დაქირავებული დიასახლისი - თავი 6 - Marao

დაქირავებული დიასახლისი - თავი 6

2022-05-24 10:13:44+04:00


წინა თავი

- სულ ტყუილად, - დაქადნებით თქვა მამაკაცმა და ხელის ოსტატურად აქნევით გააგორა კამათლები.

ვერ გააცოცხლა. ამიტომაც პირველი ხელი წააგო კიდეც. ვერიკოს სტიმული მიეცა.

ახლა მეტი მონდომებით შეუდგა თამაშს. გულმოდგინედ აჩხაკუნებდა კამათლებს თავის წვრილ, ქალურ თითებში და აღტყინებით მოისროდა ბოლოს. ვანო სიცილს ვერ იკავებდა. როგორც იქნა, თამაში დაამთავრეს. ვერიკომ მაინც წააგო 2:1.

- როგორი გაწითლებული გაქვთ ლოყები, იცით? - ვანო თვალს არ აშორებდა ქალს.

- ძალიან ვღელავდი, მოვკვდი ნერვიულობით, - ვერიკომ გაშლილი ხელები ღაწვებზე აიფარა, - როგორ მიხურს.

- აი, ცეცხლი კი ჩაქრა, - გაიცინა კაცმა.

- რა ცეცხლი? - ვერიკომ ზურგს უკან გაიხედა მექანიკურად.

- თამაშის დროს სულ ნაპერწკლები გცვიოდათ თვალებიდან. ახლა კი ჩაქრა, იცით? - თბილად გამოუვიდა ნათქვამი ვანოს.

- ჰო. ახლა ცოტა მოვეშვი და ალბათ, იმიტომ.

- მართლა აზარტული ყოფილხართ. მე ვიტყოდი, ზომაზე მეტად აზარტულიც. აღფრთოვანებული დავრჩი პირდაპირ. მაგარი სანახავია, როცა ხედავ, როგორ მიდის ქალი რისკზე.

- გააჩნია, რის რისკზე, - შეეკამათა ვერიკო.

- არა აქვს მნიშვნელობა. როცა ადამიანი რისკავს, ის უკვე აზარტშია და იცის, რომ ან მოგებული დარჩება, ან წაგებული. ვითამაშოთ კიდევ ერთი ხელი? ძალიან მსიამოვნებს. კარგი პარტნიორი ხართ.

- რა აზრი აქვს, მე ხომ უკვე წავაგე სამი სურვილი, - დანანებით თქვა ქალმა.

- მერე რა, მეორე სამის მოგების შანსი გეძლევათ სამაგიეროდ, - თავი გვერდზე გადასწია ვანომ, ხელები გადაიჯვარედინა და ვერიკოს მომნუსხველი მზერა ესროლა. მსგავსი მზერა მხოლოდ პირველ დღეებში დაამახსოვრდა ქალს.

- ეგ კი, მაგრამ კიდევ რომ წავაგო? - წარბები აწკიპა.

- გარისკეთ. თქვენ ხომ გიყვართ გარისკვა, - ფეხი ფეხზე გადაიდო მამაკაცმა.

- ამჯერად რისკი არ ღირს. წაგების შემთხვევაში ექვსი სურვილის შესრულება მომიწევს. ვაითუ, ვერ გავწვდე ან ვერ მოვერიო. მერე რა ვქნა? - იგი მამაკაცს უკვე ფლირტში იწვევდა.

ვანო მიუხვდა და აჰყვა.

- მე ვიზრუნებ იმაზე, რომ გასწვდეთ და მოერიოთ, ერთ ექვსჯერად სურვილს შეგასრულებინებთ და პრობლემაც მოიხსნება დღის წესრიგიდან. თანახმა ხართ, ერთი და იგივე სურვილი ექვსჯერ შეასრულოთ? - გამომცდელად შეხედა «პატრონმა».

- მაგრამ ჯერ ხომ არ წამიგია?

- მე ვგულისხმობ, თუ წააგებთ, იმ შემთხვევაში.

