საბამ თვალები დააწვრილა, მერე სათვალე აიღო და ისევ კლავიატურას მიუბრუნდა.
- ნახატია, მარინე, თან ფერადი. მხრებიდამ კისერს მიუყვება და კეფასთან მთავრდება.
- შეგიძლია უფრო მკვეთრად მაჩვენო ნახატი?
საბამ ისევ კლავიატურაზე აათამაშა თითები.
- ობობას ქსელს ჰგავს, ეს ნაწილი კი საცეცები უნდა იყოს.
- დიდი ხნის გაკეთებულს ჰგავს, ვერ გავიგებთ, როდის და სად გაიკეთა, მაგრამ საიდენტიფიკაციოდ გამოდგება. გავაგზავნოთ ეს ფოტოები ყველგან, სადაც საჭიროა.
- დამატებით თუ რამეს გავარკვევ, დაგირეკავ, მარინე, - საბამ კიდევ ერთხელ გაშალა ხელები. - მოდი, ჩაგეხუტო, ძალიან მიხარია შენი დაბრუნება. ძალიან მიყვარხარ, - შუბლზე აკოცა და თმები ისე აუჩეჩა, როგორც ბავშვობაში, როცა მარინეს გაბრაზება უნდოდა.
მარინეს ტელევიზორი ჩართული ჰქონდა და თვლემდა. როკი მის კალთაში მოკალათებულიყო და ცალი თვალით რეკლამებს უყურებდა. ღია ფანჯარაში ბავშვების ხმაური ისმოდა. მეზობლებს შვილები ეზოში ჩამოეყვანათ და ათამაშებდნენ. როკიმ მეორე თვალიც გაახილა და მარინეს ხელების ლოკვა დაუწყო. მისი გასეირნების დრო მოდიოდა და ქალს დაძინების საშუალებას აღარ მისცემდა. "დედაც არაა სახლში", - გაიფიქრა მარინემ და ქერა თმა ერთი ხელის მოსმით აიკეცა. ძაღლს პატარა ჯაჭვი ჩააბა, პირველივე ხელში მოხვედრილი სპორტული ფეხსაცმელი ამოიცვა და კარები გაიხურა.
ეზო სავსე იყო არა მარტო ბავშვებით და მათი მშობლებით, ბებია-ბაბუებიც კი გამოფენილიყვნენ და თბილი თვალებით უყურებდნენ ეზოში მორბენალ პაწიებს.
- მარინე, გამარჯობა დაგავიწყდა, გოგო? - გამოეხმაურა შუახნის ქალი და ბავშვს მოსაცმელი გაუსწორა.
- გამარჯობა, ქეთო დეიდა, ბოდიში, ვერ შეგამჩნიე, - გაუღიმა ქალმა.
- რას შემამჩნევ, ისეთი სახით დადიხარ, გეგონება, მილიონი იშოვე, - არ ცხრებოდა ქალი. - ზოგჯერ ეზოში უნდა გამოხვიდე, ხალხს დაენახო. თუ არა, დარჩები გაუთხოვარი.
- გამოვივლი, ქეთო დეიდა, - დააიმედა მარინემაც და ბავშვებისკენ გაწეულ როკის ჯაჭვი მოუჭიმა.
- იმ ამბის მერე ამ გოგოს საქმე არაა კარგად, - ხმამაღლა აგრძელებდა ქეთო. - ვერც ბედს ეწევა ეგ. ჩემს ბიჭს მოსწონდა ადრე, მაგრამ რომ ვუთხარი, მაგისკენ აღარ გაიხედო-მეთქი, დამიჯერა. თქვენ ხომ იცით, რა დამჯერი შვილი მყავს მე, - დაიმოწმა გვერდით მჯდომი ქალები. - ასე თქვა, ვინ იცის, გატაცებული რომ იყო, იქ რა უქნესო. მასე ნათრევი ქალი მე რად მინდაო.
"ახლა მე მკითხე, როგორ მინდოდა შენი გამოშტერებული შვილი", - გაიფიქრა მარინემ და ცენტრალური გზისკენ გადაუხვია. როკიმ ბავშვები ვეღარ დაინახა და ახლა გაბუტული სახით ფეხდაფეხ მისდევდა პატრონს.
ასი მეტრი არ ექნებოდათ გავლილი, მანქანა რომ გაჩერდა და სპორტულ ტანსაცმელში გამოწყობილი პროკურორი ლევან არაბული გადმოვიდა.
- მარინე, ძაღლით არ გელოდი, - გაუღიმა კაცმა.
- მე აქვე ვცხოვრობ, ბატონო ლევან. თქვენ უფრო არ გელოდით ამ გზაზე. როგორ ბრძანდებით?
- კარგად, კარგად. საით გაგიწევიათ შენ და შენს პატარას? - როკისთან ჩაიმუხლა ლევანმა, მაგრამ ძაღლს აშკარად არ მოეწონა ორმეტრიანი მამაკაცი და თავისი პატარა ეშვები გამოუჩინა.
- ოპ, არ მოვეწონე ქალბატონს? - გაეცინა არაბულს.
