- ეგ ხომ ტერორისტების იარაღია. ადვილად საშოვნელი არაა, შავ ბაზარზეა. ძირითადად უკანონო შეიარაღებული ფორმირებები იყენებენ. მაგით რატომ არ დაიწყე. - საყვედურიანი სახით შეხედა გურამმა.
- არაუშავს ბატონო გურამ, სხვა დროს გაითვალისწინებს. რაც გვითხრა ისიც საინტერესო იყო. - დაამშვიდა
საგამოძიებოს უფროსი პროკურორმა. მარინემ თავი ჩაღუნა და სახეზე წამოწითლდა. თმა აიკეცა და მამაკაცებს შეხედა.
- ვოვამ რა თქვა იარაღზე? - ჩაეკითხა გურამი.
- ეს იარაღი მაშინვე კლავსო.ტყვია მოხვედრისთანავე იფანტება ორგანიზმში და ფატალური შედეგი აქვსო. ისეთი სიზუსტით არის ნასროლი, რომ მკვლელი სნაიპერია, ან ძალიან კარგად ფლობს იარაღსო.
- ეს კიდევ უფრო ამყარებს ჩემს ეჭვს, რომ მკვლელი ან მოგზავნილი იყო, ან თავისი ნებით მისული. მისი მიზანი ამ ადამიანების განადგურება იყო.
- საავადმყოფოდან რა ისმის?
- ორი პოლიციელი დარაჯობს ქალბატონ ლილის,როგორც კი შეძლებს საუბარს,გაგვაგებნებენ.
- მეტი არაფერი გვაქვს? - ლევანმა საათს დახედა.
- არა ჯერ მეტი არაფერი - ფურცლებს ჩახედა მარინემ- მე ქალბატონ თამარასთან წავალ და მერე დიტო ცინცაძეს მოვძებნი.
- კარგით ხალხო, დავიშალოთ მაშინ, მეც მამყოფეთ საქმის კურსში. ახლა საქმეებს მივხედოთ - ხელები გაშალა ჯიშკარიანმა. ქალბატონი თამარა გაპრანჭული, ნახევარ საუკუნეს კარგა ხნის გადაცილებული, წითლად თმა შეღებილი ქალი აღმოჩნდა. მარინემ დიდი კალათით საუკეთესო ტკბილეულობა,რომ მიართვა დიდი სიამოვნებით შემოდგა თავისივე ასაკის ჩაიდანი, თავისივე ასაკის გაზზე და მურაბიანი ჩაის მომზადება დაიწყო.
- ორი წელია რაც ჩვენთან გადმოვიდნენ, მაგრამ მე ლილის დიდი ხანია ვიცნობ. ბინა მე ვაყიდინე ჩემს მეზობლად.ტკბილეულობა მოქონდა ხოლმე ჩემთვის - სიამაყით განაცხადა ქალმა და კალათში ჩაყო ხელი. ერთი ფილა შოკოლადი ამოიღო და ისეთი სიამოვნებით ჩაკბიჩა, მარინეს ხველება აუტყდა.
- საიდან იცნობდით ლილის ქალბატონო თამარა?- როგორც იქნა სული მოითქვა გამომძიებელმა.
- თბილისი პატარაა. ლილი ახალი ჩამოსული იყო სოფლიდან და მამაჩემმა ქარხანაში დააწყებინა მუშაობა.
სულ პატარა გოგო იყო. ობოლი არავინ ყავდა. ჩვენ კი არაფერი გვაკლდა.ბევრი სტუმარი მოდიოდა ხოლმე ჩვენთან. მამას ლილი მოყავდა, სახლის საქმეებში და სტუმრების გამასპინძლებაში დასახმარებლად.
- თქვენ მაშინაც მეგობრობდით?
- არა რას ამბობ - შეიცხადა ქალმა- სოფლელ გოგოს თავს როგორ გავუყადრებდი.ლაპარაკი და ქცევა არ იცოდა. განათლება არ ქონდა, როიალზე ის არ უკრავდა, არ მღეროდა, არ ცეკვავდა. მაგის გამოჩენა სირცხვილი იყო ყველგან.
- აბა როდის დამეგობრდით? - დაინტერესდა გამომძიებელი.
- ცხოვრება რომ აირია, მამაჩემს ინფაქტმა დაარტყა.აღარაფერი დაგვრჩა.მერე დედა მოკვდა და ლილიც წავიდა ჩვენი ცხოვრებიდან. წლები გავიდა და ერთ დღეს მომაკითხა ძვირფასი მანქანით. ძვირფასი ქურქით, ლილი ვარო. ჩამსვა მანქანაში და ქალაქის მაღაზიები დავიარეთ.
