ქალი ალუბლისფერი ბაღიდან - თავი 3 - Marao

ქალი ალუბლისფერი ბაღიდან - თავი 3

2022-05-04 10:28:04+04:00


წინა თავი

მარკეტიდან რომ მოვბრუნდი, ქირურგი სახლში არ დამხვდა. ყველგან ვეძებე, მაგრამ არა, გაპარულიყო. შეშინებული ჩანთას ვეცი, იმ დღეს აღებული ხელფასი მედო საფულეში… სამწუხაროდ, ფული გამქრალიყო. ესეც შენი ქირურგი, ესეც შენი ნდობა. რა სულელი ვარ, რა შტერი, როგორი დეგენერატი! რა ბრმად ვენდე სრულიად უცხო ადამიანს. აბა, რა მეგონა? რას მოველოდი ვიღაც ლოთისგან? საკუთარ თავზე ვცოფდებოდი, მაგრამ მომხდარს ვერაფრით შევცვლიდი, გამქურდა და მორჩა, მაჯობა ჭკუით. ცრემლებმა სახე დამისველა. უფრო იმაზე ვტიროდი, კვლავ მარტო რომ დავრჩი. არადა, რა კარგი იქნებოდა, ერთ ღამეს მაინც გავატარებდი ვიღაცასთან ერთად. უცებ ჭიშკრის მიჯახუნების ხმა მომესმა. გიჟივით წამოვხტი და ფანჯარას მივვარდი… ის იყო, დაბრუნდა. გულს ბაგაბუგი გაჰქონდა. მე კი ისტერიკა დავიმართე. რა დებილი ვარ…

- აი, შენი ფული, - თქვა ქირურგმა, - წასვლა მინდოდა, მაგრამ მაღაზია ჩემ ცხვირწინ დაკეტეს, ამიტომ დარჩენა გადავწყვიტე, - საზეიმო ტონით წარმოთქვა და სკამზე ისე დაეხეთქა, თითქოს დიდი შრომა გაეწიოს.

იმწუთას აღარაფერზე ვფიქრობდი, ჯანდაბას ფულის თავი, რაც მთავარია, მარტო არ ვარ. ფულისთვის ხელი არ მიხლია. იდოს მაგიდაზე, არ მაინტერესებს, ამასთან, მასაც მოუწამლავს ფსიქიკას. ვნახოთ, რას მოიმოქმედებს. ავდექი და ჩახოხბილის ჯამს დავავლე ხელი, სამზარეულოში გავიტანე გასაცხელებლად. რომ შემოვედი, ფული ადგილზე იჟო, უცნობი კი ღვინოს ასხამდა ჭიქებში. დალევის თავი არ მქონდა, არც სურვილი. ის უკვე კარგ ხასიათზე იყო, მეც. კარგია, ახლა მანამ არ წავა, სანამ სასმელი არ გამოილევა. არადა, სამი ბოთლი თეთრი, სამარკო ღვინო მოვიტანე. სამი ჭიქა ზედიზედ დალია და ჭამა დაიწყო. დანა-ჩანგალს ისე ხმარობდა, თითქოს მთელი ცხოვრება რესტორანში, მაღალ საზოგადოებაში გაეტარებინოს.

- მაშ ასე, რაზე შევჩერდით? - ლუკმით გამოტენილი პირით ძლივს ალაპარაკდა.

- იმაზე, რომ ქალი ბუნებით მონადირე უნდა იყოს, - შევახსენე.

- ჰო. მონადირე… შენ გჭირდება ეს?

დავიმორცხვე.

- ესე იგი, გჭირდება… მაპატიე, მაგრამ… რამდენი ხანია, მამაკაცი არ გყოლია? - გამომცდელად შემომხედა.

- შვიდი წელია, - გავწითლდი.

- ნუ გრცხვენია, ჩემთან გულახდილი უნდა იყო. დღეიდან მე შენი მკურნალი ექიმი ვარ, არ დაგავიწყდეს. გასაგებია?

- ჰო.

