სატვირთო მანქანის ძარაზე ასულ ბაჩუკის თვალები მიელულა. დაღლილობამ თავისი გაიტანა. როგორც ცხადში, ისე გაირბინა მის თვალებში სახლის ეზომ. მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან დილას ისე ადრე ადგა, მამალსაც არ ჰქონდა ნაყივლები. სახლის კარები ჩუმად გაიხურა და ეგონა, ეზოსაც ასევე გაივლიდა. ჭიშკართან მისულს მამის ჩაღიღინება მოესმა. გლეხკაცს საქონელი გამოეშვა და ეზოს ასუფთავებდა. ბაჩუკიმ მიიხედა, მამას თვალი თვალში გაუყარა. კაცმა შვილს გაუღიმა და თვალი ოდნავ ჩაუკრა.
ნონას ფანჯარასთან მისვლა ადვილი არ იყო, მაგრამ ბაჩუკის იმდენჯერ ჰქონდა ეს გზა გავლილი, ახლაც თვალდახუჭული გაივლიდა. ავი გოშია სტუმარს კუდის ქიცინით შეეგება და თვითონვე მიაცილა ფანჯრამდე. ბიჭმა ხელი კედლის ნაპრალს წაავლო და ერთი ნახტომით ოთახში გაჩნდა. ნონას ტკბილად ეძინა. ხელი ლოყის ქვეშ ამოედო და შუბლზე ჩამოვარდნილ კულულს ამოსუნთქული ჰაერი არხევდა.
ბაჩუკიმ ვერ მოითმინა. კულული უკან გადაუწია და ტუჩებით შუბლზე შეეხო. ნონამ თვალები აახამხამა. წამწამები ერთმანეთს დააშორა, ბიჭს შეხედა და მხარი იცვალა.
- ნონა, აქ ვარ. გაიღვიძე რაა, - ჩასჩურჩულა ბაჩუკიმ გოგონას და თმაზე წაეთამაშა. გოგონა შეირხა. თვალები ჯერ ოდნავ გაახილა. მერე უცებ გამოფხიზლდა და საწოლზე წამოჯდა.
- აქ რას აკეთებ? - ჩაიჩურჩულა ჩახლეჩილი ხმით.
- დღეს შენებთან გოგი ძია მოვა და ჩვენი ნიშნობის დღეს შეათანხმებს. მეორე დღეს კი სოხუმში მივდივართ მე და შენ. ახლავე მოემზადე.
- გაგიჟდება მამაჩემი, - თვალებში შიში ჩაუდგა გოგოს.
- მამაშენი ათი წელია გიჟდება ჩემ დანახვაზე. გახსოვს, თოფი რომ გამოიტანა და მოკვლას მიპირებდა 13 წლის ბიჭს? - გაეცინა ბაჩუკის.
- ის ნამდვილი თოფი არ იყო, - გაეღიმა ნონასაც.
- მე კი შემეშინდა, რა მნიშვნელობა ჰქონდა, რა იყო. გოშია ფანჯრის ქვეშ მდარაჯობს, რომ წყნარად გამაცილოს. ბიჭი წამოდგა. გოგონას მოეხვია, მოშიშვლებულ მხარზე აკოცა და ფანჯრიდან იმავე გზით გაუჩინარდა, როგორც მოვიდა.
სამხედროები წინ მიიწევდნენ. ირგვლივ სიჩუმე გამეფებულიყო, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდებოდა. ამის პირველი ნიშანი წინიდან მომავალი ჯავშანტრანსპორტიორი იყო. მოწინააღმდეგეები ქართველ ჯარისკაცებს ხელის აწევით მიესალმნენ. თავისიანები ეგონათ და გვერდი ჩაუარეს. ბაჩუკიმ პოლკოვნიკ ასათიანს თვალი თვალში გაუყარა. სატვირთოს ძარიდან გახსნილი ხელყუმბარა ისროლა. რუსების სიამაყე „ბეტეერი“ ჰაერში ავარდა, ყირა გააკეთა და გზიდან გადაწვა. ბიჭებს პირველი ყიჟინა ამოხდათ ყელიდან. მანქანა არ გაუჩერებიათ. წინ მთავარი ბრძოლა ელოდათ. ზღვა უფრო ახლოვდებოდა. მისი ხმა ყოველ წუთს აღწევდა მებრძოლებამდე. ბაჩუკის გონება ნონასთან დაფრინავდა. მათი ნიშნობის მეორე დღეს ბიჭმა თავისი ეზოდან ნონას სახლამდე ნაცნობი გზა რამდენიმე წუთში გაიარა. ავი გოშია კუდის ქიცინით მიეგება სტუმარს. ცოტა გაუკვირდა, როცა საძინებლის ფანჯრის მაგივრად სტუმარმა ჭიშკარი შეაღო და გამართული შევიდა ეზოში.
