ქალი ალუბლისფერი ბაღიდან - თავი 11 - Marao

ქალი ალუბლისფერი ბაღიდან - თავი 11

2022-05-13 10:25:14+04:00


წინა თავი

- რას იზამ, სამუშაო სამუშაოა, მაპატიე, თუ სათანადო ყურადღებას ვერ გაქცევ, ლელუკა. სამაგიეროდ, ამ ჩემს სამუშაოს ბევრი ფული მოაქვს. შენ ხომ გიყვარს ფული? ხომ გჭირდება? თან როგორ გსიამოვნებს მისი ხარჯვა. არ მინდა შენ რამეზე იფიქრო, მინდა უზრუნველად იცხოვრო. მე არაფერს მოგაკლებ, ჩიტის რძესაც კი, ოღონდ ბედნიერი იყავი. ერთ რამეს გთხოვ მხოლოდ. სამსახურიდან შინ დაბრუნებულს გაღიმებული შემხვდი, მომეფერე, მაკოცე, ჩემთან ერთად იარე ელიტურ მიღებებზე და მიესალმე იმ ადამიანებს, რომლებსაც მე ვესალმები. იმეგობრე მათ ცოლებთან, მე მხოლოდ ეს მინდა შენგან, მხოლოდ მაშინ ვიქნები ბედნიერი. მინდა, რომ შენი დანახვისას ყველა აღფრთოვანდეს. ეს იქნება ჩემთვის ბედნიერება.

- გასაგებია, მაგრამ ასე არ ხდებოდა აქამდეც? - ჩავეკითხე.

თითქოს შეცბა.

- ჰო, როგორ არა, მაგრამ… მას შემდეგ, რაც მეხსიერება დაკარგე, ჩემი მეგობრებიდან არც ერთი არ გახსენდება. ამის მეშინია, - იმართლა თავი.

- საყვარელო, რა კარგი ხარ, - მოვეხვიე და ვაკოცე, - გულში სითბო მეღვრება, როცა გიყურებ, - ეშმაკობა ვიხმარე და მოსიყვარულე ცოლის როლი გავითამაშე. მგონი, კარგად გამომივიდა.

- შენ უკეთესს იმსახურებ, ჩემო მზეთუნახავო, - დაითაფლა გურამი და ჩამიხუტა.

- რატომ ლაპარაკობ ასე? მე შენ მიყვარხარ, სიხარულო, მე მინდა შენთან ყოფნა, მე უბედნიერესი ქალი ვარ, - ვამბობდი ამ სიტყვებს და საკუთარი თავის მიკვირდა, ნუთუ ასე დავხარბდი ქონებას? თუ არაფერი მახსოვს, როგორ უნდა მიყვარდეს ვიღაც უცხო მამაკაცი? ნუთუ ვერ ხვდება, რომ ვიტყუები?

მაგრამ გურამს მხოლოდ ბედნიერების ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.

- გურამ, როგორ გავიცანით მე და შენ ერთმანეთი? - ვკითხე მოულოდნელად.

- არ გახსოვს? დედაჩემმა გამაცნო შენი თავი. მას მოეწონე და მირჩია, ცოლად შემერთე. მეც დავთანხმდი. ის ჭკვიანი ქალია, ასეთი რამეები არ ეშლება.

- ესე იგი, დედას ყველაფერს უჯერებ?

- რა თქმა უნდა, აბა, სხვანაირად როგორ იქნება? - დაბნეულად გამიღიმა.

ესეც შენ, ლელა თუ ელენე, ბედის საჩუქარი! დედიკოს ბიჭი გყოლია ქმრად. დედამთილიღა მაკლდა, შვილზე მბრძანებელი დედამთილი! - სახე შემეცვალა.

- ნუ ნერვიულობ, რა გემართება? - მან ადვილად ამოიკითხა შიში ჩემს სახეზე, - ის ახლა აქ არ არის, ბაჰამის კუნძულებზე გაემგზავრა დასასვენებლად თავის მეორე ქმართან ერთად. ჩვენ არ შეგვაწუხებს, აქ კი არ ცხოვრობს, თავისი სახლი აქვს, - თავზე ალერსიანად გადამისვა ხელი, - შენ არაფერზე იდარდო, დარდი ნაოჭებს აჩენას მხოლოდ. მე კი მინდა, რომ ლამაზი ცოლი მყავდეს, ყოველთვის ლამაზი. გააგრძელე ცხოვრება ისე, როგორც აქამდე ცხოვრობდი, სხვა არაფერი მინდა.

კმაყოფილმა გავიღიმე. მართლაც რომ ბედნიერი ვიყავი. სადარდებელი არაფერი მქონდა.

***

გავიდა რამდენიმე დღე. მიუხედავად იმისა, რომ არაფერი მაკლდა და რასაც ვინატრებდი, გურამი ყველაფერს მისრულებდა, მაინც მომწყინდა. უფერული დღეები წაეწყო ერთმანეთს. ამასობაში გივი ექიმიც გვესტუმრა, გამსინჯა და მითხრა, ახალ წლამდე სახლიდან ფეხი არ გაადგაო. ამას ისიც დაერთო, რომ გურამმა «ჩამიშვა», ღამით ყვიროდა და სახლიდან გაქცევაც კი უნდოდაო. არადა, მსგავსი არაფერი ყოფილა. ერთადერთი, წინა ღამით კოშმარი მესიზმრა, თითქოს მანქანამ დამარტყა და მოვკვდი, მაგრამ ამის გამო არ მიყვირია.

იმავე საღამოს ჩვენი სახლის ხეივანში გავედი სასეირნოდ, თან საკუთარ თავზე ვფიქრობდი. «ნუთუ მომატყუა ქირურგმა? იმიტომ შემქმნა ასეთი, რომ ის მიმეტოვებინა და სხვას გავყოლოდი ცოლად? თუ ელენე, უბრალოდ, არ არსებობს და მე ყოველთვის ლელუკა ვიყავი? მე ლამაზი ვარ, ყველაფერი მაქვს. ვინ იცის, რამდენ ქალს შურს ირგვლივ ჩემი. არადა, ვგრძნობ, რომ რაღაც მაკლია. რაღაც ისეთი, რასაც ვერც სიმდიდრე მაძლევს და ვერც ეს მოსიყვარულე ქმარი? რა მაკლია? რამდენი მდიდარი გამიგია, თავს რომ იკლავენ მოსაწყენი ცხოვრების გამო. ალბათ ამას ჰქვია მოსაწყენი ცხოვრება. რაღაც ხომ უნდა გადარდებდეს ადამიანს? რაღაც მიზანი ხომ უნდა გქონდეს? რაღაცის იმედი? რისი? მომავლის? ოცნების ასრულების? მერედა, რა არის ჩემი ოცნება? მე ხომ ყველაფერი მაქვს, განა რისი ასრულება უნდა ვინატრო? ამ ფიქრებში შემცივდა. ის იყო, უკან გამოტრიალება დავაპირე, რომ უკნიდან ვიღაცამ ხელები მომხვია. შევკრთი. გურამი აღმოჩნდა.

- საყვარელო, საღამოს ჩვენ სტუმარი გვეყოლება.

- ვინ? - დავინტერესდი.

- ცნობილი ბავშვთა ექიმი. ის გაგსინჯავს და კონსულტაციას ჩაგიტარებს. დროა, ბავშვზე ვიფიქროთ.

ამის გაგონებაზე ცივმა ოფლმა დამასხა. გამახსენდა, როგორ დამჭრა ჩემმა მეზობელმა, როგორ ვიწექი საავადმყოფოში, როგორ ვიმკურნალე. მაშინ ვატომ მითხრა, ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა, მაგრამ დეკემბრის შუა რიცხვებში კიდევ ერთხელ მოგიწევს გასინჯვა, რომ საბოლოოდ დავრწმუნდეთ, შვილი გეყოლება თუ არაო. ეს ყველაფერი მოულოდნელად ამომიტივტივდა გონებაში. რატომ უნდა გამსინჯოს სხვა ექიმმა? მე არ მინდა სხვა, მე მინდა ჩემმა ქირურგმა, ჩემმა ვატომ გამსინჯოს. ვაითუ, გურამის ნაცნობმა თქვას, შვილი არ ეყოლებაო? ხომ მიმატოვებს ჩემი «ქმარი»? მერე რა ვქნა? როგორ შეველიო ამ სიმდიდრეს? არა, როგორმე უნდა ავირიდო თავიდან იმ ვიღაც ცნობილი ექიმის ვიზიტი. ეს გავიფიქრე და საბოლოოდ მივხვდი, რომ ექიმის ცოდნა-არცოდნა არ იყო ჩემი უარის მიზეზი. მე მხოლოდ ვატოს ნახვა მინდოდა. მეტი არაფერი. ღმერთო, როგორ მომნატრებია. რა თბილი იყო, როგორ ვუყვარდი. რა სხვანაირი გრძნობით მეფერებოდა. გურამს ვერც შევადარებ. მას მე იქამდე შევუყვარდი, სანამ გამალამაზებდა. უშნოც კი საყვარელი ვიყავი მისთვის. ამას კი მხოლოდ ჩემი სილამაზე უყვარს. სხვებთან რომ თავი მოიწონოს, როგორც რაღაც ძვირფასი ნივთის მფლობელმა. აბა, ერთი ძველებურად მახინჯი ვიყო! ახლოსაც არ გამიკარებდა.

