იდეალური მამაკაცი - თავი 1 - Marao

იდეალური მამაკაცი - თავი 1

2022-05-30 10:34:34+04:00


არ მეგონა, საქმე ასე თუ შეტრიალდებოდა. რას ვიფიქრებდი, ჩემი დიდი ხნის ოცნება ერთ საათში თუ ამისრულდებოდა… არადა, რამდენი წელი ველოდი ამ დღეს. მე კი არ მიხარია, სრულებით არ მიხარია. რაღაც მამძიმებს, ძალიან, ძალიან მამძიმებს. ვიცი, რაც არის ის «რაღაც», სინდისის ქენჯნაა, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად შემაწუხებს, რადგან მას სახელად თათა ჰქვია…

ჩემი დიდი ხნის ოცნება კი მამუკაა. ხუთი წელია, ერთმანეთს ვიცნობთ, ანუ პირველი კურსიდან. ჯგუფელები ვართ. გაცნობის დღიდანვე ძალიან დავუახლოვდით ერთმანეთს. მაშინვე მომეწონა. ასე ვთქვათ, «გულში ჩამივარდა». რაც დრო გადიოდა, მით უფრო ძლიერდებოდა ჩემი სიყვარული. ის კი… ვითომც არაფერი, ჩემში მხოლოდ დაქალს ხედავდა. მთელი ამ ხნის მანძილზე სამი შეყვარებული მაინც გამოიცვალა, თუმცა, თუ მას დაეჯერება, სერიოზულად არც ერთი უყვარდა. სამი ჩვეულებრივი გატაცება და მორჩა. არადა, რა ბიჭია, რომ იცოდეთ! მაღალი, სპორტული აღნაგობის, წყალბურთელი, შავგვრემანი, შავთვალება, გრუზა თმით. ამასთან, საოცრად თბილი ბუნებისაა - ხალასი, იუმორით სავსე. ერთი სიტყვით, ყველაფერი გააჩნია, რაც იდეალურ, ოცნების მამაკაცს უნდა ჰქონდეს. ამიტომაც დასდევს შეყვარებულ «ქალთა არმია». მეც მათ რიცხვში ვარ, მაგრამ არ ვიმჩნევ. აზრი არა აქვს და იმიტომ. წლინახევრის წინ, როცა ვეღარ მოვითმინე და მთვრალმა სიყვარული ავუხსენი, ასე მითხრა, შენსა და ჩემ შორის რომანი გამორიცხულია, იმიტომ, რომ დასავით მიყვარხარო. რა უნდა მეთქვა? არ მინდა შენი ძმობა-მეთქი? ენა მუცელში ჩავიგდე და ბედს შევეგუე. სამაგიეროდ, სხვა ხერხს მივმართე. ყველა ქალთან, ვისთანაც კი გაივლიდა, იდეალურ ურთიერთობას ვამყარებდი, ვედაქალებოდი და ყველაფერს ვიგებდი მასზე: რა მოსწონდა, რა არ მოსწონდა, რა უყვარდა, რა არ უყვარდა, რას პატიობდა და რას არ პატიობდა, რა თვისება ხიბლავდა ქალში და როგორ შეიძლებოდა მისი გულის დაპყრობა…

ასე გრძელდებოდა ბოლო პერიოდამდე, მანამ, სანამ თათას გავიცნობდი. თათა მამუკას მორიგი «გულის ვარდია», ძალიან ლამაზი, ძალიან კეთილი, ძალიან სათნო და, ამასთან, ფაქიზი სულის პატრონი. ფარვანასავითაა - მსუბუქი, ჰაეროვანი. ისე დაფარფატებს, თითქოს მიწაზე ფეხს არ აბიჯებსო. წელწვრილი, წვივმაღალი, შვლის ნუკრივით მომზირალი… დიდრონი ცისფერი თვალებით.

