ქალი ალუბლისფერი ბაღიდან - თავი 7 - Marao

ქალი ალუბლისფერი ბაღიდან - თავი 7

2022-05-09 10:39:39+04:00


წინა თავი

შინ დაბრუნებულს ვატო უგონოდ მთვრალი დამხვდა.

- შენ რა, ისევ დალიე? - გულზე შემომეყარა.

- მომეჩვენა, რომ…

- რა მოგეჩვენა?

- რომ არ დაბრუნდებოდი და… და რომ შენ მაგივრად სხვები მოვიდოდნენ.

- ვინ სხვები, გაგიჟდი? - ცივმა ოფლმა დამასხა, წინასწარმეტყველი ხომ არ არის-მეთქი.

- ჩემ წასაყვანად, - გააგრძელა ქირურგმა.

ჩემი დამემართა. ნამდვილად მანიაკია. ხედავ, როგორ ეშინია, ფსიქიატრიულიდან არ მოაკითხონ და არ გათოკონ; ყველაფერს გრძნობს.

- იცი რა, ვატო?.. თუ შეიძლება, ასე მოგმართავ, თორემ ძალიან მეუხერხულება. სადილად ხომ არ დავიწყებ ყვირილს, ქირურგო, მოდი, მაგიდას მიუჯექი-მეთქი.

- როგორც გაგიხარდება, ისე მომმართე.

- ჰოდა, იმას ვამბობდი… მე მთლიანად მოგანდე ჩემი თავი, ბოლომდე გენდე, ყველაფერზე წავედი, რომ შენი დამეჯერებინა. შენ კი რას აკეთებ? ზიხარ აქ და სვამ. ბოლოს და ბოლოს, გამაგებინე, რას მიპირებ? თუ ტყუილი იყო ის, რასაც მპირდებოდი, ბინა რისთვის გამაყიდინე? ჩემი ფულით რომ გეცხოვრა, იმისთვის?

- არც მიფიქრია… დაუმსახურებლად არავის ფული არ მჭირდება. მართლა ბოლომდე მენდობი?

- ერთხელ ხომ გითხარი, კიდევ გაგიმეორო?

- კარგი, ძალიან კარგი. მაშინ ამ ბოთლსაც გამოვცლი და გპირდები, ხვალიდან წვეთს არ ჩავუშვებ პირში… და საქმეც დავიწყოთ.

- მერე «პახმელიაზე» არ იქნები?

- მე ეგეთები არ ვიცი. ასე რომ, დილიდან ვიწყებთ…

***

დილით, ისაუზმა თუ არა, საოპერაციოდ მზადებას შეუდგა.

- ნარკოზი უნდა გამიკეთო?

- არა, ადგილობრივი ანესთეზიით. ნარკოზი საშიშია ჯანმრთელობისთვის.

- ანუ მე ყველაფერს უნდა ვუყურო?

- თუ გინდა, მიყურე, მაგრამ არ გირჩევ. ოპერაციას ისტერიკები არ სჭირდება. ამასთან, მე უნდა დაგაბა. აბა, რა ვიცი, რა წამოგივლის. იქნებ შეგეშინდეს კიდეც.

- რამდენი ხანი გაგრძელდება? - მართლა შემიპყრო შიშმა.

- ორი-სამი საათი.

- ძალიან მეტკინება?

- საერთოდ ვერ გაიგებ ვერაფერს, დამიჯერე. მთავარია, დამყევი და ყველაფერი ისე გააკეთე, როგორც გეტყვი.

თავი უსიტყვოდ დავუქნიე, სახეზე ალბათ ფერი არ მედო, პირი წარამარა მიშრებოდა.

მაგიდაზე დამაწვინა და სპეციალური ღვედებით დამაბა. სხეულზე, რამდენიმე ადგილას, რაღაც ღილის მსგავსი გადამცემები შემიერთა და აპარატი ჩართო.

- მე ახლა წელს ქვემოთ მიდამოს გადავტიხრავ, რომ შენ არ მიყურო. ასე უკეთესი იქნება. არ გეტკინება, კიდევ გიმეორებ, - თქვა და ჩემ ზემოთ ჰორიზონტალურად გაბმულ ბინტზე ზეწარი გადაფინა. ახლა მას ვეღარ ვხედავდი.

- თვალები შეგიძლია არ დახუჭო, თუ გაქლიბვის ხმა არ გაგაღიზიანებს.

პასუხი არ გამიცია, გაშეტერებული ჭერს მივჩერებოდი. კარგა ხანს მესმოდა იარაღების და ამპულების ჩხაკუნის ხმა, ალბათ იქვე, ახლოს დაიწყო თავისთან. მერე ჩხვლეტა ვიგრძენი. როგორც ჩანს, ნემსი გამიკეთა. მერე მარცხენა ფეხზე იოდის წასმა დამიწყო, ჰაერში დატრიალებულ სუნზე მივხვდი… ცოტა ხანში ფეხს ვერ ვგრძნობდი საერთოდ, ისე გამიბუჟდა.

- ახლა გაჭრას ვიწყებ, ფრთხილად იყავი, არ გაინძრე.

სუნთქვა შემეკრა. კბილები ისე დავაჭირე ერთმანეთს, ყბა მეტკინა.