- და კიდევ. მხოლოდ ქირურგიული ოპერაცია და მზეთუნახავად გადაქცევა არ კმარა. ადამიანისთვის მთავარი მისი შინაგანი ბუნებაა. ღიმილი, ქალური შარმი, მსუბუქი ნაბიჯები, სექსუალური მოხვრა-მოხვრა - ეს ყველაფერი ბუნებრივად უნდა იდოს ქალში, ხელოვნურად შესწავლილი ეფექტს ვერ მოახდენს. ვგრძნობ, რომ შენ ეს შინაგანად გაქვს. ამიტომ ჯობია, რაც არის, ის განვავითაროთ, დავხვეწოთ, ცოტაც დავამატოთ. უკვე ვხედავ, შენგან როგორი ქალი დადგება.

- მომიყევით რამე თქვენზე… - წამომცდა უცებ.

- ჩემზე? ბევრი არაფერია მოსაყოლი. დავამთავრე თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი. მერე როსტოვში ვმუშაობდი ქირურგად, აქაც… კარგ სპეციალისტად ვითვლებოდი… ახლა შენთან ვარ.

- სმა რატომ დაიწყეთ?

- ჰო… სმა… ქალის გამო, ქალმა დამღუპა. ეს გრძელი ისტორიაა, არ ღირს, - ხელი ჩაიქნია.

- უკაცრავად, მაგრამ… თქვენ რომ ასეთი ლამ… წარმოსადეგი ხართ, თავადაც ხომ არ ჩაიტარეთ ქირურგიული მაქინაციები? - დაცინვის ხასიათზე დავდექი.

- არა, მე არ დამჭირვებია. ღმერთმა ასეთი გამაჩინა, თუმცა ოცდაათ წლამდე შეუმჩნეველი ვიყავი. მერე უფრო გავსიმპათიურდი. რა ვიცი, განგებამ ალბათ ასე ინება. ისე, მამაკაცს სილამაზე არაფერში სჭირდება. მას ქალის მოსახიბლავად შინაგანი შარმიც ჰყოფნის. ეს ქალისთვისაა აუცილებელი. ყველა ლამაზი კი არ არის სრულყოფილი ქმნილება. არც შეიძლება იყოს. წარმოიდგინე, ეს ქალაქი ლამაზებით რომ იყოს სავსე. იცი, რა მოხდებოდა? ყოველი მეორე სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაამთავრებდა.

- ეს ყველაფერი თქვენი ფანტაზიის ნაყოფია, მე არ მჯერა თქვენი, - ჩემდა უნებურად გამექცა სიტყვა.

გაოცებულმა შემომხედა.

- არ გჯერა? გინდა დაგარწმუნო? მომეცი შანსი და მე შენგან ნამდვილ ქალღმერთს გამოვძერწავ და არა მხოლოდ გარეგნულად, არამედ შინაგანადაც.

- არა, მე სხვა რამის არ მჯერა, - სასმელი უკვე მომეკიდა, გავთამამდი.

- სხვა რისი?

- იმისი, რომ მატყუარა მგონიხართ, აფერისტი. გინდათ, ჩემი ქონება ჩაიგდოთ ხელში, წამართვათ ყველაფერი, რაც გამაჩნია…

ქირურგმა ისეთი სახე მიიღო, თითქოს ტყუილში გამოიჭირესო. ცოტა ხანს აკანტურა თავი, მერე კი თქვა:

- მართალი ხარ, გატყუებდი. ვცდილობდი, ფული დამეცინცლა შენთვის. რაც იყო, იყო, არ გამომივიდა შენი დაბოლება. ახლა ბოლო ჭიქას დავლევ და ჩემი გზით წავალ.

- არა, არა, შეგიძლიათ დარჩეთ. გარეთ ცუდი ამინდია, უკვე დაღამდა. მე ხვალ დილით ადრე გავალ, საღამოს კი, როცა მოვბრუნდები, იმედია, აქ აღარ დამხვდებით.

მადლიერების გრძნობით შემომხედა, ბოლო ჭიქა დალია და დივანზე გადაინაცვლა, ღამე ნებისა მისურვა და რამდენიმე წუთის შემდეგ მშვიდი ფშვინვა ამოუშვა.

