კარგა მანძილი ისე გავიარეთ, ერთმანეთისთვის ხმა არ გაგვიცია. მე ჯერ კიდევ ემოციების ტყვეობაში ვიყავი, ვერ გამოვდიოდი მდგომარეობიდან. ის კი «განაჩენს» ელოდა. აინტერესებდა, რა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.
- შოკში ვარ, - ხმადაბლა ვთქვი და ბევრის მთქმელი მზერით გავხედე.
- რატომ?
- საოცრება მოვისმინე და იმიტომ. მომაჯადოვა შენმა მუსიკამ.
- მუსიკა არ იყო ჩემი, - თითქოს საყვედური მითხრა.
- მაგრამ შესრულება ხომ იყო? მუსიკა კიდევ შესრულების გარეშე აღარ არის მუსიკა, - წავიბრძენე.
- მართლა მოგეწონა?
- ძმას გეფიცები! ასე მეგონა, იმ მომენტში სადღაც ზღაპარში მოვხვდი.
- პრინციც ხომ არ გაგეჩითა სადმე? - იხუმრა.
- კი, როგორ არა, გიტარიანი პრინცი, - ავყევი მეც და მხარზე შევეხე. მესიამოვნა მისი სხეულიდან წამოსული სითბო. ლუკამაც შეამჩნია, შეგნებულად რომ შევეხე.
- ხომ არ შეგცივდა?
- არა, უბრალოდ, მომინდა, უფრო მეტად შემეგრძნო შენი სიახლოვე, - არ დავმალე ჩემი განზრახვა.
პასუხი არ გაუცია. თავი ჩაღუნა და ტაატით გააგრძელა სიარული.
- იცი, ახლა რა მინდა? - გავჩერდი და მის შემობრუნებას დაველოდე.
- რა? - ლუკამ გიტარა მხრიდან ჩამოიხსნა და იღლიაში ამოიჩარა.
- რა და… - უეცრად პატარა გოგოსავით გავიღიმე, თვალები დავიწვრილე და შემპარავი ხმით ვკითხე, - ჩანგალი ხომ არ დაგავიწყდა?
მიხვდა… ფართოდ გაეღიმა. მერე მომიახლოვდა, გიტარა მიწას დააბჯინა, ხელები ზურგზე მომხვია და ძალიან ჩუმი ხმით მითხრა:
- დღეს მე მხოლოდ შენთვის ვუკრავდი. ოღონდ არ მკითხო, რატომ… იმიტომ, რომ პასუხი არ ვიცი. ეს ერთადერთი კითხვაა, რომელზედაც ამწუთას პასუხი არ მაქვს, - ჩაამთავრა ფრაზა და ტუჩებში ნაზად მაკოცა…
***
მე და ლუკა ძალიან დავახლოვდით. თითქმის ყოველდღე ვხვდებოდით ერთმანეთს. ისე მომწონდა მის გვერდით ყოფნა… საოცრად მამშვიდებდა მისი წყნარი ბუნება. ცოტას ლაპარაკობდა, უფრო მე მისმენდა ან უკრავდა ჩემთვის. გიტარის გარეშე არასდროს გამოდიოდა სახლიდან. ურთიერთობაც სხვანაირი გვქონდა. მას ერთხელაც არ უცდია ჩემთან დაწოლა. არც საუბარი ჩამოუგდია ამ თემაზე. არ დაინტერესებულა, ადრე ვიყავი თუ არა ვინმე ბიჭთან სექსით დაკავებული. თან მიხაროდა ეს ამბავი, თან გულს მიღრღნიდა. ვგრძნობდი, შინაგანად რაღაც მაწუხებდა. ალბათ ის, რომ მან ჩემ შესახებ არაფერი იცოდა. არც იმაში ვიყავი დარწმუნებული, რამდენად სწორად მოვიქცეოდი, თუკი მოვუყვებოდი ყველაფერს. მეშინოდა, არ შევზიზღებოდი. ხომ შეიძლებოდა, ჩემი ადრინდელი ცხოვრების წესი მიუღებელი ყოფილიყო მისთვის. არადა, ურთიერთობა უფრო და უფრო ღრმავდებოდა. უერთმანეთოდ ვერ ვძლებდით.
