ერთადერთი შვება ზაფხული აღმოჩნდა, როცა შედარებით შენელდა სიტუაცია. ამით ვისარგებლეთ და მე და მირინდამ სექტემბერში, სანამ ბაღის სეზონი დაიწყებოდა, ბათუმს მივაშურეთ დასასვენებლად.
ჰოდა…
ჩემი ახალი თავგადასავალიც სწორედ კორონათი დაიწყო, ბათუმში აკიდებული ამ ვერაგი დაავადებით…
ცხრა დღე დავყავით ბათუმში და მეათე დღეს მატარებელს გამოვყევით. კარგა გვარიანად ვიყავი გარუჯული, ლამის მთელი დილა და საღამო სანაპიროზე ვეგდე. არც საათობით მისეირნია და არც რესტორნებში სიარულით მომიკლავს თავი. ამიტომ, როცა გამოაცხადეს, მეორე ტალღა ბათუმიდან წამოვიდაო, ყურიც არ შემიბერტყავს. სამაგიეროდ, მირინდა გახდა ცუდად. სექტემბრის ბოლო დღეები იყო, სიცხე რომ მისცა. დღისით თითქოს არაფერი, ოდნავ აუწია, მაგრამ საღამოს თერმომეტრმა უკვე 39 და 9 ხაზი აჩვენა. რას ვიფიქრებდი, კოვიდი თუ იქნებოდა. ალბათ, გზაში გაცივდა და სურდო შეეყარა-მეთქი. მატარებელს დავაბრალე ყველაფერი, კონდიციონერი ისე აგრილებდა, მთელი გზა ორივეს ფეხები გვქონდა გაყინული.
მაგრამ გავიდა მეორე დღე, მესამეც და მირინდას სიცხემ არა და არ დაუწია. თან ისე ახველებდა, რომ სუნთქვა უძნელდებოდა. ისე შემეშინდა, სასწრაფო გამოვიძახე. ეს ნამდვილად კორონააო, დაასკვნა ექიმმა და გააქანეს ჩემი მირინდა. მე კი გამაფრთხილეს, ორი კვირა თვითიზოლაციაში იყავი, სახლიდან ცხვირი არ გამოყო, ორი კვირის მერე კი ტესტი ჩაიტარეო.
დავუჯერე ექიმებს და დავჯექი სახლში. ვიღას ახსოვდა კერძო ბაღი. მშობლები გავაფრთხილე, ასეთი სიტუაციაა და ბავშვებს ვერ მივიღებ-მეთქი. მირინდასთანაც ვერ გავდიოდი. სამაგიეროდ, დღეში ცხრაჯერ ვურეკავდი. რაც დღე გადიოდა, გოგო უფრო და უფრო ცუდად ხდებოდა. ფილტვების ანთება სამჯერ ჰქონია გადატანილი, ამიტომ გართულება მისცა. ექვსი დღე რეანიმაციაში ამყოფეს, ისე ცუდად იყო. ერთხელ ლამის კომაში ჩავარდა, მეორედ კინაღამ გული გაუჩერდა. ვიფიქრე, ამ ახალგაზრდა გოგოს რომ ასე შეუტია ამ უცნაურმა ვირუსმა, მე რომ შემეყაროს, რაღას მიზამს-მეთქი. ახლა კი ვირწმუნე, რომ მითი არ იყო კოვიდ-19 და დავპანიკდი. ყოველდღე სიცხეს ვიზომავდი, საკუთარ სუნთქვას ვაკვირდებოდი, მაგრამ ორმა კვირამ ისე ჩაიარა, არაფერი დამმართნია.
ორი კვირის მერე მირინდასაც დაეწყო უკეთესობა, მაგრამ მაინც ერთი თვე მოუწია საავადმყოფოში წოლამ. მერე ისე გახშირდა დაავადების შემთხვევები, რომ ვინც შედარებით გამომჯობინდა, სახლში გამოუშვეს, მძიმე ავადმყოფებისთვის ადგილები არ გვყოფნისო.
