გზა უტქიაგვიკისკენ - თავი 1 - Marao

გზა უტქიაგვიკისკენ - თავი 1

2022-06-20 10:46:49+04:00


აშშ-ის საელჩოსთან ვდგავარ და ჩემს რიგს ველოდები. ძალიან ცხელა და უკვე უკან დაბრუნებას ვაპირებ. ვიღაცის დაჟინებულ მზერას ვგრძნობ ჩემს გარუჯულ ფეხებზე. ლამის მუხლები ამეწვას ამ მზერისგან. გაღიზიანებული თვალს ვავლებ გარშემო და ცისფერ ფორმაში გამოწყობილი დაცვის ბიჭის თვალებს ვაწყდები. გავუღიმე, მან კი თვალები მორცხვად დახარა და გაბრუნდა. არა, დამნაშავე ნამდვილად მე ვიყავი, რადგან სიცხის გამო ისეთი გამჭვირვალე კაბა მეცვა, მუხლები კი არა, სხვა რამეც ზედ მეხატა. რა ექნა იმ ბავშვს, თუ მისი ყურადღება მივიქციე. მომდევნო ნახევარი საათი მისი საცოდაობის ყურებაში გავატარე, კარგადაც გავერთე. თან პროვოკაციულად ვუფრიალებდი ჩემი კაბის კალთებს ცხვირწინ.

ჩემი რიგი მოვიდა და მინის მიღმიდან გოგონამ გამიღიმა ყალბი ღიმილით. აი, ისეთით, ევროპაში მაღაზიაში რომ გიღიმიან, ვითომდა ძალიან უხარიათ შენი ნახვა, არადა, ფეხზე ვეღარ დგანან დაღლილობით. თბილისში ნეტავ სად იპოვეს ასეთი ყალბღიმილიანი გოგონა. ალბათ, სწორედ ამიტომაც აარჩიეს მრავალრიცხოვან კანდიდატებს შორის.

ჩემი საბუთები მივაწოდე და რამდენიმე წუთი დაველოდე. გოგონამ გადაათვალიერა ისინი და ისევ დაღლილი თვალებით, მაგრამ გაღიმებული სახით შემომცინა.

- ქალბატონო სოფია, ყველაფერი წესრიგში გაქვთ, ვიზის მიღების შემთხვევაში 10 სამუშაო დღეში დაგიკავშირდებიან.

- მადლობა - მოკლედ ვუპასუხე. მისგან განსხვავებით, მე გულწრფელად გავუღიმე და სწრაფი ნაბიჯით გავშორდი შენობას.

თუ გავითვალისწინებთ ჩემს პასპორტში სხვადასხვა ქვეყნის ბეჭდების რაოდენობას, უარი არ უნდა მითხრან. ერთადერთი, რის გამოც შეიძლება კითხვები გაუჩნდეთ, ქალაქი უტქიაგვიკია. მე არც ისეთი მდიდარი ვარ, რომ მთელ ამერიკაში ვიმოგზაურო და ეს ყველასგან მიტოვებული ქალაქი ერთ-ერთ გაჩერებად ჩავწერო. პირდაპირ, გლწრფელად შევავსე ანკეტაში საბოლოო პუნქტი, „ალიასკა, უტქიაგვიკი“. პოლარული ღამეები მაინტერესებს და იმიტომაც მივდივარ-მეთქი. დიახ, სწორედ ალიასკაზე მივემგზავრები, ბოფორტის ზღვის სანაპიროზე, სადაც ორი თვის მანძილზე მზე ენატრებათ, ტემპერატურა -120-ია და მთელ დედამიწაზე ყველაზე მეტი ხალხი აქ იკლავს თავს პოლარული ღამეების დროს. წარსულში ეს ქალაქი ბარროუდ იწოდებოდა, მოსახლეობა შვიდი ათას კაცამდე იყო. ისინი ძირითადად ნადირობით და თევზაობით ირჩენდნენ თავს. ახლა კი ახალგაზრდებმა დატოვეს ეს მივიწყებული სამყარო და სამი ათას ხუთასი კაცი ძლივს ცხოვრობს.

