- ახლა აღარ, - არაფრის მთქმელი მზერით შემომხედა, - მაგრამ ადრე საკმაოდ ხშირად მოვდიოდით.
"მოვდიოდით"… "თ"… ის თავის ცოლს გულისხმობდა! გავწითლდი. მივხვდი, რომ კიდევ ერთი უტაქტო საქციელი ჩავიდინე. რა თქმა უნდა! მიშელი, ეჭვგარეშეა, შესანიშნავად მოერგებოდა ამ გარემოს. ალბათ ყველას მათკენ გაურბოდა მზერა, როცა აქ შემოდიოდნენ -დამაბრმავებლად ლამაზი ქალი და ძლიერი, მომნუსხველი მამაკაცი. თვალწინ წარმომიდგა ორივე მათგანი.
- მეუღლესთან ერთად? – თვითონაც არ ვიცი, როგორ გამექცა ეს შეკითხვა, მაგრამ უკვე გვიან იყო - გამექცა და ღამურასავით უკუღმა დაეკიდა ჰაერში.
- ჰო, - ფაბიენი სულაც არ ცდილობდა პასუხისთვის თავის არიდებას, - მას… მიშელს უყვარდა აქ ყოფნა.
- მართლა? – ეჭვიანობის მოულოდნელი ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ შემეშინდა.
- შენ თუ მოგწონს აქ, კირა?
კითხვა მშვიდად იყო დასმული, თითქმის უემოციოდ, მაგრამ მივხვდი, რომ მის მიღმა უფრო მეტი იმალებოდა, ვიდრე უბრალო ცნობისმოყვარეობა…
მოგწონს თუ არაო? რა მეპასუხა? რამდენიმე წამი გავიდა იმის გააზრებაში, რომ სიმართლის თქმა ყველაზე კარგი პასუხი იქნებოდა. ყველაფერი ძალზე მარტივად. მე არც მიშელი ვარ და არც ნანა. მე - მე ვარ. არა აქვს მნიშვნელობა, ვინმეზე უკეთესი ვარ თუ უარესი.
როცა ფრიდონმა მიმატოვა, ჩემი თავი სრულ არარაობად მივიჩნიე. ახლა? ახლა სხვანაირად ვფიქრობ, მით უფრო მას შემდეგ, რაც ფაბიენი გავიცანი. მგონი, რაღაცად ვღირვარ, მთლად წყალწაღებული არ უნდა ვიყო. უცნაურია, მაგრამ სწორედ აქ, ამ ბრწყინვალე დარბაზში მყოფმა ვიგრძენი, რომ ჩემი თავი მომწონდა!
- მომწონს… აქ სიმყუდროვეა… საერთოდ, მიყვარს ეგზოტიკა და როგორც ვხედავ, ეს შენობა უძველესი უნდა იყოს.
- ასეა, - ფაბიენმა ყურადღებით შემომხედა.
- მაგრამ… - და ცოტათი გავაჭიანურე სათქმელი, - მაგრამ დიდად არ მომწონს ასეთი ძველი შენობების რესტორნებად გადაკეთება. ასე ხომ ჩვენი წარსულის რაღაც ნაწილს ვკარგავთ. ალბათ ხვდები, რისი თქმაც მსურს. ჩვენი დროება თითქოს არანორმალურია! ყველა ფულის შოვნაშია ჩაფლული, ჭეშმარიტი ღირებულებების დანახვა კი არავის სურს.
- ოღონდ არ მითხრა, რომ ფილოსოფიას სწავლობდი, - ეს ფრაზა ხუმრობით იყო ნათქვამი, მაგრამ ფაბიენის თვალებში წამით ისეთმა ნაპერწკალმა იელვა, რომ უცებ მოუსვენრობამ შემიპყრო, მან კი მკითხა, - და რა არის შენთვის ჭეშმარიტი ღირებულებები?
ამ დროს ოფიციანტმა კოქტეილი მოგვიტანა, თუმცა, როგორც კი მარტონი დავრჩით, ფაბიენმა გამომცდელი მზერა მომაპყრო და ხმადაბლა "შემომიტია":
- აბა, რაო?
- რა მიმაჩნია ჭეშმარიტ ღირებულებებად? - ცოტა არ იყოს, ავნერვიულდი და სანამ ვუპასუხებდი, კოქტეილის დიდი ყლუპი მოვსვი, - ეს ისაა, რაზეც პირადად მე გავიზარდე -ოჯახური თანაცხოვრება, პატიოსნება, მოკრძალება…
- და შენ გგონია, მათთვის, ვინც ამ დარბაზში სხედან, ეს ცნებები უცხოა?