მარინეს გაეღიმა. თამარა ტიპიური მედროვე, კარგ ცხოვრებას მიჩვეული ქალი იყო, რომელსაც ძვირფასი ნივთები და ფული ყველაფერს ერჩივნა.
- რა გითხრა,სად ვიყავიო?საიდან მაქვს ეს მანქანაო- კითხა გამომძიებელმა.
- უკრაინაში წასულა. ვიღაც მდიდარ კაცს გაყოლია ცოლად და ირაკლიც იქ გაუჩენია. უკან რომ დაბრუნდა, ირაკლი მაშინ 15 წლის იქნებოდა. ახლა აღარ არის ჩემი ბიჭი ცოცხალი - თვალზე ცრემლი მოადგა ქალს.
- ისევ ისეთი საუბარი და ქცევა ქონდა? თუ შეიცვალა? თქვენი მოსაწონი გახდა?
- რას ქვია მოსაწონი - აიმრიზა თამარა - მე ყოველთვის მომწონდა.მშვენიერი მოსაუბრეა ლილი. ქართულად, რუსულად და უკრაინულად საუბრობს. არაფერი ეშლება. ისე გაკაპასდა თამარა, თითქოს ორი წუთის წინ თვითონ არ აკრიტიკებდა ლილის ახალგაზრდობის დროინდელ ეტიკეტის წესებს.
- თქვენი წყენინება არ მინდოდა ქალბატონო თამარა, თქვენ ხომ თქვით დაკვრა და სიმღერა არ იცოდაო.
იმიტომ გკითხეთ. - მის დამშვიდებას შეეცადა მარინე.
- ხო მართალია დაკვრა არც ახლა იცის.არც სიმღერის გაეგება რამე, მაგრამ ჩაცმა,ქცევა და ძვირფასი ნივთების ცნობა იცის. მოდას მიყვება და არც პატივისცემას ივიწყებს.
- პატივისცემაში რას გულისხმობთ? - დაინტერესდა გამომძიებელი და ჩაი მოსვა. ამ ცხელი სითხის
მოყვარული არასდროს ყოფილა, ახლა კი თამარას ისე დაეტკბო მაყვლის მურაბით, რომ მალე დიაბეტი დაემართებოდა.
- იცის რომ კარგად ცხოვრება,, ძვირფასი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი მიყვარს და ხშირად მოაქვს ხოლმე. ფულსაც მიტოვებს, აბა მარტო პენსიით როგორ ვიცხოვრო.
- ახლა რას საქმიანობს ლილი?
- შენ გამომძიებელი არ ხარ? - გვერდიდან შეხედა ნახევრად დახუჭული თვალებით თამარამ მარინეს.
- გამომძიებელი ვარ,მერე?- ახლა მარინემ შეხედა თვალმოხუჭულმა.
- მერე ვერ გაიგე რომ ბაღი აქვს? ეგ ყველამ იცის.ძალიან კარგი კერძო ბაღი აქვს. იქიდან აქვს ყველაფერი - გაწიწმატდა ქალი.
- აგარაკიც, ბინაც, მანქანაც? - ჩაეკითხა მარინე
- კი ყველაფერი. ხელები გულზე დაიკრიფა ქალმა.
- რაღაცას მატყუებ ქალბატონო თამარა.მე მეგობრულად მოვედი თქვენთან სასაუბროდ. მაგრამ მეგობრობა თუ არ გინდათ, ოფიციალური ორდენით მოვალ პოლიციელებთან ერთად - ხმაში მუქარა გაურია ქალმა.
- ბაღი აქვს,რატომ უნდა გატყუებდე?
- თქვენ არ მითხარით, მანქანით მოვიდაო და მაღაზიოებში წამიყვანაო? მაშინ ხომ არ ქონდა ბაღი.
- მაშინ უკრაინიდან იყო ახალი ჩამოსული. იქ მუშაობდა და იმ ფულით იყიდა მანქანა.
- რაზე მუშაობდა უკრაინაში?
- არ ვიცი,მე საიდან ვიცი
- კიდევ მატყუებთ... თვალებში დაჟინებით ჩახედა მარინემ.
- როვნოში მუშაობდა ქარვის გადამამუშავებელ ქარხანაში.- გამოტყდა თამარა.
- მერე ეს რა დასამალი იყო? თუ კიდევ მატყუებ რაღაცას?
- არა, არაფერს.უბრალოდ არ უყვარს ლილის ამ ამბის გახსენება.
- ირაკლიზე რას მეტყვი, როგორი ბიჭი იყო?
თამარას თავი ვეღარ შეიკავა და მთელი ხმით აღრიალდა. შავი ფანქარი ლოყებზე ჩამოუვიდა, ცრემლებმა მთელ სახეზე შავი ტალები დატოვეს.
