- კარგი, მიგიხვდით, მაგრამ ერთი რამ არ მესმის. მერე რა, რომ ქმარი გარდაგეცვალათ? უფლება არ გაქვთ, ახალი ცხოვრება დაიწყოთ?
- თქვენთან ერთად? - უარესად გავცეცხლდი. მისი ყოველი სიტყვა სითავხედეში გადადიოდა.
- თუნდაც. მგონი, დასაწუნი ბიჭი არ ვარ, - ხუმრობანარევი ტონით თქვა და გაიღიმა.
როგორ უხდებოდა ღიმილი ამ საძაგელს! ეგრევე მნუსხავდა.
- მაპატიეთ, მაგრამ არ ვარ იმ მდგომარეობაში, ვინმესთან რომანი გავაჩაღო!
- ნუ გავაჩაღებთ. ხანდახან ვნახოთ ერთმანეთი. მაგალითად, თვეში ერთხელ, ყოველ 13 რიცხვში.
- რას აიჩემეთ ეს 13? - ისევ შევუტიე.
- რა ვიცი, უბრალოდ, მიყვარს ეს რიცხვი. ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის განსაკუთრებულ როლს თამაშობდა. როცა თქვენ პირველად დაგინახეთ, მაშინაც 13 იყო.
- რა? რომელი 13?
- მაგას ახლა რა მნიშვნელობა აქვს?
- აქვს, მნიშვნელობა ყველაფერს აქვს!
- კარგი, ბატონო, მაშინ გეტყვით. პირველად 13 მარტს გნახეთ.
გონება დავძაბე. სად ვიყავი 13 მარტს? ანუ ორი თვის წინ? უეცრად თვალთ დამიბნელდა. 13-ში ხომ ჩვენი ბანკი გაძარცვეს. დავიჯერო, პოლიციელია? იქნებ გამომძიებელთან ერთად მოვიდა იმ დღეს და მე ვერც შევამჩნიე? ვინმეს შემჩნევის თავი სად მქონდა, ისე ვიყავი შეშინებული!
- პოლიციაში მუშაობთ? - მაშინვე ვკითხე.
- რატომ მაინცდამაინც პოლიციაში? არა, რა თქმა უნდა. ღმერთმა დამიფაროს!
- აბა, 13 მარტს სხვაგან სად?
- იქნებ ქუჩაში გნახეთ? გაჩერებაზე? ან აქ, სახლთან ახლოს? ან მაღაზიაში… - დაიწყო ჩამოთვლა.
- იმ საღამოს მაღაზიაში შესვლის თავი არ მქონდა, - მოგუდული ხმით მივუგე.
- რატომ, ასეთი რა გადაიტანეთ იმ დღეს?
- ჩვენი ბანკი გაძარცვეს.
- ვააა! რას მელაპარაკებით! მერე?
- არ მინდა ამაზე ლაპარაკი, - "თავი მომაბეზრეს" ტონით ვუპასუხე.
- გასაგებია. სამსახურთან გაგიჩეროთ მანქანა თუ ცოტა აქეთ?
- აი, აქ გამიჩერეთ! - უკმეხად ვუთხარი და როგორც კი მანაქანა გააჩერა, კარი გამოვაღე, მაგრამ სანამ გადმოვიდოდი, მაჯაში მტაცა ხელი.
გაშმაგებულმა შევხედე, რომ კიდევ ერთხელ დამეცოფა, მაგრამ უეცრად გავშტერდი. მარჯვენა ხელზე, რომლითაც ჩემი მარცხენა ჰქონდა ჩაბღუჯული, ნაცნობი სვირინგი შევნიშნე - ნაცრისფერი გაშლილი ქოლგა გარს შემოხვეული მორიელით და მივხვდი, ვინც იყო დენიელი - სწორედ ის ნიღბიანი მძარცველი, ავტომატის ლულა რომ მომიშვირა და მერე კონდახით გვერდზე გამწია.
- კიდევ შევხვდებით. მადლობა საჭირო არ არის, ნისა! - სარეკლამო ღიმილით წარმოთქვა და ხელი გამიშვა…
ოხ, დენიელ, დენიელ! რატომ გამოჩნდი ჰორიზონტზე? იმიტომ ხომ არა, რომ ძლივს დალაგებული ცხოვრება ისევ ამირიო? რა გინდა ჩემგან? იცოდი, ვინც ვიყავი და ჩამისაფრდი? მაგრამ რა დავაშავე? როგორც მითხარი იმ გაძარცვის დღეს, ზუსტად ისე გავაკეთე ყველაფერი. ახლა რაღა გინდა? თუ ძმა ხარ, თავი დამანებე და შენს გზას გაუყევი!
აი, ამგვარი ფიქრები დამტრიალებდა თავზე მომდევნო დღეების განმავლობაში. გარეთ გამოსული შეშინებული ვიყურებოდი აქეთ-იქით, სადმე ხომ არ არის დადარაჯებული-მეთქი. განსაკუთრებით წვიმიანი ამინდის მეშინოდა. ამით არ ისარგებლოს და მანქანით შინ მიყვანა არ შემომთავაზოს-მეთქი.
ეს, ალბათ, სასჯელია. სასჯელი, რომელიც განგებამ იმ შეცდომებისთვის დამიწესა, რომლებიც ახლო წარსულში ჩავიდინე. პირველ რიგში, ანდერძს ვგულისხმობ. ფულს დავხარბდი და შედეგიც მოვიმკე. მიუხედავად იმისა, რომ შეძლებული ქალი მერქვა, არაფერი ქვეყანაზე არ მიხაროდა. ასე მეგონა, საკანში ვყავდი ვიღაცას გამომწყვდეული. არა, საკანი დიდია, გავლა-გამოვლა მაინც შეიძლება. ეს უფრო ხაფანგი იყო, რომელიც ბედისწერამ დამიგო და რომელშიც გავები, სადაც კუდსაც ვერ მოიქნევ. ცხოვრება თურმე ბუმერანგი ყოფილა, რომელიც ყოველთვის საწყის მდგომარეობას უბრუნდება.
თუმცა ყველაფერს ეგუება ადამიანი, დრო ხომ ყველაფრის მკურნალია. მეც განვიკურნე. დღეები გადიდოდა და დენი არ ჩანდა, რამაც ჩემი შიშიც გაანელა და შფოთიანი ცხოვრებაც კალაპოტში ჩააყენა.
მაისი მიილია. ივნისში საშინელი სიცხეები დაიჭირა, სუნთქვა ჭირდა. ვიფიქრე, შვებულებას ახლა ავიღებ, რაღა ივლისსა და აგვისტოს ველოდო, და ბავშვს მთაში წავიყვან, ჰაერს გამოვუცვლი-მეთქი, თუმცა, ჩემდა ჭირად, ფეხს ვითრევდი. ვწელავდი და ვწელავდი, თვითონაც არ ვიცი, რატომ. ალბათ საკუთარი ქვეცნობიერი მმართავდა. გულის სიღრმეში მის გამოჩენას ველოდებოდი, ოღონდ დარწმუნებული არ ვიყავი, მინდოდა ეს თუ არა.
გაგრძელება იქნება