- აჰა… ყველაფერი გასაგებია. ხომ არ გტკივა?

- არა, - ძლივს ამოვიკნავლე.

- აი, ხომ გითხარი, ვერაფერს გაიგებ-მეთქი. ვიწყებს გაქლიბვას, ფილირებას, ხერხვას და ასე შემდეგ. თუ შეგიძლია, წაუძინე. მე შენს ადგილზე ასე ვიზამდი.

ქირურგი ისეთი მშვიდი იყო, ძალაუნებურად მეც გადმომედო. ამასთან, ვერაფერს ვხედავდი, ტკივილები არ მქონდა, რა მანერვიულებს?

უცებ უცნაური ხმა გაისმა, ისეთი, სტომატოლოგთან ვიზიტის დროს საბურღ მოწყობილობას რომ ჩართავს. ზუზუნი დიდხანს გაგრძელდა. როგორ მაინტერესებდა, რა ხდებოდა ტიხარს მიღმა, მაგრამ თან მეშინოდა, ვაითუ, ყურებას ვერ გავუძლო-მეთქი.

მოულოდნელად კარზე ზარის ხმა გაისმა, ვიღაც ჭიშკარს მოადგა. გავქვავდი. როგორც ჩანს, ლიას მამამ ფსიქიატრიულიდან სანიტრები გამოაგზავნა. ეს რა ვქენი, დავიღუპე და ეგაა. ასე გადახსნილი რომ დამტოვონ და წაიყვანონ, რა მეშველება? პანიკამ შემიპყრო. ვატო არ გასულა, თავისი საქმე გააგრძელა. ზარი კიდევ რამდენჯერმე დაირეკა და მერე შეწყდა. ალბათ რომელიმე მეზობელი თუ იყო. შვებით ამოვისუნთქე. ქირურგმა ჩაიცინა.

ალბათ საათ-ნახევარი იქნებოდა გასული, რომ ტკივილი ვიგრძენი… იგი უფრო და უფრო ძლიერდებოდა. მინდოდა მეთქვა მისთვის, მაგრამ ვერ ვბედავდი და მოთმენა ვამჯობინე. ამაოდ… უფრო და უფრო მიმატა ტკივილმა და როცა ამ საშინელებამ აპოგეას მიაღწია, გონი დავკარგე…

***

თვალი რომ გავახილე, ვატო თავზე მადგა და სახეში ხელებს მიტყაპუნებდა.

- როგორც იქნა… რა დაგემართა?

- ძალიან მტკიოდა, - ჩავიჩურჩულე, - მორჩა?

- კარგა ხანია. რატომ არ მითხარი? როგორც ჩანს, ვერ გამოვზომე და ცოტა გვიან გაგიკეთე შემდეგი ნემსი. აბა, შეხედე, მოგწონს? - მკითხა და ზეწარი ჩამოხსნა, - სიარულს სამი კვირის მერე დაიწყებ, იქამდე უნდა იწვე.

თავი ავწიე და ჩემს მარცხენა ფეხს შევხედე… ის ისეთი ჩამოქნილი იყო… თანაც უფრო გრძელი მარჯვენაზე. აქეთ-იქიდან წვრილი მავთულები მქონდა გაყრილი.

- ღმერთო, რომ დავწვე, ვინ მომივლის? - ამოვიკვნესე, ყრუ ტკივილი მაინც მაწუხებდა.

- მე, - მოკლედ მოჭრა ვატომ და გამიღიმა.

- ტუალეტი რომ მომინდება? - ვიკითხე და გავწითლდი.

- აქ არ ვარ? - ყველაფერში დაგეხმარები, ნუ შიშობ, - დამამშვიდა.

- მეორე ფეხის გაქლიბვას არ აპირებ?

- ჯერ არა. ხომ გითხარი, ორივე ერთად არ გამოვა-მეთქი. მაგის დროც მოვა, რატომ ნერვიულობ? მეორე ფეხს ხვალ მივხედავ.

ღმერთო, ახლა რომ გატრიალდეს და წავიდეს, მე კი ასე დამტოვოს, ხომ ვიქნები ღირსი? რატომ არ მოვიდნენ მის წასაყვანად? რატომ დააგვიანეს?.. მივხდი, რატომაც. უცებ გამახსენდა, რომ ავთოს აგარაკის კი არა, ჩემი გაყიდული ბინის მისამართი ვუკარნახე.

- რა იყო, მოიწყინე? - შემატყო, რომ სახე შემეცვალა.

- ცოტათი.

- არ გინდა, ყველაფერი კარგად იქნება. ხვალ დილიდან სახეს დავიწყებ.

- კი მაგრამ, ფეხი?

- ფეხი მერე იყოს, ზეგ, მაზეგ… ახლა კი სხვა საქმეს მივხედოთ, შენი ჭამის დრო მოვიდა. რა მოგიტანო?

- რაც გაგიხარდება, ჩემთვის სულერთია, - ხმადაბლა ვთქვი, - სულ არ ვარ ჭამის ხასიათზე.

ვატომ პური, ყველი, კარტოფილიანი ღვეზელი და მწვანილი მოიტანა და თავისი ხელით დამანაყრა. მე ბედნიერი ვიყავი.

