იორღოს პალიკარისი დილიდან ცოფებს ყრიდა, მისი ღრიალის ხმა მთელ შენობაში ისმოდა. გამწარებული თანამშრომლები დამფრთხალი თაგვებივით დარბოდნენ აღმა-დაღმა. ამჯერად საგანგებო სიტუაციების სამსახურზე იყო გაბრაზებული გენპროკურორი, რომლებმაც უარი უთხრეს წითელ ტბაში ჩაყვინთვაზე და სპეციალურ აღჭურვილობას ითხოვდნენ.
წითელი ტბა ტოქსინებით იყო სავსე, ჩვეულებრივი აღჭურვილობით იქ ჩასვლა სიკვდილზე ხელის მოწერას ნიშნავდა. ინფორმაციამ დილიდან პრესასა და ტელევიზიაში გაჟონა და ყველგან ეს ამბავი ისმოდა. მხოლოდ პირადმა მდივანმა გაბედა გენპროკურორის კაბინეტში თავის შემოყოფა და სოფოკლეს მოსვლა აცნობა.
სავსე საქაღალდით გამოცხადდა სოფოკლე პროკურორის კაბინეტში. მშვიდად ამოალაგა ქაღალდები და მაგიდაზე გაშალა. იორღო ელოდა, როდის დაიწყებდა საუბარს გამომძიებელი, მაგრამ მოთმინება ნელ-ნელა ეწურებოდა. როგორც იქნა ფოტოებს დასწვდა სოფოკლე და პროკურორს აჩვენა.
- ჩვენი გარდაცვლილი ნიკოლა პეტროვაა, ბულგარელი, განქორწინებული. ქმარი ბულგარეთშია. ჰყავს შვილი, 12 წლის სტეფანი. მათი გაუჩინარების შესახებ განცხადება ნიკოლას მეგობარმა პეტრო ივანოვმა გასული წლის მარტის თვეში გააკეთა. ერთ საათში ველოდები დეტალური გამოკითხვისთვის.
- რას საქმიანობდა პეტროვა კვიპროსში? - სურათს დახედა იორღომ, საიდანაც მომხიბვლელი ქერა ქალი იმზირებოდა. სავსე წითელი ტუჩებით და დიდი ცისფერი თვალებით.
- რესტორანში მუშაობდა მზარეულის დამხმარედ. ჯერ არ გავსაუბრებივარ მის თანამშრომლებს.
- ქმარი?
- ქმარი არ ვიცი, ბულგარეთშია. ოფიციალურად შვიდი წლის წინ განქორწინდნენ. იმის შემდეგ ჩამოვიდა ქალი კვიპროსში.
- ნარკოტიკები, ძარცვა, ქურდობა, პროსტიტუცია, რამეში ხომ არ იყო გარეული? - გააკეთა დიდი ჩამონათვალი პროკურორმა.
- ყველაფერი გადავამოწმე, არსად არაფერია. ორჯერ არის დაჯარიმებული მანქანის სიჩქარის გადაჭარბებისა და არასწორი პარკირებისთვის. თუ რამეს აკეთებდა, არ ვიცი, მაგრამ პოლიციას არ გამოუჭერია. მისი სამოსი იაფფასიანი საშუალო ხარისხისაა. დიდი შემოსავალი რომ ჰქონოდა, ასეთი ლამაზი ქალი აუცილებლად იყიდდა ძვირფას ნივთებს.
- შვილს ვერ პოულობ?
- ვერა, ვერცერთ სკოლაში ვერ ვნახე რეგისტრირებული ამ სახელის და გვარის გოგონა. აი, მოვა ივანოვი და უფრო მეტს გავიგებ.
- ექსპერტიზამ რა თქვა?
- ანდრეამ გააკეთა, იმის თვალს კი ვერაფერი გამოეპარება, ხომ იცი.
იორღომ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად.
- ჰოდა, ანდრეამ თქვა, ხელით არის დამხრჩვალიო, სექსის დროს, კულმინაციურ მომენტშიო.
- რააა? - პირი დააღო და თვალები გადმოსცვივდა გაკვირვებულ იორღოს.
