- შენი არ მეშინია, ჩემი თავის კი, - ცივად მივუგე და მისი მუხლებიდან წამოხტომა დავაპირე, მაგრამ დიტომ ძლიერად დამქაჩა და სავარძელზე უხეშად მიმაგდო, თვითონ კი ზემოდან მომექცა.
ძალადობა მეზიზღება. იმდენად ამაზრზენად მეჩვენა მისი საქციელი, რომ გამწარებულმა თუ გაბრაზებულმა ძლიერად გავარტყი სახეში და გვერდით მივაგდე.
მოულოდნელად კარი გაიღო და კესო შემოვიდა.
- რა დებილი გოგო ხარ, ნეტავ იცოდე! - დამცინავად შემომხედა, - და აგრესიულიც. რას ურტყამ ჩემს ძმაკაცს? ვერა ხარ, ხო? - ამ სიტყვებით დიტოს ხელი ჩაჰკიდა და ოთახიდან გაიყვანა.
გამოღებული კარიდან დავინახე, როგორ მოხვია კესომ დიტოს ხელი და შუა აივანზე ცეკვა დაიწყეს. მე კი მარტო დავრჩი, ვიყავი გაწბილებული და თავს საშინლად მიტოვებულად ვგრძნობდი…
***
რამდენიმე დღის შემდეგ მამა მივლინებიდან დაბრუნდა. ყოველთვის ვამაყობდი მისით. ქვეშეცნეულად, მისნაირი მამაკაცი იყო ჩემი ოცნების გმირი, ყველაზე ჭკვიანი და ყველაზე გამორჩეული მეგონა. მომწონდა ის სურნელი, რაც მას ასდიოდა - ოდეკოლონის ნაზი და სიგარეტის მძაფრი - ერთმანეთში არეული. მამის გამოჩენა ჩემთვის ნამდვილი დღესასწაული იყო, ყვირილით გამოვვარდებოდი ეზოში და კისერზე ჩამოვეკონწიალებოდი.
- აბა, მომიყევი, სანამ მე არ ვიყავი, თუ იქცეოდი ჭკვიანად? - დამიწყებდა იგი გამოკითხვას.
როგორ მინდოდა, ყველა წვრილმანი მომეყოლა ხოლმე, მაგრამ მას ჩემთვის არ ეცალა. ეგრევე შემიშვებდა ხელს და მტოვებდა. მას არასდროს ჰქონდა საიმისო დრო, გამომლაპარაკებოდა. ვინ იცის, მასთან ურთიერთობის დეფიციტს რომ განვიცდიდი, იქნებ იმიტომაც იყო იგი ჩემთვის გამორჩეული.
დედა მის დანახვაზე ადგილიდანაც არ დაძრულა. იჯდა თავის სარწეველა სავარძელში და ღიმილით შეჰყურებდა დაბრუნებულ ქმარს. იყო ძალიან მშვიდი და, თქვენ წარმოიდგინეთ, ბედნიერიც კი ჩანდა. თუმცა ეს ბედნიერება მამის დაბრუნებით სულაც არ იყო გამოწვეული. დილით თავის გულთამპყრობელს ელაპარაკა მთელი საათი და სწორედ ეს სასიამოვნო შეგრძნება უქმნიდა ბედნიერების «იმიტაციას».
- კარგად იმგზავრე, შალვა? - მოვალეობის მოხდის მიზნით შეეკითხა დედა და ჰაერში მოქანავე სიგარეტის ბოლს გააყოლა მზერა. ბოლო დროს ბევრს ეწევა.
- კარგად, - მხიარულად მიუგო მამამ, - დაღლა არ მიგრძნია, ისეთი კარგი «პაეზდკა» იყო. იშვიათად მაქვს ეგეთი გამონათებები მივლინების დროს. რომშიც ვიყავით. საოცრება ქალაქია.
- რა საინტერესოა, - ირონიულად გასცა პასუხი დედამ. მას გული წყდება, რომ მამას თან არ დაჰყავს და მასავით არ უწევს მოგზაურობა.
- აბა, რა მოიფიქრეთ, მიდიხართ ბოლოს და ბოლოს აგარაკზე? - მამა დივანზე გადაწვა და ხელები თავქვეშ ამოიდო, - საჩუქრები ჩამოგიტანეთ. აგერაა ჩანთაში, მერე ნახეთ, - თვალებით ანიშნა.
