გიგაურმა ხელები ასწია, როგორც იტყვიო, ჩაიბურდღუნა და ტოტების მოგროვებას შეუდგა.
გამთენიისას ყინვამ ისე მოუჭირა, სუნთქვა აღარ შეიძლებოდა. გამონაორთქლი ჰაერშივე იყინებოდა. ბაჩუკის აქა-იქიდან კვნესის ხმა ესმოდა. ჩანთებზე მიწოლილ ადამიანებს მოუსვენრად ეძინათ, ერთმანეთს ჩახუტებულები გათბობას ცდილობდნენ. ჯარისკაცებმა ხალხში გაიარეს, ვიღაცებს თბილი ტანსაცმელი მიაშველეს, ვიღაცებს წამალი და თვითონაც კოცონთან დაბრუნდნენ. გარიჟრაჟთან ერთად ბავშვის ტირილი ძლიერდებოდა. ბაჩუკიმ თვალი ვერ მოხუჭა. ჯერარდაბადებულ შვილზე ფიქრობდა და ნონას გაბერილ, ჯერ თვალით არდანახულ მუცელს ეფერებოდა.
ბაჩუკის ომში გაწვევის წერილი ხელში ეკავა, როცა მილიონჯერ გავლილი გზა გაიარა თავისი სახლიდან ნონას საძინებლამდე. გოგოს წააკითხა და მის რეაქციას დაელოდა. ნონას ხმა არ ამოუღია. არც ცრემლი გადმოვარდნია. უსიტყვოდ უყურებდა ბიჭს და მის თვალებში ყველაფერი იკითხებოდა, ტკივილიც, ტირილიც და გლოვაც.
„რა ვუთხრა ჩემს შვილებს, როცა სხვები ომობდნენ, მე ჩაის ვსვამდი-მეთქი?“ - მხოლოდ ეს თქვა ბიჭმა. გარიჟრაჟზე დატოვა სატრფოს ოთახი ბაჩუკიმ ისევ იმავე გზით, რითაც მოვიდა და ისევ ავმა გოშიამ გააცილა.
პატარას ხმა ძლიერდებოდა. ბაჩუკიმ ვეღარ მოითმინა და ხმას გაჰყვა. ახალგაზრდა ქალი პატარა ჩანთაზე მიწოლილიყო და არ ინძრეოდა. პატარა ალბათ წლამდე იქნებოდა. ხელებს დედის სახეზე აცეცებდა და რაღაცას ლუღლუღებდა. ბაჩუკიმ ქალთან ჩაიცუცქა, ხელი გაიწვდინა და ოდნავ შეეხო. მოულოდნელად სადღაც ქალის კალთიდან ორი პატარა ეშვი გაჩნდა და ბიჭს მკლავზე დაეკიდა. კბილებს პრიალა ცხვირი მოჰყვა. მალე შავმა დიდმა ყურებმაც არ დააყოვნა და გაბურძგნილი ლეკვი გამოჩნდა. ყელზე საყელო ეკეთა მედალიონით. ბიჭს გაეცინა. ძაღლს კისერში ხელი დაავლო და ზევით ასწია. „მაქსი“ - წაიკითხა მედალიონზე.
- შენ მერე მოგხედავ, ახლა მაცადე, მეგობარო, - მოეფერა ბიჭი ძაღლს და გვერდით გადასვა. პატარა დამცველი არ ჩერდებოდა, ჯარისკაცს შარვლის ტოტზე ეკიდებოდა და ქალთან არ უშვებდა.
- ქალბატონო, - ბაჩუკიმ ქალს ხმადაბლა დაუძახა და ოდნავ შეეხო. უსიცოცხლო სხეული ბიძგს დაემორჩილა და გადატრიალდა. ბიჭი შეცბა, ფეხზე წამოხტა და ხმამაღლა შეჰყვირა. ყვირილის ხმაზე კბილებამდე შეიარაღებული რამდენიმე მებრძოლი მასთან გაჩნდა.
- ბიჭებო, ქალია მკვდარი, - შეაჩერა იარაღმომარჯვებული მებრძოლები ჯარისკაცმა და პატარასთან დაიხარა. ხელში აიყვანა და გულზე მიიხუტა. პატარას სითბო ესიამოვნა. იყუჩა და თვალები მილულა. მაქსი ფეხსაცმელზე ეკიდებოდა და პატარას არ თმობდა.
- ქალბატონი მიწას მივაბაროთ და დანარჩენს მერე მივხედოთ, - ორი სიტყვა დაუგდო ბაჩუკიმ მეგობრებს და კოცონისკენ დაიძრა. ლეკვი ფეხდაფეხ მისდევდა.
- რა უნდა ვუქნათ, ამათ? - თავზე დაადგა გიგაური მეგობარს.
- მანქანას ვიშოვი და დედაჩემთან და ნონასთან წავიყვან, - არც დაფიქრებულა, ისე უპასუხა ბიჭმა.
- გასაგებია. მანქანას მე გიშოვი, - მიუგო პასუხი მებრძოლმა და გაეცალა.
ბაჩუკიმ პატარა ჩაით და პურით დააპურა. არც მაქსი გამორჩენია. ამ ბავშვის გადარჩენა მისი ცხოვრების მიზნად იქცა და მეტი არაფერი აინტერესებდა.
ორი საათი არ იყო გასული, გიგაურმა რუსული „ნივა“ რომ მოიყვანა. მანქანაში ცოლ-ქმარი შვილებთან ერთად ისხდა და გულზე ძაღლ და ბავშვმიხუტებულ ბაჩუკის თვალებდაჭყეტილი მისჩერებოდა.
- ესენი ქუთაისში მიდიან, ძმაო, თან გაგიყოლებენ. იქიდან რამეს იზამ, - მხარზე ხელი დაარტყა გიგაურმა მეგობარს. - მე უღელტეხილზე ამ „უაზით“ გადაგიყვანთ. წადი და მალე დაბრუნდი.
ბაჩუკის გული გაუთბა, მეგობარს გადაეხვია, მხარზე აკოცა და მანქანაში ჩაჯდა. ქურთუკის უბეში ორი პატარა ჰყავდა ჩასმული და თავისი სიცოცხლის ფასად დაიცავდა ორივეს. ბავშვს მშვიდად ეძინა, ყურებპანტურა კი მებრძოლს ჯერ ისევ უნდობლად უყურებდა და თვალს არ ხუჭავდა.
ბაჩუკი გამთენიისას მიადგა სოხუმის მისადგომებს. მის თანამებრძოლებს დანგრეულ შენობებში მიმობნეულებს ეძინათ. კოცონის ნაღვერდალი ოდნავ ბჟუტავდა.
თენდებოდა. ახლოს ზღვის წყნარი ფშვინვა ისმოდა. ჯარისკაცმა ზურგჩანთა კოცონთან მიაგდო და ნაკვერჩხალი გაქექა. თბილ ქვაზე ჩამოჯდა და სივრცეს თვალი გაუსწორა. სადღაც ხეებიდან ოდნავი ტკაცუნი გაისმა, რასაც ავტომატის გასროლა მოჰყვა. ნანგრევებიდან პირველი გიგაური გამოვარდა, კოცონთან პირქვე დამხობილ სხეულს დაადგა და გადმოაბრუნა. ბაჩუკის ხუჭუჭა თმა შუბლზე ჩამოყროდა და ტყვიით გახვრეტილი შუბლიდან თბილი სისხლი ჟონავდა.
მებრძოლმა ცალ მუხლზე ჩაიჩოქა, მეგობრის თავი გულზე მიიხუტა და აღრიალდა.
ავტორი: სალომე ტაბატაძე