არ ვიცი, რამდენ ხანს დავყავი ასე. მოულოდნელად უკნიდან მომეახლა ვეებერთელა, შეუბრალებლად ცივი ლანდი, რომელმაც მზე დამიჩრდილა. მინდოდა საერთოდ არ შემეხედა მისთვის. მინდოდა უკანმოუხედავად გავქცეულიყავი, გავქცეულიყავი მთელი სისწრაფით, მაგრამ ფეხები არ მემორჩილებოდა - ამ საძაგელ ურჩხულს რაღაც უცნაური ზემოქმედების ძალა გააჩნდა. ლანდი სადაცაა, დამეწეოდა, უკვე თათებს იწვდიდა ჩემკენ…
მე კი… სწორედ ამ მომენტში ოფლში გახვითქულს გამეღვიძა. კოშმარი იმდენად საგრძნობი იყო, რომ შიშისგან დათრგუნულმა შევკივლე კიდევაც. უეცრად ზურგს უკნიდან ჩრდილი მართლა დამეცა. მოვიხედე და ლუკასის მუქი ფიგურა შემრჩა ხელთ. გული ამოვარდნაზე მქონდა.
- დამშვიდდით, - თქვა მან, - უბრალოდ, ცუდი სიზმარი ნახეთ. ყველაფერი რიგზეა.
შეცბუნებული მივაჩერდი ლამაზ თვალებში და წამით, სანამ კვლავ თავის ჩვეულ ცინიკურ ნიღაბს მოირგებდა, მათში უცნაური გამომეტყველება შევნიშნე. მისმა მზერამ უფრო მეტად შემაშინა, ვიდრე კოშმარმა, რადგან აშკარად წავიკითხე მასში დაუფარავი სურვილი და კიდევ რაღაც, რაც არასდროს შემიმჩნევია სხვა ადამიანების სახეზე - ტკივილად გადაქცეული სევდა.
- ჰაეროვანი აბაზანების მიღების შემდეგ ყოველთვის ასე გამოფენთ საკუთარ თავს სხვების მოსაწონებლად? - აივნის კარის ზღუდეს უდარდელად მიყრდნობილი ლუკასი თვალს არ აშორებდა ყურეს. თითქოს მე კი არა, ზღვას ელაპარაკებოდა.
კოშმარისგან საბოლოოდ გათავისუფლებული ავდექი და შემკრთალმა ვეება პირსახოცი უფრო მჭიდროდ შემოვიხვიე.
- არავის წინაშე არ ვიწონებ თავს. სხვათა შორის, აქ არც არავინაა, - გამომწვევად ვესროლე სიტყვები მის შიშველ ზურგს. იგი მკვეთრად შემობრუნდა და მწველი მზერა მომაპყრო.
- კი მაგრამ, მე? თქვენი აზრით, მე მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფი ვარ? - ირონიულად მკითხა და თავიდან ფეხებამდე ჩამათვალიერა.
ისე უხერხულად ვიგრძენი თავი, თითქოს მის წინაშე შიშველი ვმდგარიყავი. ლოყები შემეფაკლა.
- თქვენ არ ითვლებით! - მივახალე მისი ამპარტავნობითა და ყოყოჩობით თავგაბეზრებულმა. ჩემდა გასაკვირად, უცებ გაუქრა სახიდან დამცინავი გამომეტყველება, რამაც საოცარი კმაყოფილება მომგვარა.
ლუკასი ნელა დაიძრა ჩემკენ.
- ესე იგი, მე არ ვითვლები? - ხმა საეჭვოდ შეურბილდა. - ხომ არ შეგვემოწმებინა?
შევეცადე, გვერდიდან გავსხლტომოდი, მაგრამ უკვე გვიან იყო. ხელი მტაცა და ისე ძლიერად მოუჭირა ჩემს თხელ მაჯებს, ცოტა ხანში უეჭველად დამილურჯებოდა. ისევ გავიბრძოლე, იქნებ გავექცე-მეთქი, მაგრამ სწორედ ამ დროს ჩემმა პირსახოცმა ჩამოცურება დაიწყო, ამიტომ მაშინვე შევწყვიტე წინააღმდეგობის გაწევა. მწარედ ვნანობდი ჩემს სიტყვებს, რადგან სასტიკად მეშინოდა იმ რისხვის, მასში რომ გავაღვიძე. უეცრად ჩემ წინ კოშკივით წამოიმართა, თავისი ფართო მხრებით მზე გადაფარა და სახე ღრუბელზე უფრო რუხი გაუხდა.
- ერთხელ უკვე გაგაფრთხილეთ, კლანჭები არ გამოაჩინოთ-მეთქი, - პირქუშად წარმოთქვა და მხრებში მსუბუქად შემაჯანჯღარა.