- მე ეს არ მითქვამს, - მისი გველური ტონი არ მომეწონა, - შენ მკითხე, რა მიმაჩნია ღირებულად, მე გიპასუხე. სულ ესაა. მეჩვენება, რომ ახლა ძალიან ბევრი ადამიანია გატაცებული იდეით, ნებისმიერ ფასად წარმატებული იყოს ჩვენს სამყაროში. ეს კი ხშირად ოჯახური ცხოვრების და მეგობრობის ხარჯზე ხდება. რა თქმა უნდა, მესმის, რომ თქვენ უნდა აკეთოთ ფული და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენი დროის სულისკვეთება მეტისმეტად აგრესიული მეჩვენება - ქალი უნდა იყოს ლამაზი, ჰქონდეს სრულყოფილი სხეული, რადგან მისი მთავარი მიზანი მომგებიანი ქორწინების მიღწევაა. ადამიანი უნდა იყოს ძლიერი და წარმატებული, რათა მას საზოგადოებაში პატივი სცენ. მისწრაფება, რომ ნებისმიერ ფასად გაიმარჯვო, ყველაფერშია!
- მმმ … - დაფიქრებულმა შემომხედა და თვალები დაიწვრილა, - არ ფიქრობ, რომ მეტისმეტ ცინიკურობას იჩენ ჩვენი თანამედროვეების მიმართ?
- არა! - ამოვიოხრე, - სულაც არა. მე, უბრალოდ, არ ვუყურებ მსოფლიოს ვარდისფერი სათვალით. კაცობრიობის ნახევარი შიმშილობს, რადგან დანარჩენები ზედმეტად ჭირვეულები არიან. რატომღაც იჭრება ლამაზი ტყეები; ნადგურდება ცხოველები, ფრინველები, მწერები… და ეს ყველაფერი, სავარაუდოდ, პროგრესის სახელით კეთდება… – და უეცრად გავიკმინდე ხმა, როცა მისი გაკვირვება შევნიშნე.
- მხურვალე ფრაზებია, - თქვა მან ჩუმად.
- ძალიან გთხოვ, ირონიას შეეშვი, ფაბიენ!
ვხვდებოდი, რომ ჩვენი საუბარი ბევრად გასცდა იმ თემებს, უბრალო სადილზე რომ უნდა ისაუბროს ადამიანმა საჭმლის ნორმალურად მოსანელებლად. ჩემი მხრიდან ამაზე ახლა ლაპარაკი მიუღებელიც კი იყო, მაგრამ იგი ჩემი თვალსაზრისით დაინტერესდა და პასუხიც მიიღო. და თუკი ჩემ დაცინვას აპირებს, ეგრევე ავდგები და წავალ!
- მართლა გგონია, რომ ირონიული ვარ?
- განა არა? - გამომწვევად შევხედე.
- არა, კირა, შეცდი, - თქვა უცნაური, ფარული სევდით, რაც უფრო ძლიერ გავლენას ახდენდა ჩემზე, ვიდრე მისი სიტყვები. - მე არ ვარ ირონიული, მე მშურს შენი. მე მშურს შენი შესაძლებლობისა, იფიქრო ამ ყველაფერზე, ისწრაფვო რაიმის შეცვლისკენ…
- შენ რა, არ გაქვს ამის სურვილი? - გავაწყვეტინე, - განა შენ ვერ გრძნობ, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს?
- მე? მე რატომ უნდა მქონდეს? - ფაბიენს სახე გაუფითრდა, ხმა ისეთი მჭახე გაუხდა, თითქოს დანისპირებს ერთმანეთს გასალესად უსვამენო, - მე საერთოდ ვერ ვხედავ ჩემს თანამედროვეებში ისეთ რამეს, რაც ამაღელვებდა. ადამიანის რასა გარედანაც დამპალია და შიგნიდანაც, რასაც ცივილიზაციის დახვეწილი საფარიც კი ვერ მალავს თუნდაც ყველაზე მკაცრი გამოკვლევის შემდეგ. ეგოიზმი არის ის, რაც ადამიანების უმეტესობას მართავს! და ეს არის ერთადერთი ნამდვილი გრძნობა, რომელიც მე ვიცი, რომელიც ასე ნაცნობია ჩემთვის.
