არც ქეთევანს დარჩენია შეუმჩნეველი ჩემი დალაგებულ-დაწკრიალებული ერთადერთი ოთახი და თავს კმაყოფილი აქნევდა. მერე სამზარეულოს ესტუმრა, იქიდან ლოჯიაში გადაინაცვლა. ბოლოს სააბაზანოც მოინახულა და როცა ცნობისმოყვარეობა ბოლომდე დაიკმაყოფილა, ჩემი ერთადერთი ოთახის ერთადერთ დივანზე ჩამოჯდა.
- მიხარია, რომ, როგორც იქნა, გავიცანით ერთმანეთი, ნისა, - თქვა და მლიქვნელური ღიმილი მომაფრქვია.
- ჩემთვისაც სასიამოვნოა, ქალბატონო, - თავაზიანად მივუგე და მის პირდაპირ სკამზე მოვკალათდი.
- არც ვიცი, საიდან დავიწყო, - ხელები გაშალა და მხრები შეათამაშა, - ასე მგონია, უკვე დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ და შორიდან მოვლა არ მჭირდება.
- ეს ნამდვილად არ გჭირდებათ, - მხარი ავუბი, მაგრამ აღარ გავაგრძელე, თორემ უნდა მეკითხა, რა ქარმა გადმოგაგდო-მეთქი.
- მეც მაგას არ ვიძახი? - ასაკისთვის შეუფერებელი სიკეკლუცით მომიგო, ხელისგულები ერთმანეთს მიატყუპა და ზედ ნიკაპი ჩამოდო, - სულ ცოტა რამეს ვიტყვი, სუუულ ცოტას. ხომ უნდა იცოდე, შენი დედამთილი ვინაა, როგორი ქალია, ავი თუ კარგი, კეთილი თუ ბოროტი? - და გადაიჭიხვინა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
უკვე შემექმნა წარმოდგენა, ვისთან მექნებოდა საქმე ახლო მომავალში და ხასიათი გამიფუჭდა. რა აიტანდა ასეთ ადამიანს? გულწრფელობის ნატამალი არ გააჩნდა.
- პირველ რიგში ერთ რამეს ვიტყვი. მიუხედავად იმისა, რომ ორმოცდაათი წლის ვარ, გულით ახალგაზრდა დავრჩი, თანამედროვე შეხედულებების ადამიანი ვარ, ამიტომ ჩემთან ურთიერთობა ამ მხრივ არ გაგიჭირდება.
მისი "ორმოცდაათი" წელი, მაშინვე მივხვდი, როომ სულ ცოტა, ორმოცდათექვსმეტს მაინც უდრიდა, მაგრამ არ შევიმჩნიე. ჩემთვის რა მნიშვნელობა ჰქონდა, რა ასაკის დედამთილი მეყოლებოდა?
- არც ჩემი გიორგია ძველმოდური, მაგრამ ოჯახურ ტრადიციებს პატივს სცემს და მეუღლისგანაც იმავეს მოითხოვს. სხვა მხრივ, მოკლე კაბის, შარვლის, მაკიაჟისა და ეგეთი რამეების წინააღმდეგი არ არის და არც არასდროს ყოფილა. ზოგიერთ რამეში ზედმეტად თანამედროვეც კია. მაგალითად, ღამის კლუბებში უყვარს სიარული, ადრე კაზინოშიც დადიოდა, ოღონდ ახლა არა. ახლა მხოლოდ ტოტალიზატორს თუ ითამაშებს. ფეხბურთზე გიჟდება, თამაშს არ გამოტოვებს. შენ თუ გიყვარს სპორტი? - მაშინვე სხვა რამეზე გადაერთო, როგორც კი სახე შემეცვალა. კაზინო და ტოტალიზატორი სულაც არ მომეწონა. გამოდის, აზარტული მოთამაშე ყოფილა და ეს კარგს რას მიქადდა?
- გააჩნია სპორტს. ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი ნამდვილად არ ვარ, - გავუღიმე და უცებ გამახსენდა, სტუმრისთვის არაფერი რომ არ შემითავაზებია, - ვაიმე, ქალბატონო ქეთევან, დიდი ბოდიში, ისე დამაბნიეთ თქვენი სტუმრობით, მასპინძლის მოვალეობა სულ გადამავიწყდა. ყავა, ჩაი, წვენი. რას ინებებთ?