ქირურგის გახსენებაზე უცნაურმა ჟრუანტელმა დამიარა სხეულში.

სახლში შემცივნებული დავბრუნდი. თავი ამტკივდა. ვივახშმეთ თუ არა, საძინებელში გავედი და პირქვე ჩავემხე საწოლში. ფრიდა გვერდიდან არ მცილდებოდა, მაგრამ ვაგრძნობინე, მარტო მინდა დარჩენა-მეთქი და ცივად დავითხოვე. მას რას ვერჩოდი, მაგრამ ამწუთას ნერვებს მიშლიდა.

ვატოზე ფიქრმა გამიტაცა. რა იქნება, პატარა თავგადასავალი რომ გამოვაცხო? ცოტა ხნით რომ გავძვრე სახლიდან, გავუჩინარდე? რა თქმა უნდა, გურამს შეეშინდება და ძებნას დამიწყებს, მაგრამ რა მოხდა მერე? ინერვიულოს, მოუხდება. უფრო მეტად შევუყვარდები. იფიქრებს, ჩემი ცოლი ისევ გაიტაცესო. ერთხელ ხომ მოხდა ასე, გივი ექიმმა ხომ მითხრა? სულ რამდენიმე საათით გავიქცევი, მერე ისევ დავბრუნდები. მინდა ქირურგის ნახვა, მხოლოდ ერთხელ შევავლებ თვალს და მორჩა, კვლავ ახალ ცხოვრებას დავუბრუნდები. მაგრამ როგორ დავუკავშირდე? სად ვეძებო? მობილურზე დავურეკო? იქნებ ჩემი სახლის ნომერზე დავრეკო? არა, არ ღირს. არ არის გამორიცხული, სახლის ტელეფონს უსმენდნენ. აქ რაღაც ხდება. ესენი რაღაცას მიმალავენ. ასე მგონია, ყველანი მოსყიდულები არიან. ჩვენ ხომ გვქონდა მობილური. იმედია, არ გადააგდებდა, თუმცა… ვინ იცის, იქნებ ლომბარდში ჩააბარა, მას ხომ ფული არ ჰქონდა? არ ვიცი, არ ვიცი… ჯობს, ისევ მობილურზე ვცადო.

კომოდის უჯრიდან ჩემი უძვირფასესი მობილურის აპარატი ამოვიღე და ნომერი ავკრიფე.

- გისმენთ, - მიპასუხა უცხო ხმამ.

- უკაცრავად, რომელი ხართ? - ვკითხე დაბნეულმა.

- თქვენ ვინ გნებავთ?

- ვატო მინდოდა.

- ა! მე ვატოს მეგობარი ვარ, მაგრამ მას ახლა არ შეუძლია ტელეფონზე ლაპარაკი… ვინ კითხულობს?

- მთვრალია? - მივხვდი, რომელი მეგობარიც იყო. ის ექიმი მელაპარაკებოდა, დაჭრილი ვატო რომ გასინჯა და რომელმაც თავისი მობილური დაგვიტოვა.

- ცოტათი… სძინავს. რომელი ხართ?

- ელენე ვარ…

- ა! გასაგებია, როგორ ხართ?

- არა მიშავს. მაპატიეთ, ერთი რამ მინდა გკითხოთ. თქვენ ხართ მასთან სტუმრად თუ ის არის თქვენთან?

- ის არის ჩემთან. მგონი, იღვიძებს, დაგალაპარაკოთ?

- თუ არ შეწუხდებით, - სუნთქვა შემიგუბდა დაძაბულობისგან.

«ვატო, ელენე გირეკავს, დაელაპარაკები?» მესმოდა შიგადაშიგ, - ვატო, გესმის, ბიჭო, რა გჭირს, გამოფხიზლდი», მერე ქირურგის ნამთვრალევი ბურტყუნის ხმაც გავიგონე, ბოლოს ისევ ექიმი დამელაპარაკა.

- უკაცრავად, მაგრამ ვერაფრით გამოვაფხიზლე. რა გადავცე?

- თქვენთან როგორ მოხვდა? - კითხვა შევუბრუნე.

- ვერ ხვდებით?

- მე მეძებდა? - ცახცახმა ამიტანა.

- ჰო, თქვენ გეძებდათ, თანაც ჯინოს მეშვეობით.

- ჯინოს მეშვეობით? - ცივმა ოფლმა დამასხა, - მერე? ის დათანხმდა?

- ის აქ არ არის, გაემგზავრა.

- სად, რუსეთში?

- ჰო. იცით? ვატო მეუბნებოდა ამას წინათ, რომ აუცილებლად უნდა გნახოთ. თქვენ გასასინჯი ხართ, თორემ შეიძლება პრობლემები შეგექმნეთ დაორსულებასთან დაკავშირებით. ერთი სიტყვით… ეს თქვენი გადასაწყვეტია… ექიმები, ალბათ, იქაც მრავლად გეყოლებათ.

- მინდა, ძალიან მინდა, - მთელი ხმით ვიყვირე, - მაგრამ ჯერ არ ვიცი, როგორ გავაღწიო აქედან. ხვალისთვის რაღაცას მოვიფიქრებ. ყოველი შემთხვევისთვის, ხვალ საღამოს, რვა საათამდე მეტრო «რუსთაველთან» დამელოდოს, არა, უმჯობესია, «რუსთაველის თეატრთან». ვეცდები, აუცილებლად მოვიდე. გთხოვთ, გადაეცით. ახლა კი მაპატიეთ, მეტი დრო არა მაქვს, ვეღარ დაგელაპარაკებით, - ჩქარ-ჩქარა მივაყარე და გავთიშე.

ტელეფონის დამალვა იქამდე მოვასწარი, სანამ გურამი და ფრიდა ოთახში შემოვარდებოდნენ.

- რა მოხდა, საყვარელო? - პირველმა გურამმა მოირბინა.

- არ ვიცი… რაღაცები მემართება. ხანდახან მგონია, ჩემს სხეულში სხვა ქალი ზის და… ის სრულებით არ მგავს მე, სწორედ ამის მეშინია.

- მას ელენე ჰქვია? - გამიღიმა ქმარმა და ლოყაზე მომისვა ხელი.

- ჰო. ის სულ სხვანაირია და ხშირად მელაპარაკება.

- ეს იმის ბრალია, ცხენიდან რომ გადმოვარდი. იმის კვალია. ხომ გითხარი, გაორება გჭირს-მეთქი. დამშვიდდი, გაგივლის, სულ მალე გაგივლის.

ეს რა ვქენი, როგრ ყველაფერი გავაფუჭე. ასე არ უნდა მეთქვა. ახლა გურამი გივის გამოიძახებს და წოლით რეჟიმს დამინიშნავს, თან გამჭყიპავს თავისი ფსიქოტროპული წამლებით. გაპარვას ვეღარ მოვახერხებ. რა სულელი ვარ. სხვა რამე უნდა მეთქვა. არა, არა, გამორიცხულია, ხვალ ვატო არ ვნახო. უბრალოდ, ვნახავ და დავემშვიდობები, ადამიანურად დავემშვიდობები. ვეტყვი, რომ მე სხვა ცხოვრება ავირჩიე. ის გამიგებს. ახლავე ავუხსნი გურამს ყველაფერს.

- გურამ, ძვირფასო, - დავიწყე მონოლოგი, - თურმე ცხოვრებაში აუცილებელი ყოფილა, ერთხელ მაინც დაეცე თავით, რომ ღირებულებების გადაფასება შეძლო. მე დავარტყი თავი და ჩემში გაჩნდა ეს ელენე, რომელიც უმწეოა, რომელსაც გადაუარეს ცუდმა ადამიანებმა. მას შველა სჭირდება. ის მხსნელს ჩემში ხედავს, ამიტომაც არ მასვენებს. ის ცდილობს დამიმტკიცოს, რომ მისი ცხოვრება ჩემსაზე უკეთესია. მისგან რომ გავთავისუფლდე, კიდევ ერთხელ უნდა დავარტყა თავი. გესმის? კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთო ეს. თუ ასე არ მოხდება, საკუთარ თავსაც დავკარგავ, შენც დაგკარგავ და ცხოვრების აზრსაც. გასაგებად გელაპარაკები? ხომ არ ვურევ რამეს? არა? მაშინ მომისმინე, არ გვინდა გივი და სხვა მისი მსგავსი ფსიქიატრები. შენ ხომ ჭკვიანი ხარ, შენ ხომ გესმის ჩემი.

- ლელუკა, საყვარელო… შენ რა, წასვლა გინდა? - მოიღუშა გურამი.

- ჰო, ჩემო სიხარულო, წასვლა მინდა… მხოლოდ რამდენიმე საათით, სულ რამდენიმე საათით, შემოგევლე. წავალ შენგან და მერე ისევ დაგიბრუნდები და დაგიბრუნდები ისეთი, როგორიც შენ გსურს, რომ ვიყო. პირობას გაძლევ, ოღონდ ახლა გამიშვი.

ამოვთქვი თუ არა ჩემი სათქმელი, მოვეშვი, თავი დავხარე, თითქოს რაღაც მძიმე ტვირთისგან გავთავისუფლდი.

- როგორც გავიგე, ხვალ წასვლა გინდა რამდენიმე საათით, არა?

- ჰო, მინდა, გთხოვ.

- ხომ არ დაგავიწყდა, ერთხელ რომ გაგიტაცეს? გინდა, რომ იგივე განმეორდეს?

