- სად არის ოლია? - დასვა მისთვის ყველაზე საინტერესო კითხვა ბაჩუკიმ.
- გინახულებს. როგორც კი შემოგიყვანეს, ჩემთან გამოიქცა, თქვენი მოგვარე მოვიყვანეო. მე წავალ და ოლიას გამოგიგზავნი, - თვალი ჩაუკრა ექიმმა ბაჩუკის და ოდნავი კოჭლობით გავიდა ოთახიდან.
რამდენიმე დღე ბაჩუკის მხოლოდ ახალგაზრდა ექიმები აკითხავდნენ. ჭრილობებს უხვევდნენ. ოლია კი არ ჩანდა. ჯარისკაცს მისი ნახვა უნდოდა, მადლობა უნდა ეთქვა გადარჩენისთვის. გარეთ წვიმდა. ბაჩუკის ფიქრისთვის ბევრი დრო ჰქონდა. თვალწინ ნონას სახე არ შორდებოდა. პატარა, კიკინებიანი გოგონა მის გვერდით იჯდა მერხზე ათი წელი, მის თვალწინ იზრდებოდა. ბიჭს კარგად ახსოვდა ის დღე, როდესაც კიკინებიანი ბავშვის მაგივრად ლამაზი ახალგაზრდა გოგონა დაინახა. ნონასთვის მთელი ზაფხული არ მოეკრა თვალი. მამამისს ბებიასთან ჰყავდა გაგზავნილი. ბაჩუკის არ მოუსაკლისებია თავისი მერხის მეგობარი, რომელიც ხშირად ნერვებს უშლიდა და რომლის ჯიბრზეც ყველა გაკვეთილს მასზე უკეთესად სწავლობდა.
აგვისტო იწურებოდა. ბიჭებთან ერთად ბაჩუკი ფეხბურთს თამაშობდა. ოფლისგან გახვითქულმა სულ ერთი წამით გაიხედა მაყურებელი მეზობლებისკენ და ნონას მოჰკრა თვალი. გოგონას ვარცხნილობა შეეცვალა. ის აღარ იყო გაჩხინკული ბაფთებიანი გოგონა.
მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს ბიჭს. თვალწინ ნონას სახე ედგა. იხსენებდა მის ყველა სიტყვას, ქცევას და ფიქრობდა, რა ემართებოდა, რატომ ვერ იშორებდა თავიდან.
ჯარისკაცების კვნესა ისმოდა ოთახში. ბაჩუკიმ რამდენჯერმე სცადა ადგომა, მაგრამ თავბრუსხვევა არ ასვენებდა. უმეტესად იწვა და ჯერ დაუბადებელ შვილზე ფიქრობდა. სახეზე ნაცნობი სუნთქვა იგრძნო. სასიამოვნოდ გრილი და ცოტა ოფლიანი.
- ჯარისკაცო, გაიღვიძე, - ჩასჩურჩულა ყურში გოგონამ. ბიჭმა თვალი გაახილა. მის სახესთან ოლია დახრილიყო და გრილ ჰაერს აფრქვევდა.
- ოლია, - გაუღიმა ბაჩუკიმ.
- ჩემი სახელი გაგიგია, - ფეხზე წამოდგა გოგონა.
- ჩემი გადამრჩენელის სახელი როგორ არ უნდა ვიცოდე. მადლობა, ოლია.
- არაფრის. ახლა კი ადექი, სუფთა ჰაერზე გავისეირნოთ. პოლკოვნიკმა ასათიანმა შენთან რაღაც დამაბარა. - ჩემთან? ახლავე, - წამოდგომა სცადა ბაჩუკიმ. თავისდა გასაკვირად, გამოუვიდა. ოლიამ ხელი შეაშველა, მხარში შეუდგა და კიბეზე ჩასვლაში დაეხმარა. ჯარისკაცს ესიამოვნა. აღარ წვიმდა, მაგრამ სიცივე იგრძნობოდა.
გააჟრჟოლა. ოლიამ მოსასხამი შეუსწორა და ფეხი აუწყო.
- პოლკოვნიკმა დააფასა შენი თავდადება. მალე ორდენზე წარგადგენენ. რაც შეიძლება ჩქარა უნდა დადგე ფეხზე. მაგრამ ომის წინა ხაზის მაგივრად, მთაში გიშვებენ.
- სად მთაში? მთაში რა მინდა!
- ჭუბერის უღელტეხილით დაიწყო ხალხმა წასვლა სვანეთისკენ. იქიდან სამეგრელოში ეცდებიან ჩასვლას. გთხოვს, რომ მოხალისეები წაიყვანო და იმ ხალხს მიეხმარო. ფეხით მიდიან. ყინავს და გაუჭირდებათ სვანეთამდე მიღწევა. სატვირთოებს გაგატანს, მაგრამ ისეთი ხალხი უნდა წაიყვანო, ვინც უბრალოდ მოვალეობას კი არ შეასრულებს, არამედ მართლა მიეხმარება.
- როდის მივდივარ?
- როგორც კი შეძლებ. დღეს მე უნდა მივუტანო შენი ჯანმრთელობის ამბავი.
- მაშინ უთხარი, რომ კარგად ვარ, - მხრებში გაიშალა ბაჩუკი.