ერთხელაც, საღამოს, კლუბში მისი გამოსვლა რომ დამთავრდა, ვთხოვე, გავისეირნოთ-მეთქი. უსიტყვოდ დამიქნია თავი, გიტარა მხარზე გადაიკიდა, ხელი ჩამავლო და ტაატით გავუყევით ჩაბნელებულ ქუჩას. დროდადრო შეჩერდებოდა, მოწყურებულად მაკოცებდა ტუჩებში და მერე კმაყოფილი ღიმილით კვლავ აგრძელებდა გზას.
დამტანჯა დუმილმა. ჩავახველე. ეს იმას ნიშნავდა, რომ სალაპარაკოდ მოვემზადე.
- რაღაც არ გასვენებს, არა? - გაეცინა.
- ჰო, - თავდახრილმა მივუგე.
- მერე? - შეჩერდა და გიტარას მხარი მოუნაცვლა.
- მერედა, მინდა, მომისმინო.
- გისმენ, - უგიტარო მხარი აიჩეჩა.
თითქოს ხმა გაუცივდა. ნეტავ, რას ფიქრობს ამწუთას? იქნებ ჰგონია, რომ მასთან განშორება მინდა და იმიტომაც «გაგრილდა» ასე უცებ?
- იცი? მე შენთან ძალიან კარგად ვარ. ასე არასდროს არავისთან ვყოფილვარ, - შორიდან დავიწყე.
- პრელუდია გამოტოვე, პირდაპირ უვერტიურაზე გადადი, - ირონიულად ჩამერთო.
- კარგი, - კიდევ უფრო უხერხულად ვიგრძენი თავი და კიდევ ერთხელ ჩავახველე.
- რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მინდა გითხრა, მაგრამ მეშინია, ამან ჩვენი ურთიერთობა არ გააფუჭოს, - მაინც გავწელე სათქმელი.
- სხვა მოგწონს? - სხვისი ხმით დამეკითხა.
- არა, არავინ მომწონს, შენ გარდა. შენ კი არა მხოლოდ მომწონხარ, მიყვარხარ კიდეც… თანაც ძალიან, - ვთქვი და შვების სუნთქვის პირველი ნაკადი ამოვუშვი, თუმცა ამან ვერ შემამსუბუქა, მეტი იყო საჭირო.
- მაშინ რა ხდება? - კვლავ შეჩერდა, გიტარა მიწაზე დააყრდნო და ზედ ხელებით დაებჯინა.
რა საძაგელია! მიყვარხარ-მეთქი, ვუთხარი და თითქოს არაფერი! მე ხომ ჯერ მისთვის ასეთი რამ არ მითქვამს! თვითონ რატომ არ მითხრა, მეც მიყვარხარო? თუ ეშინია, რომ საშინელებას ვეტყვი და არ იჩქარა?
- რა ხდება და… მე შენამდე ერთ ბიჭთან სექსი მქონდა, - «მეორე ბიჭის» ამბავი საგულდაგულოდ «გადავმალე», რადგან, ჩემი აზრით, ის არ «ითვლებოდა».
ვერ მივხვდი, იმოქმედა თუ არა ჩემმა სიტყვებმა მასზე, თუმცა გამომცდელი მზერა კი მესროლა.
- და მე რა უნდა გავაკეთო? - თითქოს უდარდელად აიჩეჩა მხრები, მაგრამ მივხვდი, ცოტათი დაიძაბა.
- არაფერი… - ალმურმა გადამიარა, - უბრალოდ, მინდოდა გცოდნოდა.
- არ უნდა მცოდნოდა! - ბრძანებასავით გაისმა მისი ხმა, - ეს ჩემი საქმე არ არის! ჩემი საქმე მხოლოდ ისაა, ახლა რა ხდება.
დავიბენი. ასეთ სიცივეს არ ველოდი, არც ასეთ მბრძანებლურ ტონს. ისე მელაპარაკებოდა, როგორც ქმარი ცოლს.
- ახლა რა ხდება? ახლა მხოლოდ შენ ხდები, სხვა არავინ! - ქარაგმულად მივუგე და ჯიქურ გავუსწორე თვალი.
- მორჩა! თემა დახურულია. სხვა დროს ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ!