- ახლა კი დაიძინებ. რასაც გეტყვი, უსიტყვოდ უნდა შეასრულო და ძვალი მალე შეგიხორცდება, - მიბრძანა ქირურგმა და ყავისფერი ფარდები ჩამოუშვა, რომ ოთახი დაებნელებინა.

***

როცა გამომეღვიძა, უკვე საღამო იყო. მციოდა. ორპირი ქარი ვიგრძენი, გარეთ წვიმდა. მომეჩვენა, რომ სახლში არავინ იყო.

- ვატო! - რაც შეიძლებოდა, ხმამაღლა დავიძახე.

ხმა არავინ გამცა.

შეშინებულმა ისევ დავიყვირე.

«მარტო ხარ, მარტო ხარ, მარტო ხარ» - თითქოს მეუბნებოდა წვიმის ხმა.

გამაჟრჟოლა. რა ვქნა? ავდგე? ამით ხომ ყველაფერს გავაფუჭებ. ან როგორ შევძლებ გავლას? ჯერ ერთი დღეც არ გასულა ოპერაციიდან. რა მეშველება?

ტუჩი მოვიკვნიტე. ახია ჩემზე, ღირსი ვარ, რაც დავიმსახურე, ის მივიღე. ხომ ვიცოდი, მანიაკი რომ იყო, ხომ მითხრეს, გიჟიაო, როგორ ვენდე? როგორ დავუჯერე? კარისკენ გავიხედე. იქვე, ჩემს თავთან ტაბურეტი იდგა, რომელზეც ვატოს საჭმელი და ბოთლით წყალი დაელაგებინა. ხედავ, რა გააკეთა? საჭმელ-სასმელი დამიტოვა, რომ მშიერი არ მოვკვდე, თვითონ კი გაიქცა. ალბათ დარჩენილი ფულიც გააყოლა ხელს. ღმერთო, რა დავაშავე ასეთი? რისთვის ვისჯები? ვიცი, რისთვისაც, ჩემი უგუნურებისთვის.

ამ დროს ისევ დაირეკა ზარი. იმდენად მოულოდნელი იყო, შევკრთი. თუმცა გამიხარდა, რომ ჭიშკარს ვიღაც მოადგა. ესე იგი, ჯერ კიდევ არის გადარჩენის შანსი, ვიღაც მომიკითხავს და გადავრჩები. ცოტა ხანში კარის ჭრიალის ხმა გაისმა, ვიღაც ეზოში შემოვიდა. მივაყურადე, ნაბიჯების ხმა მიჩუმდა, კვლავ საშინელი სიჩუმე ჩამოწვა, მხოლოდ წვიმის ხმაური ისმოდა. უცებ დავინახე, როგორ გაიარა ვიღაცის ჩრდილმა ფარდებჩამოშვებულ ფანჯარასთან. დავიძაბე. ვინ უნდა იყოს? დავუძახო თუ არ დავუძახო? იქნებ დაველოდო, როცა შემოვა? ქურდი რომ იყოს? ვაითუ, მძარცველმა იფიქროს, სახლში არავინააო. რომ დამინახავს, შეიძლება მომკლას კიდეც…

ოთახში ბნელოდა. სანამ შუქი არ აინთებოდა, ვერავინ შემამჩნევდა. უცებ გარეთა კარი გაიღო, ვიღაც შემოვიდა და ნელ-ნელა საძინებლისკენ დაიძრა. სუნთქვა შევიკარი. შემამცივნა…

***

კარის გაღება და შუქის ანთება ერთდროულად მოხდა. შიშისგან თვალები დავხუჭე. შემოსული ადგილიდან ფეხს არ იცვლიდა. ნელ-ნელა გავახილე თვალი, კართან ქირურგი იდგა, ხელში ყვავილების თაიგული ეკავა.

- ეს შენ, დროზე რომ გამოჯანმრთელდე, - ღიმილით მომიახლოვდა.

- კინაღამ მოვკვდი შიშისგან, რა ბოროტი ხარ, - ძლივს ამოვთქვი, - სპეციალურად მოიქეცი ასე, არა?

- როგორ გითხრა… კარგ ხასიათზე ვიყავი, გადავწყვიტე, ცოტა გამესეირნა. მიყვარს წვიმაში სეირნობა. გარეთ არავინაა, მეზობელს ყვავილები მოვპარე. მერე ვიფიქრე, ჩემს პაციენტს ცოტათი შევაშინებ-მეთქი. ამბობენ, როცა ახალნაოპერაციებს შეაშინებ, უფრო მალე გამოჯანმრთელდებაო. ძლიერ ემოციას კარგი თერაპიული ეფექტი ახლავს თურმე. გამომივიდა?

- სულაც არა. ახლა ისე ვარ დაშოკილი, მგონი, საერთოდ მოვწყდი წელს ქვემოთ, ვეღარ ვინძრევი. რომ არ მოსულიყავი, შენ მოსაძებნად ვაპირებდი წასვლას.

- მერე რატომ არ წამოხვედი?

- ადგომის შემეშინდა.

- არ უნდა შეგეშინდეს. თუ საკუთარ თავს შთააგონებ, რომ ადგომა და გავლა შეგიძლია, ასეც მოხდება. არ მოგშივდა?

