ძალიან სადად გამოვეწყვე და მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე, მაგრამ ქუსლებზე მაინც შევდექი. სიმაღლეს ყველაზე მეტი ეფექტის მოხდენა შეუძლია, სულ რომ შეუხედავი იყო.
ის იყო, სახლიდან უნდა გავსულიყავი, რომ სალომე დამადგა თავზე და ასე გამოპრანჭული რომ დამინახა, გაოცდა. რა უდროო დროს იცოდა ამ გოგომ მოსვლა. ეს პირველი შემთხვევა კი არ იყო. მანამდეც სულ ასე მამოწმებდა, იქნებ დემნასთან ერთად გამოვიჭიროო.
- საით გაგიწევია, პაემანზე? - და თავიდან ფეხებამდე ჩამათვალიერა.
- არა, საქმიანი შეხვედრა მაქვს, - ისეთი ტონით გამომივიდა, თითქოს ვატყუებდი.
- შენ რაღაცას მიმალავ, დაქალო. აბა, მითხარი, რა ხდება? - ჩანთა დივანზე მიაგდო და დოინჯი შემოიყარა.
- სალო, მეჩქარება, რა. დროში ვიწვები. მერე მოგიყვები, კარგი? - ვცდილობდი, როგორმე მომეცილებინა თავიდან.
- ყავასაც არ დამალევინებ? ასე სად მიგეჩქარება? რა საიდუმლოებით მოცული გახდა შენი ცხოვრება ბოლო დროს? რას მიმალავ, ნისა? რამე გიჭირს?
- არაფერი არ მიჭირს, სალო, რა. მაპატიე, კარგი? სერიოზულად მეჩქარება, ვაგვიანებ. შენ სალაყბოდ მოხვედი, მე კიდევ ცეცხლი მიკიდია.
- ვერ გავიგე, ასე რატომ მელაპარაკები? - გამინაწყენდა და ჩანთას წამოავლო ხელი, - არ გინდა და ნუ გინდა, ნურც ნურასდროს მეტყვი. რაც გინდა, ის ქენი! - გაბრაზებულმა მესროლა და კარისკენ დაიძრა.
- სალომე, საქმე მაქვს. მეჩქარება, რა არის აქ გასაბრაზებელი? პაემანზე არ მივდივარ, მე და დემნა უკვე დავშორდით ერთმანეთს, თუ ეს გაინტერესებს, - წამოვაყრანტალე.
გაოცებული მომიტრიალდა, სახე ერთიანად აუჭარხლდა.
- რა შუაშია აქ დემნა? ან რატომ უნდა მაინტერესებდეს თქვენი ურთიერთობა?
- იმიტომ, რომ ვიცი, დემნა როგორ მოგწონს, კარგა ხანია, გატყობ. შენ კი ამაზე არაფერს მეუბნები.
ამის გაგონებაზე ფერი დაკარგა.
რა ცუდი ვინმე ვარ, ახლობელ ადამიანს ყველაზე მტკივნეულ ადგილზე დავადგი ფეხი.
- რა სისულელეა! მე და დემნა? საიდან მოიტანე? ჩვენ, უბრალოდ, ვახლობლობთ… მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს.
- არ ვიცი, როგორი დამოკიდებულება გაქვთ, მაგრამ მინდა იცოდე, რომ თუ მოგწონს, გზა ხსნილი გაქვს. მე მასთან ყველაფერი დავამთავრე, თუმცა დიდად არც არაფერი გვქონია, კოცნითაც კი არ უკოცნია ჩემთვის.
სალომე გაქვავებული შემომყურებდა. ვერ მცნობდა, ასე ღვარძლიანს პირველად მხედავდა. ბოლოს მტრული მზერა მესროლა:
- თავში ქვა გიხლიათ ორივეს! - იყვირა და გავარდა.
მეგობართან უთანხმოებამ მთლად მომიღო ბოლო. ასე არ მინდოდა. თვითონაც არ ვიცი, რამ გამაბოროტა.
უხალისოდ გავედი სადარბაზოდან, სადაც გამოძახებული ტაქსი მელოდა. ჩავჯექი და გზას გავუდექი.
კარი პირველსავე ზარზე გამიღო ქალბატონმა ქეთევანმა. გამიღიმა, გადამკოცნა, ხელი გადამხვია და სახლში ასე შემიყვანა. გული გამალებით მიცემდა. დაფეთებული ვაცეცებდი თვალებს, გიორგის ვეძებდი. მას ვერ ვხედავდი, სამაგიეროდ, მდიდრულად მორთულ ვეებერთელა ბინას ვათვალიერებდი, სადაც ყველაფერი გემოვნებით იყო გაწყობილი.
ბოლოს, როგორც იქნა, დავინახე. დავინახე და პირკატა მეცა.
საშინლად მრისხანე გამომეტყველება ჰქონდა. იფიქრებდი, ამ კაცს ცხოვრებაში არ გაუღიმიაო. არც მახინჯი იყო და არც სიმპათიური. მოწონებით ნამდვილად არ მომწონებია, თუმცა დედა, რას ჰგავსო-ც არ გამიფიქრებია. არაფრით გამორჩეული მამაკაცი იყო, ასეთები არასდროს მომწონებია. მაგრამ ეს არ იყო მთავარი და შემაშფოთებელი. საშინელება ის გახლდათ, რომ…
ის ინვალიდის ეტლში იჯდა.
თავზარდაცემული შევცქეროდი. ერთი სული მქონდა, გარეთ გავვარდნილიყავი და აქაურობას მოვშორებოდი, მაგრამ სირცხვილის გრძნობამ დამაკავა. არ უნდა შემტყობოდა, რომ მისმა ნაკლმა შემაშინა. ამით გიორგის თვალში პატივისცემას დავკარგავდი.
