ბიჭი წამოდგა, ხელის ჩამორთმევით დაემშვიდობა გამომძიებელს და გულდამძიმებული გავიდა კაბინეტიდან.
იორღოს პალიკარისი შუადღის მერე წითელ ტბასთან იყო და აწიოკებდა მყვინთავებს. როგორც იქნა, მათი მოთხოვნილი სპეციალური აღჭურვილობა იშოვა და ახლა ყველა სანტიმეტრს ათვალიერებინებდა წყლის ქვეშ მყოფებს. თვითონ ტბას გარს უვლიდა და მაძებარი ძაღლივით ყნოსავდა. უკვე ბინდდებოდა, მას კი ამ საქმის დამთავრება დღესვე უნდოდა.
მას შემდეგ, რაც ნიკოლა პეტროვას გვამი აღმოაჩინეს, პრეზიდენტიც და პრესაც მოსვენებას არ აძლევდნენ. დღეს საღამოსაც უმაღლეს მთავარსარდალთან იყო დაბარებული გამომძიებელ სოფოკლეს სოფოკლეოსთან ერთად. უკვე იმედი გადაწურული ჰქონდა, მყვინთავებმა რაღაც რომ შენიშნეს და უფრო ღრმად ჩაყვინთეს. იორღო ნავზე ავიდა და შუა ტბაში მოითხოვა გაყვანა. რაციაში ჯერ შიშინის ხმა მოესმა, შემდეგ კი სიტყვები გაარჩია: ,,ჩემოდანი, ჩაკეტილი ჩემოდანი". პალიკარისს ტანში უსიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა და ცივმა ოფლმა დაასხა სახეზე. მყვინთავებმა შავი, წყლისგან გაფუჭებული ჩემოდანი ამოათრიეს ნავზე. იორღომ საკეტთან ჩაიმუხლა, დანის პირით გატეხა და ზედა ნაწილი ასწია. თავის ქალის თვალის ფოსოებიდან კაკლები გადმოეკიდა. იორღომ სახურავს ხელი აუშვა, ნავის კიდეს დაეყრდნო და გული აერია.
საღამოს ცხრა საათი სრულდებოდა, გაწითლებული და ოფლში გაწურული გენპროკურორი იორღოს პალიკარისი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იჯდა და საათს მალ-მალე დასჩერებოდა. როგორც იქნა, გამომძიებელი სოფოკლე გამოჩნდა. იორღოს საყვედური უდა ეთქვა დაგვიანებისთვის, მაგრამ პრეზიდენტის მდივანი გამოკაკუნდა მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით და მამაკაცები კაბინეტში შეიპატიჟა.
- როგორ არის საქმე, ბატონებო? - მიმართა ქვეყნის მთავარსარდალმა პოლიციელებს და სავარძელზე მიუთითა.
- ცუდად, - უპასუხა პალიკარისმა. შექმნილი მდგომარეობის დამალვას აზრი არ ჰქონდა.
- ვინაა ახალი გარდაცვლილი?
- ალექსანდრა კალჩუ. რუმინელი, 20 წლის. მარტო ცხოვრობდა.
- იგივე ხელწერაა? - დაინტერესდა პრეზიდენტი.
- პეტროვა დამხრჩვალია, კალჩუ კი ცეცხლსასროლი იარაღითაა მკვდარი.
- რა იარაღით?
- აკ-47. აკრძალულია ჩვენს ქვეყანაში. ძვირად ღირებული იარაღია. ახლო მანძილიდან არის ნასროლი კეფაში. არც ამ შემთხვევაშია ფალანგები, სხეული ზუსტად ისევეა დანაწევრებული, როგორც წინა. ჩემოდანშიც ერთნაირადაა ჩალაგებული. საქმე სერიულ მკვლელთან გვაქვს. ორივე ქალი მსგავსი გარეგნობისაა, ქერა, ცისფერთვალება, მარტოხელა უცხოელი. დაახლოებით ერთი სიმაღლის და აღნაგობის. ორივე ძალიან ლამაზი.
- როდისაა გარდაცვლილი კალჩუ? - დაინტერესდა პრეზიდენტი.
- შემოდგომაზე. ორივე მსხვერპლი ერთმანეთის მსგავსი ჩემოდნებით იყო წითელ ტბაში ჩაგდებული. ორივე სოციალურ ქსელ OKKON.COM-ს იყენებდა.
- საინტერესოა. ე.ი. სოციალურ ქსელით ეცნობა მკვლელი მსხვერპლს? - ჩაფიქრდა პრეზიდენტი.
- დიახ, როგორც ჩანს. - ხმა ამოიღო აქამდე ჩუმად მჯდომმა სოფოკლემ, - ორივე გოგონას პირადი გვერდი გავტეხეთ facebook-ზეც და okkon.com-ზეც. მიმოწერებს მთელი დღე ვკითხულობდით. ორივე შემთხვევაში შინაარსი ერთი და იგივეა, მაგრამ ადრესატის სახელები სხვადასხვა. პეტროვა მარიოს ესაუბრება, კალჩუ კი პაბლოს.