- არა.

- მაშინ იცი, რა? - თქვა და ეშმაკურად შემომხედა.

- რა, მეორე ფეხი უნდა გამიქლიბო?

- არა, ფეხი არა, სახის პლასტიკური უნდა დავიწყო.

- ახლა? უკვე დაღამდა.

- მერე რა, მე ჭოტივით ვარ, ღამით მიყვარს მუშაობა. შთაგონება თორმეტის მერე მეწყება.

- როგორც გინდა, მე არ ვარ წინააღმდეგი, - ამოვიოხრე მხოლოდ.

- ტკივილები ხომ არ გაქვს?

- ცოტა მაწუხებს, ყრუდ.

- არა უშავს, ახლა ტკივილგამაყუჩებელს და ადგილობრივ ანესთეზიას გაგიკეთებ და გაგივლის, ამასობაში სახეს მივხედავ…

ვატომ დილამდე იმუშავა. ყოველ ნახევარ საათში ერთხელ ნემსს მიკეთებდა. თან მელაპარაკებოდა, თან მუშაობდა. თავდაპირველად რაღაც ზომებს იღებდა, მერე გაკვეთა დაიწყო. მე ვერაფერს ვხედავდი, მაგრამ თბილი სისხლი ყელზე რომ ჩამომედინა, ვიგრძენი, როგორ მიმდიოდა გული… მერე აღარაფერი მახსოვს.

***

ჩემი სახის პლასტიკურ ოოპერაციას ქირურგი დიდხანს მოუნდა, თითქმის ორი კვირა. ამასთან, ამ დროის განმავლობაში მხოლოდ ერთი მხარე დაამთავრა - მარცხენა - თვალი, ყური, ყელი… ცხვირისთვის ხელი არ უხლია, ბოლოს მივხედავო. მე მორჩილად ვითმენდი ყველაფერს. დროდადრო გონი მეკარგებოდა მხოლოდ. არ ვიცი, რა წამალს მიკეთებდა ამისთანას, მაგრამ ტკივილს მართლაც ვერ ვგრძნობდი.

სამი კვირის მერე პირველად წამოვდექი და ვატოს დახმარებით ფრთხილად გავიარე. დამოუკიდებლად ჯერ არ შემეძლო, მასზე ვიყავი დაყრდნობილი, რომ ფეხისთვის ძალა არ დამეტანებინა. მსიამოვნებდა, ჩემს ფეხს რომ ვუყურებდი. სახეზე ჯერ კიდევ სახვევები მედო და არ ვიცოდი, როგორი შედეგი მქონდა. რაც შეეხება ფეხს, აღფრთოვანებული ვიყავი, ისეთი ლამაზი გამოვიდა. ერთი სული მქონდა, მეორე ფეხის გასწორებას როდის დაიწყებდა, მაგრამ ვატო არ ჩქარობდა. მთელი ამ ხნის მანძილზე ერთი წვეთი არ დაულევია, ეს ყველაზე მეტად მიხაროდა.

მოვიდა დათქმული დროც. კვირას სახვევები უნდა მოეხსნა. სარკის წინ დამაყენა. ჯერ კბილებზე მომხსნა მავთული, მერე სახიდან ბინტი მომაშორა და ფარდები მხოლოდ ამის მერე გადასწია. თან გამაფრთხილა, სანამ მე არ გეტყვი, თვალები იქამდე არ გაახილოო. ასეც მოვიქეცი.

ვატო მომიახლოვდა, ჩემგან მარჯვნივ დადგა, კარგა ხანს მიყურა, მერე მითხრა, ხელისგულით უოპერაციო მხარე დაიფარე და თვალები გაახილეო…

კარგა ხანს შევყურებდი სარკიდან მომზირალ უცხო ნახევარსახეს. იგი უჩვეულოდ ლამაზი იყო. არა, ლამაზი კი არა, ულამაზესი… სარკიდან მიმზერდა ქალი თავისი წარსულით, ბედისწერითა და ხასიათით, კეთილი და ჭკვიანი, თანაც უსაშველოდ ლამაზი. ნუთუ ეს მე ვარ? ძნელი იყო ამის დაჯერება. ახლა მეორე მხარე დავიფარე ხელისგულით და საკუთარი მახინჯი ორეული შევიცანი. სასოწარკვეთილმა ხელი ჩამოვუშვი და… შევკივლე. ალბათ იქვე წავიქცეოდი, ვატოს რომ არ დავეჭირე. სარკიდან საშინელი ურჩხული მიმზერდა - ორი ელენე - უშნო და ლამაზი ერთდროულად, იმის მიხედვით, საით მივაბრუნებდი თავს. ეს თავზარდამცემი იყო. ტირილი წამსკდა. ქირურგს ხელი ვკარი და სკამზე ჩამოვჯექი გაბრუებული. ვატო ჩემ წინ მუხლებზე დაეშვა და თეძოზე მომხვია ხელი.

- რა დაგემართა? ეს ყველაფერი გაივლის, დრო უნდა. შენ უნდა მიეჩვიო. სულ მალე მეორე მხარის გადაკეთებას შევუდგებით და ამით მორჩება.