- მეტკინა, - ძლივს გასაგონად ჩავიჩურჩულე. მისი სიახლოვის გამო თავს ვეღარ ვაკონტროლებდი. ამასობაში პირსახოცი კიდევ უფრო ქვევით ჩამოცურდა და მკერდი ნახევრად მომიშიშვლდა. უნებლიეთ მის პერანგს შევეხე და სხეულში თითქოს დენმა დამიარა.
- გთხოვთ, ლუკას… არ გინდათ…
- თვითონ არ გინდოდათ ეს? ასე არ არის? ხომ იცოდით, რომ მოვიდოდი? - ხმა დაუბოხდა, - ხომ გაგაფრთხილეთ, ჩემთან ხუმრობა არ გაგივათ-მეთქი?
პირსახოცმა ვარდნა განაგრძო და ახლა მხოლოდ თეძოებზე შემომრჩა.
მამაკაცის მზერა ხარბად დასრიალებდა ჩემი სხეულის თითოეულ მონაკვეთზე, რაც ისეთ შეგრძნებას მიჩენდა, რომ თვალებით კი არა, ხელებით მეხებოდა.
ამ დროს, სრულიად მოულოდნელად, ჩემი მაჯები განზე გასწია და ხელები მხრების სიგანეზე გამაშლევინა. ლამის დედიშობილა, სრულიად დაუცველი ვიდექი მისი მზერის არეალში.
- ახლა კი ვნახოთ, რას გვთავაზობენ… - ორაზროვანი კმაყოფილებით წარმოთქვა.
ისე შემრცხვა, ასე დგომას სიკვდილი მერჩივნა. დამცირებული და თავმოყვარეობაშელახული ვერაფერს ვხედავდი, თვალთ დამიბნელდა. როგორც ჩანს, მანაც შენიშნა ეს და გამომეტყველება მსწრაფლ შეეცვალა.
- ვერ გამიგია, სინამდვილეში რა გემართება! - შენობით მომმართა, უცებ მიმიზიდა თავისკენ, პირსახოცი მომაშორა და ხელის ერთი მოქნევით აცახცახებულ მხრებზე მომაფარა.
რამდენიმე წამის განმავლობაში გაუნძრევლად ვიდექით. მესმოდა არა მხოლოდ მისი დაძაბული სუნთქვა, არამედ გულის გამალებული ფეთქვაც, თითქოს ჩემი სიახლოვით აზარტში შედიოდა.
- მაიძულებ, თავი ცხოველად ვიგრძნო, - ჩახლეჩილი ხმით ჩაიდუდუნა ჩემს აწეწილ თმაში. მეგონა კრუნჩხვამ მომიარა, ისე დავიგრიხე და მის მკლავებს თავი ძლივძლივობით დავაღწიე.
- მე მსგავსი არაფერი გამიკეთებია. ეს თქვენ იქცევით ასე, ყოველთვის თქვენ! -ასლუკუნებულმა მივუგე, - რატომ თავს არ დამანებებთ? - ამის გაგონებაზე სახეზე რაღაცნაირი ველური გამომეტყველება აღებეჭდა, - კოშმარი რომ მესიზმრა, ესეც თქვენი ბრალია!
მისი გაკვირვებული მზერის კორიანტელში სავარძელზე დავეხეთქე და კვლავ პირსახოცში გავეხვიე.
- ისე, მე უნდა მცოდნოდა, როგორ იქცევიან ქალები ასეთ სიტუაციაში, მაგრამ შენ დამაბნიე, - თქვა მან მშვიდად და ისეთი ძალით მოუჭირა თითები სავარძლის სახელურებს, რომ ნუნები გაუთეთრდა, - შენს კოშმარში მე რანაირად ვარ დამნაშავე? ეს როგორ გავიგო?
- იმნაირად, რომ მსგავსი სიზმარი წლებია აღარ მინახავს, - ავუხსენი აკანკალებული ხმით, მაგრამ როცა გავაცნობიერე, რომ საფრთხეს ჯერაც არ ჩაევლო, გადავწყვიტე, ნაკლები მელაპარაკა.
- ხშირად გესიზმრება ასეთი კოშმარები? - მკითხა ლუკასმა, თან გამჭოლ მზერას არ მაშორებდა, - რატომ გესიზმრება? რა არის მიზეზი? ახალგაზრდა ქალს არ უნდა ესიზმრებოდეს საშინელებები, თუ ამის მიზეზი არ არსებობს.
ვცდილობდი მზერა ამერიდებინა მისი მომხიბლავი თვალებისთვის და წინ გადავიხარე, რათა ჩემი ქერა თმის ბულულებში ჩავმალულიყავი.
