აჯობე წარსულს! - თავი 16 - Marao

აჯობე წარსულს! - თავი 16

2022-03-24 10:30:10+04:00


წინა თავი

- ჩუმად! შენ ვერ შეძლებ დამოუკიდებლად ნაბიჯის გადადგმას, კინაღამ დაიხრჩვე. კი მაგრამ, რატომ მაშინვე არ დამიძახე?

ამასობაში მკლავები მომხვია, რათა ხელში ავეყვანე. სწორედ ამ დროს პერანგი გაეხსნა და მისი შიშველი მკერდის შეხებამ თავბრუ დამახვია. მიუხედავად ამისა, წინააღმდეგობა გავუწიე და საკმაოდ უხეშად ვუთხარი:

- ამის დრო არ მქონდა. გავიგონე, როგორ ყვიროდა ბავშვი და მივხვდი, რომ უნდა მეჩქარა. ეგრევე…

- მაგრამ შენ ხომ საკუთარ სიცოცხლეს რისკავდი! - შემაწყვეტინა ფაბიენმა, - საეჭვო ხმები რომ არ გამეგონა, ახლა ორივენი ფსკერზე ეგდებოდით გაგუდული. გესმის ეს თუ არა?

- აბა, რა მექნა, მიმეშვა და დამხრჩვალიყო?

- ჩუუ, - ფაბიენმა თავი დახარა, მისი სახე ძლივს მოჩანდა ბინდბუნდში, - უბრალოდ, ვერ გადამიწყვეტია, წამოგარტყა თუ გაკოცო.

ეს ისე არ ჰგავდა იმას, რაც მისგან შეიძლებოდა მომესმინა… ცრემლებით სავსე თვალებით მივაშტერდი.

- კირა… - მისი ოდნავ ჩახრინწული ხმა ამწუთას იმდენად უჩვეულოდ მგრძნობიარე მეჩვენა, რომ დაჯერება გამიჭირდა, - ისეთი მამაცი აღმოჩნდი, რომ მე…

მას კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, რაღაც მნიშვნელოვანის, რაც უცილობლად გულიდან მოდიოდა, მაგრამ რატომღაც გაჩუმდა. მერე მუცელზე დამხედა და გული ისე მეტკინა, რომ სუნთქვა შემეკრა.

ჩამოფასებული საქონელი!.. აი, რაშია საქმე!..

- გაიწიე, ავდგები, - ცივად წარმოვთქვი, - საერთოდ არ მესმის, რა ხდება, ასე რატომ დამჩერებიხარ. იქნებ ამიხსნა?

- ჰო, მგონი, დროა, ეს ვიღაცამ გააკეთოს…

ამის თქმა და ტუჩებზე დამაკვდა, თან ისე მოწყურებულად, თითქოს წლებია, ქალისთვის არ უკოცნიაო. მკლავებში მომიწყვდია და მკერდზე მძლავრად მიმიკრა. ამოსუნთქვა გამიჭირდა, ლამის გავიგუდე. კოცნა კი დიდხანს, უსაზღვროდ დიდხანს გაგრძელდა…

უკვე საკმაოდ ბნელოდა. ყველა სახლში იყო შემალული. ცას თითქოს შავი საბანი გადაჰკვროდა, რომელზეც პირველი ღამეული ვარსკვლავები ეს-ესაა აკიაფებულიყვნენ. ხმა არსაიდან ისმოდა, მთელი სამყარო დუმდა. ამწუთას მხოლოდ ჩვენ ორნი ვარსებობდით მთელ ქვეყანაზე.

ავთრთოლდი, როცა მან კოფთა შემიხსნა და შიშველ მკერდზე ხელი მომიფათურა. მისი თბილი ტუჩები ამჯერად ჩემს ყელს შეეხო და მივხვდი, ძალა არ შემწევდა მის შესაჩერებლად, მეთქვა და გამეკეთებინა ის, რისი თქმაც და გაკეთებაც გონივრული იქნებოდა. "ეს სიყვარულია, - უმწეოდ გავიფიქრე, - ხოლო როცა გიყვარს, ნიშნავს, რომ ვიღაცას ეკუთვნი სულითაც და ხორცითაც. უნდა შეერწყა მას, მისი სურვილები შენსაზე უფრო მნიშვნელოვნად უნდა მიიჩნიო". და მივხვდი, რომ ფაბიენის გულისთვის ყველაფრისთვის მზად ვიყავი.

ჩემი თითები უნებურად შეცურდა მის ხშირ შავ თმაში. ამქვეყნად ყველაფერი გადამავიწყდა, მხოლოდ იმას ვგრძნობდი, როგორ სასიამოვნოდ ვიძაბებოდი მის ყოველ შეხებაზე, ჩემი ტუჩებიც რაღაც სასიამოვნოს ჩურჩულებდა. არ მჯეროდა, რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდებოდა, მაგრამ აშკარად ხდებოდა… სული კი უკვე გადავსებულიყო სიხარულით…

ისევ და ისევ მკოცნიდა, ხან ნაზად მკბენდა ქვედა ტუჩზე, ხან ხარბად მეწაფებოდა.

- მინდიხარ… მგონი, მალე ცეცხლი წამეკიდება და დავიფერფლები! არ იცი, როგორ ვიწვი შიგნიდან, მთელი სხეული მეწვის! ვერ წარმოიდგენ, რას მიკეთებ, ჩემო პატარა კვიცო…

მისი ჩურჩული ცხელი და ვნებიანი იყო, ხმა - სურვილისგან ჩახლეჩილი.

