დაქირავებული დიასახლისი - თავი 4 - Marao

დაქირავებული დიასახლისი - თავი 4

2022-05-21 11:28:50+04:00


წინა თავი

ვერიკო ხაჭაპურით სავსე ორი თეფშით უკან მიჰყვა.

_ მოკლედ, მეფური სუფრა გაგიშლიათ. ნამდვილი ცეცხლი ყოფილხართ, _ შეაქო მამაკაცმა მოსამსახურე და ღიმილით შეხედა, _ როგორ მოასწარით, ჯადოსნური ჯოხი მოიქნიეთ? _ გაეხუმრა.

ქალსაც მოერია ღიმილი, მაგრამ პასუხი არ გაუცია.

_ მე კიდევ დაგჭირდებით რამეში? _ მორიდებით იკითხა.

_ თუ იქნებით საჭირო, დაგიძახებთ. იმედია, არ დამზარდებით.

_ რა თქმა უნდა, რაზეა საუბარი, _ ვერიკომ ფქვილიანი ხელები თეძოებზე ჩამოისვა დაუფიქრებლად. არ გაუარა ნერვიულობამ. დილას აქეთაა, ვერ დაიწყნარა აფორიაქებული სული. ვაითუ, რამე არ მოეწონოთ. არ უნდა, ვინმეს სალაპარაკო გახდეს. ვერ იტანს, როცა შენიშვნას აძლევენ. ჭკუის სწავლება საშინლად აღიზიანებს. მით უმეტეს, ამდენი წელია, დედამთილისგან სხვა არაფერი მოუსმენია.

სამზარეულოში შებრუნდა. ორი გუნდაღა დარჩა გამოსაცხობი და მორჩება ეს ხაჭაპურებიც. მაგრამ ჯერ გოჭს უნდა მიხედოს. უჰ! რა ცხელია, ამას რა დაჭრის. ან კი რა ქალის საქმეა გოჭის დაჭრა, რა, ქათამია? რა უტაქტოები არიან ეს მამაკაცები. ხორცის საჭრელი მაკრატელი მოიმარჯვა და ფრთხილად შეუდგა გოჭის დაჭრას.

***

ერთ საათში ქეიფი გახურდა. ვერიკო არავის გახსენებია. როგორც ჩანს, ჯერ არ სჭირდებათ არაფერში. აბა რა იქნება, ცხრაჯერ გადახედა სუფრას, არაფერი გამომრჩესო. საჭმელი კი ისე ბარაქიანად დაახვავა თეფშებზე, მეორე ექვს კაცსაც ეყოფოდა. რა საინტერესოა, ქალები რატომ არ მოიყვანეს? არ უნდოდათ სუფრის გალამაზება? შემთხვევით ცისფერი ხომ არ არის ჩემი შეფი? _ გაჰკრა უცებ გულში და ამის გაფიქრებაზე ელდა ეცა. საიდან მოუვიდა თავში აზრად მსგავსი რამ! ნამდვილი ტუტუცი დედაკაცია! ერთი გაუგოს ვანომ, რასაც ვერიკო მასზე ფიქრობს და დაანახვებს, ვინ არის ცისფერი.

_ ვერონიკა! _ მოისმა ამ დროს ვანოს ხმა.

ვერიკოს ტანში გაცრა. სიკვდილი ერჩივნა ახლა იქ გასვლას და იმ კაცების გარშემო ტრიალს, მათ მომსახურებას, მაგრამ რა ექნა.

_ ვერონიკა, ერთი წუთით, თუ შეიძლება! _ კვლავ გამოსძახა მამაკაცმა.

ვერიკო დაიძაბა და მოქეიფეებისკენ გაემართა.

_ გისმენთ, _ მორიდებით თქვა და თვალები ძირს დახარა, _ გამარჯობათ, _ მოიფიქრა ბოლოს და ყველას მიესალმა.

