ტყუილის ილუზია - თავი 15 - Marao

ტყუილის ილუზია - თავი 15

2022-04-20 10:06:13+04:00


წინა თავი

ჩემს გულს ისეთი ბაგაბუგი გაჰქონდა, მეგონა, ბაღშიც კი ისმოდა. ის ისეთი შორეული იყო ჩემთვის, ისეთი მკაცრი, რომ სრულიად უცხოდ მეჩვენა. ამწუთას სრულებით არ ჰგავდა იმ ადამიანს, რომელთანაც გუშინ მთელი დღე გავატარე…

- ცდები! - ცივად მივუგე და და ჯიქურ მივაჩერდი, თან დავაკვირდი, რომელი ადრე დაახამხამებდა წამწამებს, თითქოს ამას რაიმე მნიშვნელობა ჰქონდა.

- მე კი ასე მომეჩვენა, - გადაწყვიტა, თავისი გაეტანა, თან მზერით სულში ჩამიძვრა.

არც ის ახამხამებდა წამწამებს და არც მე, მაგრამ ბოლოს თვალები ამეწვა და იძულებული გავხდი, დამეხამხამებინა. ნეტავ რას ვეჯიბრებოდი?

- ტყუილად მოგეჩვენა. არაფერი უცნაური ჩემს ნათქვამში არ ყოფილა. საერთოდ, ის, ვინც სხვის საუბარს ყურს უგდებს, თანაც მიყურადებით, სრულად ვერასდროს გამოიტანს დასკვნას, სინამდვილეში რაზე იყო ლაპარაკი, - კი ვთქვი, მაგრამ მე თვითონ შემეშინდა ჩემი თავხედობის.

გვანცას არ ვუყურებდი, თუმცა ირიბი მზერით შევამჩნიე, როგორ შეეცვალა სახე აღტაცებიდან სრულ შიშამდე.

- მართლა? - ბოროტად წამოიძახა ლუკასმა და სავარძლიდან ისე წამოიმართა, მტაცებლური მზერა არ მოუშორებია ჩემთვის, - შენი მორალის გაკვეთილები არ მჭირდება!

მერე უეცრად გვანცას მიუტრიალდა, ეს უკანასკნელი კი აცახცახებული აივანს მიეკრო და მოაჯირს ორივე ხელით ჩააფრინდა.

- ახლავე დაბლა ჩადი! - უბრძანა, - გეორგიოსი უკვე ჩემს კაბინეტშია. შენც იქ დამელოდე!

გათეთრებული გოგო მაშინვე ადგილს მოსწყდა და გავარდა. ჩემკენ არც კი გამოუხედავს.

- რაც შეგეხება შენ, - ამჯერად მშვიდად და ხმადაბლა გააგრძელა, - ჩემ დაბრუნებას დაელოდები. ახლა მაინც მოგიწევს ჩემს ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა, პატარა მატყუარავ! აბა, გაბედე და არ დამხვდე!

სიამოვნებით აღსავსემ გავხედე, თუმცა შექმნილი გარემოება სულაც არ მიწყობდა ამისთვის ხელს. მის იმპერიულობაში იყო რაღაც მიმზიდველი, ისეთი, რომ შეწინააღმდეგების სურვილი არ გამჩენია. უკან რომ დავებრუნებინე, საქართველოში, როგორც წუხელ შემპირდა, თან ისე, არ ვენახე, კიდევ ერთხელ დავიტანჯებოდი და არა მხოლოდ დღე, სავარაუდოდ, კოშმარული ღამეებიც არ ამცდებოდა. ამის გაფიქრებაზე აზროვნების უნარი მეკარგებოდა.

ის გატრიალდა, მაგრამ სანამ გვერდით ჩამივლიდა, წამით შეყოვნდა, თითებით ჩემს ჩაშავებულ თვალის უპეებს შეეხო და ჩაილაპარაკა:

- კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანსო. ვერც ტყუილი…

მისმა ხმამ ცივად და დამცინავად გაიჟღერა, მაგრამ შეხება უჩვეულოდ ნაზი იყო… მეც იმწამსვე ფეხზე წამოვიჭერი და გაბედულად ჩავხედე უძირო ნაცრისფერ თვალებში.