- მეც ეგ რეაქცია მქონდა, ბატონო პალიკარის, მაგრამ იმას გეუბნებით, რაც მითხრა ექსპერტმა.
- შენ ამბობ, რომ საყვარელმა მოკლა?
- ან ერთი ღამის პარტნიორმა.
- ჰო, ეგეც შეიძლება, - თავის დაქნევით ჩაილაპარაკა პროკურორმა.
- თითები არ არის ჩემოდანში. სხეული ისეა დანაწევრებული და ჩალაგებული, მკვლელი ანატომიაში ძალიან კარგად ერკვევა და ხელიც გავარჯიშებული აქვსო. ტანსაცმელიც კი იდეალურად იყო დაკეცილი.
- სულ ნუ გამაგიჟებ, სოფოკლე, - თითი დაუქნია პალიკარისმა გამომძიებელს.
- რა ვქნა, ბატონო პალიკარის, ასეა... - ამოიხვნეშა გამომძიებელმა.
- კიდევ რამეა?
- არა, მეტი არაფერი. წავალ, ივანოვს შევხვდები. მერე მოგახსენებთ დანარჩენს. სოფოკლემ ისევე დინჯად აკრიფა თავისი ქაღალდები, როგორც დააწყო და კაბინეტი დატოვა. იორღოს პალიკარისი კიდევ რამდენიმე წამი იჯდა გაშეშებული, მერე თვალებში ნაპერწკლები აენთო და ტელეფონს დასტაცა ხელი.
პეტრო ივანოვი მაღალი ახალგაზრდა მამაკაცი იყო. თხელი სათვალე და იდეალურად დაყენებული ვარცხნილობა ამშვენებდა. გამომძიებლის კაბინეტში თეძოს რხევით შევიდა და მომხიბვლელი ღიმილით დაუჯდა წინ სოფოკლეს. მის ფონზე ჯმუხი გამომძიებელი კიდევ უფრო უხეში გამოჩნდა.
- მე პეტრო ივანოვი ვარ, ნიკოლა პეტროვას უახლოესი მეგობარი. - ტუჩების პრანჭვით გააცნო თავი სოფოკლეს.
- თქვენც ბულგარელი ბრძანდებით? - დაინტერესდა გამომძიებელი და ფურცელი მოიმარჯვა.
- დიახ, მეც და ნიკოლაც ბულგარელები ვართ.
- დიდი ხანია, რაც კვიპროსში ცხოვრობთ?
- თითქმის შვიდი წელია, მას შემდეგ, რაც ნიკოლა ქმარს დაშორდა.
- რატომ დაშორდა? ძალადობის მსხვერპლი ხომ არ იყო და იმალებოდა?
- არა, რას ამბობ, მშვენიერი ცოლ-ქმარი იყვნენ. დიმიტრის სხვა შეუყვარდა და მშვიდად დაშორდნენ ერთმანეთს.
- დიმიტრი ქმარს ჰქვია? რას საქმიანობს?
- დიახ, დიმიტრი პეტროვი მშვენიერი მამაკაცია, - გაინაზა პეტრო, - პატარა რესტორანი აქვს სოფიაში, მზარეულობაც მან ასწავლა ნიკოლას.
- როდის გაუჩინარდა ნიკოლა პეტროვა?
- არ გაუჩიინარდა, დამემშვიდობა და ისე წავიდა, - ხმა გაუტყდა ივანოვს.
- ვერ გავიგე, - გაუკვირდა გამომძიებელს.
- 15 მაისს წავიდა. მანამდე ერთად ვცხოვრობდით, მე, ნიკოლა და სტეფანი, მისი შვილი.
- სტეფანი სადაა ახლა?
- ისიც დაიკარგა დედასთან ერთად.
- მერე აქამდე რატომ არ განაცხადეთ ამის შესახებ? - თვალებიდან ცეცხლი გადმოყარა გამომძიებელმა.
- პოლიციაში მითხრეს, დედას თუ ვიპოვით, შვილიც გამოჩნდებაო. - გაღიზიანება დაეტყო ივანოვსაც ხმაში.