- რადგან შენ ასე გინდა, წავალთ, - მხრები აიჩეჩა დედამ და გულგრილი მზერით შეხედა ჯერ მამას, მერე ჩანთას.
- მე კი არა, ბავშვებს უნდათ, აქ ხომ არ გამოხარშავ ამ სიცხეში! - უკმაყოფილოდ გაისმა მამაჩემის ხმა, - დღესვე მოემზადეთ და ხვალ აგიყვანთ, მერე არ მცალია თქვენთვის!
- ყველაფერი მზად მაქვს, სხვათა შორის, შენი შეხსენება არ მჭირდება! - გაღიზიანდა დედა, - შეიძლება სანდროც ამოვიდეს მოგვიანებით და ცოტა ხნით ჩვენთან დარჩეს. შენც ხომ მოიცლი?
- სანდრო? ამოვიდეს მერე, უფრო კარგი იქნება, მეც მეყოლება თანამეინახე, თორემ ქალებს რა გაგიძლებთ იქ! ერთი გემრიელად უნდა დავისვენო.
დავისვენოო! როცა მამა დასვენებაზე იწყებს ლაპარაკს, სულ მეღიმება. აგარაკზე ყოფნისას იგი გამთენიისას დგება, მუშურად ჩაიცვამს, ბაღში ჩადის და ხან ბარვას იწყებს, ხან ვენახის გასხვლას, ხან ხეების გადაჭრას ან დამყნობას.
მერე კი, მთელი დღის მუშაობით დაღლილი, ღიღინით ამოვა ხოლმე მეორე სართულზე და ხელებს იფშვნეტს, კარგ ხასიათზეა, ეზო რომ მოაწესრიგა. ბოლოს წამოწვება, ლუდს დააგემოვნებს და მიიძინებს მოთენთილი. აი, ასე «ისვენებს» მამა ჩვენთან ერთად, თანაც მხოლოდ ორი-სამი დღე რჩება ხოლმე, შემდეგ კვლავ თბილისში გამორბის. ძალიან საყვარელი კაცია მამაჩემი.
***
აქაურობა ძალიან ლამაზია, განსაკუთრებით, ღამით. აივანზე რომ გავალ, ისეთი ხედი მოჩანს, გასეირნება მოგინდება ადამიანს. ლისის ტბა საოცრად ბრწყინავს მთვარის შუქზე. ისეთი ლურჯი და ლივლივაა, დროებით დაგავიწყდება, რომ საშინლად ჭუჭყიანი ტბაა და მასში ბანაობა თითქმის შეუძლებელია.
აგარაკზე, რა თქმა უნდა, ნაზიც წამოვიყვანეთ. მართალია, დღისით აქაც ცხელა, მაგრამ სამაგიეროდ, ღამითაა სიგრილე. ის კი არა, გრძელმკლავიანიც კი მაცვია, ისე აცივდება ხანდახან.
სამი დღის ასულები ვიყავით აგარაკზე, სანდრო ძია რომ შემოგვიერთდა. მამას გაუხარდა მისი სტუმრობა. აი, ახლა საღამოა, ბაღში ვსხედვართ ყველანი და ნაზის დაკრეფილ ხილს მივირთმევთ.
- ნაზი, ყავა მალე იქნება? - გასძახა მამამ.
- ორ წუთში, - გამოსძახა იმანაც.
- ჰოდა, ჩემო კარგებო, იდეა მაქვს. ყავა დავლიოთ და მერე გავისეირნოთ. არ გინდათ ლისის ტბაზე რონინი? - სათითაოდ შემოგვხედა მამამ ყველას.
სანდრიკამ ტაში შემოჰკრა.
- ნავით გამასეირნებ, მა?
- აბა, რას ვიზამ, შვილო, აუცილებლად, - ქოჩორი მოუჩეჩა მამამ და დედას თვალი ჩაუკრა.
- იქნებ ამ ადამიანს სულაც არ უნდა გასეირნება, შეეკითხე მაინც! - თქვა დედამ სანდროს მისამართით.
- არა, რას ამბობთ, გავისეირნოთ, სულაც არ ვარ წინააღმდეგი, - სანდრო ძიამ ხელები გაშალა დედას დაშოშმინების ნიშნად.