არ ვიცი, რა მოხდა ჩემში. შიში სრულიად გამიქრა. მოსახდენი უკვე მოხდა. მეტი რაღა უნდა დაეშავებინა? თუ ისევ გამლანძღავდა, ალბათ, ისე მტკივნეული ვეღარ იქნებოდა. უკვე მერამდენედ ვიწვნიე ეს და ლამის შევეჩვიე. წუხანდელი ღამე კი ნამდვილი კულმინაცია იყო, შეურაცხყოფის პიკი. სახლიდანაც, ფაქტობრივად, გამაგდო. რაღა დარჩა? ხელს ხომ არ გამარტყამდა? ამის გაფიქრებაც კი ამაზრზენი იყო. მაშინვე უკუვაგდე ეს აზრი. არა, ამას არ იკადრებს! ამას ვერ იზამს! რაღაც კარგიც ხომ ყოფილა ჩვენ შორის?

ხელი ჩავიქნიე, რაც იქნება, იქნება-მეთქი, პირსახოცს ხელი დავავლე და სააბაზანოს მივაშურე. სულ ღიღინ-ღიღინით ვიბანავე, რათა დაძაბულობა მომეხსნა. მერე თეთრი კაბა ჩავიცვი, თვალები მსუბუქად დავიხატე და თმა ჩამოვიშალე, უფრო ადვილად რომ გამშრობოდა.

მზე ბოლომდე ამოიწვერა, თეთრი ბურთივით გაწვა ცის კაბადონზე და დილის სიცივე განდევნა.

კვლავ აივანზე გავედი და ლუკასის მოსვლას დაველოდე, თუმცა ამწუთას მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, როგორ მომეხელთებინა სალაპარაკოდ ლეილა. მინდოდა მისთვის ყველაფერი ამეხსნა. მას არ უნდა დარჩენოდა ჩემზე ცუდი შთაბეჭდილება. ძალიან მინდოდა მისი ნახვა, მაგრამ ადგილიდან არ ვიძროდი. ლუკასს აქ რომ არ დავხვედროდი, გაცოფდებოდა, ეს კი ნამდვილად არ წაადგებოდა ჩემს მდგომარეობაში მყოფ ადამიანს.

ბაღიდან ყვავილების საამო სურნელი ამოდიოდა. სადღაც კრაზანების ზუზუნიც ისმოდა. ცოტა არ იყოს, შემშურდა მათი, ნებისმიერ დროს ნებისმიერი მიმართულებით გაფრენა რომ შეეძლოთ.

- ნეტავ მეც შემეძლოს, - ჩურჩულით ამოვთქვი, - ეგრევე მზეს მივაშურებდი…

რამდენიმე წუთის შემდეგ გავიგონე, როგორ შემოაღო ლუკასმა ჩემი საძინებლის კარი. თუმცა, როგორც ყოველთვის, უხმაუროდ მოძრაობდა, როგორც ლეოპარდი. ხომ ვთქვი, შიში დავძლიე და დაძაბულობაც მომეხსნა-მეთქი, მაგრამ როგორც კი მისი ნაბიჯების ხმა ჩემს სმენას მოსწვდა, ეგრევე დამეჭიმა სხეული.

- მარტო რატომ ცხოვრობ ეგეთ ბინაში? - გამოსული არ იყო აივანზე, კითხვა რომ დამისვა.

იმდენად დამაბნია მისმა შეკითხვამ, სულელივით ავხედე, აზრებს თავი ვერ მოვუყარე. მე უფრო სერიოზული საუბრისთვის ვემზადებოდი, ისევ ცინიზმით სავსე დაცინვისთვის, მისი მშვიდი ტონი კი სიმშვიდისკენ მიბიძგებდა.

- ისეთი თვალებით მიყურებ, თითქოს შიშისგან სული გძვრება, - აუღელვებლად კი ლაპარაკობდა, მაგრამ მის ხმაში უკვე შეინიშნებოდა გაღიზიანების ნოტები, - აბა? პასუხს ველოდები, რაღაც იგვიანებს.