ტელეფონის ზარი გაუთავებლად რეკავს და თავის აწევა არ მინდა. ჩემი საძინებლის ფანჯრებზე დამცავი ბადეები ბოლომდე ჩამოწეულია. ოთახში გრილა, მე შიშველი ვწევარ ჩემს ატლასის თეთრეულში და ტელეფონის ზარის გამომშვებს მინუს უსასრულობაში ვუშვებ. მიყვარს კარგი თეთრეული, თავის მოვლაც და ამიტომ ყველაფერზე მივდივარ, რომ ეს სიამოვნება არ მომაკლდეს. ზარმა კი უკვე ტვინი წაიღო. ზლაზვნით წამოვიწიე და ძირს დავარდნილ ტელეფონს დავწვდი.

- გამარჯობა, ქალბატონ სოფიას ვესაუბრები? - ჩემი ზმუილის შემდეგ მესმის ახალგაზრდა გოგონას წკრიალა ხმა.

- დიახ - ვპასუხობ ისევ არაამქვეყნიური ხმით.

- ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოდან გირეკავთ, შეგიძლიათ თქვენი პასპორტის წასაღებად მობრძანდეთ.

- ვიზა მომცეს? - ვფხიზლდები მომენტალურად.

- დიახ, ქალბატონო, - მესმის ისევ წკრიალა ხმა. - მობრძანდით დილის 10-დან საღამოს 6 საათამდე. - გოგონა მისამართს მირაკრაკებს, მაგრამ აღარ ვუსმენ. ტელეფონს ვთიშავ და გიჟივით დავრბივარ ოთახებს შორის.

ბილეთი ძვირია, ძალიან ძვირი, რადგან ჯერ ნიუ-იორკში უნდა ჩავფრინდე კიევის გავლით. მერე ჯუნოში ალიასკაზე და იქიდან უტქიაგვიკში. ნიუ-იორკში ალბათ რამდენიმე დღე გავჩერდები. ამ ქალაქში არასდროს ვყოფილვარ და მანჰეტენზე გავლის გარეშე ვერ გავბედავ დავასრულო ჩემი სიცოცხლე. ჩემი წინაპრები სულ ამ ქუჩაზე დააბიჯებდნენ და მე გამონაკლისი ხომ არ ვიქნები. :D