- აი, კაცი! მთლად ჩემი ჭკუისაა! გენაცვალოს ჩემი თავი! ვისაც ჩვენთან ერთად არ უნდა, დაჯდეს სახლში! ლუდი წავიღოთ და დავაჭაშნიკოთ!
გაბრაზებულმა დედამ ყავით სავსე ფინჯანი ისე გამწარებით დაახეთქა მაგიდაზე, რომ ლამბაქი გატყდა და ყავაც დაიღვარა.
- რა გჭირს, გოგო, ფრთხილად ვერ მოკიდებ ხელს? - უსაყვედურა მამამ.
თავი უხერხულად ვიგრძენი. მე კი ვიცოდი, რაც სჭირდა, მაგრამ ის მაოცებდა, მამა რომ ვერ ხვდებოდა ამას. აშკარა იყო, დედას თავის საყვარელთან შინ უნდოდა დარჩენა, განმარტოებით.
- მე არ წამოვალ, - პროტესტის ნიშნად წამოვდექი და წასვლა დავაპირე.
- რატომ ვითომ? - წარბები შეჭმუხნა მამამ.
- ვერ ვიბანავებ და ისე რა მინდა ლისის ტბაზე, კესოსთან ერთად სოფელში გავისეირნებ, უფრო გავერთობით.
დარჩენა არავის დაუძალებია ჩვენთვის. როგორც ჩანს, მამას კესოსი მოერიდა. ჩვენც ავდექით და დაღმართს დავუყევით.
გზის გასაყართან, უზარმაზარი მუხის ჩრდილში, ბიჭებს მოეყარათ თავი. ჩემთვის ყველა უცნობი აღმოჩნდა.
- გაგა, გამარჯობა, როგორ ხარ? - კესო ერთ ბიჭს მიეჭრა, რომელიც ასაკით აშკარად უფროსი იყო ჩვენზე და სპორტსმენივით დაკუნთული სხეული ჰქონდა.
- ვა! კესარია! შენ აქ საიდან? - ბიჭმა გადაკოცნა კესო და თვალი ჩემკენ გამოაპარა.
- მეგობართან ვარ სტუმრად. ჰო, მართლა, გაიცანით ერთმანეთი. ეს ნეკაა, ეს გაგა.
- ძალიან კარგი, - ხელი ჩამომართვა გაგამ და ოდნავ მომიჭირა თითები, ოღონდ ვერ მივხვდი, ეს მისთვის ჩვეული ჟესტი იყო თუ ამით რამე მიმანიშნა.
- საით გაგიწევიათ? - კვლავ კესოს მიუბრუნდა უცნობი ნაცნობი.
- არსად, ისე გამოვისეირნეთ, მოგვწყინდა სახლში.
- მაშინ ჩვენთან წამოდით, გოგისთან ვიკრიბებით.
- რა ვიცი, წავიდეთ, რა, ჩვენი რა მიდის, - ისე სწრაფად დათანხმდა კესო, ვერაფრის თქმა ვერ მოვასწარი.
სხვა რა გზა მქონდა, მეც გავყევი. არადა, სულ არ მინდოდა ახლა უცხო ადამიანების თავყრილობაზე მოხვედრა.
რა უცნაური გოგოა. ჩემს სოფელში კესოს გამოუჩნდა ნაცნობები, მე კი კანტი-კუნტად თუ ვიცნობ აქ ვინმეს. თუმცა უფრო ჩამოსული გოგო-ბიჭებითაა აქაურობა ზაფხულში სავსე, ადგილობრივები ცოტანი არიან.
ეზოში პატარა სახლი იდგა. მაგნიტოფონი ბოლო ხმაზე ღრიალებდა. ჩემდა სამწუხაროდ, იქ მყოფთაგან არავის ვიცნობდი. დავჯექი ჩემთვის მარტო და სხვებს დავუწყე თვალიერება. ცოტანი არ იყვნენ, რომ დავთვალე, თერთმეტი გამოვდექით, მათ შორის სამი გოგოც იყო. ახლა მამამ რომ დამინახოს, რას მეტყვის? არ ვიცი. მამას ჩემთვის შენიშვნა არასდროს მოუცია, ბიჭებთან ერთად რატომ დადიხარო, თუმცა, როდის დავუნახივარ მსგავს სიტუაციაში? იგი იშვიათად იცლის ჩემთვის ან საერთოდ ვერ იცლის.