როცა მირინდა გამოწერეს, სიხარულით აღარ ვიყავი. ჯერ ერთი, რომ გამოძვრა და დაავადება გადაიტანა, მეორეც - მე არ გადამედო. მიკვირდა, თუ ასეთი საშინელი დაავადებაა და ასეთი გადამდები, მე როგორღა გადავრჩი-მეთქი. ამიტომაც მიძნელდებოდა იმის დაჯერება, რომ კოვიდ-19 რეალურად არსებობდა. ყველა სხვადასხვა სიმპტომით ხდებოდა ავად. ნუთუ ასეთი რამ შესაძლებელი იყო?
თურმე შესაძლებელი ყოფილა…
გამოხდა ხანი, ნოემბერი დაიწყო. პირველში სალომე გვესტუმრა. თვეების უნახავი მყავდა. გამიხარდა მისი ნახვა. კარგა ხანს ვიქაქანეთ. ბანკის ამბებს მომიყვა - ვინ გათხოვდა, ვინ გამოთხოვდა, ვინ ცოლს დაშორდა და დაოჯახდა. ერთს კორონაც კი შეჰყროდა, მაგრამ ფილიალი ამის გამო არ დაუკეტავთ. უბრალოდ, ვისთანაც იმ გოგოს ახლო კონტაქტი ჰქონდა, ის თვითიზოლაციაში გაუშვიათ. მე არ ვიცნობდი მათ, ჩემ მერე მოსული თანამშრომლები იყვნენ.
რომ გითხრათ, მენატრებოდა ბანკში დაბრუნება-მეთქი, ტყუილი გამომივა. მშვენივრად ვგრძნობდი თავს ჩემი ბაღის ბავშვებთან, საბანკო საქმეებთან უკვე აღარაფერი მესაქმებოდა.
კარგა ხანს შემოვრჩით სუფრას, მაგრამ მერე დემნამ დაურეკა, სიცხე მომცა და დროზე წამოდიო. სალომეც მაშინვე გავარდა.
მეორე დღეს კი დამირეკა და "მახარა", დემნამ და მე ტესტი ჩავიტარეთ და ორივეს კორონა გვაქვსო.
ვაი შენს ნისას! მირინდას რა უჭირდა, გადატანილი ჰქონდა, მე კიდევ ჩემი დამემართა.
ორი კვირა შიშით ვიძინებდი და შიშით ვიღვიძებდი. როცა მეგონა, მეორეჯერაც გადავრჩი და დავირუსება აღარ მელოდება-მეთქი, სწორედ მაშინ "მიწია ცოდვებმა". დამერხა!
სალომეს სტუმრობიდან ზუსტად მეცამეტე დღეს, 13 ნოემბერს, საღამოს სიცხე მომცა - 37.6. მაინც არ გავიტეხე იხტიბარი, ხვალ უკვე აღარ მექნება-მეთქი, თავი დავიიმედე.
მეორე დღეს მართლაც დამიწია ტეპერატურამ. დამიწია კი არა, ნორმაზე ჩამოვიდა, მაგრამ ახლა მეორე უკიდურესობა დამემართა. ჯერ ძვლები ამტკივდა, მერე კი ყნოსვა და გემო დავკარგე. ვერაფრის სუნს ვერ ვგრძნობდი, საჭმელს გემოს ვურ ვუგებდი. ძვლები კი ისე მტეხდა, თითქოს ვიღაცა ხერხით მისდგომიაო. ახლა კი მივხვდი, რომ ჩემი საქმე კარგად ვერ იყო და ცხელ ხაზზე დავრეკე.
დარეკვით კი დავრეკე, მაგრამ რად გინდა! კლინიკები გადაჭედილია, არც სასტუმროებშია ადგილი, ამიტომ შინ უნდა დარჩეთ და იმკურნალოთ, ოჯახის ექიმი დაგიკავშირდებათო.
ესეც მესამე უკიდურესობა! მაგრამ ასე ადვილად დავნებდებოდი? ავდექი და სასწრაფო გამოვიძახე. როდის-როდის ისინი მოვიდნენ, თან ისე იყვნენ შენიღბულები, ამერიკული საშინელებათა ფილმები გამახსენდა. რაღაცები გამომკითხეს, ტკივილგამაყუჩებელი გამიკეთეს და მორჩა. ვერსადაც ვერ წაგიყვანთ, საგანგაშო მდგომარეობა არ გაქვთ, ამიტომ შინ დარჩით და დისტანციურად მოგხედავენო! ავტეხე პანიკა! ბოლო ხმაზე ვკიოდი, როგორც გნებავთ, ისე მომიგვარეთ ეს საკითხი, სადაც გინდათ იქ გადამიყვანეთ-მეთქი.
