- მართლა? - მხიარულად ვუპასუხე, - არც ვახშამი გვექნება ურიგო - კარტოფილის სალათა და შემწვარი ქათმის ფრთები.
- ოოო, ეს ის სალათაა, ამას წინათ რომ გამასინჯეთ? დიდებული იყო, ოქრო გოგო ხართ! - გაუხარდა ჩემს დამქირავებელს.
კიდევ ცოტა ხანს ვისაუბრეთ, მერე კი სავახშმოდ სუფრის გაშლას შევუდექი და საშკა დროებით გადავივიწყე.
გავიდა რამდენიმე დღე და დაკარგული წონასწორობა კვლავ აღვიდგინე, თუმცა სამშაბათს ისევ ეიფორიაში ჩავვარდი.
ბატონი ოთარი არასდროს მექცეოდა ისე, როგორც შინამოსამსახურეს, მასთან ურთიერთობაში თავს ყოველთვის ოჯახის წევრივით ვგრძნობდი, უფრო სწორად, საპატიო სტუმარივით.
სადილს როგორც კი მოვრჩით, ჩემმა დამქირავებელმა, როგორც ყოველთვის, წაუთვლიმა. მე სამზარეულოში ვფუსფუსებდი, ვახშმისთვის მწვანილს ვარჩევდი და საჭირო ინგრედიენტებს ვილაგებდი მაგიდაზე. ამ დროს კარი მოულოდნელად გაიღო და არც მეტი, არც ნაკლები, ზღურბლზე საშკა მაჭავარიანი გაიჩითა.
გაოგნებულმა ავხედე მოჩვენებასავით გამოცხადებულს:
- მანქანა სად გააჩერეთ? ხმა არ გამიგონია.
ღმერთო ჩემო, აქ საიდანღა გაჩნდა? - გავიფიქრე უკმაყოფილომ და გულგრილად შევუდექი ხელების ჭურჭლის ტილოთი შემშრალებას.
- ტრასიდან ფეხით გადმოვედი. ვიცოდი, ამ დროს ბაბუაჩემს რომ ეძინა და არ მინდოდა გამეღვიძებინა.
- იმის შესამოწმებლად მოხვედით, ხომ არ გავიქეცი და თან არ გავიტაცე ოჯახის ოქროულობა? - თვალები რისხვით დავაკვესე.
პასუხად საშკამ ისე მიმზიდველად გამიღიმა, რომ კინაღამ დავივიწყე, მისადმი არც ისე კეთილად რომ ვიყავი განწყობილი.
- რა უიღბლოდ დავიწყეთ ნაცნობობა, - თქვა და ხელი გამომიწოდა.
მტრულად მივაჩერდი, არავითარი სურვილი არ მქონდა, ხელი ჩამომერთმია.
- რამე გნებავდათ? - ფრთხილად ვკითხე.
- რა თქმა უნდა. ჩვენ ორივეს გვინდა რაღაც, - საშკამ ხელი ჩამოუშვა.
- მართლა?
- ყავას არ მომიდუღებთ?
ელექტროჩაიდანი ბოლომდე შევავსე წყლით და ჩავრთე.
არა მგონია, ამხელა გზა იმისთვის გამოევლო, ჩემთან ერთად ყავა დაელია და აქეთურ-იქითურზე ელაყბა.
- იმედია, შემომიერთდებით… - ალმაცერად გამომხედა, მამოწმებდა, რა რეაქციას მოახდენდა მისი შემოთავაზება ჩემზე.
- ნამცხვარს მიაყოლებთ? - გადავწყვიტე, გამეტარებინა მისი შეკითხვა.
- არ მისმენდით, რა გითხარით? - არ მომეშვა საშკა.
უეცრად ვიგრძენი, რომ ახლა გამეცინებოდა, ტუჩებიც კი შემერხა, მაგრამ შევძელი თავის შეკავება. მას რომ შევხედე, შევნიშნე, რომ დაჟინებით მოშტერებოდა ჩემს პირს. თავი ვაიძულე, სერიოზული სახე მიმეღო, მაგიდაზე ორი ფინჯანი შემოვდგი, ყავა და შაქარი ჩავყარე და ადუღებული წყალიც დავასხი. მერე ორი ნაჭერი ნამცხვარი თეფშზე დავდე და საშკას ფინჯნის გვერდით დავდე.