- თუ სხვა გზას არ დამიტოვებთ…

ამ დროს ბავშვის ტირილი მოისმა. ორივე ერთდროულად წამოხტა ფეხზე. ვერიკო არ დაელოდა ვანოს და სირბილით გავარდა თავისი ოთახისაკენ. თამთა საწოლზე წამომჯდარიყო და გულამოსკვნილი ტიროდა.

- აქა ვარ, პატარავ, ნუ ტირი, აქა ვარ, - დაუყვავა ახალგაღვიძებულ ბავშვს და ხელში აიყვანა.

თამთა გაჩუმდა, მაგრამ როგორც კი ვანო ოთახში შემოვიდა, ისევ ატირდა და მამისკენ გაიწია.

- აჰა, «მტრები» მყავს ოჯახში, «მტრები», ძლივს სამი სურვილი მოვიგე და მის შესრულებას არ მაცლიან, - სიცილით თქვა ვანომ და ვერიკოს ბავშვი გამოართვა.

- მე წავალ, საჭმელს შევუთბობ, - ისე იყო დაბნეული, სხვა გამოსავალი ვერ იპოვა ოთახიდან გასასვლელად. არადა, მამაკაცის რაღაცის მთქმელ გამოხედვას ვერსად დაემალა. თითქოს თვალებს ვერ იმორჩილებდა. თვით ვერიკოს მზერაში კი იმაზე მეტი იკითხებოდა, ვიდრე მას სურდა.

777

დღე დღეს მისდევდა. ვერიკო მოლოდინში იყო. როდის შეახსენებდა ოჯახის უფროსი მოგებული სამი სურვილის შესრულებას, ეშმაკმა უწყოდა. არადა, გული გადაეწურა. სული ძვრებოდა, ისე აინტერესებდა, რას ისურვებდა «პატრონი». ის კი, თითქოს ჯიბრზე, ხმას არ იღებდა. ვითომ გადაავიწყდა? დიდი ამბავი! ერთი პარტია ნარდი ითამაშა მოსამსახურესთან და მოუგო! ამისთანა განა რა მოხდა! ბოლოს და ბოლოს, დაქირავებულია, მუშაობაში ფულს უხდიან და მორჩა! ეგღა აკლია ვანოს, ძიძას რაღაც სურვილებზე ევაჭროს. ასეთი ფიქრებით ცდილობდა საცოდავი გოგონა თავის დამშვიდებას, მაგრამ… განა ადვილი იყო? არა, ნამდვილად არ იყო ადვილი. მოსვენება დაკარგა. როცა ვანო დაუძახებდა ან შეეხმიანებოდა, ან სულაც უსიტყვოდ ჩაუვლიდა გვერდზე, სულ ეგონა, რომ პატრონი სწორედ იმ წაგებულზე ჩამოუგდებდა ლაპარაკს. ის კი ჯიუტად დუმდა. როგორც ჩანდა, დაივიწყა. რა ექნა ვერიკოს? ხომ არ მიეჭრებოდა და ეტყოდა, დროზე ჩაიბარე წაგებული, თორემ მეტის მოცდა არ შემიძლიაო?

არა, ამას როგორ გაბედავს. ისე კი, რაღაც უნდა მოიფიქროს. იცოდეს მაინც, ის კაცი სპეციალურად იქცევა ასე თუ მართლა გადაავიწყდა, მაგრამ როგორ? თავს იმტვრევდა ამაზე ფიქრით და მაინც არაფერი გამოსდიოდა.

თამთა უკვე შეეჩვია ვერიკოს. შეეჩვია კი არა, ისე გაზულუქდა, კისერზე ჰყავს ჩამოკონწიალებული ქალს. ფეხის ძირს დადგმა ეზარება უკვე. სულ «ამიკანე, ამიკანე» აკერია პირზე. მკლავები დააწყდა საწყალს ბაჯბაჯა თამარის თრევით. რა ქნას, ცოტა უნდა მოითმინოს, კარგად შეიჩვიოს ბავშვი, თორემ ნამეტანი ჭირვეულია. აი, კარგად რომ შეიჩვევს, გადაჩვევა და მავნე ჩვევების მოშლა მერე ნახოს «თამარ ქალმა». ასეთი ხრიკები ვერიკოს მოგონილია. ჯერ დააცადოს ცოტა ხანს!

