დარწმუნებული ვარ, ჩემს თაობაში ბევრი ადამიანია, ვისაც თამამად შეუძლია თქვას, ბედნიერი ბავშვობა მქონდაო. სწორედ მათ შორის მოვიაზრები მეც. დიახ, სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ მართლაც ბედნიერი, უდარდელი და ლაღი ბავშვობა გამოვიარე. უზრუნველად ვიზრდებოდი გიორგი თეთრაძისა და სოფიო გურულის მშვიდ ოჯახში. მამას პატარა ბიზნესი ჰქონდა, ასე ვთქვათ, მოკრძალებული. თურქეთიდან უცხოური ხილი შემოჰქონდა და მაღაზიებში აბარებდა. "ვაჭრული ტერმინით" რომ ვთქვათ, თავისი წერტილები ჰქონდა, ძირითადად, პატარა მარკეტები და სასურსათო მაღაზიები. "შეუმჩნევლად" აკეთებდა ფულს, თვალში რომ არავის მოხვედროდა. არც ძალიან მდიდარი ეთქმოდა და არც ძალიან ღარიბი. თუმცა ამ ორი კატეგორიიდან მაინცდამაინც რომელიმეს თუ მიაკუთვნებდით, მდიდარი უფრო ეთქმოდა. ამბობდა, ბევრი ფული სხვისთვის მექნება გასაყოფი და რა ძალა მადგასო.
დედაჩემი ცალკე თავისთვის "გრიმიტობდა", საკუთარ სილამაზის სალონს ფლობდა და ამით თავს იწონებდა. ისეთი ზარ-ზეიმით გახსნა თავის დროზე ეს სალონი, რომ მთელი ტელევიზია და პრესა სამი დღე აშუქებდა. ყველაფერი უმაღლეს დონეზე მოაწყო და კლიენტურაც "უმაღლესი" მოიზიდა - ძირითადად, თბილისის ელიტას ემსახურებოდა. ელვის უსწრაფესად გაიცნო უამრავი ცნობილი ადამიანი. ზოგს დაუდაქალდა, ზოგს დაუძმაკაცდა, ზოგსაც შეუამხანაგდა და თვითონაც მალე გაუვარდა სახელი, როგორც პრესტიჟული სალონის მფლობელს.
ასე რომ, მართლა არაფერი მაკლდა. ჩიტის რძის რა მოგახსენოთ, მაგრამ რასაც ვისურვებდი, ფაქტობრივად, უარს არაფერზე მეუბნებოდნენ. მთავარია, ერთი "ნეტავ" მეთქვა და ოცნება წამში მისრულდებოდა.
ასე გრძელდებოდა წლების განმავლობაში, მანამ, სანამ ერთ მშვენიერ დღეს მამაჩემის საქმეები უკან-უკან არ წავიდა. ბაზარზე უამრავი ვეშაპი კომპანია გამოჩნდა, რომლებიც მამაჩემისნაირ "მოკრძალებულ" შემომტანებს კბილის გაკვრის გარეშე ყლაპავდნენ. ჰოდა, მამაც ჩაყლაპეს. საბოლოოდ იმდენი ვალი დაედო, გადახდას ვერ აუდიოდა. სესხს სესხზე იღებდა და ბოლოს იქამდე მივიდა, რომ ვეღარ იხდიდა.
როცა მიხვდა, ვეღარაფერს გააწყობდა, დედას შეუჩნდა, შენი ბიზნესი გავყიდოთ, ვალები გავისტუმროთ და რამე სხვა საქმე დავიწყოთო.
დედამ, უკვე გაელიტებულმა სოფიო გურულმა, ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. ოჯახში უთანხმოება ჩამოვარდა. ჩემი ლაღი ცხოვრებაც სწორედ მაშინ დამთავრდა. მესამე კურსზე ვიყავი. სახლში შესვლა არ მინდოდა. ჭირის დღესავით მეზარებოდა მშობლების გამუდმებული ჩხუბისა და ლანძღვა-გინების მოსმენა. სიჩუმე მხოლოდ მაშინ ისადგურებდა, როცა მამაჩემი მორიგ თეფშს, ლარნაკს ან ჭიქას კედელზე მიამსხვრევდა, რომელსაც დედის შეკივლება აგვირგვინებდა.