- უბრალო მიზეზის გამო. მინდოდა რაღაც ისეთი, რაც ჩემი იქნებოდა, რასაც ჩემი საკუთარი ერქმეოდა, - ოდნავ აკანკალებული ხმით მივუგე, - მშობლებისგან გარკვეული თანხა დამრჩა, ასე რომ, ფინანსურ სიძნელეებს არ შევუწუხებივარ. ბიძაჩემმა შვილივით გამზარდა, ის თანხაც პატიოსნად შემინახა და როცა სრულწლოვანი გავხდი, ბინა მიყიდა.

- გვანცამ ყველაფერი მიამბო, - ისევ შეურბილდა ტონი, - მაპატიე, ბინაზე რომ გკითხე. ვხვდები, რომ ნაჩქარევი დასკვნები გამოვიტანე. მაგრამ შენც უნდა გამიგო. ხომ წარმოგიდგენია, ჩემს თვალში როგორ გამოჩნდებოდა ეგეთი ბინა. და რა თქვი? შენს უფროსთან მხოლოდ საქმიანი დამოკიდებულება გაკავშირებს?

- ჩემი უფროსი ქალია, ამიტომაც მხოლოდ საქმიანი დამოკიდებულება გვაქვს. მგონი, ერთხელ უკვე გითხარი ეს.

- მაგრამ არა მგონია, ისე გიხდიდეს, რომ ყველაფრისთვის გეყოს.

- მყოფნის, არ ვუჩივი. - უკმეხად მივუგე.

- და დავიჯერო, ასე არსებობა მოგწონს?

- გგონია, სხვა გოგოებივით მხოლოდ ფული მაინტერესებს? ჯერ ერთი, მე მოდელი არ ვარ, ამიტომ დიდებისკენ არ მივისწრაფვი. პირველსავე მამაკაცს არ ვეკიდები ყელზე მხოლოდ იმის გამო, რომ უკეთესად ვიცხოვრო. ასეთი მახინჯი სულის პატრონი არ ვარ და არც ვყოფილვარ. რაც უნდა უცნაური იყოს შენთვის, მე მომწონს ჩემი სამსახური. მართალია, ჩემი ხელფასით ფუფუნებას ვერ გავწვდები, მაგრამ მაკმაყოფილებს. ბევრს დავდივარ, მოგზაურობა მიწევს კოლექტივთან ერთად, ბევრ რამეს ვხედავ, ვხვდები საინტერესო ადამიანებს. ეს კი ისაა, რაც მჭირდება.

"რაც მჭირდებოდა", - საკუთარ თავს შევუსწორე გულში, რადგან უკვე აღარ ვმუშაობდი.

მისი სახე არც სიბრაზეს გამოხატავდა და არც კმაყოფილებას. არაფერს. სრულიად გულგრილი გამომეტყველებით იდგა. ერთი სული მქონდა, როდის დაჯდებოდა.

- მაშინ შენი თავი იღბლიანად უნდა ჩათვალო. დღეს ძალიან ცოტა ადამიანია თავისი ბედით კმაყოფილი.

- მეგონა, გვანცასა და გეორგიოსის ურთიერთობაზე ვისაუბრებდით, - სწრაფად გადავუხვიე თემას, რადგან შემეშინდა, მისი კომპიუტერული გონება ჩემს გრძნობებს არ ჩასწვდომოდა.

- საიდან მოიტანე?

- ეს არის ის, რასაც მნიშვნელობა აქვს, - დაღლილი ხმით წარმოვთქვი, - სწორედ მათ გამო გავები ამ ხათაბალაში.

- აა, გასაგებია. თურმე რას გულისხმობ… - სრულიად ახალი რაღაც შევამჩნიე მის სახეზე, რაც მანამდე არ მენახა და რამაც ისევ შემაშინა, - და რა უნდა გავაკეთო? მივულოცო მათ? შევაქო კარგი საქციელისთვის?

- რა თქმა უნდა, არა, - მსწრაფლ მივუგე და მისმა დამცინავმა კილომ ისე შემბოჭა, შინაგანმა ცახცახმა მომიცვა, - ისინი სულელურად მოიქცნენ. თუმცა მგონია, რომ შენ ნებისმიერ სხვაზე უკეთ გესმის, რამდენად ადვილია ახალგაზრდობაში შეცდომის დაშვება.

