მართალს ამბობდა გიორგი. ვიკას ახლაღა გაახსენდა, რომ წუხელ, კომპიუტერთან მუშაობის შემდეგ, უბის წიგნაკის შენახვა დაეზარა და იქვე დატოვა, მაგიდაზე. ტყის კაცისგან «ჩერჩეტი» რომ დაიმსახურა, დიდად არ მოეწონა, მაგრამ რადგან დამნაშავე იყო, ამაზე აღარ გაამახვილა ყურადღება.
_ მაპატიე… ტყუილად გაგინაწყენდი, _ ბოდიში მოუხადა, _ ამ დღიურში საინტერესო არაფერია, რაღაც აბდაუბდა მიწერია.
მამაკაცს პასუხი არ გაუცია და, საერთოდ, ვახშმამდე აღარ დალაპარაკებია. ვახშმობისას კი მოულოდნელად უთხრა:
_ მინდა გითხრა, რომ კარგად წერ.
ვიკას უნდოდა ეკითხა, შენ რა იცი, როგორ ვწერ, ამის რა გაგეგებაო, მაგრამ კიდევ ერთხელ მის განაწყენებას მოერიდა.
ერთი სიტყვით, ვიკა თავისი არჩევანით კმაყოფილი იყო. «მდგმური» ხელს არაფერში უშლიდა. პირიქით, საოჯახო საქმეებშიც კი ეხმარებოდა, განსაკუთრებით «კაცურ» საქმეებში. გიორგი მის მიმართ მამაკაცურ ინტერესს საერთოდ არ იჩენდა, არც მისი გაძარცვა უცდია და არც არაფრით დაუზარალებია. თეფშიც კი არ გავარდნია ხელიდან, გატეხვაზე რომ არაფერი ვთქვათ.
ვიკა გამუდმებით ფიქრობდა მასზე. იქნებ მართლაც პატიოსანი ადამიანია? ან იქნებ, არანაირი მოპარული ძვირფასეულობა არ უღირდა მას იმ კომფორტის ფასად, რასაც აქ ცხოვრებით იღებდა? ასე იყო თუ ისე, მისი გვერდით ყოფნა ვიკას დისკომფორტს არ უქმნიდა. პირიქით, სიამოვნებდა კიდევაც, შინ ასეთი მამაკაცი რომ ელოდებოდა, უფრო დაცულადაც გრძნობდა თავს, თითქოს მის სახლში დიდი და კეთილი როტვეილერი დასახლდა.
კარგი მანერებისა და გამართულად მეტყველების კურსები რომ გაიარეს, ვიკამ გადაწყვიტა, საქმეს შესდგომოდა. დრო დადგა, გიორგი შინიდან გაეყვანა. ასწავლა, როგორ ესარგებლა საკრედიტო ბარათით და როგორ გადაეხადა რესტორანში ვახშმის საფასური. ცოტა კი ეშინოდა, ვაითუ, ვეღარ გაართვას ბომჟმა ამ ყველაფერს თავიო, მაგრამ, მისდა გასაოცრად, გიორგიმ გამოცდა ხუთიანზე ჩააბარა _ დაწყებული დანა-ჩანგლის ხმარებით, ოფიციანტთან ურთიერთობით დამთავრებული.
მისგან მშვენიერი პარტნიორი გამოვაო, გაიფიქრა კმაყოფილმა.
ერთადერთი საშიშროება, რომელიც აწუხებდა, თვითონ იყო. ამ ელეგანტურ მამაკაცში ვერავინ ამოიცნობდა სამიოდე კვირის წინ სანაგვესთან მოხეტიალე ბომჟს, თვითონ ბომჟებიც კი ვერ იცნობდნენ თავიანთ «ამხანაგს», ცნობისმოყვარეები ამ ყველაფრისგან მხოლოდ ერთ დასკვნას გამოიტანდნენ, რომ ვიკამ საყვარელი გაიჩინა. თუმცა მაინც ამშვიდებდა ერთი რამ _ რომ ვერავინ გაბედავდა, ეკითხა მისთვის, სად დაითრია ასეთი კაცი. ეს არავის საქმე არ იყო.
დაბოლოს, დადგა დღე, როცა ვიკა მიხვდა, რომ მოქმედების დრო იყო. უნდა შესდგომოდა მთავარ საქმეს, რისთვისაც ეს ყველაფერი წამოიწყო. მაგრამ აქამდე ვერ მოეფიქრებინა, რა სტატუსით წარედგინა ფირმაში გიორგი, რა ლეგენდა შეეთხზა მასზე.
