- უნდა გელაპარაკო! - თქვა მან და ჩემს თანხმობას არც კი დაელოდა, ისე შემოვიდა ოთახში. მომეჩვენა, რომ მის პიჯაკს კარას სუნამოს სურნელი ასდიოდა.
კარი მივხურე.
- აბა? - მამაკაცი პირისპირ დამიდგა, ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და მოჭუტული თვალებით დამაკვირდა, - შენ თვითონ მეტყვი თუ სიტყვები ძალით ამოგგლიჯო პირიდან? ამიხსენი, სინამდვილეში რა ხდება?
როგორ მსიამოვნებდა, როცა ქართულად მელაპარაკებოდა. თითქოს ცა იხსნებოდა და მზე თავის სხივებს მხოლოდ მე მიშვერდა გასათბობად.
- ვერ ვხვდები, რისი თქმა გინდა, - გამომწვევად ვიცრუე და სუნამოს მძიმე სურნელისგან გულისრევა ვიგრძენი.
- მართლა? - იმდენად მაღალი იყო ჩემზე, მხოლოდ მის ნიკაპს ვხედავდი, მაგრამ ვიცოდი, როგორი გაბრაზებული მომჩერებოდა თავისი ფოლადის თვალებით, - გამოდის, ეს ყველაფერი მე გამოვიგონე? ჩემი ფანტაზიის ნაყოფია? - წამით გაჩუმდა და წარბები შეჭმუხნა, - მომისმინე, პატარავ! მანამ არ წავალ აქედან, სანამ არ მეტყვი, რატომ ცახცახებ შეშინებული კურდღელივით ყოველ ჯერზე, როცა მე დამინახავ და რატომ გამირბიხარ.
მისმა უადგილო შედარებამ ძალზე გამანაწყენა.
- კარა ამბობს, რომ ზედმეტ გულმოდგინებას იჩენ. ეს მართალია?
- არა, - მივუგე მოთმინებადაკარგულმა, - რატომ თავისთვის არ შეინახავს თავის აზრებს?
- შენ რატომ გაწიწმატდი ასე? - ხელი შავ თმაზე გადაისვა, - მას მხოლოდ შენი დახმარება უნდა.
- ოხხ! - ჩამეცინა, - ეს მისი პირველი დახმარებაა მას შემდეგ, რაც აქ გამოჩნდა! - ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე მივხვდი, რომ ამგვარი გამოხტომებით მხოლოდ თავს ვიღუპავდი.
- მომისმინე. ვხედავ, რომ რაღაც მოსვენებას გიკარგავს და უნდა ვიცოდე, კონკრეტულად რა, - მისი მოთმინება აშკარად ამოიწურა და ხმამ ვიბრირება დაიწყო, - როდესაც წავედი, მომეჩვენა, რომ ჩვენ შორის ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ აი, დავბრუნდი და…
როგორც კი გამახსენდა ის დრო, რომელზეც ამდენ იმედს ვამყარებდი, მთელი ჩემი საბრძოლო ენთუზიაზმი უსწრაფესად აორთქლდა, მაგრამ მერჩივნა მოვმკვდარიყავი, ვიდრე მის წინაშე მეღიარებინა, როგორ ვიშლებოდი ნაწილ-ნაწილ, როცა მას კარასთან ერთად ვხედავდი. ასეთ სიამოვნებას ლუკასს არასდროს მივანიჭებდი.
- მე ყველაფერი რიგზე მაქვს, - გაუცხოებულად გაისმა ჩემი ხმა, - თუ არ მინდა, რომ ჩემი ცხოვრების ყოველი წუთი შენს კომპანიაში გავატარო, ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც მჭირს. შენ, რა თქმა უნდა, მომნუსხველი ხარ, მაგრამ არა იმდენად.
- ყურებს არ ვუჯერებ! - სიბრაზისგან წამოჭარხლდა და ოდნავ დაიბნა, - კი მაგრამ, ვინ გაიძულებს ყოველი წუთი ჩემ გვერდით გაატარო?
- შენ ნამდვილად ვერა, - მივახალე ისე, რომ ლოგიკას არც დავუკვირდი. მივხვდი, რომ სისულელეს ვჩმახავდი, მაგრამ უკვე ვუკბინე და უკან ვერ დავიხევდი, - რომც გეთხოვა, მაინც უარს გეტყოდი.