გავქვავდი. ნუთუ არ უნდა მეთქვა? მგონი, რაღაც ეწყინა… მაგრამ რა? ის, რომ სხვასთან სექსი მქონდა თუ ის, რომ ეს გაიგო? იქნებ გაბრაზდა, ამდენ ხანს «ჩალაგამოვლებული» რას დავყიალობდი ამასთანო?
ცივმა ოფლმა დამასხა. რღაც მომენტში მომეჩვენა, რომ ვიჩქარე, როცა სიყვარული ავუხსენი. მეგონა, რომ აღარ მიყვარდა. იმ წუთას მართლა არ მიყვარდა და ერთი სული მქონდა, დავმშვიდობებოდი და შინ გავქცეულიყავი. ახლა რომ მითხრას, მეც მინდა შენთან სექსიო, რა ვქნა? უარი რომ ვუთხრა, ერთ ამბავს ამიტეხს. არადა, რომ არ მინდა? საშინლად განვიხიბლე. ვიცოდი, რომ ეს განხიბლვა დროებითი იყო, მაგრამ მაინც ავნერვიულდი.
- ლუკა, სიმართლე მითხარი, შენთვის ამის გაგება რამეს ნიშნავდა? - მაინც მოვუსინჯე ნიადაგი, ცნობისმოყვარეობა მკლავდა.
- ეგრე რომ ყოფილიყო, აქამდე გკითხავდი. არ უნდა გეთქვა! მეც მქონია სექსი გოგოსთან, მაგრამ შენთან ამაზე ლაპარაკი არც მიცდია, - ოდნავ შერბილებული ხმით განმიმარტა, გიტარა ხელში დაიჭირა და გზა გააგრძელა.
მოულოდნელად გული შემიტოკდა… მწვავედ, ძალიან მწვავედ… ეს ეჭვიანობას უფრო ჰგავდა. ვერა, შვება ვერა და ვერ ვიგრძენი. უფრო და უფრო მეჭიმებოდა სხეული. თუ ჩემზე ასე იმოქმედა მისმა ნათქვამმა, მეც მქონია სხვასთან სექსიო, რა გარანტია მაქვს, რომ მასაც არ ეწყინა? ალბათ არ შეიმჩნია და ამიტომაც მითხრა, არ უნდა გეთქვაო.
- სახლში წავალ, - ყრუდ ამოვთქვი და შევტრიალდი.
- როგორც გინდა, - თვითონაც შემობრუნდა და ნაბიჯები ამიწყო.
- აი, ამ ნაბიჯების რიტმზე ამაღამ სიმღერას დავწერ, - ღიმილით თქვა, - და შენს აღსარებას მივუძღვნი.
შევხედე. ცუდი ვერაფერი შევამჩნიე. ძველებური ლუკა მიღიმოდა, მშვიდი და გაწონასწორებული. ვერაფრით ვერ მივხვდი, რა შთაბეჭდილება მოახდინა მასზე ჩემმა ეგრეთ წოდებულმა აღსარებამ.
სახლამდე გზა, როგორც სხვა დროს, უხმოდ გავიარეთ. მე დავემშვიდობე, მან მხოლოდ თავი დამიქნია. არ გამკვირვებია. მას ხომ არ უყვარდა დაშვიდობება… არც მოსალმება…
შინ შესულს კი კიბის თავზე შუბლშეკრული მამა დამხვდა.
- სად იყავი აქამდე! - ხმა საშიშად გამკაცრებოდა.
- მეგობართან, - აუღელვებლად მივუგე.
- შენსას არ იშლი, არა?
- რომელ «ჩემსას», მამა? რას გულისხმობ? იქნებ დამიკონკრეტო. შენ ხომ ასე გიყვარს დაკონკრეტება!
- იცი შენ, რასაც ვგულისხმობ! - უფრო აუწია ხმას.
- ვერ გავიგე, მაკონტროლებ? რა უცებ გახდი მკაცრი და მომთხოვნი? ადრე ასეთი რამ არ გჩვეოდა? - ვიგრძენი, რომ ჩემს თავზე კონტროლი დავკარგე და ახლა ძალიან ცუდ რამეებს ვეტყოდი მშობელს, - რამ შეგაფხიზლა? ჩემს ოთახში ნანახმა ნიფხავმა? თუ მე რომ სექსი ვიცი, რა ხილია, იმან?
