მარინე თავჩაღუნული უსმენდა. თვითონაც კარგად იცოდა, რომ მალე უნდა დაბრუნებოდა ძველ
ფორმას, მაგრამ ბატონი გურამისგან მოსმენილი მაინც სხვაგვარად ხვდებოდა ყურს.
- ისევ მშობლებთან ხარ? - ჰკითხა უფროსმა და ფიქრი შეაწყვეტინა ქალს.
- კი, ჯერჯერობით. ფსიქოლოგი ამბობს, ღამე მარტო დარჩენა ჯერ ადრეაო.
- წამლებს იღებ?
- არა, აღარ. მხოლოდ დამაძინებლებს საღამოობით. მსუბუქი რომანების კითხვას მაიძულებს და ძაღლი მაყიდინა. შენს ოთახში უნდა ეძინოსო. მეც პეკინესი ვიყიდე და ყოველ დილით და საღამოს ვასეირნებ.
- კარგია, ყველაფერი გამოსწორდება, დამიჯერე. - გურამმა კიდევ ერთ კრუასანს მოუღო ბოლო და ყავაც
თითქმის ბოლომდე ჩაიყვანა.
- მაისურაძეების საქმე ძალიან მნიშვნელოვანია შენი კარიერისთვის. პროკურორი შეგიცვალეს და ახალი ლევან არაბული იქნება. მასთან ნებისმიერი კითხვით შეგიძლია მიხვიდე. ძალიან კარგი ბიჭია, უშუალო მოსაუბრე და უძლიერესი თავის საქმეში. ორ წუთში აქ იქნება და გაგაცნობ. - წინადადება დამთავრებული არ ჰქონდა, ოთახში ახალგაზრდა მამაკაცმა რომ შემოიხედა.
- მოდი, მოდი, ლევან. ეს მარინე ნაკაშიძეა, გაიცანი. მაისურაძეების საქმეს ის უძღვება, - მიიპატიჟა სტუმარი გურამმა.
- ბევრი გამიგია თქვენზე, ქალბატონო მარინე, - ხელი გაუწოდა ქალს მისივე ასაკის მაღალმა და დაკუნთულმა მამაკაცმა. - თქვენ ხომ უდიდესი ოპერაციის სული და გული იყავით. ის ტრეფიკინგის მამები თქვენი ძალისხმევით არიან ახლა "სადაც ჯერ არს". - საჩვენებელი თითი მაღლა ასწია კაცმა და გაიცინა.
- ჰო, მაგრამ მაგ ამბავმა ჩემი ფსიქიკაც შეიწირა და კინაღამ თვითონ მეც გამიყოლა, - ოდნავ გაატოკა ტუჩები მარინემ.
- ეგ ამბავი ვიცი. უბრალოდ, კარგზე გავამახვილე ყურადღება. ბევრი ვერ გაუძლებდა იმ ჯოჯოხეთს, თქვენ რომ გაუძელით.
- დაჯექი, ლევან და ყავა მიირთვი. კრუასანები უგემრიელესია. მარინე დაგვიბრუნდა და ბოლომდე ახალ საქმეშია ჩაფლული. შენი იმედი მაქვს. მე მკვლელობის მოწმე ვარ, ამიტომ მხოლოდ შორიდან შემიძლია გადევნოთ თვალი, - უსიამოვნო საუბარი გააწყვეტინა ჯიშკარიანმა წყვილს.
- რა თქმა უნდა, ბატონო გურამ, ჩემი იმედი გქონდეთ, - ლევანმა ყავის ჭიქა აიღო და ერთი კრუასანიც პირისკენ გააქანა. - მოდი, დავიწყოთ, რა გვაქვს და რას ვაკეთებთ... - მიუბრუნდა მარინეს. ქალმა ფურცელი მოიმარჯვა და ჩანაწერებს ჩახედა.
- გარდაცვლილი ირაკლი მაისურაძე, 30 წლის. ოფიციალურად უმუშევარი. როგორც მეზობლები ამბობენ, ძირითადად უბნის ბიჭებთან ერთად "აბირჟავებდა". დედამისი, ქალბატონი ლილი, კერძო ბაღის მფლობელია. პატარა ბაღია. დიდი შემოსავალი არ უნდა ჰქონდეს. საჯარო რეესტრის ამონაწერი გამოვითხოვე და შემოსავლები ვნახე. ამ საკითხმა იმიტომ დამაინტერესა, რომ სახლის დათვალიერების დროს თვალში ძალიან ბევრი ძვირფასი სუნამო, ქალის ძვირად ღირებული ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ოქროს ნივთები მომხვდა. ერთი სიტყვით, ამ ნივთების ღირებულება ბევრად დიდია, ვიდრე მისი მფლობელის შემოსავლები.
- ბინა საკუთრებაში აქვთ?
- კი, ბინაც და ძვირად ღირებული მანქანაც დედასაც და შვილსაც. ამის გარდა, ირაკლი ფლობს აგარაკს საგურამოში, რომელიც, რეესტრის მიხედვით, შეადგენს ორ ჰექტარ მიწას და ახალაშენებულ ორსართულიან სახლს.
- ჰო, ეს საინტერესოა... - კიდევ ერთ კრუასანს დასწვდა ლევანი. - ბატონო გურამ, თქვენს მეზობელს მეგობარი მამაკაცი თუ ჰყავდა? - მიუბრუნდა ჯიშკარიანს.
- ვიის? - დაიბნა კაცი.
- ქალბატონ ლილი მაისურაძეს.