ვთქვი ეს და იმწუთასვე მივხვდი, რომ სერიოზულად შევცდი. ეს რამ მათქმევინა? სახიდან შეფიქრიანებული გამომეტყველება გაუქრა და ისე დამაცქერდა ზემოდან, როგორც გამომძიებელი ეჭვმიტანილს. მერე მაჯებზე უხეშად წამავლო ხელები და მაიძულა, ავმდგარიყავი.

- ვინ გითხრა ეს? - მუქარანარევი ხმით მკითხა და თვალები რისხვით აენთო, - შენ ამის არაფერი გესმის! რა უნდა იცოდეს ცხოვრებასა და სიყვარულზე გამოუცდელმა გოგომ? შენ ხომ ქაღალდისგან ნაგებ კოშკში ცხოვრობ და მხოლოდ შავსა და თეთრს არჩევ! შენ რა იცი ნამდვილი სამყარო! ის სულ სხვანაირია!

- ნუ მიყვები ზღაპრებს ნამდვილ სამყაროზე! - ხმას ავუწიე, - საკმარისად კარგად ვიცნობ რეალურ სამყაროს, ამიტომაც ვერ ვიტან! სამყარო, სადაც გალეშილ მძღოლს ერთდროულად სამი ადამიანის გატანა შეუძლია და სამი თვის შემდეგ ციხიდან მშვიდად გამოსვლა! - სუნთქვა შემეკრა, - თითო ადამიანზე თითო თვე მიესაჯა, გესმის? რატომ? იმიტომ, რომ მას ფული ჰქონდა, ფულით კი თავისუფლება იყიდა! სხვების მოსაჩვენებლად მხოლოდ სამი თვით ჩასვეს და მორჩა! - უფრო და უფრო ვუწევდი ხმას, ვლაპარაკობდი გაცხარებული და ვერაფერს ვუხერხებდი ჩემს თავს, - მიუხედავად ამისა, სიკეთის მაინც მჯერა, ეს კი ბევრად მეტია, ვიდრე ის, რაც შენ შეგიძლია! სამყარო შესაძლებელია დაავადებულია, მაგრამ ადამიანებს მაინც შეუძლიათ ფეხზე წამოდგომა. ამისთვის მხოლოდ შანსი სჭირდებათ. იცი, რამდენჯერ შემეძლო დავნებებულიყავი და შენნაირი ცინიკოსი გავმხდარიყავი? მაგრამ არ დავნებდი. ვამჯობინე, გარემოებასთან ადაპტაციისთვის სხვა გზა ამერჩია. ვიცი, პატიება ადვილი არ არის, მაგრამ ისიც ვიცი, რომ თუ ადამიანი განადგურებაზე ფიქრობს, ბოლოს თვითონვე განადგურდება. ყოველ ცუდ ადამიანზე ასი კარგი მოდის…

დავამთავრე და გავჩუმდი…

გაოგნებული ვიყავი მისი თვალების ელვარებით, აღელვებულ სახეს რომ მიხურებდა.

- ანუ გგონია, რომ ყველაფერი იცი?

მისი სიტყვები დანასავით ბასრი მეჩვენა.

- არა, - დაღლილი ხმით მივუგე და მივხვდი, რომ ჩვენ შორის აღმართულ კედელს ვერ გავანგრევდი, - როგორც ვთქვი, თითოეული ჩვენგანი თავისებურად ერგება გარემოებებს.

- მაშინ დამდე პატივი და საკუთარ საქმეებს მიხედე, - ცივად შენიშნა, - შენი თეორიები კი შენთვის შეინახე. ჩემი ფიქრები ჩემი საქმეა. თუმცა ერთ მათგანს მაინც გაგიზიარებ: მეჩვენება, რომ ეს ახალი იმიჯი სულაც არ გიხდება. არ ვიცი, რაზე შეუთანხმდი მაგ ნაჭრის თოჯინას იქ… - თავი კიბისკენ გაიქნია, - მაგრამ არ იფიქრო, რომ კიდევ შეძლებ ჩემ მოტყუებას.

