არადა, ავარიამდე ყველაფერი იდეალურად იყო. ბედნიერი ვიყავი, თავდაჯერებული, ჩემი სამუშაოც მიყვარდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პროფესიით არ ვმუშაობდი. თუმცა… ნაწილობრივ ხომ ვმუშაობდი? უნივერსიტეტი დავამთავრე უცხო ენების განხრით. ფრანგულს ისე ვფლობ, როგორც მშობლიურ ქართულს, რაშიც გარკვეული როლი იმან ითამაშა, რომ ორი წელი საფრანგეთში ვსწავლობდი გაცვლითი პროგრამით. მაგრამ რა? ჩემნაირი უამრავია საქართველოში, სამუშაო ადგილი კი - ცოტა. სანამ უნდა ვყოფილიყავი სტაჟიორის რანგში? ყველაფერს მივაფურთხე და გადავწყვიტე, კერძო გაკვეთილები ამეღო. ამაში კი გამიმართლა. როგორც კი გამოვაქვეყნე ინტერნეტში განცხადება, პროფესიონალი მასწავლებელი მოამზადებს სკოლის მოსწავლეებს ფრანგულ ენაში-მეთქი, იმ დღესვე დამირეკეს. და განა ერთმა და ორმა? ცხრა ადამიანმა.
საქმე ისაა, რომ ყველასთან ვერ შევთანხმდი ანაზღაურებაზე - მევაჭრებოდნენ, ამდენს ვერ გადაგიხდით, იქნებ ცოტა დააკლოო. არადა, ისედაც არ ვითხოვდი ბევრს, თანაც ფული მჭირდებოდა. ციცა მამფორია მეექვსე იყო, ვინც დამირეკა. არც უვაჭრია, არც არანაირი პრეტენზია ჰქონია. თქვენს პირობებზე თანახმა ვარ, თანაც სამი შვილი მყავს და სამივეს სჭირდება ფრანგულში მომზადებაო.
ეს კარგი იყო, სხვადასხვა ადგილას წანწალი არ დამჭირდებოდა. ფაქტობრივად, ერთი ჯგუფი მეყოლებოდა შეკრებილი - სამი მოსწავლე… და სამივესთვის ერთნაირად უნდა ჩამეტარებინა გაკვეთილები - ერთ დღეს, ერთ საათს და ერთი და იგივე პროგრამა.
მართლა გამიმართლა, სიხარულით დავთანხმდი.
- კირა, როდის შეძლებთ დაწყებას? - მკითხა ციცამ.
ჯერ ნანახიც არ მყავდა, მაგრამ ისეთი სასიამოვნო ხმა ჰქონდა ამ ქალს, პირველი წუთებიდანვე პოზიტიურად განვეწყვე.
- კვირაში სამ დღეს ვივლი ორ-ორი საათით. დღეები თქვენ თვითონ შეარჩიეთ, ქალბატონო ციცა, - ავუხსენი, - ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, სხვა მოსწავლეებს აღარ ავიყვან. ასე რომ, თავისუფალი გრაფიკი მექნება.
- უი, ეს რა კარგი რამე მითხარით. კარგი, მაშინ მეუღლესთან შევათანხმებ და საღამოს დაგირეკავთ. ოღონდ კიდევ მაქვს ერთი სათხოვარი.
- გისმენთ.
- მანქანა თუ გყავთ?
- დიახ… ოღონდ პატარა, ქალური, წითელი ფერის, მაგრამ ოთხკარიანი.
- არა უშავს, არა უშავს. საქმე ისაა, რომ ჩვენ ვმუშაობთ, ვერ ვიცლით, გოგონები სკოლიდან რომ გამოვიყვანოთ. თუ ამასაც შეითავსებთ, ფულს დაგიმატებთ, ბენზინის თანხასაც.
სიხარულისგან სუნთქვა შემეკრა და ნაუცბათევად წამომცდა:
- შევთანხმდით.
