აჯობე წარსულს! - თავი 19 - Marao

აჯობე წარსულს! - თავი 19

2022-03-28 10:25:35+04:00


წინა თავი

- სიმართლე გითხრა, არ იცოდა, რომ მიყვარდა. ეგონა, უბრალოდ, მომწონდა და მეც მინდოდა მასთან გართობა, - ამოვიოხრე, - მაგრამ როცა გაიგო… მტრისას! მგონი, ახლა თავის თავს ულოცავს, რომ დროულად გაიქცა. არ იცი, როგორი შეშინებული გამოიყურებოდა.

- გითხრა, არ მიყვარხარო? - ფრთხილად შემეკითხა ნანა.

მხრები ავიჩეჩე.

- მითხრა, საერთოდ არ მჯერა სიყვარულისო… ნამდვილ სიყვარულზეა საუბარი, გესმის? ალბათ, მიშელი რომ გარდაიცვალა, მასთან ერთად მისი გრძნობებიც მიიცვალა. შესაძლოა, ოდესმე შეხვდეს ისეთ ქალს, რომელსაც მიშელივით შეიყვარებს… ღმერთმა ქნას. მიუხედავად ყველაფრისა, მინდა ბედნიერი იყოს.

- მიშელი? რა, ფაბიენმა გითხრა, მიშელი ისევ მიყვარსო? - დაეჭვებული ტონით მკითხა ჩემმა დაქალმა.

- არა, არ უთქვამს, მაგრამ ეს ხომ ისედაც ნათელია, - ისევ ფანჯარას მივუახლოვდი, ნანასკენ ზურგშექცევით დავდექი და ბაღს გადავხედე, - როგორც უნდა იყოს, მას მე არ ვუყვარვარ, ამის გამო აქ დარჩენა არ შემიძლია. შენ ხომ არ მიწყენ, ნან? ხომ გესმის ჩემი, არა?

- რა სისულელეა, რომელ წყენაზეა ლაპარაკი. - ნანამ ღრმად ამოიოხრა და მოულოდნელად გაჩუმდა, ცოტა ხნის შემდეგ კი მოუთმენლად ალაპარაკდა, - ოხ, კირა, რამდენი რამის თქმა მინდა შენთვის, რომ იცოდე! მაგრამ არა ჩემი ამბების. პიერს პირობა მივეცი, რომ… იცი? მიშელი სულაც არ იყო ისეთი, შენ რომ წარმოგიდგენია. ამის მეტს ვერაფერს გეტყვი. მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია… ბოლო დროს ვატყობდი ფაბიენს, შენით რომ იყო დაინტერესებული. ადრე მსგავსი არასდროს შემიმჩნევია… არავისთან… არც ერთ სხვა ქალთან.

- დაინტერესებული? - სიმწრის სიცილი წამსკდა, - რა გასაკვირია? ის ჯანმრთელი, წარმოსადეგი მამაკაცია. მეც ახალგაზრდა ვარ და არც მთლად ჩამოსაწერი. ამასთან, აგერ ვარ, ერთი ხელის გაწვდენაზე. ის დარწმუნებულია, რომ ჩვენ კარგი სექსი გვექნებოდა. ჩემთვის კი ეს საკმარისი არ არის, გესმის? არ მინდა იფიქრო, რომ შენი მშურს ან გეჯიბრები, რახან ნანას გაუმართლა და ფრანგი, თანაც მდიდარი ქმარი ჰყავს, მასზე ნაკლები რით ვარ-მეთქი. არავითარ შემთხვევაში! შურიანობა არასდროს მახასიათებდა, შენც კარგად იცი, მაგრამ არავის საყვარლობის სურვილი არ მაქვს, თუნდაც წლები გაგრძელდეს ურთიერთობა. არ მინდა ასეთი ცხოვრება… მოკლედ… საკმარისია, - შემოვბრუნდი და ნანას ღიმილით მივაჩერდი, - ამისგან ტრაგედიას ნუ შექმნი. უპასუხო სიყვარული მეორედ მოსვლა ხომ არაა, ბოლოს და ბოლოს. როგორმე გადავიტან. ასეთები გადამიტანია?

ნანას ისე დაუსევდიანდა სახე, მივეახლე, გვერდით მოვუჯექი და ჩავეხუტე.

- ახლა კი დროა, გამოვიპრანჭოთ. შენც და მეც. ჯერ მთელი დღე წინ გვაქვს, რომ ერთად ყოფნით დავტკბეთ. იმედია, მოსაწყენი ამბებით ერთმანეთს ხასიათს არ გავუფუჭებთ. ხომ ასეა? აჯობებს, ცოტა დავლიოთ, გავმხიარულდეთ და გემრიელადაც ვჭამოთ, მაგის დედაც!

