რამდენიმე წამი ორივე გაჩუმდა.
- რატომ ნადირობენ ამ ხალხზე? რა ხდება? - მუხლებზე იდაყვებით დაეყრდნო მარინე და თვალებში მიაჩერდა არაბულს.
- არ ვიცი, მაგრამ ძალიან საინტერესოა, - ჩაფიქრდა პროკურორი.
- თავდამსხმელი თუ უკრაინიდან არის გამოგზავნილი, როგორ შემოვიდა ქვეყანაში ისე, რომ ვერცერთ საბაჟო გამშვებ პუნქტზე ვერ აღმოვაჩინეთ?
- არ ვიცი, - აიჩეჩა მხრები ლევანმა. - ტვინი სულ არ მუშაობს. წამოდი, სადმე ვისაუზმოთ, იქნებ მიეწოდოს ცოტა ჟანგბადი ტვინს და რამე აზრი მომივიდეს. - პასუხს აღარ დალოდებია, ისე დასწვდა დივანზე მიგდებულ პიჯაკს. მარინემაც აალაგა თავისი ქაღალდები და უკან გაჰყვა პროკურორს.
ირაკლი მაისურაძის დაკრძალვას დიდი პომპეზურობით არ ჩაუვლია. სულ რამდენიმე მეზობელმა და უბნის ახალგაზრდობამ მიაცილა საფლავამდე ბიჭი. ლილი მაისურაძე საავადმყოფოდან ექიმების და ორი პოლიციელის თანხლებით მიიყვანეს ორი საათით და ისევ უკან დააბრუნეს. სამაგიეროდ, საბურთალოს სასაფლაო გადავსებული იყო პოლიციელებით. ყოველ ორმოცდაათ მეტრში ისხდნენ საფლავებთან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელები და უცხო ხალხს დასტიროდნენ. თვალებს გაფაციცებით ატრიალებდნენ და ყველა საეჭვო პირს ათვალიერებდნენ, მაგრამ მათთვის საინტერესო არავინ გამოჩენილა.
დაკრძალვის მეორე დღესვე ლევან არაბული გამომძიებელ მარინე ნაკაშიძესთან ერთად საავადმყოფოში ესტუმრა ლილი მაისურაძეს. ქალბატონი ლილი ჯერ ისევ სუსტად იყო, თუმცა დამოუკიდებლად გადაადგილება შეეძლო. ფანჯარასთან იჯდა, ხელში შვილის სურათი ეკავა და ცრემლები ჩამოსდიოდა სახეზე. გამომძიებლის და პროკურორის დანახვაზე ფეხზე წამოდგა და უმეტყველო თვალებით მიაჩერდა მოსულებს.
- როგორ გრძნობთ თავს, ქალბატონო ლილი? - მოიკითხა ავადმყოფი მარინემ და იქვე მდგომ სკამზე ჩამოჯდა.
- როგორ უნდა ვიყო, - სურათზე ანიშნა ქალმა.
- კიდევ ერთხელ ვიზიარებ, - თანაგრძნობით შეხედა გამომძიებელმა.
- მადლობა. რამე გაარკვიეთ? - დაინტერესდა მაისურაძე.
- ვიძიებთ, მაგრამ თქვენი დახმარება მჭირდება...
- ამდენი ხანი რას იძიებთ?! რომ გკითხოთ კაცმა, პოლიცია გამართულად მუშაობსო და ესაა თქვენი მუშაობა? - წამოენთო ქალი.
- დაწყნარდით, ქალბატონო ლილი, იმდენი საინტერესო რამე გავიგეთ ძიების პროცესში, თქვენც კი გაგიკვირდებათ. - საუბარში ჩაერია არაბული. - საინფორმაციო გამოშვებას უყურებთ? ან პრესას ეცნობით?
ქალს თვალები გაუფართოვდა.
- არა, არ ვეცნობი, რა მოხდა?
- ორი დღის წინ მოკლეს დავით დეკანოიძე და ზვიად ჩიხლაძე. იცნობთ ამ ხალხს? - პროკურორმა სურათები ამოიღო და მაისურაძეს მიაწოდა.
- არ ვიცნობ, რატომ უნდა ვიცნობდე? - აიმრიზა ქალი.
- იმიტომ, რომ ირაკლი და ეს ორი ბიჭი ერთი და იგივე პიროვნებამ მოკლა. პირობითად "კეპიანი" ვუწოდოთ. ეს ჩვენი კეპიანი საკმაოდ დახელოვნებულია მკვლელობაში. ჩვენ გვგონია, რომ ქილერია. ხომ იცით, ქილერი რა არის?
ქალმა თავი დაუქნია ისე, რომ სურათებისთვის თვალი არ მოუშორებია.
- ჰოდა, ახლა გეკითხებით, რატომ უნდა ნადირობდეს ქილერი თქვენზე? იმასაც გაგიმხელთ, რომ მე მგონია, როგორც კი გაძლიერებულ დაცვას მოგიხსნით ან სახლში წაბრძანდებით, ქილერი ისევ მოგაკითხავთ. აბა, რას ფიქრობთ, რატომ უნდა მოგაკითხოთ "კეპიანმა"?
- არ ვიცი, - მტკიცე სახით შეხედა მაისურაძემ პროკურორს.