გაოგნებული მომჩერებოდა სასწრაფოს ექიმი. მერე გადარეკა, გადმორეკა და ერთ-ერთ სასტუმროში ერთი თავისუფალი ადგილი გამონახა.
ჰოდა, იქ გადამიყვანეს. მთლად პატარა სასტუმროც არ იყო. წარმოიდგინეთ, ორსართულიანი წითელი აგურის შენობა დაავადებულებით იყო გაძეძგილი.
ვესტიბიულში კარგა ხანს გვალოდინეს. ყველა პირბადით იყო, მათ შორის, მეც. სიცხისგან ლამის გული წამივიდა. ისეთ პანიკაში ვიყავი, მეგონა, ფილტვებზე დამერხა და ვეღარ ვსუნთქავ-მეთქი. არადა, სიცხისგან მეხუთებოდა სული.
ბოლოს გამოვიდა თეთრხალათიანი მამაკაცი და სასწრაფოს ბრიგადას ეუბნება, ამ პაციენტს ვერ დავიტოვებთ, ადგილი არ გვაქვსო.
გადავირიე! აბა, რისთვის მოაყვანინეთ ამ ხალხს ჩემი თავი-მეთქი.
- დამშვიდდით, ქალბატონო, დამშვიდდით. ერთი ადგილი გვაქვს, მაგრამ ნომერი ორადგილიანია და იქ უკვე შესახლებულია კოვიდიანი პაციენტი.
- მერე? მეორე ხომაა თავისუფალი? - ვერ ვიგებდი, რატომ ქმნიდნენ პრობლემას.
- კი არის თავისუფალი, მაგრამ ის პაციენტი მამაკაცია. მამაკაცთან ხომ არ შეგასახლებთ?
- რა უჭირს მერე? მამაკაცი ადამიანი არ არის? - ვიკივლე, - არ მაინტერესებს, კაცია თუ ქალი, აქედან ფეხის გამდგმელი არა ვარ!
არ ვიცი, რამ მომიარა. ალბათ, იმწუთას კარგად ვერ გავიაზრე, რას მეუბნებოდნენ. უცხო კაცთან ერთად ერთ ნომერში, ერთ ორადგილიან საწოლში როგორ უნდა გავჩერებულიყავი თუნდაც ერთი კვირა? მაგრამ ისე ვიყავი გაგიჟებული, ამაზე აღარც დავფიქრებულვარ.
ყველამ ერთმანეთს გადახედა. ალბათ გიჟიაო, გულში გაივლეს.
- წამობრძანდით მაშინ, - მომმართა ჯიბეებში ხელებჩაწყობილმა მაღალ-მაღალმა, ხმელ-ხმელმა ექიმმა, - თქვენს ნომრამდე მიგაცილებთ.
უსიტყვოდ უკან მივყევი. ჩემ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა კარზე, სადაც შევდექით, ნომერი 213 წავიკითხე. ისევ 13! ეს სარკასტული ცამეტი აქაც არ მშორდებოდა!
ექიმმა საჩვენებელი თითი მოკაკვა და კარზე დააკაკუნა.
- რონი, ნოდარი ვარ. შეიძლება?
- მობრძანდით! - გაისმა შიგნიდან ბოხი ხმა და კარიც გაიღო.
ჩემ წინ შავ ჯინსსა და ლურჯ მაისურში გამოწყობილი მაღალი, ახოვანი მამაკაცი იდგა. შავგვრემანი, შავთვალება, შავი გრუზა თმით. პირბადე ეკეთა, ამიტომ მის ტუჩებს ვერ ვხედავდი, მაგრამ უმაგისოდაც ჯორჯ კლუნის ასლი იყო. გარდა იმისა, რომ შავგვრემანი მამაკაცები არასდროს მომწონდა, ჯორჯ კლუნზეც არ ვიყავი გადარეული. საერთოდ არ მომწონდა ეს მსახიობი. არასდროს. მისნაირი ტიპაჟები ჩემს გემოვნებას არ მიესადაგებოდა, თუმცა ახლა ამისთვის არ მცხელოდა.
- როგორ გრძნობ თავს, კოლეგავ? - შეეკითხა ნოდარი.