გამომძიებელმა ამოიხვნეშა, აღარფერი უთქვამს, მაგრამ მისი გახშირებული სუნთქვა სიბრაზეს აფრქვევდა.
- შენ ამბობ, რომ დაგემშვიდობა. სად წავიდა და რატომ? - მიუბრუნდა ივანოვს.
- ზამთარში, დაახლოებით იანვრის ბოლოს, ერთი მამაკაცი გაიცნო. მაისის თვემდე მიმოწერა ჰქონდათ ინტერნეტით. ხანდახან ტელეფონითაც საუბრობდნენ. მაისის დასაწყისში აია-ნაპაში სთხოვა ჩასვლა. უნდოდა, რომ მასთან გადასულიყო საცხოვრებლად. ნიკოლა დიდხანს ფიქრობდა, მაგრამ ბოლოს ბინა იქირავა აია-ნაპაში და იქ გაემგზავრა. ერთი კვირა ყოველდღე მირეკავდა, მარიო ჯერ ვერ ვნახე, მივლინებაშიაო. ჩვენ კარგად ვართო. სამუშაოც იპოვა. მერე უცებ ერთ დღეს აღარ დამირეკა, არც მეორე, არც მესამე დღეს. ერთი კვირის მერე პოლიციაში მივედი. რომ მოვუყევი ყველაფერი, ასე მითხრეს, ალბათ მარიოსთან ერთად გაემგზავრა სხვა ქვეყანაშიო. არ დავიჯერე, მაგრამ ვეღარაფერი ვქენი, - ცრემლებით დაასრულა მოყოლა პეტრომ.
- ბავშვი? შვილი სად წაიყვანა?
- თან წაიყვანა. ორივე ერთად გაქრა.
- თქვენთან რა ურთიერთობა ჰქონდა? თქვენთან ცხოვრობდა და სხვა მამაკაცებს ხვდებოდა?
პეტრო ივანოვს გაეღიმა: ბატონო სოფოკლეოს, მე ჰომოსექსუალი ვარ, მამაკაცები მომწონს, ნუთუ ვერ მიხვდით აქამდე?
სოფოკლე დაიბნა, რა ეპასუხა, არ იცოდა და ქაღალდებს დაუწყო ფურცვლა.
- ნიკოლა ნარკოტიკებს ხომ არ იღებდა?
- არა, არავითარი ნარკოტიკი, სასმელი და მსგავსი საშუალებები. სიგარეტსაც არ ეწეოდა.
- ბევრი მამაკაცი ჰყავდა?
- განქორწინების შემდეგ, - ჩაფიქრდა პეტრო, - ერთი, ორი, სამი. მარიო მესამე იყო.
მარიოზე რას მეტყვი, რა იცი?
- ზუსტად სადაურია, არ ვიცი, ყოფილი სამხედროა. ახლა თვითმფრინავების ნაწილების ექსპორტზე მუშაობს. ნანახი არ მყავს, არც ფოტოთი ვიცი. ვიდეოთვალით საუბრობდნენ ხოლმე. ნიკოლა ამბობდა, ძალიან მაღალი, ნავარჯიშები და ლამაზი მამაკაციაო. თავისუფლად საუბრობს ინგლისურ და რუსულ ენებზეო.
გამომძიებელმა რაღაც მოინიშნა.
- სად გაიცნო ნიკოლამ მარიო?
- გაცნობის საიტია OKKON.COM. მე დავარეგისტრირე. ნიკოლას არ უნდოდა, მაგრამ ზოგჯერ ერთად შევდიოდით და ვერთობოდით.
- ამ ვებვერდით კონტაქტობდნენ თუ სხვა სოციალური ქსელებითაც?
- facebook-ითაც.
- კიდევ რამის დამატება ხომ არ გინდა?
- არა, არაფერი, - თავი ჩაღუნა ივანოვმა.
- მაშინ დაგემშვიდობები. დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის. კიდევ დაგიკავშირდებით და ინფორმაციას მოგაწვდით ხოლმე. როგორც ვატყობ, შენზე ახლობელი პეტროვას არავინ ჰყავს.
გაგრძელება იქნება
ავტორი: სალომე ტაბატაძე