- არა, ეს ნამდვილად არ მინდა.

- მაშინ დაცვას გაგაყოლებ.

- არ მინდა, გემუდარები. მარტო უნდა წავიდე. შემპირდი, რომ მარტოს გამიშვებ.

იგი ერთხანს ჩაფიქრდა, მერე თავი ასწია, თვალებში შემომხედა და თქვა.

- კარგი, გპირდები, მაგრამ მინდა ერთი რამ იცოდე…

- მითხარი.

- თუ შენ კვლავ მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდები, მე შენ დასახსნელად თითსაც არ გავანძრევ. ასე რომ, შენ გადაწყვიტე. შენი ასარჩევია, როგორ იცხოვრებ მომავალში - ელენე იქნები თუ ლელუკა.

- მხოლოდ სამი საათით, საყვარელო, მხოლოდ სამი საათით. მე აუცილებლად დავბრუნდები.

- კარგი. მძღოლი წაგიყვანს და სადაც ეტყვი, იქ ჩამოგსვამს.

- რა კარგი ხარ, ჩემო სიხარულო, რა კეთილი ხარ. როგორ შემიძლია შენი მიტოვება, ეს ხომ გამორიცხულია, - სიხარულისაგან ეგზალტირებული გავკიოდი და ყელზე ვეკონწიალებოდი მოქუფრულ გურამს.

<div>***</div>

ერთი სული მქონდა, როდის შებინდდებოდა. შვიდზე მაინც უნდა ვყოფილიყავი დათქმულ ადგილას, რომ ქირურგისთვის მიმესწრო. ისეთი მაკიაჟი გავიკეთე, რომ ჩემი სილამაზე შეძლებისდაგვარად დამემალა. ისე კარგად გამომივიდა, თავად ვერ ვცნობდი საკუთარ თავს. შვიდის ოც წუთზე გავედით სახლიდან. მძღოლს «რუსთაველის მეტროსთან» გავაჩერებინე მანქანა და ათისთვის დავიბარე. ფეხით დავუყევი გამზირს. ახლა უკვე ყველაფერი მახსოვდა. არანაირი გაორება არ მჭირდა. თბილისიც გამახსენდა, ჩემი აგარაკიც, ვატოც და პლასტიკური ოპერაციების მთელი სერიაც. მე მისკენ მივიჩქაროდი. ჩემი სიყვარულისკენ, ჩემი საყვარელი ვატოსკენ. ისეთი კარგი გრიმი მქონდა, ქუჩაში არავის მოუქცევია ჩემთვის ყურადღება.

თეატრს რომ მივუახლოვდი, ნაცნობი მანქანა შევამჩნიე. მძღოლს დავაკვირდი, სვირინგა ვიცანი, ჯინოს ძმაკაცი. არ გამკვირვებია, ხომ გავიგე წუხელ, რომ ვატო ჩემ პოვნას სწორედ მისი მეშვეობით ცდილობდა. ალბათ ამიტომაც გამოგზავნეს სვირინგა. მხიარულად მივესალმე მას და უკანა სალონში მოვკალათდი.

- როგორ ხარ? - მოვიკითხე გზაში.

- არა მიშავს, თავად?

- ისე, რა. ფხიზელია?

- ვინ?

- ვატო.

- ა-ა-ა! კი, ამწუთას ფხიზელია.

- თქვენთან არის?

- ჰო, აბა, სად იქნება! - გაიკვირვა სვირინგამ.

- რა ვიცი, წუხელ თავისი მეგობრის სახლში იყო.

- ხან იქ არის, ხანაც ჩვენთან, - დაბნეულად მიპასუხა.

რაღაც არ მომეწონა. რამეში ხომ არ ვცდები? იქნებ ის ვიღაც სულაც არ იყო ვატოს მეგობარი? ჯინო ხომ არ მიპირებს მოტაცებას? იქნებ მასაც მოუნდა ფული და გამოსასყიდი უნდა მოსთხოვოს გურამს?

- რაღაც დაბნეული მეჩვენები, - არ დავმალე ჩემი ეჭვები.

- არა, რატომ… აი, მივალთ და თავად დარწმუნდები, რომ ყველაფერი კარგადაა. ჯინოს ძალიან გაუხარდება შენი ნახვა.

- ჯინოს? - ცუდად მენიშნა მისი სახელის ხსენება, - აკი რუსეთში გაემგზავრაო?

- ვინ გითხრა? - შიშნარევი მზერა მესროლა სარკიდან სვირინგამ.

- ვატოს მეგობარმა.

- აჰ, იმან რა იცის, მოუტყუებიხარ. აპირებდა გამგზავრებას, მაგრამ გადადო… რომ გაიგო, შენ უნდა მოსულიყავი, გადადო… შენი მასაჟი გაახსენდა და…

სვირინგა არეულად ლაპარაკობდა. ამაკანკალა. მივხვდი, რომ მახეში გავები, მაგრამ უკვე გვიან იყო…

***

მანქანიდან რომ გადმოვედი, შიშისგან მუხლები მომეკვეთა. არ ვიცოდი, რას მიპირებდნენ ან ვისთან მომიწევდა კონკრეტულად შეხვედრა. რომ არ დავცემულიყავი, მანქანას მივეყრდენი. თვალთ დამიბნელდა. როცა გონს მოვეგე, სვირინგას ოთახში შევყავდი.

მან დივანზე დამსვა და ჭიქით წყალი მომიტანა. ერთიანად ვცახცახებდი.

- სად არის ვატო? - ტირილნარევი ხმით ვიკითხე.

- მოვა… ცოტა მოგვიანებით, - ირონიულად ჩაილაპარაკა მან და უშნოდ გაიღრიჭა.

- რას მიპირებთ?

- ღმერთია მოწამე, ცუდს არაფერს. ქირურგი გადაწყვეტს, რა გააკეთოს. იცი, შენი გულისთვის რამდენი რამე გადაიტანა? როგორ შეგეძლო მიგეტოვებინა კაცი, რომელმაც ამხელა რაღაც გაგიკეთა?

ისე ვძაგძაგებდი, კბილს კბილზე ვაცემინებდი.

- გინდა, მოგიყვე, როგორ იყო ყველაფერი? - ცივად მომიბრუნდა სვირინგა.

უხმოდ დავუქნიე თავი.

მან სკამი ჩემთან ახლოს მოაჩოჩა, ხელები მუხლებზე დამადო და თხრობა დაიწყო.

- შენ რომ სახლიდან გაიპარე, ძალიან გაუჭირდა. არც ფული ჰქონდა, არც სამსახური და არც საჭმელი. რა უნდა ექნა? რისი გაყიდვაც შეიძლებოდა, ყველაფერი გაყიდა, რომ პურის ფული ჰქონოდა. მერე კი გასაყიდიც აღარაფერი დარჩა. ჰოდა, იცი, რა მოიფიქრა? ადგა და ჯინოს მოძებნა გადაწყვიტა.

ერთ მშვენიერ დღესაც, დილით, გაიღვიძა თუ არა, მაგიდაზე ფულის დასტა დახვდა, სამი ათასი დოლარი და წერილი, რომელშიც ეწერა: «დაივიწყე წარსული, შენს თავს მიხედე. ეს დუმილის გასამრჯელოა». გესმის? ვიღაცა შენი თავის სანაცვლოდ ფულს სთავაზობდა. ის ფული არ იყო მისთვის ფასეული. მისთვის ფასეული იყო ის, რაც მომავალში ექნებოდა, რასაც შენთან ერთად შექმნიდა. მას უყვარდი, სიგიჟემდე უყვარდი და უყვარდი მანამდეც, სანამ ოპერაციას გაგიკეთებდა. შენ კი არ დააფასე. სიმდიდრის გულისთვის გაყიდე, მიატოვე და ის გაბერილი მოხუცი ამჯობინე. მან კი გაპატია, რადგან იფიქრა, რომ შენ მოტყუებით წაგიყვანეს, ამიტომ შენი გამოხსნა გადაწყვიტა. რა გზით? მისი ერთადერთი მშველელი იმწუთას ჯინო იყო, ამიტომაც წამოვიდა მასთან. სხვა გზა არც დაუტოვეს. შენი გაუჩინარებიდან მეორე დღეს მასთან უბნის ინსპექტორი მივიდა და უთხრა, სახლი დაცალე, იყიდებაო. ელენეს მანქანა დაეჯახა და გარდაიცვალა, რადგან ანდერძი არ დაუტოვებია, სახლი სახელმწიფოს ეკუთვნისო. რა უნდა ექნა, სახლი გამოკეტა, აიღო ეს ფული და გზას გაუდგა.

ჩვენთან მოვიდა, რესტორანში. დაცვას უთხრა, ჯინოსთან ვარ, ელენემ გამომგზავნაო და შემოუშვეს. ჯინო ბოლო ხანებში ძალიან ცუდად იყო, თავის ტკივილებმა უმატა, სიმსივნე უფრო და უფრო იზრდებოდა. შეფი გაშლილ მაგიდასთან დახვდა ვატოს.

- ვინ ხარ? - აგდებულად ჰკითხა.

- მე ქირურგი ვარ.

მან, რა თქმა უნდა, ვერ გაიხსენა, ვინ ქირურგი ეახლა ასეთ დროს, მაგრამ მაინც გადაწყვიტა მოესმინა, რადგან იგი ელენეს სახელით გამოცხადდა.