მოულოდნელად ხელი აიქნია და სილა გამაწნა. როგორ ამეწვა ლოყა! და როგორ შემძულდა სულ რამდენიმე წამში. ხელები მოვმუშტე, თვალები დავაკვესე და მთელი ხმით ვიყვირე:
- რა ძალიან მაგარი ხარ, აუ! ყოჩაღ, მამი! ჩაგეთვალა! ჩემ გაკონტროლებას გერჩივნა, თავის დროზე შენი ცოლი გაგეკონტროლებინა და იქიდან დაგეწყო ეჭვიანობის თამაში! - მივახალე აკანკალებულმა და საფეხურები კისრისტეხით ჩავირბინე.
გავრბოდი, მაგრამ არ ვიცი, საით. ვის უნდა მივდგომოდი ასეთ დროს. მერიკოს, სხვას ვის. ვისთან მიმესვლებოდა? ან ვინ მყავდა ისეთი, ვინც გამიგებდა? არავინ…
მერიკოს არც გაჰკვირვებია ჩემი უდროო დროს გამოჩენა. არც არაფერი უკითხავს. ალბათ ძალიან ვგავდი სახლიდან გამოქცეულს.
როცა ვახშამზე უარი ვუთხარი, ლოგინი გამიშალა და დამაწვინა. მერე თავთან დამიჯდა და დიდხანს რაღაცას თბილად მეჩურჩულებოდა… სიყვარულით, მეგობრულად… თან თმაზე ხელს მისვამდა…
მალევე ჩამეძინა.
<div>***</div>
რას ვიფიქრებდი, მამასთან მომხდარი ეს ინციდენტი თუ თავზარდამცემად დამთავრდებოდა! ეს რომ მცოდნოდა, სხვანაირად მოვიქცეოდი. წამითაც არ მიფიქრია, რომ მამას რაუნდი მოვუგე. სხვათა შორის, არც თვითონ მოუგია. ჩვენ ორივემ წავაგეთ, ორივენი დამარცხებული დავრჩით.
მე მეორე დღესვე დავბრუნდი შინ. არავინ დაინტერესებულა იმით, რატომ გავათიე ერთ ღამე კლასელთან. მომდევნო რამდენიმე დღე აუტანელი გახდა. დედაც და მამაც ზედმეტად ჩუმად იყვნენ. ერთმანეთთან კამათი და ჩხუბი არ მოსვლიათ, მაგრამ ვხედავდი, როგორი ნამტირალევი დადიოდა დედაჩემი. მიზეზს, რა თქმა უნდა, ვხვდებოდი. ალბათ მამას ერთობ უსიამოვნო საუბარი ჰქონდა დედასთან იმის გამო, მე რომ ჩავუშვი. მაგრამ მერე რა? განა მამამ არ იცოდა, დედა რომ ღალატობდა? შეუძლებელია! იცოდა, ძალიან კარგადაც იცოდა, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ მე ვერ ვხვდებოდი ამას. ალბათ ამან გააღიზიანა.
სახლში უფრო და უფრო მატულობდა დაძაბულობა. სანდრიკაც კი ფეხის წვერებზე დადიოდა და ყველას თვალებში მისჩერებოდა კითხვით სავსე მზერით, იქნებ რომელიმესგან მაინც გაეგო, რა ხდებოდა ასეთი გაუსაძლისი.
ამასობაში კესო შემირიგდა. ბოლო გაკვეთილი რომ დაგვიმთავრდა, უბოდიშოდ მომეჭრა და გამომელაპარაკა.
- წუხელ კლუბში დაგინახე.
- იქ იყავი? - გავიოცე. არ შემინიშნავს კლუბში, სადაც ლუკას ხშირად დავყავდი.
- ჰო და ძალიან მომეწონა იმ ბიჭის შესრულება. მაგრად უკრავს. შენი შეყვარებულია?
- ჰო. რა იყო? - ამრეზით გავხედე.
- არაფერი, - მზერა ამარიდა, ალბათ თორნიკე თუ გაახსენდა, - მეც მინდა ერთ ადგილზე დაგპატიჟო. თუ წამოხვალ, არ წააგებ. იქ ჩვენი კლასელები არ იქნებიან, შენ მათ არ იცნობ, მაგრამ კარგები არიან. არაჩვეულებრივ დროს გავატარებთ. არასდროს დაგავიწყდება.
