- მართალია ხარ, ახლახან გავიცანით ერთმანეთი. თანაც, შენ წარმატებული ქალი ხარ, მე კი - ქურდი. უფრო მეტიც, ყაჩაღი, მძარცველი, ბანდიტი. ჩემთან შენი ბედის დაკავშირება ადვილი არ არის. ეს მესმის. ამას ქალი ან უნდა შეეგუოს, ან არა. ეს შენ უნდა გადაწყვიტო, გიღირს თუ არ გიღირს. მე არაფერს გაძალებ. სიტყვა შენზეა. როგორც გულმა გიკარნახოს, ისე მოიქეცი. თუ უარს მეტყვი, არ მეწყინება და არაფერს გავნებ. შენ ხომ დედა ხარ, შვილი გყავს გასაზრდელი, როგორ უნდა დაგიშავო რამე? მაგრამ იმის პირობას ვერ მოგცემ, რომ გამოვსწორდები და წესიერ გზას დავადგები. მე მხოლოდ ეს მეხერხება და სხვა არაფერი.
- მაგრამ…
- არავითარი მაგრამ. შენ ისეთს ვერაფერს შემომთავაზებ, რომ გზიდან გადამახვევინო. ამის იმედი ნუ გექნება.
ვიფიქრე, ვეტყვი, რამდენი ფულიც მაქვს, იქნებ ამის გამო მაინც დაიხიოს უკან-მეთქი, მაგრამ არ ვუთხარი. შემეშინდა, მეც არ წამართვას, რაც მაქვს-მეთქი. მაგრამ მისი დაკარგვა არ მინდოდა. მასთან არაჩვეულებრივად ვგრძნობდი თავს. ჩემს სიცოცხლეში პირველად, ბედნიერი ვიყავი.
- ჰა, რას იტყვი, ნისა? დრო ხომ არ გჭირდება მოსაფიქრებლად?
მჭირდებოდა? არა, რა თქმა უნდა, პასუხი მაშინვე მზად მქონდა.
- რა უნდა ვთქვა… მე მინდა შენ გვერდით ყოფნა. რაც იქნება, იქნება. უბრალოდ, რომ დაგიჭირონ, გული მომიკვდება. ამის გადატანა ძნელი იქნება ჩემთვის.
- შენ თუ არ ჩამიშვებ, ვერ დამიჭერენ, დამიჯერე.
ერთხანს ჩუმად ვიჯექი, მერე თვალებში შევხედე და მტკიცედ გამოვუცხადე:
- მაშინ ვიყოთ ერთად.
თვალები გაუბრწყინდა. ისე გამოცოცხლდა, თითქოს წვეთიც არ ჰქონოდეს დალეული.
- ვიყოთ და ვიყოთ. ამის დედაც!.. - ხელი ხელს შემოჰკრა, კიდევ ერთხელ გადმოიხარა ჩემკენ და ტუჩებში ხმაურით მაკოცა.
- ახლა კი დავწვეთ, დანარჩენზე სხვა დროს ვილაპარაკოთ. სალაპარაკო კი ბევრი გვაქვს…
ჩემი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში პირველად შემიყვარდა მამაკაცი ნამდვილი გრძნობით და თავი სასურველ ქალად ვიგრძენი. მაგრამ დამემართა ის, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა - ამ სიყვარულის გულისთვის ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი. საკუთარ თავთან მარტო დარჩენის მეშინოდა, რადგან შემზარავი ფიქრები მიპყრობდა - ნუთუ ვაკოზე მეტად დენიელი მიყვარდა? არა, ამის დაშვებაც არ მინდოდა, მაგრამ ფაქტი ერთი იყო -სადაც უნდა ვყოფილიყავი, სულ დენი მედგა თვალწინ. ვიხსენებდი, როგორ გამიღიმა, როგორ მომეალერსა, როგორ მეჩურჩულა სასიყვარულო სიტყვები, როგორ ჩამიკრა გულში და ამისთანები. შვილი კი მხოლოდ მაშინ მახსენდებოდა, როცა დღის ბოლო მოვიდოდა და სახლში უნდა დავბრუნებულიყავი. თავს იმით ვიიმედებდი, რომ ერთი ჩვეულებრივი, შეყვარებული ქალის სენი მჭირდა - რომელსაც ეშინია, რომ ყოველ წამს შეიძლება აწაპნონ ხელიდან საყვარელი მამაკაცი, ვაკოს კი ვერავინ წამართმევდა. მეგონა, თავს მოვიკლავდი, დენი რომ დაეჭირათ. მის გარეშე ერთ დღესაც ვერ გავძლებდი.