- ხვალ მე თქვენ ოპერაციას გაგიკეთებთ და სულ სხვა ადამიანი გახდებით, ჯანმრთელი სხვა ადამიანი, მერე კი მე დამეხმარებით, - აუხსნა თავისი ვიზიტის მიზეზი ქირურგმა.

ჯინო დიდხანს, ძალიან დიდხანს აკვირდებოდა ვატოს, მერე კი თქვა.

- დალევ რამეს?

- სიამოვნებით, - თავი დაუქნია ვატომ.

სანამ ქირურგი ჭამდა და სვამდა, ჯინოს თვალი არ მოუშორებია მისთვის. ამასობაში შენმა ვატომ ორი ბოთლი ღვინო გამოსცალა, კარგ ხასიათზე დადგა. მე იქვე ვიდექი. არ მომეწონა, ამდენს რომ სვამდა და ლაპარაკი გავუბი.

- გავიგე, რომ ჩვენს ბოსს ოპერაცია უნდა გაუკეთოთ, ეს მართალია?

- ჰო, ვაპირებ, - ალმაცერად შემომხედა, - იცით, რა? მე ფსიქიატრიული მანიით ვარ შეპყრობილი. ვგრძნობ, ჩემი დახმარება ვის სჭირდება ხოლმე. ამიტომაც მაშინვე იქ ვჩნდები, სადაც ჩემი გამოჩენა საჭიროა. ჰოდა, ახლა აქ ვარ. უნდა განვეწყო ოპერაციისთვის, ყველაფერი მოვიფიქრო, ამიტომაც ხასიათი არ უნდა გამიფუჭდეს. იცით, რომ ოპერაცია დიდებული პროცესია? ეს დიდი თეატრია, დიდი სპექტაკლი! ეს აღმაფრენაა, მეორედ დაბადება. წარმოიდგინეთ, თქვენ წინ წევს სრულიად შიშველი ადამიანი, ავადმყოფი, დავრდომილი, რომელსაც შველა სჭირდება. მის გარშემო შეკრებილია ქირურგი და მთელი მისი ოპერატიული ჯგუფი, როგორც თეთრი ანგელოზები. შენ ამ დროს ბედნიერი ხარ, არაფრის გაკეთება არ გიხდება, წევხარ და ელოდები, როდის დაგაძინებენ, გაგჭრიან, როდის გაათბობს შენს სხეულს ჭრილობიდან წამოსული თბილი სისხლი. მერე რაღაცას ამოგაჭრიან, მერე გაგკერავენ და მოგარჩენენ.

- ჩემი აზრით, თქვენ ავად ხართ, ფსიქოლოგიური გადახრა გაქვთ და უმჯობესი იქნება, თუ ექიმს მიაკითხავთ, - თავი ვერ შევიკავე და პირდაპირ მივახალე.

- რა თქმა უნდა, ავად ვარ, - თავი მხიარულად დამიქნია მან, - ჯანმრთელი ადამიანი არ გაჭრის კაცს, არ გადაარჩენს მას, პირიქით, დაიმალება თავის მყუდრო ბინაში და ყურებს ბამბით დაიცობს, თუკი ამ დროს გარეთ ვიღაცას დანას უყრიან მუცელში. შემდეგ ადგება და გვამს გარეთ გაიტანს, რომ მის ბინას მოაშოროს.

გაოცებული მივჩერებოდი ამ კაცის ბოდვას, მართლა ავად მეგონა. მისკენ გადავიხარე და მკაცრად ვუთხარი.

- ბოსს არ შეუძლია თავად გადაწყვიტოს მომავალი ოპერაციის საქმე. სიმსივნის გამო მახსოვრობა დაუქვეითდა. ამჟამად იგი ჩემი მფარველობის ქვეშ იმყოფება, მის მაგივრად მე ვაწარმოებ ყოველგვარ მოლაპარაკებას მის საქმეებზე. ხოლო მე, როგორც საღად მოაზროვნე ადამიანს, არ შემიძლია მისი ბედ-იღბალი ისეთ ავანტიურისტს და მანიაკს ვანდო, როგორიც თქვენ ხართ.

- ჩემთვის ყველაფერი გასაგები ხდება. როგორც ვატყობ, ზოგ-ზოგიერთებს პატივცემული ჯინო ისეთი სჭირდება, როგორიც არის - საცოდავი, შრომისუუნარო, გონებადაქვეითებული…

- ასე ნუ ლაპარაკობთ, არ გაქვთ ამის უფლება. უკვე ყველამ იცის, რომ მისი გადარჩენა შეუძლებელია, მას რამდენიმე კვირა აქვს დარჩენილი, სიმსივნე უკვე მთელ სხეულს ედება ნელ-ნელა. რაც შეეხება ქონებას, მან უკვე დაწერა ანდერძი და ნათესავებს გადაულოცა ყველაფერი, ამ რესტორნის გარდა, რომელსაც მე მიტოვებს.

- ნათესავების ამბავი გასაგებია, მაგრამ თქვენ? თქვენ ხომ აღარ გჭირდებათ ჯანმრთელი უფროსი? ის ხომ მხოლოდ პრობლემებს შეგიქმნით? - თავხედურად შემომხედა ვატომ.

სახეზე წამოვჭარხლდი. იმიტომ კი არა, რომ ქირურგი მართალს ლაპარაკობდა, ასე რომ ფიქრობდა, იმიტომ. ჯინოს არ მოეწონა ჩვენი საუბარი. მოულოდნელად მან თავი ასწია, ჯიბიდან პისტოლეტი დააძრო და მომიშვირა. გავფითრდი, თუ იგი ქირურგის ნათქვამს დაიჯერებდა, წამში გამომასალმებდა სიცოცხლეს. ამ დროს მას ისევ წამოუარა თავის ტკივილმა, პისტოლეტი კვლავ ჯიბეში ჩაიდო და ტკივილსაწინააღმდეგო აბები დალია. მთელი ამ ხნის განმავლობაში მან პირველად ამოიღო ხმა.

- რისთვის მოხვედი აქ, ბოლოს და ბოლოს? - ჰკითხა ქირურგს.

- მჭირდებით. მართალია, სხვა საქმისთვის ვარ მოსული, მაგრამ თავდაპირველად თქვენ გაგიკეთებთ ტრეპანაციას და იმ საზიზღრობას, რომელიც თავში გაქვთ, სამუდამოდ მოგაცილებთ.

- მერე რა იქნება? - ახლა მე დავინტერესდი, რადგან შევამჩნიე, რომ ჯინოს ისევ ებინდებოდა გონება.

- მერე მე დამეხმარებით ელენეს გამოხსნაში.

- აჰა, გასაგებია… და ოპერაციის გაკეთებას ნაბახუსევზე აპირებ? - გამეცინა.

- რას ნიშნავს ნაბახუსევზე, რა, ოპერაციის წინ ერთი-ორ ჭიქას არ დამალევინებთ? სხვანაირად ვერ შევძლებ, - მხრები აიჩეჩა მან.

- დაგალევინებთ, აბა, რას ვიზამთ, - ხარხარი ამიტყდა.

- ჩემს სიმართლეში რომ დაგარწმუნოთ და საოპერაციო იარაღებში ფული რომ არ დავხარჯოთ, ერთი ღამით იჯარით ავიღოთ საავადმყოფოში საოპერაციო ბლოკი, თბილისის ნებისმიერ საავადმყოფოში ყველა მიცნობს. დარწმუნდებით, რომ შარლატანი არ ვარ. რას იტყვით, ჯინო, თანახმა ხართ?

ამ უკანასკნელმა თავი დააქნია. კარგად ვიცნობდი მას, მთელი თავისი ბანდიტური მოღვაწეობის განმავლობაში არასდროს არავინ მოუტყუებია. მივხვდი, რომ არ ხუმრობდა, ის თანახმა იყო. მე რა უფლება მქონდა, წინააღმდეგობა გამეწია. ისედაც, რას კარგავდა ჩემი ბოსი, დღეები ჰქონდა დათვლილი.

- კარგი, - ვთქვი მე, პასუხისმგებლობა ჩემს თავზე ავიღე, - ღამის სამი საათი გაწყობს? - ვკითხე ქირურგს.

- მაწყობს. დილის რვა საათამდე მოვრჩები. კიდევ იცი, რა? თუ ახლავე შეუდგები საქმეს და კლინიკას დაითრევ, მე მომზადებას დავიწყებდი, პაციენტსაც შევამზადებდი. ავადმყოფისთვის აუცილებელია, რამდენიმე საათით ადრე საავადმყოფოს ჰაერი ყლაპოს.

საათს დავხედე.

- გასაგებია. ახლა ღამის ორი საათია. მე გავვარდები, მთავარ ექიმს მოველაპარაკები, მორიგესაც გავაფრთხილებ, მედდებსაც გამოვაძახებინებ, შენ კი აქ დამელოდე. ერთი საათის შემდეგ თქვენ წამოსაყვანად სასწრაფო დახმარების მანქანას გამოვგზავნი.