- მადლობა, კესო, მაგრამ ამის სურვილი არ მაქვს. დამღალა ხმაურიანმა საღამოებმა. თან ვიცი, შენი სამეგობრო წრე როგორი ხალხისგანაც შედგება. ასეთები უკვე ამომივიდა ყელში.
- უარს რატომ მეუბნები, არ გინდა, შევრიგდეთ?
- შევრიგდეთ? განა როდის გავიბუტეთ? მე შენთან არ მიჩხუბია. ძალიან მარტივად ჩატარდა ეგ «ოპერაცია» - შენ შენი გზით წახვედი, მე ჩემსას დავადექი. სულ ეს იყო.
- ჩემთვის ყველაფერი გასაგებია, - დანანებით მომიგო და ზურგი შემაქცია.
- მიხარია, თუ ასეა, - ნიშნის მოგებით გავიცინე და ჩანთას წამოვავლე ხელი.
***
სახლში მისულს უცნაური სურათი დამხვდა. დედა და მამა გაშლილ სუფრას უსხდნენ, მაგრამ არ სადილობდნენ. მხოლოდ ვანიკო აქნევდა ყბებს, გემრიელად იღმურძლებოდა. ნაზი არსად ჩანდა. ამან, ცოტა არ იყოს, გამაკვირვა. ის ყოველთვის ჩვენთან ერთად სადილობდა. მივხვდი, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მშიოდა, პირი ვერაფერს დავაკარე. ხან დედას მივაპყრობდი ცნობისმოყვარე მზერას, ხან მამას.
ცოტა ხნის შემდეგ მამამ ნაზის გასძახა, მაგიდა აალაგეო. ნაზი აცრემლებული შემოვიდა ოთახში და პირმოკუმულმა დაიწყო კერძების და თეფშების გატანა…
ასეთი ჩუმი სადილი პირველად იყო ჩემს სახლში. გული მიგრძნობდა, რომ რაღაც ძალიან არასასიამოვნო ხდებოდა და ველოდებოდი, როდის გავიგებდი ამას. როდესაც ნაზიმ მაგიდა აალაგა და კარი საბოლოოდ გაიხურა, მამამ სერიოზული სახით გამოგვიცხადა.
- ბავშვებო, სასტუმრო ოთახში გადით, სალაპარაკო გვაქვს თქვენთან!
გაოგნებული სანდრიკა მე მომაჩერდა, მე - მამას.
- რა სალაპარაკო? - ცოტა არ იყოს, დამფრთხალმა ვიკითხე. შემეშინდა, მეგონა, ისევ ჩემზე უნდა დაწყებულიყო იერიში.
- გადით, ჩვენც გამოვალთ და იქ გაიგებთ! - მოკლედ მომიჭრა მამამ და თითები ცარიელ მაგიდაზე აათამაშა.
მე და სანდრიკა უხმოდ გავედით. ჩემმა ძმამ წელზე ხელი მომხვია, თითქოს ამწუთას მხოლოდ მე ვიყავი მისი საიმედო დასაყრდენი.
- რა უნდა გვითხრან, არ იცი? - ჩურჩულით მკითხა და შიშნარევი მზერით შემომხედა.
- მე რა ვიცი. მოვლენ და გვეტყვიან. შენ რა, გეშინია? - შეგნებულად უდარდელად მივუგე, რომ მისი შიში გამექარწყლებინა.
- მე-ე? ა-რააა! - აკანკალებული ხმით მიპასუხა, მაგრამ აშკარად ჩანდა, კიდევ რამე რომ მეთქვა, აღრიალდებოდა.
პირველი დედა შემოვიდა. სავარძელში ჩაჯდა და სიგარეტს მოუკიდა. ტუჩები ჩათეთქვოდა, სახეზე ადამიანის ფერი არ ედო. თან ეს სიგარეტი… იგი არასდროს ეწეოდა ჩვენი თანდასწრებით, განსაკუთრებით, სანდრიკას ერიდებოდა. ახლა კი… თვალში მომხვდა ისიც, რომ თითები უცახცახებდა.
