§თავი 1
- კვიპროსში დასვენება კარგი აზრი იყო, ძვირფასო, სიცხე, ლურჯი ზღვა, კუები... ღმერთო, ინგლისშიც ასეთი სანაპირო რომ იყოს, ამხელა გზაზე არ წამოვიდოდი, - აღფრთოვანებას ვერ მალავდა ქალი და ქმარს მხარზე ეხუტებოდა.
- კი, ძვირფასო მაგრამ ამ ნანგრევებში წამოსვლა რატომღა მოინდომე. დავმტკბარიყავით თბილი ზღვით და გავრუჯულიყავით. ამ კარიერზე რას ვაკეთებთ? - უკმაყოფილო ჯოფი ქვიდან ქვაზე გადახტა, ფეხი დაუცურდა და გადაბრუნებულმა კენჭმა კოჭი ატკინა. ცოლისთვის შეხედვაც კი აღარ უნდოდა, გაბრაზებული ჯიუტად მიიწევდა გზისკენ.
- ჯოფ, ჯოფ, - უკან მისდევდა ემა და ცდილობდა, თბილი სიტყვებით დაეყოლიებინა ქმარი, უკან დაბრუნებულიყო. - ძვირფასო, გთხოვ, ცოტა ხანს კიდევ დავრჩეთ, დავათვალიეროთ. წელს ყველაზე მეტი ნალექი მოვიდა ბოლო ორმოცდაათი წლის მანძილზე და საინტერესო იქნება, წყლის დონის ცვალებადობამ როგორ შეცვალა სანაპირო ზოლი. რამდენიმე ფოტო კიდევ, ჯოფ. გთხოვ, სტუდენტებს უნდა ვაჩვენოთ.
- ამ მიტოვებულ კარიერზე რამდენი სურათი უნდა გადაიღო? - ჯიჯღინით გამოხედა ქმარმა და კოჭლობით განაგრძო გზა.
- ჯოფ, შენ არასერიოზულად უყურებ ჩემს საქმეს და ეს მე არ მომწონს, - გაჩერდა ქალი, გულზე ხელები დაიკრიფა და ფეხები დააბაკუნა.
- კარგი, ემი, მხოლოდ რამდენიმე ფოტო, - გაბუტული ცოლის დანახვაზე გული მოულბა კაცს.
- მიყვარხარ, ჯოფ. - გამხიარულებულმა ემამ ტაში შემოჰკრა და ლოდს გადაახტა.
რამდენიმე წუთი ჯოფი ხან ემას უღებდა სურათებს და ხანაც ქალის მითითებულ ქვებს, წყალსა და მისგან სანაპიროზე გამორიყულ ნივთებს. მოთმინება აღარ ჰყოფნიდა და ერთი სული ჰქონდა, როდის მოშორდებოდა ამ წყეულ ადგილს. გამხიარულებული ემა კი პატარა ბავშვივით ყველაფერს ხელით ეხებოდა და აღტაცებული ყვირილით აყრუებდა იქაურობას.
- აქ მარტო ქვები რატომაა, ემი? მცენარე არსად ჩანს და ნეტავ თევზები არიან წყალში?
- ჯოფ, ჯოფ, ეს ხომ მარმარილოს კარიერია. მერე წყალი დაგუბდა და ტბა წარმოიშვა. ნახე, რა წითელი წყალია. ალბათ, პატარა თევზები იქნებიან, მაგრამ მრავალფეროვნება არ მგონია.
- შეხედე, ემი, მგონი, აქ ჩემოდანია, - ხელი გაიშვირა ჯოფმა ქვებში გაჩხერილი ნივთისკენ და თვალები მოჭუტა, კარგად რომ დაენახა.
- ვნახოთ რა, ჯოფ, იქნებ მეკობრეების განძია, - აღტაცებული ქალი მითითებული ქვებისკენ გარბოდა, უკან კი ზურგჩანთის სიმძიმისგან აქოშინებული ქმარი მისდევდა.
- საყვარელო, ეს ტბააო, შენ ასე არ მითხარი? რა უნდა აქ მეკობრეებს. მაგრამ რადგან ასე გინდა, მაინც ვნახოთ. ნაგვით იქნება სავსე. - როგორც იქნა, დაეწია ქალს ქმარი და აქოშინებული, მუხლებზე ხელდაწყობილი დააჩერდა მოზრდილ ჩემოდანს.
- აბა, ვნახოთ, - ხელები მოიფშვნიტა ქალმა და ჩემოდნის შესაკრავი ძლივს გახსნა.
- ჯეფ, ჯეფ, - აკივლდა ემა, - აქ მკვდარია.