- ჩემი გაზრდილია, ჩემი გაზრდილია - იძახდა და თავს ვერ იკავებდა. მარინემ ერთი ჭიქა წყალი მიუტანა და მის დამშვიდებას დაელოდა.
- რა გითხრა ირაკლიზე, მაგაზე კარგი ბავშვი არ არსებობდა. თბილი, ტკბილი და მოსიყვარულე. სკოლა ისე კარგად დაამთავრა, გვეგონა საზღვარგარეთ გააგრძელებდა სწავლას,მაგრამ უცებ ვიღაც გოგოს გადაეკიდა.
უფრო სწორად შვილებიან ქალს. მერე იმან მიატოვა და ქმარს დაუბრუნდა. ეს კი ნარკოტიკებს მიეძალა. ქუჩაში გავიდა. აქ რომ. გადმოვიდნენ ეკლესიაში წავიდა.წამალსაც შეეშვა და დედას ეხმარებოდა ხანდახან.
- ადრე სად ცხოვრობდნენ?
- ვარკეთილში ნაქირავებში. მერე საგურამოში. აქ ორი წლის წინ გადმოვიდნენ. ჩემს ირაკლის უნდოდა ახლოს
ეცხოვრა ჩემთან.
- დამშვიდდით ქალბატონო თამარა. ახლა ძალა და ენერგია გჭირდებათ. მაისურაძეებს ნათესავები ყავთ ირაკლი რომ დაკრძალონ?
- არავინ ყავთ ჩემს გარდა, მეზობლებმა თქვეს, ჩვენ მივხედავთ ყველაფერსო. ირაკლი ყველას უყვარდა.
- ქალბატონ ლილის მეგობარი მამაკაცი ყავდა?- იკითხა მარინემ, თითქმის სულ არ აინტერესებდა.ქალი გაშეშდა,თვალები სწრაფად შეიმშრალა და სიბრაზისგან დაკვესა.
- რას ლაპარაკობ,შენ ლილი როგორი ქალი გგონია. რა იკადრე,რადგან მარტო ზრდიდა შვილს,კაცი უნდა ყოლოდა?
- საწყენად არ მითქვამს ქალბატონო თამარა.რა გასაკვირია ასეთი ლამაზ ქალს ვინმე რომ
ყოლოდა.მამაკაცების ყურადღებას მიიპყრობდა.
- ხო მოსწონდათ, - უცებ დამშვიდდა ქალი- მაგრამ ახლოს არავის იკარებდა. რომ ეფიქრა
ვინმეზე,აუცილებლად მეცოდინებოდა.
- მეც ეგ გითხარით, ლამაზი ქალია და ეყოლებოდა თაყვანისმცემელი აბა რაა. თქვენ ხომ
საერთოდ,არაჩვეულებრივად გამოიყურებით. დარწმუნებული ვარ, ბევრს მოსწონხართ
- ასეცაა - გაინაზა თამარა- მაგრამ ჩემი შესაფერისი ვერავინ ვიპოვნე
- მართალია,რთულია - დაეთანხმა მარინეც და ქალი კვლავ ლაპარაკის ხასიათზე მოიყვანა.
- შენ არ გყავს ქმარი? - დაინტერესდა უცებ თამარა.
- არა,არ მყავს.
- რატომ? მართალია ლამაზი ხარ,მაგრამ ისე არა როგორიც მე ვიყავი.
გამომძიებელს გაეცინა: ჯერ ვერც მე ვიპოვე შესაფერისი.
- ჩვენი ეზოს ბიჭები ლაპარაკობდნენ, ირაკლი საქმეს ლამაზი ქალი იძიებსო. შეგირჩევ ვინმეს.
- კიდევ რას ლაპარაკობდნენ ბიჭები? - დაინტერესდა მარინე.
- პატარა გოგოა, მაგან რა უნდა გამოიძიოსო. გამომძიებელი ქალი რა დედის ტ... არისო.
გამომძიებელს გაეცინა. მაგრამ არ გაკვირვებია.
- ქალბატონო თამარა რას ამბობენ ბიჭები,რა მოხდაო? იქნებ ცოტა დამეხმაროთ.
- ირაკლის არავინ არაფერს დაუშავებდაო...
- ხო მაგრამ... -აღარ გააგრძელა გამომძიებელმა.
- არ ვიცი გენაცვალე,ბიჭებმაც არაფერი იციან.
ქალი გაჩუმდა, მარინე მიხვდა, რომ აუდიენციის დამთავრებუოს დრო იყო, დაემშვიდობა მასპინძელს და ბინა დატოვა.
გაგრძელება იქნება
ავტორი: სალომე ტაბატაძე