- ჯერ ამ ეზოში უნდა ვისეირნოთ, - გაიღიმა გოგონამ და გამომცდელად შეათვალიერა ჯარისკაცი.
- შენ საიდან ხარ, ოლია? - საუბრის განახლება სცადა ბიჭმა.
- გალიდან, - მოკლედ მოუჭრა გოგონამ.
- რამდენი წლის ხარ? შენი მშობლები სად არიან? - არ ეშვებოდა ჯარისკაცი.
- ბევრ კითხვას სვამ და მე მოსაყოლად დრო არ მეყოფა.
- ეზო დიდია. არ მეჩქარება.
- აღარ არიან ცოცხლები, დაიღუპნენ, - ცრემლნარევი ხმით ჩაილაპარაკა გოგონამ. ბაჩუკის ეგონა, ამით დაამთავრა თავის ოჯახზე საუბარი, მაგრამ შეცდა, ოლია ისევ ალაპარაკდა: დედით რუსი ვარ, მამით აფხაზი. პირველად არეულობა რომ დაიწყო, კაზაკთა რაზმი შემოვიდა. ჩვენს ქუჩაზე ჩამოიარეს და სხვადასხვა ოჯახში გადანაწილდნენ. ჩვენს ეზოში რომ შემოვიდნენ, მამა გაეგება. რადგან აფხაზი იყო, ეგონა, პრობლემებს არ შეგვიქმნიდნენ. ვახშმობა მოინდომეს.
დედაჩემმა სამზარეულოში მიკრა თავი და იქიდან გამოსვლა ამიკრძალა. თვითონაც გვერდიდან არ მშორდებოდა. რამდენიმე კაზაკი მისაღებში იჯდა და ტელევიზორს უყურებდა. რამდენიმემ ჩვენი საძინებლები დაიკავა და ეძინა. ორმა, ჩემდა გასაკვირად, სამზარეულოში შემოიარა, იმის გასაგებად, რას ამზადებდა დედა ვახშმად. ერთმა თვალი მომკრა, ამათვალიერა და უკანალზე ხელი წამავლო. დედას მიუბრუნდა და რუსულად უთხრა, ვახშმის შემდეგ გაგვართოსო.
დედამ თავი დაუქნია. როგორც კი გავიდა, სარდაფში ჩამიშვა, უკანა კარიდან რომ გავპარულიყავი. თვალებზე ცრემლები ღაპაღუპით ჩამომდიოდა. ვიცოდი, რა ელოდათ ჩემს მშობლებს, მე რომ ვეღარ მნახავდნენ კაზაკები. სარდაფში რამდენჯერმე გავიარ-გამოვიარე და თვალში თაგვებისთვის დადებული საწამლავი მომხვდა. ტვინში ნათურა ამენთო. გონება გამინათდა და გამეღიმა. სასმელს აუცილებლად მოითხოვდნენ ჩვენი „სტუმრები“. მამა მათ ღვინოს შესთავაზებდა, მეტი ალკოჰოლური არაფერი ჰქონდა. ღვინის ჭურჭელს თავი მოვხადე და წამალი შიგ ჩავყარე. არ ვიცოდი, რამდენად გაჭრიდა, მაგრამ იმედი მქონდა, იმოქმედებდა. სარდაფში ჭურჭელი მივწი-მოვწიე და ჩავიმალე. არ ვიცი, რამდენი ხანი გავიდა. ბოლოს და ბოლოს მამაჩემი ჩამოვიდა და ღვინო წაიღო. კიდევ ერთი საათი ვიჯექი სარდაფში. თავიდან ხმაური ძლიერდებოდა, მერე კი მინელდა. თავშესაფრიდან ამოვძვერი და სახლში ავედი. დედა და მამა სამზარეულოში იდგნენ და „სტუმრებს“ თვალებგაფართოებულნი მისჩერებოდნენ. ზოგიერთს თავი მაგიდაზე ჩამოედო და ხელები უღონოდ ჩამოეყარა. რამდენიმე აქეთ-იქით აწყდებოდა კედლებს და აღებინებდა. თუმცა სასიკეთო პირი არც მათ უჩანდათ. ნახევარ საათში მისაღებ ოთახში ყველა უსულოდ ეყარა. გამეღიმა. მერე ისტერიკული ხარხარი ამიტყდა და თავს ვერ ვიკავებდი. ზუსტად ამ ჩემმა გიჟურმა სიცილმა დამღუპა. საძინებლიდან ერთი კაზაკი გამობორიალდა. ალბათ, მეგობრებმა არ ან ვერ გააღვიძეს. დედამ ხელი მკრა და სარდაფში ჩამაგდო. მეც ანგარიშმიუცემლად გავიქეცი. აზრზე რომ მოვედი, ჩემი სახლიდან რამდენიმე ქუჩის დაშორებით ვიყავი. მოვბრუნდი, მაგრამ გვიან იყო. ჩემი მშობლები კაზაკს ეზოში გამოუყვანია და თითო გასროლით დაუხვრეტია. მათი გვამები ისევ ისე ეყარა. წამოვედი და უკან აღარ მივბრუნებულვარ.
გაგრძელება იქნება
ავტორი: სალომე ტაბატაძე