მას ჰგონია, რომ მე სახლში ბორდელი მაქვს? ისე ავიწურე, არ ვიცოდი, რა მექნა. ხელ-ფეხი შებორკილი მქონდა. ვერაფრის დიდებით ვერ ვეტყოდი, რომ ბინა ჩემმა მშობლებმა დამიტოვეს, რომ მათი დაღუპვის შემდეგ იგი ავტომატურად ჩემზე გადმოვიდა, რომ მე ვიყავი ერთადერთი დარჩენილი მემკვიდრე, რომელსაც მათი კუთვნილი საცხოვრებელი ფართი მერგო მას შემდეგ, რაც სრულწლოვანი გავხდი, მანამ კი ბიძაჩემმა გადაიფორმა.
უხმოდ შევცქეროდი ლუკასს, თან გამალებით ვფიქრობდი, რა მეპასუხა. მან კი ზიზღით გადააქნია თავი და ტუჩები მოკუმა.
- წარმოუდგენელია. უბრალოდ, წარმოუდგენელია, - ხმადაბლა წარმოთქვა ისე, თითქოს გოდებსო და სავარძელზე შესწორდა, - ასეთი ლამაზი ფასადის უკან უცებ ასეთი ჭუჭყი. თურმე ვცდებოდი. თქვენ საკმაოდ მომწიფებული ყოფილხართ ზრდასრულთა თამაშებისთვის, - ეს თქვა, წამოდგა და სალონის გასასვლელისკენ გაემართა, მაგრამ უცებ უკან მობრუნდა და ჩემკენ დაიხარა, - იქ, თბილისში თქვენ მაგრძნობინეთ, რომ მე მოძალადე ვარ. კინაღამ დავიჯერე, ვითომ ხელშეუხებელი იყავით. მაგრამ შემდეგ ჯერზე ეს არ გაგივათ. მიიღებთ ზუსტად იმას, რასაც მიჩვეული ხართ. ასე რომ, ფრთხილად იყავით. მე პატარა ბიჭი არ ვარ, პირში ჩალა გამომავლოთ.
მის უმოწყალო, დაუნდობელ თვალებში სატანური ცეცხლი გიზგიზებდა. ისე შემეშინდა, მეგონა, გული მუცელში ჩამივარდა.
იმდენად უმწეოდ ვიგრძენი თავი, ტუჩის კუთხეები ამიკანკალდა, მზერა კი კვლავ თვალში მომდგარმა ცრემლმა დამიბინდა…
საბერძნეთის აეროპორტი პატარა, უსუფთაო და საშინლად დახუთული აღმოჩნდა. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მომეჩვენა. არ ვიცი, შეიძლება იმიტომ, რომ ძალზე უსიამოვნო შეგრძნებამ შემიპყრო, როცა თვითმფრინავი მიწაზე დაეშვა. ნესტიანი ჰაერი, რომელმაც ჩამოსვლისთანავე ყველა მხრიდან "შემომიტია", ზეთისა და კვამლის სუნით იყო გაჟღენთილი. ნუთუ ესეც მომეჩვენა? თავი სიზმარში მეგონა. ტრაპზე ჩამოვდიოდი და ფეხები უკან მრჩებოდა. ვერ მივხვდი, რატომ აქებდნენ ამ კურორტს ასე. თვალები მებინდებოდა, თითქოს უსასრულობაში მივცურავდი და ისე მაკანკალებდა, კბილები ამიკაწკაწდა.
ლუკასმა აეროპორტის დარბაზში დამსვა, ცოტა ხანს მოიცადე, მანქანას გამოვიყვან სადგომიდანო და გავიდა. ნახევარი საათი მაინც ველოდებოდი. დროის ეს მონაკვეთი უსასრულოდ მომეჩვენა. ბოლოს, როგორც იქნა, დაბრუნდა. საშინლად ყარდა, ვისკის თუ არყის სუნი ასდიოდა.
- წავედით! - მბრძანებლურად მომიგდო და წინ გამიძღვა.
აეროპორტიდან რომ გამოვედით, იქვე ახლოს მდგარი "ფერარისკენ" გაემართა და კარი გამიღო.
- შეგიძლიათ მოკალათდეთ! - აგდებულად მითხრა, თითქმის დაცინვით.
რადგან წინა სალონის კარი გამიღო, მეც წინ დავჯექი. მანქანის სალონში რაღაცნაირი მწარე სუნი მეცა ცხვირში. ეს იმ ტყავის ბრალი იყო, რომელიც სავარძლებზე გადაეკრათ. როცა ლუკასმა "ფერარი" დაქოქა, თავი მისკენ მივაბრუნე და ვკითხე:
- დიდხანს უნდა ვიაროთ?