საოცრება მოხდა. თუკი მამუკას წინა «სიყვარულები» გულის სიღრმეში მძაგდა და მათ მხოლოდ პირადი გამორჩენის მიზნით ვემეგობრებოდი, თათასთან ეს არ გამომდიოდა. სხვებში მუდამ მეტოქეს ვხედავდი, მასში კი - ერთ დაუცველ, უმწეო ლამაზ გოგონას, რომელსაც მფარველის სახით მე მოვევლინე. თათაც ჩვენთან სწავლობს, უნივერსიტეტში, ოღონდ სხვა ფაკულტეტზე. იგი პირველი კურსის სტუდენტია, ჩვენ კი წელს ვამთავრებთ. რაღაც ერთი თვეღა დარჩა გამოცდებამდე.

მე და მამუკამ თათა უნივერსიტეტის წინ, კაფეში გავიცანით. ერთხელ ყველა ადგილი დაკავებული იყო და უცნობი, გამხდარი თეთრი გოგონა ჩვენს მაგიდას მოუახლოვდა ყავის ფინჯნით, ხელს თუ არ შეგიშლით, თქვენთან დავჯდებიო. მერე ერთმანეთი გავიცანით. მერე კიდევ ვნახეთ ერთმანეთი, მერე კიდევ, კიდევ და… მგონი, ეგ გოგო მიყვარსო, «მახარა» ჩემმა ძმაკაცმა. თურმე დროს ტყუილად არ კარგავდა. იმ წუთში გულზე შემომენთო, ისეთი ტკივილი ვიგრძენი, როგორც მაშინ, ჩემი სიყვარული რომ უარყო. ქალები კარგად გამიგებენ ამ შემთხვევაში. ჩვენ ხომ ყოველთვის ვიტოვებთ იმის იმედს, რომ როცა «ის» აღარ ეყვარება, იქნება მაშინ მაინც შეგვამჩნიოს. მე ამ იმედით ვსულდგმულობდი თათას გამოჩენამდე. მან კი თავდაყირა დააყენა ყველაფერი. ვიცოდი, ისედაც უიმედოდ შეყვარებულს, არაფერი გამომივიდოდა. თათას ნამდვილად ვერ შევედრებოდი. იგი ყველაფრით ჩემზე უკეთესი იყო. მას ვერ შეიძულებდი, ძალიანაც რომ მოგენდომებინა. მისი შინაგანი ბუნება არ მოგცემდა ამის უფლებას. მე, როგორც ყოველთვის, ახლა მასთან ვცადე «მიახლოება». მალე დავმეგობრდით და მეც მისი გულის პირველი მესაიდუმლე გავხდი.

მამუკასა და თათას ყველა ნაბიჯი ზეპირად ვიცოდი - როდის ხვდებოდნენ ერთმანეთს, რამდენ ხანს იყვნენ ერთად, სად იყვნენ, როგორ აკოცა, რა უთხრა… რა თქმა უნდა, თათა უფრო გულახდილი იყო ჩემთან, ვიდრე მამუკა. მამაკაცები ხომ ცოტა სიტყვაძუნწები არიან, როცა საქმე ინტიმურ საკითხს ეხება.

ასე გადიოდა დღეები. ცალკე მამუკას ვარიგებდი ჭკუას, ცალკე - თათას. მეცოდებოდა იგი, პირველ რიგში იმიტომ, რომ ქალი იყო, თანაც შეყვარებული ქალი. ვინ იცის, ბედი რას უმზადებდა. ხანდახან საკუთარ თავს წარმოვიდგენდი მის ადგილას… სულ მეგონა, რომ მათ შორის იმაზე მეტი ხდებოდა, ვიდრე ეს გარედან ჩანდა. აღმოჩნდა, რომ ამაში არ შევმცდარვარ. ბოლო ხანებში თათას მოწყენილობა დაეტყო, თითქოს მხრებში მოიკუნტა, თვალები ჩაუშავდა, გულჩათხრობილი გახდა. მამუკასგან წესიერად ხომ ვერაფერს გაიგებ. ცოტა ხანს მაცალე, საკუთარ თავში უნდა გავერკვეო, მითხრა. იშვიათად ვხედავდი მათ ერთად. მერე თათამ ლექციების გაცდენა დაიწყო. მამუკამ კი უფრო და უფრო მოუხშირა ჩემთან სიარულს, შინ თუ გარეთ, თითქმის არ მშორდებოდა გვერდიდან. რაღაც გაუგებარი სიტუაცია შეიქმნა…