თითზე ჩემი დიდი ბებიის ნაქონ ოქროს ბეჭედს ვატრიალებ. ეს თილისმაა, რომელსაც არასდროს ვიშორებ და ბევრჯერ დამხმარებია კიდეც. ძვირად ღირებულია თავისი ალმასის ქვით, მაგრამ ჩემთვის შეუფასებელია. ქალბატონი ოლია ჩემი ნამდვილი ბებია არც ყოფილა, ბებიაჩემის მამიდა იყო და ეს საგანძური ბებიაჩემს აჩუქა ქორწილზე, მან დედაჩემს და ასე მოაღწია ჩემამდე. საინტერესო ქალი იყო ოლია. გაქანებული გასაბჭოების პერიოდი იდგა საქართველოში. ხალხს შიმშილით სული ძვრებოდა. 16 წლის ოლიას და მის ხუთ ძმას ერთი მამა- მარჩენალი თხა ჰყავდათ და იმით ებრძოდნენ შიმშილს და ტუბერკულოზს. ვინ იცის, რა გადაუტრიალდა თავში, ან დიდხანს იფიქრა და მოიფიქრა, მაგრამ ფაქტია, რომ ერთ დღეს წავიდა და თავისივე სოფელში მცხოვრებ, იმ დროისთვის ძალიან მდიდარ სამოცდაათს გადაცილებულ კაცს თავისი თავი ცოლად შესთავაზა. არავინ იცის, რა უთხრა, როგორ უთხრა, თუმცა სახლში აღარ დაბრუნებულა და დიდი იოსების ცოლი გახდა. სხვათა შორის, ძალიან კარგი ცოლობაც გაუწია. შიმშილს თვითონაც გადაურჩა და ძმები და ძმისშვილებიც გადაარჩინა. სოფელში ლეგენდები დადის, მოჯამაგირეები დიდი იოსების ხალიჩებს რომ ჩამოიტანდნენ წყაროზე გასარეცხად, მთელი სოფელი მოდიოდა მათი სანახავადო. ხალიჩების არ ვიცი და მათი სიმდიდრის დამადასტურებელი ბეჭედი მეც მიკეთია ხელზე. პატარა „წკაპ“ გვერდიდან და ალმასის თვალი ზევით აიწევა, პატარა სათავსოში კი რაც გინდა ჩადე, თუ ჩაეტევა, რა თქმა უნდა. გაკულაკება რომ დაიწყო, დიდი იოსები ცოცხალი აღარ იყო. ქალბატონმა ოლიამ ვინ იცის, რა გააკეთა, ვისთან მივიდა, ვინ შეაშინა და მთელი ქონება შეინარჩუნა. სხვათა შორის, ორი შვილიც გააჩინა მეორე ქმართან და კარგადაც იცხოვრა. ამ ქალზე რაც მსმენია, აღფრთოვანებული დავრჩენილვარ. აბა, ის ჯობდა, ეყურებინა ერთი თხისთვის და შიმშილით მომკვდარიყო? რისი საშუალებაც ჰქონდა, იქიდან უშველა თავს.

ჩემოდანს ვალაგებ. ვფიქრობ, უფრო მეტი თბილი ტანსაცმელი ხომ არ ვიყიდო. ჩემი წასვლის ამბავი არავინ იცის, არც გამოსამშვიდობებელ ცერემონიალს ვაპირებ. ამიტომ თვალები შუბლზე ამდის და კეფაზე გადამდის, როდესაც ჩემი რძალი მირეკავს და მთელ ხმაზე კივის:

- საყვარელოოო, - მერე საყვედურის ხმით მეჩურჩულება, - სოფია, ამერიკაში მიდიხარ და არ გვიმხელ?

- არა, მაიკო, არ გრცხვენია? ისე შევიტანე საბუთები და ჩამირტყეს ვიზა. ჰოდა, ახლა ვფიქრობ, წავიდე თუ არა, -

არადა, ამ დროს ჩემოდანს დავყურებ, რა წავიღო, იმის ფიქრით. - ისე, შენ საიდან გაიგე?

- გოგო, ჩემი დაქალი ნინაკას დაქალი მარი როა, ხო იცი, ის და მისი ქმარი იყვნენ საელჩოში, პასპორტი რომ გამოიტანე. ჰოდა იმან დამირეკა. მეწყინა, რომ არ ვიცოდი.

ზუსტად ამის გამო ვერ ვიტან ჩემს რძალს. დაქალის დაქალის დაქალებთან ლაპარაკის მეტი რომ არ იცის არაფერი და ყველა საკითხში რომ არიან ისინი ზეკომპეტენტურები. ერთხელ მთელი საღამო მიყვებოდა, ნატო- ევროკავშირის პრეზიდენტმა განცხადება როგორ გააკეთა საქართველოზე. ჩემი მშობლები ზრდილობიანად უსმენდნენ, მე კი ვერ მოვითმინე და ვუთხარი, ნატო სხვაა და ევროკავშირი სხვა-მეთქი. გაიბუტა. მერე დედაჩემმა საყვედური ისევ მე მითხრა, რატომ აწყენინეო. ქალმა იმდენი უნდა იცოდე, რომ თუ ვერ ერკვევი რამეში, საერთოდ გაჩუმდე. მაგრამ ალბათ დაქალის დაქალის დაქალებმა უთხრეს და რადგან მათ უთხრეს, ისეთი ამბავია, წყალი არ გაუვა. ჰოდა, ამიტომაც ვერ ვიტან ჩემს რძალს.