მეხდაცემული ვიდექი და ხმას ვერ ვიღებდი. რამდენიმე წამის განმავლობაში ისიც უსიტყვოდ შემომცქეროდა, უფრო სწორად, მათვალიერებდა.
შევამჩნიე, რომ ჩემმა გარეგნობამ მასზე ეფექტი ოდნავადაც ვერ მოახდინა. როგორც ჩანს, გარკვეული წარმოდგენა უკვე შექმნოდა ჩემზე დედამისისგან.
- გამარჯობა, ნისა! - ისე მომესალმა, ნაკვთი არ შერხევია სახეზე, მხოლოდ მისმა ტუჩებმა გადმომცეს ეს მშრალი და ცინიზმით სავსე სალამი.
- გაგიმარჯოს, გიორგი! - ზუსტად იმავე ინტონაციით მივესალმე მეც.
- არ ელოდი, არა? - შეკითხვას ჩაცინება გამოაყოლა.
- რას? - თავი ოდნავ გვერდზე მივაბრუნე და ცალი წარბი ავზიდე. ამით მივახვედრე, რომ მშვენივრად გავიგე, რასაც მეკითხებოდა, მაგრამ არ შევიმჩნიე.
- სავარძელს მიჯაჭვული საქმრო თუ დაგხვდებოდა აქ.
სანამ პასუხს მოვიფიქრებდი, გავიღიმე, მერე თავი გავაქნიე და ამასობაში ყველაზე ოპტიმალური წინადადებაც მომადგა ენაზე:
- მე ყველაფრისთვის მზად ვიყავი, ყველაზე უარესისთვისაც კი.
ჩემს ნათქვამზე ყურები ცქვიტა და სიტყვაში გამოჭერა სცადა:
- ყველაზე უარესისთვის? ამაზე უარესი რა უნდა ყოფილიყო?
ისევ გავიღიმე, ისევ თავი გავაქნიე და თამამად მივუგე, ისე, რომ სულაც ვერ დამაბნია მისმა შემოტევამ:
- ხომ შეიძლებოდა, ლოგინში დამხვედროდი მძიმე ავადმყოფი? ახლა ეტლში მაინც ზიხარ.
როგორც ჩანს, ამას არ ელოდა. ფერმკრთალ სახეზე სიწითლემ გადაუარა და წამით პირი მოკუმა. მივხვდი, სიბრაზის შეკავება ამ ჟესტით სცადა.
- იცი? - თითები, საკმაოდ ლამაზი და თხელი თითები ერთმანეთს გადააჭდო და გააგრძელა, - ჯერაც არ არის გვიან. თუ ჩემი მდგომარეობა დისკომფორტს გიქმნის, შეგიძლია უკან წაიღო შენი თანხმობა. მე გავიგებ.
ამჯერად ძალზე ფართოდ და ნიშნის მოგებით გავუღიმე.
- ხომ გითხარი, ყველაფრისთვის მზად ვიყავი-მეთქი. დისკომფორტი საერთოდ არ მიგრძნია. ასეთ მდგომარეობაში ცოლი თუ ქმარი შეიძლება თანაცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე აღმოჩნდეს.
ის, რომ ხეიბარი იყო, მხოლოდ იმიტომ მაწუხებდა, რომ უკვე აღარ მქონდა იმედი, წელს ქვემოთ მოწყვეტილი მამაკაცი ლოგინში რამეს თუ შეძლებდა. მისგან შვილს თუ ვერ გავაჩენდი, ფულსაც ვერ მივიღებდი. აი, რა უნდა მედარდა.
რაც შეეხება მის გარეგნობას, არც სიმპათიური იყო და არც მახინჯი. თანაც, სრულიად მომზადებული ვიყავი ფსიქოლოგიურად, ქუჩაში გასული ყოველ შემხვედრ მამაკაცს მას ვადარებდი, ასეთი რომ აღმოჩნდეს, თუ იქნება ჩემთვის მისაღები-მეთქი. მკაცრი გამოხედვა კი ჰქონდა, მაგრამ ადვილად შეამჩნევდი, რომ ეს ხელოვნურად დაყენებული გამომეტყველება იყო, ნიღაბი, რომლის მიღმა რაღაცას მალავდა. ერთადერთი, რაც მაფიქრებდა, მისი თვალები იყო - უაზრო, არაფრისმთქმელი თვალები, თითქოს ორი მრგვალი თაფლისფერი შუშა შემომცქეროდა. არც მისი გადათეთრებული პირისკანი მაუწყებდა კარგს - ჩემ წინ ინვალიდის ეტლში ტიპური ნარკომანი იჯდა.
ქალბატონი ქეთევანი დამფრთხალი მზერით უგდებდა ყურს ჩვენს დიალოგს და ცდილობდა, სახიდან ღიმილი არ გაქრობოდა.
- ესე იგი, მზად ხარ, ჩემი ცოლი გახდე? - ჩამეძია გიორგი.
- სხვა შემთხვევაში აქ არ მოვიდოდი. მე ხომ უკვე მოვაწერე ხელი თანხმობის ყველა საბუთს.
- თანხმობის თუ მილიონის მიღების? - კვლავ შეეცადა ჩემ ჩაჭრას.
მეც არ შევეპუე და მყისიერად მივუგე:
- თანხმობის გარეშე მილიონს არავინ მომცემდა.
გაეცინა. საჩვენებელი და შუათითი მოკაკვა და ზედ ცხვირი დაადო, მერე უკან, დედამისისკენ აიხედა და ერთადერთი სიტყვით შემაფასა:
- მომწონს.
გაგრძელება იქნება