- შენ ბოროტი ხარ, ჯადოქარი, სატანა! - ვსლუკუნებდი და ვლანძღავდი ჩემს პირად ექიმს, - ასე როგორ შეიძლება, ეს რა გამიკეთე, ასე მგონია, მომკალი, ცოცხალი აღარ ვარ, - ისტერიკა დამემართა და წონასწორობიდან გამოსულმა მუშტები დავუშინე მამაკაცს.

- სატანა? - ფეხზე წამოიჭრა ვატო, - მე ვარ სატანა?

- შენ მე მომკალი, სული წამართვი, რას დამამსგავსე, ხედავ?!

- კარგი, რახან ასეა, ახლავე წამოდი, ძველ სახეს დაგიბრუნებ! - მაჯაში ჩამჭიდა ხელი.

- მოიცა, - ჩურჩულით ვთქვი, - არ გინდა, - ცოტაც და გული წამივიდოდა.

მოულოდნელად ხელი მიშვა, ჩემ წინ მუხლებზე დაეშვა და გვერდულად შემომხედა.

- ღმერთო ჩემო, რა ლამაზი ხარ… ზღაპრულად ლამაზი.

- ჰო, თუ აქეთა მხრიდან შემომხედავ, კი, მაგრამ… ისე, შენი დამსახურებაა.

- მე არაფერ შუაში ვარ, შეუძლებელია ასეთი სახე გააკეთო, ის შენ გქონდა, მე უბრალოდ, გამოვაჩინე.

- იცი? თითქოს კანიც კი სხვანაირი გამიხდა.

- კანი ისედაც არაჩვეულებრივი გაქვს, ეს იმ კრემის ბრალია, რომელიც მე წაგისვი. ის კანქვეშა ქსოვილების თვისებებს ცვლის, უფრო ელასტიკურს ხდის მას.

ცოტათი დავწყნარდი.

- მეორე მხარეს როდის დაიწყებ? ძალიან გამიჭირდება ასე. მარცხნიდან ეშმაკს ვგავარ, მარჯვნიდან კი ანგელოზს. იქნებ დღესვე დავიწყოთ?

- არა, დღეს სიარული უნდა ვცადოთ. მეთანხმები?

- როგორც იტყვი.

- მაშინ ადექი და მოდი ჩემთან, - ვატო წამოდგა და ოთახის შუაგულში დადგა.

სკამიდან ფრთხილად ავდექი და მისკენ ნაბიჯი გადავდგი. თურმე ტყუილად მეშინოდა, მშვენივრად გამომივიდა. ნელ-ნელა ვუახლოვდებოდი ქირურგს. ბოლოს ნაბიჯს ავუჩქარე კიდეც. მან ხელები გაშალა და რამდენიმე წუთის შემდეგ მის მკლავებში ბედნიერი ჩავესვენე. ხელში ამიტატა და ლოგინისკენ გამაქანა, თან მეჩურჩულებოდა, «ჩემი ჭკვიანი გოგო, ჩემი დამჯერი გოგო». ლოგინზე წამომაწვინა და ტუჩებში მაკოცა. თავი სიზმარში მეგონა. თან ტანსაცმელს მხდიდა, თან თვალებში მიყურებდა, თითქოს ნებართვას ელოდა ჩემგან. მე მას დავუწყე გახდა, ამით ყველაფერი ნათქვამი იყო. კიდევ ცოტა ხანი და არც ერთს არაფერი გვახსოვდა, ორივე თავდავიწყებას მივეცით…

***

დილამდე ვერ მოვწყდით ერთმანეთს. ეს დაუჯერებელი იყო, საკუთარი თავის მიკვირდა. ნუთუ ეს მე ვარ? პირველად ვიგრძენი თავი ქალად. ნუთუ ეს კარგია? ნუთუ კარგია, რომ ეს მომწონს? რომ ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მინდა მისი მოფერება? - ვეკითხებოდი საკუთარ თავს. სხეული თითქოს უფრო მგრძნობიარე გამიხდა.

- არც კი ვიცი, როგორ უნდა ვიცხოვრო აწი, - ხმადაბლა ვთქვი და თავი მკერდზე დავადე.

- რას გულისხმობ?

- იცი, ახლა რას განვიცდი? არ მინდა ეს წუთები ოდესმე დამთავრდეს, მინდა კიდევ და კიდევ გაგრძელდეს. ხედავ, რა მიქენი? ფისოსავით მაქციე, სულ მოფერება მინდა.

- არა უშავს, გაგივლის. როცა შენი სახეც, ფეხებიც, ტანიც და სხეულის სხვა ნაწილებიც ასეთი მგრძნობიარე გაგიხდება, სხვა აზრზე დადგები, მერე მე აღარ გაგახსენდები, სხვისკენ გაგიწევს გული.

- ეს არ მოხდება, მე შენ ვინ გგონივარ? შენ გარდა არავინ მინდა. სხვა მამაკაცი რომ მდომებოდა, როგორმე მოვძებნიდი აქამდე. მე ბავშვი მინდა შენგან გავაჩინო.