- უნდა წახვიდე უეჭველი. მერე მეც გამომიგზავნი მოწვევას და ერთად დავიაროთ მაღაზიები. შენ უკვე იქ ნაცხოვრები იქნები და ყველაფერი გეცოდინება, - მაიკო აღარ ჩუმდება, ამერიკულ მოგზაურობას გეგმავს, მე კი გულში ვიცინი, რომ იცოდეს, სად მივდივარ, ამდენს აღარ ილაპარაკებ-მეთქი.

- პატარები როგორ არიან? - თემის შეცვლა ვცადე მაიკოსთან.

- რა დროს პატარებია, კარგად არიან. დედიკო და მამიდა რომ ჩამოუტანენ რაღაცებს, მერე უკეთესად იქნებიან.

- მართალი ხარ, მაი. ახლა უნდა გავთიშო, საქმე მაქვს და საღამოს გამოვალ, ბილეთის ამბავიც უნდა გავარკვიო. არადა, ბილეთი უკვე ხელში მიჭირავს, ფრენა ათ დღეში მაქვს.

საღამოს ჩემი მშობლების სახლში მივდივარ. მშობლები მიყვარს, ისე, როგორც შვილს უნდა უყვარდეს. ჩემი ძმა - მათზე უფრო, ძმისშვილებზე კი ვგიჟდები, მაგრამ ამ სახლში მისვლა საერთოდ არ მსიამოვნებს. მამაჩემი, ძალიან კონსერვატორი და ტრადიციული კაცია, როგორც თვითონ ამბობს. მე კი ვთვლი, რომ ის ერთი ჩვეულებრივი კაცია, რომლისთვისაც ძმაკაცები და მათი აზრები, მათთან თავის არშერცხვენა, მთავარია. სანამ პატარა ვიყავი, ამას ვერ ვგრძნობდი. ვერც მაშინ, როცა ოცდაერთი წლისა პერსპექტიულ ექიმს გავყევი. პირიქით, მამაჩემი ცაზე ფეხით დადიოდა. უნივერსიტეტი დავამთავრე. ქართულ ჟურნალისტიკაში გადატრიალების მოხდენას ვაპირებდი, როცა ჩემმა ძვირფასმა მეუღლემ ბრძანა, ქუჩა-ქუჩა მაწანწალა ცოლი მე არ მინდაო. მამაჩემთან აცრემლებული მივედი, მხარდაჭერის იმედით. მამამ ჩუმად მომისმინა, თვალებში შემომხედა და მითხრა: „სოფიო, შვილო, ის კაცი მართალია, თქვენ შვილები უნდა გეყოლოთ, იმათ მოვლა უნდა, ქმარს ცხელი სადილ-ვახშამი, ხომ იცი, როგორი პროფესია აქვს, გაფრთხილება სჭირდება. დედაშენიც მასე დაჯდა სახლში ოჯახის გამო, თუ არა, წითელ დიპლომზე აქვს დამთავრებული კონსერვატორია. ახლა სახე მოიწმინდე და ისე წადი სახლში. გაუღიმე, აკოცე და მეორედ ხმა არ ამოიღო ამ საკითხზე“. იმ წამს მამაჩემი შემზიზღდა. კაცი, რომელიც ღმერთი მეგონა, სატანა გახდა. დედას შევხედე, ის იღიმებოდა და ამ ღიმილში სევდა დავინახე. სწორედ ამ სევდის და მამაჩემის გამო იყო, რომ არასდროს დაგვინახავს მომღერალ-დამკვრელი წითელდიპლომირებული მუსიკოსი დედაჩემი. იმ დღეს გავჩუმდი, მაგრამ საბოლოოდ არა. ჩემი ჩანაწერებით რედაქციიდან რედაქციაში დავდიოდი, სანამ ფსევდონიმით არ დავიწყე აქა-იქ რამდენიმე სტატიის გამოქვეყნება. წერის დრო ბევრი მქონდა, საბედნიეროდ, ჩემი ექიმი ქმარი სახლში იშვიათად ბრძანდებოდა. ექიმ კაცს სად ეცალა ოჯახისთვის და ჩემთვის, მით უმეტეს. ლამაზი თოჯინა ხანდახან სტუმრად და ოფიციალურ საღამოებზე დავყავდი. ერთ დღესაც მივხვდი, რომ საკუთარ თავს ვკარგავდი და ჩემი სურვილები პირველ ადგილზე უნდა დამეყენებინა. პირველ რიგში გინეკოლოგს მივაკითხე, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები დავანიშნინე და გულმოდგინედ ვმალავდი მათ. მამაჩემს და ჩემს ძვირფას ქმარს სწორედ იმ დიდ სიამოვნებას არ მივანიჭებდი, რაზეც ყოველი ქეიფის დროს ყანწით სადღეგრძელოს სვამდნენ. აუარებელ ძვირფასეულობას ვყიდულობდი, ფულს ჩუმად ვაგროვებდი და ხელსაყრელ მომენტს ველოდი. ჩემმა პერსპექტიულმა ექიმმა გული დაიმშვიდა. სახლში ხალათიანს მტოვებდა და ასეთიც ვხვდებოდი. მოვიდოდა, ჭამდა, იბანავებდა, ჩემი მოფერებით თავს არ შეიწუხებდა, „გინდა?“ - მკითხავდა დამადლებული თვალებით. „არა“ - ვუპასუხებდი მე და დაიძინებდა.