ჩემი, ნენე თეთრაძის სამყარო კი, საბოლოოდ მაშინ დაიმსხვრა, როცა ერთ არამშვენიერ - წვიმიან, ქარიან და ჭექა-ქუხილიან დღეს, დედამ წინ დამისვა და გამომიცხადა, გტოვებთ და მივდივარო. ამ ცნობით იმდენად შოკირებული ვიყავი, რომ მისი ნათქვამის არსს ხეირიანად ვერ ჩავწვდი.
- ეს რას ნიშნავს, დე? - ნიკაპი მკერდს მივაბჯინე და ქვემოდან ავხედე ჩემ პირდაპირ მჯდომს.
- ეს იმას ნიშნავს, ჩემო ნენე, რომ ჩემს ცხოვრებაში სხვა მამაკაცი გამოჩნდა. - გაუჭირდა ამის ახსნა, მაგრამ მაინც ამოთქვა.
- ანუ?
ამოიოხრა, თითები ერთმანეთს გადააჭდო და მეოცნებე მზერით ჭერს ახედა.
- მას სიმონი ჰქვია, სიმონ მახარობლიძე.
- მოიცა, ვერ გავიგე… - თავი შევაბრუნე და ყური მივუშვირე, მეგონა, მომესმა, - მერედა, მამა?
- მე და მამაშენმა უკვე ვილაპარაკეთ და საერთო გადაწყვეტილებამდეც მივედით. შენ პატარა გოგო აღარ ხარ, ამიტომ ყველაფერს გაიგებ. ხომ ხედავ, რომ ჩვენი ურთიერთობა ისეთი აღარ არის, როგორიც ადრე იყო. სამწუხაროდ, ძველებურად ვერ გაგრძელდება. ან ის უნდა წავიდეს, ან მე. ამიტომ, რადგან ვაჟბატონი ამ ბინას ვერ ელევა, მე მივდივარ.
- სხვა კაცთან, - გავაგრძელე მისი დამთავრებული წინადადება.
- ეს უკვე მეორეხარისხოვანია. - ხელი აიქნია დედამ, - რა მნიშვნელობა აქვს, სხვა კაცთან მივდივარ თუ მარტო წავალ? მთავარი ისაა, რომ როგორც კი დავლაგდები, განქორწინებაზე მაშინვე შევიტან განცხადებას.
კი ვხედავდი, რომ ბოლო დროს დედა ზედმეტად ღიზიანდებოდა მამაჩემზე, მაგრამ ერთმანეთს თუ დაშორდებოდნენ, თავში აზრადაც არ მომსვლია.
პირი გავაღე რაღაცის სათქმელად, მაგრამ სოფიომ არ მაცალა:
- არ გადავიფიქრებ, ნენე, ტყუილად ნუ ეცდები ჩემ გადაბირებას. უკვე დავიღალე ამგვარი ყოფით, ყოველდღე იმაზე ფიქრით, რა შევცვალო. მამაშენი თავს აღარ იწუხებს. თვითონ არ მუშაობს და მთლიანად მე დამაწვა კისერზე. ამის ატანას არ ვაპირებ.
- მაგრამ შენ საყვარელი გყავს, დედა! - გამწარებულმა ვუყვირე.
- მერედა ვისი ბრალია? ვერ ხედავ, ეს კაცი ჰაერში რომ დაფრინავს? ცაში აქვს კოშკი აგებული და იქ ცხოვრობს! ასე ჰგონია, თუ ჩემს ბიზნესს გაყიდის და ვალებს გადაიხდის, თავიდან აყვავდება! ეს არ მოხდება! არ მინდა ცუდი გითხრა მამაშენზე, ვიცი, როგორ გიყვარს. უბრალოდ, უნდა გამიგო. არავინ არ იცის, რა მოელის ცხოვრებაში. შეიძლება ერთ დღეს შენც ჩემნაირ სიტუაციაში აღმოჩნდე. მე ჯერ ბებერი არ ვარ და შემიძლია ცხოვრება თავიდან დავიწყო, სრულიად ახალი ფურცლიდან. საუკეთესო ცხოვრება.
- და ის სიმონია თუ ვიღაცა, მაგ შენი ახალი საუკეთესო ცხოვრების ნაწილია? - ისეთი თავზარდაცემული ვიყავი მოსმენილით, თავის გაკონტროლება მიჭირდა.
- დიახაც. გიორგისგან არაფერს ვითხოვ. აქ ყველაფერი შენია. შენ გარდა მე შვილი არ მყავს და ქონებას ხომ არ გაგიყოფ? ხელცარიელი მივდივარ, მხოლოდ ჩემი ბარგი მიმაქვს. სიმონთან გადავდივარ საცხოვრებლად. ასე რომ…
- და მე? - წყალწაღებულივით ხავსს ჩავეჭიდე.
