ნოველები

თუკი გსურს, იცოცხლო!.. - თავი 2

თუკი გსურს, იცოცხლო!.. - თავი 2
წინა თავი

თუმცა, მეორე დღეს ცხოვრება არც ისეთი სასტიკი ეჩვენა, როგორც გუშინ. ამჯერად ისეთი ფეხსაცმელი შეარჩია, რომელიც არც წაფორხილებას უქადდა და არც ქუსლის მოტეხვას. ბოტასი ჩაიცვა და ისე გაეშურა ავტოსერვისისკენ, გამოიყვანა თავისი საყვარელი ავტომობილი, კმაყოფილი მოკალათდა მძღოლის კომფორტულ სავარძელზე და თავი თითქმის ბედნიერად იგრძნო.

მაგრამ მისი დადებითი განწყობა დიდხანს არ გაგრძელებულა. გზად სუპერმარკეტში შეიარა, რათა «სამაცივრე მარაგი» შეევსო და კარგა ხნის გამოლეული პროდუქტი ეყიდა. დიდხანს ივაჭრა. უამრავი საჭირო და არასაჭირო რამ შეიძინა და სავაჭრო ურიკიდან,
არც დაფიქრებულა, ისე გადაუძახა ხორაგით სავსე პარკებს საბარგულში. მხოლოდ კორპუსთან მისულმა გაიაზრა, რომ ამ ყველაფრის ლიფტთან მიტანა მარტოს გაუჭირდებოდა. საჭეზე თავი ჩამოდო და ჩაფიქრდა. კარგი, დავუშვათ, ორ-ორად ან სამ-სამად წაუღია. მერე? ლიფტთან ხომ ვერ დატოვებს? სანამ უკან მობრუნდება, გამორიცხული არ არის, ვიღაცამ აწაპნოს. მერე კიდევ, ლიფტიდან ბინის კარამდეც ხომ უნდა მიიტანოს? ისედაც, ამდენჯერ ადი-ჩადი დამღლელია. რა დღეშია! აი, რას ნიშნავს, რომ პრაქტიკული ადამიანი არ არის. არასდროს მდგარა ასეთი პრობლემის წინაშე. არასდროს, რადგან მსგავს რამეებს ყოველთვის მიშა აგვარებდა. ბაზარშიც ის დადიოდა და სუპერმარკეტებშიც. ვიკას მოვალეობა მხოლოდ სახლის დალაგება და სადილების მომზადება იყო. და კიდევ _ ბუტიკების დავლა, ახალი ტანსაცმლით გარდერობის შევსება-გადახალისება და სილამაზის სალონების სტუმრობა.

წყევლიდა თავის თავს დაუფიქრებლობისთვის. აი, რამდენს ნიშნავდა მისთვის ქმარი. მის გარეშე სიცივისგან მობუზულ ბეღურას დამსგავსებოდა.

ოცი წუთი მაინც ფიქრობდა. იქნებ რომელიმე მეზობელს სთხოვოს დახმარება? არა, უხერხულია, ამას ვერ იზამს. უეცრად გონება გაუნათდა. მანქანა უკან დახია და ქუჩის გასწვრივ მდებარე სანაგვე ურნას მიაყენა. ბომჟები ადგილზე იყვნენ.

_ ეი! _ გასძახა ჩამოწეული ფანჯრიდან. _ ეი!

ყველამ ერთდროულად მოიხედა მისკენ. დღეს მხოლოდ ორნი იყვნენ _ ორი მამაკაცი. ქალი არ ჩანდა. ვიკამ წვერიანს მიაპყრო მზერა, იმას, ტყის კაცს რომ მიამსგავსა.

_ არ გინდა, ფული იშოვო? დახმარება მჭირდება…

ტყის კაცმა გაოცებულმა შეხედა, თუმცა თვალები ძველებურად უბრწყინავდა. თითქოს მზერით უცინოდა კიდევაც. წყალი არ გაუვა, ისევ მას დასცინის ეს უსახლკარო მარაზმი! ვიკას ბრაზი მოერია, ინანა, ამათ რომ მიმართა დახმარებისთვის, მაგრამ უკვე გვიან იყო. ტყის კაცი მისკენ მოემართებოდა.

_ აბა? რა არის გასაკეთებელი?

_ ჩანთები… ცელოფნები, _ ძლივს ამოთქვა, _ ლიფტამდეა მისატანი.

_ რამდენია?

_ რამდენია? არ ვიცი, არ დამითვლია… ცოტა არ არის.

_ ცელოფანი კი არა, ფული. რამდენს მიხდი?

_ ფულს? არც ეგ ვიცი… სამი ლარი არ არის საკმარისი?

წვერიანმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. ვიკამ შვებით ამოისუნთქა და ხელით ანიშნა, მანქანაში ჩაჯექიო.

ტყის კაცმა იუარა. უყურე შენ! ჯერ კიდევ შერჩენია ცოტაოდენი დელიკატურობა, მთლად ხელიდან არ ყოფილა წასული. არადა, რომ წარმოიდგინა, რა სუნს შემოიტანდა ეს ბინძური კაცი მის მანქანაში და როგორ გაავსებდა ბაქტერიებით, კინაღამ გული აერია.