ამასობაში ვანოს კიდევ ერთხელ მოუწია მივლინებაში გამგზავრებამ. ამჯერად მთელი ერთი კვირით დაიკარგა. ერთადერთხელ დაურეკა ვერიკოს, მეხუთე დღეს, ბავშვი მოიკითხა, უყურადღებობისთვის ბოდიში მოუხადა და ორ დღეში ჩამოვალო, ანუგეშა.

- რა ჩამოგიტანოთ? - ჰკითხა ბოლოს, სანამ დაემშვიდობებოდა.

- მე-ე? - გაოცდა ქალი.

- ჰო, თქვენ, თორემ თამთას კი ვიცი, რაც უნდა ჩამოვუტანო.

გულში გაიფიქრა, შენი თავი ჩამომიტანე და ჩამოდი, მეტი არაფერი მინდაო, ხმამაღლა კი თქვა:

- არაფერი საჭირო არ არის.

- კარგი. რადგან არაფერი, იყოს არაფერი. ნაილი ხომ არ გამოჩენილა?

- ნაილი ვინ არის?

- ჩემი სიდედრი.

- ა! არა.

- ჰოდა, ძალიანაც კარგი. თუ რომელიმემ დარეკოს, არ უთხრათ, თბილისში რომ არ ვარ. რახან არ იციან, უმჯობესია, ბოლომდე არ იცოდნენ. თუმცა, მგონი არც აინტერესებთ. «დაგვიკიდეს» თქვენც და მეც, არა?

- აბა, რა გითხრათ.

- კარგი, ვერონიკა, ბავშვს მიმიხედეთ, ძალიან გთხოვთ. რომ ჩამოვალ, ერთი თვის ანგარიშს უკვე გავასწორებთ. ხომ უწევს დრო?

აი, ეს კი საერთოდ გამორჩა ვერიკოს მხედველობიდან. რა მალე გასულა თვე! თითქოს გუშინ მოვიდა პირველად. ხელფასი არც გახსენებია. ნუთუ ასე დააყრუა და დააბრმავა ამ კაცის სიყვარულმა? ის კი არც იქით არის, არც აქეთ. არც იმას ითხოვს, არც ამას. ვერიკოს ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ვანოს რაღაც სურს მისგან, თან არ სურს. ან უბრალოდ, არ ამბობს. თავს იკავებს. «ჩატეხილი ხიდის» სინდრომი ხომ არ არის? ბატონი და მოსამსახურე! თუ ჯერ მხოლოდ თვეა იცნობს და არ ღირს თუნდაც ერთი ნაბიჯის გადადგმა დაახლოებისაკენ? არ იცის ვერიკომ, არაფერი არ იცის. ცდილობს, ამაზე არ იფიქროს, არ ინერვიულოს. მისთვის ისიც ბედნიერებაა, ვანოს გვერდით რომ ცხოვრობს, მის შვილს ზრდის, ყოველდღე (თითქმის) ხედავს, ელაპარაკება, აპურებს და არწყულ… (თუმცა, სად არწყულებს). ეს სიტყვის მასალად გამოიყენა. მეტი რაღა უნდა? არც არაფერი. მადლობა ღმერთს, რომ ასე მოეწყო საქმე. მერე რა, რომ ცალმხრივად არის შეყვარებული? ვერიკო არც პირველია და არც უკანასკნელი. არც გაემტყუნება, რომ იცოდეთ. აბა, თქვენ იყოთ ერთი წლის თავზე დაქვრივებული და კიდევ ოთხი წელი უმამაკაცოდ გეცხოვრათ, რა დროს გაატარებდით. ისედაც «კაცის უნახავი» იყო ამ ხნის განმავლობაში და გიჟ-გადარეულებთან ჰქონდა საქმე. ძლივს ნორმალური ადამიანი ნახა - წარმოსადეგი, «ბიტი» (სტუდენტობისას ძალიან უყვარდა ამ სიტყვის ხმარება), მომნუსხავი მზერითა და ღიმილით… ვის არ შეუყვარდებოდა ასეთი კაცი? ვერიკო აღარაფერს ამბობს მის ქონებაზე. ეგ საუბრის კიდევ სხვა თემაა! ოღონდ ეგ ვერ გაიგო ჯერ კიდევ, სად მუშაობს «პატრონი», რა ბიზნესს ატრიალებს, რისი მწარმოებელია. ამ საკითხზე საუბარი თავისით არ ჩამოვარდა არც ერთხელ და ისე, უბრალოდ რომ ჰკითხოს, ამის რცხვენია ვერიკოს.