ამას დენიელიც ამჩნევდა, რასაც მისი კმაყოფილი ღიმილი გასცემდა ხოლმე.
რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო მაყვარებდა თავს, ისეთ სიუპრიზებს მახვედრებდა ღამღამობით, როცა ჩუმად შემოიპარებოდა სახლში. საჩუქრების მიღებას ვერ ავუდიოდი. განა მარტო ჩემთვის, ბავშვისთვისაც მოჰქონდა და მძინარეს ისე ეფერებოდა ხოლმე, თვალზე ცრემლი მადგებოდა.
ერთ საღამოსაც, როცა ჩვეულებისამებრ, მორიგი საჩუქრით მომადგა, მხარზე ხელი მომხვია და ლამაზად შეფუთული ყუთი საზეიმოდ შემოდო სამზარეულოს მაგიდაზე. სპეციალურად არ გავამახვილე მასზე ყურადღება, ხამად არ ჩამთვალოს-მეთქი და მხოლოდ ეს ვკითხე:
- გშია?
- არა, ნაღდად არ მშია. უნდა გელაპარაკო, - დაამატა და თვალ-სახე დაუსერიოზულდა.
- რამე მოხდა? - სიცივემ ჭიანჭველებივით დამიარა სხეულში, ვაითუ რამე პრობლემა გამოუჩნდა-მეთქი.
- მოხდა, - თავის აქნევით წარმოთქვა ხმამაღლი ჩურჩულით.
- მითხარი, სული ნუ ამომხადე, - შეშინებული გვერდით მივუჯექი.
- მოხდა ის, რომ… სანამ უნდა ვიარო ასე ქურდივით შენთან? მომბეზრდა.
გავოცდი. სულ ეს იყო? ამის გამო დამზაფრა ასე? ვითომ გაბრაზება ტუჩების გამობუსხვით გავითამაშე და მხარში მუშტი ვუთავაზე.
- საძაგელო! რა გული გამიხეთქე?
- არა, მართლა… ბოლოს და ბოლოს, არ უნდა გაიგონ შენმა კეთილისმყოფელებმა, მე რომ ვარსებობ? ან როგორ ვარსებობ შენს ცხოვრებაში? რა როლს ვთამაშობ? - მომაყარა და მომაყარა.
- მოვა დრო და გაიგებენ… - დავეჯღანე, - ან ვერ გაიგებენ, - დაწვრილებული ხმით დავამატე, როგორც პატარებმა იციან.
- მე მთელი სერიოზულობით გელაპარაკები, შენ კი შაყირის ხასიათზე ხარ, არა? - ხელები გაშალა და ბრჭყვიალა ლურჯი ლენტით შეფუთულ საჩუქარს ორივე ხელი მოხვია.
- რა გინდა, დენი? მთელი ქვეყანა ავალაპარაკო? არიქა, მოდით, ნახეთ, რა მაგარი საყვარელი გავიჩინე-მეთქი? - შეწუხებული სახით შევხედე.
- მერე რა, ილაპარაკონ, შენ რა გაკლდება?
ამის გაგონებაზე წამოვხტი და ისე სწრაფად გავერიდე, თითქოს კეთრი სჭირდა.
