_ მე არ ვარ პატარა მშვენიერი გოგო. ეს ლამაზი ესპანური სიტყვა სხვა შემთხვევისთვის შეინახე, გასაგებია? ვინმე პატარა მშვენიერი გოგოსთვის.
_ აუ, რატომ მიბრაზდები? ბოლო დროს სულ მტრულად მხვდები. მითხარი, რა არის ამის მიზეზი?
_ ჯერ ის მითხარი, რატომ მოხვედი?
_ იმიტომ, რომ მომენატრე. რაც გაგიცანი მას მერე სულ მენატრები. შენ გამო მოსვენება დავკარგე, _ ხმა დაიდაბლა და უცებ დადინჯდა.
_ მართლა? _ რომ არ გამცინებოდა, ორივე ლოყა შიგნითა მხრიდან კბილებშუა მოვიქციე.
_ მართლა.
_ შენ ახლა იმასაც მეტყვი, რომ მე შენი სუსტი წერტილი ვარ.
მიხვდა, რომ ვაშაყირებდი, ამიტომ მაშინვე არ მიპასუხა, მცირე შეყოვნების შემდეგ კი შეცვლილი ხმით წარმოთქვა:
_ შენ ჩემი სუსტი კი არა, ყველაზე ლამაზი წერტილი ხარ.
არ ვიცი, იმწუთას რა მოხდა ჩემში, მაგრამ სიამოვნების ჟრუანტელმა კი დამიარა. ასეთი ქათინაური ჩემთვის არასდროს არავის უთქვამს, მაგრამ მაინც არ ვაგრძნობინე.
_ არ მიყვარს, როცა იტყუებიან. _ წარბებს საწყისი მდგომარეობის მიღების უფლებას არ ვაძლევდი.
_ შენ გგონია ეს ტუილია?
_ კი არ მგონია, დარწმუნებული ვარ.
_ მაგრამ აღიარე, რომ სასიამოვნო ტყუილია, _ საჩვენებელი თითი ეშმაკური ღიმილის თანხლებით დამიქნია.
_ სასიამოვნო ტყუილი პირფერობაა, _ არ შევეპუე.
თვითონაც არ ვიცი, საიდან ვპოულობდი ძალას, მისთვის პასუხი ეგრევე გამეცა ან ეს სიტყვები საიდან მომდიოდა. თითქოს ვიღაც მკარნახობდა, რა მეპასუხა. ალბათ, ჩემი შინაგანი `მე~.
_ დასალევი არაფერი გაქვს? _ უეცრად გარდაიქმნა და ამჯერად სულ სხვა დენიელი დავინახე _ გადაღლილი სახითა და განაწამები მზერით.
რაღაც დაემართა. აშკარაა და თავშესაფარს აქ ეძებს! _ გამიელვა გონებაში. ამით ვიხელთე და კვლავ იერიში მივიტანე.
_ მომისმინე, დენი… მე ვიცი, შენ ვინც ხარ. გიცანი. შენმა სვირინგმა გაგცა.
ამის გაგონებაზე პერანგის სახელო ოდნავ აიწია და ტატუ გამოაჩინა.
_ ასე რომ, არ მინდა შენთან რამე საერთო მქონდეს. შენი დასმენა არც მიფიქრია, თორემ ამას დიდი ხნის წინ გავაკეთებდი. ამიტომ შევთანხმდეთ. ამ საღამოდან ყოველგვარ ურთიერთობას ვწყვეტთ ერთმანეთთან. მე ეს-ესაა, ახალი ცხოვრება დავიწყე, არ მინ…
_ არ არსებობს ახალი ცხოვრება, _ უხეშად გამაწყვეტინა და ხმაში მუქარა გაურია, _ არსებობს მხოლოდ ძველი ცოდვები, რომლებიც მთელი სიცოცხლე ტვირთივით უნდა ატარო. არ მეთანხმები?
ცივი ოფლისგან შუბლი და მკერდის ღარი ერთდროულად დამეცვარა. მივხვდი, რომ ეს კაცი თავს ადვილად არ დამანებებდა.
_ არ გეთანხმები. შენგან განსხვავებით, მე ცოდვები არ მაქვს. მე სხვა ვარ, შენ სხვა.
_ და ვინ ხარ შენ? _ დაღლილი გამომეტყველების მქონეს თითქოს წამწამებიც კი დაღლილი ჰქონდა, ისე ზანტად აფახულებდა.
_ მე ვარ ადამიანი ნიღბის გარეშე.
_ ანუ პროდუქტიული ტიპი, არა?
გაოცება ვერ დავმალე. უჭკუო მამაკაცის შთაბეჭდილებას არ ახდენდა. ახლა ისევ ისე მომწონდა, როგორც პირველი შეხვედრების დროს. და დაძაბულობა ცოტათი მომეშვა. საკუთარ წარბებსაც შევეშვი და სახის ნაკვთები მთლიანად დავალაგე. თანდათან მოვდუნდი.
_ ვიცი, ვინც ხარ, როგორიც ხარ. ამიტომაც ამოგირჩიე და ვცდილობ შენთან დაახლოებას.