- ყავას არ ვსვამ, წნევები მაწუხებს, ჩემო გოგო, მაგრამ წვენი თუ გაქვს, სიამოვნებით დავლევდი.
- ახლავე. კომპოტი მაქვს ვაშლისა და კივის ნარევი.
- ო, რა კარგია. ოღონდ ძალიან ცივი არ მიყვარს.
- არა, არა, მაცივარში არ შემიდგამს, ახლავე მოგართმევთ, - წამოვიძახე და დავფაცურდი.
კომპოტის გარდა, წინა დღეს ნაყიდი ნამცხვარიც მედო მაცივარში, ორი ნაჭერი "სნიკერსი" და ორიც - ბრაუნი. გარდა ამისა, ვაზაზე დავყარე თხილი, ნუში, ცოტა ქიშმიში და ისიც გამოვიტანე.
- არ გელოდებოდით, თორემ უფრო სხვანაირად დაგხვდებოდით.
- რას ამბობ, ჩემო გოგო! არაა საჭირო. ამიტომაც არ გაგაფრთხილე წინასწარ, არ მინდოდა შეწუხებულიყავი. უი, რა გემრიელი კომპოტია. ჩემსავით ტკბილი გყვარებია, - თქვა და ისევ ფარისევლურად გამიღიმა.
ქეთევანს ენა არ გაუჩერებია, ქაქანებდა და ქაქანებდა. აქებდა და აქებდა თავის გიორგის, მაგრამ ჩვენს დაქორწინებაზე სიტყვაც არ დაუძრავს. მეც მოთმინებით ველოდი, ამ თემას როდის შეეხებოდა.
- ნახეთ თქვენი სახლი? ძალიან კარგი სახლია, ძალიან. სახლის საბუთები ჩვენთანაა. აღარ წამოვიღე, მაინც ჩვენთან უნდა იცხოვრო და რა აზრი ჰქონდა აქეთ-იქით ტარებას?
ქეთევანმა თავისი თავი გასცა. თურმე შემთხვევით სულაც არ შემოუვლია, მიზანმიმართული "ლაშქრობა" ჩაუტარებია ჩემ მოსანახულებლად. გაუფრთხილებლად ალბათ იმიტომ დამეცა თავს, რომ ოჯახურ ატმოსფეროში ვეხილე - რამდენად მოწესრიგებული და სუფთა რძალი შეუვიდოდა ოჯახში.
- არა, არ მინახავს. ამაზე ადვოკატს არაფერი უთქვამს და არც მე დავინტერესებულვარ.
- ეგ არაფერი, ჩვენს ხელში არ არის? აი, გიორგის გაიცნობ, დაახლოვდებით და ერთად წახვალთ სანახავად.
როგორც იქნა, მაღირსა!
- როდის გავიცნობ? - არ დავახანე და პირველი "მორიგე" შეკითხვა დავუსვი.
- როდის და შაბათს. პატარა სადილს გავამზადებ და დავსხდეთ ერთად, ვილაპარაკოთ. ხელი ხომ უნდა მოაწეროთ? საქმის გადადება არც შენ გაწყობს და არც ჩვენ. ხომ მართალი ვარ?
ღიმილი ვერ შევიკავე. ცხადი იყო, რატომაც ეჩქარებოდა, მაგრამ აქამდე სად იყო? ეს დღეები რატომ დაკარგა? მაგრამ ამას ვერ ვკითხავდი. ესეც ალბათ მათი გეგმის ნაწილი იყო, რომ მე არ მეფიქრა, ქონების დათრევა ეჩქარებათ-მეთქი. ამიტომაც მანამ გაწელეს, სანამ ჩემი მოთმინების ფიალა აივსებოდა და მაინც რომ არ შევეხმიანე, მერე თვითონ მომადგა. მე არც ვაპირებდი თავის შეხსენებას. გამყრელიძემ ხომ მითხრა, თვითონ დაგიკავშირდებიანო.
- ყველაფერი კარგი, ჩემო გოგო, ძალიან კარგი. ერთობ კმაყოფილი მივდივარ. გიორგისაც გავახარებ, რომ ასეთი კარგი ცხოვრების მეგზური ეყოლება. ნერვიულობს, ხომ გესმის. კაცი ყოველთვე ხომ არ ირთავს ცოლს.
- გეთანხმებით.