§2 თავი
ჯერ ნანათლები არ იყო, ქალაქი სრულ სიჩუმეს მოეცვა. ეს ის დროა, როცა ერთ ძილს მტკვარიც კი ასწრებს. ჰაერი ქალის განწირულმა კივილმა გაკვეთა.
ხუთსართულიანი სახლის ყველა კარი ერთდროულად გაიღო, თუმცა მხოლოდ შუახნის მამაკაცმა გაბედა კიბეზე გამოსვლა და დაბლა ჩაუყვა მას.
მეორე სართულის კიბის უჯრედის მარჯვენა კარი შეღებული იყო. სისხლის რამდენიმე წვეთის გარჩევაც შეიძლებოდა მქრქალ განათებაზე. შესასვლელში მამაკაცის შიშველი ფეხის კონტურები ჩანდა, რომელიც არაბუნებრივად მოკეცილიყო და არ მოძრაობდა.
ხელის ერთი შევლებით შეაღო კარები შუახნის მეზობელმა და ერთი ნაბიჯი უკან გადადგა. ბინის შესასვლელი სისხლის შხეფებს დაეფარა. იატაკზეც დიდი გუბე იდგა, მის მარჯვნივ კი ქალის სხეული კედელთან ჩაკეცილიყო. თავი გადაეგდო, ხელები ჩამოეყარა და სისხლში ცურავდა. მკერდიდან ჯერ კიდევ მოჟონავდა ჟანგისფერი სითხე. მეზობელმა უკან დაიხია. სადარბაზოში შეკრებილებს თვალი მოავლო და სასწრაფოს გამოძახება ითხოვა. მერე დარაჯივით ჩადგა კარებში, რომ ცნობისმოყვარე ჭორიკნებისგან დაეცვა ბინაში მყოფნი.
რამდენიმე წუთში სასწრაფოს მანქანებს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მოჰყვნენ ხმაურით და გააღვიძეს მიჩუმებული ქალაქი. ყვითელი ლენტი გაჭიმეს, ჩემოდნიანმა ექიმებმა კი სწრაფი ნაბიჯით აიარეს ორი სართული.
შემთხვევის ადგილზე მისულ გამომძიებელ მარინე ნაკაშიძეს თვალები გაკვირვებისგან გაუფართოვდა, როცა კარებში ჩამდგარი, საღამურებში გამოწყობილი საგამოძიებო სამსახურის უფროსი გურამ ჯიშკარიანი დაინახა. მამაკაცი განკარგულებებს იძლეოდა და ისე იქცეოდა, თითქოს ცისფერყვავილებიან ტანსაცმელში კი არა, შარვალ-კოსტიუმ-ჰალსტუხში ყოფილიყო გამოწყობილი და თეძოზე ტაბელური იარაღი კეთებოდა. მარინემ მორიდებულად შეათვალიერა უფროსი და ოდნავ შესამჩნევი ღიმილით მისკენ დაიძრა.
- ბატონო გურამ, მკვლელობაა? - ჰკითხა ქალმა. თან ცდილობდა თვალი მისი ყვავილებისკენ არ გაქცეოდა.
- კი, მარინე, მკვლელობაა. ახალგაზრდა მამაკაცი მკვდარია, ქალი ჯერ ისევ ცოცხალია. სასწრაფოს ექიმებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ვნახოთ, თუ გადარჩება.
- შეიძლება შიგნით შევიდე? ექსპერტები უკვე აქ არიან? - მიმოიხედა მარინემ და შესასვლელი კარისკენ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი.
- ექსპერტები მუშაობენ. შედი და ყველაფერი კარგად დაათვალიერე. ეს შენი ჩვენთან დაბრუნების შანსია იმ შემთხვევის შემდეგ.
გამომძიებელი შეიშმუშნა, მისმა უფროსმა კი გამომცდელი მზერით შეხედა. - აბა, მზად ხარ დაბრუნებისთვის? - თვალი გაუსწორა ქალს. რამდენიმე წამის შემდეგ თავი კმაყოფილმა გადაიქნია - გვამი პირველმა მე ვნახე, ჩემს გამოკითხვას დაველოდები.
- აქ ცხოვრობთ, ბატონო გურამ? - ახლა მიხვდა ქალი, რატომ იყო მისი უფროსი ცისფერ საღამურებში გამოწყობილი.
- არა, მარინე, ეს ახალი უნიფორმაა, - გაბრაზებულმა დაიხედა შარვალზე კაცმა, მაგრამ თვითონვე გაეღიმა თავისივე შიშველი ფეხების დანახვისას.
- მეხუთეზე ვცხოვრობ, პირველი მე ჩამოვედი და მიცვალებულიც და დედამისიც მე ვნახე.
