დილით ისე ვისაუზმეთ, ერთმანეთს არ დავლაპარაკებივართ. უცხოებივით ვისხედით. არც კი შემიხედავს მისთვის. დედა წუხდა, რა ცუდია, კესო რომ გვტოვებს, იქნებ კიდევ დარჩენილიყო რამდენიმე დღეო, მაგრამ უკან არ დავიხიე. კიდევ ერთხელ კატეგორიულად განვაცხადე, რომ მას აუცილებელი საქმე ჰქონდა თბილისში და დაუყოვნებლივ უნდა წასულიყო. კესო მოკუნტული იჯდა და კრინტს ვერ ძრავდა. მგონი, ლუკმის გადაყლაპვაც კი უჭირდა. გულში ვზეიმობდი. ეს გამარჯვებას ნიშნავდა, მე გავიმარჯვე მასზე. გაჭრა ჩემმა პატარა შურისძიებამ და ცოტა შვებაც ვიგრძენი. ახლა ჯერი თორნიკეზე მიდგა. მისთვისაც მინდოდა სამაგიერო გადამეხადა. მიუხედავად იმისა, რომ მასთან ურთიერთობამ ბევრი რამ მასწავლა, განსაკუთრებით ის, რომ თურმე სწორედ შეცდომებს მოსდევს გამოცდილება, არ მასვენებდა შინაგანი ხმა, რომ მისთვისაც გამეწნა ისეთივე «სილა», როგორიც კესოს მოხვდა… ან ცოტა უფრო მტკივნეული… ან, პირიქით, ნაკლებად მტკივნეული. ყველაზე დიდი დამნაშავე მაინც თორნიკე იყო ამ ამბავში. მისმა საქციელმა ჩემში თითქოს მიძინებული გარეული მხეცი გააღვიძა, რომელიც დაჭრეს და ტკივილისგან გამწარებული გალიას აქეთ-იქით აწყდება. ახლა ზუსტად ვიცოდი, როგორ მოვიქცეოდი ხვალ, ზეგ ან სულაც, ერთი წლის შემდეგ. თორნიკეს დაუდევრობით გადადგმულ ნაბიჯზე მომავალში სხვა აგებდა პასუხს. სულ სხვა, მაგრამ მისნაირი ბევრი ბიჭი დაიტანჯებოდა. ჰო, მტკიცედ გადავწყვიტე, ჭკუა მესწავლებინა კაცებისთვის და მე კი არ დავტანჯულიყავი მათთან ურთიერთობისას, არამედ ისინი დამეტანჯა. თითქოს გამომაფხიზლა ამ შემთხვევამ, გამომაფხიზლა ჩემმა ხუხულასავით ერთ წამში დანგრეულმა სიყვარულმა, რომელიც ოცნების კოშკის იდეით ავაგე… მორჩა! დღეიდან იოლად ვერავინ შემაბამს, ვერ მომატყუებს და ვერ დამარწმუნებს თავის სიყვარულში. მე ახლა სხვა ადამიანი ვარ, სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში!
ახლა კი ჯავრი მახრჩობდა. მინდოდა, როგორღაც დამეცალა ბოღმა, რომელიც სულს მიღრღნიდა, მინდოდა, მიმეხრჩო ვინმე ან მეცემა, ან, სულაც, მომეკლა, ამწუთას ყველაფრისთვის მზად ვიყავი.
მთელი დღე ვიწრიალე. ადგილს ვერ ვპოულობდი. ვერანაირი საბაბი ვერავის ვერ გამოვუნახე. ამასობაში დაღამდა. ვიცოდი, ვერაფრით დავიძინებდი, ვიდრე ბოლს არ გამოვუშვებდი. ამიტომაც პირდაპირ ნაზის ოთახში შევაჭერი. ის ჟურნალს კითხულობდა.
- ნაზი, რატომ არ გარეცხე ჩემი სარაფანი? - ლამის ვუყვირე და აგრესიის უფრო გამოსახატავად თითები მოვმუჭე.
- როგორ არ გავრეცხე, გაშრა კიდეც და დასაუთოებლად გავამზადე. დაკეცილი დევს.