ამასობაში მაისიც დაიწყო… იმ დღესაც, ლექციების შემდეგ, მამუკა მომიახლოვდა, მკლავში ხელი ჩამავლო და მითხრა:

- შენთან სალაპარაკო მაქვს. პეროვსკაიაზე გავიდეთ, ბარში.

მივხვდი, რაღაც მნიშვნელოვანი ხდებოდა. მაშინვე დავთანხმდი. ფეხით გავედით იქამდე. გზაში ხმა არ ამოუღია…

როგორც ყოველთვის, სოკო, ვისკი და ლუდი შეუკვეთა. ეს ჩვენი საყვარელი მენიუა, ჩემი და მისი. შინაგანად ვთრთოდი. მეგონა, რაღაც საშინელება უნდა ეთქვა. კარგა ხანს ვისხედით. რატომღაც, საუბარი არ აეწყო. ყველაფერზე ილაპარაკა იმის გარდა, რისთვისაც მომიყვანა. ბოლოს ვეღარ მივითმინე.

- მამუკა, აქ ამ სისულელეების სალაპარაკოდ მომიყვანე? - გავაწყვეტინე სიტყვა.

- არა, - დაიბნა, არ მოელოდა.

- მერე? რატომ მთავარს არ მეუბნები, რა არის ამისთანა? - უფრო ამაკანკალა.

- მოდი, ჩვენს სიყვარულს გაუმარჯოს, - თქვა და ჭიქა ჩემს ჭიქას მიუჭახუნა.

ცუდად მენიშნა «ჩვენი სიყვარული». თვალი მოვხუჭე და ინტერესით გავხედე.

- რომელ ჩვენს სიყვარულს, რაღაც ვერ გავიგე, - სახე შემეცვალა.

- რომლითაც ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი, - მითხრა და თვალი თვალში გამიყარა.

- გაუმარჯოს, - ცალწარბაწეულმა ვთქვი, სუნთქვა შევიკარი და ჯერ ვისკი დავლიე, მერე ნახევარი კათხა ლუდი მივაყოლე. ასე არასდროს გამიკეთებია. ყოველთვის ცოტა-ცოტას ვწრუპავდი ხოლმე.

- დადა, მე შენ მიყვარხარ… ამას გვიან მივხვდი… მაგრამ, რაც მთავარია, ხომ მივხვდი, - მოულოდნელად დაიწყო მამუკამ.

ვიფიქრე, მომესმა-მეთქი. შუბლშეკრულმა ავხედე. თვალს არ მაშორებდა.

- რა თქვი?

- მიყვარხარ, ყველა ქალზე მეტად, ყველაზე უფრო, ყველაზე ძალიან…

- საიდან მოგაქვს ეს სისულელე, მამუკა? - ჩემთვის იმდენად ძნელი დაუჯერებელი იყო მისი სიტყვები, ყოველივე სიზმარი მეგონა.

- ეს სისულელე არ არის, დადა, ეს სინამდვილეა.

ხმას ვერ ვიღებდი. დავფიქრდი. რა უნდა მეთქვა? ასეთ დროს როგორ იქცევიან ქალები? წარმოდგენა არ მქონდა.

- კი მაგრამ… თათა?

- თათა ჩემთვის მხოლოდ გატაცება იყო.

- მორიგი გატაცება, არა? - ავიფოფრე.

- ასე გამოდის.

- იმიტომაც დადის ასე გაუბედურებული? უკვე დაშორდი?