- მოიცა, ნუ ჩქარობ. შენ ეს-ესაა, განსხვავებული ცხოვრების სუსტი სურნელი შეიგრძენი. ჯერ სად ხარ, ამიტომაც არ გაქვს უფლება, რამე გადაწყვიტო.

- მე არ ვწყვეტ, მე მინდა…

- ჰო, რა თქმა უნდა, შენ ხომ ფისო ხარ, ფისო კი რასაც აკეთებს, ის უნდა, - გაიღიმა და მკლავი მომხვია.

მერე თავი წამოსწია და პროფესიონალურად დამაკვირდა, უოპერაციო ნაწილის ყველა დეტალს სწავლობდა.

- სამუშაო ბევრი დარჩა, ყველა ნიუანსი გასათვალისწინებელია, - ყრუდ ჩაილაპარაკა.

- ალბათ გეამაყება, ასე რომ გამოგდის, არა? საქართველოში შენნაირად კიდევ შეუძლია ვინმეს?

- საქართველოში? ჰმ, საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში ორი-სამი თუ იქნება ასეთი პროფესიონალი, რუსეთშიც კი არ მოიძებნება მეორე ჩემნაირი.

- ხუმრობ…

- არ ვხუმრობ. რუსებს ერთი ქალი ჰყავთ, ძალიან მაგარია, მაგრამ მხოლოდ სახის პლასტიკურს აკეთებს, მე კი უნივერსალური ქირურგი ვარ, სხეულის ნებისმიერი ნაწილის გადაკეთება შემიძლია. გგონია, ადვილია? წლები დამჭირდა, ეს ყველაფერი რომ ზედმიწევნით შემესწავლა. საერთოდ, ნებისმიერი კარგი საქმე, ღირებული საქმე, რაღაც ტრაგედიის გამოძახილია.

- გამოდის, რომ მე ტრაგედიის გამოძახილი ვარ? იზას ჯინაზე შექმნილი?

- იზა რა შუაშია?

- იმ შუაშია, რომ ვეჭვიანობ.

- სისულელეა.

ლოყით მის მხარს გავეხახუნე.

- მაშინ რატომ თქვი ასე? რას ნიშნავს ტრაგედიის გამოძახილი?

- აგიხსნი. იცი? მე… შვილი მყავს, გოგონა… როცა ის გაჩნდა, ყველაფერი დამავიწყდა ქვეყანაზე, ყველასა და ყველაფერზე გული ავიცრუე - ცოლზე, სამსახურზე, მეგობრებზე… ვუყურებდი მას და ვხედავდი, რომ ყველაფერი - ცხოვრება, ბედისწერა, საბოლოო შედეგი - მისთვის ისეთი იქნებოდა, როგორიც მე შემეძლო შემექმნა. და მე ვქმნიდი. მე ვდებდი მის გონებაში ისეთ აზრებს, რომელიც განსხვავებულ ადამიანად ჩამოყალიბებაში დაეხმარებოდა. ორი წლის ასაკიდან დიდი ადამიანივით ველაპარაკებოდი: «რას ფიქრობ ამაზე», «როგორ გგონია?» «მინდა რჩევა გკითხო» და ა.შ. ვესაუბრებოდი პოეზიაზე, ფერწერაზე, ადამიანთა შორის ურთიერთობაზე. ვთხზავდი მისთვის ზღაპრებს და ვთხოვდი თვითონაც შეეთხზა. მე დავანახვე მას, რომ ის ქალია, რომ მას კარგი ქმარი უნდა ჰყოლოდა, კარგი შვილები. ვუხსნიდი, რომ ყველაფერი გამოუვიდოდა ცხოვრებაში, თუ ეცოდინებოდა, რომ ის ქალია და დასახული მიზანი უნდა ჰქონდეს, შეეძლოს საქმის კარგად კეთება და შეგრძნება ყველაფრის.

- მასაც ასე უყვარდი?

- შენ წარმოიდგინე, არა. დედა უყვარდა სიგიჟემდე. შეიძლება იმიტომაც, რომ ის იშვიათად იყო სახლში, მუშაობდა. მე კი არ ვუყვარდი. მან, უბრალოდ, იცოდა, რომ მე სხვებს არ ვგავდი. და მის ირგვლივ ყველაფერი ჩვეულებრივად მხოლოდ მაშინ იყო, როცა მე ვერ მხედავდა. ჩემთან ერთად ის განსხვავებულ სამყაროში ხვდებოდა, სხვა განზომილებაში. ამიტომაც არ ვუყვარდი, თითქოს იზღუდებოდა მისი თავისუფლება, - ვატო გაჩუმდა.

- მერე რა მოხდა, წაგართვეს?

- ჰო, სწორედ მაშინ, როცა ექვსი წლის გახდა. მას ასწავლეს ჩემი სიძულვილი და კარგადაც ასწავლეს. თერთმეტის რომ გახდა, სასამართლოში შევიტანე სარჩელი, რომ მისი ნახვის ნება დაერთოთ ჩემთვის, მაგრამ… იცი, რა თქვა სასამართლოზე? მამაჩემს ვერ ვიტან, მეზიზღება, თავის შეხედულებებს თავს მახვევდაო, დედაჩემს სცემდაო.

- მართლა სცემდი?

- არა, რა თქმა უნდა.

- ახლა სად არის შენი გოგონა?

