აჯობე წარსულს! - თავი 21 - Marao

აჯობე წარსულს! - თავი 21

2022-03-30 10:04:00+04:00


წინა თავი

ვერ ვხვდებოდი, რა მემართებოდა. ისე ძლიერად მიყვარდა ეს კაცი, რომ მეგონა, მისი სიყვარული ეს-ესაა, ჭურვივით აფეთქდებოდა ჩემ შიგნით და ფერფლად მექცევდა. ამავდროულად, მსურდა მივვარდნოდი და ასო-ასო ამექნა…

- არ ჰქონია? - დაეჭვებულმა გაიმეორა, - რაღაც ძნელი დასაჯერებელია!

- შენი მოტყუება რაში მჭირდება? ან კი, საერთოდ, რატომ ვლაპარაკობთ ამაზე? რისი თქმაც შეიძლებოდა, უკვე ვუთხარით ერთმანეთს. განა შენ სხვა რამე გინდოდა ჩემგან? თქვენ ყველას მხოლოდ ერთი რამ გინდათ - ქალი ლოგინში შეითრიოთ!

წამოვიძახე თუ არა ეს სიტყვები, მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ შორს შევტოპე. ძალზე უხეშად გამომივიდა და უსამართლოდაც. მას ჩემი მოტყუება არ უცდია. თუმცა სწორედ ეს აზრი მშლიდა ჭკუიდან, ეს მაყენებდა გაუსაძლის ტკივილს.

მინდოდა გავტრიალებულიყავი და გავქცეულიყავი, მაგრამ უეცრად საშინელმა შიშმა შემიპყრო. მესმოდა სტუმრების ხმა, მუსიკის ჰანგები, ვგრძნობდი ღამის თბილ ჰაერს და, ამასთან, ისე მეშინოდა, როგორც არასდროს. ამ კაცმა ჩემი ნების სრული პარალიზება მოახდინა. მე მთლიანად ვემორჩილებოდი მას და მზად ვიყავი, მისი ნებისმიერი სურვილი შემესრულებინა…

ფაბიენის ძლიერი ხელი ჩემს წელს ისე მძლავრად შემოეხვია, რომ უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა.

- აი, თურმე რას ფიქრობ! - კბილებშუა გამოცრა, - და, მიუხედავად იმისა, რომ ეს იცოდი, მაინც მიეცი მაგ კაცს უფლება, მოგხვეოდა და ეკოცნა შენთვის! წარმომიდგენია, რა მოჰყვებოდა ამ ყველაფერს, რა იქნებოდა შემდეგ, მე რომ არ მოვსულიყავი! ბაღში გასეირნება, გულითადი საუბარი, რომლის დროსაც სიყვარულს აგიხსნიდა, გეტყოდა, რომ უშენოდ არ შეუძლია, ამიტომაც აუცილებელია ჩვენი განმარტოებაო. ჰმ…

- თუნდაც ასე იყოს, - ბოღმით ავსებულმა წამოვიძახე, - მე თავისუფალი ადამიანი ვარ, განა არა? როგორც შენ, ფაბიენ! არავითარი ხანგრძლივი კავშირი, არავითარი ვალდებულება. ცოტა შეიძლება აქ გაერთო, ცოტა იქ…

- მაგრამ შენ ასეთი არ ხარ, - მან მხრებში ჩამავლო ხელი და უხეშად შემაჯანჯღარა, - ჯანდაბას!.. კირა!..

როგორც კი მივხვდი, რის გაკეთებასაც აპირებდა, გატრიალება ვცადე, მაგრამ დამასწრო და ტუჩებში მეტაკა. და მიუხედავად მისი სიუხეშისა, ამდენი დადანაშაულებისა, ვიგრძენი, რომ ისევ ვერწყმოდი მის სხეულს, თითქოს მის შიგნით ვდნებოდი და საკუთარ ლტოლვას წინააღმდეგობას ვერ ვუწევდი.