- სურათები, მისამართები, რამე არის საიდენტიფიკაციო?
- არაფერი, გაცნობითი ხასიათის მიმოწერა და მერე ვიდეოთვალით საუბრები. ორივე შემთხვევაში მკვლელს პირადი გვერდი გაუქმებული აქვს სოციალური ქსელებიდან.
- ესე იგი, არაფერი გაქვთ, რითაც მკვლელს დაიჭერთ?- თვალები დააკვესა პრეზიდენტმა. - სერიული მკვლელი ქვეყანაში თავისუფლად დადის და რა საქმითაა დაკავებული ამდენი პოლიციელი? ნარკოტიკებს მიაქვს კვიპროსი, ქურდობა და ყაჩაღობა ყოველ ფეხის ნაბიჯზეა, ტურისტებს ეშინიათ, ადგილობრივები კარჩაკეტილი ცხოვრობენ და თქვენ რას მიკეთებთ?
პოლიციელები ხმის ამოუღებლად, თავჩაღუნულები უსმენდნენ ქვეყნის მთავარსარდლის ბობოქრობას.
- სულ რამდენი დაკარგული გვყავს ბაზაში? - მიუბრუნდა გენპროკურორს პრეზიდენტი.
- 47 - ამოიკნავლა იორღომ.
- 47? რამდენი მათგანის დაკარგვის ფაქტზე მიდის ძიება?
- ოფიციალურად ყველაზე. - ჩაილაპარაკა ისევ პალიკარისმა.
- მე გეკითხები აქტიურ ძიებას, - ხმას აუწია პრეზიდენტმა.
- არცერთზე აქამდე.
მთავარსარდალი წამოდგა, მაცივრიდან ცივი წყალი გამოიღო და ერთი ამოსუნთქვით დაცალა გრაფინი.
- აქედან ქალი რამდენია?
- 13, ბატონო პრეზიდენტო, 5 ევროპელი, 3 სირიელი, 5 ფერადკანიანი აფრიკელი.
- ამ ხუთიდან ორი იპოვეთ, ხომ? შეიძლება დარჩენილი სამიც წითელ ტბაში განისვენებდეს. - გამოთქვა ვარაუდი პრეზიდენტმა.
- სამიდან ერთი ნიკოლა პეტროვას შვილია, - ჩაილაპარაკა სოფოკლემ.
- ეგ ბავშვი ჯერ ვერ იპოვეთ? - კიდევ ერთხელ დააკვესა თვალები მთავარსარდალმა.
- როგორც პეტროვას მეგობარმა თქვა, ქალმა ბავშვი თან წაიყვანა და ერთად გაუჩინარდნენ. ან ბავშვიც მკვდარია, ან შეშინებული სადმე იმალება, - ხმის ამოღება გაბედა სოფოკლემ.
- იმედია, ცოცხალია, - ჩაილაპარაკა იორღომ.
- ილოცე, იორღოს პალიკარის, რომ ის ბავშვი ცოცხალი იყოს. თუ მოწმეა, მკვლელი მასზე ინადირებს. ეს საქმე შენი ბოლო შანსია. ან მიიყვანე ბოლომდე და უმოკლეს დროში გახსენი, ან დაემშვიდობე პროკურატურას. ახლა კი თავისუფალი ბრძანდებით, ბატონებო.
პოლიციელები ხმის ამოუღებლად გავიდნენ კაბინეტიდან, პრეზიდენტი კი კიდევ დიდხანს იჯდა სავარძელში თავჩაღუნული და ფიქრობდა.
გენპროკურორს პრეზიდენტთან მძიმე საუბრის შემდეგ ცოლის უაზრო ჩხუბის მოსმენა არ უნდოდა და სოფიასთან რამდენიმე საათის გატარება გადაწყვიტა. სახლში ისეთ დროს დაბრუნდა, რომ მარიას ეძინა, მის გაღვიძებას კი მისაღებ ოთახში დივანზე ძილი ერჩივნა. მოუხერხებლად წოლას კოშმარული სიზმრები დაემატა, პრეზიდენტი თავისი ხელით აწერინებდა გადადგომაზე თხოვნის განცხადებას. ოფლში გაწურულმა იორღომ თვალი გაახილა და თავზე დამდგარი ცოლის შეშინებული სახე დაინახა.
- მშვიდობაა? - იკითხა დაბალი ხმით.
- არა, - უპასუხა ქალმა და ზურგი აქცია.
- ბავშვს სჭირს რამე? - დივანზე წამოჯდა იორღო და საშინელების მოლოდინში გაიტრუნა. ქალს ხმა არ ამოუღია, მხოლოდ მისი თვალები აფრქვევდა ცეცხლს.
- რა ხდება? - ამოიხვნეშა კაცმა, - რა გითხრეს შენმა ჭორიკანა მეგობრებმა?