- შორს, - ყრუდ ჩაილაპარაკა და ამოიხვნეშა.

წარმოვიდგინე, როგორ იდგა ქირურგი საოპერაციო მაგიდასთან, რომელზეც სისხლში მოთხვრილი თერთმეტი წლის გოგონა იწვა. ის გარდაიცვალა და მორჩა, აღარასდროს განმეორდება. ღმერთო, როგორ განიცდის…

- ყველაფერი გასაგებია, - ჩავეხუტე, - შენ აგიკრძალეს საკუთარი ქალიშვილის აღზრდა, ამიტომაც სხვების აღზრდა გადაწყვიტე, ოღონდ შენებურად, ფიზიკურად გარდაქმნა.

- შესაძლებელია. ასეთი იმიტომ ვარ, რომ ჩემს მშობლებს ჩემთვის არ ეცალათ. არა, რა თქმა უნდა, მათ ბევრი რამ მომცეს, მუშაობა მასწავლეს, ყველაფერი, ყველაფერი, მაგრამ ვერ შეძლეს, ჩემს სულში ჩაეხედათ, ვერ შეაღწიეს იქამდე, არ მასწავლეს პრაქტიკულ სამყაროში ცხოვრება.

- ერთი მხრივ, ეს კარგია. შენ თავად გაზარდე საკუთარი თავი. ასე რომ არა, სხვანაირი იქნებოდი, ჩვეულებრივი მოკვდავი.

- მართალი ხარ. რა ვქნათ, ხვალ გავაგრძელოთ? - სხვა თემაზე გადაიტანა ვატომ საუბარი.

- რატომ ხვალ? ახლავე. მე კიდევ მინდა.

ჩემს ხუმრობაზე ორივეს გაგვეცინა. ის ჩემკენ მოტრიალდა, მკლავები მჭიდროდ მომხვია და ალერსის ბურანში გამახვია…

***

მეორე დილით ადრე გამეღვიძა. ვატოს გვერდით ვიწექი. თავი მის ცოლად წარმოვიდგინე და ისეთი სითბო ჩამეღვარა სხეულში, ბედნიერებისგან სიმღერა მომინდა. არც ფეხებში გარჭობილ რკინებს, არც კბილებზე ამოცმულ მავთულს, არც გაორებულ სახეს - არაფერს, არაფერს შეეძლო ჩემი ხასიათის გაფუჭება. ეს სრულყოფილი ბედნიერება იყო.

ავდექი, რომ მისთვის ყავა მომედუღებინა და პირდაპირ ლოგინში მიმერთმია. სამზარეულოში გავედი თუ არა, ტელეფონმა დარეკა. ვიფქრე, სამსახურიდან მირეკავენ-მეთქი და დაფეთებული მივასკდი ყურმილს. არანაირი სურვილი არ მქონდა, ძველ სამსახურს დავბრუნებოდი, მტკიცე უარით ვაპირებდი ჩემი უფროსის გასტუმრებას.

- ალო, - ოფიციალური ტონით ჩავძახე.

- ელენე, თქვენ ხართ? - თითქოს ნაცნობი ხმა მომესმა.

- დიახ, რომელი ბრძანდებით?

- სვირინგა ვარ, ჯინოს მძღოლი, გახსოვართ?

- ა! გამარჯობა. კი, როგორ არა.

- თქვენთან საქმე მაქვს. შეფმა თქვა, თუ ახლავე არ მომიყვან იმ ქალს და მასაჟს არ გამიკეთებს, თქვენს მეგობარ კაცს… სერიოზულად დაერხევაო… ისე სერიოზულად, რომ შეიძლება დღის სინათლე ვეღარ იხილოს. წარმოგიდგენიათ, რა დღეში ჩავარდებით?

- მაპატიეთ, მაგრამ არ შემიძლია, - გულმა ბაგაბუგი დამიწყო, - მე… ფეხი მოვიტეხე და თაბაშირში მაქვს ჩასმული. სიარულს ვერ ვახერხებ, ვწევარ.

- ვიცი, როგორი მოტეხილიც გაქვთ, ყველაფერი ვიცი. ასე რომ, ნუ მატყუებთ. გარდა ამისა, მასაჟის გაკეთების დროს მოტეხილი ფეხი ხელს ნამდვილად არ შეგიშლით.

კანკალმა ამიტანა, თავის დაძვრენა ვცადე.

- და კიდევ… პლასტიკური ოპერაცია გამიკეთეს სახის ნახევარ ნაწილზე. ისეთი საშინელი შესახედავი ვარ, შეგეშინდებათ, რომ დამინახოთ.

- არა უშავს, ჯინო სახეზე არ შემოგხედავთ. თანაც, მას უყვარს ასეთი უცნაურობები, პირიქით, გამხიარულდება კიდეც.

- არ შემიძლია… - ვცადე წინააღმდეგობის გაწევა.

- მომისმინე, გოგონი, - კატეგორიულად მითხრა მამაკაცმა, - ჩემი მანქანა ჭიშკართან დგას. თუ ნახევარ საათში არ გამოხვალ, რაც დაგემართებათ შენ და შენს ქირურგს, საკუთარ თავს დააბრალე, ცხრამილიმეტრიანი კალიბრის ტყვია არ აგცდებათ. გასაგებია?