ჩემი სხეულიც სწორედ მისნაირად, დაუფიქრებლად პასუხობდა მის გამოწვევას. მეც მინდოდა იგი! ისე გიჟურად მინდოდა, რომ სისხლი მიდუღდა. მინდოდა მოვხვეოდი, ჩავხუტებოდი, შევხებოდი, ჩემ შიგნით შემეგრძნო იგი, მიმეღო თავისი თითოეული უჯრედით…

საკუთარი თავის მართვა არც ერთს არ შეგვეძლო, ორივეს ვნება გვმართავდა. ვიცოდი, რომ ჯობდა გავჩერებულიყავი და ისიც შემეჩერებინა, მაგრამ არ შემეძლო. არ შემეძლო და არც მინდოდა. ყველა წარმოდგენა მორალსა და პატიოსნებაზე, რომლითაც გავიზარდე, სურვილის ცეცხლში გიზგიზებდა. არ არსებობდა არც წარსული, არც მომავალი. არაფერი სამყაროში არ არსებობდა ჩვენი სიახლოვის გარდა! დრო გაჩერდა…

მოულოდნელად ფაბიენის ხელი დაბლა ჩაცურდა, ჩემი მუცლისკენ. კიდევ წამი და მისი თითები შეიგრძნობდნენ ჩემი ნაიარევის ნაწიბურებს. ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს ცივი წყალი გადამასხეს. ინსტინქტურად ვტაცე ხელზე ხელი და სწორედ ამ დროს სახლიდან პიერის ხმაც მოისმა:

- ფაბიენ! კირა! სად ხართ, არ მოდიხართ?

ამ უეცარმა ძახილმა ორივე გამოგვაფხიზლა. სწრაფად გავერიდე მამაკაცს, ვგრძნობდი, სახე როგორ მქონდა ალეწილი.

- კირა… - მან ხელი მხარზე შემახო, - არ მეგონა, ასე თუ მოხდებოდა. არ მინდოდა. უნდა დამიჯერო…

- ნუთუ? - ჯიქურ შევაჩერდი, მომაჯადოებელი ზღაპარი წამში სასტიკმა რეალობამ შეცვალა, - მაშინ რა გინდოდა? რისთვის გახდა საჭირო თავის მოჩვენება, თითქოს ვნებამ შეგიპყრო, თუ ეს შენთვის არაფერს ნიშნავდა?

ამ დროს ისევ მოისმა პიერის ხმა და სანამ უპასუხებდა, ფაბიენმა ხმადაბლა შეიგინა.

- ერთი წუთით! უკვე მოვდივართ!

ამ ხნის განმავლობაში მზერა წამით არ მოუშორებია ჩემი გააფთრებული სახისთვის.

- კირა… შენ უნდა ხვდებოდე, რომ მე არ შემიძლია მოგცე ის, რაც შენ გინდა.

- ანუ?

- მოვალეობა, ნებისმიერი მოვალეობა! - მისი სიტყვები, ცივად და დაძაბულად წარმოთქმული, თითქოს ღამის სიჩუმეში დაეკიდა, - შენ ხომ სწორედ ეს გინდა. აი, რატომაც არ გეხებოდი ბოლო კვირების განმავლობაში… - მერე ოდნავ შემაჯანჯღარა, - ნუ მიყურებ ასე! ეს არ არის ის, რისი მოსმენაც შენ გინდოდა, მაგრამ ეს სიმართლეა.

- მაშინ რატომ მოხდა ეს მაინცდამაინც დღეს? - სასოწარკვეთილმა ვიკითხე.

- არ ვიცი, რატომ დღეს, - ისეთი სიმშვიდით მიპასუხა, რომ შემამცივნა, - არც კი მიფიქრია, თუ ეს ოდესმე მოხდებოდა. მაგრამ შენ იყავი… ჯანდაბა! შენ ხომ კინაღამ დაიხრჩვე! -გაღიზიანებულმა დაამატა.

- ანუ ეს შენი მხრიდან თავაზიანობის გამოხატვა იყო მხოლოდ? - ძლივს გასაგონად წარმოვთქვი.

მას, უბრალოდ, შევეცოდე… აი, თურმე რა ყოფილა! დაინახა ჩემი ნაიარევი, უხერხულობა იგრძნო და შეეცადა თბილად მომქცეოდა, ალერსიანად… ამის გააზრებაზე სიკვდილი ვინატრე.

- თავაზიანობა? - გაიმეორა მან და ისე დამაშტერდა, როგორც არანორმალურს, - რა თავაზიანობაზე მელაპარაკები?

- შენ… შენ მე შეგეცოდე, - გაწელილად წარმოვთქვი.

ჩემი ხმა სრულიად მშვიდად ჟღერდა, გულგრილადაც კი, მაგრამ ვიგრძენი, როგორ ვცახცახებდი. ეს იყო სხეულის რეაქცია ყოველივე იმაზე, რაც წუთების წინ მოხდა.

- სისულელეს ნუ ამბობ, - დაიწყო ფაბიენმა, მაგრამ როგორც კი შეამჩნია, რომ ვკანკალებდი, უცებ წამოიმართა, - აუ, როგორ კანკალებ! შენი აქ გაჩერება აღარ შეიძლება, გაცივდები!

გაგრძელება იქნება