- მაშინ მე გეტყვით ჩემს ვარაუდს. პირველი: თქვენგან გამოსული გენადი ბაბროვიჩი მანქანით გადავარდა ხიდიდან და მოკვდა. არც ნარკოტიკები და არც ალკოჰოლი მის სისხლში არ იყო. თვითმხილველები ამბობენ, რომ მანქანა გზის სავალი ნაწილიდან რამდენჯერმე გადავიდა, სანამ ხიდზე ამოვიდოდაო. გამოდის, რომ ეს კაცი ვერ იმორჩილებდა ავტომობილს, მანქანას კი არავითარი პრობლემა არ ჰქონდა, როგორც მექანიკოსებმა თქვეს. მაშინ პოლიციას ყურადღება არ მიუქცევია ბაბროვიჩის სიკვდილისთვის, თქვენ კი ბევრი ფულით და შვილით მაშინვე დატოვეთ უკრაინა. შეიძლება მისი ცოლი, შვილი ან თანამოაზრეები გეძებენ. ახლა მოგაგნეს და თქვენ გაბრალებენ გენადის მკვლელობას. მაგრამ ეს ვერსია უფრო საეჭვოა, რადგან თქვენ უკრაინასთან კავშირი არ გაგიწყვეტიათ. უკანასკნელ თვეებშიც ბევრჯერ გაქვთ დარეკილი ვორნოში. მათ რომ სდომებოდათ, აქამდეც გიპოვიდნენ.
ქალს სახეზე ერთი კუნთიც კი არ შეტოკებია, თვალმოუშორებლად უყურებდა პროკურორს.
- მეორე ვერსია უფრო მყარია, - აგრძელებდა არაბული. - მიუხედავად იმისა, რომ თქვენ თითქმის ათი წლის წინ წამოხვედით უკრაინიდან, კავშირი ძველ მეგობრებთან არ შეგიწყვეტიათ. დროებით მიყუჩდით, ფული წამოიღეთ და მშვიდად ხარჯავდით, მაგრამ ან ფული გამოგელიათ, ან მადა გაგეზარდათ. კიდევ დაიწყეთ ქარვის კონტრაბანდა. ეს ბიჭები, - თითით აჩვენა არაბულმა ქალს ფოტოზე, - თქვენთან მუშაობენ. ქარვას იბარებდნენ და შემდეგ გადამზიდთან მიჰქონდათ. მათ პასპორტში ძალიან ბევრი შესვლა-გასვლაა უკრაინის რესპუბლიკაში, ხან თვითმფრინავით, ხანაც ზღვით და შემოვლითი გზებით. თქვენ მშვიდად იჯექით აქ, ესენი კი თქვენს კონტრაბანდას ატარებდნენ. არ ვიცი, ვის რაში სჭირდება ქარვა, მაგრამ ფაქტია, რომ მასზე მოთხოვნა დიდია. ან ისევ სირიასა და კვიპროსში გაგაქვთ, ან ახალი მყიდველი იპოვეთ. მაინტერესებს, სად გაგაქვთ ძვირფასი ქვები?
- ეგ ყველაფერი რა შუაშია ჩემი შვილის მკვლელობასთან? - თავი აარიდა შეკითხვას მაისურაძემ.
- იმ შუაშია, რომ ან მომწოდებელი მოატყუეთ ან ის, ვისაც აბარებთ, ან ვიღაცას ფული არ გადაუხადეთ. მოკლედ, რაღაც მოხდა, რის გამოც სასიკვდილოდ დაგდევენ თქვენ და თქვენს ხალხს. ახლა მითხარით, სად გაგაქვთ, ვინაა ბოლო მიმღები და ვინ გაწვდით უკრაინიდან, თუ გინდათ, რომ თქვენ გადარჩეთ და თქვენი შვილის და ამ ბიჭების მკვლელი დავიჭირო.
მაისურაძე რამდენიმე წამი ჩაფიქრდა. თვალებში სინათლე ჩაუქრა.
- კვიპროსში გაგვაქვს, სტავრო აგვარებს იქ ყველაფერს.
- ვინაა სტავრო? რა ეროვნების? - ჩაეკითხა მარინე.
- პონტიელი ბერძენია, წარმოშობით წალკიდან. კრიმინალური ავტორიტეტია. რაში სჭირდება ქარვა, არ ვიცი. არც არასოდეს დავინტერესებულვარ. მე მარტო ტრანზიტს ვაგვარებ. წინა პარტიაზე რაღაც პრობლემები გვქონდა, რამდენიმე ქვა ყალბი აღმოჩნდა. აქედან ნამდვილები გავაგზავნე და გზაში შეცვალეს. ურთიერთობა დაგვეძაბა.
- თქვენ გგონიათ, რომ სტავრომ გამოაგზავნა მკვლელი?
- შეიძლება. უკრაინიდან ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ყალბ ქვებში სტავრომ ფული არ გადაიხადა. ამაზე უკრაინელებიც გაბრაზდნენ.
- მოკლედ, რომელიღაც მხარე გიშორებთ. ალბათ სხვა გზას მოძებნიან კონტრაბანდისთვის. - დაასკვნა ლევანმა.
- ალბათ, - ჩაფიქრდა ქალი. - ახლა რა იქნება?
- ახლა ჯერ უკრაინელი მომწოდებლის სახელი მითხარი.
- სერგეი ტკაჩოვი.
გაგრძელება იქნება
ავტორი: სალომე ტაბატაძე