ხელით მანიშნა, შენც დაჯექიო და მეც არ დავაყოვნე.
რა სიმპათიური ვინმეა, ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს ასეთი საოცარი ფერის თვალები.
- როგორც ვატყობ, საუბრები ნიუ-იორკიდან მეტად აღარ ყოფილა, - თავხედურად დავიწყე, - მაშინ რა გვინდა? რაღაც გული მეუბნება, რომ ბატონი ოთარის ჩემი მისამართით ნათქვამი კომპლიმენტები და თქვენი დღევანდელი ვიზიტი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. არ ვცდები?
- გამჭრიახი გონება გაქვთ, ქალბატონო ნენე! - გამიღიმა საშკამ.
ეჭვნარევი მზერით გავხედე, მაგრამ როგორც კი ჩემი მზერა დაიჭირა, მსწრაფლ მოვაცილე თვალი.
- ესე იგი, არც ისე ცუდი ნამცხვარი გამომდის და არც ისე სულელი ვარ. ეს უკვე კარგია. შემდეგ რა?
- მაინტერესებს, აქედან მალე აპირებთ წასვლას?
- როგორ გითხრათ. ქალბატონ ელისოს თუ დავუჯერებთ, მომდევნო კვირის ბოლოს დაუბრუნდება სამუშაოს.
- და ახალი სამსახურის ძებნას დაიწყებთ?
სკამის საზურგეს მივეყრდენი.
- შემთხვევით, თქვენ ხომ არ არ მთავაზობთ, თქვენი შინამოსამსახურე გავხდე? - სიცილი ამიტყდა.
- არა, მოსამსახურე ნამდვილად არ მჭირდება, - მშვიდად მომიგო.
- რა თქმა უნდა, - უფრო ჩურჩულით ვთქვი, ვიდრე მის გასაგონად, - თქვენს ოჯახში ალბათ საშინაო საქმეებს თქვენი მეუღლე ან მეგობარი გოგონა უძღვება.
- არც მეგობარი გოგონა მყავს და არც ცოლი.
- როგორ, დაოჯახებული არ ხართ?
- არა. არც არავინ ცხოვრობს ჩემ გვერდით, მარტო ვარ, - მიპასუხა, - მართალია, ერთი კეთილი არსება მოდის ხოლმე სახლის დასალაგებლად და ხანდახან სადილის მოსამზადებლადაც, მაგრამ ეგ არ ითვლება. თქვენ რა, ასე ძალიან მოგწონთ ოჯახური საქმიანობა? შემდგომშიც გინდათ გააგრძელოთ?
- არა. უბრალოდ, ცოტა პაუზა მჭირდებოდა. აწი კი მზად ვარ, ჩემს ძირითად პროფესიას დავუბრუნდე.
- თალაკვაძესთან აპირებთ დაბრუნებას? - დაინტერესდა.
- არა, - ცივად წამოვიძახე, - და ეგრევე ვუპასუხებ თქვენს მორიგ შეკითხვასაც - მე არავის გავუთავისუფლებივარ.
- მაგრამ ხომ წამოხვედით? იქნებ მომიყვეთ, რატომ?
- ჩვენ ისე კარგად არ ვიცნობთ ერთმანეთს, რომ გული გადაგიშალოთ.
- მართალია, მაგრამ მგონი, დროა, გამოვასწოროთ ეს ხარვეზი. - თქვა და ნამცხვრის ლუკმა პირში შეიცურა.
- ჩემი წარსულის გაძარცვა დაისახეთ მიზნად?
- რას ამბობთ! მსგავსი რამ აზრადაც არ გამივლია. უბრალოდ, მაინტერესებს, თუ საიდუმლო არ არის.
- საიდუმლოა.
ჩაიცინა, ლუკმა გადაყლაპა და ეშმაკური მზერით მომაჩერდა:
- ბევრი საიდუმლო გაქვთ?
- იმდენი, რამდენიც შეიძლება ამ ხელისგულზე დაეტიოს, - მეც ეშმაკურად მივუგე და ხელისგული გავუშვირე.
მაშინვე გამოსწია ხელი, თითქოს მკითხაობა გადაწყვიტაო, მე კი სწრაფად ზურგს უკან დავმალე.
