აკრძალული ხილის გასინჯვას ასე სჩვევია თურმე…
უმალ შევეჩვიე დენის. თვითონაც არ ვიცი, ეს როგორ მოხდა. მალევე აღმოვაჩინე, რომ მის ყოველ მოსვლას გულ-სხეულათრთოლებული ველოდი. მხოლოდ ერთი რამ მთრგუნავდა. არა, ერთი კი არა, ორი - ის, რომ ვმალავდი მასთან ურთიერთობას და ისიც, რომ ყაჩაღი იყო. მართალია, ჯერ ამ თემაზე საუბარი არ გვქონია, მაგრამ ორივემ ვიცოდით, რომ ეს დღე დადგებოდა.
სამაგიეროდ, უამრავი კარგი თვისება ჰქონდა. გარდა იმისა, რომ იცოდა, ქალს რა უხაროდა და ამისთვის ყველანაირად მზად იყო თავისი მოულოდნელი სასიამოვნო სიუპრიზებით, ბავშვებთან დამეგობრებაც ხელეწიფებოდა. ორი კვირაც არ იყო გასული, რაც დავახლოვდით და ვაკო უკვე დაპყრობილი ჰყავდა. როგორც კი მოვიდოდა, ბავშვი მისკენ გარბოდა და ისე ეხუტებოდა, თითქოს ღვიძლი მამა მოუვიდაო.
თითქმის ყოველდღე მსტუმრობდა. ღამით მოვიდოდა, დილით გაიპარებოდა. ისეც ხდებოდა, დამიბარებდა, ორი-სამი დღე ვერ მოვალ და არ შეგეშინდესო და დაიკარგებოდა. თუმცა ეს ორ-სამი დღე ოთხი ან მეტი ერთხელაც არ გამხდარა. ორი-სამი დღე ორი-სამი დღე იყო. უფრო სწორად, ან ორი, ან სამი. მართალია, არ ვიცოდი, სად მიდიოდა, მაგრამ ვგრძნობდი, ამ დროს რასაც აკეთებდა - ვიღაცას ან რაღაცას ძარცვავდა. ფული ჩემთან არასდროს მოუტანია და არ უთქვამს, ან შემინახე, ან რამეში მოიხმარეო. მხოლოდ საჩუქრებით კმაყოფილდებოდა. ჩემთვის გასაგები იყო, ასე რატომაც იქცეოდა – მან, ალბათ, იცოდა, მე რა ქონების პატრონიც ვიყავი და მისი ფული რომ არაფერში მჭირდებოდა. რაც მისგან მჭირდებოდა, არ მაკლდა. არც მე და არც ჩემს შვილს.
თუმცა ასე გაგრძელება ჩემთვის მტკივნეული იყო. რაღაც უნდა შემეცვალა. ან მე, ან მას.
და ეს დღეც დადგა.
ჩვენი ასეთი სიამტკბილ-ნაჩუმათევი ურთიერთობიდან ორი თვე და ორი კვირა გავიდა. უფრო ზუსტად - ორი თვე და ცამეტი დღე. ცამეტი!!!
იმ ღამეს ნასვამი მოვიდა. ცოტაზე მეტად შეაგვიანდა. თუ ადრე ცხრიდან ათამდე დამადგებოდა თავს, იმ ღამეს პირველი ხდებოდა, რომ მომიზარუნა. მანამდე კი დავურეკე, მაგრამ არ მიპასუხა. უკვე აღარ ველოდებოდი. ვიწექი და მასზე ვფიქრობდი, რული არ მეკარებოდა. ზარი რომ დარეკა, მაშინვე მობილურს დავხედე. ზუსტად პირველი საათი იყო.
დაღლილი სახე ჰქონდა, შუბლი ოფლით დაცვაროდა. როგორც კი კარი გავაღე და ღიმილით მომესალმა, მაშინვე სასმლის სუნი მეცა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ნასვამი მოვიდა. მთვრალი არ იყო.
- სძინავს? - მზერა ჩემს მხარს გადაატარა, ვაკოზე მეკითხებოდა.
- კარგა ხანია.
შეგნებულად არ ვკითხე, რატომ დაგაგვიანდა-მეთქი. ჯერ ამის უფლება არ მომეპოვებინა.
- გშია?
- ძაღლივით. რა გაქვს?
- ყველაფერი.
- მაინც? - ჩამეხუტა და ღვინის სუნი კიდევ უფრო მძაფრად შევიგრძენი.
- გუფთა, კიტრი, პომიდორი, ყველი, კვერცხი შემწვარიც და მოხარშულიც.