აქეთ-იქიდან ზოგმა «იცოცხლე» უთხრა, ზოგმა კი «გაგიმარჯოს».

_ გოჭი და «ასატრინა» დაგვიმატეთ, თუ არ შეწუხდებით, _ სთხოვა უფროსმა.

_ ამ წუთში, _ თავი დაუქნია ქალმა მასპინძელს და გამოტრიალდა.

_ რა ქორფა მოსამსახურე გყოლია, ბიჭო, _ მოესმა ქალს უკნიდან რომელიღაცის ხმა.

_ წავა, რა უჭირს, _ სიცილით დაეთანხმა მეორე.

_ მორჩით ახლა, მაგას ჯობს, ერთი სადღეგრძელო შემოგვაშველო, ნუგზარ, თორემ გაგვიშრა ყელი, _ პატრონის ხმა ამოიცნო სახეალანძულმა ვერიკომ.

_ ძილის წინ ფეხებს არ გბანს, ბიჭო? _ წამოიძახა მესამემ, რასაც საერთო ხორხოცი მოჰყვა.

_ ნუგზარ, თქვი რამე, თუ კაცი ხარ, _ მამაკაცების ღრიანცელი ვანოს გაღიზიანებულმა ხმამ დაფარა.

მაგიდასთან უხერხული დუმილი ჩამოვარდა.

_ ეგ არ არის სახუმარო თემა. ის ქალი, პირველ რიგში, ჩემი შვილის გამზრდელია. არ გაქვთ მაგის უფლება, _ მკვეთრად ისმოდა მასპინძლის ნათქვამი.

ვერიკომ ყელში მობჯენილი ბოღმა თითქოს უკან ჩააბრუნა, ერთი ღრმად ამოიოხრა და თვალზე მომდგარი ცრემლი თავსაფრის ყურით მოიწმინდა. თუ ორიოდე წუთის წინ ვანოზე ცოფებს ყრიდა, როგორ უბედავენ მეგობრები მოსამსახურის გაშაყირებასო, ახლა მადლიერი დარჩა მისი. არ მოელოდა. როგორ დაიცვა! რა შესანიშნავი არგუმენტი მოიყვანა! ყველა ხომ ვერ მოიფიქრებდა ამას. ვერიკო აუცილებლად ეტყვის მადლობას ამის გამო. იმის გამოც, რომ ასეთი კარგი ადამიანია. ქალმა სიბნელეში გახედა მაგიდასთან მჯდომ უკვე შექეიფიანებულ პატრონს და თვალებით მიეფერა.

ქეიფი გრძელდებოდა. შეზარხოშებულმა მამაკაცებმა სიმღერაც წამოიწყეს. მშვენივრად გამოსდიოდათ. ტახტზე მიწოლილმა ვერიკომ ღიმილი ვერ შეიკავა. რომელიღაც ძალიან ურევდა.

_ გაიოზ, ყვარყვარე თუთაბერივით რავა ხან ერთ ხმას მღერი და ხან მეორეს, შე კაცო, _ ვანო სიცილისაგან იბჟირებოდა, _ რით ვერ ისწავლე ამდენი წელი.

_ შენ ეგა თქვი. ჩვენი გადამკიდე, სიმღერას კი არა, ლექსების წერას ისწავლიდა კაცი, _ ხითხითებდა ნუგზარი, რომლის ხმა ყველაზე ხშირად და ყველაზე კარგად ისმოდა. ის ალბათ თამადად იყო არჩეული.

_ ამ ჭიქით, ჩემო მეგობრებო, გაიოზი იქით იყოს და, ქალებს გაუმარჯოს, ჩვენს ლამაზ და უმშვენიერეს ქალებს. ვანო, თუ ნებას მომცემ, იქნებ შენს ახალმოსახლეს დავუძახოთ, მისი სადღეგრძელოა და სამადლობელი ვათქმევინოთ.