- წავალ ახლა მე და აბა, შენ იცი. შაბათს გელოდებით ჩვენს ოჯახში.
- მისამართს დამიტოვებთ, ალბათ.
- მისამართსაც და ტელეფონის ნომერსაც. აბა რა, იქნება და რა ხდება? პასტა და ფურცელი გაქვს?
- ახლავე, - ლოჯიაში გავედი და ჩანთიდან ბანკის ბლოკნოტი ამოვიღე.
სანამ ქეთევანი მისამართს წერდა, კიდევ ერთხელ ყურადღებით შევათვალიერე, თუმცა ახალი ვერაფერი აღმოვაჩინე. რა წარმოდგენაც დანახვისას შემექმნა, იგივე დამრჩა.
მოსალოდნელმა შეხვედრამ ზედმეტად ამაფორიაქა. რა ოჯახშიც შევდიოდი, ასე თუ ისე უკვე ვიცოდი და რამდენი დაბრკოლება შემხვდებოდა, ამასაც ვხვდებოდი. ყველაფერი ჩემს მოთმინებაზე იქნებოდა დამოკიდებული და იმაზეც, გიორგი როგორი ადამიანი აღმოჩნდებოდა, რამდენად დადგებოდა ჩემ გვერდით. თუ ის დედამისის ჭკუაზე დადიოდა, კარგი დღე არ დამადგებოდა და ალბათ დიდი ბრძოლის გადატანა მომიწევდა. აქედანვე უნდა დამეპროგრამებინა ჩემი თავი, რათა მომზადებული შევხვედროდი ჩემს ბურუსით მოსილ მომავალს.
დემნა ამასობაში სულ კუდში დამდევდა. ხვდებოდა, რომ ძველებურად აღარ მეხალისებოდა მის გვერდით ყოფნა. ამიტომ ყველანაირად ცდილობდა, როგორმე ესიამოვნებინა ჩემთვის და გაერკვია მიზეზი, ასე რამ გამაცივა.
ჩემი ყურადღების მისაპყრობად ხან ყვავილების თაიგული მხვდებოდა სამსახურში მისულს ჩემს სამუშაო მაგიდაზე, ხან შოკოლადის ფილები და ხანაც ბომბანერის ლამაზი ყუთი. ამასთან, წარამარა მიმესიჯებდა, შეხვედრას მთხოვდა, რესტორანში მეპატიჟებოდა, მე კი ცივი უარით ვისტუმრებდი.
როცა ასე არაფერი გამოუვიდა, ერთ საღამოს გარეთ დამიდარაჯდა სამსახურიდან გამოსულს და ახსნა-განმარტება მომთხოვა.
- მაპატიე, ახლა შენთან საუბრის თავი არა მაქვს, დემნა, უნდა წავიდე, - მისი თავიდან მოშორება ასე ვცადე.
- უკვე მერამდენე დღეა, მაგას მეუბნები? - წინ გადამიდგა, - როდემდე გელოდო? რატომ არ მეუბნები, რა ხდება? რა შეიცვალა? რამე გაწყენინე?
თავი უკმაყოფილო სახით გადავაქნიე.
- არაფერიც არ გიწყენინებია, საიდან მოიტანე? უბრალოდ, პრობლემები მაქვს, რომლებიც უნდა მოვაგვარო. ამიტომ ახლა შენთვის არ მცალია.
- მერედა, გამიზიარე მეც, იქნებ რამეში დაგეხმარო?
- ვერ დამეხმარები. ეს ჩემი პირადი პრობლემაა და მე უნდა მოვაგვარო. არ გეწყინოს.
- კი მაგრამ, მე რა, სხვა ვარ შენთვის? მეგონა, ერთმანეთისგან დამალული არაფერი გვქონდა.
- სხვა არ ხარ, მაგრამ არც ისეთი შინაური ხარ, რომ ჩემი პრობლემა თავს მოგახვიო.
- შინაური არ ვარ? აბა, ვინ ვარ შენთვის?
მისი შეკითხვა უპასუხოდ დავტოვე. მიძნელდებოდა მისთვის იმის ახსნა, რომ ურთიერთობა უნდა გამეწყვიტა. გულის სიღრმეში მენანებოდა მასთან განშორება, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, ეს გარდაუვალი იყო. მაგრამ რახან არ მეშვებოდა, ახლავე უნდა დამემთავრებინა ყველაფერი.