გადაწყვიტა, ამის შესახებ მასვე მოთათბირებოდა. გიორგი საღად აზროვნებდა, რაც, სამწუხაროდ, თავად არ შეეძლო, თავში ნამდვილი დომხალი უტრიალებდა.
_ რა საჭიროა რამის დაკონკრეტება? _ მხრები აიჩეჩა ტყის კაცმა, _ იტყვი _ «ჩემი თანმხლებია» და მორჩა.
_ მაშინ ისინი იფიქრებენ, რომ ჩემი საყვარელი ხარ.
_ და ეს რა, გადარდებს? გინდოდა, მარტო არ მისულიყავი? ჰოდა, არ მოგიწევს. ფიქრით კი იმათ იფიქრონ, შენ დაიკიდე.
მართალია. ვიკა გააოცა სიტუაციის ასეთმა სიმარტივემ. რატომ წვალობს ხოლმე, როცა რაღაცის მოფიქრება უნდა? რაში სჭირდება ამდენი თავის მტვრევა ასეთ უბრალო რამეს? როგორ დაეტყო, მარტოს ცხოვრებასთან გამკლავება რომ უჭირს. მიუჩვეველია დამოუკიდებლად ცხოვრებასაც, აზროვნებასაც და თვითგადარჩენისთვის ბრძოლასაც.
კარგი, ჯობია, დარეკოს. ყურმილი მოიმარჯვა და დინჯად აკრიფა საჭირო ნომერი. როცა უპასუხეს, დირექტორი, ბატონი ლევანი იკითხა.
_ შემიძლია მიღებაზე ჩაგწეროთ, _ უპასუხა მდივანმა, რომელიც, თუ ხმის მიხედვით ვიმსჯელებდით, ძალზე ახალგაზრდა უნდა ყოფილიყო, _ მაგრამ მომავალ ორშაბათამდე მოგიწევთ ლოდინი, მსურველთა რაოდენობა დიდია.
_ თქვენ ვერ გამიგეთ, გოგონი. მე ვიქტორია ვარ და ფირმა, რომელ…
_ გავიგე! _ გააწყვეტინა გოგონამ, _ ვიცი, ვინც ხართ, მაგრამ ბატონი ლევანი ძალიან დაკავებულია. როგორ მოვიქცე, ჩაგწეროთ?
ვიკამ დაბნეული მზერა გიორგის მიაპყრო, რომელიც გვერდით ედგა და ამ საუბარს ყურს უგდებდა. მამაკაცმა რაღაც უჩურჩულა, მაგრამ ვიკამ ვერაფერი გაიგო.
_ ერთი წუთით, _ ჩასძახა ყურმილში, მერე ხელისგული დააფარა და კვლავ ტყის კაცს მიაშტერდა.
_ უთხარი, რომ შენი დღის განრიგს გადახედე და ორშაბათი არ გაწყობს და მიღებაზე როგორმე ამ კვირაში ჩაგსვას.
ვიკამ ტყის კაცის რჩევა გაითვალისწინა, მაგრამ მდივანი გოგონა შეუვალი ჩანდა.
_ მაშინ უთხარი, მოგვიანებით ჩემი მენეჯერი დაგიკავშირდებათ-თქო.
ქალმა სიტყვასიტყვით გაიმეორა გიორგის ნათქვამი და სანამ პასუხს მიიღებდა, მამაკაცმა ტელეფონი გაუთიშა.
_ რას შვრები? მისი პასუხის მოსმენა ვერ მოვასწარი.
_ რა ფეხებად გჭირდება მისი პასუხი? ის ახლა უკვე ჩემს ზარს ელოდება.
როგორც ჩანს, გიორგის სტატუსი, რომელიც ასე აწუხებდა ვიკას, თავისთავად გამოიკვეთა _ მენეჯერი.
ტყის კაცმა ათი წუთის შემდეგ იგივე ნომერი გამეორების რეჟიმით აკრიფა. როგორც კი ფირმის მდივანმა სხაპასხუპით ჩამოარაკრაკა,
დირექტორის სამდივნო გისმენთო, დატკბილული ხმით მიესალმა გოგონას და სახელი ჰკითხა. როცა გაიგო, რომ მდივანს ლუდმილა ერქვა, ეგრევე გაიმკაცრა ტონი და პირდაპირ საქმეზე გადავიდა.