- მოიცა, მოიცა, სად გარბიხარ? - სიცილით მაჯა დამიჭირა და ისევ დამსვა, - სწორედ იმის გამო, რომ შენს ზურგს უკან არ იჭორაონ, კარგი წინადადება შემომაქვს.
- რა წინადადება? - უკვე მღლიდა ასეთი საუბარი და უკმაყოფილოდ გავხედე.
- დავქორწინდეთ.
არც გრგვინვის მეშინია, არც ჭექა-ქუხილის და არც მეხის გავარდნის, მაგრამ ეს რაღაც უფრო მეტი იყო, ვიდრე წეღან ჩამოთვლილი ბუნებრივი მოვლენები. დამდუღრულივით შევხტი. ყველაფერს ველოდი, მაგრამ ასეთ რამეს არა. ისე წამომახურა, როგორც მზით დამწვრობისას.
- ნისა, რა მოგდის? არ გინდა ჩემი ცოლი გახდე?
ენა ჩამივარდა, ხმას ვერ ვიღებდი. მისი წინადადება ერთი დიდი თავსატეხი აღმოჩნდა ჩემთვის. არა, განა არ მინდოდა მისი ცოლი ვყოფილიყავი, მაგრამ წინ რა მელოდა? სულ იმის შიში მქონდა, რომ დაიჭირონ, ალბათ თავს მოვიკლავ-მეთქი და ახლა, როცა ჩვენი ურთიერთობის გასერიოზულებას მთავაზობდა, რა მემართებოდა?
მივხვდი, რაც. ქმრის კიდევ ერთხელ დაკარგვას საკუთარ თავს ვერ ვაპატიებდი. ერთია, როცა საყვარელს კარგავ, რომლის არსებობის შესახებ შენ გარდა არავინ იცის. ეს რაღაცნაირად გშველის, უმისობას ასე თუ ისე შეეგუო და ტკივილის გადატანაში გეხმარება, მაგრამ როცა ოფიციალურ ქმარზეა ლაპარაკი, ცოტა სხვა მომენტი იქმნება. ყველას უნდა მოუყვე, რომ ის დაიჭირეს ან მოკლეს, ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა და თვითგვემას უნდა მიეცე, ვიღაცასთან ტირილით გული მოიოხო, იმან თანაგიგრძნოს, დამამშვიდებელი სიტყვები გითხრას… და ეს დაუსრულებლად გრძელდება. მახსოვს, ერთ ძველ მეზობელს ქმარი გარდაეცვალა და წლების განმავლობაში ტირილით იკლავდა თავს, ეს რა კაცი დავკარგე, მის გარეშე რა მეშველება, სიცოცხლეს რა ფასი აქვსო. ვერა და ვერ მოინელა მეუღლის გარდაცვალება, მიუხედავად იმისა, რომ საშინელი მექალთანე ქმარი ჰყავდა და სიცოცხლეს უმწარებდა. ყველას მოაბეზრა თავი. მეც რომ ასე დამმართნოდა, საით გავქცეულიყავი?
ვხვდებოდი, სახეზე გაოცებაც მეხატა, შიშიც და გაურკვევლობაც. ერთი ადამიანისთვის ერთობ ბევრი გრძნობა იყო ერთდროულად.
- არ ვიცი, დენი… - ფრთხილად წამოვიწყე, - გათხოვებაზე არ მიფიქრია, სიმართლე თუ გინდა.
- გათხოვებაზე ყველა ქალი ფიქრობს.
- ყველა შეიძლება ფიქრობს, მაგრამ მე არა. ერთხელ უკვე მერქვა გათხოვილი და რა მოვიგე?
აშკარად ვცრუობდი. თუ ვინმემ რამე მოიგო გათხოვებით, ეს მე ვიყავი. მილიონი დოლარი მერგო სანაცვლოდ.
- მატყუებ, - თითქოს ჩემი ფიქრები წაიკითხაო, მომახალა.
შევცბი. რამდენიმე წამს იმაზე ვფიქრობდი, რა მეპასუხა.