ისევ მომაჯადოებლად გამიღიმა, თავი გვერდზე გადახარა და კვლავ ამიხირდა:
- ანუ არ მომიყვებით?
- არა, ეს თქვენი საქმე არ არის. მე, უბრალოდ, ძალზე დაბნეული ვიყავი.
- კარიერული ზრდა გიზიდავთ?
- რა თქმა უნდა. ჩემი პრიორიტეტების სიაში იგი ამ მომენტში პირველ ადგილზეა.
- ჰო-ო? სინტერესოა, მეორე ადგილი რას უკავია.
- ბინის მოძებნას, - არ დავახანე, ეგრევე ვუპასუხე.
- რა-აა? - ყური მომიშვირა, ხომ არ მომესმაო, - უბინაო ხართ? კი მაგრამ, აქამდე სად ცხოვრობდით?
- არა, უბინაო არ ვარ. ჩემს სახლში ვცხოვრობდი, თბილისში.
- მშობლებთან?
- ჩემი მშობლები კარგა ხანია დაშორდნენ ერთმანეთს.
- ააა, დედასთან, ალბათ, ხომ?
- ღმერთო ჩემო, დისერტაციას იცავთ ჩემს ბიოგრაფიაზე? კიდევ რამდენ ხანს უნდა დამისვათ შეკითხვები? უსასრულოდ? - გავღიზიანდი, მაგრამ მისი ღიმილის დანახვისთანავე, ჩემდა გასაკვირად, ვთქვი:
- მამასთან ვცხოვრობ და კიდევ… დედინაცვალთან. დედა ცალკეა, თავისთვის.
- ოუჰ… - წამიერად შეეცვალა გამომეტყველება, უცებ დასერიოზულდა.
- რა? რა ვერ არის ისე? - ავიმრიზე.
- როგორც მივხვდი, ავი დედინაცვალი გყავთ, არა? - ღიმილმა ისევ დაიპყრო მისი ტუჩები.
ისევ გულიანად მომინდა გაცინება. როგორ ახერხებს ეს ბიჭი ჩემ გაცინებას მაშინაც კი, როცა მასზე ვბრაზობ?
- თუნდაც ასე იყოს. და რა მერე? - მტრულად მივაჩერდი, თუმცა ერთი სული მქონდა, გადამეხარხარა.
- რა და… - წამით შეყოვნდა, - თქვენი მეორე პრობლემის გადაჭრას არ შევუდგები, მაგრამ პირველის გადაჭრაში დახმარება შემიძლია.
- გინდათ მითხრათ, რომ თქვენს კომპანიაში ჩემთვის ადგილი მოიძებნება? გაქვთ თანაშემწის ვაკანსიები?
- გარკვეულ პერიოდებში, რა თქმა უნდა, გვაქვს, თუმცა იშვიათად, რადგან თანაშემწის ვაკანსიებს უფრო შიდა თანამშრომლების გადაკვალიფიცირებით ვახდენთ, ძირითადად, მდივნების.
- მაგრამ, როგორც მივხვდი, ახლა ერთი თავისუფალი ადგილი გაქვთ, რომელიც ჯერ არ არის დაკავებული?
- მითხარით, ნენე, რამდენ ხანს მუშაობდით "რეზისთალში"?
ღმერთო, მგონი, გასაუბრებას მიტარებს!
- ხუთი სრული წელი, ეს მეექვსე იყო.
- სხვაგან არსად გიმუშავიათ?
არა, მაგის საჭიროება არასდროს დამდგომია, მაგრამ რა ვიცი, იქნებ ამას ახლა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის? გადავწყვიტე, ჩემი ბიოგრაფიისთვის ცოტა მაკიაჟი დამემატებინა და მოვუხიე:
- სტუდენტობისას ბიზნესკურსები გავიარე მენეჯმენტის განხრით და ცოტა ხანს ჩემი მეგობრის რესტორანში ამ კუთხით ვმუშაობდი.
არა უშავს, უვნებელი ტყუილია. თუ ამის დამტკიცება დამჭირდა, ეთოს დავიხმარებ, მამამისს ხომ აქვს რესტორანი სანაპიროზე.
