ნოველები

გზა უტქიაგვიკისკენ - თავი 4

გზა უტქიაგვიკისკენ - თავი 4
წინა თავი

- აბა, ახალი მეხსიერების ბარათით მოხვედი? - მეკითხება დამცინავი სახით. ის რატომ მეცინიკოსება, ვერ ვხვდები, მაგრამ მასთან კამათის სურვილი არ მაქვს.

- ამერიკაში მივდივარ. გასაფრთხილებლად მოვედი. ჩვენი თანამშრომლობა ჩვეულებრივ გაგრძელდება - ვამბობ მშვიდი სახით და სავარძელში ვთავსდები.

- მაგას ტელეფონით ვერ მეტყოდი? - მიყურებს სათვალის ზემოდან.

- მინდოდა კიდევ ერთხელ მენახე დიდხნიანი განშორების წინ. - აკაკი თავს მიქნევს. ყველაფერი გასაგებია ორივე მხარისთვის.

მეორე რედაქტორთან მივდივარ. ჩემდა საბედნიეროდ, ის ქალია და თან პროფესიონალი. კონკურსით
ამიყვანა და ორივე მხარე კმაყოფილი ვართ ამ თანამშრომლობით. სრული მზადყოფნაა ახალი აღმოჩენებისთვის.

ნიუ-იორკში გამთენიისას ჩავფრინდი. კენედის სახელობის აეროპორტი საოცრებაა. მაღაზიებით, შოუ-რუმებით, სასტუმროებით და უამრავი რამით სავსე ეს საოცრება ნამდვილად ჩრდილოეთ ამერიკის დედოფალია. საბაჟო გამშვებ პუნქტზე უპრობლემოდ მატარებენ და მეც ჩემს ჩემოდანს ველოდები. ყველა ეროვნების, ყველა რელიგიის თუ სქესის ადამიანი ირევა აქ. ეს აეროპორტი ზუსტად ისეთივეა, როგორც ეს დიდებული ქალაქი.

ქაოსური და მოდური. ყველაფერი ერთმანეთში არეული და ამ დროს, დალაგებული.

პირველი აეროპორტული შოკი ფრანკფურტის აეროპორტში მივიღე და მეორე ნიუ-იორკში. გერმანიიდან ვბრუნდებოდი. აეროპორტამდე მატარებლით მივედი და მიმღებ დარბაზში საინფორმაციო დახლთან რიგში ჩავდექი. დაახლოებით ათწუთიანი ლოდინის შემდეგ ჩემი დროც მოვიდა. ჩემი ბილეთი ვაჩვენე და გოგონამ სამი ბილეთი ამომიბეჭდა. გულდასმით დამიწყო ახსნა, რომელი ესკალატორიდან რომელზე უნდა გადავმჯდარიყავი, რომელი ლიფტით მესარგებლა და ა.შ. ჩემს თავზე ლიანდაგებზე ელექტრომატარებლები დაქროდა და მე საათ-ნახევარი აეროპორტში ვმგზავრობდი, რომ როგორმე ჩემს თვითმფრინავამდე მიმეღწია.

ახლაც კენედის აეროპორტში იგივე დამემართა. ხალხის ნაკადს გავყევი და როგორც იქნა, კარებთან აღმოვჩნდი.

ქარიანი ამინდია. ნიუ-იორკი უხასიათოდ მხვდება. შემოდგომაა და ფილმი „შემოდგომა ნიუ-იორკში“ მახსენდება.

იქნებ მეც შემხვდეს რიჩარდ გირი.

ტაქსების რიგში ვდგავარ, მაგრამ ყველაფერი დასწრებაზეა, როგორც ცხოვრებაში. ჰალსტუხიან და პატარაჩემოდნიან მამაკაცს წინ ვუხტები და მის მიერ გაჩერებულ მანქანაში ჩემოდანს ვტენი. მამაკაცი მიბღვერს, მე ვუღიმი და კარს ვკეტავ. ასეთ ჰალსტუხიან, ბლანჟეიან, ჩემოდნიან მამაკაცს თბილისში „ვი-აი-პი“ გასასვლელიდან გაიყვანდნენ და ლიმუზინით დახვდებოდნენ, აქ კი, ნიუ-იორკის აეროპორტში, წინ გადავუხტი და ტაქსი წავართვი. მეცინება...