როცა კარისკენ დავიძარი და გასასვლელს მივუახლოვდი, უკან მოვიხედე. ქირურგი ჯინოს ზურგს უკან იდგა და გაშლილი ხელებით მისი თავის ირგვლივ წრეებს ხაზავდა. მივხვდი, რომ მან ბოსის მკურნალობა უკვე დაიწყო…

ვალიშვილის საავადმყოფო ავირჩიე, პატარა იყო და მყუდრო, თან იქ მთავარ ექიმს ვიცნობდი, არ გამიჭირდებოდა მასთან მოლაპარაკება. უცებ მოვაგვარე ყველაფერი. მართალია, გაურემონტებელი შენობა იყო, მაგრამ რას დავეძებდი, საოპერაციოდ ყველანაირი ინსტრუმენტი ჰქონდათ, მაგრამ ექთანი ერთის მეტი ვერ ვიშოვე, ღამით სამუშაოზე გამოსვლა არავინ ისურვა. ერთ საათში ჯინო და ქირურგიც მოვიდნენ. ქირურგმა ექთანთან მოისურვა შეხვედრა. გოგონას ნინი ერქვა. ვატოს მოეწონა იგი.

- თუ კარგად მოიქცევი, ჩემს მეგობარს დავურეკავ ქალაქის ცენტრში, მას კერძო კლინიკა აქვს და იქ დაგაწყებინებ მუშაობას.

- რას ნიშნავს, კარგად მოვიქცე? - შეშფოთდა ექთანი, იფიქრა, სექსს ხომ არ გულისხმობსო.

ვატო მიუხვდა და გულიანად გაიცინა, მერე სახე დაუსერიოზულდა და ახსნას შეუდგა.

- წინ რთული და ხანგრძლივი ოპერაცია გველის, სიმსივნე მთელ თავშია წასული. შენ კი მარტო იქნები. გასაგებია?

- მაშინ წავალ და მოვემზადები, - დამშვიდდა ნინი.

- არ გეშინია?

- არა, რა თქმა უნდა, მიჩვეული ვარ ოპერაციებს, - ნაზად გაიღიმა ექთანმა.

- ჭკვიანი გოგო ჩანხარ, დაგიფასდება, - თითი დაუქნია ქირურგმა და როცა ექთანი გავიდა, მე მომიბრუნდა.

- ამ გოგონას კარგად უნდა გადაუხადოთ.

- შენზე მეტი? - დავცინე.

- მე ფული არ მინდა. ჩემი წილიც მას მიეცით, - ცივად მიპასუხა.

რამდენიმე წუთის შემდეგ ჯინო უკვე საოპერაციო ბლოკში იწვა. ის უაზროდ მისჩერებოდა ჭერს. თეთრი ზეწარი თითქმის ნიკაპამდე ჰქონდა გადაფარებული. ნახევარი საათით ადრე ქირურგმა მას რაღაც აბები დაალევინა, რამაც თავის ტკივილი დაუამა. არავინ იცის, რაზე ფიქრობდა, ალბათ მშვიდად ელოდებოდა აღსასრულს, თუ გამოჯანმრთელება არ ეწერა. ის რისკზე მიდიოდა, მაგრამ უღირდა ეს რისკი, რადგან მისთვის უკვე სულერთი იყო, ერთი დღით ადრე მოკვდებოდა თუ გვიან. მის ადგილას მეც ასე მოვიქცეოდი. გამუდმებით ტანჯვაში ცხოვრებას ერთხელ სიკვდილი და ყველაფრისთვის წერტილის დასმა სჯობდა. რამდენიმე დღის წინ სწორედ ამ თემაზე მელაპარაკა. სულაც არ მინდა გამოჯანმრთელება, არც ეს რესტორანი მინდა, არც ეს სამუშაო, არც სახლი და არც ის ადამიანები, რომლებიც ჩემ გარშემო არიან ან ჩემთვის მუშაობენო. არ მინდა ისევ მათი არსებობით გავძეძგო ჩემი ტვინიო, მელაპარაკებოდა. დაძაბული ცხოვრებისგან დაიღალა კაცი. მას სიკვდილი უნდოდა, ერთხელ და სამუდამოდ მოშორებოდა აქაურობას. იქ უნდა წავიდე, სადაც არაფერი მექნება საკეთებელი, არც არავინ მოსაკლავი, არც წილები გასაყოფი, იქ არაფერზე ვიდარდებ, რადგან მომავალი არ მექნებაო. ვარდისფერ კოსმოსში გამოვეკიდებიო, მითხრა. შემეცოდა, რა თქმა უნდა.

სანამ ოპერაცია დაიწყებოდა, თავზე ვადექი. მოულოდნელად გაიღიმა, ეს ღიმილი კარგა ხანს გაგრძელდა, მაშინაც კი, როცა ნინი შემოვიდა ბლოკში, მაშინაც კი, როცა ქალმა მას თავი გადახოტრა და მაშინაც, როცა საოპერაციო ტომარა გადააცვა.

- კარგია, რომ იღიმის, ეს საქმეს გამიადვილებს, - თქვა ქირურგმა, - აბა, ნინი, მზად ხარ?

- რა თქმა უნდა, - თავი დაუქნია ექთანმა.

- მაშინ დავიწყოთ. სვირინგა, თუ შეიძლება, გარეთ დაგველოდე.

- არ შეიძლება დავრჩე? იქნებ რამეში დაგჭირდეთ? - მოვისაწყლე თავი.

- პრინციპში… შენც მართალი ხარ, რა იცი, რაში გამოგვადგები. დავუშვათ გამონაკლისი, რას იტყვი, ნინი?

ნინიმ ისევ დააქნია თავი, ეს უკვე თანხმობას ნიშნავდა.

ჯინოს პირზე ნიღაბი ააფარეს და ის გაითიშა. ვატომ სკალპელი მოიმარჯვა და მისი თავის გაჭრას შეუდგა. კინაღამ გული წამივიდა ამის შემხედვარეს. ცოტა ხნით თვალები დავხუჭე, გამიჭირდა ამ სცენის ყურება. რამდენიმე წუთის შემდეგ ზუზუნის ხმა მომესმა. თვალი რომ გავახილე, დავინახე, სამედიცინო ბურღით როგორ აკეთებდა ხვრელებს ვატო ჯინოს თავის ქალაზე. მეტი ვეღარ გავძელი და გარეთ გამოვედი. სისხლის სუნზე გული ამერია, ვაღებინე. კარგა ხანს გონს ვერ მოვედი, ნანახი გონებიდან არ ამომდიოდა. რა საზიზღარი სპეციალობაა ექიმობა, განსაკუთრებით, ქირურგობა.

ორი საათის შემდეგ ჩემი ბოსის სიმსივნე ჟანგმოკიდებულ აბაზანაში ეგდო, სისხლში ამოსვრილი. კვადრატული ფორმის იყო, მოლურჯო ფერი დაჰკრავდა. ხომ წარმოგიდგენია, ეს საშინელება ჯინოს თავში ბავშვობიდან იჯდა და თანდათან, ნელ-ნელა იკიდებდა ფეხს მის ტვინში. ჯინოსთან ერთად იზრდებოდა. ბოლოს იმდენი ქნა, დააჩიავა ეს უშიშარი კაცი, ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე.

- გამოკვლევაზე არ გავაგზავნოთ ხორცმეტი? არ დავთესოთ? - დაღლილი ხმით ჰკითხა ნინიმ ქირურგს.

- დავთესოთ არა ის… ჩვენს პაციენტს ეგ უკვე აღარ სჭირდება, არც მისი რაობა აინტერესებს, კანალიზაციაში გადაუძახე.

- როგორც მეტყვით, - გაიღიმა ნინიმ და ჯინოს თბილი გადასაფარებელი დაახურა.

ჯინო მეორე დილითვე გადავიყვანეთ მის სახლში. ექთანიც თან წავიყვანეთ, აუცილებლად გვჭირდებოდა.

ჯინოს სახლში მიშა დაგვხვდა, მისი მარჯვენა ხელი, გახსოვს, ალბათ, ქირურგის გამოხსნაში რომ დაგეხმარა. მას მაინცდამაინც არ ესიამოვნა ბოსის ოპერაციის ამბავი, იმიტომ, რომ თუ ჯინო მოკვდებოდა, მისი ქონების ნაწილი და საქმეები ავტომატურად მის ხელში გადავიდოდა, რითაც გარანტირებული ჰქონდა უზრუნველი ცხოვრება მომავალში. მის საყვარელსაც ეცვალა ფერი, აი, ის ლამაზი ქალი, ჯინოს რომ ემსახურებოდა შენი იქ ყოფნის დროს, გაგახსენდა, არა? მაგარი «სტერვა ქალია», მტრისას, თუ აიშვა! მაია ჰქვია. მაშინვე მიხვდა, რომ ვატო ისე, უბრალოდ არ გამოჩენილა ჰორიზონტზე. ორივეს მართლა ისეთი ჯინო აწყობდა, როგორიც ოპერაციამდე იყო, უუნარო და მომაკვდავი. ძალიან ნერვიულობდნენ მანამ, სანამ ბოსი გონს მოვიდოდა, მაგრამ მერე დაწყნარდნენ, რადგან ჯინოს არაფერი ახსოვდა, საკუთარი სახლიც ვერ იცნო, საქმეებზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. სასწრაფოდ დაფაცურდა ეს ავაზაკი ქალი და ჯინოს ჩვენგან მალულად ყველა ქაღალდზე მოაწერინა ხელი, რითაც მისი საქმეები და ფულის უდიდესი ნაწილი თავის სახელზე გადაიფორმა.

