- რას მელაპარაკები! - შუბლი შეიკრა, - მერედა, შენ უნდა შემოგყურებდე მთელი ცხოვრება ხელებში? რომელი ალფონსი მე მნახე?
- მაცალე, ბოლომდე მათქმევინე. ერთ ამბავს მოგიყვები და მერე რაც გინდა, ის მითხარი, კარგი?
- კარგი, მიდი, - დამთანხმდა, მუშტად შეკრულ მარჯვენაზე ნიკაპი ჩამოდო და მომაჩერდა.
დავიწყე მოყოლა. როგორ და რა მერგო ანდერძით, მერე მე როგორ მოვიქეცი. როგორ შემხვდნენ გიორგის სახლში, რა გადამხდა, როგორ დავშორდით და მერე ჩემი ყოფილი ქმარი როგორ გარდაიცვალა. არაფერი დამიმალავს.
მაგრამ სანამ ამ ამბავს ვყვებოდი, გული უფრო და უფრო მიმძიმდებოდა. საშინლად უსიამოვნო იყო ჩემთვის ახლო წარსულის გახსენება.
- რა თქმა უნდა, იმ თანხიდან რაღაც ნაწილი დავხარჯე, მაგრამ მაინც ბლომად დამრჩა. ასე რომ, წლების განმავლობაში შენც და მეც სულ რომ არ გავანძრიოთ ხელი, ყელამდე გვეყოფა.
მთელი ამ ხნის განმავლობაში დენიელი ყურადღებით მისმენდა. არც კი შერხეულა, არც არანაირი ემოცია გამოუხატავს - არც კარგი, არც ცუდი.
როცა სათქმელი დავამთავრე, ნიკაპს ხელი მოაშორა, თითები ერთმანეთში გადახლართა, ხელები წინ გაიშვირა და ერთმანეთში გადახლართული თითები გაატკაცუნა. ასე ადამიანები მაშინ იქცევიან, როცა რაღაცით ზეკმაყოფილები არიან.
მაგრამ შევცდი. მცირეოდენი პაუზის შემდეგ დენიმ მხოლოდ ერთი მოკლე წინადადება თქვა:
- ვერ დამაჯერე.
დავიბენი. ვერ მივხვდი, რაში ვერ დავაჯერე. იმაში, რაც მოვუყევი? თუ იმაში, ამდენი ფული რომ მქონდა?
ვერ გამოვიცანი, თურმე სულ სხვა რამეს გულისხმობდა, რასაც მხოლოდ მაშინ მივხვდი, როცა ჩემს შეკითხვას, რაში ვერ დაგაჯერე-მეთქი, უპასუხა:
- ამის გამო ჩემს საქმიანობაზე უარი რატომ უნდა ვთქვა. სულ რომ მილიარდის პატრონი იყო, ჩემთვის სულერთია. ქალის ხარჯზე არასდროს მიცხოვრია და არც მომავალში ვაპირებ. სიამოვნებით შევასრულებდი შენს წამოყენებულ პირობას, სხვა რამე რომ შემეძლოს, მაგრამ ჩემთვის სხვა ხელობა არასდროს არავის უსწავლებია. მე მხოლოდ მოპარვა და დაყაჩაღება შემიძლია. გარდა ამისა, საქმის მიტოვება ასე ადვილი არ არის. ეს მხოლოდ ჩემზე არაა დამოკიდებული. ჩემ უკან ჩემი მეგობრები დგანან, რომელთაც ვერ დავაღალატებ. არ მინდა მოგატყუო და ფუჭი იმედი მოგცე, რომ "გამოვსწორდები", - ამ სიტყვის წარმოთქმისას ორივე ხელის საჩვენებელი და შუათითები ჰაერში მოხარა, რომლითაც ლიტერატურული ბრჭყალები გამოხატა, - რა ვუთხრა იმ ბიჭებს, ცოლს ვირთავ და საქმიდან გავდივარ-მეთქი? ეს ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იქნება. ამას არც მაპატიებენ. ჩვენ ერთი ბანდა ვართ და სანამ ერთ საქმეს ვაკეთებთ, ყველანი ერთად უნდა ვიყოთ. ზოგი მათგანი ცოლშვილიანია, მაგრამ არ დაუწუწუნიათ, ოჯახის გამო საქმიდან უნდა გავიდეთო. ამას ვერც მე ვიზამ… -მერე ცოტა ხნით გაჩუმდა, შუბლი მოისრისა და გააგრძელა, - ამიტომ კარგად დაფიქრდი და ისე მიპასუხე, გამომყვები თუ არა ცოლად.