- შენ რა? სწავლობ, მუშაობასაც დაიწყებ მალე, საკუთარი შემოსავალი გაგიჩნდება. მეც დაგეხმარები. მერე თვითონაც მოძლიერდები და შენით გაიკვალავ გზას.
- ანუ მე მამასთან მტოვებ?
- აუცილებლად, - კატეგორიული ტონით მითხრა და თავისი ნათქვამი თავის წრიული მოძრაობით განამტკიცა, - აბა რა, მამინაცვალთან ცხოვრება გირჩევნია? არავითარ შემთხვევაში!
მოულოდნელად ხარხარი ამიტყდა. ისეთი ისტერიკული, ვეღარ ვჩერდებოდი. დედა განცვიფრებული მომჩერებოდა.
- რა გაცინებს? ვერ ვხვდები, რა გემართება!
- რა და… ხა-ხა-ხააა!.. - პირი ვერ დავმუწე, ისე მეცინებოდა, თვალები ცრემლით ამევსო, - მამასაც რომ მოუნდეს ცოლის შერთვა და დედინაცვალი დამისვას სახლში, მერე რა უნდა ვქნა?
ამის თქმა და სოფიო გადაფითრდა. როგორც ჩანს, ამაზე არ უფიქრია. არასდროს. და როცა "გონება გავუკაშკაშე", გაშრა.
- რა ცოლის შერთვა? საიდან მოიტანე? რა დროს გიორგის ცოლია? ვინ გითხრა ეგ სისულელე? შენ რა, რამე იცი და მიმალავ? - შეკითხვა შეკითხვაზე დამაყარა.
როგორც იქნა, ისტერიკამ გადამიარა. აცრემლებული თვალები მუშტებით ამოვიწმინდე და დედას ორაზროვნად შევხედე.
- რა, ვერ მოახერხებს თუ რა? არც ისაა ჯერ ბებერი, მასაც მოუნდება ახალი ცხოვრების დაწყება სუფთა ფურცლიდან. საუკეთესო ცხოვრების, - მისივე სიტყვები გავუმეორე.
- არ ვიცი… - დაბნეულმა ტუშით აპრეხილი წამწამები დაახამხამა და ერთმანეთში გადაჭდობილი თითები ერთდროულად გაატკაცუნა, - ამაზე არ მიფიქრია. მოიყვანს და მოიყვანოს, ღმერთმა ხელი მოუმართოს. ვნახოთ, ჩემზე უკეთესს ვის ნახავს. ნეტავ ვის რაში სჭირდება მისნაირი გაღლეტილი, - ზიზიღ მობრიცა ტუჩები, - ყველა ჩემნაირი შტერი კი არ არის.
- შტერი რატომ ხარ! შტერი კი არა, მაგარი ჭკვიანი ხარ. სანამ მამა მყარად იდგა ფეხზე, სანაქებო ოჯახი გვაქვსო, გაიძახოდი. მამა წაიქცა და შენ სხვასთან გარბიხარ, რომ შენც არ წაგაქციოს. ვიღაც სიმონი არჩიე ქმარსაც და შვილსაც. მხოლოდ იმიტომ, რომ კომფორტის ზონიდან არ გამოგაძევონ. მაგარია! - ისე ნაზად შემოვკარი ტაში, როგორც როლში შესულმა თეატრის მსახიობმა.
- რატომ მეუბნები ასეთ რამეს, შვილო? - იწყინა, - მე შენ არ გტოვებ, ეს იცოდე. უბრალოდ, ცალკე გადავდივარ. ყურადღებას რომ არ მოგაკლებ, ამაში ეჭვი გეპარება? - დამიყვავა შეშფოთებულმა, უფრო ნირწამხდარმა, შვილის საყვედური რომ დაიმსახურა, - თუ რამეა და ეს ბოთე მართლა მოიყვანს ცოლს, რამეს მოვიფიქრებთ. ბოლოს და ბოლოს, გიგირავებ ერთოთახიან ბინას და ცალკე გადახვალ. ან გიქირავებ. ხომ იცი, არ გამიჭირდება. მოვიფიქრებთ რაღაცას. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ამის საჭიროება არ დგას.