- "რეზისთალში" თავიდანვე თანაშემწის ადგილი გეკავათ?
- არა. ამ თანამდებობაზე რეზი თალაკვაძემ მხოლოდ სამი წლის შემდეგ გადამიყვანა. - გამიკვირდა, ასე უემოციოდ რომ წარმოვთქვი მისი გვარ-სახელი. მოულოდნელად ვიგრძენი, რომ მას ჩემს გულში რჩეულის პოსტი უკვე აღარ ეკავა.
- ანუ თვით თალაკვაძის ასისტენტი იყავით? შთამბეჭდავია. როგორც ჩანს, კარგი სპეციალისტი ხართ.
"ჰო" რომ ვუპასუხო, მოკრძალებული პასუხი არ გამომივა, არა? თუმცა… რას გავუბი ამდენი საუბარი? საკმარისია ეს დაკითხვები, უკვე ყელში ამომივიდა!
- მომისმინეთ, - ქედმაღლური ტონით ავლაპარაკდი, - თუ თქვენ ახლა გასაუბრებას მიტარებთ და ჩემი გამოკითხვის სხვა მიზეზი არ გაქვთ, იქნებ ის მაინც მითხრათ, რა სამუშაოს მთავაზობთ? და საერთოდაც, გაქვთ ჩემთვის სამუშაო თუ, უბრალოდ, საკუთარ ცნობისმოყვარეობას იკმაყოფილებთ?
- ხმ… ხმ… - ჩაახველა და მცირეოდენი პაუზის შემდეგ გააგრძელა, - სამუშაო მაქვს…
- პირადი თანაშემწის? - ეს ისე ვკითხე, ვაგრძნობინე, სხვა თანამდებობაზე თანახმა არ ვარ-მეთქი.
- ჰო, მაგრამ მხოლოდ დროებით. მუდმივი შტატი ჯერ არ არის.
- დროებითი არ მაინტერესებს! - მაშინვე დადარაჯებულივით მივახალე, თითქოს სწორედ ამის თქმას ველოდი, - და საერთოდ, არც ვარ დარწმუნებული, მაინტერესებს თუ არა თქვენს კომპანიაში მუშაობა.
- ეჭვი არ მეპარება, რომ გაინტერესებთ, - თავდაჯერებულად მომიგო.
- რატომ არ გეპარებათ ეჭვი? - მუქარის ტონი მოვიშველიე.
- ძალიან გამოგადგებათ ის გამოცდილება, რასაც ჩვენთან მიიღებთ. როგორც ჩემი პირადი თანაშემწე, თქვენ…
- თქვენი პირადი თანაშემწე? - გავაწყვეტინე.
- ჯერ ზუსტად ვერაფერს გეტყვით. კარგი თანაშემწე მყავდა, დიდი ხანი იმუშავა ჩემთან, მაგრად ვუგებდით ერთმანეთს. ხანდახან თქმაც არ მჭირდებოდა, ისე ხვდებოდა ჩემს აზრებს.
- და ახლა მისი დათხოვნა გადაწყვიტეთ?
- არა, არა, ასე არ არის. უბრალოდ, გათხოვილია. ახლა ორსულადაა და მალე დეკრეტული შვებულება უწევს. ამიტომაცაა დროებითი. ცოტა ხანს კიდევ დარჩება, თუმცა ძველებურად ვერ მუშაობს, მალე იღლება, ვეღარ ქაჩავს ორსულობის გამო. დეკრეტი რომ დაუმთავრდება, ისევ დაბრუნდება, რაც მე ძალიან გამახარებს. მიჩვეული ვარ მასთან მუშაობას.
- რაღაც ისეთი დანანებით ამბობთ, დარწმუნებული არ ხართ, რომ დაბრუნდება?
- არ ვიცი. გააჩნია, როგორ მოახერხებს სამსახურის და დედობის შეთავსებას. ისეთი ენერგიით მუშაობდა და იმდენ საქმეს აკეთებდა, ვფიქრობ, გაუჭირდება, სანიმუშო თანაშემწეც იყოს და სანიმუშო დედაც. ჩემი აზრით, სამსახურს ბავშვს ამჯობინებს. ყოველ შემთხვევაში, ყველა ნორმალური დედა ასე მოიქცეოდა.