ისე ვიყავი აჟიტირებული, მაშინვე სამზარეულოში გავვარდი და დედას ვახარე, სამსახური ვიშოვე-მეთქი. იმას კი გაუხარდა, მაგრამ თავი მაინც სინანულით გადააქნია:
- იმისთვის ისწავლე ოთხი წელი უნივერსიტეტში, რომ ასე გეწანწალა? მენანები. მეგონა, სადმე საჯარო სამსახურში იშოვიდი რამე ადგილს, მერე ნელ-ნელა დაწინაურდებოდი… ყველას კი არ უსწავლია საფრანგეთში. შენნაირებს მეტი პრივილეგია აქვთ, მთავარია, შენი ნიჭი დაანახვო და მოინდომო, რომ შეგამჩნიონ.
არა, არ მაწყობდა. ასე შეიძლება წლები გასულიყო და დიდად ვერაფრისთვის მიმეღწია. ამას მერჩივნა, მოსწავლეები მომემზადებინა, ფული დამეგროვებინა და მერე ისევ უცხოეთში გავქცეულიყავი. აჯობებდა იქ მეცადა და არა აქ.
ციცამ საღამოს, დაპირებისამებრ, დამირეკა და მითხრა, მეუღლე თანახმაა და გადავწყვიტეთ, სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს იაროთ, ოღონდ ბავშვები სკოლიდან ყოველდღე უნდა გამოიყვანოთო. ამაში ცალკე ოთხას ლარს გადამიხდიდნენ და ყოველკვირა საჭირო რაოდენობის ბენზინს ჩამისხამდნენ.
საწინააღმდეგო არაფერი მქონდა. საბოლოოოდ რომ გადავიანგარიშე, თვეში ათას ცხრაასი ლარი გამომდიოდა და ბენზინიც უფასოდ მექნებოდა…
ასე დავიწყე მუშაობა ციცა მამფორიასთან, რომელსაც სამი არაჩვეულებრივი გოგონა ჰყავდა -შვიდი, რვა და ცხრა წლის. მისი მეუღლე უცხოელი იყო, ფრანგი, რომელსაც საქართველოში თავისი ბიზნესი ჰქონდა და წელიწადში ექვს თვეს აქ ატარებდა, ექვს თვეს - ლიონში, თავის მშობლიურ ქალაქში. მან ქართული საერთოდ არ იცოდა, რაც მე პრობლემას სულაც არ მიქმნიდა. ის კი არა, ზოგჯერ მთხოვდა და თავისთან მივყავდი სამსახურში, რათა თარჯიმნის მოვალეობა შემესრულებინა. ამისთვის კიდევ ცალკე მიხდიდა თანხას.
ასე ამოვყავი ცხრამეტი წლის გოგომ თავი ნახევრად ფრანგულ ოჯახში. ალბათ იტყვით, ცხრამეტი წლისამ უნივესიტეტის დამთავრება როგორ მოახერხეო, არა? მოვახერხე, რადგან ყოველთვის კარგად ვსწავლობდი და როცა უნივერსიტეტში ჩავაბარე, პირველი კურსის გამოცდები ექსტერნად ჩავაბარე და პირდაპირ მეორეზე დამსვეს. სკოლაში კი ერთი წლით ადრე შემიყვანეს და ერთი წელი იქაც "მოვიგე".
ბავშვებს მალევე შევეჩვიე. ისინიც შემეჩვივნენ. გარდა იმისა, რომ სკოლიდან გამომყავდა და ფრანგულს ვასწავლიდი, სხვა მხრივაც ვკონტაქტობდით - სხვადასხვა თემაზე ვსაუბრობდით, უამრავ კითხვას მისვამდნენ დე მეც ვპასუხობდი. ენის ათვისება არც ერთს არ უჭირდა, პირიქით, მიდრეკილებაც კი ჰქონდათ ფრანგულისკენ. საოცრად კარგი აქცენტით შეეძლოთ წინადადებების წარმოთქმა. ალბათ გენებიც თავისას შვრებოდა. განსაკუთრებით შუათანა გამოირჩეოდა, ჯინა, რომელიც გარეგნობითაც ბევრად სჯობდა თავის დებს - ლაკის და ლატავრას.