უეცრად ვიგრძენი, რომ ჩემ უკან ვიღაც იდგა. მოვიხედე და უზარმაზარ ლურჯ თვალებს წავაწყდი. ისეთი ლამაზი ბიჭი იდგა ოდნავ მოშორებით, თვალი ზედ დამრჩა. ვარსკვლავებივით ციმციმა მზერა ჰქონდა. რატომღაც, მამას მივამსგავსე, თუმცა საერთოდ არ ჰგავდა მას.
- შეიძლება გავიცნოთ ერთმანეთი? მე თორნიკე მქვია, შენ? აქ ცხოვრობ?
- არა, აქ აგარაკი გვაქვს. ნეკა მქვია.
- ლამაზი სახელია, თანაც იშვიათი. არ გინდა ცოტა გავიაროთ? ვერ ვიტან ხმაურიან მუსიკას. ისეთი მშვიდი საღამოა, რომ სულ არ უხდება ასეთი ხმაური.
- მეც ეგრე ვფიქრობ, - ძალაუნებურად დავეთანხმე ახალგაცნობილს და გავუღიმე.
თორნიკე დაახლოებით 18 წლის იქნებოდა. მაღალი, გრძელფეხება ბიჭი იყო. მუქი ფერის თმა ძალიან დაბალზე ჰქონდა შეკრეჭილი და თვალები ამიტომ უფრო დიდრონი მოუჩანდა. განსაკუთრებით მისმა თითებმა მომხიბლა, პიანისტივით თლილი და გრძელი ჰქონდა.
მან მაჯაში ჩამავლო ხელი და ეზოდან გამიყვანა. იქვე პატარა ფერდობი იყო, ხეებით შემოჯარული. ერთი ხის ძირში დავსხედით და უხმოდ მივაჩერდით ერთმანეთს. თორნიკემ ხელზე ხელი მომიჭირა. ჟრუანტელმა დამიარა. მესიამოვნა. ჩემი ახალი ნაცნობი ძალიან ნაღვლიანი ჩანდა. როგორც ჩანს, ჩემსავით მარტოსულად გრძნობს თავს - გავიფიქრე. თითქოს ნაჩხუბრები ვყოფილიყავით, არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს, მხოლოდ თითებით ვეხებოდით. უცნაური შეგრძნება იყო. პირველად მოხდა ჩემს ცხოვრებაში, როცა თითებით მესაუბრებოდა ვიღაც. არც მეგონა, თითებს ამდენის თქმა თუ შეეძლოთ.
კარგა ხანს ვისხედით ასე. მერე მე დავარღვიე სიჩუმე და წავიდეთ-მეთქი, ვთქვი. თორნიკემ თავი დამიქნია. ახლა უკვე აღარ ეჭირა ჩემი ხელი ხელში.
უკან გამოვბრუნდით. ეზოში შევედით თუ არა, კესო დამეტაკა.
- სად იყავი ამდენ ხანს? წამო, წავიდეთ აქედან! - გაბრაზებულმა მომახალა.
როგორც ჩანს, არ აღმოჩნდა მისთვის მოსაწონი კომპანია. საინტერესოა, რატომ ვერ მოახდინა ეფექტი?
მხრები ავიჩეჩე, წავიდეთ-მეთქი. თორნიკე მომიახლოვდა, გაგაცილებთო. უარი არ მითქვამს. მან კვლავ ჩამკიდა ხელი და ასე ხელიხელჩაკიდებულები გავუდექით გზას. კესოს ჩვენი «ალიანსი» არ გამოჰპარვია, მაგრამ არაფერი უთქვამს, პირმოკუმული წინ მიდიოდა და ხმას არ იღებდა.
თორნიკემ სახლამდე მიგვაცილა. დამშვიდობების წინ შემპირდა, ხვალ გამოგივლი და გავისეირნოთო. მერე გამიღიმა და ორივეს თბილად დაგვემშვიდობა.
კესოს არც ახლა უთქვამს არაფერი. დაბოღმილი ჩანდა. მე კი ისე ვიყავი გახარებული, გული საგულეში არ მიჩერდებოდა.
თითებზე თორნიკეს თითების სითბოს ჯერ კიდევ ვგრძნობდი…
გაგრძელება იქნება