- მე აქ აღარ ვიქნები და, შესაბამისად, ვერც მოგატყუებ. ასე არ არის? - ხმადაბლა წარმოვთქვი, ზურგი შევაქციე და შორეულ ბორცვებს გავხედე, - პირველი შესაძლებლობისთანავე დაგტოვებ, - უდარდელი ტონით დავამატე და თავი მოვაბრუნე, რათა თამამად შემეხედა, მაგრამ გავოცდი. შევამჩნიე მისი დაჭიმული ტუჩები და ჩრდილი, რომელმაც იმწამს სახეზე გადაურბინა.

- იქნებ სამახსოვროდ გინდა ჩემგან რამე? - ორაზროვანი ხმით მკითხა.

სანამ განზრახვას მივუხვდებოდი, უცებ შემომატრიალა და ტუჩებზე მხურვალე კოცნით დამაცხრა. მისი ოდეკოლონის ნაცნობი სურნელი ცხვირში მეცა. წინააღმდეგობას მთელი ძალით ვუწევდი, ყველა კუნთი დამეჭიმა, მაგრამ მივხვდი, რომ პირველ რიგში საკუთარ თავს ვებრძოდი და არა მას.

- შენ არ შეგიძლია ხელი მკრა, - ჩაიჩურჩულა, როცა წამით შეეშვა ჩემს ტუჩებს, - რასაც უნდა ფიქრობდე ჩემზე, მაინც გინდივარ. ხომ ასეა?

ეს განაცხადი იყო და არა შეკითხვა. მან ძლიერად მიმიხუტა, მე კი ლოლუასავით დავიწყე დნობა. ძარღვებში სისხლი ამიდუღდა.

- არ გინდა, თავი დამანებე, - ჩავიჩურჩულე აღშფოთებულმა, მაგრამ ვიგრძენი თუ არა მისი ტუჩები კისერზე, ყურის ბიბილოზე, დახუჭულ ქუთუთოებზე, მივხვდი, რომ წავაგე. როცა ისევ მოიმწყვდია ჩემი ბაგეები, ოდნავ ამოვიკვნესე და ერთიანად შემაკანკალა. მისი მზარდი სურვილი ჩემშიც გადმოიღვარა, მუხლები ამიცახცახა და იმის შიშით, წონასწორობა არ დამეკარგა, ორივე ხელით ლუკასის ფართო ზურგს ჩავაფრინდი. მამაკაცი თან ჩემი ტუჩების სიტკბოებას აგემოვნებდა, თან ფრთხილად მივყავდი საძინებლისკენ.

წელში ისე გადამზნიქა, რომ მასთან ერთად რბილ საწოლზე დავეცი. მერე სახე მხურვალე კოცნით დამიფარა და ჩემს მოცახცახე სხეულს ისე მოეფერა, როგორც გამოცდილი მუსიკოსი ვიოლინოს.

მისი ჯადოსნური ხელებისა და ტუჩების თავდასხმაში ვიზნიქებოდი, ყრუ ხმებს გამოვცემდი და სუნთქვა მეკვროდა ახალი და ახალი მწველი შეგრძნებებისგან. უცებ გაშეშდა და მის მოწკურულ თვალებში, რომლებიც ჯერ ჩემს სხეულზე, მერე კი დაჭმუჭნილ ტანსაცმელზე გადაცურდა, კითხვის შემცველი გამომეტყველება გაჩნდა.

- კიდევ გინდა წასვლა? - ჩასჩურჩულა ჩემს რბილ თმას, თან მოფერება არ შეუწყვეტია, - ნუთუ გგონია, რომ სხვასაც შეუძლია ასეთი სიამოვნების მონიჭება?!

ვნებამოძალებული შევკრთი. მეგონა, უცებ სიზმარში ამოვყავი თავი. ერთადერთი რეალობა მისი ხელები და ტუჩები იყო. ჩემ შიგნით წვის შეგრძნება იზრდებოდა და იზრდებოდა, უფრო და უფრო მტანჯველი ხდებოდა, მე კი უგონოდ ვაქნევდი თავს ხან ერთ, ხან მეორე მხარეს. ისევ ჩემს ტუჩებს მიეწება და სუნთქვა კვლავ შემეკრა. მომეჩვენა, რომ უკვე ხანძრად ქცეული შინაგანი ცეცხლი ფერფლად მაქცევდა. სულ უფრო ძალუმად მიხუტებდა თავის ვეება მკერდზე და მეც გაუთავებლად ვიმეორებდი მის სახელს, თან მის ტუჩებს დავეძებდი.