_ როგორ ყველაფერი იცი, _ დამცინავად მოვწკურე თვალები.
_ არა, ყველაფერი არ ვიცი. ვიცი ის, რაც კანონზომიერია. მაგალითად, თუ ერთი კურსის გამოცდას წარმატებით დაამთავრებ, აუცილებლად მომდევნოზე გადახვალ. თუ გამოიდარებს და მზე გამოვა, ყველა ვარიანტში დათბება. თუ ქალი თბილია და ყურადღებიანი, უეჭველად მზრუნველი იქნება. აი ის, რაც ვიცი. ამიტომ მინდა შენთან ურთიერთობა.
_ არა! მე შენთან ურთიერთობა არ მინდა! _ თავდაცვის მიზნით საჭიროზე ხმამაღალი რეპლიკა გამომივიდა.
_ რატომ, საყვარელი გაიჩინე? _ თავი გვერდზე გადახარა და დაჟინებით შემომაცქერდა.
_ ეს შენი საქმეა? _ ამრეზით შევხედე.
_ არა? _ კონტრეშეკითხვით მომმართა.
_ რა მგრძნობიარე შეკითხვაა. _ ამჯერად სიცილი ვერ შევიკავე, მაგრამ უმალ ავიფარე პირზე ხელისგული, ვაკოს რომ არ გაღვიძებოდა.
_ დალევა მინდა, ნისა. ერთი ჭიქა რამე დამალევინე, გთხოვ. მაგრად ცუდად ვარ.
მის ხმაში ისეთი მუდარა გაისმა, რომ მექანიკურად გავტრიალდი სამზარეულოსკენ, სადაც მაცივარში ნახევარი ბოთლი შამპანური მეგულებოდა, სალომესა და დემნას მოტანილი.
ბოკალში ჩამოვასხი, პირთამდე გავავსე და გამოვუტანე.
გავოცდი. ისე ხარბად დაეწაფა სასმელს, თითქოს ერთ საათში მშრალი კანონი უნდა ამოქმედებულიყო.
გამოცალა თუ არა ბოკალი, პირი ხელის ზურგით შეიწმინდა და გამომხედა.
_ რა არის შენი ცხოვრების მიზანი, ნიცა, ჰა?
_ ჩემი შვილის მომავალი. ესაა ის, რისთვისაც ვცხოვრობ.
_ ჩემთვის კი ცხოვრებაა ერთადერთი, რისთვისაც ვცხოვრობ, გესმის? სხვ არაფრისთვის. და ასე არ მინდა. სწორად გამიგე. მეც მინდა შენსავით ვიღაცაზე ვზრუნავდე, ის ვიღაც კიდევ ჩემზე წუხდეს, ვენატრებოდე, მელოდებოდეს… ის ვიღაც კი მსურს შენ იყო, _ ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე წამოდგა და ჩემკენ დაიძრა.
მე მის მოპირდაპირე მხარეს მაგიდას ვუჯექი. მომენტალურად წამოვხტი და უკან-უკან დავიხიე. კედელთან მიმიწყვდია. მისი გახშირებული სუნთქვა სახეში მცემდა, ცხელი და ხმაურიანი. საგულდაგულოდ შემათვალიერა _ სახიდან დაიწყო და მკერდამდე ჩავიდა.
_ არ მომეკარო! _ დავიჩურჩულე, მაგრამ მივხვდი, რომ ეს სულაც არ მსურდა. სხეული თითქოს ამიმხედრდა, ისე მინდოდა მომფერებოდა. ვგრძნობდი, საკუთარ ვნებასთან გამკლავება მიჭირდა. ჩემი ცივი გონებაც ვერ დამეხმარა საპირისპიროს გაკეთებაში. თვალები დავხუჭე და დაველოდე. ვიცოდი, წინააღმდეგობის გაწევას აზრი მაინც არ ჰქონდა, მას ვერ მოვერეოდი. ხმაური კი ვაკოს გააღვიძებდა.