ციცა ულამაზესი ქალი იყო - მაღალი, ტანადი, ყოფილი მოდელი. მარტინი მეუღლედ სულ არ შეეფერებოდა, ჩემთვის რომ გეკითხათ. იგი ერთი წითური, მელოტი, ჭორფლიანი კაცი იყო, მსუქანი და სათვალიანი, მაგრამ რა ჩემი საქმე იყო? თვითონ მშვენივრად უგებდნენ ერთმანეთს და მე ვინ მეკითხებოდა?
ერთი სიტყვით, ორივე მხარე კმაყოფილი ვიყავით ჩვენ-ჩვენი არჩევნით - მე ციცას ოჯახით, ციცა - ჩემი პიროვნებით.
ასე დავყავი მათთან სამი სრული წელიწადი, სანამ ოცდაორის გავხდებოდი. ყველაფერს ვასწრებდი, ხელი არაფერში მეშლებოდა. დედასაც ვეხმარებოდი საოჯახო საქმეებში და ჩემს ორ ძმასთან საჭორაოდაც მყოფნიდა დრო. აი, სწორედ ეს იყო ჩემი პრობლემა - ერთ დიდ ოჯახად ვცხოვრობდით - მე, დედა, მამა და ჩემი ორი ძმა, ორივე უცოლშვილო. ერთ ოთხოთახიან ბინაში. ფულის შეგროვებაც სწორედ იმისთვის მინდოდა, რომ ცალკე გადავსულიყავი და ჩემს გემოზე მეცხოვრა. ამასთან, სახლში ადგილი გამეთავისუფლებინა მომავალი რძლებისთვის - ოდესმე ხომ დაოჯახდებოდნენ ლევანი და მერაბი?
თუმცა მალე შეყვარებულიც გავიჩინე და ვიფიქრე, ბინის პრობლემა სამომავლოდ აღარ შემაწუხებს-მეთქი. ფრიდონს თავისი სახლი ჰქონდა, მარტო ცხოვრობდა და გათხოვების შემდეგ არც მოცილე მეყოლებოდა და არც შემდავებელი. თუ მაინცდამაინც შევძლებდი ბინის ფულის შეგროვებას, რა პრობლემა იყო, ვიყიდდი და რომელიმე ძმას ვაჩუქებდი.
მაგრამ, როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება, "კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო" დამემართა. მიუხედავად იმისა, რომ ფრიდონი ამქვეყნად ჩემს ერთადერთ მამაკაცად მიმაჩნდა და დანიშნულებიც ვიყავით, მაინც დავშორდით. უფრო სწორად, ის დამშორდა. მიზეზი?
მიზეზი ის საბედისწერო ავტოსაგზაო შემთხვევა გახდა. ავარია, რომელმაც ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა.