დედას მამა შემოჰყვა. მან ხმამაღლა ჩაახველა, ხელები ზურგზე შემოიწყო და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა. ერთხანს აუტანელი სიჩუმე ჩამოვარდა. გული გამიწვრილდა. ერთი სული მქონდა, როდის დაიწყებდა მამა ლაპარაკს.
მოულოდნელად იგი შუა ოთახში შეჩერდა, ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და შემოგვხედა.
- ნეკა, შენ პატარა გოგო აღარ ხარ… - ჩუმი ხმით მომმართა, - არც შენი ძმაა იმ ასაკში, ასეთი რამეები ვერ გაიგოს… მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო და… მე და დედათქვენი ერთმანეთს ვშორდებით. ჩვენ საბოლოოდ დავასკვენით, რომ ერთად ცხოვრება აღარ შეგვიძლია. ვიცი, ძალიან ცუდია, როცა ორ ადამიანს ერთ ჭერქვეშ ერთად ცხოვრება უჭირს, მაგრამ რას ვიზამთ, ცხოვრებამ მოიტანა ასე. თქვენ ეს უნდა გაიგოთ. ერთ მშვენიერ დღეს რაღაც მთავრდება, რაღაც მთავარი და ხვდები, რომ წლების განმაავლობაში აშენებული და სიმწრით მონაპოვარი თავზე გენგრევა. ვერაფერს ვიზამთ, ასეთ დროს თვითგვემა და თავში ხელების ცემა გამოსავალი არ არის. ამ დროს აჯობებს, ყველამ თავისი გზა ნახოს და ისე გააგრძელოს ცხოვრება, როგორც თვითონ მიაჩნია სწორად. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი ურთიერთობა მტრობაში გადაიზრდება. არა, ასე არ იქნება. ჩვენ მეგობრებად დავრჩებით და ხშირად ვინახულებთ ერთმანეთს. აი, ეს მინდოდა მეთქვა, - დაამთავრა მამამ და მხრები რაღაცნაირად შეათამაშა.
კვლავ ვიგრძენი ის სიჩუმე, რომელმაც წეღან ასე შემაწუხა.
- ეგ როგორ? - სანდრიკას ნიკაპი უკანკალებდა, - და მერე როგორ იქნება?
- ყველაფერი კარგად იქნება, შვილო, - დედას მშვიდი ხმა ჰქონდა, - ჩვენ შენ გვერდით ვიქნებით. ნუ გეშინია.
- აქამდე რატომ არ თქვით, თუ ამას აპირებდით? - ასლუკუნდა ჩემი ძმა, - იქნებ მე და ნეკას რამე მოგვეფიქრებინა?
- სანდრო, ბიჭო! რა გჭირს! - შეუძახა მამამ, - რა ქალივით ტირი, არ გრცხვენია? ქვეყანა კი არ იქცევა, მოვაგვარებთ ყველაფერს.
- და მე… მე ვისთან უნდა ვიცხოვრო?
ეს ისეთი შეწუხებული ხმით იკითხა, თითქოს მისი თავიდან მოშორება ჰქონდათ მშობლებს გადაწყვეტილი.
- შენ მე წაგიყვან, მამიკო, ნეკა კი დედამისთან დარჩება, - «ანუგეშა» მამამ.
- სად წამიყვან?
- ჯერ არ ვიცი, ვნახოთ. ჯერ გაყრას დრო სჭირდება, სანამ ეს საქმე მოგვარდება, რამეს მოვიფიქრებ. ბოლოს და ბოლოს, ვიქირავებ დროებით ან ვიგირავებ ბინას და… ნუ შიშობ, კარგად მოვეწყობით.
- მე რომ დედასთან მინდა? - ტუჩები მოებრიცა სანდრიკას.
- მერე რა? როცა მოგინდება, ნახავ, ცხრა მთას იქით კი არ მივდივართ. რა გჭირს, ბიჭო? - გაღიმება სცადა გაფითრებულმა მამამ, - კაცი არ ხარ?
- არ მინდა ასე… - ჩაიბურდღუნა სანდრომ და გაბუტული ტახტის კუთხეში მიიკუნტა.
- ნეკა, შენ რას იტყვი? რაღაც არაფერს ამბობ… - მამამ ჩემკენ გამოიხედა.
- მე რა უნდა ვთქვა? - ამრეზით გავხედე, - თქვენ უკვე გადაგიწყვეტიათ ყველაფერი და ჩემს აზრს რა მნიშვნელობა აქვს?