ვიცოდი, ზუსტად ვიცოდი, რომ რაღაცას ველოდებოდი, ისეთს, რაც გამათავისუფლებდა ამ ყველაფრისგან. ასეც მოხდა. როგორც ყოველთვის, კეთილის მსურველი გამოჩნდა, რომელმაც წყნარად მითხრა, შენი ქმარი გღალატობსო. არა, კი არ ინერვიულო, მაგისთვის ოჯახს ხომ არ დაანგრევ, მაგრა, იქნება შენკენ მოაბრუნო ქმარიო. კეთილის მსურველმა გასარკვევიც არაფერი დამიტოვა. ანესთეზიოლოგია, ან ის რამ გადარია, ან შენი ქმარი, ანგელოზივით გოგო სახლში ჰყავხარო. ივიშვიშა, მაწყნარა. მე კი ცრემლების ტბა დავაყენე. ასე შემეფერებოდა ოჯახის ქალს. ის გავუშვი, მაგრამ... მაშინ ჩაირთო ჩემი ჟურნალისტური ყნოსვა. ჯერ იმ საავადმყოფოში მივედი, სადაც ძვირფასი შეყვარებულები მუშაობდნენ. მერე რამდენჯერმე უკანაც გავყევი და თურმე ნაქირავები ჰქონიათ თავიანთი ნავსაყუდელი. ქალბატონ ანესთეზიოლოგს სახლში ხომ არ მივუვარდებოდი, არც ფაქტზე დამიჭერია, რაღა დროს ეგენია ჩვენს საუკუნეში. უფრო ჭკვიანურად მოვიქეცი. მაშინ გამომადგა ჩემი რძლის დაქალის დაქალის დაქალები. მაიკოს რომ ვუთხარი, მგონი, ქმარი მღალატობს და კამერა უნდა ვიყიდო, რომ დავიჭირო ფაქტზე-მეთქი, ისეთ აზარტში შევიდა, მთელი აპარატურა თვითონ მომიტანა.

გაგრძელება იქნება

ავტორი: სალომე ტაბატაძე