«მორჩა, მეჯლისი დამთავრებულია, ნიღბები მოხსნილია… რა აალაგებს ახლა ამ სუფრას და რა დარეცხავს ცივი წყლით ამ ჭურჭელს,» - ნაღვლიანად გავიფიქრე და მაგიდის ალაგებას შევუდექი.

***

მთელი კვირა ვიტანჯებოდი. ისე მარტოსულად და უბედურად ვგრძნობდი თავს, როგორც არასდროს. მე შტერმა, ჩემი ხელით გავაგდე ერთადერთი მამაკაცი საკუთარი ცხოვრებიდან. მერე რა, რომ უცნაური იყო, მერე რა, რომ არ ვენდობოდი. მან ხომ შეავსო ჩემი სიცარიელე? თუნდაც ტყუილებით, თუნდაც სისულელეებით. ის აქვე იყო, ჩემ გვერდით, მამაკაცი იყო ჩემ გვერდით, მას მე ვუნდოდი, რაღაც უნდოდა ჩემგან. მე კი გავაგდე. ვერ მიპატიებია საკუთარი თავისთვის.

სამსახურშიც შემატყვეს უხასიათობა. სიგარეტის მოწევასაც მოვუხშირე. ყოველ თხუთმეტ წუთში დერეფანში გავდიოდი და კიბესთან, კედელს მიყრდნობილი, ვეწეოდი და ვეწეოდი. როგორ ვიპოვო? ის ხომ მთავაზობდა რაღაცას, სიტყვით მაინც ხომ ცდილობდა, ჩემთვის სიკეთე გაეკეთებინა, რატომ შევუშალე ხელი? ელაპარაკა და ყოფილიყო, ოღონდ არ წასულიყო. ახლა ის აღარ არის და არც არასდროს მოვა. მე კი ისევ ჩავიკეტები ჩემს ნაჭუჭში და ცხოვრების ბოლომდე უსუსური და უმწეო ვიქნები. უფრო და უფრო უარესად ვიგრძნობ თავს, უფრო მწარე განცდები მექნება, რადგან მისი შემოთავაზება ჩემთვის ყოველთვის ხელიდან გაშვებული შანსის ტოლი იქნება. უკვე ვნანობ, ასე რომ მოვიქეცი.

არა, ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი დაკარგული. მე ვიპოვი მას. რაც უნდა, ის მიქნას, რაც გაუხარდება. თუ უნდა, დამჩეხოს, გამფატროს, ფეხები მომკვეთოს, თვალები დამთხაროს, ოღონდ დაბრუნდეს. თუ უნდა, გამქურდოს კიდეც ან… გამხადოს… ჰმ, გამხადოს. მეც მომესურვილა, რაღა. რატომაც არა? მე ხომ არაჩვეულებრივად პრიალა და ნაზი კანი მაქვს, მსუბუქი სხეული. მე ვიცი, რა უნდა გავაკეთო, რომ მამაკაცი გადავრიო, ვიცი, ვიცი, ვიცი!

რა მოვუხერხო ამხელა დარდს? ნუთუ გაქარვება არ უწერია? არც მაშინ, როცა ლამაზი გავხდები ქირურგის წყალობით? უწერია, რა თქმა უნდა. მერე მე გავაჩენ მისგან შვილებს, გავზრდი და მხოლოდ ოჯახის კეთილდღეობაზე ვიფიქრებ. სად მექნება დარდის დრო. საინტერესოა, ვის დაემსგავსებიან ბავშვები? მე ხომ არა? რა სისულელეა, აუცილებლად მას, მასავით ლამაზები იქნებიან. ღმერთო, რაზე ვფიქრობ. რა უაზრობაა ეს ყველაფერი. რატომ არსებობენ ამ ქვეყანაზე ჩემნაირი უბედური ადამიანები? ვის სჭირდება ისინი? ალბათ ვიღაცას სჭირდება. მათ, ვინც ათი საფეხურით მაღლა არიან. ან ფიქრობენ, რომ მაღლა არიან. დაე, იფიქრონ. მე ისე მოვაწყობ ჩემს ცხოვრებას, რომ იმ მაღლა მდგომებს ამგვარი ფიქრის სურვილი ჩავუკლა. მე სხვანაირი გავხდები. მინდა გამოვცადო, როგორია, იყო ლამაზი და მდიდარი. მე გავხდები ლამაზი და მდიდარი. მე მას ვიპოვი.