- მაგრამ ეს საშინელებაა! - თავზარი დამეცა მის პასუხზე, - არ მეგონა, ასე თუ მიპასუხებდი… როგორ შეგიძლია ეს…
- მაგრამ მე ეს წუთია, სწორედ ამაზე ვილაპარაკე.
- როგორ უნდა ფიქრობდე ამგვარად? და ნანა და პიერი? მათ ხომ უყვართ ერთმანეთი, ჭეშმარიტი სიყვარულით უყვართ. იქნებ არ მეთანხმები?
- ყოველთვის მოიძებნებიან გამონაკლისები. მთლიანობაში ისინი ვერაფერს შეცვლიან.
- მაგრამ ასეთი გამონაკლისები ცოტანი არ არიან, - სკამის საზურგეს მივეყრდენი და გაბრაზებულმა შევხედე, - მაგალითად, ჩემი მშობლები. შენ ვერ შეძლებ ყველა ადამიანის ერთ ქვაბში თავმოყრას და იმის მტკიცებას, რომ ჭეშმარიტი სიყვარული არ არსებობს!
- კარგი, დავუშვათ, მართალი ხარ. მაშინ მითხარი, შენ? შენ თუ იყავი ოდესმე ჭეშმარიტად ვინმეზე შეყვარებული? - მოულოდნელად მკითხა და თვალი თვალში გამიყარა.
მთელი ერთი წუთი შევცქეროდი, რადგან ძალა არ მქონდა, მეპასუხა.
- კი… ერთხელ… - ვთქვი, როგორც იქნა და თვალები დავხარე, რადგან მეტად აღარ შემეძლო მისი დაჟინებული მზერის ატანა.
- და ახლა? ახლაც ფიქრობ, რომ ის გიყვარდა?
- არა, - ტანჯვით ვაღიარე.
- მაშ, რა შეიცვალა? - დაინტერესდა, - ადამიანებს სჩვევიათ თავის მოტყუება. ახლა ხომ ხედავ, რომ შენი სიყვარული ილუზია იყო და მას გაგრძელება არ ექნებოდა?
- საქმე ისაა, რომ… - სკამის საზურგეს მოვცილდი და ოდნავ წინ გადავიხარე, - უბრალოდ, ის არ აღმოჩნდა ისეთი, როგორიც მეგონა. არ ვიცი, მე ვიყავი ბრმა თუ ის ცდილობდა საუკეთესოდ მოეჩვენებინა თავი, მაგრამ საბოლოო ჯამში როგორიც აღმოჩნდა, მე არ მომეწონა.
- და მასთან ურთიერთობა გაწყვიტე?
- არა, - თვალებდაბინდულმა შევხედე, - ეს მან გაწყვიტა ჩემთან ურთიერთობა. იმ პერიოდში ავარიაში მოვყევი. მან გაიგო, რომ კლინიკაში კარგა ხანს მომიწევდა დარჩენა და… ამასობაში სხვა მეგობარი გოგო იპოვა.
ფაბიენმა ისეთი უწმაწური სიტყვებით შეიგინა ფრანგულად, რომლის მნიშვნელობა ნამდვილად არ ვიცოდი, მაგრამ მისახვედრად ადვილი იყო.
- რა იდიოტი ვიყავი! - იგი უეცრად გადმოიხარა მაგიდაზე და ხელებში მწვდა, - უტვინო, ამპარტავანი იდიოტი!
ერთ ადგილას გაშეშებული დავრჩი. ამწუთას არც მკვდარი ვიყავი და არც ცოცხალი, სუნთქვასაც კი ვერ ვბედავდი. ამასობაში ფაბიენი წამოდგა, მომიახლოვდა, ჩემკენ დაიხარა და ტუჩებით ტუჩებზე შემეხო. მერე, სანამ თავის ადგილს დაუბრუნდებოდა, ალერსიანად ჩამომისვა ლოყაზე ხელი.
გაოგნებული ვიყავი ამ შეხებით, ამ სინაზით, რომელიც სრულიად არ მიესადაგებოდა იმ ფაბიენ მორელის, რომელიც მე შევქმენი ჩემს წარმოსახვაში.