ვერიკოს სუნთქვა შეეკრა. ისე შეაძრწუნა ამ სიტყვებმა, თითქოს ექვსივე მამაკაცი კარს უმტვრევდა.

_ ე, ბიჭო, რას აიჩემეთ ის ქალი. შეეშვით, თუ ძმა ხარ, თავისი გაჭირვება ეყოფა, _ უკვე ვეღარ შეიკავა ვანომ თავი და იფეთქა.

_ რა ვთქვი ამისთანა, გაფიცებ ყველაფერს! _ ახლა თამადა წამოხტა, _ დავლოცე და მადლობა გადაიხადოს-მეთქი, მეტი რა ვთქვი! ცუდად გამომივიდა რამე? არა, მითხარით რომელიმემ, დავაშავე რამე? _ არ ცხრებოდა შემთვრალი ნუგზარი.

სიტუაცია აშკარად დაიძაბა. ვერიკომ თავი წამოსწია და ყური მიუგდო. მამაკაცებმა ხმაურს მოუმატეს, კამათსაც. მოსალოდნელი იყო, კამათი სერიოზულ შელაპარაკებაში გადასულიყო. ნერვიულობისგან აკანკალებული ქალი სასწრაფოდ წამოდგა ლოგინიდან, თავსაფარი გადაიძრო, თმაზე ხელი გადაისვა, კაბა გაისწორა და გარეთ გავარდა. რამდენიმე წამში მაგიდასთან გაჩნდა.

_ უკაცრავად, _ დაიყვირა უცებ.

მოულოდნელობისაგან ყველა ადგილზე გაშეშდა. მის გამოჩენას ნამდვილად არავინ ელოდა. ვერიკომ მაგიდას მოავლო თვალი, მერე იქვე მდგარ ღვინით სავსე ჭიქას დასწვდა და ჰაერში ასწია:

_ ქალებს გაუმარჯოს. დედებს, დებს, მეუღლეებს, შვილებს… მე მადლობას მოგახსენებთ მათ მაგივრად. სიმწარე გაშოროთ ღმერთმა, _ ჭიქიანი ხელი დალოცვის ნიშნად ჰაერში დააქნია და სულმოუთქმელად დაცალა.

_ ოხ! თქვენ გაიხარეთ, ჩემო დაიკო, დიდხანს იცოცხლეთ, თქვენ შემოგევლოთ ჩემი დარჩენილი ახალგაზრდობა! _ ზრდილობად დაიღვარა თამადა, ხელი ჩამოართვა ვერიკოს და მოწიწებით ეამბორა.

უცებ ვერიკო ვანოს თვალებს წააწყდა. ვერ მიხვდა, რას მოასწავებდა მამაკაცის მზერა _ რისხვას თუ გაოცებას! ნუთუ ეწყინა მისი გამოჩენა? მას მხოლოდ სიტუაციის განმუხტვა სურდა და მეტი არაფერი. ის კი თითქოს საყვედურობდა. იქნებ მოეჩვენა? ან იქნებ პირიქით იყო? არა, აღფრთოვანებულს ნამდვილად არ ჰგავდა. დაბნეულმა ფრთხილად დადგა ჭიქა მაგიდაზე, ბოდიში მოიხადა და ჩქარი ნაბიჯებით გამობრუნდა…

ამის შემდეგ ქეიფი დიდხანს არ გაგრძელებულა. სტუმრები მალევე აიშალნენ და ხმაურით დაიძრნენ წინა ეზოსკენ.

ვანო ყვიროდა, მთვრალს საჭესთან არც ერთს არ დაგსვამთ, ახლავე რეზოს გამოვიძახებ და ის დაგარიგებთ სახლებშიო. ეს აზრი «მიუღებლად» მიიჩნია სახელოვანმა «ექსთამადამ».

