_-ანუ ის, რომ არ ვაპირებ შენ დახმარებას. მე იმ ბანკში ვმუშაობ, გესმის? ის ჩემი საარსებო წყაროა.
- არ გირჩევ ჩემთან ასე ლაპარაკს, ნისა! - ჰაერი მუქარით დაიმუხტა.
- და რას მიზამ, რო?
- მიგახრჩობ! - დაისისინა და უეცრად ყელში მწვდა.
იმდენად მოულოდნელი იყო ეს, რომ შეძრწუნებულმა ხელები და ფეხები ერთდროულად ავაფართხალე. ვცდილობდი, როგორმე მომეშორებინა მისი თითები, ის კი უფრო და უფრო მიჭერდა.
უკვე ვეღარ ვსუნთქავდი. მეგონა, ჩემი აღსასრული დადგა, მაგრამ უცებ ხელი შემიშვა და დივნის საზურგეს მიაწვა.
- ასე რომ, უარი არ უნდა მითხრა, - მშვიდად წარმოთქვა და თვალები მილულა.
პირველ რიგში, თვალწინ ვაკო დამიდგა. ვიცოდი, ბავშვით მანიპულირებას შეეცდებოდა, ამიტომ შვილი როგორმე სადმე, ვინმესთან უნდა გადამემალა, მერე კი მეც მეშველა თავისთვის. ჰოდა, ხერხი ვიხმარე:
- კარგი, ვეცდები დაგეხმარო, მაგრამ იცოდე, რომ ეს იქნება პირველიც და უკანასკნელიც.
- მეც მაგას არ გეუბნები? - გამოცოცხლდა, - მაგას არ გპირდებოდი ამწუთას? სიტყვას გაძლევ, ეს ბოლო საქმე იქნება.
- მაგრამ რამდენიმე დღე უნდა მაცალო.
- რისთვის? - აიძაგრა.
- იმისთვის, რომ სიტუაცია დავზვერო. ყველაზე მეტი ფული როდისაა ბანკში, რა დროს ჯობია შესვლა და დაყაჩაღება, ვის…
- არ მაინტერესებს ეგეთი ზღაპრები. ფული ბანკში ყოველთვის არის. მაგის მეტი რა ვიცი? შენ მხოლოდ ერთი დავალება გექნება. ვინც ფულთან მიმიყვანს და სეიფს გამიღებს, იმის გვერდით უნდა აღმოჩნდე, როცა შემოვალთ.
- და როდის აპირებთ?
- ორ დღეში… ზეგ… პარასკევს.
ოდნავი შვება ვიგრძენი. პარასკევამდე რამეს მოვიფიქრებდი. ჯერ ვაკოს გავაპარებდი სახლიდან, მერე კი პოლიციას შევატყობინებდი მათი განზრახვის შესახებ.
- კარგი, თანახმა ვარ, - უპრობლემოდ დავყაბულდი…
დილიდან დაბნეული დავქროდი სახლში. ხან რას წამოვედე და ხან რას.
- რა გჭირს? - ეჭვიანი მზერა შემავლო დენიმ, - შემთხვევით, ჩემ ჩაშვებას ხომ არ აპირებ?
პატარა ბავშვივით წამოვწითლდი.
- საკუთარ ქმარს არ დავასმენ. ეგეთი სულმდაბალი არ ვარ, - შევეცადე, მტკიცედ ნათქვამი გამომსვლოდა.
- ჭკვიანი ნისა, - ცალყბად გამიცინა და თმა ამიჩეჩა.
ვისაუზმე, დენიელიც და ვაკოც ვასაუზმე და როგორც კი მირინდა მოვიდა, მის დამარტოხელებას შევეცადე, მაგრამ ვერ მოვახერხე. დენი სულ თან დამყვებოდა, გვერდიდან წამითაც არ მომცილებია.
შემეშინდა, რამე არ იეჭვოს-მეთქი და გადავწყვიტე, სამსახურში მისვლის შემდეგ დამერეკა მირინდასთვის, ბავშვს სასეირნოდ რომ გაიყვანდა, პირდაპირ ჩემთან წამოეყვანა. ერთადერთი, მამაჩემის იმედი მქონდა. დროებით ვაკო მასთან უნდა დამეტოვებინა.
სახლიდან მე და დენიელი ერთად გამოვედით.
- გაჩერებაზე ჩამოგსვამ, დღეს სამსახურამდე ვერ მიგიყვან. ბიჭებს უნდა შევხვდე.
- არა უშავს, ჩემით წავალ, რა პრობლემაა, - შევეცადე, უდარდელი ტონით მელაპარაკა.
გაჩერებაზე ერთმანეთს დავშორდით. ტრანსპორტს აღარ დაველოდე, როგორც კი დენი თვალს მიეფარა, ტაქსი გავაჩერე და ბანკის მისამართი ვუთხარი.
მივედი თუ არა სამსახურში, კაბინეტში შესულმა ეგრევე მირინდას დავურეკე.
- მირ, ვაკოს ჩააცვი, ორი-სამი ხელი ტანსაცმელიც ჩაუდე ჩანთაში, ტაქსი გააჩერე და პირდაპირ ჩემთან წამოდით, კარგი?