ღმერთო, როდის შევწყვეტ გონებაში ადამიანების გამოძერწვას? ფრიდონის შემთხვევაშიც ხომ რაღაც მსგავსი დამემართა… არა, მაშინ ყველაფერი პირიქით იყო. მაშინ მასში აღმოვაჩინე ადამიანი, რომელიც ჩემი სიყვარულის ღირსად მივიჩნიე და შევცდი. რაც შეეხება ფაბიენს, გაცნობის წამიდანვე უარყოფითად განვეწყვე მის მიმართ, მაგრამ ახლა, რაც დრო გადის, უფრო და უფრო მიმზიდველ თვისებებს ვპოულობ მასში. თუნდაც ეს წამიერი შეხება რად ღირდა…
შენ, უბრალოდ, შეგიყვარდა იგი, სხვა არაფერი, სულელო! - საკუთარი თავის მიმართ გამოტანილმა "საბრალდებო დასკვნამ" თავზარი დამცა. რაღა ისეთი მამაკაცი ავირჩიე, რომლის სიყვარულიც გარდაცვლილი მეუღლისადმი ერთ დიდ ყინულის ლოდად არის შეკრული და მისი გალღობის უფლებას არავის აძლევს? რომელიც დაცემამდე ლამაზია, ზღაპრულად მდიდარი და ჩემთვის ისევე მიუწვდომელი, როგორც მთვარეზე მცხოვრები ადამიანი?!
- კირა!..
მსწრაფლ გამოვერკვიე ფიქრებიდან და ახლაღა გავიაზრე, რომ ოფიციანტი უკვე რამდენიმე წუთის განმავლობაში იდგა ჩვენს მაგიდასთან შეკვეთის მოლოდინში. თავი მენიუში ჩავრგე, მაგრამ ისე მქონდა მზერა დაბინდული, ასოებს ვეღარ ვარჩევდი. აზრებს თავს ვერ ვუყრიდი, გარდა საშინელი აღმოჩენისა - მე ფაბიენ მორელი მიყვარდა!
- რას შეუკვეთ? - მკითხა ფაბიენმა.
- არ ვიცი… ჩემთვის სულერთია, - ძლივს ჩავილაპარაკე.
- აქ არაჩვეულებრივ რიზოტოს ამზადებენ. შეგვიძლია თევზიც შევუკვეთოთ, რომელსაც არაჟნით წვავენ და ღვინით ნამავენ.
- შესანიშნავია, კარგი იქნება, ალბათ, - ამწუთას ყველაფერზე თანახმა ვიყავი.
მართლაც ყველაფერი შესანიშნავი იყო - ეს რესტორანიც, მომსახურებაც, ღვინოც, რომელმაც უკვე გამაბრუა, კერძებიც, დესერტიც და კოქტეილიც, თუმცა ვერაფრით ვახერხებდი ჩემს თავზე დაკიდებული შავი ღრუბლების გროვის გაფანტვას, უბედურების მოახლოებას რომ მიწინასწარმეტყველებდა.
ფაბიენი რაღაცას მელაპარაკებოდა, მე კი გონზე არ ვიყავი. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რაც სულ ახლახან აღმოვაჩინე. უცნაურია, ამას აქამდე რომ ვერ მივხვდი. არადა, ფაბიენმა ხომ თქვა, სიყვარულის აღარ მჯერაო… ეჰ, ნეტავ შეიძლებოდეს ადამიანის არჩევით შეყვარება, როგორც ფეხსაცმლის ან ტანსაცმლის არჩევა შეიძლება… მაშინ ხომ ისეთს ავირჩევდი, ვისაც სჯერა ამ გრძნობის? ცალმხრივმა სიყვარულმა ერთხელ უკვე დამტანჯა. ახლაც იგივე რომ განმეორდეს, როგორ უნდა ვუწამლო ჩემს თავს?
- ვიცეკვოთ, არ გინდა?
გაოცებულმა მივაპყარი მზერა. ფაბიენი შემომცქეროდა, მაგრამ სახე კვლავ შეუვალი ჰქონდა. ვერასდროს გამოიცნობ, რაზე ფიქრობს! ვინ იცის, იქნებ ამწუთას იმ ქალს მადარებს, რომელსაც დღემდე გლოვობს? მიშელი ალბათ არაჩვეულებრივად ცეკვავდა. ჩამოსხმული, უნაკლო სხეულის მქონე ქალი, რომელიც სურათებში მყავდა ნანახი, თითქოს სპეციალურად ცეკვისთვის იყო შექმნილი…
- არა, გმადლობ. მე… მე ცუდად ვცეკვავ.
