დაქირავებული დიასახლისი - თავი 8 - Marao

დაქირავებული დიასახლისი - თავი 8

2022-05-26 13:17:49+04:00


წინა თავი

ვერიკომ მორჩილად დაუქნია თავი და კარისკენ გაემართა.

- თამთას ხომ არ სცივა ღამით? - მოულოდნელად იკითხა ვანომ.

- არა, რა სცივა.

- თქვენ?

ქალს შეაკანკალა. ეს ორაზროვანი შეკითხვაა თუ «ერთაზროვანი»?

- არც მე. ისეთი გათბობაა, ძალიანაც რომ გინდოდეს, არ შეგცივდება ადამიანს, - ეშმაკურად გაიღიმა.

- ძალიანაც კარგი. ჰო, მართლა, თქვენი დაბადების დღე როდის არის?

ვერიკოს გული შეუტოკდა. შეყოყმანდა.

- ოღონდ არ მომატყუოთ! - თითი დაუქნია მამაკაცმა.

- იყო უკვე, - ძლივს ამოილუღლუღა.

- იყო? როდის? - წარბები შეკრა პატრონმა.

- … ოთხი დღის წინ, - თვალები დახარა ქალმა.

- მართლა? რა საოცარია! ჩემი ხვალ არის. ესე იგი, ჩვენ ორივე «თხის რქა» ვყოფილვართ, - გაიღიმა ვანომ.

- ასე გამოდის.

- რატომ არ მითხარით?

- რა საჭირო იყო.

- მოგილოცავდით.

- …

- თუმცა არც ახლაა გვიან, არა?

- ახლა ნამდვილად გვიანაა, - შეშფოთდა ვერიკო, სუფრის გაშლა არ მომთხოვოს ამ შუაღამესო.

- ჰა-ჰა-ჰა-ჰა! ეშმაკი ქალი ხართ, ვერონიკა, ეშმაკი. კარგი, რადგან ასე გაწყობთ, ასე იყოს, მაგრამ საჩუქარს მაინც ვერ ასცდებით.

- მაშინ მეც უნდა გაჩუქოთ რამე, - ვერიკომ თამამად შეხედა.

- აჰა, ხომ გითხარით, ეშმაკი ქალი ხართ-მეთქი. არ შევმცდარვარ. საინტერესოა, რა უნდა მაჩუქოთ!

- რა ვიცი. რამეს მოვიფიქრებ. ისე, შემიძლია შეკვეთაც მივიღო, - მაცდურად შეჰღიმა მამაკაცს.

- მაშინ ჯერ თქვენ შემიკვეთეთ და მერე მეც მოგბაძავთ, - ოჯახის უფროსი შევაჭრების ხასიათზე დადგა.

ვერიკომ თავი გადააქნია.

- მითხარით. ხომ იცით, რომ არ მოგეშვებით, - მოჩვენებითად შეკრა ვანომ წარბები და მზერა მისი მკერდისკენ გააპარა.

«რას მიყურებს, ლიფის ყიდვას ხომ არ აპირებს?» - უნებურად გაიფიქრა ვერიკომ და ოდნავ გაეღიმა.

- ჰა, რა გადაწყვიტეთ? - არ ეშვებოდა იგი.

- რა ვიცი, სულერთია. ერთი ცხვირსახოცი მაჩუქეთ და მორჩება.

- ცხვირსახოცი? - შეიცხადა ვანომ, - გინდათ, რომ ერთმანეთი შეგვძულდეს?

- არა, რატომ? - ვერიკოს ალმურმა გადაუარა სახეზე.

- ცხვირსახოცი ხომ შეძულებას ნიშნავს! - არ ცხრებოდა პატრონი.

- ეს უბრალოდ, ცრურწმენაა და მეტი არაფერი.

- მერე რა, ცრურწმენები ხშირად მართლდება ხოლმე.

- თქვენ გჯერათ მსგავსი რამეების?

- ზოგის მჯერა. მაგალითად, შავი კატა რომ გადაგირბენს, მარცხენა ხელისგული რომ გექავება, ძაღლი რომ გზას გადაგიჭრის, ცხვირი რომ გექავება და რა ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო… ყველა მათგანი საკუთარ თავზე გამომიცდია. თქვენ არა? - მომნუსხველად გაუღიმა კაცმა.

- კი, სხვათა შორის, მეც ბევრი რამ მაქვს დაცდილი. განსაკუთრებით 13 რიცხვი.

- ცუდად თუ კარგად?

- ცუდად. ცამეტში ყოველთვის ვფრთხილობ ხოლმე.

- რას უფრთხილდებით, საკუთარ სიცოცხლეს?

- არა, ეს რა შუაშია. უბრალოდ, მეშინია, რამე საწყენი არ შემხვდეს ან ძალაუნებურად სხვა არ გავანაწყენო ჩემი დაუფიქრებლობით.