ჰო, მეც ასე მიმაჩნდა, სრულიად ბუნებრივი მდგომარეობა იყო. უცებ ვიგრძენი, რომ ჩემში ინტერესმა გაიღვიძა. მერე რა, რომ ეს კაცი დიდად არ მეპიტნავება, მაინც დავიწყებ. ყოველ შემთხვევაში, მასთან მუშაობა სულაც არ შემიშლის ხელს სხვა სამსახურის ძიებაში. ცოტა ხნით მის მიმართ ანტიპათიას დავივიწყებ. თუ არ დავთანხმდე?.. ვყოყმანობდი. ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობებმა ჩემში ხელჩართული ბრძოლა გამართეს. თუმცა, როგორც თვითონ თქვა, საკმაო გამოცდილებას შევიძენ. როცა რეზისგან წამოვედი, რამდენიმე დღე ვერ ვიაზრებდი, უმუშევრად დარჩენილი უბედური უფრო ვიყავი თუ შეშინებული. ცალ-ცალკე ორივე ვყოფილვარ, მაგრამ მაშინ სხვანაირად ვგრძნობდი თავს, იმ დღეს კი სულ სხვანაირად. წარმოიდგინეთ, თან უმუშევარი დავრჩი, თან სასოწარკვეთილი, თან გაწბილებული. ახლა კი ახალი პერსპექტივა მეჭყანებოდა. როგორც იქნა, გავისიგრძეგანე მოცემული სიტუაცია და მყის მივიღე გადაწყვეტილება:
- როდის გინდათ დავიწყო?
- ასე სწრაფად, არა, ნენე, ჯერ კონკრეტული არაფერი შემომითავაზებია.
უეცარი ელდა ვიგრძენი. შეცბუნებული გავწითლდი. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს წვენგამოწურული ბროწეულივით მომიშორა. მივხვდი, რომ რამდენიმე წუთის წინ ხავსს კი არა, ჰაერს ჩავეჭიდე და უკვე მიწისკენ მივექანებოდი დასანარცხებლად.
მიუხედავად ამისა, მაქსიმალური სიმშვიდით წარმოვთქვი:
- მაპატიეთ, მე მეგონა… თქვენ…
- ძალიან ვწუხვარ, - მომიბოდიშა საშკამ და თავაზიანად შემომღიმა, - არ ვარ მიჩვეული გასაუბრებების ჩატარებას. ქეთისთვის არც მითქვამს, მის შემცვლელს რომ ვეძებდი. გამაფრთხილა, არავისთვის მეთქვა. სამსახურში ჯერ არ უნდა გამეჟღერებინა მისი ორსულობის ამბავი. ცოტა ცრუმორწმუნეა, არ გამთვალონო, ეშინია. ერთხელ გაუცუდდა ორსულობა და ახლაც იგივე ბედი რომ არ ეწიოს, ამას უფრთხის.
- გაუცუდდა რას ნიშნავს, მოეშალა?
- ხო, რა ვიცი, როგორ ამბობენ ამ დროს, არ ვიცი. რაღაც ამდაგვარი.
- მერედა, თუ არ იცის, არ ეწყინება, მის შემცვლელს რომ უკვე ეძებთ?
- ისე მოვაწყობ, რომ არ ეწყინოს. ჯერ მინდოდა თქვენ გაგსაუბრებოდით. იქნებ არ მთანხმდებოდით. მერე ოფისში მოსვლას გთხოვდით, ქეთის გაგაცნობდით. მასაც გაესაუბრებოდით და ბოლოს მეტყოდა, გამოდგებოდით თუ არა მის შემცვლელად.
- ეს იგი, გადამწყვეტი "ჰო" თუ "არა" მან უნდა თქვას? - ცოტა არ იყოს, განვიხიბლე.
- მთლად ასეც არ არის, საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც მე ვიღებ, მაგრამ მის აზრსაც ვითვალისწინებ, იმიტომ, რომ ვიცი, ცუდს არ მირჩევს.
მცირე ხნით გაუსაძლისი დუმილი ჩამოვარდა. არც ერთმა არ ვიცოდით, რა უნდა გვეთქვა. სიჩუმეს მხოლოდ საშკას ერთმანეთის გვერდით დაწყობილი თითების მაგიდის ზედაპირზე კაკუნი არღვევდა, თითქოს უნიჭოდ უკრავდა ფორტეპიანოზე.