- ჯერ ისევ სუსტად. მთელი ღამე ოფლი მასხამს, ნოდარ, ეს სიცხეც ხან აიწევს, ხან დამიწევს.
- არა უშავს, გაგივლის ცოტა ხანში. მთავარია, რომ კრიზისი დაძლეულია.
მივხვდი, რომ ეს ვიღაც რონიც ექიმი ყოფილა, რახან "კოლეგათი" მიმართა ნოდარმა.
რონიმ მადლობის ნიშნად ექიმს თავი დაუქნია, მერე კი მე შემათვალიერა. ალბათ მეც "კოლეგა" ვეგონე.
- აი, მეზობელი მოგიყვანე, - წარმოთქვა ნოდარმა და ოდნავ განზე დადგა, რომ რონის კარგად დავენახე.
- მეზობელი? - ბრინჯივით დაიბნა კაცი.
- დღეიდან შენს ნომერში იცხოვრებს.
დავინახე, როგორ აუვიდა ჩემს მომავალ "მეზობელს" თვალები შუბლზე.
- აქ? - ხელი უკან გაიშვირა, თავისი ოთახისკენ.
- აქ, - დაუდასტურა ნოდარმა.
- კი მაგრამ…
- ქალბატონი თანახმაა. იმედია, არც შენ იქნები წინააღმდეგი. სხვა გზა არ არის, მეტი ცარიელი ნომერი არ გვაქვს.
რონის სახეზე დაბნეულობას გაოცება ცვლიდა, გაოცებას - დაბნეულობა.
ახლა მეც გავიაზრე, რა სიშლეგეც ჩავიდინე, მაგრამ რაღას გავაწყობდი. უკან დახევა აღარ გამოდიოდა.
- როგორმე მოვთავსდებით, რამეს მოვიფიქრებთ, - ავადმყოფის ღიმილი გადავიფინე ტუჩებზე და საწყალობელი სახე მივიღე. მთლად ისე ცუდადაც არ ვიყავი, როგორც იმწუთას თავს ვაჩვენებდი.
- რა ვიცი… ნება თქვენია… მობრძანდით. ეს ოთახი ჩემი საკუთრება კი არ არის, უარი ვთქვა. ან კი რას გადაწყვეტს ჩემი უარი? - ჩაიბუზღუნა მამაკაცმა და ნომერში შევიდა.
ჩვენც შევედით. ირგვლივ მიმოვიხედე. მშვენიერი ოთახი იყო, ნათელი, პატარა, ერთი დიდი, ორადგილიანი საწოლით.
ახლა კი შევცბი. ორი საწოლი მაინც ყოფილიყო, სადმე ცალკე მივდგამდი, სხვა კედელთან, მაგრამ ამხელა საწოლს შუაზე ხომ არ გავხლეჩდი?
- აბა, რას იტყვით? - ნიშნის მოგებით შემეკითხა ნოდარი და ხელები ზურგს უკან შემოიწყო.
პასუხად მხოლოდ მხრები ავიწურე.
- სხვა საშუალება არ გვაქვს. - ყოველგვარი იმედი გადამიწურა ექიმმა.
- ორი ერთსაწოლიანის ვარიანტი არ გამოიძებნება? - ხმა დამიწვრილდა.
- სამწუხაროდ, ვერაფრით დაგეხმარებით, - გაღიზიანებული ხმით მიპასუხა.
- ნუ, რაცაა, ესაა. იმედია, ბატონ რონის ძალიან არ შევავიწროებ. - ვთქვი და კედელს მივეყრდენი. ძვლები ისე მტკიოდა, ფეხზე დგომა მიჭირდა.
- ვეცდები გასაშლელი სავარძელი მოვიძიო სადმე… ვეცდები, - გაიმეორა ნოდარმა, რაკი დაინახა, რომ ფეხზე ძლივს ვიდექი, - მანამდე კი მოგიწევთ ამ საწოლზე მოსვენება… თეთრეულს ახლავე მოვატანინებ… - დააყოლა და ამ ხნის განმავლობაში პირველად გაიღიმა.