- არაა, - ჩაფიქრდა გურამი. - მე სახლში შუაღამისას მივდივარ და დილას გამოვდივარ. მამაკაცი კი არა, თვითონ მასაც ძლივს ვიცნობდი. ორი წელია, რაც ჩვენთან გადმოვიდნენ. მანდ ერთი მოხუცებული ქალი ცხოვრობდა. მისი სიკვდილის შემდეგ დისშვილებმა გაყიდეს ბინა. ირაკლის უფრო ხშირად ვხედავდი ეზოში. სულ მზესუმზირას აკრატუნებდა და ლუდს აყოლებდა. მოიცა, კაცო, ქმარი არ ჰყავდა ლილის? - გაკვირვებულმა გადახედა გურამმა მარინეს.
- ბატონო გურამ, ბატონო გურამ, - გაეცინა გამომძიებელს. - მოქმედი ქმარი რომ ყოფილიყო ოჯახში, მეგობარ მამაკაცს დავუწყებდით ძებნას?
- რა ვიცი, რა ვიცი. აშკარად ჩამოვრჩი სამეზობლოს ჭორებს. იცი რა, მარინე, ჩემი ბავშვობიდან მოყოლებული, პირველ სართულზე ერთი გაუთხოვარი თამარა ცხოვრობს ერთოთახიანში. წადი იმასთან. ტკბილეული იყიდე და ერთი-ორი-სამი-ოთხი საათი ეჭორავე. იმდენ რამეს გაიგებ, შეიძლება პირდაპირ მკვლელი მოგიყვანოს და გაგაცნოს.
- ეს უკვე კარგია, ბატონო გურამ, - გაუღიმა ქალმა.
- სახლის ამბავი გავარკვიეთ...ე. ი. მემკვიდრეობით არ მიუღიათ, იყიდეს - საუბარში ჩაერთო პროკურორი. - საგურამოს სახლი? ისიც იყიდეს?
- კი, ისიც იყიდეს, ხუთი წლის წინ. თან საბაზრო ღირებულების თითქმის ნახევარი გადაიხადეს. სახლი ერთ გაკოტრებულ ბიზნესმენ დიტო ცინცაძეს ეკუთვნოდა. ალბათ, ფინანსური პრობლემები ჰქონდა და სასწრაფოდ გაყიდა.
- სად არის ახლა ის კაცი? მასთან გასაუბრება საინტერესო იქნება, - ჩაფიქრდა ლევანი.
- არ ვიცი, მაგრამ მოვძებნი. თქვენ ფიქრობთ, რომ რამე კავშირი შეიძლება ჰქონდეს ამ ამბავთან?
- ყველაფერი შეიძლება, მარინე, - ჩაფიქრდა პროკურორი. - ქალბატონ ლილის არ ჰყავს ქმარი. ოფიციალურად არ აქვს დიდი შემოსავალი. ჰყავს ერთი უსაქმური შვილი, რომელსაც სავარაუდოდ თვითონ არჩენს. ამ დროს, ბოლო ხუთი წლის მანძილზე ყიდულობს აგარაკს, ბინას და მანქანას. აქვს ძალიან ბევრი ოქროულობა და ძვირფასი ნივთი. ან ვინმე აფინანსებს, ან უკანონო შემოსავალი აქვს.
- იქნებ ირაკლი არის გარეული საეჭვო საქმეებში? მკვლელმა პირველად ხომ მას ესროლა. იქნებ ისიც იყო სამიზნე.
- არც ეგაა გამორიცხული, მაგრამ მე დედა უფრო მგონია და რა ვქნა. ამხელა კაცი ოცდაოთხი საათი რომ ქუჩაში იდგა, რა ფულს შოულობდა, დედას რომ ასეთ ფუფუნებაში აცხოვრებდა. რაღაც არა მგონია. - შეეპასუხა ლევანი და ფეხზე წამოდგა.
- ბატონო გურამ, მოწევა შეიძლება? - იკითხა და ხელში სიგარეტი შეათამაშა.
- აი, იქ, ფანჯარასთან, ოღონდ არ გამამხილო. ხომ იცოდი, სახელმწიფო დაწესებულებებში არ ეწევიან.
- არა, რას ამბობთ. პროკურატურაშიც სამ-ოთხსაათიანი თათბირი და წყვეტა-გლეჯა რომ გვაქვს, სულ ეზოში დავრბივართ ხოლმე. დავიღალე კაცი, - გაუღიმა გურამს პროკურორმა და ბედნიერმა ფანჯარასთან გადაინაცვლა.
- ქურდობა ან ყაჩაღობა ხომ არ იყო? თუ ამდენი ძვირფასეულობა ჰქონდა, ვინმეს თვალში მოხვდებოდა, - დაინტერესდა ჯიშკარიანი.
- სახლის კარები არც გატეხილია და არც ნაწვალები. შიგნიდანაა გაღებული ჯაჭვიც. ესე იგი, მკვლელს ან იცნობდნენ, ან რამე ისეთი უთხრა, რის გამოც სახლში შეუშვეს. მკვლელმა მხოლოდ ორი-სამი ნაბიჯი გადადგა შესასვლელში და ესროლა ირაკლის, მეორე ტყვია დედამისს და უკან გამობრუნდა. გაძარცვა ან ქურდობა რომ სდომოდა, სხვაგვარად მოიქცეოდა. იარაღი კალაშნიკოვის ტიპისაა, აკ-47.
- რააა?? - გაოცებულმა მამაკაცებმა სიტყვა შეაწყვეტინეს მარინეს.
გაგრძელება იქნება
ავტორი: სალომე ტაბატაძე