ჩემი სასტუმროს მისამართს ვეუბნები მძღოლს და ფანჯარას ვეწებები. თვალს მჭრის უზარმაზარი შენობები, მათზე აკრული უზარმაზარი მონიტორებით და ჭრელაჭრულა ხალხით.

ჩემი სასტუმრო ბრუკლინშია, პატარა ქუჩაზე, საშუალო დონის მომსახურებით და საუზმით. შესასვლელთან არავინ მეგებება. ეს მანჰეტენის სასტუმრო კი არ არის, მანქანის კარები გამიღონ და ჩემოდანი ჩამომართვან.
მიმღებში გოგონა მიღიმის. ჩემს პასპორტს ვაწვდი.

- მის ლიპარტელიანი, მიხარია, რომ გვესტუმრეთ, - ენას იმტვრევს ჩემი გვარის გამოთქმაზე გოგონა. - აი, თქვენი გასაღები. თქვენი ნომერი მეორე სართულზეა. დილის რვა საათზე საუზმე გელოდებათ. გმადლობთ, ჩვენ რომ აგვირჩიეთ.

გასაღებს ვართმევ და უსიტყვოდ ავდივარ ოთახში. ერთი სული მაქვს, როდის გამოვიძინებ. ოცდაოთხსაათიანი მგზავრობის და დროში სხვაობის შემდეგ ლოგინის გარდა ვერაფერზე ვფიქრობ.

დილით არ ვიცი, რა დროს მეღვიძება. ნისლიანი ამინდია და ეს სულაც არაა უცხო ამ სეზონისთვის. მე ნიუ-იორკში ვარ და ამინდი ხასიათს ვერ გამიფუჭებს. ჩემი ყოფილი ქმარი მახსენდება, ნეტავ რას შვრება?! ცოლად რომ მოვყავდი, ალბათ ვერ წარმოიდგენდა, რომ მე ოდესმე მთელ ევროპას, ნახევარ ამერიკას და ნახევარ აზიას მოვივლიდი. ერთი ლამაზი თოჯინა ცოლი სჭირდებოდა, მაგრამ რა მიიღო? ვერც ვერაფერი. ეტყობა ანესთეზიოლოგ საყვარელსაც გადმოუფრქვია თავისი აზრები კარგი ცოლის თაობაზე და არ მოეწონა იმ გოგოს. არ მოეწონებოდა, აბა რა.

გრძელფეხება, ანგელოზივით ექიმი გოგო მაგ ჭკუაზე იყო, დამჯდარიყო სახლში და დალოდებოდა. ამიტომაც ჩვენი განქორწინებიდან მალე მანაც მიატოვა.

სხვათა შორის, სასამართლოში ძალიან იბრძოლა ქონების გაყოფაზე. იმდენი ადვოკატი დამახვია თავზე, რომ არა ჩემ მიერ გადაღებული ვიდეოები, მშრალზე დავრჩებოდი. აბა, ამდენი იმისთვის ვიწვალე, რომ ხელები ჯიბეებში ჩამეწყო და ერთი ჩემოდნით წამოვსულიყავი? სად წავსულიყავი? მამაჩემთან? რომელიც ხან დედაჩემს მიგზავნიდა, ხან ჩემს რძალს, ქმართან შერიგებას მოითხოვდა ჩემგან. ჩემი ძმა არ მოსულა. არ ვიცი, თვითონ არ მოვიდა თუ არ გამოუგზავნიათ. ძალიან რთული იყო ერთ ბინაში გვეცხოვრა ორ ადამიანს, რომლებსაც სასამართლოში ჰქონდათ ომი.