- მეგობრებმა არა, ტელევოზორმა, - მკვახედ უპასუხა ქალმა და კედელზე ჩამოკიდებული ეკრანი ჩართო.
იორღომ ჯერ სიბნელეში დანთებული სანთლები გაარჩია, მერე კი მათი პატრონები. რამდენიმე ასეული ადამიანი შსს სამინისტროსთან იდგა ანთებული სანთლებით და ტრანსპარანტებით ხელში და შსს მინისტრის და გენპროკურორის გადადგომას ითხოვდა. ჟურნალისტი დეტალურად ჰყვებოდა წითელ ტბაში აღმოჩენილი გვამების შესახებ და მათ უცხოელობას უსვამდა ხაზს. რამდენიმე რესპონდენტმა ისიც თქვა, რომ რადგან დაკარგულები კვიპროსის მოქალაქეები არ იყვნენ, მათი მოძებნით თავი არავინ შეიწუხაო. ტახტზე წამომჯდარმა იორღომ თავი ხელებში ჩარგო და მთელ ხმაზე აღმუვლდა.
§თავი 8
გამჭვირვალე მინებში ოთახის მოწყობილობა ჩანდა, უმრავი მონიტორი ერთდროულად ციმციმებდა. მათი ზუზუნი უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც ისმოდა. სამი ახალგაზრდა მამაკაცი და ერთი გოგონა ყურსასმენებით ისხდნენ სავარძლებში და მათი ბორბლებით გადაადგილდებოდნენ. მინის კარებთან მარინე რამდენიმე წამით შედგა. გაუკვირდა, ასე თავისუფლად მოგორიალე ხალხი რომ დაინახა და წარმოიდგინა, როგორი იქნებოდა, ერთმანეთს რომ შეჯახებოდნენ. კარებზე დაკაკუნებას აზრი არ ჰქონდა, მაინც ვერაფერს გაიგებდნენ. ის-ის იყო, კარები უნდა შეეღო, რომ სათვალიანმა ბიჭმა მოიხედა, წამოდგა და კარებისკენ დაიძრა.
- რა სიურპრიზია, ქალბატონო მარინე, შენი ნახვა, - ორივე ხელი მოხვია მარინეს და ფართო გულ-მკერდზე მიიხუტა. - არ მჯეროდა, როცა მითხრეს, დაბრუნდაო.
- მეც მიხარია შენი ნახვა, საბა, მშვენივრად გამოიყურები. ამ სავარძელში ატარებ მთელ დღეს და ეს კუნთები, დავიჯერო, ონლაინში დაიყენე? - გამაგრებულ მკლავზე ჩაეჭიდა მარინე.
- ონლაინში რომ შეიძლებოდეს, მთელი მსოფლიო დაკუნთული იქნებოდა და არა ჭარბწონიანი. - ახვიხვინდა საბა. მარინეს ყოველთვის ეცინებოდა საბას ცხენივით ხმაზე. ამ ბიჭს აშკარად ოტოლარინგოლოგი სჭირდებოდა.
- აბა, რაო, მარინე, რამ მოგიყვანა ჩემთან?
- დიღმის მასივში მომხდარ მკვლელობას ვიძიებ და სათვალთვალო კამერების დათვალიერება მინდა.
- ჰო, ვიცი ეგ ამბავი, ძალიან გახმაურდა უკვე. - საქმიანად დატრიალდა საბა, - მკვლელობის დროის მიხედვით დავათვალიერე კამერები. ერთი მაღაზიიდან, ორი შუქნიშანთან დამონტაჟებული. მოდი, ნახე, - მონიტორი ჩართო საბამ და თავისი სავარძელი დაუთმო ქალს, - ორ კამერაში ჩანს მამაკაცი. მარტო გადაადგილდება მკვლელობამდე სამი წუთით ადრე. მეორედ ის მამაკაცი შუქნიშნის კამერამ დააფიქსირა, მკვლელობიდან ორ წუთში სანაპიროსკენ მიდის.
მარინე ჩანაწერებს უყურებდა, გარე განათება აფერმკრთალებდა გამოსახულებას.
- შეგიძლია შეანელო და მოაახლოო? - თვალები დააწვრილა მარინემ.
საბამ მხოლოდ თავი დააქნია და თითები ააწკაპუნა კლავიატურაზე. ჩანაწერი შენელდა. მამაკაცის ფიგურა უფრო გამოიკვეთა. შავი ტანსაცმელი და შავი "კეპიანი" ქუდი, სწორედ ის იყო, ვისაც მარინე ეძებდა.
- ეს კადრი ამომიბეჭდე ფურცლებზე, საბა. ზურგიდან რომელიცაა, ის კიდევ უფრო მოაახლოე. - ახლოს მიიწია მონიტორთან მარინე. საბამ უსიტყვოდ შეასრულა თხოვნა.
- ნახე, საბა, დააკვირდი, გთხოვ, კისერზე რამე ნახატი აქვს?
გაგრძელება იქნება
ავტორი: სალომე ტაბატაძე