- ბატონო გურამ, მასპინძელო! - დაიძახა ხმამაღლა და იქვე ეზოში, სკამზე ჩამოჯდა. პირველი სართულიდან თმაწაკრული, წინსაფრიანი ქალი გამოვიდა და თვალებზე ხელი მიიჩრდილა. როგორც კი სტუმარი იცნო, მისკენ დაიძრა.
- ბაჩუკი, ბიჭო, რა შორიდან იძახი. პირველად ხარ ამ ეზოში? მოდი. მოდი. ახლავე ცხელ ხაჭაპურებს დავაცხობ. - აქოთქოთდა ქალი და თან ხელები წინსაფარზე შეიმშრალა.
ბაჩუკის გაეცინა. ეს ქალი ახლა ხაჭაპურზე ეპატიჟებოდა. არადა, გუშინდელ დღემდე ამ ეზოში რომ ენახა, ცოცხალი ვერ გადაურჩებოდა. ბიჭს ძალიან აინტერესებდა, რა უთხრეს გურამს მამამისმა და ძია გოგიმ, მაგრამ ფაქტია, შვილის გათხოვებაზე დაითანხმეს.
საიდანღაც გურამიც გამოჩნდა. არ ეპიტნავა სტუმრის დანახვა, მაგრამ არ შეიმჩნია და გაწვდილი ხელით შეეგება ბაჩუკის.
- ბატონო გურამ, თქვენთან მოვედი, არც ხაჭაპური მინდა და ჯერ არც ნონასთან სალაპარაკოდ მოვსულვარ. როგორც მამას, უნდა გთხოვოთ, ხვალ დილას თქვენი შვილი ჩემთან ერთად სოხუმში გამოუშვით. ყველაფერი გამზადებული მაქვს. აი, ბილეთები. დილის მატარებლით მივდივართ. საღსალამათი დაგიბრუნდებათ უკან.
გურამს სახე შეეცვალა. ჯერ კიდევ ჰქონდა იმედი, რომ ნონა ცოტა ხანი მაინც თავისთან ეყოლებოდა, მაგრამ ეს ბიჭი არ ხუმრობდა. ნიშნობის მეორე დღესვე საცოლე სამოგზაუროდ მიჰყავდა და ვერაფერს იზამდა. გაბრაზებაც კი არ შეეძლო. ბიჭი ვაჟკაცურად პირდაპირ მასთან მივიდა და უარით ვერ გაისტუმრებდა.
- ნონა, ნონა გოგო, მოდი აქ, - აყვირდა გამწარებული გურამი მთელ ხმაზე და მისმა ღრიალმა სოფელს გადაუარა.
ფანჯრიდან თმამოუწესრიგებელი, ხელებაკაპიწებული გოგონა გამოჩნდა. ბაჩუკის დანახვაზე კიბეებზე ჩამოირბინა, მაგრამ მამის მზერამ შუა გზაზე გაყინა.
- ხვალ ბაჩუკისთან ერთად სოხუმში მიდიხარ. მოემზადე. - გურამმა ორი სიტყვა მიუგდო შვილს და სასიმინდისკენ დაიძრა. ნონას თვალები აუწყლიანდა. თავი ვეღარ შეიკავა და დანიშნულს კისერზე ჩამოეკიდა. ბიჭმა ხელი მოხვია და რამდენჯერმე დაატრიალა.
გაგრძელება იქნება
ავტორი: სალომე ტაბატაძე