მადლობა-მეთქი, ჩავიჩურჩულე ღონემიხდილმა და იქვე მდგარი სკამი გამოვწიე, რათა ჩამოვმჯდარიყავი…
ასე შევუსახლდი არონ კვესელავას, პროფესიით ნეიროქირურგს, რომელსაც ყველა რონის ეძახდა. ბიბლიური და უცხოური სახელების შვილებისთვის დარქმევა ხომ მეგრელებისა და გურულების ერთგვარი სენია. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, არონი თურმე დიდი ბაბუის სახელს ატარებდა, რომელიც თავის დროზე განთქმული ქირურგი ყოფილა.
რონის თითქოს ვარსკვლავეთიდან დავესხი თავს. არ მიკვირდა, რომ საერთოდაც არ ვეპიტნავებოდი. აბა, როგორია უცხო ქალთან ერთად ერთ ნომერში ცხოვრება? ცუდად მყოფ ადამიანს კი არა, ჯანზე მყოფსაც კი არ მოეწონებოდა, თავის გემოზე რომ ვერ გაივლიდა ოთახში. იქნებ ტრუსის ამარა სურდა დილით სააბაზანოში შესვლა?
მართალიც იყო. არც ჩემთვის გახლდათ ადვილი უცნობი კაცის გვერდით ერთ პატარა სივრცეში გამომწყვდევა. იძულებული ვიყავი, ტანსაცმლით დავწოლილიყავი. პიჟამა კი მქონდა წამოღებული, მაგრამ მისი ჩაცმა არც მიფიქრია. საშინლად უხერხულად ვგრძნობდი თავს.
ორი დღე ასე დავყავით. ვიწექი მის გვერდით, ოღონდ თავი მის ფეხებთან მედო. თვითონ ამ მხრივ მთლად დისკომფორტს არ განიცდიდა, რადგან ბევრად მაღალი იყო ჩემზე, ამიტომ ჩემი ფეხები მის თავამდე ვერ აღწევდა, როცა ვიწექით, თანაც ემბრიონის პოზაში ვიკუნტებოდი, რომ არ შემეწუხებინა. ის კი მომიგვარა ნოდარმა, რომ ცალკე საბანი შემოატანინა ჩემთვის. სამაგიეროდ, მესამე დღეს გასაშლელი სავარძელი შემოაგორეს და შვებით ამოვისუნთქე. ახლა უკვე შემეძლო ფანჯარასთან გადავსახლებულიყავი.
რონის შედარებით მსუბუქ ფორმებში ჰქონდა ვირუსი. ჩემი მისვლიდან მეოთხე დღეს ტემპერატურამ საბოლოოდ დაუწია და სისუსტემაც გაუარა. როგორც აღმოჩნდა, უკვე ორი კვირა იყო, რაც სასტუმროში იმყოფებოდა და იმედოვნებდა, რომ რამდენიმე დღეში შინ გაუშვებდნენ. მე კი ჯერ ისევ კრიტიკული პერიოდი მქონდა. რომ გითხრათ, რამით მმკურნალობდნენ, ნამდვილად არა, მხოლოდ ტკივილგამაყუჩებელს მასმევდნენ. ნოდარი ბევრი სითხის მიღებას მირჩევდა და მეც ვსვამდი და ვსვამდი - წყალს, წვენებს, ჩაის, ყავას. კვება არაჩვეულებრივი იყო, სულ ნაირ-ნაირი საჭმელი მოჰქონდათ, თანაც ყველაფერი უფასოდ, წვენებით და ყავით კი მირინდა მამარაგებდა.
მიუხედავად იმისა, რომ რონის თავისი "სარეცელი" დავუთმე, მაინც სულ ვჩხუბობდით. მე ის მაღიზიანებდა, რომ გასაშლელი დივნის ნაცვლად თავისი საწოლი არ შემომთავაზა. ნამდვილი მამაკაცი სწორედ ასე მოიქცეოდა-მეთქი, ვფიქრობდი. ამის გამო მეც ავითვალწუნე და როგორც კი საბაბი მომეცემოდა, მწარე-მწარეს მივახლიდი ხოლმე პირში. არც ის მითმობდა და ზოგჯერ ისეთ ყვირილში გადადიოდა ჩვენი შეხლა-შემოხლა, რომ მთელ ვესტიბიულში ისმოდა.
ალბათ, ასე გაგრძელდებოდა, სანამ რომელიმე ჩვენგანს სახლში წასვლა არ მოუწევდა, ერთი ცუდი ამბავი რომ არ მომხდარიყო.