ვანოს არყოფნის პერიოდში ვერიკოს დრო უქმად არ დაუკარგავს. თამთასთან ერთად მთელი თბილისი შემოიარა. ბავშვი ისე იღლებოდა, შინ დაბრუნებულს ჭამის თავიც არ ჰქონდა, მიდებდა თავს ბალიშზე და უკვე ეძინა. ვერიკო ღიმილით დააჩერდებოდა თამაშითა და სეირნობით გათანგულ პატარას, თან ვანოზე ფიქრობდა. მისი გონება გამუდმებით ვანოს გარშემო ტრიალებდა. ცხოვრების ამ ეტაპზე სხვა პრობლემა არ აწუხებდა. თავის დასაც შეეხმიანა იმ დღეებში. ერთ-ერთი მორიგი გასეირნებისას ცენტრალურ ფოსტაში შეიარა და ამერიკაში დარეკა. მოიკითხა დაც და სიძეც. თავისი ამბებიც მოუყვა ნანულის. ამ საუბარმა ხასიათი გამოუკეთა, თითქოს დაღლილობაც მოეხსნა, მჩატედ იგრძნო თავი, ხელში ატატებული ბავშვიც კი აღარ ამძიმებდა. ერთხელ გულფინასაც შეუარა, ჩემი დედამთილისგან ახალი ხომ არაფერი ისმისო. მეზობელმაც გადმოულაგა ცხელ-ცხელი ჭორები. ციალა ერთხანს გამწარებული ეძებდა თურმე, გულფინასთანაც ყოფილა. თავის მართლება დაუწყია, მე ვერასთვის კარგი მინდოდა, მან კი უმადურობა გამოიჩინა ჩემ წინაშე და ახლა ცდილობს, ჩემი შვილის სახელი ლაფში ამოსვაროსო. ამის გაგონებაზე ვერიკო გაბრაზდა, მაგრამ რა გაბრაზდა! სულ ცოფები ყარა. ისე ცხარობდა, ბავშვიც კი შეაშინა. თამთა რომ ატირდა, მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ ზედმეტად განერვიულდა და, როგორც იქნა, დაშოშმინდა. კიდევ კარგი, გულფინას მოუსაზრებია და ვერიკოს მისამართი არ გაუმხელია ციალასთვის. ნამდვილად არ ჰქონდა იმის სურვილი, «დედა-დედამთილი» მოულოდნელად თავს წამოსდგომოდა, თანაც ვანოს ოჯახში. უნდა დაევიწყებინა ის ქალი და მასთან დაკავშირებული ყველა პრობლემაც. წარსულის გახსენება ტკივილს იწვევდა მასში და რაც დრო გადიოდა, მით უფრო უჭირდა თუნდაც ერთი სასიამოვნო დღის მოგონება. გათხოვების დღიდან გაქცევამდე მას ასეთი დღე არ ახსენდებოდა.