ცივწყალგადასხმულივით ვიჯექი და ვუსმენდი. თავისი მონოლოგის მერე, ჩემდა საუბედუროდ, უფრო დავაფასე, რადგან ჩემ წინ ნამდვილი მამაკაცი იჯდა. კაცი, რომელსაც ჩემი ქონება არ აინტერესებდა. ყოველ შემთხვევაში, მაშინ ასეთი დასკვნა გამოვიტანე. იმდენად ვიყავი მისი სიყვარულით დაბრმავებული, რას წარმოვიდგენდი, წინ რა მელოდა? საიდან უნდა მცოდნოდა, რომ მისი სასიამოვნო სიურპრიზები ერთ დღესაც უსიამოვნო სიუპრიზებად მექცეოდა?
იმდენად ვიყავი მისი პიროვნებით აჟიტირებული, რომ წამოვხტი, მუხლებზე დავუჯექი და ჩავეხუტე.
- მიყვარხარ, დენი! - ყელში ვუჩურჩულე და ჩემს სიტყვებს ნაღდ საბუთად ვნებიანი კოცნაც მივაყოლე, - დავქორწინდეთ, ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა, რა საქმიანობის ქმარი მეყოლება. მთავარია, ფრთხილად იყო და ისევ მარტოხელა დედად არ მაქციო.
პასუხად დენიელმა გამიღიმა, ხელში ამიყვანა და სამზარეულოს მაგიდაზე გადამაწვინა…
ამ საუბრიდან მეცამეტე დღეს ხელი მოვაწერეთ. ქორწინების სახლში ზუსტად 13:00 საათზე ვიყავით დაბარებულები. არ ვიცი, შეიძლება დენიელმა საგანგებოდ მოაწყო ასე. შეიძლება, უბრალოდ, დაემთხვა და არა მან, არამედ ჩემმა ბედისწერამ გადაწყვიტა ასე.
ყოველ შემთხვევაში, 16:00 საათზე უკვე ოფიციალური ცოლ-ქმარი ვიყავით. ამჯერად ჩუმად არ გავთხოვილვარ. მთელმა ჩემმა სამსახურმა იცოდა, იმ დღეს რაც ხდებოდა. მამაჩემიც მოვიდა და დენის ძმაკაცებიც - ექვსი ერთმანეთზე უკეთესი გარეგნობის ბიჭი - ის ნიღბიანები, ჩემი ბანკი ჩემ თვალწინ რომ გაიტანეს, იარაღი აჟღარუნეს და ჩემი თანამშრომლები და კლიენტები იატაკზე ახოხეს. რომელი ერთი წარმოიდგენდა, რომ ამ საზეიმო ცერემონიალის დროს თავიანთ დამყაჩაღებლებს დაუდგებოდნენ გვერდით და მერე რესტორანში მათთან ერთად იქეიფებდნენ?
ვერც ერთი… არც კი დაუშვებდნენ.
სულ ცხრამეტი ადამიანი შევიკრიბეთ და დრო საოცრად კარგად ვატარეთ. ჩემი სტუმრები კი არა, მეც შევზარხოშდი. ბავშვი მირინდასთვის მყავდა მიბარებული, თუმცა მთელი საღამოს განმავლობაში ხან ვინ გამოსტაცებდა ხელიდან და ხან ვინ, ბურთივით დააგორებდნენ მანამ, სანამ ძილის დრომ არ მოუწია და ძიძასთან ერთად შინ არ გავუშვით. მათი წაყვანა მირზამ ითავა, დენიელის ერთ-ერთმა ძმაკაცმა.
- ეგ რომელია, ძარცვის დროს სად იდგა, რა ადგილას? - ვკითხე ჩემს ქმარს, როცა ისინი გავაცილეთ და რესტორანში შევბრუნდით.
დენის სიცილი აუტყდა.
- შენ გგონია, მახსოვს? მას მერე იმდენი დრო გავიდა და იმდენი ბანკი გავიტანეთ, საერთოდ არ მახსოვს, - მომიგო და მკერდზე მიმიხუტა.