- მარტო სალათა და ყველი მინდა, სხა არაფერი.
- აკი ძაღლივით მშიაო?
- ჰო, მაგრამ სხვა მაინც არაფერი მინდა. ბიჭებმა დავლიეთ ცოტა.
- ვხედავ, - ცალწარბაწეულმა მრავალმნიშვნელოვნად გავუღიმე.
- შენ რას გამოგაპარებს კაცი, - ცხვირზე საჩვენებელი თითი ჩამომისვა და ზურგს უკან კარი ფეხით მიხურა.
სამზარეულოში შევუძეხი. სკამზე დაეხეთქა და შუბლიდან ოფლი მოიწმინდა.
- რა გაოფლილი ხარ, - ყასიდად შევნიშნე და მაცივრიდან კიტრი და პომიდორი გამოვიღე.
- ასე ვიცი, ორ ჭიქას რომ დავლევ.
- თუ ცხრას, - ღიმილით შევუსწორე.
- ჰა, ჰა, ექვსს, - დააზუსტა…
უგემურად ჭამა, თითქოს მადა არა აქვსო. მივხვდი, რაღაც აწუხებდა, თუმცა არაფერი მიკითხავს. ვიფიქრე, თუ თქმა უნდა, თვითონ მეტყვის, ზედმეტი კითხვების დასმა საჭირო არ არის-მეთქი.
მართალი გამოვდექი. როცა ასე თუ ისე დანაყრდა და ყავაც დააყოლა, სახე ხელისგულებზე ჩამოიდო და რაღაცნაირად მომაჩერდა, ჩემთვის აქამდე უცნობი მზერით. საუბრის დაწყება უნდოდა და ვერ გადაეწყვიტა.
- რა? - სიტყვა შევაშველე.
- რა რა? - კითხვა შემომიბრუნა.
- ასე რატომ მიყურებ?
- ასე როგორ?
- რა ვიცი, უცნაურად.
- უცნაურად არ გიყურებ.
- აბა, რა ჰქვია მაგ მზერას?
- ამ მზერას? - იკითხა და საჩვენებელი და შუათითი თავისი თვალებისკენ მიმართა, - ამ მზერას "იმნაირი" ჰქვია.
- "იმნაირი" რანაირია? - სიტყვებით ჟონგლიორობა დავიწყე.
- ამნაირი, - მომიგო და სიცილი აუტყდა.
მეც გამეცინა.
უცებ სახე დაუსერიოზულდა და თვალებში ნაღველი გაუწვა.
- ნისა, ცოტათი მაინც თუ გიყვარვარ?
შეკითხვა იმდენად მოულოდნელი იყო, პასუხი დამიგვიანდა. რა მეთქვა? სიმართლე? იქნებ არ ღირდა ჯერ? მაინც სიმართლე ვამჯობინე.
- ცოტაზე უფრო მეტად, - რაც შეიძლებოდა, გულწრფელად ვუპასუხე.
- ეს კარგია. მეც ზუსტად ასე მიყვარხარ. - კმაყოფილმა ჩაილაპარაკა.
- არც ეგაა ცუდი, - ეშმაკურად მივუგე.
- ანუ ჩვენი შეხვედრები გაგრძელდება, არა?
მეორე შეკითხვამ კიდევაც დამაბნია და კიდევაც გამაოგნა. საით მიჰყავდა საუბარი?
მხრები ავიჩეჩე, მზერა ავარიდე და ყრუდ მივუგე:
- ეს შენი გადასაწყვეტია, კაცი შენ ხარ.
- კაცი რა შუაშია?
- თავშია და არა შუაში. შენ თუ არ გენდომება, ჯარი რომ დავიქირაო, მაინც ვერ შეგაჩერებ.
ამაზე გულიანად გადაიხარხარა.
- ჯარს მარტო ვერ გავუმკლავდები. მასე შეძლებ ჩემ შეჩერებას. მოდი, გაკოცო! - მაგიდაზე ჩემ მხარეს გადმოიხარა, ხელი გამოიწვდინა და ლოყაზე მაკოცა.
მერე ისევ დანაღვლიანდა. ერთხანს თავჩაქინდრული იჯდა, ჩანგალს თეფშზე დარჩენილ კიტრის ნაჭერს ხან ჩაარჭობდა, ხან ამოიღებდა. მერე კიტრის საწვალებელი იარაღი ხელიდან გააგდო და ისევ მომაჩერდა. ამჯერად შემფასებლური მზერით.
- რაღაც მინდა გკითხო.
- მკითხე.
- ოღონდ არ მომატყუო, სიმართლე მაინტერესებს.
გაგრძელება იქნება