7 7 7

საღამო იყო, ვანო რომ ჩამოვიდა. შინ მისვლამდე რამდენიმე წუთით ადრე დარეკა და აუწყა ვერიკოს, ჩამოვედი და მოვდივარო. ვერიკო აილეწა. ცახცახმა აიტანა, წარმოიდგინა, როგორ შემოვიდოდა ვანო ეზოში, როგორ ჩაიხუტებდა გულში და ეტყოდა, ძალიან მომენატრეო. ეჰ, ოცნებას რა ვუთხარი, - მწარედ გაიფიქრა და სევდიანად გახედა საღამოს ბინდბუნდს…

ვანო ხმაურით შემოიჭრა ეზოში, თამთას ეძახდა. ბავშვს ჯერ კიდევ ეძინა. ზოოპარკიდან გვიან დაბრუნებულს ძილიც დაუგვიანდა და ამის გამო, რა თქმა უნდა, გვიან გაიღვიძებდა.

ვერიკო კიბესთან შეეგება «პატრონს». რამდენიმე წამი თვალით ზომავდნენ ერთმანეთს. როგორც ჩანდა, ერთი (ვანო) მეორის (ვერიკოს) რეაქციას ამოწმებდა.

- რა ყველაფრისმთქმელი თვალებით მიყურებთ, ვერონიკა, რაშია საქმე? - მამაკაცის მზერამ ქალის აღელვებულ მკერდს სამეთვალყურეო შუქურასავით გადაუარა და კვლავ «საწყის პოზიციას» დაუბრუნდა, ისევ ვერიკოს თვალებს დაუწყო ბურღვა.

- ასეთი რა წაიკითხეთ ჩემს თვალებში, ბატონო ვანო! - იწყინა ქალმა და საყვედურით შეხედა.

- მგონი, ჩემი დანახვა გაგიხარდათ, ასეა? - ეშმაკურ ღიმილს არ მალავდა მამაკაცი.

- რატომ უნდა მწყენოდა? - პირდაპირ პასუხს თავი აარიდა ვერიკომ.

- ეს არის თქვენი სწორი პასუხი? - სახე ახლოს მიუტანა მამაკაცმა და გამომცდელად ჩააშტერდა სახეში.

ვერიკო ამჯერად არ შერხეულა. მამაკაცის სიახლოვით ისე იყო გაბრუებული, სმენა დაეხშო, აღარაფერი ესმოდა. გახურებულ ღაწვებს თითქოს ბუღი ასდიოდა.

- არაფერი გაქვთ სათქმელი? - დაჟინებით ითხოვდა მამაკაცი კითხვაზე პასუხს.

- გამიხარდა, - როგორც იქნა, ამოთქვა და ალმურმოკიდებულმა შეხედა.

კი შეხედა, მაგრამ ვაი იმ შეხედვას. ბრმაც მიხვდებოდა, ყურებამდე რომ იყო შეყვარებული. როგორც იტყვიან, «სანქცია ზედ ჰქონდა».

- ჰოდა, ძალიან კარგი. ბავშვი სად არის? - კმაყოფილმა ვანომ ისეთი სახე მიიღო, თითქოს ვერაფერი შეამჩნიაო.

მისმა ასეთმა საქციელმა ვერიკო საგონებელში ჩააგდო. ჩაკვდა ქალი, თითქოს დაპატარავდა. ძალიანაც უნდოდა, არ გამოეხატა მისი ეს უეცარი გარდაქმნა, მაგრამ უძლური იყო საკუთარი ემოციების წინაშე. მის სახეს სევდის ჩრდილმა გადაურბინა და ტკივილის აშკარა კვალი დატოვა.

ვანო თვალს არ აშორებდა, არც ხმა იღებდა.

- სძინავს, - ძლივს გასაგონი ხმით ამოილუღლუღა ქალმა, - თამაშით დაიღალა.

- შეგეჩვიათ საბოლოოდ? - «პატრონმა» მოწყალება გაიღო და გაუღიმა.

- ძალიან, წამითაც არ მშორდება, - ვერიკოსაც მოუნდა გაღიმება, მაგრამ ტუჩებს თავი ვერ მოუყარა. ლამის იყო, ტირილი დაეწყო.

- იცით, ვერონიკა, მუნჯიც რომ იყოთ, მაინც შევძლებდი თქვენთან ჩვეულებრივად საუბარს, როგორც ახლა გეკითხებით და მპასუხობთ. სიტყვასიტყვით გავიგებდი თქვენს ნათქვამ ყველა წინადადებას.