- მეეჭვება, - წარმოთქვა ფაბიენმა, ადგა და ხელგამოწვდილი ჩემკენ დაიძრა, - ძალიან მეეჭვება, რომ ცუდად ცეკვავ.
- არა, მართლა გეუბნები, ფაბიენ, არ მინდა, რა!
მაგრამ ვიტყუებოდი. მასთან ცეკვა სიგიჟემდე მინდოდა. და იმ წუთების განმავლობაში, სანამ ხელიხელჩაკიდებულები საცეკვაო მოედანზე გავიდოდით, ფაბიენი წელზე ხელს მომხვევდა და თავის მკერდზე მძლავრად მიმიკრავდა, სიამოვნების ცხრა ტალღას მაღლა ვყავდი ასროლილი. შუბლი მის მხარს მივადე და ხარბად შევისრუტე მისი სურნელი, რომელმაც ერთდროულად ტკივილიც მომგვარა და სიამოვნებით ტკბობაც, მერე თავი უკან გადავწიე და მოღიმარ სახეზე მივაჩერდი.
- ვიღაც ამბობდა, ცეკვა არ ვიციო… - ხმადაბლა წარმოთქვა, ზედ ჩემს ყურთან.
- არ ვიცი… - პასუხად ისე გავუღიმე, მგონი, ცხოვრებაში რომ არ გამიღიმია, - უბრალოდ, შენ გიწყობ ფეხს და ესაა.
ვგრძნობდი, რომ კი არ ვცეკვავდი, ჰაერში დავლივლივებდი, თითქოს ორბივით ირაოს ვაკეთებში ცის ტატნობზე.
- ეს ფარული კომპლიმენტია? - გაიცინა ფაბიენმა, - მაშინ ფრთხილად იყავი, არ წაიქცე! მე ხომ საშინელი რუხი მგელი ვარ, შენ კი პატარა, ციცქნა წითელქუდა.
ენით გამოუთქმელ რამეს ვგრძნობდი. თან საოცარი სითბო მეღვრებოდა სხეულში, თან აუტანელ ტკივილს ვყავდი შეპყრობილი, რომელიც ჩემს ყველა უჯრედს ერთნაირი ზომა-წონით ავსებდა. აი, ეს კაცი, რომელთანაც ახლა ვცეკვავ, რამდენიმე წლის წინ ბედნიერი იყო. ჰყავდა ულამაზესი ცოლი, რომელიც უყვარდა, იღვიძებდა მის გვერდით, იცინოდა მასთან ერთად, ჰქონდათ პატარა-პატარა ოჯახური საიდუმლოებები, ღამეებს ერთმანეთის ალერსში ათენებდნენ. მე კი… მე ვინ ვიყავი?
- კირა… - მომესმა ჩემი სახელი, ჩურჩულით ნათქვამი ჩემი სახელი და ეს არ იყო უბრალო დაძახება. მასში ნდომა იგრძნობოდა. მას მე ვსურდი. თვალები დავხუჭე და ძლივს შევიკავე თავი, მის ტუჩებს არ შევხებოდი. არადა, ვგრძნობდი, როგორ ვუნდოდი! მთელ მის სხეულს სურდა ჩემთან! როგორც უნდა ჰყვარებოდა გარდაცვლილი ცოლი, ამწუთას მისთვის მხოლოდ მე ვიყავი საჭირო.
- შენთვის ცნობილია, რომ ძალიან ლამაზი ხარ? - მისი სუნთქვა თაკარა მზესავით მწვავდა, -თოთო ბავშვივით ნაზი კანი გაქვს…
თოთო ბავშვივითო? შემაჟრჟოლა. ამას რომ ჩემი ჭრილობის ნაწიბურები ენახა, მეტად აღარ გაიმეორებდა ამ სიტყვებს. აშკარად დამეძაბა სხეული.
მანაც იგრძნო ეს და მიჩურჩულა:
- ნუ გეშინია, - თუმცა მიზეზს ვერ მიხვდა, - ვიცი, რომ ჩემზე ფიქრობ, მაგრამ მე არ გაჩქარებ. ოღონდ… ეს ქიმია… რომელზეც შენ ლაპარაკობდი, აშკარად იგრძნობა, - იგი შემპარავად ლაპარაკობდა, სიტყვებს ფრთხილად არჩევდა, და მოულოდნელად გავბრაზდი სიტუაციის აბსურდულობაზე, რადგან გონის დაკარგვამდე მსურდა მასთან.