<div>***</div>

პარასკევი საღამო იყო. დაღლილი მოვდიოდი სამსახურიდან, თან მთელი დღე ქირურგზე ვფიქრობდი. ორი საათი გავატარე უძრავი ქონების სააგენტოში, ჩემი ბინის გაყიდვა გადავწყვიტე. მითხრეს, რომ ოროთახიან ბინაში ორმოცი ათასამდე დოლარს ავიღებდი. ეს ოპერაციისთვის საჭირო ყველა წვრილმანს ეყოფოდა. რაც შეეხება ქოხის ყიდვას, საჭირო არ არის, აქაც კარგად შეიძლება საოპერაციოს მოწყობა. ბოლოს და ბოლოს, ამხელა სახლი მაქვს, ოთხოთახიანი აგარაკი თავისი მანსარდით. რაც დარჩება, იმ ფულს შევინახავ, დანაზოგი ხომ დაგვჭირდება.

ამ ფიქრებში სახლს მივუახლოვდი. თითქოს რაღაცამ მაიძულა, თავი მაღლა ამეწია და გვერდზე გამეხედა. მოულოდნელად ჩემკენ მთელი სისწრაფით მომავალი მანქანა დავინახე. არა, მანქანა კი არა, ადამიანის თვალები, რომელიც საჭესთან იჯდა. ეს მკვლელის თვალები იყო - ცივი, გაყინული მზერით. გადახტომა ვერ მოვასწარი, მანქანამ გვერდი გამკრა და რამდენიმე მეტრით წინ გადამაგდო. გაოგნებული კარგა ხანს ვერ მოვედი გონს. რა იყო ეს? ვის რაში ვჭირდები, ვინ ცდილობს ჩემ თავიდან მოშორებას? იქნებ უბრალო შემთხვევითობაა და მეტი არაფერი? ყველაფერი მტკიოდა, სიმწრისგან ავტირდი. ერთიანად ტალახში ამოგანგლული ძლივს წამოვდექი და სახლისკენ ბარბაცით გავემართე. იქნებ ეგონათ, რომ ბინა უკვე გავყიდე და ფული ჩანთაში მედო? არა, გამორიცხულია. არავინ არაფერი იცოდა. მაგრამ ხომ ფაქტია, რომ მძღოლმა შეგნებულად აიღო ჩემკენ გეზი? მე ხომ ნათლად დავინახე მისი მზერა? რა დავუშავე? ვინ იყო? ვინმეში ხომ არ შევეშალე? ცხოვრებაში არავისთვის მიწყენინებია, თუ პაატას არ ჩავთვლით. ის კი დიდი ხანია, გაქრა ჩემი ცხოვრებიდან. სხვა ვინ? არა, ეს აგარაკიც უნდა გავყიდო, დათარსულია აქაურობა. მე აქ ვერ გავიხარებ. ასე რომ, ის კაცი მკვლელი კი არა, ანგელოზი იყო, რომელიც ღმერთმა მომივლინა. ის რომ არა, ამ გადაწყვეტილებამდე ვერასდროს მივიდოდი.

მოულოდნელად კარზე კაკუნი გაისმა. «ის არის!» - ელვისებურად გამკრა თავში და გახარებული წამოვხტი.

***

ზღურბლზე ორი სადად ჩაცმული საშუალო ასაკის ქალი იდგა. ხელში ორივეს რბილყდიანი თხელი წიგნები ეჭირა.

- ქალბატონო, აიღეთ ეს წიგნი, - თქვა ერთმა, - ის თქვენ დაგეხმარებათ.