საბოლოოდ ჩემმა ძვირფასმა ექსმეუღლემ ბინა მიყიდა. ისეთი, როგორიც მინდოდა. ჩანთებიც ჩამილაგა და ახალ ბინამდეც მიმაცილა. სულ წითელი იყო, დუღდა ბრაზით. ხმას ვერ იღებდა, რადგან სასამართლოს აღმასრულებელი ედგა თავზე. თავი სამშვიდობოს რომ დავიგულე, ამოვისუნთქე. უკვე ჩემი სახლის კარებთან მდგარმა გავუღიმე და მადლობა გადავუხადე დახმარებისთვის.

- არ მეგონა, ასეთი დედა... თუ იყავი - დაისისინა სადარბაზოში.

- ვიცი. ბოდიში, იმედები თუ ვერ გაგიმართლე, - ცხვირწინ კარები მივუხურე და მაშინვე საკეტის ხელოსანს დავურეკე. რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი გასაღების ასლს ჩუმად დაამზადებდა ჩემი ქმარი. არც შევმცდარვარ. ერთი კვირის შემდეგ სახლში დაბრუნებულს კარები ნაწვალები დამხვდა. დავურეკე...

- ჩემო ძვირფასო ექს, - ხმის ამოღება არ ვაცადე, - ჩემს სახლში რა გესაქმებოდა? - ვა-ბანკზე წავედი, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, მის გარდა არავის აინტერესებდა ჩემი სახლი. რომ შესულიყო, ნეტავ რა უნდოდა? ეს კითხვა დღემდე მაწუხებს.

- შენ გოგო შ... - აღრიალდა ტელეფონში.

- შენ ვერ შეამჩნიე, რომ თავზე პირდაპირ კამერა დაგჩერებოდა? - არადა, კამერა არ მაქვს. მანამდე არ გამახსენდა, თუ არა, არ იყო ცუდი აზრი.

წამიერი სიჩუმე...

- მაინტერესებდა, როგორ იყავი, - სხვა ვერაფერი მოიფიქრა.

- მომავალში რომ დაგაინტერესებს, დამირეკე. კლიტე გამოვცვალე და ნუ გამიფუჭებ. მეორედ პოლიციას დაგაყენებ თავზე.

- შენი დედა მ..... .

ამ კაცს აშკარად რეგრესი აქვს განცდილი. ჩემთან რომ იყო, ამდენს არ იგინებოდა. ან ცუდ წრეში გაერია, ან მამაჩემის გავლენაა, რომელთანაც დღემდე მშვენიერი ურთიერთობა აქვს. მშობელიც ასეთი უნდა, ჩემმა მამიკომ შვილი გაწირა და სიძე ჩაიხუტა. კაცური სოლიდარობა.

სასტუმროს საუზმით ვსარგებლობ. ნიუ-იორკში ყოფნისას დრო მაქსიმალურად უნდა გამოვიყენო. ბროდვეის თეატრის ბილეთის შოვნა წარმოუდგენლად მეჩვენება. ახლა გვერდს ჩავუვლი ამ დიდებულ თეატრებს და მხოლოდ აფიშებით დავკმაყოფილდები. მიმართლებს და მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში შესვლას ვახერხებ. ის მანჰეტენზე ცენტრალური პარკის დასავლეთ კუთხეში მდებარეობს. ბერძნულ ხელოვნების ნიმუშებს ვათვალიერებ, კვიპროსის განყოფილებაში გავდივარ. საათზე მეტი დუჩის ტილოს „მადონა ყრმით“ მივჩერებივარ. მდინარე ჰუძონზე ხიდზე ვდგები და მონეტას ვაგდებ. იმედია, კიდევ ბევრჯერ მოვხვდები ამ დიდებულ ქალაქში, მაგრამ ამ ქაოსში ალბათ ვერ ვიცხოვრებ.