მაგრამ ის ასე არ მოიქცა. თქვა, რომ ფეხით მივიდოდა სადარბაზომდე.

ამ «წამოწყების» დარჩენილი ნაწილი წარმატებით დასრულდა. ტყის კაცს სამი გზობა დასჭირდა პარკების და ჩანთების ლიფტამდე მისატანად, მერე ლიფტიდან მისი ბინის კარამდე და როცა საქმეს მორჩა, გასამრჯელოც მიიღო.



რაც უნდა უცნაური იყოს, ცხოვრება მალე დალაგდა. ვიკა უფრო წინდახედული გახდა და უაზროდ ბევრ ხორაგს აღარ ყიდულობდა ერთ ჯერზე. შესაბამისად, არც ბომჟების დახმარება დასჭირვებია მეტად.

რაც შეეხება ქმარს, ვაჟკაცურად მოიქცა. არ მოუტყუებია ცოლი _ ქონება მის სახელზე გადააფორმა, ბანკში ფული ჩაურიცხა და ვიკა თავისი ბიზნესის ერთადერთ მფლობელადაც აღიარა. გარდა ამისა, მიშა იმაშიც მართალი აღმოჩნდა, რომ უთხრა, არც ისე ძალიან გიყვარვარ, ასე რომ განიცდიო. მართლა არ ჰყვარებია სიგიჟემდე. ალბათ უფრო შეჩვევის მომენტი იყო, ვიდრე სიყვარული. დაშორებიდან ორი თვის შემდეგ ვიკას წყენამ გაუარა, ხოლო სამი თვის შემდეგ _ დარჩენილმა სიყვარულმაც და ახალი ცხოვრებით ტკბობას შეუდგა. ის ახალგაზრდა იყო, მდიდარი, ახლა უკვე _ თავისუფალიც!

და აი, ჰორიზონტზე გამოჩნდნენ მამაკაცები, პოტენციური «შემბმელები». მართალია, უკვე ნაცნობები, მაგრამ აქამდე მიშას პატივისცემით რომ არ აგრძნობინებდნენ თავიანთ სიმპათიას. ესენი იყვნენ მიშას ბიზნესპარტნიორები თუ ბიზნესში კოლეგები. ამ კაცებმა ვიკას ამჯერად სხვა თვალით, ანუ «იმნაირად» დაუწყეს ყურება. მათ მზერაში დაუფარავი მადა იკითხებოდა, მათ საუბარში შამპანურის შუშხუნი მოისმოდა, ხოლო ქცევაში თითქმის რაინდული თავაზიანობა გამოსჭვიოდა. ყოველი მათგანი მეგობრულად გამოხატავდა მზადყოფნას, დახმარებოდა ქალს პრობლემების გადაჭრაში და სთავაზობდა, გაელამაზებინა მისი მარტოობა. მარტოობის გალამაზება კი, მათი მხრიდან რასაც ნიშნავდა, ვიკამ კარგად იცოდა. იღებდა მოპატიჟებებს, რომლებიც სხვადასხვა «ზომის, ფორმის თუ წონის» გახლდათ _ ინტიმური ვახშმიდან დაწყებული, თავისი სანთლის შუქებით, კორპორატიულ წვეულებებზე დაპატიჟებით დამთავრებული. ეს ყველაფერი იმ სისწრაფით და იმ რაოდენობით «ცვიოდა» მის ირგვლივ, როგორც პანდორას ყუთიდან ამოფრენილი ყოველგვარი სიავე. ვიკას უკვირდა კიდევაც, ნუთუ მართლა მოსწონდა იგი ამდენ მამაკაცს? როცა მიშა მისი ქმარი იყო, არც ერთს არასდროს გამოუვლენია ინტერესი მის მიმართ. რა თქმა უნდა, გასაგებიცაა, რატომ.

მით უკეთესი! ძველი შეგრძნებები დაუბრუნდა, ის შეგრძნებები, ოცი წლის ასაკში რომ აწუხებდა _ აღფრთოვანებული თაყვანისმცემლების «შემოტევითი აღლუმი», რომლებიც მის თანხმობას გაფაციცებით ელოდებოდნენ. ის კი, როგორც გვირგვინის მომლოდინე პრინცესა, ჭირვეულობდა არჩევანის გაკეთებისას _ რომელი გაებედნიერებინა, რომელი ერთი გაეხადა თავისი სიყვარულის ღირსი. რომელი მათგანი არ დაერიდებოდა, განრთხმულიყო მის ფეხებთან და მოწყალებით ეთხოვა, ის გაეხადა რჩეული და არა სხვა რომელიმე.