ეს სიგიჟე იყო, სიშლეგე! ზუსტად იმ ქალებივით ვიქცეოდი, რომელთაც ვერ ვიტანდი - ვისაც მარიონეტებივით მართავდნენ თავიანთი პარტნიორები… ეს ყველაფერი მესმოდა… მაგრამ ის მე მეხვეოდა, ის მე მკოცნიდა და ეს იყო ერთადერთი, რასაც იმ მომენტში ჩემთვის მნიშვნელობა ჰქონდა.

შესაძლებელია იმ შემთხვევაში გამეწია წინააღმდეგობა, ძალით რომ მოესურვებინა ჩემი დაუფლება. მაშინ, ალბათ, გადავლახავდი ჩემს სისუსტეს. სავარაუდოდ. თუმცა მსგავსი არაფერი მომხდარა. იგი ფაქიზად მიკრავდა მკერდზე, ნაზად მკოცნიდა, მისი ხელი ვნებიანად დათარეშობდა ჩემს ზურგზე… მერე ორივენი თბილ, რბილ ბალახზე დავეშვით…

ვხვდებოდი მხოლოდ ერთ რამეს - ახლა ისე მინდოდა მასთან, როგორც არასდროს. რა მიშლიდა ხელს? განა არ დავიმსახურე ეს ღამე, - ჯადოსნური სიყვარულის სულ რაღაც ერთი ღამე, რომლის მოგონებები ჩემი სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე გამყვებოდა? უფრო და უფრო მჭიდროდ ვეკვროდი მის სხეულს, უფრო და უფრო მიმძაფრდებოდა მასთან შეერთების სურვილი.

ნუთუ ვერ ხვდებოდა ამას?!

ხვდებოდა. ან კი სხვანაირად როგორ შეიძლებოდა? გრძნობდა, რომ ვნება ცეცხლივით წვავდა ჩემს სხეულს, მისი სურვილი კი იმდენად ძლიერი იყო, თავს ძლივს იკავებდა. ამის დანახვა არ გამჭირვებია. ალბათ, სწორედ ამის ეშინოდა, როცა აქეთ მოიჩქაროდა! ამიტომაც ვიცოდი, წამების შემდეგ ყველაფერი რომ დამთავრდებოდა და, როგორც ყოველთვის, დამფრთხალი გაიქცეოდა.

- კირა… - ნანას აღელვებულმა ხმამ ღამის სიჩუმე გაარღვია და ისე იმოქმედა ჩემზეც და ფაბიენზეც, თითქოს ცივი წყალი გადაგვასხესო, - კირა, სად ხარ? კირააა!

ფაბიენი ელვის უსწრაფესად წამოხტა ზეზე და მეც წამომახტუნა. ფართოდ გახელილი თვალებით მივაშტერდი მას, თან გავარვარებულ ლოყებს ხელისგულებით ვიგრილებდი.

- აქ ვართ, ნანა! - მისი ხმა სრულიად მშვიდი იყო, ლამაზ სახეზე არავითარი ემოცია არ ეტყობოდა, არც არავითარი კვალი ლტოლვის, აგზნების, ვნების, რომლითაც წამების წინ იწვოდა. მისმა ასეთმა მეტამორფოზამ ჭკუიდან გადამიყვანა. აცახცახებული ხელებით თმა დავიტკეპნე და ტანსაცმელიც გავისწორე… და ნანაც მოგვიახლოვდა. როგორც კი ერთად დაგვინახა, მოწყვეტით გაჩერდა. ჩვენ კი, ორივენი, გაქვავებული სახეებით მივჩერებოდით.

- თქვენ… ყველაფერი რიგზეა? - დაბნეულმა მკითხა, - დამიენმა მითხრა, ფაბიენთან ერთად წავიდაო. გელოდეთ, გელოდეთ და რომ არ გამოჩნდი, ცოტა ავფორიაქდით. დამიენს ეგონა, აშკარად რაღაც დაგემართა.

- როგორც ხედავ, შეცდა, - ისეთი ტონით მიუგო ფაბიენმა, რომ მივხვდი, იგი დამიენს ამას არასდროს აპატიებდა, - შენი დაქალი სრულ წესრიგშია.