- მიზეზი არსებობდა, - ფრთხილად დავეთანხმე და წამოვდექი, თუმცა საუბარი აღარ გამიგრძელებია.
ლუკასს დაჭიმულმა ავუარე გვერდი და ოთახში შესვლა დავაპირე, მაგრამ მისმა მკაცრმა ხმამ მახვილივით გაჭრა ჰაერი:
- დაჯექი, თუ შეიძლება! მოდი, ვილაპარაკოთ!
- არ შემიძლია. - ვიგრძენი, რომ მეტს ვეღარ გავუძლებდი, საკუთარი დაუცველობის წონა გავაცნობიერე და რომ არ დავცემულიყავი, თითებით კარის სახელურს ჩავაფრინდი.
როგორ უნდა ავუხსნა მას, რომ მშობლების ტრიგიკული დაღუპვის შემდეგ ეს სიზმარი წლების მანძილზე მაწუხებდა? მით უფრო, რომ მას მამაჩემი ცოცხალი ჰგონია. მე ხომ ვითომ გვანცა ვარ და არა ნაკა.
- გთხოვთ, ლუკას, მართლა არ შემიძლია.
- არა, შეგიძლია! მაგარ ინტერესში ჩავვარდი, ამიტომ აუცილებლად უნდა გავარკვიო, ასე რა გაშინებს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ პიროვნების გაორება გჭირს და მინდა ვიცოდე, რატომ, - უმოწყალოდ დაასრულა.
- ახლა მე ჩრდილი მჭირდება. მზემ ძალიან დამაჭირა და თავბრუსხვევა დამეწყო, - რაც შეიძლებოდა მოვისაწყლე თავი.
ლუკასმა ჩემს აწითლებულ მხრებს შეხედა, მე კი მისი მზერისგან ჩემი დამემართა. ისეთი ძაგძაგი გამდიოდა, თითქოს შუა ზამთარი იყო და მინუს ცამეტ გრადუს ყინვაში ვითოშებოდი, მიუხედავად იმისა, რომ მზე მწვავდა, - ძალიან გთხოვთ!
მან ხანგრძლივი მზერა მიმოატარა ჩემს სახეზე, მერე ხელი ჩამკიდა და გრილ საძინებელში თვითონ შემიყვანა. როგორც კი საძინებელში ამოვყავი თავი, ელეგანტურ ლარნაკში მოთავსებული ყვავილების ნაზი სურნელი მეცა.
- სრულიად გადამავიწყდა, რომ ქართველ გოგოებს ნაზი კანი აქვთ. გარდა ამისა, შენ ჯერაც არ მომჯობინებულხარ. ვარდოს ვეტყვი და ლანჩს აქ მოგიტანს. მერე კი დაისვენე. რვისთვის დაბლა ჩამოდი, ერთად ვივახშმოთ.
იგი ნელა გატრიალდა კარისკენ და სახელური ჩამოსწია თუ არა, შემობრუნდა, - ჩემს შეკითხვებს აწი ასე ადვილად ვერ აუვლი გვერდს, ქალბატონო. მე რაღაც პასუხები მჭირდება და ისინი აუცილებლად უნდა მივიღო. თან რაც მალე, მით უკეთესი. რა ვქნა, მოუთმენელი ვარ. შენ წარმოიდგინე, ჩემშიც ჭარბად ჩქეფს ქართული სისხლი.
მისი გამომცდელი მზერით შემკრთალმა თვალები დავხარე და შევტრიალდი, თან ნერვიულად ვუსვამდი თითებს ბერძენი ქალის დახვეწილ ფაიფურის ფიგურას.
- როგორც ჩანს, ეს შენ იპოზიორე ამ ქანდაკების ჩამოსხმისას.
გაოგნებულმა ავწიე თავი და მივაჩერდი. მისი ცისფერი თვალების სიღრმეში რაღაცნაირი იდუმალი ნაპერწკალი გაკრთა.
- ფითქინა უკარება თუ დაუნდობელი მეძავი? დიახ, დიახ, შენთან მალე სერიოზული საუბარი მექნება. - ამ სიტყვებით კარი ზურგს უკან ფრთხილად გაიხურა და ერთიანად შეძრწუნებული მარტო დამტოვა.
მის ბოლო სიტყვებში აშკარა მუქარა შეინიშნებოდა…
მსუბუქი ლანჩის შემდეგ გადავწყვიტე, ცოტა გამესეირნა, რადგან საშინლად აღგზნებულს დაძინების თავი არ მქონდა. ყვავილებით მოჩითული გრძელი ქვედაბოლო ჩავიცვი, უბრალო თეთრი ბლუზა და ჩემი ფერფლისფერი თმა ცხენის კუდივით შევიკარი კინკრიხოზე. და არანაირი კოსმეტიკა.