- ეგ რა გარეცხილია, საპნის ლაქები ეტყობა! წესიერად ვერ შეხედე? თუ რამით უკმაყოფილო ხარ? იქნებ ხელფასი არ გყოფნის? ის არ არის საკმარისი, სამადლოდ რომ გარჩენს დედაჩემი?
ნაზიმ გაოცებული მზერა მომაპყრო, მაგრამ ნაკვთი არ ატოკებია სახეზე. მშვიდად შემომხედა, მერე ჟურნალი დაკეცა, გვერდზე გადადო, დინჯად წამოდგა, ნელა მომიახლოვდა და ისეთი მტკიცა ლოყაზე, სიმწრისგან ცრემლები წამომცვივდა. ენა ჩამივარდა. რამდენიმე წამის განმავლობაში ვერაფერი მოვიფიქრე. ნაზი მშვიდად გაემართა სავარძლისკენ, დაჯდა, ჟურნალი გადაფურცლა და კითხვა განაგრძო.
- რატომ გამარტყი, შე დეგენერატო! - ესღა მომაფიქრდა პასუხად, რადგან მისმა რეაქციამ უარესად გამაწბილა.
- იმიტომ, რომ უსამართლოდ მომექეცი. მე შენი ბავშვი არ ვარ. ბოლოს და ბოლოს, ამდენი წელია, შენს სახლში ვცხოვრობ და ცოტა მეტ პატივისცემას ვიმსახურებ, - აუღელვებლად მომიგო.
- ან იმსახურებ და ან არა! ღირსი ხარ! ეგრე გინდა! - გამწარებული ვყვიროდი.
- მორჩი ღრიალს. თუ რამე გაქვს სათქმელი, აგერ დამიჯექი და მომიყევი. ვხედავ, რომ რაღაც შეგემთხვა, მითხარი და იქნებ შევძლო დახმარება.
- არაფერიც არ შემემთხვა და ასეც რომ იყოს, მაინც არ მოგიყვები.
- აი, დარდი. მაშინ მე თავი დამანებე, გასაგებია? - ოდნავ აუწია ქალმა ხმას.
- მეზიზღებით ყველანი! - კბილებში გამოვცერი და აცრემლებული კარს მივადექი.
- ნეკა, მოდი აქ, დაწყნარდი და ვილაპარაკოთ, კარგი? არ გვინდა ეს ძალად მტრობა, არ გამოგდის, ხომ ამჩნევ? - ნაზის მშვიდმა კილომ ადგილზე გამაქვავა.
რამდენიმე წუთის შემდეგ მის მკლავებში მოქცეული მთელი ხმით ვზლუქუნებდი და უდანაშაულო ადამიანს პატიებას ვთხოვდი.
- რაში მჭირდება შენი ბოდიშები, რას სულელობ! ხომ ვიცი, რომ ვიღაცამ ძალიან მწარედ გაგაბრაზა. იმასაც ვხვდები, ვინც. ამიტომ შეწყვიტე ტირილი და აქეთ გამოიხედე. მე უკვე დამავიწყდა, რაც მითხარი. ვითომ სიზმარი იყო და მორჩა. გაიგე? - ნაზიმ თავი ამიწია და ლოყაზე მაკოცა.
გვიანობამდე დავყავით ერთად. ორივენი მის საწოლზე ვიყავით წამოწოლილი და ვსაუბრობდით. ჩემი და თორნიკეს ამბავი მოვუყევი, მაგრამ ის, რაც ლისის ტბაზე, ნაძვის ძირში ვნახე, დავუმალე. ვერ გავბედე მისთვის ეს მეთქვა. ისედაც ძალიან დამცირებულად ვგრძნობდი თავს. თანაც, მისი პატარა ოთახი ვერ დაიტევდა იმ ცოდვას, რომელიც კესომ და თორნიკემ ჩაიდინეს. ნაზი ჭკუას მარიგებდა. მეუბნებოდა, ქალი გრძნობებს უცებ არ უნდა აჰყვეს, ცხელ გულზე გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს, თორემ ინანებსო. მისი რჩევები ჩემთვის გაკვეთილი იყო, გაკვეთილი, რომელიც აუცილებლად უნდა დამეზეპირებინა, რათა არასდროს დამვიწყებოდა…
ეს ის ღამე იყო, როცა ჩემთვის ზაფხული დამთავრდა…
მე თბილისის ერთ-ერთ საუკეთესო სკოლაში ვსწავლობდი. კლასში სულ 18 მოსწავლე ვიყავით, ამათგან მხოლოდ 9 გოგონა, დანარჩენი - ბიჭები. მათთან კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ რომელიმეს შეყვარებაზე არასდროს მიფიქრია. რატომღაც, ვერც ერთს მამაკაცად ვერ აღვიქვამდი.