- არა, არ გატყუებ… უბრალოდ, ყველაფერს არ ვამბობ. სულ ესაა, - გულახდილად ვთქვი.
- მერედა, რატომ? ეგ ხომ ტყუილზე უარესია? ესე იგი, რაღაცას მალავ.
- შენ რა, ყველაფერს მიყვები შენზე? შენ არ მატყუებ?
ამ შეკითხვას, როგორც ჩანს, არ ელოდა. ჩაფიქრდა, მერე მხრები აიჩეჩა და მომიგო:
- კი, მეც მომიტყუებიხარ, მაგრამ ისე, ლაითად, უწყინარი ტყუილი თუ მითქვამს.
- ანუ თეთრი ტყუილი, არა? - ეშმაკურად გავუღიმე.
- ნუ… ალბათ… - ვითომ კვლავ შეფიქრიანდა, - ყოველ შემთხვევაში, წითელი არა.
ამაზე ორივეს გაგვეცინა. მისი სახისკენ გავიწიე და სიცარიელეს ვაკოცე.
- კარგი, გვეყოფა ხუმრობა და სიცილი. მე შენგან პასუხს ველი. მოვაწეროთ ხელი?
- არ ვიცი, - ისევ შეწუხებული სახე მივიღე.
- ანუ, იცი. - შემისწორა.
არ ვუპასუხე. არც თვითონ იღებდა ხმას. კარგა ხნის განმავლობაში ჩემი ნათელი ოთახი შავბნელმა სიჩუმემ მოიცვა.
- სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ვაკოს მამა სჭირდება. კაცი იზრდება და გვერდით კაცი უნდა ჰყავდეს. იმედია, ეჭვი არ გეპარება, რომ მიყვარს და კარგ მამობას გავუწევ. რისი გეშინია? - ახლა უკვე სხვა მხრიდან მომიარა.
- მაგის ნამდვილად არ მეშინია, რომ ბავშვს დამიჩაგრავ, მაგრამ…
- თქვი ახლა, ეგ შენი "მაგრამ" რამდენი წინადადებისგან შედგება. აზრი ჩამოაყალიბე და გამოუშვი, - ღიმილით ცხვირზე მოხრილი საჩვენებელი და შუათითი მომიჭირა.
- მაგრამ ის, რომ შენ დაკარგვას ვერ გადავიტან. - მივუგე და თავი უკან გავწიე, რათა მისი თითები მომეშორებინა.
- რა დაკარგვას? გგონია, შენგან წასვლას დავაპირებ? მიგატოვებ ან სხვაში გაგცვლი? - თავის უკმაყოფილო სახეს უკმაყოფილო ტონიც დაამატა.
- არა, მაგას არ ვგულისხმობ. ვაითუ დაგიჭირონ… მერე რა ვქნა? ხომ გავგიჟდები, ეგ რომ მოხდეს.
- კი მაგრამ, ახლა რომ დამიჭირონ, არ გაგიჟდები? - გაკვირვებული მომაშტერდა.
- კი, როგორ არა, მაგრამ სად ქმარს რომ გამოგაცლიან ხელიდან და სად…
"საყვარელს" აღარ დავამატე.
ვერაფერსაც ვერ მიხვდა. რა შუაში იყო აქ სტატუსი, ვერანაირად ვერ ჩასწვდა, ტუჩები მობრიცა და ხელები გაასავსავა.
- უცნაური ლოგიკაა, ვერ დაგეწიე, - ჩაცინებით წარმოთქვა.
მეც ვგრძნობდი, რომ სისულელეს ვჩმახავდი, რომ გარკვევით ვერ ჩამოვაყალიბე, რისი თქმაც მინდოდა, რომ კაცისთვის ძნელი მისახვედრი იყო, რა განცდაც მეუფლებოდა ამის გაფიქრებაზე. ამიტომ ყველაფერზე ხელი ჩავიქნიე და გაპრანჭულად წარმოვთქვი:
- კარგი, დავქორწინდეთ. რაც იქნება, იქნება.