- ნამდვილად? - ტუჩები ირონიულად მოკუმა. სანამ განზრახვას მივუხვდებოდი, მკლავებში მომიქცია და ტუჩებზე ვნებიანად დამაცხრა.
კარგა ხანს პარალიზებულივით ვიყავი, მაგრამ შემდეგ ველურმა რისხვამ შემიპყრო. არა! ეს აღარ განმეორდება! ამას ვინ მისცა უფლება, ამდენი დღის განმავლობაში არაფრად ჩამაგდოს და მერე ჩათვალოს, რომ რადგან ჩემი არსებობა გაახსენდა, მისი მადლიერი უნდა ვიყო და ამისთვის მკლავებში ჩავუვარდე?
თვითონაც არ ვიცი, გამწარებულს იმწუთას რამ წამომიარა. მოულოდნელად წიხლი პირდაპირ წვივში ვუთავაზე. ლუკასი ტკივილისგან დაიგრიხა, მაგრამ ამას არ შეუჩერებია. პირიქით, უფრო ძლიერად მიმიკრა მკერდზე. მაინც გავიბრძოლე. გამეტებით დავუშინე მუშტები ზურგზე. მისი ტუჩები კი ისე კბენდა ჩემსას, თითქოს მსჯიდა და რაღაც მომენტში სისხლის გემოც კი ვიგრძენი.
მხოლოდ მას შემდეგ, როცა რბილ საწოლზე მიმაწვინა და თვითონ მუხლებზე დაიჩოქა, როცა სუნთქვა არათანაბარი გაუხდა და თავზე თავისი რკინის მარწუხები მომიჭირა, მივხვდი, რომ ხალათი მხრებიდან ჩამომცურებოდა. მისი თვალების გავარვარებული მზერა ჩემს გაშოტილ სხეულზე გასრიალდა და უნებლიეთ თვალები დავხუჭე, რადგან არ მსურდა დამენახა, რა მოხდებოდა შემდეგ. ღაწვზე მარტოსული ცრემლი ჩამომიგორდა, თუმცა ხმა არ ამომიღია. ნამდვილად არ ვაპირებდი თავის დამცირებას მუდარით, დამინდე-მეთქი.
რამდენიმე გაუთავებელი წამი გაილია და ლუკასმა მტკივნეულად ამოიოხრა, მერე კი ხელი შემიშვა. ემბრიონის პოზაში მოვიკუნტე, რათა ჩემი სიშიშვლე დამემალა და თვალები დავხუჭე. მოულოდნელად ვიგრძენი, თითი როგორ შეახო ჩემს ერთადერთ კურცხალს.
- რას მიშვრები, ნაკა? - ისეთი დრტვინვით წარმოთქვა, თითქოს საკუთარი თავი შეზიზღდაო. მე ისევ არ მესმოდა მისი.
ლუკასმა ხალათი გამისწორა, საწოლზე ჩამოჯდა, მეც წამომსვა და ჩემი თავი მკერდზე მიისვენა. მისმა გულისცემამ ლამის დამაყრუა. უხერხულობისა და შიშისგან წინააღმდეგობის გაწევას ვერ ვბედავდი.
ბოლოს იგი წამოდგა და წარბშეკრულმა შემომხედა. აშკარად მიცვალებულივით ფერმიხდილი ვიყავი, რადგან ცივი ოფლი მასხამდა, აკანკალებული ტუჩებიდან კი სისხლი მდიოდა. მისი მძაღე გემო და უსიამოვნო სუნი გულს მირევდა, თუმცა თავის შეკავებას ვახერხებდი.
- ჩემი საქციელის გამო ბოდიშს არ მოგიხდი, რადგან ამით შეიძლება გაწყენინო, - თქვა მან ნელა, ტკივილით სავსე ხმით, - მხოლოდ ის შემიძლია გითხრა, რომ ძალიან ვნანობ მომხდარს და გპირდები, რომ მსგავი არაფერი აღარ განმეორდება. თუ მიგაჩნია, რომ ჯობია თბილისში დაბრუნდე, შემიძლია ხვალვე აგიღო თვითმფრინავის ბილეთი.