ალბათ, არ მატყუებდა…
და აი, დაიწყო ჩემი ოჯახური ცხოვრება - მშვიდი, ბედნიერებით გაჯერებული, იდილიური. მირინდა კვლავინდებურად ძიძად მყავდა, მას ვერსად გავუშვებდი. დენიელი ჩემთან დასახლდა. ან კი რატომ უნდა ეცხოვრა ნაქირავებში, როცა მე ორი ბინა მქონდა? ერთხანს კი იწუწუნა, ზედსიძეობა ჰქვია ჩემს საქციელსო, მაგრამ გულს იმით იმშვიდებდა, რომ არც სიმამრი ჰყავდა სახლში ჩასაფრებული და არც სიდედრი. ამიტომ მისი ზედსიძეობის გამკითხავი არავინ იყო.
ერთადერთი, რა შეცდომაც დავუშვი, ის იყო, რომ ჩვენი პატარა ქორწილის ღამეს, რესტორანში რომ შევქეიფიანდი, სალომესთან ზედმეტად გავიხსენი და ჩემი ყველაზე დიდი საიდუმლო გავანდე - სინამდვილეში ვინ იყო დენიელი…
მას მერე სალომე თითქოს განზე გადგა. ცდილობდა, ნაკლებად ეკონტაქტა ჩემთან, მეგობრობაზე ხომ საუბარიც ზედმეტია. ის კი არა, დემნასაც შევამჩნიე ცვლილება - ხანდახან ისე დაჟინებით მომაშტერდებოდა, თითქოს ჩემი იდუმალი ფიქრების წაკითხვას ლამობსო. მივხვდი, ცოლმა მას დენის შესახებ უამბო. ამან საგონებელში ჩამაგდო. მეშინოდა, ჩემი ქმარი პოლიციაში არ დაებეზღებინათ. პარალელურად თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ ჩემი და სალომეს საუბარი ჩვენ გარდა სხვას არ მოუსმენია და საჭიროების შემთხვევაში შემეძლო თავი გამესულელებინა - ასეთი რამ არ მითქვამს, წარმოდგენა არა მაქვს, ჩემმა მეგობარმა ეს საიდან მოიტანა-მეთქი. თუმცა დენის სვირინგიც მაფიქრებდა - მე ხომ გამომძიებელთან ნათქვამი მქონდა, ბანკის ერთ-ერთ დამყაჩაღებელს რაც ჰქონდა მაჯაზე ამოსვირინგებული.
მაგრამ დრო გადიოდა და ჩემი შიშიც ნელდებოდა. ჩვენთვის პოლიციას არ მოუკითხავს და ჩემი ქმრის ვინაობითაც არავინ დაინტერესებულა.
ცოტა ამოვისუნთქე, მაგრამ საშიშროება მთლად გავლილი რომ არ იყო, ამაზე ფიქრი არ მშორდებოდა.
ჩვენი ოჯახური სიამტკბილობა კი გრძელდებოდა. დენი უფრო და უფრო მანებივრებდა. მეც და ჩემს შვილსაც. არც ერთხელ ჩემთვის ფული არ უთხოვია. ხომ იცოდა, რომ მქონდა, თანაც ბევრი, მაგრამ ამაზე სიტყვა არ დასცდენია. ამის გამო უფრო ვაფასებდი.
ასე გავიდა წელიწადი. ვაკო წამოიზარდა. უკვე ისე ტიტინებდა, ზრდასრული ბიჭი გეგონებოდათ. დენიელს მამას ეძახდა, რაც უზომოდ მიხაროდა.
საღამოს, სამსახურიდან დაბრუნებულს, სახლში დენი და ვაკო მხვდებოდნენ. ჩემი ქმარი ცხოველებით მოხატულ საბავშვო ხალიჩაზე ყოველთვის თავის საყვარელ, ლოტოსის პოზაში მხვდებოდა, წინ ვაკო ეჯდა და სათამაშოებით ირთობდა თავს. ისე მიყვარდა ამ სცენის ყურება, ვერ ვძღებოდი. როცა დენი "საქმეზე" მიდიოდა, წინასწარ მაფრთხილებდა და ვიცოდი, რამდენ ხანს არ იქნებოდა. ასეთ დროს ვცდილობდი, შინ ადრე დავბრუნებულიყავი, რომ მირინდა ზედმეტად არ დამეყოვნებინა.
სიხარულთან ერთად, შიშიც ამეკვიატა. მეგონა, ჩემი ბედნიერება, ასე სავსე სიყვარულითა და სითბოთი, დიდხანს არ გაგრძელდებოდა. არ ვიცი, რატომ მტანჯავდა ამაზე ფიქრი. არანაირი საბაბი არ მქონდა, მაგრამ ალბათ ქვეცნობიერად ვგრძნობდი, რომ წინ კარგი არაფერი მელოდა.
გაგრძელება იქნება