სწავლა რომ დაიწყო, ცოტათი დაბნეული აღმოვჩნდი. არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. უკარებას როლი მეთამაშა, თუ პირიქით, გავლაღებულიყავი, თითქოს ჩემს ცხოვრებაში არც არაფერი მომხდარა. განსაკუთრებით კესოსთან ურთიერთობა მაღელვებდა. უკვე აღარ მინდოდა მის გვერდით ერთ მერხზე ჯდომა. ამას თავადაც მიხვდა და უკან გადაჯდა. ჩემ გვერდით კი პუტკუნა მერიკომ მოიკალათა. ის მხიარული გოგონა იყო, ძალიან საყვარელი და თბილი. კარგად სწავლობდა, ყველა საგანში ერთნაირად ძლიერი იყო, გონება უჭრიდა და ცოტა არ იყოს, სხვებივით მეც მშურდა მისი. კესოს ზედაც არ ვუყურებდი, მის გვერდით ერთხელაც არ გამივლია. მერიკოს დავუახლოვდი და ახლა მხოლოდ მასთან ერთად დავდიოდი ყველგან. კესოს კი თითქოს ვერც ვამჩნევდი. კლასელებს არ გამოჰპარვიათ, რომ ჩვენ შორის შავმა კატამ გაირბინა, მაგრამ ზედმეტი შეკითხვები არავის დაუსვამს. კესო ისედაც არც ერთს თვალში არ მოსდიოდა თავისი ამპარტავნების გამო.
მეგობრული კლასი იყო ჩვენი კლასი. ამაში მასწავლებლებიც გვიწყობდნენ ხელს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სხვადასხვა ასაკისანი იყვნენ - ზოგი ახალგაზრდა, ზოგიც ხანში შესული, მაგრამ თითოეულმა მათგანმა კარგად იცოდა თავისი საქმე.
განსაკუთრებით სერგო მასწავლებელი გვიყვარდა. ის ქართულ ლიტერატურას გვასწავლიდა. დაახლოებით 30 წლის იქნებოდა, ცოლშვილიანი. ყოველთვის პეწიანად იცვამდა. ზამთარში შავი ჯემპრი, ჯინსის შარვალი და პიჯაკი ეცვა, გაზაფხულსა და შემოდგომაზე კი აუცილებლად - შავი მაისური. სულ მიკვირდა, რამ შეაყვარა ახალგაზრდა კაცს ასე შავი ფერი-მეთქი. თან ერთი უცნაური თვისება ჰქონდა: მზის სათვალეს არასდროს იხსნიდა, ზამთარშიც კი ეკეთა გაკვეთილზე. ინტერესი მკლავდა, ერთხელ მაინც ჩამეხედა მის თვალებში, მენახა, როგორი ფერის თვალები ჰქონდა, მაგრამ ეს «ბედნიერება» არა და არ მეღირსა. რას არ ამბობდნენ მასზე, ალბათ, ელამიაო ან ცალ თვალში მხედველობა დაკარგული აქვსო, მაგრამ მე არც ერთი მჯეროდა და არც მეორე. ვგრძნობდი, რომ მისთვის ეს მხოლოდ ჩვევა იყო და სხვა არაფერი.
სერგო მასწავლებელი შეყვარებული იყო ლიტერატურაზე, მსოფლიო მწერლები, მგონი, ყველა წაკითხული ჰქონდა. გარდა ამისა, უყვარდა თეატრი და მხატვრობა. ძალიან ბევრს გვესაუბრებოდა ამ თემებზე და საინტერესო ისტორიებს გვიყვებოდა. ხშირად სახლშიც მივდიოდით მასთან და იქ ვაგრძელებდით დისკუსიებს. მისი ცოლი ალადებით და ჩაით გვიმასპინძლდებოდა ხოლმე.