- რანაირად, კი მაგრამ, მუნჯების ენაც იცით?

- თქვენთან მიმართებით მუნჯების ენა სულაც არ არის საჭირო. სახეზე გაწერიათ ყველაფერი, საიდუმლოც და «არასაიდუმლოც».

- მერე რა, ეს ცუდია?

- ვისთვის როგორ. ზოგისთვის წამგებიანია, ზოგისთვის მომგებიანი.

ახლა კი ყურები ცქვიტა ვერიკომ. «ნეტავ ჩემ შემთხვევაში როგორაა?» - იკითხა გულში.

- მომგებიანი, - თქვა ვანომ.

ვერიკომ ვერ გაიგო, ეს მისი წარმოუთქმელი კითხვის პასუხი იყო თუ ვანოს ნათქვამის კიდევ ერთხელ გამეორება. გასაგები ის იყო მხოლოდ, რომ მამაკაცი მის გულისნადებს ადვილად ხვდებოდა.

7 7 7

ვერიკოს თამთა სამზარეულოს მაგიდაზე წამოესკუპებინა, წინსაფარი აეფარებინა და ვერცხლის კოვზით მოხარშულ წიწიბურას აჭმევდა. ბავშვს ლოყები გამობერვოდა, მოუსვენრად აქანავებდა ფეხებს აქეთ-იქით და უგემურად ღეჭავდა ლუკმას. ვერიკო პატარას თან წითელქუდაზე ზღაპარს უყვებოდა, თან ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი ეჭმია.

სწორედ ამ დროს ვანომ შემოიხედა.

- რას შვრება ჩემი ცუგრუმელა? - შესცინა შვილს.

თამთამ წიწიბურით გატენილი პირი დააღო, რითაც მიანიშნა, ვჭამო.

- ოოო! რა ყოჩაღი ბაჭიკელა მყავს და რა მონდომებული დიასახლისი! - ხმამაღლა გაიცინა მამაკაცმა და მზერა ვერიკოზე გადაიტანა.

- დიდებული კომპლიმენტია, ბატონო ვანო, - გაეღიმა ქალს.

- ვერონიკა, რომ მორჩებით, მერე ჩემთან ამოდით, საქმე მაქვს, - უთხრა ვანომ და კარი გაიხურა.

ვერიკოს არ ესიამოვნა. საინტერესოა, რისთვის იბარებს? იქნებ რამე უნდა დაავალოს? რაღაც ძალიან სერიოზული ტონით უთხრა. რაშია საქმე? უფრო ჩქარი ტემპით დაუწყო ბავშვს დანაყრება. როგორც იქნა, თეფში მოასუფთავებინა. მერე პირი მობანა, მაგიდა გადაწმინდა და თამთასთან ერთად ვანოს ოთახისკენ გასწია.

- შეიძლება? - მორიდებით შეაღო ოთახის კარი.

- შემოდით, - ვანოს წვერი გაეპარსა და ოდეკოლონს ისვამდა სახეზე.

- აგერ, მაგიდაზე დევს თქვენი ერთი თვის ხელფასი. შეგიძლიათ აიღოთ, - სარკეში შეხედა მამაკაცმა და ხელით ანიშნა მაგიდისკენ, სადაც სამი ტკიცინა ასდოლარიანი იდო.

- ჩვენ ასე არ შევთანხმებულვართ. ეს ზედმეტია. ამდენი ნამდვილად არ მჭირდება, - გააპროტესტა ქალმა.

- რატომ, გაწყენთ? - ღიმილი მოერია ვანოს.

- არა, უბრალოდ, ჯერ არ დამიმსახურებია ხელფასის მომატება.

- ხელფასის მომატება-დაკლებას ჯერჯერობით მე ვწყვეტ. რასაც გეუბნებიან, ის გააკეთეთ. თქვენ ახალი მოსული ხართ, ფული ალბათ, გჭირდებათ. აიღეთ და სურვილისამებრ მოიხმარეთ. თუ არ გაწყობთ ის «ზედმეტი», რა პრობლემაა, იქითა თვეში გამოგიქვითავთ და ეგ იქნება, - გაშალა ხელები.