- კარგი, მოვდივარ, - ძლივს წარმოვთქვი და ყურმილი დავკიდე.

სკამზე ჩამოვჯექი და ფანჯარაში გავიხედე, ივნისი ბოლო იდგა. ახლაღა შევამჩნიე მწიფე ალუბლები, გაფურჩქნილი ვარდები, გეორგინები… რამდენი ხანია, გარეთ არ გამიხედავს და არ დავკვირვებივარ ჩემს კარმიდამოს.

საძინებელში შევედი. ქირურგს ჯერ კიდევ ეძინა, თანაც ღრმა ძილით. გავაღვიძო? რა ვუთხრა მერე? ისედაც იეჭვიანა, არ გაგიჟდება? უთქმელად როგორ წავიდე? გავიპარო? ვინ იცის, რომელ საათზე გამომიშვებს ის ნაძირალა, კაცის მკვლელი. ხომ მითხრა იმ გოგომ, განგსტერიაო. კარგს რას უნდა ველოდო მისგან? უკან არაფერზე დაიხევს. მართლა შეასრულებს თავის სიტყვას. ვატოს მოკლავენ. მერე რა მეშველება? უნდა წავიდე. მერე ვატო? ის გაიგებს, მიხვდება, რატომაც წავედი. აბა, ასეთი ვის რაში ვუნდივარ? ვის მოუნდება ჩემთან სექსი? მაგრამ მას ხომ მოუნდა? ის სხვააა, ის ხომ სხვებს არ ჰგავს. გამიგებს, აბა რას იზამს. წერილს დავუტოვებ… მაგრამ რა უნდა დავწერო? არა, არაფერსაც არ დავტოვებ, წავალ და ვეცდები, მალევე მოვბრუნდე. რაღაცას მოვიფიქრებ - ამ ფიქრებში ჩაცმას შევუდექი. მერე მაინც გადავწყვიტე წერილის დატოვება, ბლოკნოტი და კალამი მოვიძიე და ერთი წინადადება გაკვრით დავწერე: «საყვარელო, სხვანაირად მოქცევა არ შემეძლო». უცებ ფანჯარაზე დააკაკუნეს. ადგილზე შევხტი და შეშინებულმა მივიხედე. ღია სარკმელში სვირინგას თავი გამოჩნდა, ხელში პისტოლეტი ულაპლაპებდა…

ფართხაფურთხით გამოვედი, რომ ქირურგს არ გაღვიძებოდა. მძღოლი ჩემ დანახვაზე ადგილზე გაქვავდა. ყბა ჩამოუვარდა შიშისა და გაოცებისგან. დამეხმარა, სანამ მანქანამდე მივაღწევდით. ძლივს ჩავეტენე უკანა სავარძელზე. სარკეში ჩემს სახეს მოვკარი თვალი. საშინელი შესახედავი ვიყავი. ორი ელენე ერთდროულად მიყურებდა. ერთი, ძველი, ძალიან შეშინებული იყო, ხოლო მეორე, მომავლის ქალი, უფრო მშვიდად გამოიყურებოდა. ის მეორე აშკარად ძლიერი იყო პირველზე…

* * *

სვირინგამ ჯინოს რესტორანთან ჩამომსვა. მაშინვე ვიცანი გარემო. მაღლა ავიხედე. ჯინო ფანჯარასთან იდგა და მიყურებდა. ოდნავ შესამჩნევად გამიღიმა. კიბის საფეხურები ფრთხილად, აუჩქარებლად ავიარე და ჰოლში შევედი.

- როგორ ხარ? - მკითხა და ხელი ჩამომართვა.

- აი, ასე, - ფეხებზე დავიხედე, - თავად?

- დილიდან თავის ტკივილმა დამტანჯა, შენ თუ მიშველი.

ის ისე მიყურებდა, თითქოს არც შეუმჩნევიაო ჩემი გაორებული სახე, ნაკვთი არ შერხევია.

- დავიწყოთ? - საქმიანი ქალის იერი მივიღე. ახლა მე გავხდი ექიმი, მე ვიყავი მისი ქირურგი.

- დავიწყოთ, - თავი დამიქნია და მეორე ოთახში შემიძღვა.

საათზე მეტხანს ვუკეთებდი მასაჟს. ყველაზე დიდხანს თავის არეზე შევჩერდი, რათა ტკივილები მოხსნოდა. ძალიან დავიღალე. რადგან ფეხზე დგომა დიდხანს არ შემეძლო, ძირითადად დამჯდარი ვმუშაობდი, რის გამოც მკლავები ჩამომაწყდა.

- საოცარია, საკმარისია, შენი ხელი შემეხოს და ეგრევე კარგად ვხდები, მაშინვე გამივლის ხოლმე ტკივილი, - თქვა ჯინომ, - არ გინდა, ჩემთან იმუშაო? კარგ ხელფასს დაგინიშნავ.

- არა, გმადლობთ, მე სხვა გეგმები მაქვს. შემიძლია წავიდე?

- არა.

ამის გაგონებაზე ელდა მეცა. რას მიპირებს?

- რატომ?

გაგრძელება იქნება