ფილიალში მუშაობა აღდგა და ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდა, იმ განსხვავებით, რომ პირველ ხანებში ყველანი შიშის კანკალით გავყურებდით შემოსასვლელ კარს… კარგა ხანს შიში ვერა და ვერ დავძლიეთ…
ამასობაში მარტი მიილია და აპრილი დაიწყო. გამოთბა, ქარიანი ამინდები ჩადგა. ქურთუკი გავიხადე და ლაბადაზე გადავედი. შავები უკვე აღარ მეცვა. პატარა ბავშვის პატრონს სულაც არ მინდოდა ძაძები მეტარებინა. მართალია, ფერადებზე არ გადავსულვარ, მუქი ფერის სამოსს ვიცვამდი, მაგრამ არა შავებს.
ეს არც არავის გაჰკვირვებია და არც უკითხავთ, ქმარს რატომ არ გლოვობო. თბილისში ეს ხომ არავის უკვირს. მეუღლის გლოვა მხოლოდ ძაძებით არ გამოიხატება. ჩემთვის ისიც საკმარისი იყო, ქვრივი რომ მერქვა და ამ "იარლიყს" პატიოსნად ვატარებდი. არც არავის ვხვდებოდი და არც ჩუმად გამიჩენია საყვარელი. ვუვლიდი ჩემს ვაკოს და სხვა ქვეყანაზე არაფერი მაინტერესებდა.
ერთ საღამოს, სამსახურიდან გამოსული გაჩერებაზე ვიდექი და ავტობუსის მოსვლას ველოდებოდი ან სამარშრუტო ტაქსის. უეცრად ვიღაც იდაყვზე შემეხო და ხავერდოვანი ხმით მომესალმა:
- გამარჯობა!
თავი მოვაბრუნე. ჩემ გვერდით ერთობ სიმპათიური, კოხტად ჩაცმული მამაკაცი იდგა, მაღალი, შავთვალება, სქელი ტუჩებით და სწორი შავი თმით.
მისალმების ნიშნად თავი დავუქნიე და ხელი გავწიე.
- ავტობუსს ელოდებით?
- დიახ, - მივუგე დაბნეულმა.
- მეც, - ღიმილით მითხრა და განზე გადგა.
რაღაც უცნაურად მოიქცა ეს კაცი, მაგრამ არ შევიმჩნიე, თუმცა ცალ თვალს მისკენ მაინც ვაპარებდი. შეიძლება იმიტომ, რომ ძალზე სიმპათიური ტიპი იყო. ამის მეტად არ დამლაპარაკებია, ჩემგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით იდგა და გზას გაჰყურებდა.
ჩემი ავტობუსი რომ მოვიდა და ავედი, ის უცნობიც ამომყვა. მე წინ გადავიწიე, ის უკან დარჩა. სანამ ჩემს გაჩერებას მივაღწევდი, რამდენჯერმე გავხედე, მაგრამ მას ჩემთვის ყურადღება აღარ მოუქცევია.
ჩემს გაჩერებაზე ჩამოვედი, თუმცა უცნობი არ ჩამომყოლია. მიუხედავად ამისა, მთელი საღამო იმ ტიპზე მეფიქრებოდა, რატომ მოიქცა ასე უცნაურად და რა უნდოდა ჩემგან. და თუ არაფერი უნდოდა, რისთვის გამომელაპარაკა.
ეს ამბავი ამით არ დასრულებულა. ის ტიპი მეორე დღესაც გაჩნდა გაჩერებაზე, საღამოს, როცა სამსახურიდან გამოვედი და ჩვეულებისამებრ ავტობუსს ველოდებოდი. ახლაც მომესალმა, მაგრამ იდაყვზე აღარ შემხებია. მეც მექანიკურად მივესალმე, მაგრამ ავტობუსი რომ ჩამოდგა, განგებ ავითრიე ფეხი და როცა ის ავიდა, მე ადგილზე დავრჩი. ასე დავტოვე პირში ჩალაგამოვლებული, მე კი სამარშრუტო ტაქსის გავყევი.
ვითომ ჭკუაში ვაჯობე, მაგრამ უცნაური ის იყო, რომ იმ დღის მერე სულ მაგ კაცზე ვფიქრობდი. რატომღაც, დარწმუნებული ვიყავი, რომ მე მისაფრდებოდა, თუმცა გამოლაპარაკება იმ პირველი დღის მერე აღარ უცდია. სამაგიეროდ, ყოველ საღამოს დაბარებულივით მხვდებოდა გაჩერებაზე ან ცოტა მოგვიანებით გამოჩნდებოდა, მომესალმებოდა და ამის მერე სრულიად უყურადღებოდ მტოვებდა.
ერთი კვირის შემდეგ მისალმებას ღიმილიც მოაყოლა თან. კიდევ ერთი კვირის შემდეგ კი - შეკითხვა:
- როგორ გიკითხოთ?