სახლი იმხელა იყო, დავიშოკე. დიდი სახლები საქართველოშიც ბევრი მენახა, მაგრამ ეს რაღაც განსაკუთრებული გახლდათ. ანტიკური ხანის სასახლეს ჰგავდა. წინიდან ორმხრივი კიბე ჰქონდა, ერთი მარჯვნიდან ჩამოდიოდა, მეორე მარცხნიდან და რკალს ქმნიდა. პრიალა რიკულები და მოაჯირი ჰქონდა, სურვილი გაგიჩნდებოდა ჩამოსრიალებულიყავი. პირველი სართული ერთ დიდ დარბაზს ეკავა და თეთრი კედლების გასწვრივ დაახლოებით ადამიანის სიმაღლის ლამაზად მოხატული ლარნაკები ჩაემწკრივებინათ. თითოეულში კი უჩვეულო მცენარეები იყო ჩარგული. ასე რომ, მთელი კედელი მწვანეში გახლდათ ჩაფლული.
შუშის მაღალმა კარმა ბაღში გამიყვანა. კატები ჯერ კიდევ ნებივრობდნენ ჩამავალი მზის სხივებით გამთბარ მიწაზე და ჩემ მიახლოებაზე ზარმაცად აქნევდნენ კუდებს.
- ვიცოდი, რომ ჩემს რჩევას არ გაითვალისწინებდით და უარს იტყოდით სიესტაზე.
იმდენად მოულოდნელი იყო მისი ხმის გაგონება, შემკრთალი შევჩერდი და მიმოვიხედე. ლუკასი ფორთოხლის ხის ძირში იდგა ნარინჯისფერი შორტით, წელზემოთ შიშველი, ირგვლივ კი ძაღლები შემოეკრიბა.
არ ვუპასუხე. მზერა ავარიდე და განზე გავიხედე. არ ვუპასუხე იმიტომ, რომ ასე შილიფად ჩაცმულს პირველად ვხედავდი, რაც უფრო გამოკვეთდა მის ათლეტურ სხეულს, რამაც ადგილზე გამაქვავა. ფეხები ზომაზე მეტად ბალნიანი ჰქონდა, რაც არასდროს მომწონდა მამაკაცებში. გარუჯულ კანზე ერთადერთი თეთრი ლაქა ნაიარევი იყო.
- რა, ვერ გაიგეთ, რა გითხარით? თუ თქვენთვის უცხოა სიტყვა სიესტა?
როგორც ჩანს, მთლად შტერი ვგონივარ ამ კაცს! ჰმ…
- არა, არ არის უცხო, მაგრამ არ მჩვევია ასეთ დროს დაძინება. - მივუგე, თან თვალს არ ვაშორებდი მის მუცელზე დარჩენილ უსწორმასწორო ნაიარევს.
- ამას უყურებთ? ოოო, ეს ახალგაზრდობის ცელქობის შედეგია. ერთმა ქალბატონმა არ მითხრა, რომ გათხოვილი იყო. ეს მხოლოდ მაშინ გაახსენდა, როცა მისი ქმარი დანით ხელში თავზე წამოგვადგა.
მოჯადოებულივით შევცქეროდი. მისი გრძელი წამწამები დამცინავად შეირხა.
- ვშიშობ, წესიერი ცოდვილი ვარ, - გაიხუმრა მან, - როგორც ჩანს, ასეთ რამეებში ერთმანეთს ვგავართ, არა?
სიბრაზისგან სისხლმა სახეში ამასხა და სწრაფად მოვაცილე მზერა, თუმცა წავბორძიკდი და შემთხვევით კატის კუდს დავადგი ფეხი. ბრიტანული ცისფერი ჩხავილით წამოხტა და გაიქცა.
ღმერთო ჩემო, რატომ ვბრაზდები ასე? სანამ უნდა მივიტანო მისი დამცირებები გულთან ახლოს? არ ჯობია დავიკიდო? ის ხომ მე სინამდვილეში არ მიცნობს. მას, უბრალოდ, გვანცა ვგონივარ.
- მოდით, დამეწვიეთ, - ღიმილით წარმოთქვა მან და ფორთოხლის ხშირფოთლიანი ტოტი გადასწია. გამოჩნდა პატარა მაგიდა, რომელზეც ღვინის ბოთლი და ორი ბროლის ბოკალი იდგა.
- ორი ბოკალი? - გაოცებულმა აქეთ-იქით გავიხედე. ბაღში ჩვენ გარდა არავინ იყო.
გაგრძელება იქნება