_ ვინაა მთვრალი, პირველად კი არ ვზივარ «რულთან» ნათამადარი, ნუ გამიხურეთ საქმე. მიმიშვი, ერთი, თუ კაცი ხარ! _ ყვიროდა ნუგზარი და მანქანისკენ მიიწევდა.

როგორც ჩანდა, საკმაოდ ახირებული ხასიათის კაცი იყო. თავისი არ დაიშალა, საჭეს მიუჯდა და «ბმვ» დაქოქა. ამ დროს კარზე კაკუნი გაისმა. ვერიკო შეკრთა. ფრთხილად მიუახლოვდაა კარს და ჩუმად იკითხა:

_ ვინ არის?

_ ერთი წუთით, დაიკო, თუ შეიძლება, _ გაისმა ხმა.

ქალს ხელები უთრთოდა, ძლივს გადაატრიალა გასაღები. ზღურბლზე სწორედ ის ცისფერთვალება მამაკაცი იდგა, ვერიკოს რომ მოეწონა.

_ დიდი მადლობა ყველაფრისათვის, ჩემო კარგო. ესენი უზრდელები არიან, ვერ ხვდებიან, ქალს მადლობა რომ უნდა გადაუხადონ. დიდებული დიასახლისი ბრძანებულხართ, _ მამაკაცი მის ხელს დასწვდა და მოწიწებით ეამბორა.

_ სანდრო, სანდრო-ო-ო! _ გაისმა ამ დროს ეზოდან.

_ ე! ხომ ხედავ, მეძებენ უკვე. ერთი წუთით არ შეუძლიათ უჩემოდ. კარგად ბრძანდებოდეთ, _ დაემშვიდობა სანდრო ვერიკოს და ბარბაცით გაუდგა გზას.

ცოტა ხანში ყველაფერი მიწყნარდა. ვერიკო მაგიდის ალაგებას შეუდგა. საქმეში ისე გაერთო, მოახლოებული ვანო ვერც კი შეამჩნია.

_ ყოფილიყო ამაღამ, გვიანაა უკვე. მარტო საჭმელი შეინახეთ, _ თქვა მამაკაცმა.

_ ვაი, როგორ შემაშინეთ! _ შეჰკივლა ქალმა, _ არა უშავს, არ მეზარება. აბა, ასე ხომ არ დავტოვებ. მეტი რა მევალება.

_ შეგიძლიათ ერთი წუთით ჩამოჯდეთ? _ ვანომ მაჯაში ჩაავლო ხელი და გააჩერა.

_ კი ბატონო, _ დაემორჩილა ვერიკო და სკამზე ჩამოჯდა.

_ სხვა დროს ეგეთი რამ არ გააკეთოთ, _ ცივად გაისმა მისი ხმა.

ქალს თვალები გაუფართოვდა. ვერ მიხვდა, «ეგეთში» რას გულისხმობდა პატრონი.

_ ჩემს სახლში სიტუაციებს მე მოვაგვარებ, თქვენი ჩარევა საჭირო არ არის! _ უკვე გაუმკაცრდა ხმა.

_ მე მეგონა…

_ ვიცი, რაც გეგონათ. ჯერჯერობით, მე ვარ აქ უფროსი. ჩემს ოჯახში ჩხუბი და იარაღის ტრიალი არასდროს მომხდარა. ისინი ჩემი მეგობრები არიან და როგორმე მე დავაშოშმინებ. სხვა დროს გაითვალისწინეთ.

_ უკაცრავად… _ ჩაილუღლუღა ქალმა და თავი დახარა. არ იცოდა, დამფრთხალი მზერა სად დაემალა. არ ეგონა, ასე თუ გაანაწყენებდა ვანოს.