_ ძალიან კარგი, ლუდა, ახლა კი დირექტორთან გადამრთე!
ლევანის «მარცხენა ხელი» შეეცადა მისთვის აეხსნა, თუ რაოდენ დაკავებულია დირექტორი და ამწუთას მასთან ვერავის დააკავშირებდა, მაგრამ გიორგიმ ოფიციალური ტონით შეაწყვეტინა:
_ შენი აზრი, ჩემო ლუდა, არ მაინტერესებს. გითხარი, დირექტორთან შემაერთე-მეთქი!
როცა გოგონამ კვლავ დააპირა შეწინააღმდეგება, ტყის კაცმა მოთმინებადაკარგული ხმით კბილებში გამოცრა:
_ ახლავე თუ არ დამაკავშირებ ლევანთან, ხვალიდან სამსახურს დაკარგავ!
ამან გაჭრა. გოგონამ შეშინებული ხმით აუწყა, რომ ახლავე გადართავდა მის ზარს დირექტორთან.
_ შენ დაელაპარაკები, თუ მე მანდობ ამ საქმეს? _ გადაულაპარაკა გიორგიმ ვიკას.
_ შენ დაელაპარაკე, _ უჩურჩულა ვიკამ.
ქალი გაოგნებული იყო. ისე მოხერხებულად მოაგვარა ტყის კაცმა საქმე, ბომჟობის არაფერი ეტყობოდა. არა მარტო მოხერხებულად, გამოცდილადაც, თითქოს მთელი ცხოვრება სხვა არაფერი უკეთებია, თუ არა მდივნების მოთვინიერება. აქამდე რამდენჯერმე შეეპარა ეჭვი, რომ მთლად ბომჟთან არ ჰქონდა საქმე და ეს ეჭვი ახლა კიდევ უფრო გაუძლიერდა. საინტერესოა, ვინ იმალება ტყის კაცის უკან?
_ ლევან, გამარჯობა! _ გიორგი თან შინაურული, თან საქმიანი ტონით საუბრობდა, _ ვიქტორიას მენეჯერი გესაუბრებით. ვფიქრობ, საჭირო არ არის, დაგიკონკრეტოთ… დიახ, დიახ… მას სურს, ფირმის საქმიანობის დოკუმენტაციას გაეცნოს… არა, ამ კვირაში… მშვენიერია… გვაწყობს… კარგად ბრძანდებოდეთ.
მამაკაცმა ყურმილი ბერკეტზე თეატრალური ჟესტით დადო.
_ ხვალ, ორ საათზე გველოდება.
_ გიორგი, სინამდვილეში ვინ ხარ?
_ მშვენივრად იცი, ვინც ვარ. ბომჟი ვარ, ახლა გაიგე?
_ ბომჟები ასე არ საუბრობენ.
_ შენ თვითონ არ მავარჯიშებდი? დამღალე მთელი კვირა სწავლებით და.. _ ვიკას მოეჩვენა, რომ ტყის კაცი თვალს არიდებდა.
_ ერთ კვირაში შეიძლება ცხვირის მოხოცვა ასწავლო ადამიანს, მაგრამ ასე ლაპარაკი?
_ რა ჩემი ბრალია, თუკი ნიჭიერი ვარ და სწრაფად ავითვისე შენნაირებთან ურთიერთობის წესები? _ ცივად უპასუხა გიორგიმ და გაერიდა, რათა შემდეგი შეკითხვები დროულად აერიდებინა თავიდან.
მართლაც, რა მისი საქმეა? მათ ათასდოლარიანი შეთანხმება დადეს. ის გამოიმუშავებს თავის კუთვნილ ფულს. დანარჩენი ვიკას არ ეხება!
ამის შემდეგ ვიკა მხოლოდ იმაზე დაფიქრდა, რა ჩაეცვა. უნდოდა, ბიზნესლედის იმიჯით წარმდგარიყო დირექტორის წინაშე, ამიტომ ფოლადისფერი პიჯაკი აირჩია, რომელიც მის ნაცრისფერ თვალებს ყველაზე კარგად ეხამებოდა, ხოლო პიჯაკს შავი შარვალი და ამავე ფერის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მიუსადაგა.
გაგრძელება იქნება