- გმადლობთ, კარგად, - მშრალად მივუგე და ამჯერად მე გავდექი განზე.
მართალია, ინტერესი მკლავდა, ვინ იყო ეს ადამიანი და რას დამდევდა კუდში, მაგრამ არ ვიმჩნევდი.
ცოტა ხანში იმდენად ყოველდღური ხასიათი მიიღო ამ მისალმებებმა და მოკითხვებმა, ასე მეგონა, ამ ტიპს უკვე დიდი ხანია ვიცნობდი.
აპრილი ბოლო დღეებს ითვლიდა, ამინდი რომ გაფუჭდა. მახსოვს, პარასკევი საღამო იყო. ბანკიდან გამოსულს გარეთ თავსხმა წვიმა დამხვდა. სიმართლე გითხრათ, ამინდის პროგნოზს თვალს არასდროს ვადევნებ, მაგრამ გაზაფხულსა და შემოდგომაზე, ზამთარზე რომ არაფერი ვთქვა, ქოლგა ყოვლთვის თან დამაქვს. ახლაც გავშალე ჩემი წითელი ქოლგა და აჩქარებით მივადექი გაჩერებას. ცოტა არ იყოს, შემცივდა, თუმცა გაზაფხულის კვალობაზე თბილად მეცვა, ჯერაც ლაბადით დავდიოდი.
სანამ გაჩერებას მივუახლოვდებოდი, ჩემს იდუმალ მამაკაცზე უკვე ვფიქრობდი, ნეტავ ამ წვიმაშიც თუ გამოჩნდება-მეთქი. გამოჩენა კი არა, უკვე იქ იყო და ილუმპებოდა. ისეთი მობუზული იდგა, შეგეცოდებოდა ადამიანს. დამინახა თუ არა, სახე გაებადრა, დიდი ხნის ნაცნობივით მომესალმა და თვითონაც ჩემს ქოლგას შეეფარა.
- როგორ ხართ?
- არა მიშავს. ესაა მხოლოდ, რომ ვსველდები, - მეც გამეღიმა.
- რა ამინდია, არა? ვინ ელოდა, დღეს თუ გაწვიმდებოდა.
- ჰო, მოულოდნელი იყო.
- მე დენიელი მქვია, მაგრამ ყველა დენის მეძახის. თქვენ? - მატაკა უცებ.
- მე ნისა მქვია და ყველა ნისას მეძახის.
ამაზე ორივეს გაგვეცინა.
- მიხარია, რომ ბოლოს და ბოლოს, ერთმანეთი გავიცანით. უკვე იმდენი ხანია, აქ ვხვდებით ერთმანეთს, ასე მგონია, ბავშვობიდან გიცნობთ.
ამაზე მხოლოდ გავიღიმე, პასუხი არ გამიცია.
უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. არც ერთი ხმას არ ვიღებდით. ავტობუსიც არა და არ გამოჩნდა. ტაბლოს ავხედე, ექვს წუთში მოვიდოდა. არადა, ისე შემცივდა, გავიყინე.
- წინააღმდეგი თუ არ იქნებით, ტაქსით გაგამგზავრებთ, - შემომაპარა.
- არა, როგორ გეკადრებათ! - შორს დავიჭირე, - ცოტაღა დარჩა, დაველოდები.
- მე არ წამოვალ, თქვენ გაგიშვებთ მხოლოდ, - დააკონკრეტა.
- ნუ შეწუხდებით, დიდი მადლობა! - ჯიუტად ჩემსაზე ვიდექი.
დენიელმა კი არც აცია, არც აცხელა და პირველივე თავისუფალ ტაქსის ხელი დაუქნია. მძღოლს არც დალაპარაკებია, ისე გამოაღო უკანა სალონის კარი და ხელი დამიქნია, ჩაჯექიო.
ცოტა კი მეუხერხულა, მაგრამ მეტიჩრულად ხომ არ მოვიქცეოდი? ჩავჯექი. ამასობაში დენიელმა ჯიბეზე გაიკრა ხელი, საფულიდან ოცლარიანი დააძრო, მძღოლს ფანჯრიდან გადააწოდა და უთხრა:
- სადაც გეტყვით ეს ქალბატონი, იქ მიიყვანეთ, ხურდა დაიტოვეთ, - მერე თავი შემოყო ჩამოწეულ ფანჯარაში და დამემშვიდობა:
- ნახვამდის, ნისა! კეთილი მგზავრობა!
- ნახვამდის… უღრმესი მადლობა! - დავემშვიდობე მეც.
ტაქსი დაიძრა. უკან არ მიმიხედავს, თუმცა დარწმუნებული ვიყავი, რომ თვალი გამომაყოლა. სამაგიეროდ, იმაში დავიჭირე ჩემი თავი, რომ მთელი გზა მეღიმებოდა…
გაგრძელება იქნება