ბოლოს ეს ჩემთვის მომაკვდინებელი დუმილიც დაირღვა. მაჭავარიანმა მოსხლეტით აიქნია თითები, ერთმანეთში გადახლართა და თავისი სხივოსანი ღიმილით მომაჩერდა:
- მოდი, ასე მოვიქცეთ. იმ კვირის დასაწყისში დაგირეკავთ, ორშაბათს ან სამშაბათს, მანამ კი თქვენც გექნებათ მოფიქრების დრო. - თქვა და უცებ ფეხზე წამოდგა.
მივხვდი, რატომაც. გარედან ჯოხის კაკუნით მოახლოებული ნაბიჯების ხმა მოისმა. ბატონ ოთარს გაღვიძებოდა და თავისი ტროსტით სამზარეულოსკენ მოემართებოდა.
წამიც და ისიც შემოვიდა.
- საშკა! - გახარებულმა წამოიძახა, - არ მინახავს, როდის მოხვედი, არც ხმა გამიგონია. მანქანით არ ხარ?
- კი, ბაბუ, როგორ არ ვარ, მაგრამ ვიფიქრე, ცოტა ფეხებს გავმართავ-მეთქი და ტრასაზე დავტოვე, ზოიძეების ჭიშკართან. აქამდე ფეხით მოვსეირნდი.
ოთარის შემოსვლისთანავე ავდექი და ყავის მოხარშვას შევუდექი. ბატონ ოთარს ძილის მერე ხომ ყავის დალევა უყვარდა.
სანამ მისთვის ყავას მოვამზადებდი, ბაბუა და შვილიშვილი გარეთ გავიდნენ ოთარის მანქანის სანახავად, რომელიც, როგორც ბაბუამ აუხსნა, ბოლო დროს რაღაც ხმებს უშვებდა.
მინდა კი საშკა მაჭავარიანთან მუშაობის დაწყება? ამ რამდენიმე დღეში ეს კარგად უნდა მომეფიქრებინა, რათა ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მიმეღო. გული იმაზეც მეთანაღრებოდა, რომ სწორედ იმ შენობაში მომიწევდა სიარული, სადაც ჩემი ძველი სამსახური მდებარეობდა. თავისუფლად შეიძლებოდა რეზის გადავყროდი. რა რეაქცია მექნებოდა მის დანახვაზე? არ ვიცი. არც ის ვიცი, როგორ შეხვდებოდა იგი იმ ამბავს, რომ სხვა კომპანიაში გადავედი სამუშაოდ და მის ცხვირწინ თითქოს ჯიბრზე ვიტრიალებდი.
ერთი კვირა გავიდა, მე კი მაინც ვყოყმანობდი. საშკა არ მომწონდა, მაგრამ აუცილებელი იყო, მომწონებოდა? ჩემი წინა ბოსი საერთოდაც მიყვარდა, მაგრამ სწორედ ამ სიყვარულის გამო დავკარგე სამსახური.
სამაგიეროდ, ერთ რამეში ბოლომდე ვიყავი დარწმუნებული - თუკი მაჭავარიანთან დავიწყებდი მუშაობას, მსგავსი არაფერი მემუქრებოდა. ის არასდროს შემიყვარდებოდა.
დღეს დილით ქალბატონმა ელისომ დარეკა და მითხრა, ხუთშაბათს გამოვალ სამუშაოდო. გამიხარდა. ესე იგი, უკვე შემეძლო ოთხაშაბათს სახლში დავბრუნებულიყავი. ახალი სამსახურის პერსპექტივამ, ცოტა არ იყოს, მომაბეზრა ჩემი ახლანდელი სამუშაო, მიუხედავად იმისა, რომ ბატონ ოთარზე ჭკუა მეკეტებოდა. ბოლოს და ბოლოს, სანამ უნდა ვყოფილიყავი ვიღაცის მომვლელი? დრო იყო, კარგი პერსპექტივების მქონე სამსახური დამეწყო.