ქირურგს, რა თქმა უნდა, ეს არ ანაღვლებდა, მას თავისი გეგმები ჰქონდა შენთან დაკავშირებით. ნინის გვერდიდან არ იშორებდა, რომ სათანადოდ მიექცია ყურადღება განგსტერისთვის, რათა ის დროზე მოსულიყო სრულ ჭკუაზე და აზროვნება დაბრუნებოდა. ექთანიც უდიდესი გულმოდგინებით უვლიდა. რა თქმა უნდა, ამისთვის მე ვუხდიდი საჭირო თანხას, ბოსის ფულის ნაწილი ჩემთან ინახებოდა. მეც მერგო მისი ქონებიდან რესტორანი. ტყუილად კი არ მაჩუქა, დავიმსახურე. მთელი სამი წელი უერთგულესად ვემსახურებოდი.

ერთ დღესაც ქირურგმა ჩემთან განმარტოებით საუბარი ისურვა. გარეთ გავედით.

- მომისმინე, სვირინგა, - მომმართა მან, - ჯინო მალე დადგება ფეხზე, ყველაფერს გაიხსენებს და დაიბრუნებს იმას, რაც ამ ახვრებმა წაართვეს. მე ყველაფერი ვიცი. იმ ქაღალდებს ძალა არ აქვს, რადგან შემიძლია დავამტკიცო, რომ ხელის მოწერის მომენტში პაციენტი სრულ გონებაზე არ იყო. გირჩევნია, როცა ყველაფერი მოგვარდება, შენი ბოსი აქედან გაამგზავრო. წავიდეს რუსეთში, იქ უფრო მშვიდად იქნება, იქ ის, როგორც ვიცი, საკმაოდ გავლენიანი პიროვნებაა, მეტს იშოვის და მეტადაც დააფასებენ, ვიდრე აქ. სანამ უნდა იყოს ძებნაში? მიშას და მის საყვარელს არაფერი დააკავებს, თუ ყველაფერს დაკარგავენ, ეგრევე ჩაუშვებენ ჯინოს და პოლიციაში ამოაყოფინებენ თავს. გესმის, რაზე გელაპარაკები? ჰოდა, მიხედე ამ საქმეს.

შევთანხმდით. მართლაც, მესამე დღეს, ბოსმა თვალები გაახილა თუ არა, ჩემი სახელი წარმოთქვა. სიხარულისგან გავგიჟდი. მას ნელ-ნელა ახსენდებოდა ყველაფერი. მეც მოვუყევი, რაც მოხდა ბოლო დღეების განმავლობაში. ქირურგი დაიბარა. ვატო ღიმილით მიუახლოვდა.

- ჰა, როგორ არის ჩემი უიმედო პაციენტი?

- კარგად, - ჯინო ნელა ლაპარაკობდა, ჯერ კიდევ სუსტად იყო, - ეს რა საოცრებები ჩაგიდენია, ვინ ხარ ასეთი ჯადოქარი?

- ქირურგი ვარ, ერთი უბრალო ქირურგი. რაც მევალებოდა, ის გავაკეთე.

ბოსს ბედნიერების ღიმილი დასთამაშებდა სახეზე, მეორედ დაბადებულ ადამიანს ჰგავდა.

- მე რა შემიძლია გავაკეთო შენთვის?

- ჯერ ის მითხარით, სვირინგამ გითხრათ, რაც მოხდა და როგორც უნდა მოიქცეთ?

- რა თქმა უნდა, ყველაფრის საქმის კურსში ვარ.

- ძალიანაც კარგი. თუ ისე მოიქცევით, როგორც მე დაგარიგეთ, ყველაფერი კარგად იქნება. იქამდე კი ერთი საქმე მეც გამიკეთეთ, ხომ დავიმსახურე?

- მითხარი, რა უნდა გავაკეთო? - ჯინო საწოლში წამოიწია.

ქირურგი მიეხმარა და ზურგს უკან ბალიში დაუდო, რომ თავით მოხერხებულად მიყრდნობოდა. უფრო და უფრო მომწონდა ეს კაცი, სიკეთის განსახიერება იყო, მიუხედავად იმისა, რომ სმა უყვარდა.

- დანამდვილებით მეც არ ვიცი, რა უნდა გთხოვოთ. ვიცი მხოლოდ ერთი რამ. ჩემსა და თქვენს ცხოვრებაში არსებობდა ქალი, რომელმაც ორივეზე დიდი გავლენა მოახდინა. მას ელენე ერქვა, უნდა გახსოვდეთ, მასაჟს გიკეთებდათ ხოლმე.

- მახსოვს, როგორ არა. მისი მასაჟის შემდეგ კარგა ხნით მიჩერდებოდა თავის ტკივილი. ჭარბად ჰქონდა ბიოდენები, ერთადერთი მისი ხელები მშველიდა.

- ჰოდა, ახლა მას სჭირდება შველა. მოსვენებას არ მაძლევს მასზე ფიქრი. მე ის ბედნიერი ქალი გავხადე, მივეცი ის, რაზეც მხოლოდ ოცნება წარმოედგინა, მაგრამ გაქრა. დარწმუნებული ვარ, თავს უბედურება დაატყდა. არ ვიცი, რა, მაგრამ გული მიგრძნობს, რომ უჭირს. ის მე არ მიმატოვებდა. ვეჭვობ, რომ მოიტაცეს. ვინ და რატომ, წარმოდგენა არა მაქვს. რაღაც მოხდა, რაღაც ძალიან ცუდი. თქვენ საჭირო ხალხს იცნობთ, იქნებ გამიგოთ მისი ასავალ-დასავალი. ეს მინდა მხოლოდ, სხვა არაფერი.

- ამბობ, გავაბედნიერეო. როგორ, პლასტიკური ოპერაციით?

- სხვა მე არაფერი შემიძლია. რა, ეს ცოტაა?

- არა, რას ამბობ! ცოტა კი არა, ძალიან ბევრია.

ჯინოს თანდათან უბრუნდებოდა მახსოვრობა. ქირურგის ყოველი სიტყვა მის გონებაზე კატალიზატორივით მოქმედებდა.

- კარგად მახსოვს ის ქალი. როცა გავიცანი, მაშინვე მივხვდი, რომ ასფალტზე ამოსული ყვავილივით იყო, კარგი აურა ჰქონდა, კეთილად განგაწყობდა მის მიმართ. თავიდან ძალიან მჭირდებოდა მისი დახმარება, ამიტომ რამდენჯერმე ვაიძულე, მოსულიყო და მასაჟი გაეკეთებინა ჩემთვის, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ზედმეტი მომდიოდა და გადავწყვიტე, ჩემგან გამეთავისუფლებინა, შემეცოდა. მეც ავდექი და ჩემებურად მივანიჭე თავისუფლება.

- მეც ჩემებურად მივანიჭე თავისუფლება. ახლა კი, ჩემგან გალამაზებულს და თქვენგან თავდაჯერებულს, შველა სჭირდება, უგზო-უკვლოდ გაქრა, გესმით?

- იქნებ თავისი ნებით წავიდა?

- ეს გამორიცხულია, - ქირურგმა დარწმუნებით გააქნია თავი.

- შენ გინდა, რომ მე ის ვიპოვო?

- სწორედ ეს მინდა, თუმცა ვშიშობ, თქვენს მდგომარეობაში მყოფმა ადამიანმა ამ ეტაპზე ეს მოახერხოს.

- მაგრამ მე ხომ დამნაშავეთა სამყაროს ვიცნობ, ავტორიტეტი მაქვს. მათ თუ მოინდომეს, მთელ თბილისს ფეხზე დააყენებენ, ყველა კუნჭულს გადაქექავენ და მიწიდან ამოიყვანენ, იქაც რომ იყოს.

- მაგაში გეთანხმებით.

- ჩათვალე, რომ შენი პრობლემა მოგვარებულია, მხოლოდ რამდენიმე დღე მაცალე, - მისუსტებული ხმით თქვა ჯინომ და თვალები მილულა.

ქირურგმა შვებით ამოისუნთქა და თვალებგაბრწყინებულმა მე გადმომხედა.

- მაშინ შევუდგეთ თქვენი ქონების დაბრუნებას, დაუძახეთ მაიას, - საზეიმო ხმით წარმოთქვა მან.

***

მაიასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, ჯინოს მეხსიერება ასეთი სისწრაფით რომ აღუდგა. როცა ბოსის მოთხოვნა მოისმინა, გაფითრდა, ტუჩები აუკანკალდა და თავის მართლებას შეეცადა, მაგრამ ჯინომ გააწყვეტინა.

- მაჩვენე დოკუმენტები, - ხელი გაიშვირა ქალისკენ.

- მე არ მაქვს, მიშამ შეინახა.

- გამოართვი და აქ მომიტანე! - მკაცრი ტონით წარმოთქვა ბოსმა.

მაია უხმოდ ადგა და გავიდა. რამდენიმე წუთის შემდეგ მიშასთან ერთად შემოვიდა, ხელში თაბახები ეჭირა.

ჯინომ გამოართვა და ყველას თვალწინ დემონსტრაციულად დახია.

- ახლა ორივე წახვალთ და იმ ნოტარიუსს მომიყვანთ თავისი ასლებით, ვინც ეს დოკუმენტი შეადგინა.

- ჯინო, იცი, რაშია საქმე? - დაიწყო მიშამ.

- არ მაინტერესებს, გააკეთე, რაც გითხარი, - ბოსი შეუვალი იყო.

მიშა გავიდა, მაიაც უკან მიჰყვა.

- და კიდევ ერთი… - მიაძახა ჯინომ, - შეარჩიე ბიჭები და ჩემგან გადაეცი, ის გოგო მოძებნონ, იცი ალბათ, ვისზეც გელაპარაკები.

