როგორც კი განვქორწინდი, პირველ რიგში მანქანა შევიძინე და იმდენი ვუტრიალე გასაღები მამაჩემს ცხვირწინ, სანამ ფანჯრიდან არ მოისროლა. მერე რა, არა უშავს, სათადარიგო უკვე ჩანთაში მედო. ლუვრში შესასვლელად ორ საათზე მეტი ვიდექი რიგში. მერე მონა ლიზასთან ამაზე მეტი, მაგრამ ღირდა. იმ დღის შემდეგ სამჯერ ვნახე მონა ლიზა და საიდუმლო სერობა. კიდევ იმდენჯერ ვნახავ, რამდენჯერაც ამ ქალაქში მოვხვდები.
უტქიაგვიკისკენ მიმავალ გზაზე, ნიუ-იორკში ბრუკლინის ხიდზე ვდგავარ და ისევ სურათებს ვიღებ. თან ვტვირთავ სოციალურ ქსელში და თან თვალს ვადევნებ „ლაიქებს“. ჩამთრევია - ვაღიარებ. ფრენა ხვალ დილით მაქვს. ალიასკაზე მალე პოლარული ღამეები დაიწყება. ჯერ კიდევ არ გამიცია პასუხი კითხვაზე, რა მინდა იმ დასაკარგავში. არც საკუთარი თავისთვის მიპასუხია. იდეაში ისეთი სტატია უნდა გამოვაცხო, რომ წლის საუკეთესო ჟურნალისტის კონკურსი მოვიგო. ეს ძალიან რთულია, ურთულესი. უტქიაგვიკი იმიტომ ავირჩიე, რომ მასზე ინტერნეტშიც კი ცოტა ინფორმაცია იძებნება, არათუ სტატიები მის შესახებ. სიცივესა და ყინვაზე ნამდვილად არ ვგიჟდები. პირიქით, არ მიყვარს ან უარესი, ვერ ვიტან.
მე სიცხის, მზის, ზღვის მოყვარული ქალი ვარ და მთელი ცხოვრებაა ვოცნებობ, სადმე თბილ ადგილზე ვიცხოვრო. ეს ერთხელ უკვე მოვახერხე და კვიპროსში თითქმის ერთი წელი ვიცხოვრე. მანამდე ამ ქვეყანაზე ბევრი არაფერი გამეგონა. ეს ის დრო იყო, ქუთაისის აეროპორტი რომ გაიხსნა და ჩვენც გამარტივებული წესით შევდიოდით ევროპაში. რაღაც სიახლეს ვეძებდი და ბილეთების ფასებს ვათვალიერებდი. ქუთაისი - ლარნაკა 15 ევრო, აპრილის დასაწყისში. ეს ჩემი ჯიბისთვის თითქმის არაფერი იყო.
ორი კვირით დავჯავშნე სასტუმრო და თავქუდმოგლეჯილი ჩავბარგდი. კვიპროსში დილით ჩავფრინდი. თვითმფრინავმა დაშვება რომ დაიწყო, ასე მეგონა, ზღვაზე ჯდებოდა. ხმელთაშუა ზღვა ცისფერი, გამჭვირვალე და ისეთი სუფთაა, ფსკერს დაინახავ. მეგონა, თვითმფრინავი წყალს შეასკდებოდა და ასაფრენ ბილიკზე აღმოვჩნდი. ლარნაკა საპორტო ქალაქი უფროა, ვიდრე საკურორტო. ამიტომ იქ გაჩერება არც მიფიქრია. გეზი პირდაპირ პაფოსისკენ ავიღე. ჩემი სასტუმრო პირდაპირ ზღვისპირზე იყო.
ჩემოდანი დავაგდე თუ არა, მაშინვე ზღვაზე გავიქეცი და ავშიშხინდი. თბილი, წყნარი, საოცარი წყალი და ძალიან მცხუნვარე მზე, აპრილის მიუხედავად.
საღამოს ქალაქში გასეირნების დროს მივხვდი, რატომ მოდიოდა ამ ქვეყანაში ყველა რჯულის, სქესის, ორიენტაციის და კიდევ ვინ იცის, როგორი ადამიანი. შევხვდი გოგონებს, რომლებიც ქუჩაში მოურიდებლად კოცნიდნენ ერთმანეთს. სავაჭრო ცენტრში საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი კაცი მშვიდად არჩევდა ქუდს, მაგრამ ეს არავის უკვირდა. შავ ბურკებში გამოწყობილი ქალებიც მშვიდად დასეირნობდნენ. მათ გვერდით კი შორტებიანი მამაკაცები მისდევდნენ. ვცდილობდი, მიმტანიდან დაწყებული, გამყიდველით დამთავრებული, ყველას გამოვლაპარაკებოდი. ამ ქვეყანაზე რაც შეიძლება ბევრი მინდოდა გამეგო. ორი კვირა დავსეირნობდი ქალაქში და ჩემი აღფრთოვანება არ ნელდებოდა. პირიქით, უფრო ვივსებოდი. აქვე გავამხელ, რომ მუდმივ საცხოვრებლად ეს ქვეყანა ავირჩიე და ჯერ არ შემცვლია აზრი. გადავცვალე ბილეთი და კიდევ ერთი თვით ვაპირებდი დარჩენას, მაგრამ ამდენს ჩემი ჯიბით ნამდვილად ვერ გავწვდებოდი. ყველა ზღვისპირა ქალაქის მსგავსად, აქაც ქუჩები ზღვის პარალელურია. პაფოსი თანდათან მაღლდება, ამიტომ ჩემს ამჯერად მოკრძალებულ ახალ ბინამდე საკმაოდ დიდი აღმართი უნდა ამევლო. ამას არ დაგიდევდით, მაგრამ მეორე პრობლემას გადავაწყდი. ესაა ქვეყანა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არსებობს. ყველა სრულწლოვანი საკუთარი მანქანით გადაადგილდება.