არც თავი ამიწევია და არც თვალები გამიხელია, ისე ჩავიჩურჩულე:
- მე სიტყვას ვასრულებ და ქორწილამდე აქ ვრჩები.
ის წავიდა, მე კი თვალები გავახილე. ოთახი ცარიელი იყო ისევე, როგორც ჩემი გული, რომელშიც ოდესღაც ლუკასის სიყვარული ცოცხლობდა. ვიცოდი, ის არასდროს მაპატიებდა ამას, არასდროს…
მეორე დილით, როდესაც ლეილამ ჩემი გასიებული ტუჩები და თვალებქვეშ მუქი მეწამული წრეები შეამჩნია, პუდრის მიღმაც რომ ჩანდა, სიტყვაც არ უთქვამს, თუმცა მისი შეშფოთებული მზერა მაინც დავიჭირე.
საუზმის დროს კი გავიგე, რომ ლუკასი დილით ადრე რომელიღაც კუნძულზე გამგზავრებულიყო და კარაც თან წაეყვანა.
- მოულოდნელი გადაწყვეტილება, - შენიშნა გიომ აშკარა უკმაყოფილებით. გვანცამ ხელზე ხელი დამადო, არ დაუმალავს, რომ საგანგაშოდ მქონდა საქმე. ამან ოდნავი შვება მომგვარა, მაგრამ წინა ღამის მოვლენებმა ისე ნათლად გამირბინა თვალწინ, რომ სხვა აღარაფერზე შემეძლო ფიქრი.
როცა ჩემგან მიდიოდა, მის ხმაში უიმედო მონატრება იგრძნობოდა, რომელიც მხოლოდ ახლა გავაცნობიერე. მთელი ჩემი ოცნებები და იმედები დაიმსხვრა, რომლის ფრაგმენტები ამწუთას ფეხებთან მეყარა და ძალა აღარ შემწევდა სინანულისთვის. ის კი არა, მახარებდა კიდევაც, უეცარმა ამბავმა ასე რომ გამაბრუა. მეგონა გონებას დავკარგავდი. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ნარკოზის ზემოქმედების ქვეშ ვიმყოფებოდი.
- შეეცადე ისაუბრო, რაც შეიძლება მეტი ილაპარაკო და თავს უკეთ იგრძნობ, - შემომთავაზა ლეილამ აშკარა შეშფოთებით, როდესაც საქორწინო საქმეების მოსაგვარებელ სიას ვამოწმებდით.
შევხედე მას, მაგრამ რეალურად ვერ ვხედავდი. თვალები დამბინდვოდა, ცოტაც და, ავტირდებოდი. ამწუთას არ მსურდა მასთან ლაპარაკი, არ მსურდა ისეთი რამის გაკეთება, რაც ჩემს გულზე დაწოლილი ყინულის გალღობას შეძლებდა.
არ მსურდა მგრძნობელობა ისევ დამბრუნებოდა…
- ნაკა, კარგი რა, - დაყვავებით მითხრა, - მართალია, უმეტეს დროს ჩემს ოთახში ვატარებ, მაგრამ ბრმა არ ვარ. მას შემდეგ, რაც ეს გოგო ჩამოვიდა, შენს თავს არ ჰგავხარ. გიძნელდება მის გვერდით ყოფნა?
შეშფოთება, რომელიც ლეილას სიტყვებში იგრძნობოდა, მართლაც რომ მახრჩობდა. ვიგრძენი, თვალებმა როგორ მიღალატა და ცრემლებს ადგილი დაუთმო. უსუსურად წამოვდექი და გასვლა დავაპირე, მაგრამ ისიც წამოდგა, დამშვიდების გამოსახატავად მხრებზე მომხვია ხელი და აივანზე გამიყვანა, სადაც ცოტა ხნის წინ ვარდომ ყავა გაიტანა.
- მოდი, საფუძვლიანად გავაანალიზოთ ბოლოდროინდელი მოვლენები, - მტკიცედ წარმოთქვა ლეილამ, ფინჯრებში ქაფქაფა ყავა ჩამოასხა და მაიძულა, რამდენიმე ყლუპი მომესვა, მერე კი გააგრძელა, - არ უნდა მისცე კარას უფლება, ასე შეგაწუხოს და მოთმინება დაგაკარგვინოს. ის ყველა ლამაზ ქალთან ასე იქცევა, თუ ისინი მაინცდამაინც სამოცი წლისანი არ არიან. პირადად შენ არაფერ შუაში ხარ.