გაიძვერა! იცოდა, რომ დამითანხმებდა. იცოდა, რომ საბოლოოდ უარს მაინც არ ვეტყოდი და გადაიხარხარა.
ისევ წამომახურა. ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს დამცინოდა.
- ჩუმად, ბავშვი არ გამიღვიძო! - პირზე ხელი ავაფარე, ის კი მაინც აგრძელებდა სიცილს, ამჯერად ჩემს ხელისგულში, მოგუდულად.
როგორც იქნა, ჩაწყნარდა, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ხმადაბლა, თითქმის ჩურჩულით მითხრა:
- ასეთი მიამიტი რომ ხარ, იმიტომაც მიყვარხარ. რახან ერთ აზრამდე დავედით, ეს შენ, ჩემგან, - სითბოთი გადავსებული ხმით წარმოთქვა და სასაჩუქრე ყუთი ჩემკენ გამოაჩოჩა.
ლურჯი ლენტი ნელი მოძრაობით შემოვხსენი თეთრ ყუთს, თავი ავხადე და სიხარულის ჭყლოპინი აღმომხდა - ყუთში ბრილიანტისთვლიანი ულამაზესი ბეჭედი იდო.
საჩუქრისთვის ხელი არ მიხლია, მხოლოდ აღფრთოვანებული დავჩერებოდი. დენიელი მიმიხვდა, თვითონ ამოიღო ბეჭედი და მარჯვენა ხელის არათითზე ნაზად წამომაცვა.
ხელი მაღლა ავწიე, თითები გავფარჩხე და საჩუქარს მივაჩერდი. ბრილიანტი ისე ბრწყინავდა, თვალს ვერ ვწყვეტდი.
- რა ლამაზიაააა! - დავიჩურჩულე.
- ვიცოდი, რომ მოგეწონებოდა.
- ჩემი თითის ზომა საიდანღა იცოდი?
- მე შენი ყველაფერი ვიცი, - ისეთი იდუმალი ტონით წარმოთქვა, გამაჟრიალა.
ნუთუ ჩემი მილიონის ამბავიც იცის? იქნებ ამაზე გადამიკრა წეღან, ესე იგი, რაღაცას მალავო? ან კი რატომ ვუმალავ? იქნებ ჯობია, ვუთხრა, რა სიმდიდრის პატრონიც ვარ და თავის ხელობაზე სულაც ხელი ავაღებინო?
- სულ, სულ ყველაფერი? - პატარა გოგოსავით დავეჭყანე.
- სულ, სულ ყველაფერი.
- არა, ყველაფერი ვერ გეცოდინება, მაგრამ არა უშავს, რაც არ იცი, მე გიამბობ.
- მაპატიე, მაგრამ შენი წარსული არ მაინტერესებს. შენი ცხოვრება შენი ცხოვრებაა, არ არის საჭირო, ის ჩემიც გახადო. გასაგებია?
- შენ ვერ გამიგე. ისეთი არაფერია, რომ რამე უსიამოვნო მოგონებად დაგრჩეს ან გულში ხინჯი დაგიტოვოს. სამარცხვინო არასდროს არაფერი გამიკეთებია.
- არ მინდა-მეთქიიი! - დაიჟინა.
- როგორ, არ უნდა იცოდე, ცოლად როგორი ქალი მოგყავს?
- ვიცი, როგორიც მომყავს და რაც ვიცი, ის საკმარისია, რომ ჩემი არჩევანი სანანებელი არ გამიხდეს.
- დენი, რახან ასე წავიდა საქმე, მინდა ერთ რამეს შემპირდე.
- რას? - სახე წაეშალა, მიხვდა, რასაც მოვთხოვდი.
- შენს საქმიანობაზე უარი უნდა თქვა. თუ თავს დაანებებ მაგ ხელობას, მე აღარაფრის შიში არ მექნება, გესმის?
გაგრძელება იქნება