- ოი, ისე კი არ იფიქრო, თითქოს… - ნანა წამით გაჩუმდა, აშკარად ყოყმანობდა, დაემთავრებინა თუ არა სათქმელი, მერე კი მტკიცე ხმით მე მომიბრუნდა, - კირა, სტუმრებთან არ გავიდეთ? გველოდებიან!

ქალური სოლიდარობა! ფაბიენმა თვალი აგვარიდა, როცა ნანა მომიახლოვდა და ხელი მომხვია.

- ფაბიენ! - ჩემს ხმაში ერთდროულად იმედმაც გაიჟღერა და შეშფოთებამაც, - არ გინდა რამე მითხრა?

ერთმანეთს შევყურებდით - მაღალი, დაცემამდე სიმპათიური, სულის შეძვრამდე ძლიერი მამაკაცი და მე, გამხდარი, ფერმიხდილი ქართველი ქალი.

რა თქმა უნდა, უნდოდა! ნანა რომ არა, მეტყოდა, როგორ სურდა ჩემი დაუფლება, როგორ უნდოდა დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა, მაგრამ არა ჩემი ცოლად შერთვა.

ის კი ხმას არ იღებდა.

- ფაბიენ! - გავიმეორე ისეთი სასომიხდილი ტონით, რომლის ატანას ვერა კაცი ვერ შეძლებდა, ოდნავი გრძნობა თუ გააჩნდა ქალის მიმართ. მან კი ისეთი სახით შემომხედა, თითქოს ჩემი უკანასკნელად დამახსოვრება სწადიაო, და მხოლოდ ორი სიტყვა გამოიმეტა:

- მშვიდობით, კირა…

თითქოს თავში ცამეტკილოგრამიანი ქვა ჩამარტყეს. დავბარბაცდი, მუხლები მომეკვეთა, მაგრამ ხმა არ გამიღია. ვიდექი და ძალაგამოცლილი უაზროდ შევცქეროდი. ნანამ კიდევ უფრო მჭიდროდ მიმიკრა მხრებით. ფაბიენი კი გატრიალდა და წავიდა… წავიდა ისე, რომ უკან ერთხელაც არ მოუხედავს…

- მე გამოგყვები აეროპორტში, - დილიდან უკვე მესამედ მიმეორებდა ნანა, - და მეტად აღარაფრის გაგონება არ მსურს! ბავშვები მშვენივრად გრძნობენ თავს მერისთან. არაფერი მოხდება, თუ ცოტა ხნით დავტოვებ. ასე რომ, არ დამიწყო ახლა შეგონებები! კრისტოც აქ იქნება, თუ რამეა, მერის დაეხმარება.

- მაგრამ შენ ძუძუს აწოვებ. რომ მოშივდებათ, მერე?

- თუ მოშივდებათ და მანამ ვერ მოვუსწარი, ხელოვნური კვება და მისი ჯანი! მერის უკვე ყველაფერი ავუხსენი. არაფერი უჭირთ!

- დარწმუნებული ხარ?

- ასი პროცენტით! - მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო ნანამ და მეც უარი ვერ ვუთხარი.

თუმცა გამიკვირდა, რადგან ნანა გიჟი დედა იყო. წამებით ითვლიდა დროს, როდის უნდა ეჭმია პატარებისთვის, როდის დაეძინებინა, საფენები როდის გამოეცვალა. ახლა კი, ჩემი გულისთვის ლამით ნახევარი დღით აპირებდა მათ დატოვებას.

- როგორც იქნა, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ შვილები მეყოლა. კარგა ხანს თავი სიზმარში მეგონა. ამაში კი დიდწილად შენ დამეხმარე შენი საღი გონებით და ულევი სითბოთი, შენი კეთილი გულით, კირა.

- კარგი რა, ნან, მე ისეთი არაფერი გამიკეთებია. - შორს დავიჭირე.

- პირფერობა, კი იცი, შენთან არ მჭირდება. რასაც ვამბობ, გულით გეუბნები. მართლა ძალიან დამეხმარე. ამიტომ ვერ მომინელებია, რომ მე არ შემიძლია შენი დახმარება.