- არა, ჯერ მისთვის არაფერი მითქვამს.

- რატომ, ჯერ ჩემგან ელი პასუხს? მე თუ დაგთანხმდები, იმ შემთხვევაში თათას «აუცვამ»? თუ არადა, ჩვეულებრივად გააგრძელებ მასთან ურთიერთობას, არა? ალბათ, ეს გინდოდა გეთქვა.

- ცდები. ნუ ამბობ მასე. პირიქით, რამდენი ხანია, თავს ვარიდებ თათასთან შეხვედრას, სულ რაღაცას ვიმიზეზებ, რომ პაემანი არ დავუნიშნო. იქნებ თვითონაც გადაუაროს…

- მაოცებ, მამუკა… საიდან მოიტანე ასე უცებ…

- რა საიდან მოვიტანე?

- საიდან დაასკვენი, რომ მე გიყვარვარ. აკი, ჩემი და ხარო? შენ არ იყავი, შარშან ჩემს სიყვარულს აინუნშიც რომ არ აგდებდი?

- არ ვიცი… სულ თავისით მოვიდა. ვერც ვიგრძენი, მეც ვერ წარმომედგინა… ორი კვირაა, ტანჯვად გადამექცა ცხოვრება. შენ გგონია, ადვილი იყო ჩემთვის ამის თქმა? იცი, როგორ გამიჭირდა? კინაღამ მოვკვდი კაცი.

- ჰმ, - მოულოდნელად გამეცინა, - შენ შემთხვევით ამ ორ კვირაში «დავით კოპერფილდი» ხომ არ წაიკითხე? - აშკარად დავცინოდი, - დიკენსის გავლენას ხომ არ განიცდი, საყვარელო?

- არ გინდა ასეთი საუბარი, ნუ ახურებ, - შეცვლილი ხმით მითხრა.

- არა, მაინც საინტერესოა, თათას ჩემით ჩანაცვლება რატომ გადაწყვიტე, რამ გაგიადვილა? ჰო, თუმცა, მეც რა მიუხვედრელი ვარ. ჩვენ სახელებში ხომ მხოლოდ ერთ ასოშია განსხვავება. თ შეიცვალა დ-თი, მორჩა და გათავდა, - სარკასტულად გავიცინე.

- ახლა თავი არ მაცემინო, - ზამბარასავით დაიჭიმა.

- სხვათა შორის, მე პასპორტით დარეჯანი მქვია, - არ ვჩერდებოდი.

უცებ შეირხა, ჩემკენ გადმოიხარა, მაჯაში მწვდა, მარწუხივით მომიჭირა თითები და კბილებში გამოსცრა:

- ცხოვრებაში პირველად გეკითხები და უკანასკნელად. გინდა, ვიყოთ ერთად?!

- არა, - ანგარიშმიუცემლად წამომცდა, - კი, - «გამოვასწორე» შეცდომა და ბოლოს, - არ ვიცი, არა, - ამით დავამთავრე.

მამუკა მიხვდა, ასე ერთბაშად, ასე გაუაზრებლად მე გადაწყვეტილებას ვერ მივიღებდი. მართალია, მისგან საპასუხო სიყვარული ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო, მაგრამ… სრულიად დაუჯერებელი რამ ხდებოდა. ოთხი წლის უპასუხო სიყვარულს ახლა, მეხუთე, დამამთავრებელ წელს «ეხმაურებოდა», თანაც რა დროს! მერამდენე თვეა, თათაზეა გადართული! რა უნდა დავუჯერო!

- მოდი, შევეშვათ ახლა ამაზე საუბარს. ხვალ-ზეგ შეგხვდები და მერე ვილაპარაკოთ, კარგი? - დამრიგებლური ტონით მითხრა და ხელი გამიშვა.

მე მხოლოდ თავი დავუქნიე. პასუხის გაცემის თავიც არ მქონდა…

გაგრძელება იქნება