მაჭავარიანმა დასაფიქრებლად დრო მომცა, რაც ტყუილუბრალოდ არ გამიფლანგავს. მან მითხრა, სამსახური დროებითია და მხოლოდ დაეხმარები ქეთის საქმეებშიო. რაც მთავარია, არც ფუჭი იმედები მოუცია და არც არაფერს დამპირებია. პატიოსნად მითხრა, რაც მელოდა. როცა ქეთი დეკრეტში გავიდოდა, მის ადგილს მე დავიკავებდი, თუმცა ესეც დროებითი იქნებოდა. ჰოდა, საკმარისი იყო, ელისოს დაერეკა, რომ მივხვდი, ეს სამსახური უცილობლად მჭირდებოდა. მჭირდებოდა ისევე, როგორც წყალი, როგორც ჰაერი. ეშმაკსაც წაუღია რეზი და მისი "რას იფიქრებს". მე ჩემი მომავალი უნდა ამეწყო. თუმცა ერთი კითხვა მაინც არ მასვენებდა. რატომ საკუთარი კადრებიდან არ შეარჩია საშკამ ვინმე ქეთის შემცვლელად? ხომ თქვა, ადგილობრივი კადრების გადამზადებას ვახდენთ ძირითადადო? შესაძლებელია იმიტომ, რომ გამოცდილი კადრი სჭირდებოდა, მუშაობის მრავალწლიანი სტაჟით და ამ დროს მე შევრჩი ხელში, თორემ მე რომ არ გავეცანი და ბატონ ოთარს სრულიად უნებურად არ "ეპროტექტორა", ალბათ სხვა გზას გამონახავდა.
ეჰ, მე კი მივიღე გადაწყვეტილება, მაგრამ მაღიზიანებდა ის, რომ საშკა თავის დაპირებას არ ასრულებდა - "იმ კვირის დასაწყისში დაგირეკავთ, ორშაბათს ან სამშაბათს", - ასე მითხრა ბოლო წუთებში. დღეს თუ არ დარეკა, ხვალ უკვე სახლში ვიქნები და მერე გინდ დაურეკავს და გინდ არა.
სადილის მერე ბატონი ოთარი, სანამ ძილს გამოაცხობდა, ჯერ თავის ქალიშვილს ესაუბრა სკაიპით, მერე კი ღიღინით ავტოფარეხში გავიდა მანქანის მისახედად. მე სამზარეულოში დავრჩი, რათა იქაურობა მიმელაგებინა. სწორედ ამ დროს დარეკა ტელეფონმა და მეც ვეცი, იქნებ საშკა იყოს-მეთქი.
- ალო? - მოუთმენლად ჩავძახე ყურმილში.
- საშკა ვარ, მაჭავარიანი, - გაისმა ნაცნობი ხმა და ვიგრძენი, სრულიად უმიზეზოდ რომ გამიხურდა სახე, - რა ქენით, იფიქრეთ ჩემს წინადადებაზე?
- გადავწყვიტე, შევხვდე ქეთის, დანარჩენი მერე ვნახოთ, - ცოტა არ იყოს, ოფიციალური ტონით ვუპასუხე.
- ელისომ დარეკა? გამოდის თუ ისევ აჭიანურებს?
- ხუთშაბათს გამოვალო.
თითქოს პინგ-პონგს ვთამაშობდით, სწრაფი ჩაწოდებებით ვესაბრებოდით ერთმანეთს.
- ქეთი პარასკევს შეგხვდებათ, დილის თორმეტის ნახევარზე. ნახვამდის, - მომაყარა საშკამ და ყურმილი დაკიდა.
რაღაცნაირად გაწბილებულად ვიგრძენი თავი. ისე მომეპყრა, როგორც რიგით თანამშრომელს. ვერ მივხვდი, ეს საქმიანი დიალოგი იყო თუ აგდებული საუბარი, მოვალეობის მოხდის მიზნით? თუმცა არც მე მისაუბრია დიდი რევერანსებით, საკმაოდ მშრალად ვპასუხობდი მის შეკითხვებს. ასე რომ, ბარიბარში ვიყავით.
არა უშავს, გადავხედავ სიტუაციას და ადგილზე გამოჩნდება, მიღირს თუ არა მასთან მუშაობის დაწყება. ბოლოს და ბოლოს, უარის თქმაზე ადვილი რაღაა?