ავტომატურად გამოვართვი. ქალებმა პირჯვარი გადაიწერეს, გამიღიმეს და წავიდნენ. სავარძელში ჩავჯექი და ნელ-ნელა დავიწყე ბროშურის გადაფურცვლა. რამდენიმე სტრიქონი რომ წავიკითხე, მივხვდი, იეღოველების ლიტერატურა იყო. მწარედ გამეღიმა, ავდექი და «ღვთის» მიერ გამოგზავნილი საჩუქარი ღუმელში შევუძახე. არა, იეჰოვა არ არის ჩემი ღმერთი. მე იმ ღმერთის მწამს, რომელმაც დედამიწაზე ყველაფერი საჭირო ოდენობით გადმოაპნია - სიღარიბეც და სიმდიდრეც, სილამაზეც და სიმახინჯეც, რწმენაც და ურწმუნოებაც. ეს ყოველივე ადამიანებს უბოძა იმის მიხედვით, ვისაც რა ერგო თავის დროზე. მერე ადამიანმა დაიწყო ცხოვრება იმით, რაც მას შეხვდა. ყველამ უნდა მიიღოს თავისი ტვირთი და უნდა ზიდოს, იმიტომ, რომ უფალმა ასე ინება. მერე უშნო გახდება ლამაზი, იმიტომ, რომ მოიპოვოს ბედნიერება და თავი დააღწიოს უბედურების ჯურღმულს. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ჯიუტობენ, არ სურთ შეჩვეულს გადაეჩვიონ და გამართლებას თავიანთ უღმერთობაში ხედავენ.

იყავი ლამაზი და გაეცი შენი სილამაზე, გახდი ბედნიერი და დათესე ეს ბედნიერება ადამიანებში. იყავი უბედური და მიანდე საკუთარი თავი ღმერთს… მე ამას მიქადაგებს ჩემი რწმენა…

ამის გაფიქრებაზე შვება ვიგრძენი. რადგან ასეა, გამოდის, რომ ის მე არ მიმატოვებს. ის აქ არის, ახლოს, გვერდიდან არ მშორდება. ის იზიარებს ჩემს ბედსაც და უბედობასაც, ჩვენ ვავსებთ ერთმანეთს, ჩვენ ერთმანეთით ვცხოვრობთ, ვსულდგმულობთ… ის გამოჩნდება.

ვფიქრობდი ჩემთვის.

<div>***</div>

მეორე დღეს ადრე დავბრუნდი სამსახურიდან, ღორის ხორცი მოვიტანე, ვიფიქრე, მწვადებს შევწვავ-მეთქი. წარმოვიდგინე, როგორი გემრიელი მწვადი შეიწვებოდა, როცა აშიშხინდებოდა შამფურზე, რა სიამოვნებით მივირთმევდით ორივე. ამასთან, რა რეაქცია ექნებოდა მას, როცა გაიგებდა, რომ ბინას ვყიდდი და ბევრი ფული შემოგვივიდოდა. თუ გაუკვირდება, ესე იგი, არ მატყუებს.

გამოდის, რომ უკან დასახევ გზას არ ვიტოვებ. ისღა დამრჩენია, მივენდო მას. მე მოვითმინო, მან კი იმუშაოს. ისეთები, როგორიც ის არის, არ შეიძლება ცუდად მუშაობდნენ. იმედია, მან იცის თავისი საქმე და როცა მუშაობას დაიწყებს, ლოთობისთვის ვეღარ მოიცლის. მე ამის მჯერა, - ამის გაფიქრებაზე გამეღიმა. მომეჩვენა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, კარგად და მარტივად, ყოველგვარი გართულების გარეშე.

თუმცა ის არ მოსულა, ჩემი იმედები გაქარწყლდა. ყველაფრის ხალისი დავკარგე. როგორ მეგონა, რომ დამხვდებოდა, თავისი ბუბუნით ამავსებდა, გამამხიარულებდა, ყველაფერს დამავიწყებდა, იმ ვიღაცასაც, ჩემი მოკვლა რომ გუშინ საღამოს… რაში მჭირდება ეს ყველაფერი? ეს ყვავილები, ბაღი, ალუბლები? რისთვის უნდა მოვუარო? რატომ უნდა ვაკონსერვო და «ვაკომპოტო»? რომ დავტკბე ამ გემოთი და ამ სილამაზით? ჯანდაბამდის გზა ჰქონია ყველაფერს!