- ქალბატონი არა, ბატონია და როკი ჰქვია, - გაეღიმა ქალსაც.
- აა, იეჭვიანა? ზღვაზე მივდივარ ჩემი ტაისონის გასასეირნებლად. ხომ არ წამოხვალთ? - ფეხზე წამოდგა მამაკაცი. მარინემ გაკვირვებულმა შეხედა პროკურორს. აშკარად ვერ გაიგო, ტაისონი ვინ იყო და სად ეპატიჟებოდა მას და მის პატარას არაბული.
- ტაისონი ჩემი პიტბულია, მანქანაშია. წამოხვალთ?
მარინეს ჯერ გაეცინა, მერე პიტბულის ხსენებაზე თვალები ააფახურა.
- ხომ შემჭამს თქვენი ტაისონი, ბატონო ლევან, - ნაბიჯი უკან გადადგა და რამდენადაც შეეძლო, მოშორდა მანქანას.
- რატომ შეგჭამს, - არაბულმა მანქანის კარები გააღო და შავმა არსებამაც ჭკვიანი თვალები მიანათა ქალს.
- ტაისონ, ჩამოდი. ეს მარინეა, ეს კი როკი, - მიმართა ძაღლს კაცმა. მიწაზე ჯერ წინა ორი თათი დაეშვა, მერე უკანა, წამოიმართა დ გვერდით ამოუდგა პატრონს. როკი ცალი თვალით შეათვალიერა, თითქოს არც კი არსებულიყო და მარინეზე გადაიტანა მზერა.
პეკინესმა ერთი კი შეჰყეფა, მეტი ვეღარ გაბედა და ქალის ფეხებს უკან დაიმალა.
- აბა, მოდიხართ? - შეათვალიერა შეშინებული როკი და მისი პატრონი პროკურორმა.
- გავბედავთ, - ჩაილუღლუღა მარინემ და მანქანისკენ დაიძრა. როკი არ ემორჩილებოდა. სულ არ უნდოდა ამ შავ გოლიათებთან ერთად მანქანაში ჩაჯდომა.
- წინა სავარძელზე დაბრძანდით და როკიც იქ დაისვით, - გაიღიმა არაბულმა და მანქანის წინა კარები გაუღო სტუმრებს.
- გმადლობთ, ბატონებო, სხვა დროს ჩვენ დაგპატიჟებთ სასეირნოდ, - როგორც იქნა, გაუღიმა ქალმა.
- სიამოვნებით წამოვალთ, სადაც გვეტყვით, - გაეპასუხა არაბული და თბილისის ზღვისკენ მიმავალ გზას დაადგა.
წერეთლის გამზირზე მანქანების ნაკადი არ წყდებოდა. დაბურულმინებიანმა ძველმა ford-მა გზიდან გადაუხვია და მიყრუებულ ჩიხში შევიდა. ორი ახალგაზრდა მამაკაცი ერთდროულად გადმოვიდა და გაიარ-გამოიარა. ძველებური დაბალი სახლები ჩაბნელებულიყო. კედლებზე საღებავებით ახალგაზრდებს მხატვრული ნიჭი გამოემზეურებინათ და უხამსი ნახატებით მოერთოთ იქაურობა. მელოტმა კედელს ჩაუარა, ჩაიცინა და გვერდულად გახედა თანამგზავრს.
- ეე, ამას შეხედე, რა ნიჭიერია, - გამოაჩინა გაფუჭებული კბილები. - ს... დაუხატავს, თან რა ლამაზად, კოცნა მოგინდება.
- ჰოდა, მოდი და მაკოცე, - გაეკრიჭა თანამგზავრი.
- შენ შ... - გაბრაზდა მელოტი და ნახატებს თავი ანება.
- კაიი, ძმა, ეგეთებზე იგრუზები? მაგ ჩემოდანს კარგად მოჰკიდე ხელი და მანქანაში ჩაჯექი. ძაან საეჭვოდ გაქ, ვინმემ რომ დაგინახოს, - საუბრის თემა გადაიტანა დათომ და მამაკაცს ხელზე ხელბორკილით მიბმულ პატარა ჩემოდანზე მიუთითა.
- მართალი ხარ. რაც ამაში ქონებაა, ეს რომ ჩემი იყოს, მაიამიში მოვხევდი.
- არა, ბრატ, ერთი ცალი რომ მოაკლდეს, დაგვხოცავენ, ხო იცი.
- ვიცი და იმიტომ მაქვს მიბმული. ისე, რად უნდათ ამდენი ქარვა, არ იცი?
- აბა, მე საიდან, - ხელები გაშალა დათომ, - მე ჩამოვიტანე და გადავაბარებ იმ პაკისტანელს თუ ერაყელს და მორჩა, ჩემს ფულს ავიღებ.
- უფრო მეტი უნდა მოსთხოვო, ბრატ, ორად გატეხილი ცოტაა, - უკმაყოფილო ტონით ჩაილაპარაკა ჩემოდნიანმა და მანქანისკენ დაიძრა, წინა სავარძელზე მოთავსდა და რადიო ჩართო.
სალონში მუსიკის ხმა გაისმა. ჩემოდანი მუხლებზე დაიდო და თვალები დახუჭა.