ბოლოს ცალ იდაყვზე წამოიწია და ისე დამაჩერდა. ჩემი ბინდდაკარგული თვალებით რომ შევხედე, ლამის დავიკრუსუნე, იმდენად სასურველი მეჩვენა.

- ნაკა, - დაიჩურჩულა, - მე ეს აუცილებლად უნდა ვიცოდე… შენთვის მართლა პირველი ვიქნები? - მისმა სიტყვებმა გაჭირვებით გაიარა გზა იმ გრძნობების მორევში, რომელმაც შთანმთქა, - მიპასუხე, მე პირველი ვიქნები?

ის დაჟინებით მოითხოვდა პასუხს და თანხმობის ნიშნად მეც გაბრუებულმა დავუქნიე თავი. ამწუთას მხოლოდ ბრმა სიყვარულს ვგრძნობდი, სხვას ვერაფერს.

- მაგრამ განა შემიძლია ამაში დარწმუნებული ვიყო?

ეს სიტყვები საკუთარი თავის მოძულე კაცივით წარმოთქვა, არეული საწოლიდან ლანძღვა-გინებით წამოდგა, ღრმად ამოისუნთქა და აივანზე გავიდა.

ბალიშს შევეყინე. არ მჯეროდა, რომ მიმატოვა, მაგრამ როცა ფხიზელი გონება დამიბრუნდა, რომელმაც თან სასოწარკვეთა მომიტანა, უცებ წამოვჯექი საწოლზე და აკანკალებული ხელებით კაბა გავისწორე.

როგორ უგულოდ დამცინის! - გავიფიქრე დაზაფრულმა. გამახსენდა მისი ჩურჩულით დასმული კითხვები და გული გამიჩერდა. მას, უბრალოდ, სურდა დარწმუნებულიყო, რომ გვანცამ სიმართლე უთხრა ჩემი ცხოვრების წესის შესახებ, რომ სხვა მამაკაცი არასდროს მყოლია. მაგრამ რატომ არ მოისურვა მთავარი მტკიცებულების მიღება? სახე ამეწვა. რატომ ვერ შევძელი დროზე გაჩერება? იმიტომ, რომ მის ხელში ცვილივით ვგრძნობდი თავს? ან იქნებ იმდენად გამოუცდელი ვარ, რომ ძალზე ადვილად მოსაპოვებელ ნადავლად მთვლის, რომლითაც თავის მოწონებაც კი არ ღირს? ნეტავ რა ფიქრები უტრიალებდა მაგ ცივ გონებაში?

მის ბნელ სილუეტს გავხედე თხელი ტიულის ფარდის მიღმა და თავი ისე დამცირებულად ვიგრძენი, რომ მხოლოდ ერთი რამ მსურდა _ მიწა გამსკდომოდა და თან ჩავეტანე. მან ჩემი უსაყვედურო სიყვარული ფეხებით გადათელა. თუ ტყუილის გამო ჩემი დასჯა სურდა, გამოუვიდა - ისეთ წარმატებას მიაღწია, კოშმარებშიც კი ვერ დამესიზმრებოდა. იმდენად სუსტი აღმოვჩნდი, რომ თურმე მე თვითონ დავტენე იარაღი, რომლითაც დამცხრილეს…

მთელი ჩემი გამბედაობა დამჭირდა, რათა ოთახი გადამეჭრა და ლუკასთან აივანზე გავსულიყავი. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ საზიზღარი და გამარჯვებული სახით დამხვდებოდა, მაგრამ როცა სახეაწითლებულმა ფარდა გადავწიე, უეცრად მისთვის სრულიად უჩვეულო, დაბნეულობით სავსე მზერა დავიჭირე. იგი სწრაფად შეტრიალდა.

- მაპატიე, - ჩაიჩურჩულა. - ეს დაგეგმილი არ მქონია…

- შენი არ მჯერა, - ტკივილისგან ჩამწყდარი ხმით აღმომხდა.