ქალბატონი ელისო, დაპირებისამებრ, ხუთშაბათ დილით მოვიდა. ის-ის იყო, ვისაუზმეთ და სადილის მომზადება დავიწყე. ბატონ ოთარს თან გაუხარდა მისი დაბრუნება, თან გული დასწყდა, მე მეტად რომ ვეღარ მიხილავდა. რა თქმა უნდა, თბილად გამოვემშვიდობე ორივეს, მადლობა გადავუხადე პატივისცემისთვის და წამოვედი.
რაც უფრო ვშორდებოდი ბატონი ოთარის სახლს, მით უფრო მწყდებოდა გული, რადგან მის გვერდით მართლაც საოცრად მშვიდად ვგრძნობდი თავს, ოჯახის წევრივით ვცხოვრობდი და ერთგვარ რელაქსაციას ვიღებდი.
სამაგიეროდ, შინ მოსულს წამიხდა ხასიათი. დროზე უნდა მიმეხედა ჩემი თავისთვის, როგორმე უნდა მექირავებინა ბინა, თორემ აქ დიდხანს ვეღარ გავძლებდი.
- მადლობა ღმერთს, რომ შენი ნახვის ღირსი გაგვხადა! - ისეთი ტონით მომესალმა ესმა, მივხვდი, ახალი შინამოსამსახურე უკვე აღარ იყო მისი მოსამსახურე.
- როგორ ხართ? - ცალყბად გავუღიმე და მიმოვიხედე.
მართალი აღმოვჩნდი, ბინას დალაგებულის არაფერი ეტყობოდა.
- რას ინებებ სადილად? - მკითხა დედინაცვალმა და უკვე გასაგები იყო, სადილი ყველა შემთხვევაში მე უნდა მომემზადებინა…
აგინა და ლანძღა მოსამსახურე, რომელმაც თურმე თავი ვერ გაართვა მის კაპრიზებს და დაითხოვა.
მეორე დილით ადრე ავდექი. მუქლურჯი პიჯაკი ჩავიცვი, მოკლე თეთრი ქვედაბოლო, რომელიც მუხლს ნახევრამდე მიფარავდა. მინდოდა რაც შეიძლება კარგ ფორმაში ვყოფილიყავი და მიხაროდა, ძალიან ლამაზი ფეხები რომ მქონდა, - გრძელი, ჩამოსხმული, გლუვი, ხავერდივით კანით.
სანამ გზაში ვიყავი, გული გაორმაგებული სიხშირით მიცემდა. მინდოდა მიმეღო ეს სამუშაო და ვიმედოვნებდი, რომ გამიმართლებდა. ჩემთვის ხომ ესოდენ ნაცნობი იყო ის მოვალეობა, რაც უნდა შემესრულებინა. ჩემი საქმე ხუთიანზე ვიცოდი. კომპიუტერს შესანიშნავად ვფლობდი, ტექსტის შედგენა არ მიჭირდა, სიტყვების მარაგი არ მაკლდა… და რაც მთავარია, ნებისმიერ თემაზე შემეძლო საუბრის წამოწყებაც და დამთავრებაც, საქმიანი საურთიერთო ენა ათვისებული მქონდა.
მანქანა სწორედ იმ ადგილზე დავაყენე, სადაც ადრე ვაყენებდი. გამიკვირდა, აქამდე რომ არავის მიესაკუთრებინა ეს ადგილი.
რატომღაც, წინათგრძნობა მეუბნებოდა, რომ ქეთის მოვეწონებოდი. თუ ასე მოხდებოდა, საშკა სამსახურში მიმიღებდა, თუმცა საბოლოოდ მაინც თვითონ წყვეტდა ამას.
- ქეთი თქვენ ხართ? გამარჯობა, - ოთახში შესვლისთანავე მივმართე შავთმიან მინიატურულ, სიმპათიურ გოგოს, უფრო სწორად, ქალს, რომელი დაახლოებით 29-30 წლის იქნებოდა. ის მაგიდაზე წახრილიყო და ქაღალდზე რაღაცას იწერდა. ჩემს ხმაზე სწრაფად მოაბრუნა თავი, შემათვალიერა და თბილად გამიღიმა.
- ნენე ხართ, როგორც მივხვდი, არა?
გაგრძელება იქნება