სახლის ოდნავ შეღებულ კარებში რამდენიმე ადამიანი მოჩანდა, გვამს დასტრიალებდნენ, მარკერებს ნიშნავდნენ და სურათებს იღებდნენ. წითელ შხეფებს მთელი შესასვლელი დაეფარა. კედელს სიგრძეზე ეტყობოდა სისხლის კვალი. მარინემ გვერდი აუარა ექსპერტებს და დიდ ოთახში გავიდა. თეთრი ავეჯი პრიალებდა.
წიგნებით სავსე თაროებს შიგადაშიგ სუვენირები ამშვენებდა. ტელევიზორში საფეხბურთო მატჩის პირდაპირი ტრანსლირება მიმდინარეობდა. პატარა ჟურნალების მაგიდაზე ერთი ბოთლი ლუდი და მიწის თხილის გაუხსნელი კოლოფი ეწყო. დივანზე ჭრელი პლედი უწესრიგოდ მიეგდოთ.
მსხვერპლთაგან რომელიმე ტელევიზორს უყურებდა და თავდასხმას არ ელოდა. ამასვე მოწმობდა მოპირდაპირე საძინებელი. არეულ საწოლს ჯერ კიდევ ეტყობოდა ადამიანის ფორმა.
მარინეს თვალში სარკის წინ დალაგებული კოსმეტიკური საშუალებები მოხვდა. იდეალურად დაწყობილ ქილებს და ტუბებს შორის მტვრის ნასახიც არ ჩანდა. კარადის თაროები და უჯრები ქალის თეთრეულს და წვრილმან ნივთებს დაეკავებინა. შიდა ნაწილში ფეხსაცმელებს დაედო ბინა. ერთი შეხედვით, ყაჩაღობას არ ჰგავდა.
მეორე საძინებელი უფრო 15-16 წლის ბიჭის ეგონა მარინეს, ვიდრე ზრდასრული მამაკაცის. არეული საწერი მაგიდა, საწოლის თავთან ჩამოკიდებული მაიკლ ჯეკსონის სურათი და როკისა და ჯაზის შემსრულებლების "პოსტერები" თავის ბავშვობას აგონებდა გამომძიებელს. "ეს ბიჭი ნეტავ რამდენი წლის იყო, თუ ჩამორჩენილია ასაკს?" - ფიქრობდა ქალი და თან ცდილობდა, ამ არეულობაში რამე გაერკვია.
გამომძიებელს ოთახის დათვალიერება პოლიციის ექსპერტ-კრიმინალისტმა შეაწყვეტინა, რომელიც საძინებლის კარებში ჩამდგარიყო და ელოდა, როდის შეამჩნევდნენ.
- გისმენ, ვოვა, რა ხდება? - მისკენ შებრუნდა ქალი.
- მიცვალებული წაიყვანეს, ქალბატონო მარინე. შეგიძლიათ შესასვლელი დაათვალიეროთ.
- პირველადი დათვალიერებით რა გავიგეთ?
- ახლო მანძილიდან ესროლეს. ტყვიამ საძილე არტერია გაგლიჯა და არტერიულმა სისხლმა შადრევანივით ამოასხა, - ვოვამ დანანებით გადაიქნია თავი. - აი, აქ კი, - შესასვლელი დერეფნის ბოლოს სისხლიან კედელთან ჩაიმუხლა, - ქალი იყო ჩაკეცილი. ტყვია მკერდში მოხვდა. როგორც ჩანს, ხმაურზე გამოვიდა.
მარინემ დერეფანი გადაჭრა და შემოსასვლელი კარის საკეტს დაუწყო დათვალიერება.
- საკეტი არც ნაწვალებია და არც გატეხილი. კარს შიგნიდან ჯაჭვი აქვს, საკეტითაც ისე იკეტება, რომ გარედან შეუძლებელია მისი გაღება. ესე იგი, კარი ბიჭმა გაუღო. მკვლელი არც გაქურდვას აპირებდა და არც ძარცვას. იარაღი ამოიღო და პირდაპირ ესროლა. საინტერესოა, ერთის მოკვლას აპირებდა თუ ორივესას? რა ჰქონდა ამ ხალხს ასეთი, რომ სასიკვდილოდ გაიმეტეს.
- არ ვიცი, მარინე, მაგრამ ექსპერტიზამ იქნებ უფრო მეტი გვითხრას. მე გვამის გაკვეთაზე წავალ. როგორც კი რამეს გავიგებ, შეგეხმიანები.
- მე კი მეზობლებს გამოვკითხავ და პირველად ჩვენი ცისფერსაღამურიანი უფროსით დავიწყებ. - სიცილი ვერ შეიკავა გამომძიებელმა, ქერა თმა აიკეცა და მოხდენილი ნაბიჯით დაიძრა ცნობისმოყვარე მეზობლებისკენ.
გაგრძელება იქნება
ავტორი: სალომე ტაბატაძე