- მანქანის მართვა იცი? - მკითხა მოულოდნელად კონსტანტინემ.
- კი, - ვუპასუხე მეც.
- მე ძალიან ბევრი მომივიდა. ამიტომ დღეს შენ იქნები მძღოლი. მე აქვე სანაპიროსთან ახლოს დამტოვე, შენ კი სახლში წადი.
მეც მქონდა ერთ-ორი ჭიქა დალეული, მაგრამ არა იმდენი, რომ მანქანის მართვა ვერ შემძლებოდა. თუ ფრთხილად ვიქნებოდი, არც პოლიციას შევეჩეხებოდი თვალში. ჩემი სტუმარი, არ ვიცი, სად მიდიოდა. ცოტა ეჭვმა კი გამკრა, მაგრამ ჩემს თავს შემოვუძახე, რა შენი საქმეა მისი მარშრუტი-მეთქი და რესტორანი გაღიმებულმა დავტოვე.
მე მშიშარა არ ვარ, მაგრამ ამ ბულგარელის მიმართ გაჩენილმა ჩემმა გრძნობებმა ძალიან შემაშინა. რამდენიმე პაემნის შემდეგ ჩემთვის ძალიან მომგებიანი და თან წამგებიანი წინადადება შემომთავაზა. იახტით ზღვაში გასვლის და პატარა ლაგუნაში ცურვის შემდეგ პორტში ვბრუნდებოდით. განათებული სანაპირო, უკან ზღვაში ჩამავალი წითელი მზე და იახტის კიჩოზე რუჯმოკიდებული, ულამაზესი მამაკაცი, რომელიც ანთებული თვალებით იყურება, მხოლოდ ფილმებში მქონდა ნანახი. ასეთი თვალებით არავის შემოუხედავს აქამდე ჩემთვის და ამიტომაც ვერ ვიჯერებდი. სანაპიროზე ისე გადმოვედით, ხმა არ ამოგვიღია. ის, არ ვიცი, რას ფიქრობდა, მე კი მომენტის გაფუჭება არ მინდოდა. მხოლოდ მანქანაში დავუბრუნდი რეალობას.
- სოფია, - მომმართა ძალიან დაბალი ხმით და გამომაფხიზლა, - ძალიან მინდა, რომ ჩემთან გადმოხვიდე საცხოვრებლად. დიდი ბინა მაქვს. ორივე თავისუფლად დავეტევით. ერთი პრობლემა ტაისონია, ჩემი ძაღლი, რომელიც კარგად მიგიღებს, თუ შენ შეეგუები. სააემიგრაციოში ნაცნობი მყავს, რომელიც საბუთების პრობლემას მოგიგვარებს და კიდევ ექვსი თვით დარჩები, თუ შენ გენდომება. დანარჩენზე მერე ვიფიქროთ.
გამაოგნებელი წინადადება იყო. ჩემი ქმრის შემდეგ ვერც კი წარმომედგინა მამაკაცთან ერთად ცხოვრება. საჭმელი, სარეცხი და სახლის მოვლა დამიდგა თვალწინ. უმალვე უარის თქმას ვაპირებდი, მაგრამ არ მაცადა. მანქანა გააჩერა და ჩემს ტუჩებს დააკვდა. უარი გადავიფიქრე. იმ დღის შემდეგ ექვსი თვე მასთან იდეალური ცხოვრებით ვიცხოვრე, სადაც მივხვდი, რას ნიშნავდა იყო სასურველი ქალი, რომლის ყველა პრობლემა გვარდება. თუმცა კვიპროსში ჩასვლიდან ცხრა თვის თავზე, მეც არ ვიცი, რატომ, ჩემოდანი ჩავალაგე და თბილისში დავბრუნდი. არაფერი ამიხსნია კონსტანტინესთვის. არც მას უკითხავს მიზეზი. უკვე რამდენიმე თვეა გასული და ახლაც არ ვიცი, რა მინდოდა, რას გავურბოდი.
ახლა უტქიაგვიკისკენ, ამ სამყაროს დასალიერისკენ, მიმავალ გზაზე ვდგავარ და ვფიქრობ, რომ არასწორად მოვიქეცი. გამოვექეცი ქვეყანას, სადაც ისეთი ბედნიერი ვიყავი, როგორც არასდროს და წამოვედი კაცისგან, რომელსაც ისე ვუნდოდი, როგორც არავის. სევდა შემომაწვა.
ტელეფონს ვიღებ და იმ ნომერზე ვრეკავ, რომელიც თვეებია არ გამომიყენებია...
- ალო, კონსტანტინე, მე ვარ, - ვეუბნები და ველოდები პასუხს. იქნებ გათიშოს ან სულაც ვერ მიცნოს. რამდენიმე წამი გადის.
- სოფია, როგორ ხარ? - მესმის აღელვებული ხმა.
- მე კარგად, შენ როგორ ხარ?
- მეც კარგად. სად ხარ?
- ამერიკაში. - ვპასუხობ მოკლედ. რამდენიმეწამიანი პაუზაა ტელეფონში.
- დიდი ხნით? - მესმის ისევ მისი ხმა.
- რამდენიმე თვით.
- და მერე? - ჩვენი საუბარი ძალიან იწელება.
- მერე ისევ თბილისში.
- და მე?
დამაბნეველი შეკითხვაა.
- რა? შენ?
- მე გელოდები.
ვიბნევი, ძალიან ვიბნევი. ყველა გრძნობა ერთად იყრის თავს და ვფეთქდები.
- მენატრები, - ვეუბნები ჩურჩულით.
- მე მიყვარხარ - მპასუხობს ისიც.
- ერთ თვეში თბილისში გეპატიჟები, ნამდვილი ქართული მასპინძლობა უნდა გაგიწიო. ჩამოხვალ?
- ზუსტად ერთ თვეში თბილისში ვარ. დამხვდი. - ბედნიერი ხმა აქვს. წარმოვიდგენ, როგორ იღიმის და აჩენს თეთრ კბილებს.
- შევთანხმდით. - ვეუბნები და ტელეფონს ვთიშავ.
კიდევ ერთ მონეტას ვიღებ ჩანთიდან და ბრუკლინის ხიდიდან ვისვრი. სურვილი საუკეთესოთა შორის საუკეთესო სტატიის დაწერა და ერთ თვეში თბილისში მშვიდობით დაბრუნებაა. დროა დავლაგდე და ჩემს ბულგარელს მივხედო.
დასასრული
ავტორი: სალომე ტაბატაძე