- მხოლოდ ამაში არ არის საქმე, ქალბატონო ლეილა.
ეს ქალი ისეთი კეთილი და თბილი იყო, ვერაფერს ვუმალავდი.
- აბა? ლუკასს გულისხმობ? - სევდიანად მკითხა და როცა საწყალობელი მზერა მივაპყარი, თავი ძლივსშესამნევად გააქნია, - ვფიქრობ, ის შენ ძალიან გაჩქარებს. მოთმინებით არასდროს გამოირჩეოდა, ღრმა ბავშვობიდანაც კი.
- მაჩქარებს?
- აბა რა? როგორ გგონია, რა გრძნობა აქვს შენ მიმართ? - რაღაცნაირი გაღიზიანებით იკითხა, მაგრამ ვერაფერი ვუპასუხე, რადგან ეს ჩემთვის სრული გამოცანა იყო. დაბნეულს მხოლოდ თვალები გამიფართოვდა, - ნუთუ ვერ ამჩნევ, რამდენს ნიშნავ მისთვის? როგორ ეცვლება სახე შენ გამოჩენაზე? - გაკვირვებულმა წამოიძახა, - თუმცა შეიძლება ვერც ამჩნევ… - ჩაფიქრებულმა დაამატა და დაკვირვებით შემომხედა.
- თქვენ ყველაფერი არასწორად გაიგეთ, - აღელვებულმა დავიწყე, - რაც აქ კარა გამოჩნდა, სულ დამივიწყა, ახლა კი მასთან ერთად გაემგზავრა. ზოგჯერ მეჩვენება, რომ მას, უბრალოდ, ვძულვარ. - ამის თქმაზე თავი ვერ შევიკავე და ტუჩები ამიკანკალდა.
- სიძულვილიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯია, - თქვა ლეილამ, - ძალიან ადვილია ისინი ერთმანეთში აგერიოს.
- ლუკასს არ ვუყვარვარ, - დანაღვლიანებული შევეწინააღმდეგე, - ისიც კი მეეჭვება, რომ მოვწონვარ. ფიზიკურად შესაძლებელია ვიზიდავ, რახან მის პირველ შეყვარებულს ვგავარ, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა მარტო ვრჩებით, ჩვენ შორის ნამდვილი ომი იწყება.
- და შენ? - ყურადღებით შემომაცქერდა, - შენ თვითონ რას გრძნობ მის მიმართ?
ჯერ გავწითლდი, მერე კი გავფითრდი, რადგან შევყურებდი თვალებს, ასე რომ ჰგავდა ლუკასისას. რა სასიამოვნო იყო საკუთარი ტკივილის სხვისთვის გაზიარება, ისეთი ადამიანისთვის, ვისი ნდობაც შეიძლებოდა! ამიტომ აღარაფერი დავმალე.
- მე ის ძალიან მიყვარს, - ვთქვი ბოლოს გაჭირვებით, მაგრამ არა ჩემი ხმით, რამაც შემაშინა, - მაგრამ გთხოვთ, მას ეს არ უთხრათ. ამის გაგება მხოლოდ გააბრაზებს და არც სიბრალული მჭირდება მისი.
- რა თქმა უნდა, არაფერს ვეტყვი, - დამპირდა ლეილა, - რადგან ამას შენ თვითონ გააკეთებ, როგორც კი დაბრუნდება.
- არა, არ შემიძლია, - გაუბედურებული ხმით ამოვთქვი და თვალებზე ცრემლის კვლავ მოწოლა ვიგრძენი, - ვერ ხედავთ, რა ქნა? კარა წაიყვანა, ერთად გაერთობიან, მარტონი! ხელს არავინ შეუშლით.
- რატომ გგონია, რომ ერთად წავიდნენ? თვითონ გითხრა ამის შესახებ?