მორჩა, მეყოფა! სამსახური, აგარაკი, სარეცხი, სადილი, პროდუქტები! რა სისულელეა! რისთვის, ვისთვის? ახლაღა გავაანალიზე, რომ ჩემს ცხოვრებას მამაკაცი აკლდა, მხოლოდ მამაკაცი და ეს იყო ჩემი ყველაზე სერიოზული პრობლემა. აქამდე ამაზე არასდროს მიფიქრია. «ადამიანს ყველაზე მეტი დრო იმაში ეხარჯება, რომ ადამიანად დარჩეს» - გამახსენდა ქირურგის სიტყვები. რისთვის უვლის ამ სახლს? იმისთვის, რომ გაამაგროს, არ დაინგრეს, არ მოიშალოს, ყველაფერი ყვაოდეს და ლამაზად გამოიყურებოდეს? თუკი გამუდმებით სახლის გამაგრებაზე იფიქრებ, მაშინ ის სახლი რა სახლია? ოდესმე ხომ უნდა იფიქრო საკუთარ თავზეც? ხომ უნდა იცოდე, როგორ გამოიყურები, რომ ვიღაცას მოეწონო, შეუყვარდე, მზრუნველი გამოგიჩნდეს, სარჩო მოგიტანოს… იქნებ ჯობდა, ცხოველად გავჩენილიყავი? მდედრ ცხოველებს ხომ წელიწადში ერთხელ უნდებათ მამრი. საკვები საკმარისად აქვთ. ჭამე, სვი, იძინე და ისეირნე. თუ ძალები გამოგეცლება, აღსასრული მოვა. მერე რა? ესეც კარგია, მოკვდები, ბოლოს და ბოლოს. ცხოველებმა რა იციან, რა არის სიკვდილი, ისინი ხომ არ ელოდებიან აღსასრულს, არ ფიქრობენ ამაზე? ისინი ინსტინქტით მოქმედებენ, სხვა არაფერზე ფიქრობენ ამქვეყნად. რა ბედნიერებაა ცხოველად ყოფნა.

იქნებ ახალი ცხოვრება დამეწყო აქვე, ამ აგარაკზე? აღარ წავალ თბილისში, აღარ გამოვცხადდები სამსახურში, აქვე მოვაშენებ ყველაფერს, ჩემს ნაშრომს გავყიდი და იმით ვიარსებებ. ველურივით ვიცხოვრებ. ხომ ცხოვრობდნენ ადამიანები უხსოვარ დროში თავიანთი მონაპოვრით? ასეც ვიზამ, ვინ დამიშლის, რო?

ამასობაში ღუმელში ცეცხლი მინავლდა. ფარდულში გავედი, რომ შეშა მომეტანა. კარი გავაღე და ადგილზე გავშეშდი. გულმა თუ მიგრძნო - იქ, ნესტიან მიწაზე, ქირურგი იწვა, ერთიანად სისხლში ამოსვრილი.

მარცხენა მხარეს, მკერდთან, დანით მიყენებული ჭრილობა შევნიშნე. ყელზე მივადე ხელი, ჯერ კიდევ სუნთქავდა, ცოცხალი იყო. წამით დავიბენი, მაგრამ მალევე მოვიკრიბე მხნეობა, თექის პლედი გამოვიტანე საძინებლიდან, ზედ დავაწვინე და სახლისკენ გავათრიე, თან ვცდილობდი, არაფერი სტკენოდა. ოთახში შევაღწიეთ თუ არა, გამოფხიზლდა, თვალები გაახილა. ძლივძლივობით დავაწვინე დივანზე, ძალიან გამიჭირდა, მაგრამ მაინც მოვახერხე. ის იყო, გადავწყვიტე, სასწრაფოში დამერეკა, რომ მის მუდარით სავსე მზერას წავაწყდი, თითქოს რაღაცის თქმას ცდილობდა. მისკენ დავიხარე, რომ ტუჩების მოძრაობით მაინც მივმხვდარიყავი, რას მეუბნებოდა.