მან კი გააგრძელა:
- ჩვენ ზრდასრული ადამიანები ვართ, მოდუნდი, კირა. ხომ შეგვიძლია რამდენიმე საათი ერთად გავატაროთ ყოველგვარი გართულების გარეშე?
რა იგულისხმა? მინდოდა მეკითხა, მაგრამ მან უცებ დამატრიალა და ზურგიდან მიმიხუტა. გამიკვირდა, რომ თურმე ასეთ პოზაშიც შეიძლებოდა ცეკვა.
ალბათ, საათზე მეტი გავატარეთ საცეკვაო მოედანზე და ამ ხნის განმავლობაში ფაბიენმა უამრავჯერ მაკოცა - დახრიდა თავის უკუნ ღამესავით შავთმიან თავს და "ტანჯავდა და აწვალებდა" ჩემს ტუჩებს.
არც ადრე მეპარებოდა ეჭვი, რომ ძალზე მგრძნობიარე ადამიანი იყო, მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად თავის დაჭერა შეეძლო. მგრძნობიარობა მის შავად მბრწყინავ თვალებში იკითხებოდა, მის ჭირვეულ ტუჩებში, მოქნილი, ძლიერი სხეულის მოძრაობაში. მაგრამ ყველაზე უცნაური ის იყო, რომ ასე მეგონა, კი არ ვცეკვავდით ან ერთმანეთს ვკოცნიდით, არამედ ყველას თვალწინ სექსი გვქონდა გაჩაღებული. ჩვენი სხეულები თითქოს იწვევდნენ ერთმანეთს, ირეოდნენ ერთმანეთში ასე, უხილავად, რასაც მხოლოდ მე და ფაბიენი ვგრძნობდით და სხვა ვერავინ. წარმოვიდგინე, რა მოხდებოდა, მარტონი რომ ვყოფილიყავით და… კინაღამ გრძნობა დავკარგე.
მერე საკონცერტო ნომრები დაიწყო და ჩვენც ჩვენს მაგიდას დავუბრუნდით, მაგრამ ალბათ დამოუკიდებლად ვერ მივაღწევდი იქამდე, ფაბიენს ჩემს წელზე ხელი რომ არ ჰქონოდა შემოხვეული…
კიდევ ცოტა ხანს დავყავით რესტორანში და გახდა თუ არა თერთმეტი საათი, იქაურობა დავტოვეთ.
გარეთ აციებულიყო, ბნელ ღამეს სავსე მთვარე გვინათებდა. სანამ მანქანამდე მივაღწევდი, მთელი ძალით ვცდილობდი კანკალი დამეცხრო. ამაოდ. არასდროს ასე დაუცველად არ მიგრძნია თავი ჩემი გრძნობების წინაშე, მხოლოდ ფაბიენმა მოახერხა ჩემი სულის სიღრმეებში ბოლომდე ჩაწვდომა. ფიზიკურად არა, მაგრამ სულიერად მართლაც რომ გამაშიშვლა.
არადა, მას ხომ არ ვუყვარდი! მერე რა, რომ მის სხეულს იზიდავდა ჩემი ახალგაზრდული სხეული, ის ხომ ჯანმრთელი, ტემპერამენტით სავსე მამაკაცი იყო, და დაქორწინებამდეც ბევრჯერ ექნებოდა სექსი სხვა ქალებთან. ასე რომ, ეს ძალზე ბუნებრივია.
მაგრამ მას რომ ჩემი პიროვნება ყველა ჩემი პრობლემითა და განცდებით ცოლის რანგში სურდეს, ვერ დავიჯერებ. მით უფრო, რომ ფრანგია და სხვა თვალით უყურებს ცხოვრებას. კიდევაც მიმანიშნა, რამდენიმე საათი, როგორც ზრდასრულმა ადამიანებმა, ერთად რომ გავატაროთ, ამით არაფერი დაშავდებაო. ეს კიდევ არაფერი. მტრისას, შიშველი რომ დამინახოს. ჩემი დამახინჯებული მუცელი ალბათ ისე შეაშინებს, ჩემდამი ფიზიკური ლტოლვა მყისვე გაუქრება! ფაბიენი სრულყოფილებასაა მიჩვეული, რაც მე ავარიამდეც კი არ გამაჩნდა. ახლა - მით უმეტეს…
გაგრძელება იქნება