აგდებულად შევხედე, სიმწრით ჩავიფხუკუნე და ოთახიდან გავედი.
დედამ თავისი გაიტანა. სახლიდან წავიდა და სხვა ქალისთვის ადგილი გამოათავისუფლა.
სწორედ იმ დღეს დამთავრდა ჩემი ბედნიერი ცხოვრება. მე მამასთან დავრჩი, დედასთან კი ყოველგვარი კავშირი გავწყვიტე.
მეოთხე კურსზე გადავედი თუ არა, მუშაობაც დავიწყე. დედაჩემის არ იყოს, მამამაც არ დაახანა და… მართლა მოიყვანა ცოლი… მეორე. მართალია, დედასავით ლამაზი ქალი ვერ იყო, მაგრამ მამა ამას არაფრად აგდებდა. მზითევში კარგა გვარიანი ფული მოჰყვა, რაც "მეორედ სიძემ" სარფიანად გამოიყენა. მარტოხელა ქალი გახლდათ ესმა და თურმე მთელი ცხოვრება აგროვებდა თავის შემოსავალს, რომ, თუ გათხოვება არ ეწერა, უზრუნველი სიბერე მაინც მოეწყო თავისთვის.
გაუმართლა… მასაც და მამასაც…
მხოლოდ მე არ გამიმართლა…
მას შემდეგ ხუთი წელი გავიდა და მეექვსე დაიწყო. უნივერსიტეტი დავამთავრე, ბიზნესის მართვის ფაკულტეტი. როგორც ვთქვი, მეოთხე კურსზე ვიყავი, როცა მუშაობა დავიწყე რეზი თალაკვაძის კომპანიაში. თავიდან სტაჟიორი ვიყავი, მერე თავის მდივნად გადამიყვანა, ორი წლის შემდეგ კი საკუთარ თანაშემწედ დამნიშნა. ისეთი განათლება მქონდა მიღებული, ვიცოდი, კარიერის აწყობა არ გამიჭირდებოდა. ეს ერთი მაინც კარგი გააკეთა დედაჩემმა - ცოდნის მიღების მხრივ არაფერი დამაკლო. თავისუფლად ვსაუბრობდი არა მხოლოდ რუსულად, არამედ ინგლისურად, ფრანგულად და იტალიურადაც. ენების ათვისებაში ბადალი არ მყავდა. ოთხივე ენაზე შემეძლო როგორც ტექსტის შედგენა, ასევე ამ ენებიდან თარგმნაც, რაც ჩემმა უფროსმა თავის სასარგებლოდ მაქსიმალურად გამოიყენა.
რეზი ერთობ კმაყოფილი იყო ჩემით. მეც კმაყოფილი ვიყავი მისით. კმაყოფილი კი არა… უგონოდ შემიყვარდა.
ჰო, ეს ცოლიანი კაცი ჩემი ფიქრების, ოცნებებისა და ფანტაზიების მთელი პაკეტის მფლობელი გახდა…
მამა ყურადღებას არ მაკლებდა. ცოლის შერთვის შემდეგ საქმეც ნელ-ნელა ააწყო. ორი მარკეტი გახსნა ესმას ფულით და სულიც მოითქვა. ვალები დაფერთხა, ბინა გაარემონტა, მე კი მანქანა მიყიდა, თავი დაჩაგრულად არ იგრძნოსო. მართალია, პატარა მანქანა, მარჯვენასაჭიანი "ჰონდა", მაგრამ რას დავეძებდი? ისე მიხაროდა, დავქროდი. ყველაზე მეტად კი ის მიხაროდა, რომ სამსახურში საზოგადოებრივი ტრანსპორტით არ მიწევდა სიარული და საკუთარი ავტომობილით მივგრიალებდი.
ჰოდა, აგერ, მეექვსე წელია რეზისთან შეხმატკბილებულად ვმუშაობ. ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, მეგობრული, არაოფიციალური, მაგრამ ბოლოს ისე წამივიდა საქმე, რომ თავის ხელში აყვანა გამიჭირდა. აგერ, წუთის წინ დავაყენე მანქანა სადგომზე და საჭეს ჩახუტებული დაბნეული ვიყურები ფანჯარაში. ვერაფრით ვერ ვუხერხებ ახსნას იმას, რაც ახლახან მოხდა. განვიცდი, ასე რომ მოვიქეცი, თუმცა ამაზე უფრო თვით რეზი თალაკვაძის რეაქციამ ამაღელვა.
გაგრძელება იქნება