მან მოულოდნელად ხელში ამიტაცა და დივანზე მიმაწვინა…
შუაღამეს საძინებელში გადავინაცვლეთ. ისეთი მოთენთილი ვიყავი, თითქოს ნახევარი ღამე სასიამოვნო ძილ-ბურანში გამეტარებინოს. პირველად ვიგრძენი `აკრძალული ხილის~ ნამდვილი გემო და იგი, ვაშლის რა მოგახსენოთ, მაგრამ ხეჭეჭურივით ტკბილი და წვნიანი კი იყო, ყელში რომ გადნება. ისეთი გაბრუებული ვიყავი, სულ აღარ მაინტერესებდა, დენიელი ბანდიტი იყო, მძარცველი თუ ყაჩაღი. სწორედ ასეთი მამაკაცი მჭირდებოდა _ ძლიერი და რისკიანი. მამაკაცი, რომელიც ქალის მონუსხვის ხელოვნებას ფლობდა. მამაკაცი, რომელიც არაფერს შეუშინდებოდა და საყრდენად თავის ზურგს მოგიშვერდა…
ვაკოს თავის საწოლში ეძინა უშფოთველად და უდრტვინველად. ცოტათი კი მქენჯნიდა სინდისი, რომ მისგან სულ რაღაც ორიოდე მეტრის მოშორებით არა მამამისს, არამედ სულ სხვა კაცს ვნებდებოდი, მაგრამ ვნებისაგან გათანგულს საღი აზროვნების უნარი დაკარგული მქონდა…
დილით ადრე ავდექი, რათა ბავშვისთვის ფაფა, დენისთვის კი საუზმე მომემზადებინა. სანამ დენი საუზმობდა, მე ბავშვი დავანაყრე, მერე კი ჩემს ახალგამომცხვარ საყვარელს კარისკენ მივუთითე, ძიძა უნდა მოვიდეს და გაასწარი-მეთქი. არ მინდოდა მირინდას ასე ადრე ჩემს სახლში უცხო მამაკაცი ენახა. ჭორებისთვის მზად არ ვიყავი. შეიძლება მირინდას გაეგო კიდევაც ჩემთვის, მაგრამ მაინც სიფრთხილე გამოვიჩინე. ზედმეტი თავის ტკივილი არაფერში მჭირდებოდა.
ამიტომ როცა ჩემი შვილის ძიძა მოვიდა, უკვე დამშვიდებული ვიყავი, ლოგინიც მილაგებული მქონდა და ის ჭურჭელიც დარეცხილი, რომლითაც დენიელს გავუმასპინძლდი.
ღამით თითქმის არ გვიძინია. ან კი სად გვეცალა დასაძინებლად. სადღაც, გამთენიისას ცოტა ხნით ჩამთვლიმა და ეგ იყო. ამიტომაც სამსახურში მთელი დღე მეყვინთებოდა. ერთი სული მქონდა, როდის დამთავრდებოდა სამუშაო დღე, რომ შინ მისულს ცოტა წაძინება მომესწრო. მირინდას იმედი მქონდა. ხშირად მითხოვია საღამოობით დამხმარებოდა, როცა ბანკში გვიანობამდე მიწევდა დარჩენა სესხის დასამტკიცებლად ან შინ მქონდა სასწრაფო სამუშაო. ამაში, რა თქმა უნდა, ჩემს სანდო ძიძას დამატებით თანხას ვუხდიდი. ისიც კმაყოფილი იყო და მეც. რაც მთავარია, დენი გავაფრთხილე, არავითარ შემთხვევაში არ მოსულიყო, სანამ წინასწარ არ დამირეკავდა. არ მინდოდა მირინდა მას შეფეთებოდა.
გამომძიებელთან მისვლა კი, რა თქმა უნდა, გადავიფიქრე. აბა, როგორ შემეძლო ჩამეშვა კაცი, რომელმაც ცხოვრებაში პირველად, ქალად მაგრძნობინა თავი? უკვე ისე მივეტმასნე, რომ ერთი სული მქონდა, როდის დაღამდებოდა და მოვიდოდა. სულ რამდენიმე საათის წინ დავშორდი და უკვე მენატრებოდა.
შუადღე რომ გადავიდა და პოლიციის განყოფილებაში არ გამოვცხადდი, წარბებგადაბმულმა მაიორმა თვითონ დამირეკა.
_ დღეს მთელი დღეა გელოდებით. რატომ არ მოხვედით? _ მკაცრად შემეკითხა პოლიციელისთვის დამახასიათებელი მედიდურობით.
_ იმიტომ, რომ აზრი არ ჰქონდა, ბატონო მამუკა. ის კაცი სრულიად შემთხვევით დავინახე გაჩერებაზე და არც ვიცი, ვინ არის. ისიც არ ვიცი, მართლა ის იყო თუ არა. ის ფურცელიც არ ვიცი, სად მივაგდე, მანქანის ნომერი რომელზეც დავწერე. ჰოდა, ამ `არ ვიცი~-ზე ხომ არ ავაგებ ლეგენდებს? მაპატიეთ, ტყუილუბრალოდ შეგაწუხეთ და ამისთვის ბოდიშს გიხდით.
პასუხი არ გაუცია, ისე გამითიშა. აშკარად გაბრაზდა. `არა უშავს, თუ გაბრაზდა, ცხელი წყალი დალიოს და გაუვლის~. _ გავიფიქრე და ჩემი სამუშაო ოთახის მიხურულ კარს გავუღიმე. ახლა ისეთ ხასიათზე ვიყავი, კარს კი არა, თვითონ მამუკასაც გავუღიმებდი, წინ რომ ამსვეტებოდა…
რაღაც უზომოდ მიხაროდა. ამასთან, მთრგუნავდა და საგონებელში მაგდებდა. ვიცოდი, ისეთ რამეს ვაკეთებდი, რაც წესით, არ უნდა გამეკეთებინა, მაგრამ არც გაჩერება შემეძლო. მე საყვარელი გავიჩინე. ეს რომ ჩემს თავს ხდებოდა, თვითონაც არ მჯეროდა, მაგრამ ფაქტი იყო.
გაგრძელება იქნება