- ჩემო საყვარელო, არც არავის შეუძლია ეს…

- მაგრამ მე არ მინდა იტანჯებოდე. ის იდიოტია, კირა, ნომერ პირველი იდიოტი! არ ვიცი, მოვკლა თუ შევიცოდო იმის გამო, რაც გააკეთა. მაგ საცოდავმა ჯერ კიდევ არ იცის, რა დაკარგა.

ზუსტად იმავეს მეუბნებოდა წუხელაც, როცა სტუმრები დაიშალნენ და დასაძინებლად გავემზადეთ. ბრაზობდა ფაბიენზე, ლანძღავდა, მაგრამ ვგრძნობდი, რაღაცას ბოლომდე არ მეუბნებოდა.

ორშაბათის დილა იყო, ჩემი თვითმფრინავი კი შუადღეს მიფრინავდა. პიერს სამსახურში წასვლის წინ დავემშვიდობე და კრისტიანსაც, სანამ რეპეტიტორთან სამეცადინოდ წავიდოდა. დამიენი არც მინახავს და ამის სურვილი არც მქონდა. რომც გამოჩენილიყო, რაღაც განსაკუთრებული დასამშვიდობებელი რიტუალის ჩატარებას არ ვაპირებდი.

- ახლა წავალ, ჟაკოს დავემშვიდობები, თორემ არ მაპატიებს, - სრული სერიოზულობით ვთქვი და ნანამაც სრული სერიოზულობით დამიქნია თავი:

- მართალი ხარ. ის ხვდება, რომ მიემგზავრები, ამიტომაც ბოლო დღეები სულ გაღიზიანებულია.

კრისტიანის ოთახში შევედი. ჟაკო გალიაში, თავის რგოლზე იჯდა, რომელსაც ფრანგები პერკალს ეძახიან და დაბღვერილი უმზერდა კარს. თავისთვის რაღაც ხმებს გამოსცემდა.

- დილა მშვიდობისა, მეგობარო, - მივესალმე, გალიაში ხელი შევყავი და ფერად ფრთებზე მოვეფერე, - ხომ იცი, რომ წასვლა არ მინდა, მაგრამ არჩევანი არ მაქვს. გესმის ჩემი, ხომ?

- ჟაკკოო! ბებერი ჭკვიანი ჩიტი! - მამცნო თუთიყუშმა, - კირრრა და ფაბბიენი! ფაბბიენი და კირრრა.

ღმერთო, ნუთუ მართლა ყველაფერი ესმის? - გავიფიქრე. ეს შეუძლებელი იყო, მაგრამ ფრინველის მრგვალი თვალები ისეთი მეტყველი იყო, ისე სევდიანად და ჭკვიანურად შემომყურებდა, რომ მზად ვიყავი, დამეჯერებინა.

- ჰო, ჟაკო. კირა და ფაბიენი. მეც კი მინდოდა ეს, ჩემო ჭკვიანო ჩიტო! - ჩუმად ვუთხარი, - გულით მინდოდა, მაგრამ არც ამჯერად გამიმართლა.

- გე-ნა-სვალ-ლე! გე-ნა-სვალ-ლე! გე-ნა-სვალ-ლე! - ერთიმეორის მიყოლებით სამჯერ წამოიძახა ჟაკომ ქართულად და გაოგნებული დამტოვა. როგორც ჩანს, ნანამ ასწავლა.

ღიმილი მომერია. კიდევ ერთხელ მოვეფერე ჟაკოს ფრთებზე და ოთახიდან გამოვედი.

- წავედით? - შემეკითხა ნანა, როგორც კი დამინახა.

- კი, მზად ვარ. - სიმწრით ამოვთქვი და გასასვლელისკენ დავიძარი…

მსოფლიოში ყველა აეროპორტი ერთნაირია. ყველა თავისი ცხოვრებით ცხოვრობს -ხმაურიანი, საქმიანი ცხოვრებით. ადამიანები ადიან თვითმფრინავებში და ჩამოდიან, მიემგზავრებიან და მოემგზავრებიან…

გაგრძელება იქნება