თითქოს ეიფორიაში იყო და მშვენივრად ხვდებოდა, რატომაც _ მისი ეიფორია გამოწვეული იყო არასრულფასოვნების კომპლექსით, რომელიც განქორწინების შემდეგ თითქოს მზითვად მოჰყვა. ქალური თავმოყვარეობა, ქმართან განშორებამ რომ შეულახა, ნელ-ნელა «დგებოდა ფორმაში». მას ახლა მხოლოდ ერთი რამ მოეთხოვებოდა _ გამოეყენებინა თავისი ხიბლი, გონიერება და საქმეს შესდგომოდა. და რა იყო ეს საქმე? რა თქმა უნდა, კაცების ჭკუიდან გადაყვანა.

ეს უკანასკნელნი კი უკვე იმდენნი მოგროვდნენ… რომ იტყვიან _ ვედრო მანეთად!

მაგრამ ეიფორია მალევე მინავლდა. ერთხელაც, მისდა უნებურად, აღმოაჩინა, რომ ადამიანს არა ასაკი, არამედ მხოლოდ გამოცდილება აბრძენებს. თავისი 35 წელი კი სრულიად არ იყო საკმარისი იმისთვის, მამაკაცებთან ურთიერთობაში გამოცდილება დაეგროვებინა. ამ მხრივ იგი 20 წლის გოგონას დონეზე გახლდათ, რადგან ნაადრევად გათხოვებამ გამოცდილების ის «დოზაც» დააკონსერვა, რომელიც გააჩნდა.

მიუხედავად ამისა, გუმანმა არ უმტყუნა და მიხვდა, რომ თვალებაციმციმებული თაყვანისმცემლები მისი საყვარელი სახითა და ასხლეტილი სხეულით კი არ იყვნენ აღფრთოვანებულნი, არამედ მისი ბრწყინვალე აპარტამენტებითა და სხვა მატერიალური სიკეთეებით, რომელიც ყოფილი მეუღლის წყალობით ერგო. მთლად ეგეთი მიამიტიც არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიანაც სექსუალურად გამოიყურებოდა, ერთადერთი რამ, რაც მასში არასექსუალური იყო, სული გახლდათ. სწორედ ეს შველოდა, საბედისწერო შეცდომა არ დაეშვა.

არადა, თაყვანისმცემლებს შორის ნორმალური მამაკაცების გამორჩევაც შეიძლებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი ან უიღბლობები აღმოჩნდებოდნენ, ან ცოლიანები. ამ ორ კატეგორიაზე კი ვიკას ნეირონები და ეროგენული ზონები არ რეაგირებდნენ. გათხოვილი ქალის სტატუსი სულაც არ სჭირდებოდა, არ აღელვებდა, ქმარს გაცილებული რომ ერქვა, მაგრამ აი, რომანტიკულ სიყვარულზე სწორედ რომ არ იტყოდა უარს. ამ მხრივ, ჯერჯერობით არაფერი მოჩანდა ჰორიზონზე, ჯერჯერობით არავის შეყვარება არ გამოსდიოდა.

გარდა ამისა, თანდათან ისე შეეჩვია თავისუფლებას და მარტოობას, ბოლო ხანებში უარსაც კი ამბობდა ვინმესთან შეხვედრაზე. მარტოობა, შერწყმული სიმდიდრესთან და თავისუფლებასთან, მისთვის რაღაც ახალი, ენით გამოუთქმელი კმაყოფილება გახლდათ. იმასაც ხვდებოდა, რომ მარტოობის მთელი ბრწყინვალება მხოლოდ იმაში გამოიხატებოდა, რომ იგი დროებითი იყო. რომ მხოლოდ ერთი ზარი იყო საკმარისი, ოღონდ მოესურვებინა და გულამოვარდნილი მოვარდებოდნენ იმპოზანტური მამაკაცები, რომლებიც საღამოს გაულამაზებდნენ. ამ ეტაპზე კი ეს არ სჭირდებოდა. ახლა თავისი მდგომარეობით ტკბებოდა. სიმართლე რომ ითქვას, აქამდე არც ჰქონია ცხოვრებაში შესაძლებლობა, თავის თავთან მარტო დარჩენილიყო. მშობლების კალთას მოსწყდა თუ არა, პირდაპირ ქმარს ჩაუვარდა მკლავებში. უნდა ითქვას, რომ მაშინ მოსწონდა კიდევაც, რომ გათხოვდა და ოჯახი შექმნა. ახლა კი, მარტოობა ისეთი ღირებული გახდა მისთვის, რომ მოსამსახურე ქალსაც კი შეუთანხმდა: ნაცვლად იმისა, კვირაში სამჯერ დაელაგებინა სახლი, მხოლოდ ერთხელ მოსულიყო საქმის გასაკეთებლად. იმდენად ძვირფასი გახდა ვიკასთვის მარტოხელობის შეგრძნება, არ სურდა, უცხო ადამიანს დაერღვია მისი მყუდროება. თვითონ იტვირთა დიასახლისის ყველა მოვალეობა და ერთობ წარმატებულადაც ართმევდა თავს. საკუთარი თავის მომსახურება უფრო ადვილიც იყო, საინტერესოც და სასიამოვნოც.

გაგრძელება იქნება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93