…გვიან მორჩა საქმეს. თეფშებიც დარეცხა და ცოცხიც გამოუსვა იქაურობას. როცა ყველაფერი დაამთავრა, მაშინღა იგრძნო, როგორ იყო დაღლილი. ფეხზე ძლივს იდგა. მიაყურადა. ზედა სართულიდან ჩქამი არ ისმოდა. როგორც ჩანს, ოჯახის უფროსს უკვე ეძინა. ვერიკო თავის ოთახში შევიდა და გაუხდელად მიწვა ტახტზე. დაღლილ-დაქანცულს გახდის თავიც არ ჰქონდა. თავი მიდო თუ არა ბალიშზე, მაშინვე ჩაეძინა.

***

დრო გადიოდა. ის დღეც გათენდა, პატარა თამარი რომ უნდა ჩამოეყვანათ. ვერიკო ღელავდა. გულში რამდენჯერმე გაიმეორა ის წინადადებები, რომელიც ბავშვის დანახვისას უნდა ეთქვა. ათასჯერ გადაალაგა სიტყვები.

ვანოც მოლოდინში იყო. ეს ერთადერთი დღე იყო, როცა იგი შინიდან არ გასულა.

შუადღისას ვანოს «მერსედესი» ჭიშკარს მოადგა. მასპინძელი მოსულების შესაგებებლად გავიდა. სანამ ვერიკო გარეთ გასვლას მოისაზრებდა, ვანო ხელში ატატებული ბავშვით შემობრუნდა ეზოში. პატარა თამთა რაღაცას ეტიტინებოდა.

_ მელე, მამიკო, მელე? _ ეკითხებოდა სახეგაბადრული.

ვერიკო კიბესთან შეეგება მამა-შვილს.

_ ეს რა ლამაზი თოჯინა მოსულა! აბა, მითხარი, რა გქვია, პაწია? _ მიეფერა ვერიკო.

ბავშვმა დაიმორცხვა, თავი დახარა და ქვემოდან ახედა ქალს.

_ უთხარი დეიდას, რა გქვია, ნახე, რა კარგი დეიდაა! _ შეაგულიანა ვანომ შვილი.

ბავშვმა ჯიუტად გააქნია თავი.

_ არ იცის, _ ღიმილით თქვა ვერიკომ.

_ ვიჩი, _ ჯიბრიანად ჩაილაპარაკა თამთამ.

_ მაშინ მითხარი, _ ჩაეძია ქალი.

_ თამთა.

_ თამთა? უი, რა ლამაზი სახელი გქონია! შეიძლება, მე თამარი დაგიძახო?

_ ალა!

_ რატომ?

თამთამ ხმა არ გასცა და კვლავ ვანოს შეხედა.

_ შეიძლება, ვერიკო დეიდა, როგორ არ შეიძლება. მოიცა, ცოტა გავშინაურდეთ! _ დააიმედა მამაკაცმა მოსამსახურე და კიბეს აუყვა.

ეზოში მაღალი, სათვალიანი ქერა ქალი გამოჩნდა. იგი ცივად მიესალმა ვერიკოს და ვანოს მიჰყვა უკან. «ალბათ, ცოლისდაა», _ გაიფიქრა შეცბუნებულმა და მიმავალს თვალი აარიდა. დაიბნა. როგორ უნდა მოიქცეს? თავის ოთახში გავიდეს თუ თვითონაც ავიდეს ზემოთ? არა, სანამ არ დაუძახებენ, იქ არაფერი ესაქმება. ჯობს, მარტო დატოვოს სიძე-ცოლისდა. ბევრი სალაპარაკო ექნებათ. ვინ იცის, ვანოს მოყვრები როგორ შეხვდებიან თამთას ახალ გამზრდელს. იქნებ სულაც არ ეპიტნავებათ ბავშვის უცხო ქალის ხელში «ჩაგდება»? ეჰ, რაც იქნება, იქნება. მოთმინებით უნდა დაელოდოს ხვალინდელ დღეს. სხვა რა დარჩენია?

«მაგასაც ვნახავთ! აბა შენ და აბა მე!» _ გაისმა ქალის მუქარით სავსე ხმა.