- ზუსტად იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა, - მომახალა. არც კი უფიქრია ტონის შერბილება. აშკარა იყო, ჩემთან შერიგებას არ აპირებდა.
უკვე ღამდებოდა. ცაზე აქა-იქ პირველი ვარსკვლავებიც გაკრთნენ. მივდიოდი და არ ვიცოდი, სად ამოვყოფდი თავს. არც ის ვიცოდი, რას მიქადდა ჩემი იღბლის თუ უიღბლობის ბორბალი. მანქანაშიც დაძაბული ატმოსფერო სუფევდა. ასე მეგონა, სააავდრო ღრუბლები შემომეჯარა ირგვლივ და საცაა თავსხმა წვიმაში მოვხვდებოდი.
მალე მთავარი ტრასიდან გადავუხვიეთ და ლუკასი გორაკებს შორის გაყვანილ გზას დაადგა. კარგა ხანს მივყვებოდით უსწორმასწორო ვიწრო გზას, რომელიც სულ ზევით და ზევით მიიწევდა.
როგორც იქნა, ლუკასმა პატარა ავტოსადგომზე გააჩერა მანქანა, შვებით ამოისუნთქა და თავი სავარძლის საზურგეზე გადააგდო, თუმცა საჭისთვის ხელი არ შეუშვია. ფრთხილი მზერა შევავლე.
- ისე ნუ მიყურებთ, თითქოს თქვენი ცოცხლად შეჭმა მსურდეს, - დამიღრინა და ტუჩის კუთხეები შეუტოკდა, - დარწმუნებული ვარ, მოგწყურდათ, ამიტომაც გავჩერდი.
მიუხედავად ყველაფრისა, ჯენტლმენობას მაინც იჩენდა. მანქანიდან გადმოვიდა, ჩემ მხარეს კარი გააღო და გადმოსვლაში მომეშველა. ხელი რომ გამომიწოდა, ისე რბილად შემეხო, ჟრუანტელმა დამიარა. თუმცა ეს არ იყო სიამოვნების ჟრუანტელი, რადგან შიში მძალავდა. ვიცოდი, მასთან სიფრთხილე უნდა გამომეჩინა.
მომცრო თაღი გავიარეთ და პაწაწინა ეზოში აღმოვჩნდით, სადაც ასიმეტრიულად ხის ოთხი მაგიდა და მის გარშემო შემოწყობილი სკამები იდგა. აქ არც ისე ცხელოდა. გარდა ამისა, კაციშვილი არ ჭაჭანებდა. ადამიანს ეგონებოდა, აქაურობა მიტოვებულიაო. მეც ამან გამიელვა პირველად თავში, თუმცა როცა ხეზე შემოდგმული სამტრედეები დავინახე, მივხვდი, რომ უკაცრიელ ადგილას ნამდვილად არ ვიყავით.
- აქ დამელოდეთ! - ჩვეული კილოთი მითხრა და პატარა ფიცრული სახლის კარს უკან გაუჩინარდა.
რამდენიმე წუთის შემდეგ ხელში ორი მაღალი ფუჟერით დაბრუნდა, რომლებიც უფერო სითხით იყო სავსე, შიგნით კი ყინულის კუბურები და სხვადასხვა ხილის ნაჭრები დაცურავდა.
- თავს როგორ გრძნობთ? - მისმა მეტყველმა ნაცრისფერმა თვალებმა ლამის მზერით გადამყლაპეს.
- არ ვიცი, - უაზროდ მივუგე, რადგან ერთი სული მქონდა, რომელიმე მაგიდაზე თავი ჩამომედო და დამეძინა, თან მთის სურნელოვანი ჰაერი შემესრუტა.
ლუკასი ყველაზე ახლოს მდებარე მაგიდასთან დაჯდა და ფეხები გაშხლართა, მერე კი ურწმუნო მზერით შემათვალიერა.
- თქვენ ჩემი გეშინიათ. რატომ? - გაწელილად მკითხა.
მიკვირდა, ასე კარგად რომ საუბრობდა ქართულად, თითქოს მთელი ცხოვრება საქართველოში გაეტარებინოს.
- თვითმფრინავში რომ გელაპარაკეთ, იმან ხომ არ შეგაშინათ? - ულამაზესი მამაკაცური ტუჩებით დამცინავად შემომღიმა, - ახლა, ცოტა რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ ზედმეტად მკაცრად მოგექეცით. - შემდეგ რამდენიმეწამიანი პაუზა გააკეთა და გააგრძელა, - არ ვიცი და არც მინდა ვიცოდე, საიდან და რა გზით შოულობთ ფულს, მაგრამ როგორც გინდა იყოს, არა მგონია იმ ქალების რიცხვს მიეკუთვნებოდეთ, ვინც ცუდი რეპუტაციით სარგებლობს. ასე რომ, ამით დავამთავროთ.