შეჯახება ჩემი მიზეზით არ მომხდარა, მე არაფერში ვიყავი დამნაშავე. ყველა - პატრულიც და შემთხვევის მოწმეებიც, ერთხმად ამტკიცებდა, რომ ბმვ-თი უსწრაფესად მომავალი ბიჭი მოულოდნელად გამოვარდა გზაჯვარედინზე ისე, რომ არც კი დაუსიგნალებია გასაფრთხილებლად. ის მომენტი ბუნდოვნად მახსოვს, რადგან, გარდა იმისა, რომ თვალთ დამიბნელდა, შიშისგან კინაღამ გული წამივიდა. ჩემი თავი ჯანდაბას, მაგრამ უკან სამი ბავშვი მეჯდა, ჩემი მოსწავლე გოგონები, რომლებიც სკოლიდან მომყავდა. ის ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა. მის მანქანას ჩემი "ჰონდათი" შევასკდი და შუაზე გადავღუნე, ისე "შეედუღა" ჩემს ავტომობილს, მე კი ცხრა კვირა საავადმყოფოში გავატარე. ტრავმებს ნელ-ნელა ვიშუშებდი, მაგრამ გონებიდან არ მშორდებოდა იმაზე ფიქრი, რომ იმ ბიჭთან ერთად შესაძლებელი იყო ჩემი სამივე მოსწავლე დაღუპულიყო და ამას მთელი ცხოვრება ვერ მოვინელებდი. საბედნიეროდ, მათ სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღეს, საავადმყოფოში ერთი დღეც არ გაუჩერებიათ, მაგრამ მე მაინც კარგა ხანს მაღვიძებდა ღამღამობით კოშმარული სიზმრები. სულ ყურში ჩამესმოდა ბავშვების განწირული კივილი, მომაკვდავი ბიჭის ხროტინი და ჩემი საკუთარი ხმა, გოგონების დაწყნარებას რომ ვცდილობდი. ისე ვიყავი შეჭეჭყილი საჭესთან, გადმოსვლა არ შემეძლო, სანამ ვიღაცებმა არ მოირბინეს და არ მომეშველნენ.
წარამარა ვატრიალებდი ავარიის კადრებს გონებაში და ვარწმუნებდი ჩემს თავს, რომ შეჯახების თავიდან აცილების შანსი არ მქონდა. მიუხედავად ამისა, მაინც ვიდანაშაულებდი თავს. უფრო ნელა რომ მევლო ან მანქანის უკეთ ტარება რომ მცოდნოდა, ალბათ მოვახერხებდი საჭის მიტრიალებას და ის ბიჭი არ შემასკდებოდა-მეთქი.
კოშმარული მხოლოდ სიზმრები როდი აღმოჩნდა. როგორც გაირკვა, ის ბიჭი მდიდარი ოჯახის შვილი იყო და მანქანა მამამ აჩუქა დაბადების დღეზე. ავარიამდე ზუსტად ექვსი დღის წინ შესრულებოდა თვრამეტი წელი. მე იმან მიშველა, რომ უსაფრთხოების ღვედი მეკეთა, ბავშვები კი უკან ისხდნენ, იმ ბიჭს კი არც ღვედი კეთებია და ნარკოტიკითაც იყო გაბრუებული.
მერედა, რა? მის მშობლებს არაფრის გაგონება არ სურდათ. უნდოდათ ყველაფერი მე დამბრალებოდა. როგორ არ ეცადნენ, რა არ გააკეთეს, მაგრამ მაინც არაფერი გამოუვიდათ. არც მე ვიყავი უპატრონო - მამაჩემიც თანამდებობის პირი იყო, წინა მოწვევის პარლამენტში დეპუტატიც გახლდათ, ამიტომ მაგრად დადგა და შარი ვერ მომდეს. არადა, მართლა არ ვიყავი დანაშავე.
ყველა ჩემს მხარეს იყო და ამბობდნენ, რომ ძალიან გამოცდილი მძღოლიც კი ვერ შეძლებდა შეჯახების თავიდან არიდებას, არათუ ოცდაორი წლის გოგო. რა თქმა უნდა, მჯეროდა, რომ ასე იყო, მაგრამ მხოლოდ გონებით. გული კი სულ სხვა რამეს გრძნობდა. იგი დანაშაულის შეგრძნებით შუაზე იხლიჩებოდა. გარდა იმისა, რომ თუნდაც უნებლიეთ ადამიანი მოვკალი, კინაღამ სამი ბავშვის სიცოცხლეც შევიწირე, რომელიც მისმა მშობლებმა მანდეს.
ციცა ხშირად მაკითხავდა კლინიკაში, მამშვიდებდა, არ იდარდო, ჩვენ არაფერში გადანაშაულებთ, მალე გამოჯანმრთელდი და თუ სურვილი გექნება, ისევ დაგვიბრუნდი, გოგონები სულ გკითხულობენო. მე კი მაინც ვერაფერი მამშვიდებდა.