ტურისტებისთვის სანაპიროზე ავტობუსები დადის. ჩემს სახლამდე მე ფეხით უნდა მევლო. მოსაღამოვდებოდა თუ არა, ქალაქის ტემპერატურა 1000 აღწევდა. კლუბები, რესტორნები, გართობის ცენტრები, რაც გინდა და რისი ფანტაზიაც გაქვს ან არ გაქვს. ერთ საღამოს დაღლილმა გადავწყვიტე, წყნარი ადგილი მეპოვნა და მშვიდად მევახშმა. სანამ მე ვახშამს შევექცეოდი, მომხიბვლელი ფერადკანიანი მამაკაცი მაგიდაზე შეხტა და ცეკვა დაიწყო. მივიხედ-მოვიხედე, მაგრამ ჩემ გარდა გაოცებულსახიანი ვერავინ დავინახე. პირიქით, გვერდით მაგიდაზე მჯდომმა ასაკოვანმა ქალმა ევროები ამოიღო და მოკლე შარვალში ჩაუტენა. მაშინ მივხვდი, სადაც ვიყავი.
მეც ლუდი შევუკვეთე და მოვლენების განვითარებას დაველოდე. ფერადკანიანს ქერა ყმაწვილი მიჰყვა. არასდროს ვყოფილვარ მამაკაცების სტრიპტიზ-კლუბში და სიამოვნებით ვუყურებდი ულამაზეს სხეულებს და თან ვფიქრობდი, ახლა მამაჩემს ან ჩემს ყოფილ მეუღლეს დავენახე.
პაფოსში ცხოვრების ერთთვიანი სტაჟი მქონდა უკვე, რომ ვიფიქრე, იქნებ რამე სამუშაო მენახა და ორი თვე კიდევ დავრჩენილიყავი. მაისის შუა რიცხვები იყო, ის პერიოდი, როცა საზღვაო სეზონი სტარტს იღებდა და მუშახელს ეძებდნენ. სანაპიროზე სუვენირების მაღაზიაში გამყიდველის ვაკანსია ვნახე. ქართველი ვარ-მეთქი, რომ ვუთხარი, არ გაკვირვებიათ. ადრეც მუშაობდნენ აქ ქართველებიო. არ მოეწონათ, ბერძნულად რომ არ ვლაპარაკობდი, მაგრამ ჩემმა ინგლისურმა, გერმანულმა და დამტვრეულმა რუსულმა თავისი ქნა. ამიყვანეს სამსახურში. დილის 8 საათიდან დღის 4 საათამდე ვმუშაობდი. 800 ევროს ვიღებდი და ჩემთვის ეს დიდი ფული იყო. ბინის ქირაზეც მყოფნიდა და სახარჯო ფულადაც. როგორ არ მეყოფოდა, როცა ხორცში 4 ევროს ვაძლევდი, პურში 50 ცენტს და რძეში 70 ცენტს. დანარჩენზე აღარ ვლაპარაკობ. საღამოს თავისუფალი დროც ბევრი მქონდა.
სამსახურში მომხმარებელს ვუღიმოდი და ვცდილობდი, კვიპროსისდროშიანი სულელური მარაო შემეტენა, როცა ვიღაცის დაჟინებული მზერა ვიგრძენი. ცისფერთვალება, რუჯმოკიდებული მამაკაცი იდგა და თვალმოუშორებლად მიყურებდა. როგორც იქნა, გავისტუმრე მომაბეზრებელი ინგლისელი წყვილი და მამაკაცისკენ გადავინაცვლე. ისიც ტურისტი მეგონა და რამდენადაც შემეძლო, გავიკრიჭე. თან საათს დავჩერებოდი, როდის დამთავრდებოდა ჩემი მუშაობის დრო. ის საქართველო არაა, ზედმეტი გამუშაონ. თუ გინდა, იმუშავე და დამატებით გადაგიხდიან. მაგრამ მე ჩემი ხელფასიც მყოფნიდა და ერთი სული მქონდა, ზღვაზე როდის გავიქცეოდი.
გაგრძელება იქნება
ავტორი: სალომე ტაბატაძე