ყველაზე ძალიან რაც მომწონს ამ ქალაქში, ცენტრალური პარკია. ბევრ ფილმსა თუ წიგნში შემხვედრია ეს ადგილი და ყოველთვის აღფრთოვანებული დავრჩენილვარ. გაკვირვებული და გაოცებული ვიყავი, როგორ მოახერხა ამ ხალხმა ზუსტად ცენტრში, ამხელა მწვანე ზონა შეენარჩუნებინა. თბილისივით, სადაც კი ორი კვადრატი ნახეს, ყველგან რკინის და ქვის კონსტრუქცია კი არ ჩადგეს. პარკის შესასვლელში ველოსიპედს ვქირაობ და ბილიკს ნელა მივუყვები. პატარა მწვანე ტბასთან ვჯდები და სივრცეს ვუყურებ. გვერდით ახალგაზრდა მამაკაცი ზის და სურათებს იღებს. მეც მინდა ფოტოს გადაღება ტბის ფონზე. ეს მშვენიერი გზაა გამოსალაპარაკებლად, თანაც უკვე ნაცადი, თუმცა მაშინ სხვამ სცადა ჩემზე და გაამართლა.

- შეიძლება გადამიღოთ? - ვეკითხები ღიმილით და ტელეფონზე ვანიშნებ.

- რა თქმა უნდა, - მპასუხობს და ჩემკენ რამდენიმე ნაბიჯს დგამს. ტელეფონს მართმევს და ფოტოს მიღებს.

- ტურისტი? - ინტერესდება მამაკაცი. პირველი კომუნიკაცია შედგა.

- დიახ, საქართველოდან.

- Georgia? - ალბათ, ჯორჯიის შტატიდან ვგონივარ. ეს უკვე მერამდენედ მემართება. იმედი მაქვს, რომ მივახვედრებ, საიდან ვარ.

- არა, საქართველოდან, კავკასიიდან.

ჩემდა გასაკვირად, ბიჭს ეღიმება.

- მე ნამყოფი ვარ საქართველოში. მაიკლ სოტენი, - მეცნობა ახალგაზრდა და ხელს მართმევს.

- სოფია ლიპარტელიანი, - ხელს ვაგებებ მეც, - საქართველოში იყავი?

- სომხეთშიც, აზერბაიჯანშიც, მაგრამ კახეთი ყველაზე ძალიან მომეწონა. „გაუმარჯოს“ - იძახის ქართულად მაიკლი და ყანწის დალევის იმიტაციას აკეთებს. ინსტინქტურად სიმწრით მეცინება. აი, სადამდე დავიდა ჩვენი ქართველობა და კულტურა. მსოფლიო გვიცნობს ყანწით, სმით და არა ღვინით, არა გელათით, იყალთოთი და ალავერდით. არასდროს მომწონდა ქართული გადაგვარებული ტრადიციები. დაუსრულებელი სუფრა, რომელზეც თამადა ბოლოს სადღეგრძელოს ვეღარ იგონებს და ამიტომ მეხუთედ სვამს დიასახლისების სადღეგრძელოს. იმ დიასახლისის, რომელიც დილიდან ფეხზე დგას, სახე ეწვის ქურასთან დგომოთ და საჭმლის კეთებით. ახლაც ძალდატანებული ღიმილით იხდის მადლობას. ერთი სული აქვს, როდის აალაგებს ამ სუფრას; როდის გახდის ტანსაცმელს ღვინისგან გაბერილ ქმარს და მიათრევს საწოლამდე. ვინ ჩამოიყვანა ეს ბიჭი ჩვენს ლამაზ ქვეყანაში, ყანწის გარდა რომ არაფერი ანახა. მოსაღამოვდა. მშია.

- მაიკლ, სად შეიძლება გემრიელი ვახშმობა? - ვეკითხები ბიჭს.