შუაღამე გადასული იყო, რაღაც უცნაურმა ხმამ რომ გამომაღვიძა. მივაყურადე. ხროტინი მომესმა. დაფეთებული წამოვხტი და რონის მივაშურე. კაცი ვეღარ სუნთქავდა. კარს ვეცი, გარეთ გავვარდი, ექიმებს საშველად ვუხმე, მე კი შეშინებული იქვე ჩავიკეცე.
არ ვიცი, რა გაუკეთეს, როგორ მოასულიერეს, მაგრამ ფაქტია, რომ გადაარჩინეს. ჩემს მეზობელს ცალი ფეხი იმ ღამეს იმქვეყნად ჰქონდა. გულმა უმტყუნა და რომ არა მე, ისე ამოხდებოდა სული, დილამდე ვერავინ გაიგებდა.
მთელი სამი დღე იწვა, მკაცრი წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს. მეც სასტიკად გამაფრთხილეს, არ ანერვიულოთო. რაც მე იმ ღამეს გადავიტანე, როგორღა მივცემდი ჩემს თავს უფლებას, რამე სანერვიულო მეთქვა? გვერდიდან არ ვცილდებოდი, კარგი ცოლივით ვუვლიდი, თავზე დავფოფინებდი. თვითონაც წარამარა მადლობას მიხდიდა, თქვენ სიკვდილს გადამარჩინეთო. ამ შემთხვევამ დაგვაახლოვა. ძველი მეგობრებივით ვურთიერთობდით. ბოლოს ისე გავუშინაურდი, რომ პიჟამით დავიწყე დილა-საღამოს ტანტალი. არც თვითონ ჩამომრჩა და ადგომის უფლება რომ მისცეს, ტრუსის ამარამ გაიარა ოთახში.
არც მას უკვირდა ჩემი საქციელი და არც მე - მისი. თითქოს ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო.
ბოლოს ისე დავმეგობრდით, რომ თავის თავგადასავალსაც მომიყვა. არც მას ჰქონია თურმე დალხენილი ცხოვრება.
სამი წლის წინ ცოლი სახლიდან გაჰქცევია. მიზეზი? სრულიად უმიზეზო მიზეზი. როგორც რონიმ მითხრა, ექვსწლიანი თანაცხოვრების მანძილზე შვილი არ ეყოლათ. მის ცოლს, მადონას, გადაგვარებული საშვილოსნო აღმოაჩნდა თურმე და ამოაჭრეს. ჰოდა, რახან უშვილობა ემუქრებოდათ, გადაწყვიტეს, ბავშვი აეყვანათ, ოღონდ ახალდაბადებული, მაგრამ ძებნის პროცესი გაჭიანურდა.
სამი წლის წინ სიტუაცია მოულოდნელად შეცვლილა. ერთ-ერთ ბავშვთა სახლში, რომლის დირექტორთანაც რონის ძველი ნაცნობობა აკავშირებდა, უპატრონო ბავშვი გამოჩენილა, რომლის გაშვილებაც შესაძლებელი იყო, მაგრამ პრობლემა ის გახლდათ, რომ ბავშვი არა ახალდაბადებული, არამედ უკვე ორ წელზე მეტი ხნის აღმოჩნდა. როგორც დირექტორმა აუხსნა, იგი ერთ ქალს მოუყვანია, უთქვამს, სიმსივნე მაქვს, მალე მოვკვდები, ჩემს შვილს მამა არა ჰყავს, სამადლოდ არ მინდა ნათესავებმა შეიკედლონ, ამიტომ გთხოვთ, გააშვილოთ, რომ კარგ ოჯახში მოხვდეს და ღირსეულ კაცად გაიზარდოსო. დააწერინეს თურმე ამ ქალს განცხადება, რომ შვილზე უარს ამბობდა, მიზეზიც ჩაუწერია და ხელიც მოუწერია.
ბავშვი სრულიად ჯანმრთელია, ანგელოზივით ლამაზი, ბუთქუნა. ვიცი, რომ მოგეწონება. მერე რა, რომ ჩვილი აღარ არის, ამ ასაკის ბავშვები ადვილად და მალე ეჩვევიან უცხო ადამიანებს, ამიტომ არ გაუჭირდება, როცა სითბოს იგრძნობსო, უთქვამს დირექტორს.
გაგრძელება იქნება