ნოემბრის ბოლოს ისე აცივდა, როგორც არასდროს ამ დროს აფხაზეთში. ძმათა სისხლის ღვრას ვერ ეგუებოდა ზღვა, რომლის ხმა მებრძოლებამდე აღწევდა.
ქართული ლეგიონი პარტიზანულ ბრძოლებზე იყო გადასული და მედგარ წინააღმდეგობას უწევდა რუსებს. არავინ იცოდა, რა უნდოდათ მათ იმ მიწაზე, სადაც ქართველი და აფხაზი გოგო-ბიჭები ლაღად დააბიჯებდნენ და გასაყოფი არაფერი ჰქონდათ.
- ბაჩუკი, ბაჩუკი, ნეფარიძე, შენ გეძახი, - მხარში ხელი ჩაავლო მებრძოლს მეგობარმა და თითქმის დაძრული მანქანის ძარაზე შეაგდო. - გამოფხიზლდი, ბიჭო, თავის მოკვლით ომს ვერ მოვიგებთ. გავეცალოთ აქაურობას.
გამურული, სახეგაწითლებული ოცამდე ბიჭი აღმუვლებული მანქანის ძარაზე იწვა და ლოცულობდა, მშვიდობით გაერიდებინა თავი ბომბების ქარცეცხლიდან.
- შენს თავს არ ჰგავხარ დღეს, რა გჭირს? - ისევ შეეხმიანა ბაჩუკის მეგობარი, რომელსაც მხარზე ტყვია მოხვედროდა და მაისურიდან შემოხეული ჭუჭყიანი ნაჭრით ცდილობდა სისხლის შეჩერებას. ეს ტყვია ბაჩუკისთვის იყო განკუთვნილი და რიგით გიგაურს ზუსტად მაშინ მოხვდა, როცა მეგობრისკენ გარბოდა.
- მალე მივალთ ჩვენებთან და კარგად დაგიმუშავებენ ჭრილობას, საშიში არაფერია, - მეგობრის კითხვა თითქოს არ გაუგონია, ისე გადაუჭირა სახვევი დაჭრილს ბიჭმა და თვალი სივრცეს გაუშტერა. გიგაურს უცნაურად ეჩვენებოდა მეგობრის საქციელი. ის არ ჰგავდა იმ ბაჩუკის, რომელიც ჯარისკაცების სული და გული იყო.
- არ იტყვი, რა გჭირს, ბიჭო? - არ ეშვებოდა ჯარისკაც ნეფარიძეს მეგობარი.
გუშინ წერილი მომივიდა. შვილს ველოდები, მე კი შეიძლება ვერასდროს ვნახო, - ჩაიბურდღუნა ნეფარიძემ და თავი ჩაღუნა. მისი ხმა ყუმბარის აფეთქებამ დაფარა.
- რაო? მამა ხდები? ამას მალავდი მერე? - გიგაურის ბუბუნა ხმამ ძარაზე მყოფ აკვნესებულ მებრძოლებს გადაუარა. - ბიჭებო! ჩვენი ნეფარიძე მამა ხდება!
აფეთქებების ხმაურსა და ბოლში მიმავალი სატვირთო მანქანის ძარაზე ისეთი ხმაური და ყიჟინა ისმოდა, კაბინიდან შეშინებულმა მძღოლმა გამოყო თავი. ვერაფერი გააგონა მებრძოლებს და ხელჩაქნეული თავის საქმეს მიუბრუნდა.
ის დღე მწარედ ახსოვდა ბაჩუკის, როცა ომში გაწვევის ცნობა მოუვიდა. მამამისმა ნამგალი ძირს დააგდო და ბელტზე ჩამოჯდა. დედა ხმის ამოუღებლად გავიდა ჭიშკრიდან და სოფლის მთავარ გზას დაადგა. ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა. „მოკლავენ. მოკლავენ“ - ჩურჩულებდა და ომში ჯერ წაუსვლელ შვილს გლოვობდა.
რუსული წარმოების ყავისფერმა „კამაზმა“ ოჩამჩირეს შეაფარა თავი. გაშავებული და გადამწვარი სახლების ფანჯრები ხახადაფჩენილი ჯოჯოხეთივით გამოიყურებოდა, თითქოს სადაცაა ბიჭებს ჩაყლაპვას უპირებდა. ვიღას ახსოვდა ომის ქარცეცხლი ან ჭრილობის ტკივილი, ბაჩუკის ჯერ არდაბადებული ბავშვი სინათლის გამოჩენა იყო გვირაბის ბოლოს.
ხახადაფჩენილი სახლის სარდაფის კარი გაიღო და სინათლემ გამოაჭყიტა.
-აქეთ, აქეთ, - გაისმა ცხრამეტი-ოცი წლის გოგონას ხმა. მებრძოლები ერთმანეთის მიყოლებით შეილალნენ ოთახში.
- დაჭრილები მარჯვნივ. მშივრები აქეთ, მაგიდასთან. ცოტა დაისვენეთ და მივდივართ, - გოგონას ხმა ბრძანებასავით ისმოდა და მას ყველა ემორჩილებოდა.
- ეს ვინ არის? - გადაულაპარაკა ბაჩუკიმ ავთო გიგაურს.
- პირველად ვხედავ, - მხრები აიჩეჩა ბიჭმა. გვერდულად აათვალიერა გოგონა და დაჭრილებისთვის განკუთვნილი ოთახისკენ აიღო გეზი.
ბაჩუკის არც ჭამის სურვილი ჰქონდა და არც არყისგან გამხიარულებული მეგობრების ყურების. ბრძოლის ქარცეცხლგამოვლილს ხორცის დანახვა გულს ურევდა. მის თვალწინ თავგახეთქილი, ფეხმოგლეჯილი და გულ-მკერდგანგრეული მებრძოლების კადრებმა გაირბინა. გარეთ გამოვარდა და ხესთან ჩაიჩოქა.
გაგრძელება იქნება
ავტორი: სალომე ტაბატაძე