ვერიკომ მიაყურადა. კიბეზე ქუსლების პაკაპუკით ჩამორბოდა სათვალიანი «ცოლისდა». ფანჯარას მოშორდა და შორიდან დაუწყო თვალთვალი. შეეშინდა, არ შემამჩნიოსო. თუმცა, რა თვალთვალი, უბრალოდ, მიმავალს მზერა გააყოლა. აფორიაქებულ გულს ვერ იწყნარებდა. მიხვდა, რომ ამდენი დავიდარაბა და შეხლა-შემოხლა მის გამო ხდებოდა ოჯახში. ხოლო ვის მხარეზე გადასწონიდა სასწორი, ძნელი სათქმელი იყო.

რამდენიმე წუთის შემდეგ ვერიკო უკვე ვანოს პირისპირ იდგა.

_ ცუდად არის ჩემი საქმე? _ ათრთოლებული ხმით იკითხა ქალმა.

_ ცუდად? საიდან მოიტანეთ? _ მამაკაცს თვალები გაუფართოვდა.

_ რა ვიცი… რომ დამიძახეთ, მეგონა, დამითხოვდით, _ ნიკაპი აუკანკალდა ვერიკოს, თან ვანოს კალთებზე მოკალათებულ მძინარე თამთას თვალს არ აშორებდა.

_ როგორ გეკადრებათ… რა მიზეზით… იმიტომ დაგიძახეთ, რომ მომეხმაროთ. მომეშველეთ, ბავშვს როგორმე გავხადოთ და ლოგინში ჩავაწვინოთ.

_ ახლავე, _ დაფაცურდა ვერიკო და ვანოს მიუახლოვდა.

ბავშვს რომ წაეტანა, მიხვდა, ნიკაპთან ერთად ხელებიც უკანკალებდა. ძალაუნებურად მამაკაცის მკლავსაც შეეხო რამდენჯერმე. ცივმა ოფლმა დაასხა. თავის თავზე გაბრაზდა. რა სიკვდილი ემართება, ასე როგორ გამოთაყვანდა ამხელა ქალი. ემანდ არ იფიქროს, თითქოს შეგნებულად ეხება მის მკლავს. რა სისულელეა? მსგავსი რამ გულშიც არ გაუვლია. ამგვარი მანევრები არ შედის ვერიკოს გეგმებში. მაგრამ ხელებსაც რომ ვერ იმორჩილებს? ისე ეხლართება ერთმანეთში, თითქოს შებორკილი აქვსო.

როგორც იქნა, ღილები შეხსნა პატარას და ფრთხილად გახადა გაოფლილი ჟაკეტი.

_ გადაყენება არ უნდა? _ ჩურჩულით იკითხა.

_ არა, რად უნდა, «პამპერსი» უკეთია, _ უპასუხა ვანომ.

_ რას ამბობთ! ამხელა ბავშვი «პამპერსით» დადის? _ ვერიკომ თავისი დიდრონი თვალები პატრონს მიაპყრო.

_ მე მგონი, კიდევ დიდხანს ივლის ამ ქალების გადამკიდე, _ ჩაიცინა ვანომ, _ წამომყევით, ოთახის კარი გამიღეთ, _ თქვა და შიდა კიბით პირველ სართულზე ჩავიდა.

რა საინტერესოა, სად მიჰყავს? ვერიკოს ოთახში? წარმოუდგენლად მოეჩვენა ამგვარი რამ. ვანო მის ოთახს მიადგა. ქალს ენა ჩაუვარდა გაოცებისაგან. ძლივს მოიფიქრა კარის გაღება, მერე გვერდზე გაიწია და მამაკაცი ბავშვიანად წინ გაატარა.

ვანომ ფრთხილად მიაწვინა თამთა საწოლზე და თხელი პლედი გადააფარა.

გაგრძელება იქნება