- ვიცი, რა თქმა უნდა, - მორჩილად დაუქნია თავი სახეწაშლილმა მიშამ და ოთახი დატოვა.

მერე როგორ განვითარდა მოვლენები, არ მკითხო. მიშამ და მაიამ, როგორც ჩანს, ხუთ წუთში მოილაპარაკეს, რომ ჯინოზე შურს იძიებდნენ და წამებში დაკარგულ ქონებას სხვა გზით დაითრევდნენ. ერთი სიტყვით, მათ გადაწყვიტეს, რომ ბიჭები არ ჩაერიათ შენი მოძებნის საქმეში და ამისთვის თავად მიეხედათ. თუ რატომ, ხვდები, ალბათ.

- ვერ ვხვდები, რატომ? - ტუჩები გამიშრა.

- შენს ქმარს რომ გამოსასყიდი მოსთხოვონ, სულელო! ნუთუ არ გესმის? ეს მათი ხელი ურევია შენი სახლიდან გამოტყუების ამბავში.

- კი მაგრამ, როგორ მომაგნეს? - ტუჩები დავიკვნიტე ნერვიულობისაგან.

- როგორ და შენს სახლს მიადგა. იქ შენს ქმარს ვიღაც პირტიტველა ბიჭი ჰყავდა დაყენებული, რომელმაც ვითომ შენი აგარაკი იყიდა, თუკი უცხო დაინტერესდებოდა ამბის გაგებით. მას სოლიდური თანხა გადაუხადა და დროებით იქ დატოვა, ვითომ ის იყო სახლის მეპატრონე. თან გააფრთხილა, თუ ვინმე მოგადგება, უთხარი, რომ სახლი იყიდებაო. მიშაც მიადგა ამ ბიჭს, დაემუქრა, ყველაფერი ვიციო, პოლიციაში ჩაგიშვებ, თუ არ მეტყვი, შენი დამქირავებელი სად ცხოვრობსო.

- თქვენ ვინ ბრძანდებით? - ჰკითხა შეშინებულმა ბიჭმა.

- მე ერთი კომპეტენტური ორგანიზაციიდან ვარ, რომელსაც გაჭიანურებული გამოძიებები, ღია პროცესები და სახალხო დავები არ უყვარს. ამიტომ ნუ შეშინდები, არაფერი დაგემუქრება, თუ მოკლედ მომიყვები, აქ ვინ დაგაყენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ციმბირი უკან დაგრჩებაო.

იმასაც შეეშინდა და ყველაფერი დაფქვა.

- სამი კვირის წინ ჩემთან ერთი კაცი მოვიდა, სამი ათასი დოლარი გადამიხადა იმისთვის, რომ დროებით აქ მეცხოვრა, თან ყველასთვის უნდა მეთქვა, რომ ამ სახლის მეპატრონე მე ვარ.

- შესანიშნავი ნათქვამია. მერე? სხვა დანარჩენი? - ჩაეძია მიშა.

- რამდენიმე დღის წინ კი ერთი ძალიან ლამაზი ქალი მოვიდა და ძალიან მთხოვა, ეს სახლი სხვისთვის არ მიმეყიდა. მითხრა, ჩემს ქმარს ვაყიდინებ, ძალიან მომწონსო.

- გადასარევია! ახლა იმ კაცის მისამართი დამისახელე, ვინც აქ მოგიყვანა.

- მისამართი არ ვიცი, ტელეფონს მოგცემთ. მითხრა, თუ რამე პრობლემა შეგექმნა, ამ ნომერზე დამირეკეო.

მიშამ ტელეფონის ნომერი მობილურში ჩაინიშნა და კმაყოფილი გამობრუნდა. მერე მაიას შეხვდა და მოილაპარაკეს.

- შენ მის მოტაცებას აპირებ? - ჰკითხა ქალმა.

- რა თქმა უნდა, ჩვენ არანაირად არ ვრისკავთ. მისი მოძებნა და შემდეგ მოტაცება ქირურგმა და ჯინომ დაგეგმეს, ხომ ასეა? თუკი საქმე ისე არ წავა, როგორც ჩავიფიქრეთ და თუ ყველაფერი ჩაგვეფუშა, მათ დაიჭერენ, ჩვენ კი არა, ეჭვს აუცილებლად მათზე მიიტანენ. ჩვენ მოწმეები ვიქნებით.

- მიდი მაშინ, რაღას უცდი, დარეკე და გაიგე, ეს ტელეფონი ვის სახელზეა გაფორმებული. თუ იმ კაცს არ ეკუთვნის, ვისაც ელენე ჰყავს, ვინმე მისი ნაცნობის იქნება და კვალზეც ადვილად გავალთ.

მიშა ასეც მოიქცა. ყველაფერი დაადგინა, შენს კვალსაც მიაგნო და ბოლოს ქირურგთან შესახვედრად მოემზადა. ვატოს ბარში დაუთქვა შეხვედრა, ბოსის სახლში არ მინდაო, გამოუცხადა.

შეხვდნენ. მეც მათთან ვიყავი, მაგრამ მათ საუბარში არ ჩავრეულვარ. ცოტა დავლიეთ.

- აბა, რა გაარკვიე? - ჰკითხა ქირურგმა.

- ყველაფერი. შენი მზეთუნახავი ერთმა ძალიან მდიდარმა ექიმმა გაიტაცა. ბოლოს მის მანქანაში ნახეს. ერთ რესტორანშიც დააფიქსირეს, ერთად სადილობდნენ. იქიდან წამოსულებს გზაში ავარია მოუვიდათ და ელენემ თავი დაარტყა, რის გამოც ტვინის შერყევა მიიღო, ძალიან მძიმე ფორმებში. რა თქმა უნდა, ამნეზია დაემართა და წარსული გადაავიწყდა. აზრზე რომ მოვიდა, უთხრეს, ამა და ამ კაცის ცოლი ხარ, ცხენიდან გადმოვარდი და გონი დაკარგეო. და ასე შემდეგ, კიდევ გავაგრძელო?

- და ელენე თავისი ნებით არ გაჰყოლია იმ კაცს? ეს გინდა თქვა?

- დანამდვილებით არ ვიცი. შეიძლება თავისი ნებითაც გაჰყვა, რას გაიგებ. კარგი ცხოვრება, მდიდარი ქმარი, ელიტური საზოგადოება…

- რას წარმოადგენს ის კაცი, ექიმი და მდიდარი… განა რა ექიმია ასეთი?

- კერძო კლინიკა აქვს, გურამი ჰქვია.

- გურამი?! - ფეხზე წამოიჭრა ვატო, - ელენეს რომ უმკურნალა? მაგის დედაც… - და შეიგინა.

- დამშვიდდი, დამშვიდდი, გინებით და სიფიცხით საქმეს ვერ უშველი. ახლა ის მოვიფიქროთ, რა ვქნათ, მოვიტაცოთ თუ დავუტოვოთ იმ კაცს, ჯანდაბამდის გზა ჰქონია?

- არა, მოტაცება საჭირო არ არის. როგორმე უნდა მოვძებნოთ და სახლიდან გამოვიყვანოთ. უთხარი ჯინოს ბიჭებს, ისინი მოახერხებენ რამეს.

- არა, არ ღირს ბიჭების ამ საქმეში გარევა. ექიმი გაიძვერა კაცია, პოლიციასთან იქნება შეკრული. ბიჭებს ეგრევე ჩაავლებენ. ჯობია, ამ საქმეს მაიამ მიხედოს. ქალია, ხომ იცი, ეშმაკურ რამეს მოიფიქრებს. თუმცა… ამით მე რა? შენ ხომ მე და მაიას საქმე გაგვიფუჭე, რატომ უნდა დაგეხმაროთ? რას მოვიგებთ ამითი?

- იმას, რომ… ჯინოს ქონების ნაწილი შენ დაგრჩება, - ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ თქვა ქირურგმა.

- როგორ? მან ხომ დახია ყველა დოკუმენტი.

- მერე რა? ვაიძულებ, თავიდან დაწეროს. მე ვიცი, რასაც ვეტყვი.

- არ მჯერა შენი.

- უნდა დამიჯერო. ასეა თუ ისე, ამ ეტაპზე შენ მაინც წაგებული ხარ, ყველაფერი დაკარგე. დამეხმარე და მეც დაგეხმარები. მე ეს შემიძლია. თუ ჯინო არ დამთანხმდება, მისი ჯანმრთელობა ერთ დღეში გაუარესდება და კვირასაც ვერ გაატანს, მომენტალურად მოკვდება. მას ახლა მკურნალობის ერთთვიანი კურსი სჭირდება, რომელსაც ჩემ მეტი ვერავინ დაუნიშნავს. დამეხმარე და დაგეხმარები, - გაიმეორა ქირურგმა.