- ქართველები სულ ხორცს ჭამთ, - აი, კიდევ ერთ გაუბედურებულ აზრს აფრქვევს მაიკლი. - აქვე ახლოს გემრიელი ბურგერით წავიხემსოთ და მერე ერთ ადგილზე წაგიყვან. - მთავაზობს მასპინძელი. ასეთ ვახშამზე უცხოელს, ყაზახ ძალიან სიმპათიურ წვრილთვალება ბიჭს გერმანიაში ლამის დავთანხმდი. ფრანკფურტში წიგნების ბაზრობა იმართებოდა. ეს მსოფლიო დონის მოვლენა არ მინდოდა გამომეტოვებინა. ათასობით გამომცემელი, მწერალი, ჟურნალისტი და კიდევ უამრავი ადამიანი იყრის თავს წიგნების ამ დღესასწაულზე. მაშინ ჯერ კიდევ ქმრიანი ქალი ვიყავი და ჩემს ქმარს წარმოდგენა არ ჰქონდა ჩემს საქმიანობაზე. ის დრო იყო, ხალათით რომ მტოვებდა და ასეთივე ვხვდებოდი. ჩემს რედაქტორს, ბატონ აკაკის, ბილეთიც ვაყიდინე, სასტუმროც დავაჯავშნინე და აკრედიტაციაც გავამზადებინე. მთავარი პრობლემა ქმარი იყო. მაშინ უკვე ვიცოდი, რომ ჩემი ძვირფასი მეუღლე გრძელფეხება ანესთეზიოლოგს ხვდებოდა, მაგრამ ჯერ არც სასამართლო მქონდა დაწყებული და არც ჩანაწერი გაკეთებული. გამგზავრებამდე რამდენიმე დღე ჩემს მეორე ნახევარს თავწაკრული, თმაგაწეწილი და ხალათშემოხვეული ვხვდებოდი. ცუდად ვარ, თავი მტკივა ძალიან-მეთქი. არც სადილ-ვახშამზე მიზრუნია და არც მისი ტანსაცმლის დაუთოებაზე. ბოლოს, როგორც იქნა, შეამჩნია ცვლილება სახლში და ჩემი ამბითაც დაინტერესდა. დეპრესია მაქვს-მეთქი გამოვუცხადე. მზრუნველად მკითხა, რა გიშველისო. ზღვაზე ბავშვობიდან ვგიჟდებოდი, ამიტომ არ გაჰკვირვებია, ზღვაზე წასვლა რომ მოვინდომე. ისე, ყოველი შემთხვევისთვის შევთავაზე, წამომყოლოდა, მაგრამ უუუმძიმესი პაციენტი მყავსო. მე კი ვიცოდი, მის უმძიმეს პაციენტს გრძელფეხება ანესთეზიოლოგი ერქვა. ასე აღმოვჩნდი კვარიათში გამგზავრებული ქალი ფრანკფურტში. წიგნების ბაზრობა საოცრება იყო, რომლის მსგავსი არც მენახა და არც წარმომედგინა. დავდიოდი უზარმაზარ დარბაზებში, ვესაუბრებოდი ხალხს, ვხედავდი უამრავ წიგნს და ყველას სახლში წამოღება მინდოდა. ბევრი წამოვიღე კიდეც, მაგრამ იმის ალბათ მხოლოდ 0,0001%, რაც იქ იყო. გამოფენის მესამე საღამოს გაბრუებული და უკვე დაღლილი ქალაქში გავბორიალდი. უნდა მენახა ქალაქი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს მიწასთან გაასწორეს, გაანადგურეს და ორი გერმანიის შეერთების შემდეგ ევროპის ფინანსური ცენტრი გახდა. თავბრუდამხვევი მოძრაობა. უზარმაზარი შენობები, რომელთა წვერები ნისლში იკარგება და მათთან შერწყმული შილერის და გოეთეს ძეგლები პატარა მოედნებით, სასწაული იყო.

ვიდექი შილერის ძეგლთან და მოპირდაპირე მხარეს უზარმაზარ მინებიან შენობას მივჩერებოდი, საიდანაც ისევ წიგნები მიქნევდნენ ხელს, თვალს მიკრავდნენ, შემოიარეო. ცდუნებას ვერ გავუძელი, მისკენ დავიძარი და აღმოვჩნდი ბიბლიოთეკაში.

გაგრძელება იქნება

ავტორი: სალომე ტაბატაძე
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 3 /
ლია.
მომწონს ასეთი თავგადასავლები.ველოდები მომდევნო თავს.მადლობა.
16:45 / 24-06-2022
გამოხმაურება / 0 /
ლელს
სალო,ველოდები გსგრძელებას.ძალიან საინტერესო თხრობაა
20:21 / 23-06-2022
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93