ფიზიკური ტრავმები, მუცელზე რამდენიმე ნაიარევი ისე არ მაწუხებდა, როგორც იმ ბიჭის დაღუპვა და ბავშვების შოკში ჩაგდება. ამას დამატებული სულიერი ტანჯვა, რომელიც მოუშუშებელ იარად დამრჩა. ეს სულ სხვა რამ იყო. მისი გადალახვა ვერაფრით შევძელი. ამას ფრიდონის გამაოგნებელი საქციელიც დაერთო, რამაც საბოლოოდ დეპრესიაში ჩამაგდო… რომ არა ის ავარია, ფრიდონი ხომ არ მიმატოვებდა? თანაც ზუსტად იმ დროს, როცა ყველაზე ძლიერ მჭირდებოდა მისი გვერდით დგომა? სულ რამდენჯერმე მოვიდა ჩემ სანახავად, თუმცა ეს არ მწყინდა. ვიცოდი, რომ ვერ იტანდა საავადმყოფოებში სიარულს. რა თქმა უნდა, ძალიან მაკლდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვხედავდი, ჩემი პალატის სხვა პაციენტები როგორი ყურადღებითა და ზრუნვით იყვნენ გარშემორტყმულნი. მართალია, ყურადღება არც მე მაკლდა ჩემი მშობლების, ძმების, მეგობრების მხრიდან, მაგრამ ეს მაინც სხვა იყო… ეს ის არ იყო…
და აი, ორი თვის გასვლის შემდეგ, კლინიკიდან სულ რაღაც ექვს დღეში რომ უნდა გავეწერეთ, ვაიბერით ხმოვანი წერილი გამომიგზავნა. წერილი, რომლის ყოველი სიტყვა დღემდე მკვეთრადაა აღბეჭილი ჩემს მეხსიერებაში.
"კირა, ჩემო კარგო მეგობარო!"
ჯერ კიდევ ამ მიმართვით უნდა მივმხვდარიყავი, რომ მასთან დაშორება არ ამცდებოდა და ამისთვის მზად ვყოფილიყავი. ადრე ხმოვან მესიჯს ყოველთვის "ჩემო პატარავ" ან "ჩემო ერთადერთოთი" იწყებდა. თუმცა გამიხარდა, რომ ხმა მაინც მომაწვდინა.
"არ ვიცი, როგორ და საიდან დავიწყო, მაგრამ ვიცი ის, რომ შენთან ბოლომდე მართალი უნდა ვიყო. უსინდისობა იქნება, ასე რომ არ მოვიქცე. იმ დრომ, რომელიც ჩვენ ერთად გავატარეთ, მაიძულა ახლებურად შევხედო ჩვენს ურთიერთობას, რამაც ჩემთვის ბევრი რამ გახადა ნათელი - ალბათ გესმის, რასაც ვგულისხმობ".
არა, ნამდვილად არ მესმოდა, ამით რისი თქმა სურდა, ამიტომ გავაგრძელე "მოსმენა" ისე, თითქოს ჩემს თავს არაფერიც არ ხდებოდა, მხოლოდ გულისცემა გამიხშირდა.
"ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ჩვენ გარკვეული დროით დავშორდებით ერთმანეთს, კირა. დაახლოებით ექვსი თვე მაინც. მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი გრძნობები გამოვცადოთ. ასე აჯობებს, რადგან, თუ ამას ახლა არ ვიზამთ, მერე, როცა ერთმანეთს ვალდებულებებით დავუკავშირდებით, როცა შვილები გვეყოლება, უკვე გვიან იქნება. განშორება დაგვეხმარება იმის გააზრებაში, ვჭირდებით თუ არა ერთმანეთს. ძალიან გთხოვ, ნიშნობის ბეჭედი დაიტოვე. იმედი მაქვს, შეძლებ გაიგო, რატომ ვიქცევი ასე. დროებით გემშვიდობები. ფრიდონი".