- დემნა, მე შენი შესაფერისი არ ვარ. ჩვენი შეხვედრები აღარ გაგრძელდება. ჩვენს ურთიერთობას ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას.
- და ამას ახლა მეუბნები? ორი კვირაა, უკან დაგდევ და ვერ მოგიხელთე სალაპარაკოდ. თუ არ გინდოდა ჩემთან შეხვედრა, მაშინვე ვერ მითხარი?
- რა ვიცი, ვერ გითხარი, ამიტომ ახლა გეუბნები.
- და მიზეზი? რამე შემეშალა? ცუდად მოგექეცი?
- არა, ეგ არაფერ შუაშია.
- მაშინ მითხარი, რა არის შუაში.
- ის, რომ არ მიყვარხარ. მეგონა, რაღაც გრძნობა მაკავშირებდა შენთან, მაგრამ შევცდი. იმის იმედი, რომ მერე და მერე შემიყვარდები, არ მაქვს და ამის არც მჯერა. სიყვარული ან არსებობს, ან არ არსებობს. არ მინდა მოგატყუო. ტყუილი არ მიყვარს და ალბათ შენც იცი ეს, კარგა ხანია მიცნობ.
გაშრა. სახე გაუფითრდა. ერთხანს დაჟინებით მიცქეროდა, მერე ისე ამოიქშინა, თითქოს 90-კილოგრამიანი ტვირთის აწევას ცდილობსო.
- ძალიან უცნაური გახდი, - ხმადაბლა შენიშნა.
- ჰო, ყოველ დილით ვყლაპავ უცნაურობის გასაძლიერებელ აბებს, - ნაწყენი ტონით მივუგე.
- რატომ მელაპარაკები ასე? თუ ჩემთან ურთიერთობა არ გინდოდა, რატომ მხვდებოდი? დრო ტყუილად რისთვის დამაკარგვინე?
ბოლო შეკითხვაზე ძალიან გავბრაზდი.
- რას ნიშნავს ტყუილად დაგაკარგვინე? ჩვენ რა, ოდესმე გვილაპარაკია სიყვარულზე? ან საერთოდ რამე ურთიერთობაზე? მე გთხოვდი შეხვედრებს? ეს შენი ინიციატივა იყო, შენ გინდოდა ერთად გვევლო, ეს შენი სურვილი იყო და არა ჩემი.
- მე რა, გაძალებდი? - გაოცებული მომაჩერდა და თვალები აენთო, - შენ არ გინდოდა ჩემთან შეხვედრა და იძულებით მომყვებოდი გვერდით? რატომ? ვინ გაიძულა? - ლამის გამწვანდა სიბრაზისგან.
- არავინ. მეც მსიამოვნებდა, რა თქმა უნდა, შენთან ურთიერთობა, მაგრამ ხომ გითხარი, ეს ყველაფერი უბრალო მეგობრულ ჩარჩოებს ვერ გასცდა და რა ვქნა, ჩემი ბრალია? - მზერა ავარიდე და თვალები დავხარე, ამწუთას ჩემი თავი მძულდა. რამხელა ტკივილს ვაყენებდი სრულიად უდანაშაულო ადამიანს, ტკივილსაც და, ფაქტობრივად, შეურაცხყოფასაც.
- ესე იგი, მორჩა? სულ ეს იყო? - მშრალად შემეკითხა.
- მორჩა, სულ ეს იყო. - გავიმეორე და ამოვიოხრე.
- კარგი, ბატონო, ბოდიში, თუ ჩემი სიახლოვით დისკომფორტი შეგიქმენი. მეტად აღარ ვიზამ, - ყინულივით ცივი ხმით მომიგდო, გატრიალდა და ჩქარი ნაბიჯებით გამეცალა.
საშინელი სიცარიელე ვიგრძენი, სიცარიელე და სიცივე. მიუხედავად იმისა, რომ მე ვიყავი ჩვენი განშორების ინიციატორი, თავს მიტოვებულად ვგრძნობდი. ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს მიღალატეს და სხვაში გამცვალეს.
საშინლად ვღელავდი შაბათის სადილის გამო. გიორგისთან შეხვედრის მოლოდინი მაფრთხობდა, თუმცა სულაც არ მიცდია, განსაკუთრებულ ფორმაში ვყოფილიყავი და მის წინაშე თავი ჩემი გარეგნობით მომეწონებინა.
გაგრძელება იქნება