- არა, ჩემთვის არაფერი უთქვამს, - ჩურჩულით გავაგრძელე, - უბრალოდ, ვივარაუდე…
- ამ ბოლო დროს რაღაც ძალიან ბევრი ვარაუდი გაჩნდა, - შენიშნა ლეილამ, - ამას დაუმატე მცირე ძალისხმევა კარას მხრიდან და აი, ინტრიგაც. დამიჯერე, მას რომ კარა ნდომებოდა, უკვე გვერდით ეყოლებოდა. დიდი ხნის წინ ეყოლებოდა. არ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ თავიდან ისინი უბრალოდ მეგობრები იყვნენ, მაგრამ ლუკასმა ძალზე სწრაფად დაკარგა ინტერესი მის მიმართ. სამწუხაროდ, კარა რვაფეხასავითაა, მარწუხების შემოჭერა იცის. ეს მას მემკვიდრეობით ერგო, - დაასრულა ბოლოს მშრალად.
ისე მომეშვა, სიბნელეში იმედის სხივის შემოჭრა ვიგრძენი.
- შევეცადე, გულიდან ამომეგდო, - ისევ ავჩურჩულდი, - მაგრამ არაფერი გამომივიდა. მაშინაც კი, როცა მან… - თავი გადავაქნიე, - მაინც მიყვარს.
- მაშინ უთხარი. ის ზედმეტად ამაყია, ნაკა, ერთხელ კი ძალზე მძიმედ დაარტყეს გულზე. მეორედ აღარ შეეცდება თავისი გრძნობების გამოხატვას. შენ თვითონ უნდა უთხრა, რასაც მის მიმართ განიცდი.
- ვშიშობ, რომ ვერ შევძლებ, - ავსლუკუნდი.
ლეილა კარგა ხანს მომჩერებოდა.
- ეს შენი გადასაწყვეტია. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად გჭირდება ამ ნაბიჯის გადადგმა…
ის დღე უსასრულოდ გაგრძელდა. საღამომდე ისე დავიღალე ფიქრებით, რომლებმაც დამტანჯეს, რომ ჭამაზე უარი ვთქვი, ჩემს ოთახში ავედი და ლოგინზე მივესვენე. იმწუთასვე ღრმა, უოცნებო ძილში გავეხვიე... ისე გათიშულს მეძინა, რომ სიზმარიც კი არ მინახავს…
დასვენებულმა გავიღვიძე, თუმცა თვალის გახელისთანავე ერთგვარმა დაძაბულობამ შემიპყრო. ფიქრებსაც კი ვერ მოვუყარე თავი, აზრები გამეფანტა და ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე გულიც ამიჩქარდა.
უკვე გვარიანად შეღამებულიყო. გადავწყვიტე, სუფთა ჰაერზე ცოტა გამესეირნა. ამიტომ გეზი პირდაპირ ყურისკენ ავიღე, სადაც კარას ჩამოსვლამდე მე, გვანცა და გიო ვიყავით. ნახვისთანავე მომეწონა ის ადგილი, განსაკუთრებით, ფერად-ფერადი სათევზაო ნავები, მზის ჩასვლისას უჩვეულოდ რომ ბრწყინავდნენ მოქანავე ტალღებზე.
ზღვის დანახვამ დამამშვიდა, იდუმალად ჩუმი თითქოს თვლემდა, მის ტალღებს კი მოვარდისფრო-მოლურჯო ელფერი დაჰკრავდა, რაც საოცარი სანახავი იყო…
უკან ბაღის გავლით გადავწყვიტე დაბრუნება. ასე უფრო მოკლედ მოვჭრიდი გზას. ბინდი გაჟღენთილი იყო სურნელით ასკილისა და ცხრატყავასი, რომლებსაც ბაღის კედლების ნაპრალებში გამოეღწიათ. რომელიღაც მარტოსული ჩიტი თავისთვის უსტვენდა. მისი ტკბილი ხმა ჩაბნელებულ ცამდე ადიოდა და სადღაც შორს წყდებოდა. იმდენად მომნუსხა მისმა გალობამ, ერთ ადგილას გაშეშებული გავირინდე და თავდახრილმა ყური მივუგდე.
- ასეც ვიცოდი, - გაისმა ირონიული ხმა ამერიკული აქცენტით.
მკვეთრად შემოვტრიალდი.
- რა?
გაგრძელება იქნება