- მე შენ არაფერს დაგაკლებ, დედიკო! - ეს ხმა არა დედაჩემს, არამედ სულ სხვა ადამიანს ეკუთვნოდა. ჩანდა, რომ ძალიან განიცდიდა ამ მდგომარეობას.
- უღრმესი მადლობა, - არ დავინდე მშობლები და დამცინავად ჩავიღიმე.
- ისე, შენთვის შეიძლება ასე უკეთესიც იყოს, ნეკა, - ირონიული გაუხდა მამას ტონი, - კარგა ხანია, დამოუკიდებელ ცხოვრებას ეწევი და დედ-მამა დიდად არაფერში გჭირდება, ასე არ არის?
ამ სიტყვებმა საშინლად იმოქმედა ჩემზე. დავიბოღმე, მაგრამ პასუხი არ გამიცია.
- ხომ გახსოვს, ამას წინათ რომ ვილაპარაკეთ? - გააგრძელა მამამ, - მაშინ ბევრ რამეს მივხვდი. ჩვენ საერთო არაფერი გვაქვს. შენ ჩვენი არ გესმის, ჩვენ კი შენი. ასე რომ, შენთვის ალბათ ყველაზე ადვილი გადასატანი იქნება ეს სიტუაცია.
- მართლა? - გამგმირავი მზერა ვესროლე მამას, - ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ოჯახის დანგრევა ჩემი ბრალია? მე მადანაშაულებ ამაში?
- მე ეგ არ მითქვამს.
- კი, თქვი! - ხმას ავუწიე, - მაგრამ არ გირჩევთ, ასე იფიქროთ. პრობლემა ორივემ საკუთარ თავში ეძებეთ. ოდესმე აზრად გაგივლიათ ან ერთს, ან მეორეს, რომ თქვენი ოჯახი ოჯახს არასდროს ჰგავდა? გიფიქრიათ ამაზე? იქნებ რომელიმეს გგონიათ, რომ ამ წლების განმავლობაში ბრმა და ყრუ ვიყავი და ვერაფერს ვხედავდი ან არაფერი მესმოდა? თუ, რადგან არაფერს ვამბობდი, ჩემს სიშტერეს მიაწერეთ? თქვენზე უკეთ ვიცი, რომ არც მე ვარ ღვთის საჩუქარი, მაგრამ თქვენი შვილი როგორ შეიძლებოდა, უკეთესი ყოფილიყო! რაც დათესეთ, ის მოიმკეთ. ეს არის და ეს! - განრისხებული ვაბრიალებდი თვალებს და ხან დედას შევხედავდი, ხან მამას.
- ნუ ლაპარაკობ ასე, დაფიქრდი ცოტა! - შენიშვნა მომცა დედამ.
- დაფიქრების საშუალება თქვენ ჩემთვის არ მოგიციათ. დაუფიქრებლად მომახალეთ ახალი ამბავი პირში. ჰოდა, როგორც დაიმსახურეთ, ისე გიპასუხეთ!
- ნუ ყვირი, თუ ქალი ხარ! - ხმას აუმაღლა მამამ, - შენთან ჩხუბი სულაც არ მინდა.
- ამას ახლა აღარ აქვს მნიშვნელობა, მამა, - ზიზღით გავხედე მამაჩემს, - ჩხუბით თუ ჩხუბის გარეშე, დიდი განსხვავება არ არის. არც ერთი მდგომარეობა შეინარჩუნებს ამით თქვენს ოჯახს და არც მეორე. და, საერთოდ! - მთელი ხმით ვიყვირე, - მეზიზღებით ორივე! - წარმოვთქვი ეს სიტყვები და ვიგრძენი, რომ საშინლად დავიღალე, თითქოს ყველა ჩვენგანის ცოდვების სიმძიმე ერთბაშად მხოლოდ მე დამაწვა მხრებზე.
მეტის ატანა აღარ შემეძლო. ავდექი და კარისკენ გავემართე აცახცახებული.
- იქნებ თავიდან დაქორწინდეთ? - კართან მისულს სანდრიკას გულუბრყვილო შეკითხვა დამეწია, რასაც ჩემი მშობლების დუმილი მოჰყვა პასუხად.
გაგრძელება იქნება