ჰმ… "მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი გრძნობები გამოვცადოთ"… ღმერთო, რა თვალთმაქცობაა! რა თქმა უნდა, მივხვდი, ფრიდონი ასე რატომაც მოიქცა. ის კი არა, მიკვირს, ამას როგორ მაშინვე ვერ მივხვდი, როცა პირველად მეწვია კლინიკაში სანახავად - ჩემი დაზიანებების დანახვაზე მის სახეზე ხომ შიში და ზიზღი ერთიმეორის მიყოლებით აისახა.
დღის დარჩენილი ნაწილი ვტიროდი, თვალებზე ცრემლი არ შემშრობია. საღამოს კი, როცა ჩემმა უფროსმა ძმამ ლევანმა მომინახულა, ყველაფერი საბოლოოდ გაირკვა. მისგან გავიგე, რომ ფრიდონს ბოლო დროს ხშირად ხედავდნენ თურმე ვიღაც მაღალფეხება ქერათმიანთან ერთად, რომელიც მასთან ერთად მუშაობდა.
- როცა ამ ხმებმა ჩემამდე მოაღწია, ეგრევე მივაჭერი მაგ შენს ფრიდონას, რომ სერიოზულად დავლაპარაკებოდი, - მუქარანარევი კმაყოფილებით მიყვებოდა ლევანი, - ახლა კარგა ხანს მოუწევს სტომატოლოგთან სიარული კბილების ჩასასმელად… შემპირდი, რომ ამიერიდან ახლოს არ გაეკარები. თუმცა… რა საჭიროა, თვითონ ვერ გაბედავს ამას…
იმ საღამოსვე ლევანის ხელით, ნიშნობის ბეჭედი ჩემს ერთ დაქალს გავუგზავნე, რათა ფრიდონისთვის დაებრუნებინა…
კი გამომწერეს და ჩემს ჯანმრთელობასაც საფრთხე აღარ ემუქრებოდა, მაგრამ ცხოვრების ხალისი მთლიანად წამერთვა. აღარც ძველ სამუშაოს მივუბრუნდი და არც ახალი მიძებნია. ჩავჯექი სახლში და გარეთ ცხვირსაც არ ვყოფდი. ერთადერთი, რასაც ვნატრობდი, საქართველოდან დროებით გადახვეწა იყო, რათა ჩემი ტკივილები აქედან შორს გამენელებინა. სამი წლის განმავლობაში, რაც ციცასთან ვიმუშავე, გვარიანი თანხა დავაგროვე - აღებული ჰონორარიდან დანაზოგს ვინახავდი თვეში ხან 600, ხან 900 ლარის ოდენობით, ევროებში გადამყავდა და ბანკში ანაბარზე ვდებდი. ასე რომ, მთლად უსახსრო არ ვიყავი. თავისუფლად შემეძლო საფრანგეთში გამგზავრება და იქ დაფუძნება, მით უფრო, რომ ჩემი უახლოესი მეგობარი ნანა ჯაფარიძე იქ იყო გათხოვილი ფრანგ პიერ ჟერარზე.
მაგრამ ვყოყმანობდი. უფრო სწორად, დილემის წინაშე ვიდექი - არც წასვლა მინდოდა, არც დარჩენა. თვითონაც არ ვიცოდი, რა მინდოდა. ჯანდაბა მინდოდა! დოზანა! ჭირი და სიკვდილი!
დედაჩემი ხედავდა, როგორ ვიტანჯებოდი. სრულ აპათიაში ვიყავი, ჭამაც კი არ მახსენდებოდა. დედაჩემს რომ არ დაეძალებინა, ალბათ ლუკმას არ ჩავუშვებდი პირში. ნელ-ნელა უფრო და უფრო ვხდებოდი, ვილეოდი. ცოტაც და, ძვალი და ტყავი დავრჩებოდი.
