეთ, მილიონი დოლარი სრულად დაჯდება თქვენს ანგარიშზე.
_ ვიცი.
_ არა, არა, თქვენ ვერ გამიგეთ. ბანკის მხრიდან საშემოსავლო და სხვა ხარჯები არ ჩამოგეჭრებათ. ეს ანდერძის სხვა პუნქტშია გათვალისწინებული, რომელიც თქვენ არ გეხებათ, ეს ჩემს კომპეტენციაში შედის.
_ მართლა? _ მოულოდნელმა ამბავმა დამაბნია, _ არც ვიცი, რა ვთქვა.
_ არაფრის თქმა არ არის საჭირო. მოკლედ, გილოცავთ, დღეიდან თქვენ მილიონერი ქალბატონი ბრძანდებით.
_ მადლობა, ბატონო ვაჟა. მთავარია, ცხვირში ძმრად არ ამომადინონ ეს, _ გავიღიმე.
_ როგორ გეკადრებათ! ნახავთ, როგორ ოჯახში მოხვდებით, როგორ არაჩვეულებრივ ადამიანებთან. მთავარია, თქვენც მოინდომოთ და ყველაფერი კარგად იქნება.
_ რჩევისთვის მადლობა, ყველანაირად ვეცდები. ახლა რა იქნება? რა უნდა გავაკეთო?
_ არაფერი, ქალბატონო ნისა. დაელოდეთ. ჩიჩუები უახლოეს ხანში თვითონ დაგიკავშირდებიან.
დრო გადიოდა, ჩიჩუებისგან კი არაფერი ისმოდა. `უახლოესი ხანი~ აღარ დადგა. მე კიდევ ადგილს ვერ ვპოულობდი, ვნერვიულობდი. ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი ბლეფი არ იყო, მაგრამ საქმე რატომ ჭიანურდებოდა, ვერ ვხვდებოდი.
ბანკში მუშაობას ვაგრძელებდი, თუმცა ძლივს ვუდებდი გულს სამუშაოს. არ მასვენებდა იმაზე ფიქრი, რომ ამხელა ფულის პატრონი ვიყავი. თავი სიზმარში მეგონა, თუმცა სიხარულს სულაც ვერ ვგრძნობდი.
ბოლოს, როგორც იქნა, გადამწყვეტი მომენტიც დადგა. ერთ საღამოს, სამსახურიდან სულ ახალი მოსული ვიყავი და კარტოფილის შეწვას ვაპირებდი, რომ კარზე ზარის ხმა გაისმა. რას ვიფიქრებდი, ამდენი ლოდინის შემდეგ სადედამთილო თუ მეწვეოდა?
დავინახე თუ არა, მაშინვე მივხვდი, ვინც უნდა ყოფილიყო.
_ ქალბატონი ქეთევანი? _ ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე.
_ საღამო მშვიდობისა, ნისა, ჩემო გოგო! _ ყურებამდე გაიბადრა ქეთო, _ წესით, უნდა დამერეკა, მაგრამ გადავიფიქრე, არ ავაფორიაქო-მეთქი. შეიძლება შემოვიდე?
_ მობრძანდით! _ განზე გავდექი და გზა დავუთმე.
ქალბატონი ქეთევანი პუტკუნა, დაბალი, სათვალიანი ქალი იყო, ფარისევლური მზერა ჰქონდა და ისე გიმზერდა, გეგონებოდა, შენს სულში ჩაძრომას და ორგანიზმის დეტალურად კვლევას ლამობსო. ისე მათვალიერებდა, დარწმუნებული ვიყავი, `დიაგნოზი~ უკვე მზად ჰქონდა _ რა მაწუხებდა _ ღვიძლი თუ ნაღვლის ბუშტი, გული მქონდა დაავადებული თუ თირკმელი.
ოთახში შემოსულმა ქეთევანმა ჩემს `გამოკვლევას~ ცოტა ხნით დაანება თავი და ბინის თვალიერებას შეუდგა. ყველაფერს გულდასმით ამოწმებდა, ზემოთ, ქვემოთ, მარცხნივ, მარჯვნივ. ალბათ ისიც კი დათვალა, რამდენი პარკეტი ეგო იატაკზე და რამდენი იყო ამობერილი. მე ხომ ბინის რემონტი არ გამიკეთებია, როგორიც ჩავიბარე, ისეთივე იყო. თუმცა სისუფთავეს ვერავინ დამიწუნებდა. სუფთა ყოველთვის ვიყავი, ბავშვობიდან არ მიყვარდა უწესრიგობა. დედამ ასე შემაჩვია. სულ ჩამჩიჩინებდა, გოგო ხარ და პეწიანი უნდა იყო, სიკოხტავე უნდა გიყვარდესო.
გაგრძელება იქნება