- საინტერესო თემაა. იმედია, ოდესმე მომიყვებით 13 რიცხვის დაუვიწყარ ამბებს, არა?

- კი ბატონო, შეიძლება. გამოდის, ხვალ შინ არ გაათენებთ, არა?

- როგორ არ გავათენებ! აუცილებლად მოვალ, ოღონდ გვიან ალბათ, ძალიან გვიან.

- გასაგებია. მაშინ წინასწარ გილოცავთ დაბადების დღეს.

- გაიხარეთ, გაიხარეთ, თქვენთვისაც მომელოცოს, - თვითონვე გაეცინა თავისსავე ნათქვამზე.

- თუ საიდუმლო არ არის, რამდენი წლის ხდებით?

- ნუ მკითხავთ, - ვანომ ისეთი სახე მიიღო, თითქოს ასაკის გამჟღავნების რცხვენოდა.

- არ იქნებით მაგდენის, - ვერიკო ხუმრობის ხასიათზე დადგა.

- ორმოცის გავხდი, ორმოცის, - ოთხი თითი გაშალა ვანომ.

- მერე? გადახდას აპირებთ? ორმოცი წლის იუბილეს არ იხდიან, ხომ იცით.

- ეს უბრალოდ, ცრურწმენაა და მეტი არაფერი, - სიტყვასიტყვით გაიმეორა ვანომ ვერიკოს ნათქვამი ფრაზა და ნიშნისმოგებით გაუღიმა.

ვერიკოსაც გაეცინა.

- მე ოცდაათი შემისრულდა, - გასცა ქალური საიდუმლო.

- და მაგიტომაც არ გადაიხადეთ, არა? - ვანოს ხმამაღლა გაეცინა.

- არა, მაგის გამო ნამდვილად არა. უბრალოდ, არ მედაბადებისდღეებოდა. ვინ უნდა მომეწვია?

- რა ვიცი. მეგობრები, კლასელები, ნათესავები, ან თუნდაც მე, - ისევ გაიცინა.

- სხვის სახლში? როგორ გეკადრებათ. მაგდენი კი მესმის! თანაც… უკვე აღარა ვარ იმ ასაკში, დაბადების დღეები რომ უხარიათ.

- აბა, აბა, თქვენი ხნის ქვა აღარ დაგორავს, - გაიხუმრა «პატრონმა».

- და ყვავიც აღარ დაფრინავს, - ვერიკომ კეკლუცად აზიდა წარბები.

- სამაგიეროდ, ბულბულები სტვენენ გალიაში, - ცალი თვალი მოჭუტა კაცმა და ქალს ქვემოდან ახედა.

სახეაჭარხლებულმა ვერიკომ არ იცოდა, რა ეპასუხა, ამიტომ მხრები აიჩეჩა მხოლოდ.

- წავალ, ბავშვს მივხედავ. ღამე მშვიდობისა, - დაემშვიდობა ბოლოს და მომხიბვლელი ღიმილით გაშორდა.

მამაკაცს თითქოს არ გაუგონია მისი სიტყვები. როგორც კი ქალმა კარი გაიხურა, კვლავ სავარძელში ჩაჯდა, თავი ხელებში ჩარგო და გაირინდა. ცოტა ხნის შემდეგ, თითქოს რაღაც გაახსენდაო, მობილურს დაავლო ხელი და მესიჯი დაადევნა: «ღამე მშვიდობისა, დიასახლისო»…

ვანოს გამოგზავნილი ტექსტით სახეგაბადრული ვერიკო დიდხანს დაჰყურებდა მძინარე თამთას. «შემოგევლოს ჩემი სიცოცხლე», - ჩაიჩურჩულა ბოლოს, ბავშვს ფრთხილად აკოცა ლოყაზე, შუქი ჩააქრო და დაწვა.

კარგა ხანს არ დაეძინა. ვანოზე ფიქრობდა. მის ყველა სიტყვას აანალიზებდა. ეძებდა, იმედისმომცემ ნაპერწკალს ეძებდა. იქნებ… იქნებ… ეს «იქნებ» გონებიდან არ შორდებოდა. არა, რაღაცით მაინც ხომ დაინტერესდა! დაბადების დღე როდის გაქვსო… რა გაჩუქოო… მეცამეტე ხელფასიო… ეს ხომ ისე არ ხდება? ამის უკან «რამე» ხომ უნდა იმალებოდეს? ჰოდა, სწორედ მესიჯი იყო ის «რამე». აბა, რა საჭირო იყო ამგვარი ტექსტი? პირისპირ იდგნენ, ხომ შეეძლო, იქვე ეთქვა? რაში დასჭირდა გამომშვიდობების ასეთი რომანტიკული ფორმის გამოყენება? იყო კი რომანტიკული? როგორ უნდოდა, ასე ყოფილიყო… ვინ იცის, იქნებ იყო კიდევაც?..