მისი დამსახურება იყო, რომ კლასში ქართული ლიტერატურა ყველას გვიყვარდა. ცოტა გრამატიკა «გვიჩმახებდა», არ მოგვწონდა ეს საგანი სირთულის გამო, მაგრამ სერგოს ხათრით მაინც ვსწავლობდით. ბევრი რამ შეგვძინა სერგო მასწავლებელმა.
ერთი სული მქონდა, როდის ჩამთავრდებოდა სკოლის პერიოდი, რომ თავისუფალი, დამოუკიდებელი ადამიანი გავმხდარიყავი. ჩემს წარსულზე ნაკლებად ვფიქრობდი, მაგრამ როგორც კი თორნიკე გამახსენდებოდა, გული საშინლად მიფორიაქდებოდა. მაინც ვერ შევძელი მისი დავიწყება. ალბათ სადღაც, ბნელ კუნჭულში, მაინც მიყვარდა.
ერთ დღესაც, ისე მოხდა, რომ შინ მიმავალი პირდაპირ შევეფეთე, ვიღაც ბიჭებთან ერთად სიცილით მოუყვებოდა ქუჩას. მის დანახვაზე მუხლები მომეკეცა, ფეხი ამერია და სახეზეც ისე გავწითლდი, ადუღებულ წყალში ჩაგდებულ გოჭს დავემსგავსე. მინდოდა, თავი ამერიდებინა მისთვის, მეორე მხარეს გადავწყვიტე გადასვლა, მაგრამ დამაგვიანდა. მან შემამჩნია და დამიძახა.
- ნეკა!
შევჩერდი. შევეცადე, რაც შეიძლებოდა, მშვიდი გამომეტყველება მიმეღო.
- როგორ ხარ? სად დამეკარგე? რამდენს გეძებდი იმ დღეებში და არ გამოჩნდი, ვერ დაგელაპარაკე.
- რაზე უნდა დამლაპარაკებოდი? - თვალი თვალში ჯიქურ გავუყარე.
- იმაზე, რაც მოხდა. არ მესმის, რატომ მიიღე ის ამბავი სერიოზულად. შენც ხომ იცი, რომ კესოზე არასდროს მიფიქრია? მასთან, უბრალოდ, გავერთე და ეგ იყო, მეტი არაფერი.
- არ მაინტერესებს, - გულგრილად წარმოვთქვი და გვერდის ავლა დავუპირე, მაგრამ მაჯაში მტაცა ხელი.
- მოიცა, სად გარბიხარ! შემომხედე! აი, ასე… ახლა კი მითხარი, არ მოგენატრე? ჩემზე არ ფიქრობდი? ის დღეები არ გახსენდება, ერთად რომ ვატარებდით? მე სულ მახსენდები და გეძებდი კიდეც.
- არა, არ მომნატრებიხარ და არც არაფერს ვიხსენებ, ყველაფერი იმ დღესვე დამთავრდა! - ვცდილობდი, გულგრილი ვყოფილიყავი.
- იტყუები. ვიცი, რომ გენატრებოდი. ახლაც გენატრები. შენს თვალებში ვკითხულობ ამას. არ გინდა, შევხვდეთ და დავილაპარაკოთ? - უეცრად საჩვენებელი თითი ნიკაპქვეშ ამომდო, თვალებში ჩამხედა და ჩურჩულით დაამატა, - ძალიან მინდა შენთან.
ცახცახმა ამიტანა. რა უცებ გამიხსნა ნახევრად მოშუშებული იარა. ყველაზე მტკივან ადგილზე დამაჭირა ფეხი.
- ხვალ, ამ დროს, ზუსტად ამ ადგილზე დაგელოდები, კარგი? და მოდი… აუცილებლად. ჩვენ ბევრი გვაქვს სალაპარაკო, - ყურთან მომიტანა ტუჩები და როცა სათქმელს მორჩა, ისეთი გზნებით მაკოცა, ლამის ჩავიკეცე…
გაგრძელება იქნება