- კი მაგრამ, რატომ გადაწყვიტეთ უცებ, რომ მე ისეთი… ისეთი არ ვარ, როგორიც აქამდე გეგონეთ? - დავინტერესდი, თან თვალი თვალში გავუყარე და დაჟინებით მივაცქერდი.
- მოდი, ასე ვთქვათ. მე არც ისე ცოტა ქალი მინახავს ცხოვრებაში. ამიტომ ბოზების გამოცნობა ადვილად შემიძლია. - მშრალად ამიხსნა, - თქვენ კი აშკარად არ მოიაზრებით მაგათ კატეგორიაში.
ავილეწე. გამახსენდა, როგორ შემეშინდა, საკუთარ ბინაში კედელს რომ ამაკრა და კინაღამ ძალა იხმარა.
- მით უფრო, რომ აი, სწორედ ეს არ შეუძლიათ, - რბილად ჩაიდუდუნა და საჩვენებელი თითი სათუთად ჩამოუსვა ჩემს აწითლებულ ლოყას.
ამ მსუბუქი შეხებისგან ჩემი მოღალატე სხეული ისე შეცახცახდა, რომ ეგრევე უკან გადავიწიე.
- ორეოს, ორეოს, - ჩაიჩურჩულა ლუკასმა, თან ჩემი სახის ყოველ ნაკვთს შენელებული მზერით ათვალიერებდა. ამან ისე იმოქმედა, უეცრად ეს პატარა ეზო ჩემთვის საშიშად ინტიმურ ადგილად გადაიქცა.
- რას ნიშნავს ეს თქვენი "ორეოსი"? - შევეკითხე, თან ისეთი სახე მივიღე, თითქოს სრულიად მშვიდად ვიყავი და არაფრის მეშინოდა, თუმცა ფუჟერი ნერვული მოძრაობით მივიტანე ტუჩებთან და რამდენიმე ყლუპი კოქტეილი მოვსვი.
- "ორეოს"? კარგი რა. დარწმუნებული ვარ, თქვენ უკვე ბევრჯერ მოგისმენიათ ეს სიტყვა. -მიპასუხა, - ვერ დავიჯერებ, რომ გეორგიოსს თქვენთვის ამ სიტყვით არ მოუმართავს. ნუთუ არ უთქვამს, როგორი ლამაზი ხართ და როგორ ატყვევებთ კაცებს მაგ თქვენი მაცდუნებელი ნაცრისფერი თვალებით, რომელსაც ხან შემალავთ წამწამებს შიგნით, ხან კი ისე გამოაჩენთ, კაცს ჭკუას დააკარგვინებთ? ან თქვენი ტუჩები როგორ…
- თქვენ რა, სიყვარულს მიხსნით, ლუკას? - ახლა მე ჩამეცინა.
- ვა! რა პროგრესია! პირველად მომმართეთ სახელით. თურმე არც ისე ძნელი ყოფილა, არა? - შენიშნა და თბილად გაიღიმა.
მე პირველად მოვიხსენიე სახელით, მან კი დაცინვის გარეშე პირველად გამიღიმა, თითქოს რაღაც შეიცვალა მასში.
ღამის შუქზე მისი გარუჯული სახე გამორჩეულად ლამაზი ჩანდა, გაღიმებისას კი ჩაწიკწიკებული თეთრი კბილები თითქოს უელავდა.
ადგომა დავაპირე, წამოვიწიე და უცებ ხელი გავკარი ფუჟერს, რომელიც იმწამსვე გადავარდა მაგიდიდან, მიწაზე დაეცა და წვრილ კრისტალებად დაიშალა.
- ვაიმე, ბოდიში! - ფეხზე წამომხტარმა წამოვიყვირე და ტავერნის შეთეთრებულ კედელს მივეყრდენი, რომელსაც დღის ხვატის სითბო ჯერაც შეენარჩუნებინა.
ლუკასმა მშვიდად შეკეცა გაშხლართული ფეხები და წამოდგა, თან თვალს არ მაცილებდა.