ის-ის იყო, მისი თანამგზავრიც იმავეს გამეორებას აპირებდა, რომ ჩიხში მაღალმა მამაკაცმა შემოუხვია. ტყავის შავი მოსაცმელი უწესრიგოდ მოეგდო მხრებზე და ბარბაცით მიუყვებოდა კედელს. დათომ ფეხი შეანელა და მოსულს გახედა. მამაკაცი არეული ნაბიჯით გაუსწორდა მანქანას. ქურთუკიდან სიგარეტის ერთი ღერი ამოაძრო და სანთებელას დაუწყო ძებნა. მერე დათოს გახედა და გაუღიმა.
-"ზაჟიგალკა", ბრატ, - არეული ხმით უთხრა და მისკენ დაიძრა. ბიჭმა სანთებელა აანთო, მაგრამ შეხედვა ვერ მოასწრო, რომ რკინის კლანჭებმა ყელსა და კისერზე მოუჭირა. უმნიშვნელო ტკაცუნის ხმა გაისმა და მოშვებული სხეული მიწაზე დაცურდა.
ზვიადმა მანქანის სარკეში დალანდა მეგობრის სხეული. მანქანის გასაღების გადატრიალება სცადა, მაგრამ წამიერად გასროლილმა ტყვიამ საფეთქელი გახვრეტა და მეორე მხარეს გავიდა, საქარე მინაზე კი ერთმანეთში არეული სისხლი და ტვინი ჩამოცურდა. ქურთუკიანი მამაკაცი ჩემოდანს დასწვდა, ხელბორკილს დახედა და სანადირო დანა გაშალა. მაჯაში სახსარი გადაუხსნა და ხელბორკილი მოაძრო. მანქანის კარები მიხურა და აუღელვებლად დატოვა ქუჩა.
მარინე მანქანას მართავდა და თან დაბალ ხმაზე მუსიკას უსმენდა. ღამე მშვიდად ეძინა და ენერგიით სავსე მიდიოდა სამსახურში. ქუჩის კუთხეში თავისი საყვარელი "სტარბაქსის" ყავა აიღო და მოხდენილი ნაბიჯით შევიდა შენობაში.
- მარინე, გურამ ჯიშკარიანი გეძებს, გაცოფებულია. - შეეჩეხა დერეფანში მორიგე გოგონა.
- რა ხდება? რატომ არ დამირეკეს? - ტელეფონს დაუწყო ძებნა მარინემ.
- გირეკავდნენ და არ პასუხობდი. არ ვიცი, რა ხდება, უფროსი ნახე, - შეშფოთებული ხმით ლაპარაკობდა გოგონა, მაგრამ მარინეს უკვე აღარაფერი ესმოდა, ისე გარბოდა ჯიშკარიანის კაბინეტისკენ.
საგამოძიებო სამსახურის უფროსის კაბინეტთან გამომძიებელმა ერთ წამს შეისვენა, ღრმად ამოისუნთქა, ჩაისუნთქა, კარებზე დააკაკუნა და თან შეაღო.
- სად ხარ, ნაკაშიძე, ამდენ ხანს? ცოცხლებში წერიხარ? - იმხელა ხმაზე იყვირა კაცმა, მარინეს თვალები გაუფართოვდა. მაგიდაზე ფურცლების გროვა ედგა ჯიშკარიანს და ისედაც ჩია კაცი ძლივს მოჩანდა.
- მითხრეს, რომ მეძებდით, - გაინაზა მარინე და თვალების ფახურით სცადა უფროსის გულის მოგება.
- მეტჯერ აღარ დაიკარგო, ლამის ძებნა გამოვაცხადე შენზე, - დატკბა მამაკაცი. - რატომ არ პასუხობდი ტელეფონს?
- ალბათ, გამომერთო ხმა ან ღრმად ჩამეძინა, ბოდიში, - თავი დახარა ქალმა. - რა ხდება ასეთი, ბატონო გურამ?
- ისეთები ხდება, ნაკაშიძე, რომ აზრზე ვერ მოხვალ. აი, ლევანი მოვა წუთი-წუთზე, ყოვლისმცოდნე საბაც აქ დასუნსულებს ჭორების მოსაგროვებლად. სანამ შემოგვიერთდება, მანამდე აი, ამას გაეცანი, - ჯიშკარიანმა ყვითელი საქაღალდე ძლივს ამოქექა ქაღალდების გროვაში და მარინეს მიაწოდა.
პირველსავე ფურცელზე ორი ახალგაზრდა მამაკაცის ფოტო იყო პასპორტიდან ამოღებული. მას მანქანაში გადაღებული ფოტოები მოსდევდა. ერთ-ერთს თავი უკან გადაეგდო და წინა სავარძელზე ჩაკეცილიყო. მეორე მამაკაცი შუა ქუჩაში გაშოტილიყო და თავი არაბუნებრივად უკან მოჰქცეოდა. მარინემ თვალები დახუჭა, როცა მორიგ ფოტოზე მაჯაში გადაჭრილი ხელი დაინახა.
გაგრძელება იქნება
ავტორი: სალომე ტაბატაძე