ისევ მამაჩემმა იყოჩაღა და ერთ-ერთ საბავშვო ბაღში ფრანგული ენის მასწავლებლის ადგილი გამიჩითა. უხალისოდ დავთანხმდი. უფრო იმიტომ, რომ ჩემი მშობლები მეცოდებოდა. არ მინდოდა ასეთი კირა ფანჯიკიძისთვის ეყურებინათ - ისინი არაფერში არ იყვნენ დამნაშავეები - ჩემი ტკივილი რატომ უნდა ქცეულიყო მათ ტკივილად?
დავიწყე მუშაობა… დღეები უხალისოდ გადიოდა. მოვალეობის მოხდის მიზნით დავდიოდი სამსახურში, თორემ ჩემი ნება რომ ყოფილიყო, სახლიდან ცხვირსაც არ გავყოფდი.
ასე გაილია გაზაფხული, მერე ზაფხული, შემოდგომა და ზამთარიც მოგვადგა კარს.
და აი, ზამთრის ერთ დღეს, ერთი ადამიანის ერთმა ზარმა ჩემი ცხოვრება ერთიანად შეცვალა…
6 დეკემბერი იყო. რამდენიმე დღე გადაუღებლად წვიმდა. ის იყო, სამსახურიდან დავბრუნდი, სველი ქოლგა გაშლილად სააბაზანოში შევიტანე და პალტო გავიხადე, რომ სასტუმრო ოთახიდან დედაჩემის შეძახილი მომესმა:
- ოი, ნანა! მოიცადე! მგონი, კირა მოვიდა! - და გადავაბიჯე თუ არა სასტუმრო ოთახის ზღურბლს, ტელეფონის ყურმილი ხელში მომაჩეჩა, - ნანაა, რაღაც ცუდ ხასიათზეა, დაელაპარაკე!
- ნანა? - გავიმეორე, სწრაფად ჩამოვართვი დედას ყურმილი და წამით გავშეშდი, ვერ გადამეწყვიტა, მიმეტანა თუ არა იგი ყურთან.
ნანამ ბევრი რამ გადაიტანა ცხოვრებაში. დედ-მამა ადრე გარდაეცვალა, ერთი პერიოდი ბავშვთა სახლშიც კი იზრდებოდა, მაგრამ ახლა ნამდვილად ბედნიერი იყო - საფრანგეთში გათხოვდა და ერთობ მოსიყვარულე მეუღლე ჰყავს. ყოველ შემთხვევაში, ერთი კვირის წინ ნამდვილად ასე იყო, როცა მას ველაპარაკე და მას მერე რაღა უნდა შეცვლილიყო?
ის ორსულად იყო, შვილს ელოდებოდა. ღმერთო, ოღონდ კი ყველაფერი ნორმალურად იყოს, ოღონდ რამე გართულება არ ჰქონდეს! - ვევედრებოდი გულში უფალს, სანამ მეგობარს დაველაპარაკებოდი. ორი წლის წინ ნანას სამი თვის ჩვილი დაეღუპა, ბიჭი. მას მერე ეს პირველი ორსულობა იყო.
- კირა, მაპატიე. შენ ალბათ დაღლილი ხარ, სამსახურიდან ახალი მოსული, - ოდნავ დახშული ხმით წამოიწყო ნანამ, რაც დაკავშირების ხარვეზი უფრო იყო, ასეულობით კილომეტრით დაშორება ხმას ძალაუნებურად ახშობდა, - მაგრამ ძალიან მჭირდება შენთან დალაპარაკება.
- რა მოხდა, ნანიკო? - შეშფოთებულმა ვკითხე, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ რაღაც ცუდი მოხდა. - ბავშვს ხომ არაფერი სჭირს?
- არა, არა, ბავშვი წესრიგშია, ოღონდ ეს ბავშვი კი არა, ბავშვებია. მრავლობით რიცხვში, გესმის?
- ბავშვები? ეგ რას ნიშნავს, ანუ ტყუპს ელოდები?
- ტყუპს. დღეს ვიყავი ექოსკოპიაზე. - ისეთი ხმით მითხრა, ვიგრძენი, რომ ჩემი მეგობარი აშკარად იღიმოდა.
გაგრძელება იქნება