- როგორც იტყვით, ეს თქვენი გადასაწყვეტია.

- ჰო მართლა, სავარძელზე რომ პარკი დევს, თქვენი საჩუქარია. ერთ მეგობარს ვთხოვე და მომეხმარა მის შერჩევაში. ქალის ფსიქოლოგიაში კარგად ერკვევა. ასე რომ, იმედია, მოგეწონებათ. თუ არადა, იმ ჩემს მეგობარს ყურებს დავახევ «ვაიფსიქოლოგობისათვის».

- ამის გაკეთება ნამდვილად არ მოგიწევთ. პრეტენზიული არ ვარ. ისე, დიდი მადლობა საჩუქრისთვის. შეწუხებულხართ.

ვერიკომ ცალ ხელში თამთა აიყვანა, მეორეში პარკი დაიჭირა და ოთახიდან გავიდა.

- ვერონიკა, ერთი წუთით, თუ შეიძლება! - ვანოს ხმა დაეწია.

შედგა.

- ჰალსტუხის განასკვა თუ იცით? სრულიად შემთხვევით დამეშალა და ვეღარ ავაწყვე. არადა, ამ პიჯაკს სხვა არ უხდება.

- არა, სამწუხაროდ. ჩემთვის არავის უსწავლებია, - ქალმა თვალი აარიდა ოჯახის უფროსს და კიბეს ჩაუყვა.

იცოდა ვერიკომ ჰალსტუხის განასკვა, როგორ არ იცოდა, მაგრამ არ ისურვა. არ ისურვა კი არა, «ვერ ისურვა». შეეშინდა, ემანდ ხელები არ ამიკანკალდეს ვანიკოს სიახლოვით და ჩემი თავი არ გავცეო. თითქოს ისე ვერ ხვდებოდეს ვანო მისი სიყვარულის «მოციმციმე არითმიებს». ხვდება, როგორ ვერ ხვდება, ყველაფერსაც კარგად ხვდება და ხედავს. ტყუილად კი არა აქვს ასეთი დიდრონი თვალები, ისარივით რომ დაარჭობს ხოლმე მზერას ვერიკოს «მოღერებულ» მკერდს. აკი უთხრა კიდეც. არა, კი არ უთხრა, მიანიშნა, საუბარში გადაუკრა, სახეზე გაწერია ყველაფერიო. მეტი რაღა უნდა ეთქვა. როგორ უნდა ვერიკოს, რაღაც მიზეზი მოუგონოს, რაღაც ხელჩასაჭიდი საბაბი გამოუჩნდეს, რომ ეს კაცი შეჯავრდეს, მაგრამ რომ არაფერს აშავებს? როგორც მისი სიძე იტყოდა, «ყველაფერს ხუთიანზე აკეთებს». ჰოდა, შეიძლება უმიზეზოდ კაცი შეიძულო? კაციც არის და კაციც. პერსპექტიული სასიძო. ვინ იცის, ეზოს გარეთ რა ხდება, როგორ არიან ქალები ჩასაფრებულები მის შესაბმელად. ვერიკოსთან რომ არ ახსენებს, იმიტომ? მთელი დღე ბინიდან გასული სად დადის, ვის ხვდება და რამდენ ქალთან ერთობა, ვიღაც მოსამსახურემ რა იცის! მაგრამ ტელეფონზეც რომ არ ურეკავენ? ეს ნამდვილად არ გამოეპარებოდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მეორე სართულზე გადმობარგდა საცხოვრებლად, ვანოს ოთახთან ახლომდებარე საძინებელში. შეიძლება არ უყვარს ქალები ან გარდაცვლილი მეუღლის პატივსაცემად ჯერ თავს ამის უფლებას არ აძლევს. არ არის გამორიცხული, თუმცა, რა ვერიკოს საქმეა. მას ვინ ეკითხება. სჯობს, დაეტიოს თავის ადგილზე!

გაგრძელება იქნება