- არსად წახვიდე, არც დარეკო… მომკლავენ… შენც… - ძლივს ამოთქვა და კვლავ გაითიშა.

ჩავფიქრდი, თავსატეხი გამიჩნდა. რომ არა გუშინდელი საღამოს შემთხვევა, უყოყმანოდ დავრეკავდი, მაგრამ გამახსენდა, ცოტა ხნის წინ როგორი გულმოდგინებით ცდილობდნენ ჩემ მოკვლას, ამას ქირურგის ძლივს ნათქვამიც დაემთხვა. ამიტომაც გადავიფიქრე. როგორც ჩანს, მისი მოკვლაც ისევე უნდოდათ, როგორც ჩემი. და ყველაფერი ჩვენი გაცნობის შემდეგ დაიწყო. ვიღაცას არ მოეწონა ეს ამბავი. ან ვიღაცას შეეშინდა რაღაც მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაჟონვის. რა ხდება?

არა, ჯერ ყველაფერში უნდა გავერკვიო. არა, ჯერ ამის ჭრილობას უნდა მივხედო, მაგრამ როგორ? სამზარეულოში გავქანდი და უჯრიდან წამლების ყუთი ამოვაძვრინე. რამდენი ხანია, არ დამჭირვებია, ფრჩხილიც კი არ წამომტკენია. არც გავციებულვარ და არც სიცხეს აუწევია. უკან რომ მოვბრუნდი, დაჭრილს კვლავ გაეხილა თვალები და ჭერს მისჩერებოდა უმწეოდ. მერე მზერა ჩემზე გადმოიტანა და სვენებ-სვენებით, რაღაც ნომერი მიკარნახა ტელეფონის.

ეგრევე გავვარდი მარკეტში და იქიდან დავრეკე. ყურმილი მამაკაცმა აიღო. როგორც კი ქირურგი ვახსენე, მაშინვე მისამართი მკითხა. მერე დამამშვიდა და შემპირდა, მაქსიმუმ ერთ საათში იქ ვიქნებიო. სახლისკენ მიმავალი მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი. ამ ხნის ქალი ვარ და ერთი მობილური როგორ არ უნდა მქონდეს? როცა შენზე ვიღაც თავდასხმას აწყობს, როცა საკუთარ ფარდულში მკერდში დაჭრილ მამაკაცს იპოვი და სასოწარკვეთილი ხდები, ერთი აპარატი არ უნდა გქონდეს, რომ ვიღაცასთან დარეკვა მოახერხო? არა, ხვალვე ვიყიდი, მტკიცედ გადავწყვიტე და სანამ ჭიშკარს შევაღებდი, ფრთხილად მივიხედ-მოვიხედე ისე, ყოველი შემთხვევისთვის. საეჭვო ვერაფერი შევნიშნე.

ქირურგის ნაცნობი ზუსტად ორმოც წუთში მოვიდა. საშუალო სიმაღლის, ახალგაზრდა, დაახლოებით ოცდარვა წლის მამაკაცს, მართლაც რომ ექიმის თითები ჰქონდა - ნაზი და თლილი, სწორედ ისეთი, როგორიც წარმომედგინა. გასინჯა თუ არა დაჭრილი, მიბრძანა, მაგიდა გამესუფთავებინა და ზედ სუფთა ზეწარი გადამეფარებინა. მერე მაგიდაზე დავაწვინეთ დაჭრილი და ექიმი საქმეს შეუდგა.

მერე კარგა ხანს არაფერი მახსოვს. მგონი, ტრანსში ვიყავი. გონება გამეთიშა, რადგან ვხედავდი, როგორ გადახსნა ქირურგის მკერდი მეორე ქირურგმა. და ეს ყველაფერი ჩემი დახმარებით. ლამის იყო, გონება დავკარგე. ავტომატურად ვაწვდიდი სკალპელს, ნემსს, ბამბას, მარლას… როცა ბოლო ნაკერი დაადო და ჭრილობაში რაღაც პლასტმასის მილი ჩაუდგა, სწორედ მაშინ წამივიდა გული.

გაგრძელება იქნება