- ასე რატომ აჩქარდით, ლამაზო მტრედო? - შემპარავად მკითხა და სამტრედეებისკენ გაიხედა. მერე მომიახლოვდა და ნიკაპი ორი თითით ისე ამიწია, რომ მისთვის შემეხედა. მეორე ხელი კი ზურგს უკან შემიცურა, - ჩემი აზრით, დიდ სიამოვნებას განიჭებთ, როცა ისმენთ, როგორ მოსწონხართ კაცებს და რა ადვილად შეგიძლიათ მათი საწყალი გულების დაპყრობა.
ის თან ლაპარაკობდა, თან ხელს ნელა დააცოცებდა ჩემს ზურგზე. მერე მოულოდნელად ისე ჩამბღუჯა ცალი ხელით, რომ მთელი სხეულით მომეკრო. ახლა ისე ახლოს იყო ჩემთან, მისი სხეულის გამაბრუებელი სურნელიც კი ვიგრძენი.
- თუ ზიზღს უფრო განიცდით ჩემ მიმართ?
მის ძლიერ სხეულსა და კედელს შუა ვიყავი გახიდული, გარხევის საშუალება არ მქონდა. ოდნავ მაინც რომ შევრხეულიყავი, ვიცოდი, უფრო მჭიდროდ მოვემწყვდეოდი მის მკლავებში.
- წინააღმდეგობებით სავსე გოგო ხართ. ეს რა, თამაშის ნაწილია? მორცხვი მიამიტობა ჭკვიანური გზაა იმისთვის, რომ მამაკაცი სადავით დაიჭიროთ და მუდმივ დაძაბულობაში ამყოფოთ? უნდა გითხრათ, რომ უფსკრულის პირას დგახართ, მაგრამ მე სწორედ ეს მიზიდავს. ძალიან მიზიდავს, - დასძინა და თითი ნაზად გადაატარა ჩემს აკანკალებულ ტუჩებზე.
- თუ შეიძლება… გთხოვთ, გამიშვით, - დაკრუნჩხულმა ჩურჩულით წარმოვთქვი. ვგრძნობდი, სისხლი როგორი შხუილით ჩამოედინა ჩემი სახიდან და პირდაპირ მუცლისკენ დაიძრა, თან ისეთი ნეტარებით მავსებდა, მანამდე წარმოდგენაც რომ არ მქონია.
ამ იდუმალმა უცხოელმა ზემოდან დამხედა და აშკარა გახდა, მასაც როგორ დარია ხელი ვნებამ. ისე მიყურებდა, მეგონა, სუნთქვა შეწყვიტა.
ლუკასმა თავი დახარა და ტუჩებით ნაზად შეეხო ჩემს კისერს, მერე ყურის ბიბილოს. აღგზნების მსუბუქმა ცახცახმა მოიცვა ჩემი სხეული და ყველა უჯრედი თითქოს ახალი სიცოცხლით შემევსო. უმწეოდ ვცდილობდი გამეკონტროლებინა საკუთარი გრძნობები, ჩამეხშო ვნება, რომელიც დაფერფვლით მემუქრებოდა. მხოლოდ ერთი რამ მიკვირდა - თუ თავისი დისშვილისთვის მივყავდი, ასე რატომ მექცეოდა? ნუთუ მომატყუა და მაინც ზნედაცემულ ქალად მთვლიდა?
ამასობაში უფრო და უფრო მეცლებოდა წინააღმდეგობის გაწევის ძალა.
- არ გინდათ, - უღონოდ დავიჩურჩულე, თუმცა თავად ინსტინქტურად ვეკვროდი მის მკერდს.
ლუკასი თავისი ვეება ხელით სწორედ იმ ადგილებში მეფერებოდა ზურგზე, სადაც ჩემს სხეულს სურდა, რიტმულად განმიზიდავდა და მიმიზიდავდა, რითაც თანდათანობით ძლევდა ჩემს სუსტ წინააღმდეგობას. ბოლოს თავის ტუჩებში მოიმწყვდია ჩემი ტუჩები და ღრმა, დამდაგველი კოცნით დამაკვდა. მეგონა, სული ამომაცალა. ლაპარაკი არ შემეძლო, ამიტომ მხოლოდ დავიკვნესე, ყრუდ, ვნებიანად. თავის არეში ტკივილი მიყუჩდა და აზროვნების ყოველგვარი უნარი დავკარგე. უმწეოდ ვფართხალებში მამაკაცის მკლავებში და ვხვდებოდი, რომ ჩემში ყველა შეგრძნება უკიდურესობამდე იყო გამძაფრებული.
უცებ ვერც გავიაზრე, ხელი რომ გამიშვა და ჩემს აცახცახებულ სხეულს ძლივს ვაკავებდი.
მან თავი ასწია და თვალებმოჭული შემპარავი მზერით დამაცქერდა.
გაგრძელება იქნება