- კი ბატონო, რატომაც არა, მაგრამ, ჩემი აზრით, საშინელებაა ეს ყველაფერი. არ მჯერა, რომ ფაბიენი ასე შტერულად იქცეოდა. მას ეს არ სჩვევია, - ნანამ თავი გააქნია, - ასე მგონია, საერთოდ არ მცნობია იგი.

- არა, რას ამბობ, ნან, შტერულად სულაც არ იქცეოდა! - მაშინვე შევეწინააღმდეგე, - როგორც კი ორივენი მივხვდით, რომ ერთმანეთისკენ მივილტვოდით, მან პირდაპირ მითხრა, მხოლოდ დროებითი ურთიერთობის შემოთავაზება შემიძლიაო. ჩემი მოტყუება წამითაც არ უცდია. ბოლომდე წესიერად მოიქცა, ალალად, გულწრფელად. ამიტომ არაფერში ვადანაშაულებ. უბედურება ისაა, რომ მე ვერ ავირჩიე, ვინ შემეყვარებინა… უბრალოდ, ასე მოხდა, - ამის თქმაზე თვალებზე ცრემლი მომაწვა.

- ვიცი, - ჩურჩულით მომიგო ნანამ, ლოყაზე მაკოცა და თავდახრილი ოთახიდან გავიდა…

"მგონი, ჩემი ჩასვლის დროა, სუფრა ალბათ უკვე გაშლილი იქნება", - ნაღვლიანად გავიფიქრე და ტანსაცმლის გამოცვლას შევუდექი. ნანა, ალბათ, პიერს უკვე მოუყვებოდა ჩემს ამბავს, ამიტომ შეიძლება ცოტა უხერხულობასაც კი გრძნობდეს. არც მე ვარ კარგ მდგომარეობაში, გაღიმების თავიც კი არ მაქვს, მით უფრო - მხიარულების. სამაგიეროდ, ფაბიენი არ მოვა.

ჩავედი. პიერი და ნანა დივანზე ისხდნენ სტუმრების მოლოდინში. ნანა აღტაცებული მომაჩერდა, პიერს კი თვალები გაოცებისგან გაუფართოვდა.

- დიდებულად გამოიყურები, კირა! - ხელები გაშალა სიძე-ბატონმა.

მადლობის ნიშნად თავი ღიმილით დავაქნიე. ნანამ ტაში შემოჰკრა, ისე მოვეწონე ახალ კაბაში. ცუდი ის იყო, რომ ვის გამოც ეს კაბა ვიყიდე, ის ვერასდროს მიხილავდა ამ ფორმაში.

მათი ემოციები მეც გადმომედო. მართლაცდა, ამით ხომ არ მთავრდება ყველაფერი? თუ მხიარულებაა, მხიარულება იყოს, ეს ხომ გამოსამშვიდობებელი საღამოა!

- სხვა დროს რა, ცუდად გამოვიყურები? - გავიხუმრე და მეგობრებს ეშმაკური ღიმილით გავხედე.

- დღეს რაღაც ძალიან განსაკუთრებული ხარ, - მითხრა პიერმა, წამოდგა და შემომეგება, - რას დალევ? თეთრ ღვინოს თუ…

- არა, ღვინოს არა. უფრო მაგარი რამე მინდა. შენ რას სვამ, რა გიჭირავს ხელში? შენი საყვარელი კოქტეილი? - თავი დავხარე და პიერის ბოკალი შევათვალიერე, - თუ შეიძლება, მეც ასეთი მინდა. მომწონს ეს ქარვისფერი სასმელი, - ქართულად დავამატე და ნანას გავხედე.

- ნანა, რა თქვა? - პიერი ცოლს მიუბრუნდა, - იმედია, ჩემზე ცუდი არაფერი თქვა, - იმანაც გაიხუმრა.

- რა თქვა და ეს სასმელი მომწონსო, - გადაუთარგმნა ცოლმა, - მშვენიერი აზრია, მეც მაგ კოქტეილს დავლევ.

სამაგიეროდ, პიერს სულაც არ მოეჩვენა, რომ ეს "მშვენიერი აზრი" იყო და ცოლს შეცბუნებულმა გახედა, რადგან ნანა თეთრი ღვინის მეტს არასდროს არაფერს სვამდა, თუმცა შეკამათება არ უცდია.

სტუმრებმა ნელ-ნელა დაიწყეს მოსვლა. ამასობაში მე ხასიათი გამომიკეთდა, ნანა კი საკმაოდ შეთვრა. ამიტომ პიერმა კოქტეილიანი ბოკალი ჩამოართვა ცოლს და წვენით სავსე ჭიქა მიაწოდა.

- აბა, ახლა თავი ხელში აიყვანე, - ქართულად ჩამჩურჩულა ნანამ, - ჯოჯოხეთური საღამო იწყება.

- ოხ, ნანა! - ისე შემძრა მისმა სიტყვებმა, რომ ტირილი მომინდა. მისი კომენტარი ზუსტად შეესატყვისებოდა ჩემს განწყობას.

გაგრძელება იქნება