მირინდამ პასუხი დამიგვიანა.
- ალო! - მეგონა, გაითიშა.
- ხო, გისმენ, ნისა. როდის უნდა წამოვიყვანო, რამდენ ხანში?
- ახლავე, ერთი წუთითაც არ გადადო!
- ვაკო დენიმ გაიყვანა სასეირნოდ. როგორც კი მოვლენ, ეგრევე წამოვიყვან. რამე მოხდა?
ამის გაგონებაზე ტელეფონი ხელიდან გამივარდა, თვალთ დამიბნელდა და დავბარბაცდი. რომ არა დემნა, რომელიც იმწუთას შემოვიდა კაბინეტში, ალბათ, იატაკზე გავიშხლართებოდი.
არ გავთიშულვარ, მალევე მოვეგე გონს. ჩემ ირგვლივ თანამშრომლები შემოჯარულიყვნენ. სალომე წყალს მაპკურებდა და ყურებს მიზელდა.
- კარგად ხარ?
- ახლა არა მიშავს. ცოტა შეუძლოდ გავხდი.
- სასწრაფო გზაშია.
- არა, არა, არ მინდა სასწრაფო. წუხელ ღამე გავათენე და უძილობის ბრალია, ალბათ. ძალიან გთხოვთ, სასწრაფო საჭირო არ არის, გააუქმეთ გამოძახება. სუფთა ჰაერზე გავალ და გამივლის.
- თუ გინდა, სახლში წადი, დღეს დაისვენე, - შემიცოდა ჩემმა მენეჯერმა.
ამაზე უარს როგორ ვეტყოდი? ისევ ტაქსი გამოვიძახე და შინ გავვარდი.
ერთიანად ვკანკალებდი, ვერა და ვერ დავიმორჩილე სხეული. კბილებიც კი მიკაწკაწებდა. დენისთან დარეკვას ვერ ვბედავდი. იქნებ მართლა სასეირნოდ გაიყვანა და ტყუილად ვღელავ? - ვფიქრობდი ანერვიულებული.
ერთი სული მქონდა, შინ მივსულიყავი, მირინდა დამეთხოვა და ქმარ-შვილს მარტო დავლოდებოდი. არა, კი არ დავლოდებოდი, დავურეკავდი და ვეტყოდი, სახლში ვარ და მოდით-მეთქი. თუ გაუკვირდებოდა, ასე ადრე რატომ მოვბრუნდი, მოვუყვებოდი, რაც მოხდა და ყველაფერს ორსულობას დავაბრალებდი. ალბათ, ფეხმძიმედ ვარ და იმის ბრალი იყო გულის წასვლა-მეთქი.
ასეც მოვიქეცი. გაოგნებული მირინდა ლამის გავაგდე სახლიდან, მერე ტელეფონი მოვიმარჯვე და დენის დავურეკე.
- ხო! - მოკლედ მიპასუხა, რაც საშინლად არ მომეწონა.
- სად ხართ?
- ქალებში, - ნათქვამს სიცილი მოაყოლა.
- არა, მართლა. მე უკვე სახლში ვარ.
- ვააა, რატომ, რაშია საქმე?
- ცუდად გავხდი სამსახურში და მენეჯერმა გამომიშვა.
- ეს მორიგი ტრიუკია? თავიდან გინდა აიცილო "შავი პარასკევი"?
- არა, არა, დენი! - ამის გაგონებაზე შევძრწუნდი. არც მიფიქრია, ასეთ დასკვნას თუ გამოიტანდა, - მგონი, ორსულად ვარ, გული წამივიდა. ძლივს მომაბრუნეს, სასწრაფო გამოიძახეს და ექიმმა მკითხა, ორსულად ხომ არ ხარო. ექოსკოპია უნდა გავიკეთო. ხვალ დილისთვის ჩავეწერე.
პაუზა. დენიელი ხმას არ იღებდა. ალბათ, ჩემს მონაყოლს აანალიზებდა. ბოლოს ისეთი ტონით ალაპარაკდა, კბილებშუა რომ გამოუშვებ სიტყვებს:
- დედას გიტირებ, ნისა. მევაჭრები, არა? თავი გინდა დაიძვრინო, ხომ? ბავშვს თვალით ვერ ნახავ, სანამ ჩემს საქმეს არ გააკეთებ. გასაგებია? ფეხებზე მკიდია შენი ორსულობა! მე შენთვის ბავშვის გაჩენა არ მითხოვია. შვილი არაფერში მჭირდება. გაიგე?
ენა ჩამივარდა. საფეთქლებზე ჩაქუჩები ამირაკუნდა. ვაკო, ჩემი ვაკო განსაცდელშია! ეს იყო ერთადერთი, რაზეც იმწუთას ვფიქრობდი.
- არ გატყუებ, დენი, - ჩემდა უნებურად, ავჩურჩულდი, თან ცივი ოფლი მასხამდა, - რა ჩემი ბრალია, თუ ასე მოხდა? ხვალ ექოს გავიკეთებ და ყველაფერს გავარკვევ. ხომ გითხარი, დაგეხმარები-მეთქი. არ გადამიფიქრებია, გეფიცები. გთხოვ, დაბრუნდით სახლში.
გაგრძელება იქნება