ვერიკოს იმ ღამეს ტკბილად ეძინა… ვანოსაც…

ვერიკოს მთელი დღე არ დაუსვენია. იმდენად გაანერვიულა თამთასთან დროებით განშორებამ, ეგონა, გაგიჟდებოდა. ახლაც ყურში ჩაესმოდა ბავშვის გულამოსკვნილი ტირილი, «ველიკო მინა», «ველიკო მინა»… ვანოს სიდედრი ისე თბილად შეხვდა, გაუკვირდა კიდევაც. ალბათ ისიც ვერ ხედავს მასში ქალს, მით უმეტეს - საშიშ ქალს. ნუთუ ასე ცუდად გამოიყურება? ნუთუ როგორც ქალი, ასე «ძნელად აღსაქმელია?» რა ქნას, დაიწყოს «გაპრანჭვა»? არა, არ ღირს. «წამო ველიკო, წამო-ო-ო», - ისევ თამთას ხმა აგონდებოდა. როგორ შეეჩვია ამ ბოლო დროს. საქმის კეთების საშუალებას არ აძლევს. სულ კუდში დასდევს. საკმარისია, რაღაცას მოჰკიდოს ხელი, დაბარებულივით გვერდში დაუდგება და თვითონაც შიგნით ჰყოფს თავის ბუნჩულა ხელებს. ვერიკოც არ უშლის. მიეჩვიოს, რაც მთავარია, არაფერს აფუჭებს.

ნელ-ნელა «გამოასწორა» პატარა თამარი. პამპერსს გადააჩვია, საწოვარასაც, ახლა კოვზის «ათვისებაც» დააწყებინა. ისე მოხერხებულად დაიჭერს ხოლმე და სვამს ჩაის, დიდსაც კი შეშურდება. ერთ რამეში ვერ თანხმდებიან ჯერჯერობით: აუხირდება ხოლმე დილაობით, შენ რომ იხეხავ კბილებს, მეც მინდაო. აბა, რა დროს მაგის კბილებია, ერთი ბეწოა. ის მაინც არ ეშვება. ცდილობს, თავისი გაიტანოს.

ასეთ დღეშია ვერონიკა. ჯერ სულ რამდენიმე საათი გავიდა თამთას წასვლიდან, მას კი უკვე ენატრება. ხანდახან ხმაც კი ჩაესმის, თითქოს ეძახის. მთელი დღე იტრიალა. დააკრიალა ყველაფერი, მაგრამ მაინც ვერ გადაერთო. გამუდმებით ბავშვზე ფიქრობდა. ამის გამო ვანო არც გახსენებია.

გვიან მორჩა საქმეს. ცოტა ხანს სკამზე ჩამოჯდა, დაისვენა. მერე სარკესთან მივიდა. კარგა ხანს უყურა თავის ორეულს. ქვედაბოლო აიწია, მუხლები გამოაჩინა, მერე კიდევ უფრო აწია კაბა. აბა, ქალი ამისთანა ფეხებს უნდა მალავდეს? ახლა პულოვერი შემოიტმასნა ტანზე. აი, როგორი წვრილი წელი აქვს. ერთი დაანახა ვანოს ან ვილის, ამ «ფრიალა კაბის» შიგნით რა ქალი იმალება და მერე ნახავენ!

შესცივდა. ახლაღა გაახსენდა, რომ მთელი დღის განმავლობაში გათბობის ჩართვა არც გახსენებია. ახლა კი უმოძრაოდ რომ იყო, იგრძნო სიცივე. ყველაფერს აჯობებს, ცხელ აბაზანაში ჩაწვეს და მერე ლოგინში ჩაგორდეს. ისე დაიქანცა, იქნებ ჩაეძინოს. ვანიკო ან მოვა დღეს და ან არა. მოცდა არ ღირს. არც აქვს აზრი.

ასეც მოიქცა. როგორც კი თავი ბალიშზე მიდო, მაშინვე ჩაეძინა…

ნაბიჯების ხმამ გააღვიძა. ალბათ, ძალიან გვიან იყო. ოდნავ წამოიწია საწოლში. კორიდორში ვანო დადიოდა. უცებ ფეხის ხმა შეწყდა, თან ზედ ვერიკოს კართან. სუნთქვა შეეკრა. მოეჩვენა, თითქოს მამაკაცი მის ოთახში შემოსვლას ლამობდა. ასე რომ მოხდეს, რა უნდა ქნას? არ იცოდა, რა გაეთამაშებინა. მის შეხებაზე ვითომ უცებ «გამოღვიძებოდა» და «შეშინებული» წამომხტარიყო თუ გაეგრძელებინა «ღრმა ძილი»?