მიშას სხვა გზა არ დარჩენოდა, ადგა და დათანხმდა, მაგრამ გულში სხვა გეგმები ჰქონდა. ერთით გაუხარდა კიდეც, ერთი გასროლით ორ კურდღელს კლავდა. ჯინოს ქონებასაც დაითრევდა და შენს ქმარსაც დაწველიდა. ამიტომაც მთელი მონდომებით შეუდგა შენთან მოსასვლელი არხების ძებნას, მაგრამ მოვლენები ისე განვითარდა, რომ მისთვის შენი სახლიდან გამოტყუების მიზეზის მოძებნა უფრო ძნელი გახდა, ვიდრე შენთან კონტაქტზე გამოსვლა. რისთვის უნდა შეხვედროდი ვატოს? პირველად, როცა შენ ის გამოიხსენი, გჭირდებოდა და იმიტომაც დაიხმარე ჯინო. ახლა? ახლა რა თავში იხლიდი ლოთ ვატოს? სილამაზე უკვე გქონდა, სიმდიდრე და გავლენიანი ქმარი გყავდა, უზრუნველი ცხოვრება მოიწყვე, რაღაში გჭირდებოდა გაუბედურებული ქირურგი? შეცოდების ან სიყვარულის მიზნით შენ ვატოს ნახვის სურვილი არ გაგიჩნდებოდა, რადგან, რომ გყვარებოდა, ქვეყანას დააქცევდი და როგორმე შენით ეცდებოდი იქიდან გამოქცევას. აი, რამდენ რამეს ფიქრობდა მიშა და ალბათ ვერაფერსაც ვერ მოიფიქრებდა, ისევ ვატო რომ არ დახმარებოდა.

- გინდა გითხრა, როგორ დაითანხმო? - ეშმაკურად გახედა ქირურგმა მიშას.

- თავს ვიმტვრევ და ვერაფერი მომიფიქრებია. მას მარტო ერთი წამითაც არ ტოვებენ, ყველგან ვიღაც დაჰყვება თან. მისი დამარტოხელება ძნელი იქნება.

- მას საშვილოსნოსთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს. ერთ კვირაში გამოკვლევები თუ არ ჩაიტარა, შეიძლება უშვილოდ დარჩეს. მას კი ვიცი, უშვილობა ძალიან ადარდებს. ამაში დარწმუნებული ვარ.

ამის გაგონებაზე მიშას თვალები გაუბრწყინდა.

- ასე ძალიან რამ გაგახარა? - გაუკვირდა ვატოს.

- იდეა მომივიდა. რამე რომ იყოს, როგორ უნდა დაგიკავშირდეს ელენე, შენს ძებნას საიდან დაიწყებს?

- მობილურზე დამირეკავს.

- სად არის ის მობილური?

- აპარატი დამტვრეული დამხვდა, რომ გამეღვიძა, მაგრამ ნომრის აღდგენა შეიძლება.

- ჰოდა, წავიდეთ, დღესვე აღვადგინოთ. ჰო, მართლა, ჯინო როგორ არის? - მიუტრიალდა უცებ მიშა.

- ჯინო გარდაიცვალა, - მშვიდად წარმოთქვა ვატომ.

- რა-ა?! - იყვირა ბოსის მარჯვენა ხელმა.

- ის ახლა ჯანო ჯანდიერი გახდა, გადაიკეთა სახელი და გვარი.

- მართლა? რა მაგარია! მიულოცე ჩემ მაგივრად, - დამცინავად თქვა მიშამ.

- არ გამოვა, ის უკვე გაემგზავრა.

- სად?

- რუსეთში, ეს კი შენ დაგიტოვა, მაგრამ მანამ არ მოგცემ, სანამ ელენეს არ დავიბრუნებ, - და ქირურგმა ქონების ჩუქების დოკუმენტები ცხვირწინ აუფრიალა მიშას.

გაგიჟდა კაცი, მეცხრე ცას ეწია სიხარულისგან, მაგრამ თავის ფარულ განზრახვაზე ხელი არ აუღია.

- კარგი, დაგეხმარები. მე ერთი ნაცნობი პედიატრი მყავს, ძალიან ცნობილი და თავისი საქმის მცოდნე. ჩემი მეგობარია. მას დავურეკავ და გურამთან მივაგზავნი, რომ მისი ცოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეისწავლოს. იმას ვათქმევინებ ყველაფერს, შენს დანაბარებს გადასცემს და სახლიდანაც ადვილად გამოვიტყუებთ. ხომ მაგარი ვარ?

ქირურგი აღტაცებული დარჩა, არ ელოდა მიშასგან ასეთ გონებაგახსნილობას.

ყველაფერი მოფიქრებული იყო, მაგრამ მოვლენები უფრო სწრაფად განვითარდა, ვიდრე ჩვენ ვვარაუდობდით. სანამ ის პედიატრი გამოჩნდებოდა თქვენს სახლში, შენ უკვე გამოხვედი ჩვენთან კავშირზე. მოულოდნელად დარეკე. გახსოვს, ქირურგის ძმაკაცი ვარო, რომ გელაპარაკა? არადა, მიშა იყო. მეც იქ ვიყავი, ვატო? არა, ვატო არ ყოფილა. მთვრალი ვატოს როლს მე ვასახიერებდი. შემდეგ რაც მოხდა, ჩემზე კარგად მოგეხსენება.

- მაგრამ შენ? შენ როგორღა მოხვდი ამ გაუგებრობაში? შენც მიშას მხარეზე ხარ? - ხმა მიკანკალებდა, თვალები ცრემლით ამევსო.

- მეც დიდ ფულს დამპირდნენ, თუ მათ მხარეს დავდგებოდი, - საზიზღრად გაიცინა სვირინგამ, - შენგან რას უნდა მოველოდე? რას მომცემ? ან ის შენი ქირურგი? რა გაგაჩნიათ? არაფერი. მიშას და მაიას კი შანსები აქვთ. თუ შენი ქმარი გამოსასყიდს გადაიხდის, ფულს გავიყოფთ, შენ კი შენი სურვილისამებრ მოიქცევი - თუ გინდა, გურამს დაუბრუნდები, თუ გინდა - ვატოს. შენი გადასაწყვეტია. ახლა კი წამოდი, კარგ ხალხს უნდა შეგახვედრო, - და სვირინგამ ბნელ ოთახში თითქმის ძალით შემათრია, სადაც მხოლოდ სანთელი ანათებდა.

***

- დედა, დედა, რა ლამაზია ეს ქალი, გადამრევს პირდაპირ! - ახმაურდა მაია ჩემ დანახვაზე, - რა ქურქი აცვია, ერთი შეხედეთ! ნუ გეშინია, ლამაზო, არაფერს დაგიშავებთ, დაწყნარდი, რატომ კანკალებ?

- რა გინდათ ჩემგან? - ძლივს ამოვთქვი.

- რა გვინდა და… დაურეკე იმ შენს ძვირფას ქმარს და უთხარი, მილიონ დოლარს ითხოვენ ჩემ გამოსასყიდად-თქო.

- ჩემს ქმარს ამდენი ფული არა აქვს.

- არა აქვს? რას მელაპარაკები! ორმოცდაათი არა აქვს, რო? შენ რა იცი, რა აქვს, შემთხვევით გახდი მისი ცოლი, ჩვენ კი ყველაფერი ვიცით.

- მან მითხრა… მან მითხრა, თუ კიდევ დააპირებენ შენ მოტაცებას, ერთ თეთრსაც არ გადავიხდიო.

- რაო, რაო? ჰა-ჰა-ჰა! კიდევ თუ დააპირებენო? როდის დააპირეს აქამდე, არ უთქვამს? და შენ გჯერა ამ ზღაპრების? კაცმა მთელი სპექტაკლი გაითამაშა შენ დასათრევად, გონება გაგითიშა და შენც ყველაფერი დაიჯერე, არა? რა სულელი ხარ. გარეგნობა კი შეგიცვალა იმ შენმა ქირურგმა, მაგრამ ტვინი ვერა - რა შტერიც იყავი, ისეთივე დარჩი, - ლამის ყვიროდა მაია.

- ვატოს ნახვა მინდა, დამალაპარაკეთ მასთან, - ვემუდარებოდი მაიას და თან სვირინგას ვუყურებდი, - ხალხი არა ხართ, ერთხელ მაინც შემახვედრეთ, გთხოვთ.

- მაგასაც მოესწრები, ნუ ჩქარობ. იცი, როგორი გაბრაზებულია? ასე თქვა, ხელმეორედ უნდა გავუკეთო ოპერაცია და ძველი სახე უნდა დავუბრუნო, რომ მისი ცოლად შერთვის სურვილი ყველას გაუქრესო.

ახლა კი მართლა ძალიან შევშინდი. ვიგრძენი, რომ კი არ გავები, საბოლოოდ დავიღუპე. თუ ამათ დავუძვრებოდი, ქირურგის დანას მაინც ვერ ავცდებოდი. ის აუცილებლად იძიებდა ჩემზე შურს. მაგრამ რაში იყო ჩემი დანაშაული? მე ხომ არაფერი გამიკეთებია? მე ხომ ჩემი სურვილით არ მიმიტოვებია ვატო? მაგრამ მერე? მერე ხომ მომეწონა ახალი ცხოვრება? იქიდან გაქცევის სურვილი რომ არ გამჩენია? ამას იგი არ მაპატიებს. გარდა ამისა, თუ გურამი მაინც გადაიხდის გამოსასყიდს და ვატოც ხელს ჩაიქნევს ჩემზე, აუცილებლად მომკლავენ, ცოცხალს ვიღა გამიშვებს აქედან?

- შეგეშინდა, არა? მეც შემეშინდებოდა შენს ადგილას. ჯერ სად ხარ, ქირურგს რომ შეხვდები, შიში მერე ნახე.

ბოლო სიტყვები შორიდან ჩამესმა, მივხვდი, გონებას ვკარგავდი…

გაგრძელება იქნება