წარმოგიდგენიათ? სულ რაღაც ორიოდე წუთის წინ კინაღამ დავნებდი ამ უხეშ, სასტიკ მამაკაცს, რომელსაც თურმე სასტიკად ვძულვარ! ალბათ, სრულ ჭკუაზე არ ვარ! თავს ვეღარ ვცნობდი. ამწამს მხოლოდ იმის მეშინოდა, არ შემხებოდა, თორემ ზუსტად ვიცოდი, ყველაფერი თავიდან განმეორდებოდა.

- არა? აბა, რა გაიფიქრე? შენი აზრით, რა იყო ეს? - გამჭოლი მზერა მომაპყრო და მცირეოდენი პაუზის შემდეგ თავადვე განმიმარტა, - ერთგვარი შურისძიება ჩემი მოტყუებისთვის.

სახეზე ისე წამოვწითლდი, მივხვდი, რომ ამით თავი გავეცი.

ლუკასმა მოუთმენლად აიქნია ხელი.

- სანანებლად მხოლოდ ის მრჩება, რომ ჩემზე ასეთი ცუდი წარმოდგენა გქონია. ისე, რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოს, დღეს შენი უკეთ გაცნობა მინდოდა. ამიტომაც მოვიქეცი ასე, თუმცა ახლა უკვე ვხვდები, რომ ეს ყველაფერი უაზრობაა, - თქვა მან მწარედ. - რაც შეეხება გვანცას, მასთან მიმართებით სხვა არჩევანი არ მაქვს, მომიწევს მისი ოჯახში მიღება. ამიტომ ვიფიქრე, რომ თუ მთლად ჩხუბით არ დავშორდებოდით ერთმანეთს, მომავალში უფრო გაგვიადვილდებოდა. ეს კი… - თავი საძინებლისკენ გადააქნია, - ბედკრული შეცდომა იყო.

თითქოს კრუნჩხვამ მომიარა, ნერწყვი ძლივს გადავყლაპე. ეს სიტყვა საიდანღა გათხარა? "ბედკრული"… საუკუნეა, არავისგან მსმენია… შეცდომაო… უბრალოდ, შეცდომა და მეტი არაფერი! როგორ მძულდა ამწუთას!

- მე კი ეს ყველაფერი სულ სხვანაირად მომეჩვენა, - მივუგე და ჩემს ხმაში გარეული ტკივილის დამალვა არც მიცდია.

- რატომ? არც ისეთი მაღალი ფსონები იყო. არაფერიც არ მომხდარა. შენ, ალბათ, უფრო ცხელი მოლოდინები გქონდა, ხომ?

იგი თითქოს რაღაცას ელოდა ჩემგან თავისი მოქუფრული მზერით, მაგრამ რას, ვერაფრით ვერ მივუხდი.

- ასეთი რამ პირველად დამემართა, - ეს სიტყვები გაჭირვებით ამოვთქვი.

შავი წარბები გაოცებისგან მაღლა აუცოცდა და მომეჩვენა, რომ ის, უბრალოდ, მეთამაშებოდა, თანაც მხოლოდ მისთვის კარგად ნაცნობ თამაშს.

- გინდა მითხრა, რომ ოცდაერთ წლამდე ისე მოაღწიე… ოცდაერთის რომ ხარ, ეს მაინც ხომაა მართალი? - თავი დავუქნიე, - ისე იცხოვრე ოცდაერთ წლამდე, - განაგრძო დამცინავად, - რომ მთელი ეს მომხიბვლელობა საბნის ქვეშ შეინახე? ვერ დავიჯერებ.

- არ მაინტერესებს, გჯერა თუ არა, სიმართლე გითხრა, უკვე ფეხებზე მკიდია, - ძლივს მოვახერხე უხეშად წარმოთქმა, - სულაც არ ვარ ვალდებული, შენ წინაშე თავი ვიმართლო. შენ ჩემთვის ცარიელი ადგილი ხარ.

მინდოდა სტკენოდა, მინდოდა მის ცივ, დამცინავ სახეზე ოდნავ მაინც დამენახა გრძნობის რაღაც ნატამალი და როცა ჩემი სიტყვების არსმა მის გონებამდე მიაღწია, თვალებში ბოროტი ნაპერწკლები გაუკრთა.

გაგრძელება იქნება