ისევ «ღრმა ძილი» ამჯობინა, წამოხტომას ყოველთვის მოასწრებდა, თუმცა… არაფრის გათამაშება არ დასჭირდა. კვლავ გაისმა ვანოს ფეხის ხმა, მერე მისი საძინებლის კარი გაიღო და დაიხურა.

ნელ-ნელა დაუწყნარდა აფორიაქებული გული, მაგრამ გრძნობდა, რომ აშკარად იმედგაცრუებული დარჩა. მოლოდინმა არ გაუმართლა.

დილაადრიან ფეხზე წამოხტა, ვანოს მესიჯმა გააღვიძა: «იქნებ გათბობა ჩართოთ», - ატყობინებდა პატრონი.

ჩაიცვა, თმა სწრაფად გადაივარცხნა და ის იყო, კარი გამოაღო, რომ ადგილზე გაშეშდა. კორიდორში, ზუსტად მისი ოთახის წინ, გრძელ, ინდურ ლარნაკში აგურისფერი ვარდების თაიგული იდო… სახტად დარჩა. აი, თურმე რატომ შეჩერდა მის კართან წუხელ. ვერიკომ კი რა არ გაიფიქრა! რა ოხერია ქალი. მაინცდამაინც მზაკვრული აზრი უნდა მოუვიდეს თავში.

დაიბნა. «ჩემი სიკვდილი. მე რაღა ვაჩუქო?» - სასიამოვნო მოულოდნელობისგან აფორიაქებულმა ეგღა გაიფიქრა. ასეთივე ორიგინალური რომ მოაფიქრა რამე, კარგი იქნებოდა. მაგრამ რა? უცებ, მიხვდა, რაც უნდა მოემოქმედებინა. ჯერ დაბლა ჩავიდა, გათბობა ჩართო, მერე სააბაზანოში შეირბინა ხელ-პირის დასაბანად, ბოლოს ისევ მაღლა ავიდა და პირდაპირ მისაღები ოთახისკენ აიღო გეზი. ეს იყო ყველაზე დიდი, ყველაზე ლამაზი და ნათელი ოთახი მთელ სახლში, ამასთან, ყველაზე ცივი. პიანინოსთან მივიდა. თავი ახადა. სათუთად გადაუსვა კლავიშებს ხელი. ახლა დაჯდება და დაუკრავს. სიურპრიზს მოუმზადებს «ბატონ ვანოს», ნახოს, ერთი რა გოგოა და ვისთან აქვს საქმე. ვაითუ, არ უყვარს კლასიკური მუსიკა, მაშინ? არ უყვარს და ნუ უყვარს. ვერიკოს სულაც არ ედარდება მისი სიყვარულ-სიძულვილი. თუ ჰკითხავს, რამ მოგაფიქრა დაკვრაო, ეტყვის, რომ თამთა ენატრება და სევდა მოეძალა. ესეც კარგად მოიფიქრა. მაშ ასე, კარგად მოკალათდეს! თითები აათამაშა ჰაერში და ფრთხილად შეეხო კლავიშებს… მდუმარე სახლის მყუდროება მოცარტის მელოდიამ დაარღვია. ვერიკოს ნელ-ნელა სითამამე მოემატა. უფრო და უფრო ხმამაღლა, გატაცებით უკრავდა. აჰა, ესეც ბოლო აკორდი! როგორც იქნა, დაამთავრა.

თვალები დახუჭა. უცებ იგრძნო, როგორ შეეხო ვიღაც მის ხელს. მიხვდა, ვანო იქნებოდა. ცოტა არ იყოს, დარცხვენით შეხედა.

- ხომ არ გაგაღვიძეთ? - მორიდებით ჰკითხა.

მამაკაცმა მისი ხელი ტუჩებთან მიიტანა და მოწიწებით ეამბორა.

- თურმე რამდენი რამ სცოდნია ამ თითებს და მე კი ბაიბურშიც არ ვიყავი. საიდან ასეთი დაკვრა? - ღიმილით დაეკითხა იგი.

- კონსერვატორიიდან.

- კონსერვატორიიდან? თქვენ გინდათ თქვათ, რომ კონსერვატორიაში სწავლობდით?

- დავამთავრე.

- და ასეთი ქალი ძიძად მუშაობთ?

- დღეს ძიძად პროფესორებიც კი მუშაობენ. რატომ გიკვირთ?.. - მხარი აიჩეჩა ვერიკომ და წამოდგა.

- არ ადგეთ, ძალიან გთხოვთ.

- ეს ჩემი საჩუქარი იყო ვარდების სანაცვლოდ.

- ვარდების სანაცვლოდ? რატომ სანაცვლოდ?

გაგრძელება იქნება